ლდოკონენი მაკა 

 

აქა ცხოვრობს ლალოი

 

 

 

აქ ფარდაგი გამიშალე, ლალო – საიქიოს ხალიჩაზე განებივრებ! აქ მაკოცე, დალალოვ, იქ ჩაგიხუტებ ჩამიჩსა! აქ მომიალერსე მარტოსულს, იქ გიქვეშევრდომებ ერთგულად, აქ სიყვარული მაჩუქე და იქააა... იქა, ლალოვ, მე ვიცი იქა!

 

ჰპირდება წაღმართი თუ თვალთმაქცი, აშურშურე თუ დოდინდოდინა, ხმელი თუ ბრგე, ნედლი თუ გამოზრდილი, მეოცნებე თუ გონებადინჯი, ხელმოცარული თუ წარმატებული, ვნებიანი უფხო თუ შეულახავი მუშაკი.

 

ჰპირდება!

 

ჰპირდება და უფრო გულდამშვიდებული ტოვებს – აბა, სახსოვარივით ხომ არ დაურჩება?

 

სახსოვარი არ უყვარს ლალოსდარს!

 

 ფოჩებიან ფარდას საჩვენებელი თითით მოაშორებს ფანჯრის კუთხეს – უცქერს, სანამ თვალს არ მოეფარება გასტუმრებული. მერე დგას დიდხანს და შესცქერის არაფერს – აბა, რაღა ქნას? აბდალს უთხრეს: «თოვლი მოდისო», იმან კიდევ: «ხო ვდგავარ და ვძაგძაგებო!» ჰოდა ლალოც დგას. დგას და ცრის ტანში – ეგრე სჩვევია, გააკანკალებს ხოლმე.

 

ვინ იცის, ეგ კანკალი სიამოვნების ჟრუანტელს ნიშნავს თუ ამგვარი ხერხით ცოტა ხნის წინ მოსმენილ საალერსო სიტყვებს ივიწყებს ლალო – თავს აჯერებს: რაის ხალიჩა, რა ჩახუტება, რაის ქვეშევრდომი, რა ერთგულება, რაის აქაიქადანაპირები?

 

მართალიც გახლავთ – ჰა და ჰა, ეზოდან გასვლის წინ სახლის კედელზე დაუწერონ: «აქა ცხოვრობს ლალოი», – ნახშირით თუ გუაშით, ცარცით თუ აკვარელით, საპკურით თუ მარკერით.

 

გაზაფხულზე კი შენობებს თუ შეღებავენ, ის წარწერაც გაქრება, მაგრამ ლალო გულს როდი დაიწყვეტს: მთელი დღე ქუჩაში დადგება, დააკვირდება, როგორ ააგებენ ხარაჩოს, შეღებავენ პარაპეტს, ჩუქურთმასა და თაღს.

 

მუშები გუმანით მიხვდებიან, რომ შენობაზე დაწერილი სიტყვები: «აქა ცხოვრობს ლალოი» ამ ქალის შესახებ დაუწერიათ და სულ ბოლოს გადაუსვამენ საღებავში ამოვლებულ ფუნჯსა თუ გორგოლაჭს.

 

სახლი ხან ლალოს საყვარელ ფერად – მწვანედ იღებება, ხანაც ლალოს ოთახის კედლებივით ცისფრად; ხან ლალოს რუმიანასავით აგურისფერია, ან ლალოს კრეპჟორჟეტის პენუარივით ვარდისფერი.ყველა ფერზე ყაბულსაა ლალო, ყველა ფერი ხიბლავს და ეახლობლება. ამიტომაც არ ელევა ენაწყლიანი დამპირებელი თუ ხელმადლიანი სტუმარი, წასვლის წინ მისი სახლის კედელზე რომ მიაწერს გზააბნეულის დასაკვალიანებელ სიტყვებს და ზოგჯერ ისარგაყრილ გულსაც მიახატავს ზედმეტი აღელვებისგან.

 

როგორც კი ფანჯრის კუთხეს ფოჩებიან ფარდას ჩამოაფარებს, სარკეს ჩამოუჯდება ლალო: თვალს ჩაუკრავს, გაუშინაურდება, ათას წვრილმანს გაახსენებს და ამ მუსაიფში, თმას ხან შუაზე გაიყოფს, ხანაც უკან გადაიყრის, წამწამებსაიპრეხს, ფერიმჭამელას ამოიგდებს, ტუჩებს დაბერავს და საცხის ფერს შეირჩევს. მაჯაში მოხრილ მტევანს ნიკაპს ჩამოაყრდნობს, ისე, რომ სარკეში ფრჩხილები გამოუჩნდეს, გამოცდილი თვალით შეაფასებს მანიკიურს და მერე ყვრიმალებზე რბილი ფუნჯით აგურისფერ რუმიანას გადაისვამს.

 

– განა ლალი ხაარ, ლალო? აგურის ნატეხი ხაარ. ლალის გვერდით ვინ დაგდოს, მარტო იმისთვინ რო წითელი ხაარ! – იტყვის მერე და დაიფშვნება სიცილით, აგურის ნატეხივით ამსუბუქდება, ბეჭზე ჩანთას გადაიკიდებს და წავა.

 

წავა, აბა, ადგილზე დგომა რას არგებს ლალოსდარს!

 

დადის დროის კვალში გავის რიტმული რხევით: ფრანცუსკებით თუ პლატფორმებით, ტანკეტკებით თუ ესპადრილებით, საბოებით თუ სანდლებით, ფლოსტებით თუ ლოდკებით.

 

ხან ბაზარზეა, ხან სკვერში, ხან ხიდიდან დაუქნევს ხელს მეთევზეებს, მათი ნადავლით აღტაცებული, ხანაც გაჩერებაზე შეყოვნდება – თითქოს ყველა მგზავრის დამლოცველდამხვდურია. ვიტრინებთან ზოზინით ჩაივლის და გამვლელგამომვლელის გამოხედვას შეაფასებს. ხარბი თუ ავი თვალი არ აკლია – გააყოლებენ და ზედვე დააყოლებენ:

 

– ამაზე ისწავლა ჩვენმა უბანმაო! – და ეს სიტყვები, «აქა ცხოვრობს ლალოის» მსგავსად, გულს უხარებს, სიამაყით ავსებს ლალოს.

 

– მოვდივარ და სტავლა მომაქვს, – იტყვის და იფშვნება სიცილით, – საყვედურის ღირსი ვაარ? გასწავლეთ, ხო არ წაგართვით? ჩემთვინ ვისურვე, მივითვისე თუ მოვაბრუნე გასტუმრებული?

 

დაფასებაც თავისებური აქვს ლალოს: პირველი ამბები გარდატეხის ასაკში – ბიჭისაა თუ გოგოსი. ლალოსთან განიხილავენ: ხან ტელეფონით იხმობენ, ხან ფანჯრიდან ანიშნებენ, გადმოდიო.

 

ვის დაზარდება – განა ასე იოლად იპატიჟებდნენ უწინ ოჯახებში?

 

დაჰყვა ლალო ადამიანის კეთილგანწყობას.

 

წყენის ადგილი სადა აქვს გულში ლალოსდარს!

 

საღამოობით თუ მოცლილია და ვასილიჩთანაც მიესვლება, მისაღებ ოთახში შევა თუ არა, ქალბატონ ლემონას გადიდებული სურათისკენ გააპარებს თვალს, გულში მიესალმება და ყოველ ჯერზე გაიხსენებს, როგორი ამაყი იყო ვასილიჩის ცოლი, არაფრად აგდებდა და სალმის ღირსად არ თვლიდა ლალოსდარებს.

 

– მოდი ლალო, მიამბე შენებურები, საშველიანები, – აღიღინდება ვასილიჩი და ლალოც ჩამოუჯდება, სარკესთან მუსაიფში მიღებულ გამოცდილებას ოსტატურად მოირგებს მიხვრამოხვრაში, ვერ მოიშლის კეკლუცობას – ლემონას ხსოვნის ხათრითაც კი. ვასილიჩიც ყაბულსაა ლალოსთან დიალოგებზე – მეტი რაღა შეუძლია – ალალად მოყოლილი უბნის ამბების მოსმენა, ლალოსთან მეგობრობა:

 

– გაფიცებ მაგ შენს აგურისფერ კამეას, რა გინდოდა გუშინწინღამ იმ სახელოვან ოჯახში, ლალო? რა გაჭირვება ადგათ და რა გაუხერხე, რომ გადაგყვნენ დღეს და აგავსეს პადარკებით?!

 

– ვაიმეე! მახსენდება და ახლაც ვიფშვნები სიცილით, ვასილიჩ.

 

– ასეთი რა დაგახვედრეს, შენ რომ გაგაკვირვა და უნახავი გაგხადა?!

 

– გამაკვირვა სწორედ რომ.

 

– მეგონა, კაი დარჩი რეცხვაში, ლალო, და მაწბილებ!

 

– იცინი, ვასილიჩ, მარა, მოგიყობი დააა, ანახავ: დამირეკეს შვაღამ. შევედი თუ არა და ლოჯიაში გამიყვანეს. ვხედავ, სკამზე დოუყენებიათ თავიანთი ბოვში, ხუთი წლის ბაჩუნა, ოფურჩხეთელი ბაბუაჩემი რომ იცმევდა ოციანებში ისეთ ნიფხავშია გამოწყობილი და აპარპალებს ცრემლიან თვალებს. მოვეფერებითქვა, დამეთუთქვა გული, მარა მაგდენი ვეღარ გავბედე და დავდექი. დავდექი და ვაარ. აბა, აჩვენე ლალო ბებოსო, – დედამისმა და უფრო ეემღვრა თვალები ბოვშს, ჩააფრინდა თავისი პაწია ხელებით ნიფხავს.

 

მე კიდო, ქერო ვიცი, ისე გამცრა ტანში. ახლა მამამისი მეუბნება, ქალბატონო ლალოო... ქალბატონოო და ლამისაა დევიფშვნა სიცილით, მარა ვკბენ ლოყებს შიგნიდან, ვდგავარ ისევლე და მახსენდება მაგის ათი წლის წინანდელი ცქვიტობა.

 

მიუახლოვდა უცებ ბაჩუნას, ჩახადა ნიფხავი და რა დევინახვეე! ისთე ააქვს გაპრიკინებული, მამამისს კი არა და, ცხონებულ ბაბუამისს არ ღირსებია ეგეთი მისდროზე. საღამოს ეწყება და არ აძინებსო, შემომჩივლა დედამისმა. შემიქანდა გული. მოკლედ, რა მეთქვა, აღარ ვიცოდი და ნაცხი ოუღეთთქვა.

 

რაფერი ნათქმია, მარა, რაც მომადგა ენაზე, ეეგ იყო! სიდანო? ჩამეკითხენ. უკანა ტანიდანთქვა, ვუპასუხე და, ვასილიიჩ, ქალი არ ვიყვე, თუ მახსოვდეს, რაფერ გამოვედი მაგათგან ან რაფერ აღმოვჩნდი ჩემსა. დავჯექი ჩემი ხატების კუთხესთან, დავუნთე ვაჩუნას სანთელი, გამოვისახე პირჯვარი და შევთხოვე ჩემი მხარის სალოცავებს: მოწამეთას და ცხრა ჯვარს, შეეწიეთთქვა ბოვშს – დედის ლოცვა ხო არ წამიკითხავს არასდროს, ან ვისთვის უნდა წამეკითხა, აიმ ღამეს გადავშალე ბაჩაჩუნასთვინ – რაც მე გულით განვიცადე, ვასილიჩ, აიმის გასაჭირი.

 

– ეშველება, ლალო, რამე?

 

– ეშველა და ეგაა! ენდვენ ჩემს სიტყვას თურმე, წოუღიათ ნაცხი ბაქტერიოფაგში, დოუთესიათ იქ და აღმოაჩნდა რაღაც გლისტი, გამოუძვრებოდა ღამე, კბენდა და უღიზიანდებოდა ისი. გამოუწერეს წამალი ახლა და დაშოშმინებულა ბოვში რავარც იქნა, დოუძინია. გადმევიდნენ მერე წუხელღამ და რა ბამბანერკები და რა შიკოლადები, რა ხილი და ანანასი, რა მანგოს წვენები მომართვეს! უჰ, რა აღარ! შენ ქერომ იცოდი, ვასილიჩ, კომუნისტების დროს ჩემთვინ საახალწლო პაიოკები, ისი გამახსენდა. მადლობა ცხრა ჯვარის მადლსა და...

 

– მერე, ლალო?!

 

– რაღა მერე, ვასილიჩ, მადლობა ღმერთ...

 

– რაღა მერეოო? ჭიის სახელი, გოგო?

 

– რიის სახელი?

 

– ჭიის! ჭიის ლათინური სახელი არ ჩაიწერე?

 

– ლათინურიი? რაში მჭირდებოდა მაგი?..

 

– არ გჭირდებოდაა? ცოტა ვართ გაჭირვებულები ქვეყანაზე, ასე დიალოგებზე სასიარულოდ რომ შემოგრჩით, ლალო? არ გამოგვადგებოდა მაგ გლისტი ვითამ?

 

– მაგი აღარ მიფიქრია, ხო იცი...

 

– ლალო, ლალო, მაგას არ მოველოდი შენგან, გოგო, გრცხვენოდეს!

 

– ...ხვალ... ფოტოატელიეში მივალთ გოგოები, ვასილიჩ, არ მცალია და ზეგ კი გევივლი ბაქტერიოფაგში და ჩევიწერ.

 

სიდოური სახელიო, რა მითხარი?

 

– ლათინური, ლალო, ლათინური სახელწოდება!

 

– ჰოო!.. ლათინურს ჩავიწერ! აბა, იმ ოჯახს ვერ მივადგები და მოვთხოვ, რა ერქვა ჭიასთქვა, უხერხულია მაინც, ამხელა პატივი მცეს უკვე და... თან გვიანია, იწოლებიან უკვე.

 

– ფოტოატელიეში რაღა დაგრჩა?

 

– პეტრეა ერთი ჩვენი ძველი ნაცნობი ფოტოგრაფი. მაისის ბოლო შაფათს ვარდებს ვყიდულობთ მე და ჩემი გოგოები, ინეზა და სარა. ვესტუმრებით ხოლმე. პატივს გვცემდა თავის დროზე მაგ კაცი, სულ ჩვენი ფოტოები ჰქონდა გამოფენილი ვიტრინებში. აღარ აქვს მუშაობა ახლა და...

 

– გასაგებია, ჩემო ლალო, გასაგები.

 

საპასუხისმგებლო დღე გქონიათ გოგოებს ხვალ, დაუბრმავებთ პეტროს თვალს!

 

– ეჰ, დავბერდით, თორემ, თავის დროზე კი.

 

– რატომ, რატომ! რო დაიბანოთ სამივემ მარწყვის საპნით რა გიჭირთ!

 

მარწყვის საპნითო და იფშვნება ლალო სიცილით. წასასვლელად ემზადება, ფანჯარას უახლოვდება, ეზოს გადახედავს – ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს ვასილიჩი, მაგრამ მაინც სხვაფრად მოჩანს იქაურობა, ლალოს ფანჯარაც მოჩანს, ფოჩიანი ფარდებით. დადგება ცოტა ხანს, გაცრის ტანში, სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლის თუ ასეთი საშუალებით თავის ფარდისმიღმა ამბებს ივიწყებს – არავინ იცის, მაგრამ მალე კი გამხიარულდება, ქალბატონ ლემონას სურათს დაემშვიდობება ირიბი მზერით, ვასილიჩს – ჭიის ლათინურ სახელწოდებას გავიგებო, კიდევ ერთხელ დაჰპირდება დამაჯერობლობისთვის, ძილი ნებისაო, იტყვის და კიბეზე რამდენიმე საფეხურს რომ ჩაივლის, ისევ დაიფშვნება სიცილით – მარწყვის საპნის გახსენებაზე.

 

სანამ მაისის ბოლო შაბათი გათენდება, რამდენიმე საათს გაატარებს სარკესთან მუსაიფში ლალო. აბადოკით გადაისწორებს და შუბლიდან მოიშორებს თმას, ტონიკში დასველებული ბამბით გაიწმენდს ლოყებს, კისერს და ყელს, კიტრის მასკას დაიდებს სახეზე, ფრჩხილებს ფორმას გამოუსწორებს ქლიბით, სამკაულს გაამზადებს: აგურისფერ კამეას და სერდოლიკის საყურეებს ჰო – უსათუოდ, ბეჭდებს ზოგს შუა თითზე მოირგებს, ზოგსაც საჩვენებელზე და ისევ შეინახავს, დილისთვის გადადებს არჩევანს.

 

გამოეწყობა მერე ვარდისფერ პენუარში, ზემოდან წამოწვება ლოგინზე – მაშინვე არ უყვარს ჩაწოლა. ერთ ხელს ლოყის ქვეშ ამოიდებს, მეორეთი საღამურს მოისწორებს თეძოზე და მიაშტერდება პეტრეს გადაღებული სურათებით აჭრელებულ კედელს.

 

ზოგან შავთეთრი მოგონება ხვდება, ზოგან ფერადი: აგერ შიფონის ქვედაბოლო აცვია, სხვა დროს სატინის კაბები იყო მოდაში, ხან ლიპებშია, ხანაც უზარმაზარი კლაპანები უმშვენებს ჯიბეებს, ბიაზს ჯინსი ცვლის, ჩესუჩას – ორგანდი, კაპრონის შოვიან ჩულქს – ბადისებრი კოლგოტკები, დრო თან დაატარებს ლალოს. ძალიანაც რომ მოისურვოს, არ მოეშვება, ან სად დაიმალება, როცა ყველამ იცის, რომ «აქა ცხოვრობს ლალოი!»

 

– შენ არ მოკვდი, ვასილიჩ, რავა გამასულელე და ამაგდე ამ ხნის ქალი? ვიცი, კაი რო გინდა ჩემთვინ, მარა, ხო გაგიგონია, აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდაო, ასთე ვარ მეც, – და იფშვნება სიცილით ლალო, სიზმარშიც, ისევე როგორც ცხადში, საბანს იფარებს შემცივნებულ სხეულზე და ერთი წუთითაც არ წარმოიდგენს იმ დღეს, შენობას რომ გადაღებავენ და აღარავინ დაწერს «აქა ცხოვრობს ლალოი!»

 

უმედობა არ სჩვევია ლალოსდარს!

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / აქა ცხოვრობს ლალოი