ლდოკონენი მაკა 

 

ბიშეს ბალიშები

 

 

 

გროვებად დაყრილ, დამტვრეულ კაკლებს თუ გადააწყდებოდი იქვე შემოგეფეთებოდა აბადიას უზარმაზარი გავაც: ხორციანი, მედეგი და მძლავრი – ერთი დარტყმით ათეულობით ნიგოზს რომ აცლიდა ნაჭუჭს. როდესაც ბრაზი ახრჩობდა კიდევ იმდენს დატეხდა, სათვალავი აგერეოდა.

 

შემთხვევით რომ მოგხვედროდა მისი ღონიერი ნიდაყვი ან თეძო, ისე გაგტყორცნიდა, შესაძლოა, ტყეში გასულ ანასტასი ბერამდე გეფრინა. ასეთ დროს ჯობდა მორიდებოდი აბადიას და მაშინ გენახა, მურაბებს ქილებში რომ ასხამდა ან ხის მრგვალ დაფებზე დასხმულ ტყლაპებს გვერდებს უკოხტავებდა. იოლი როდი გახლდათ უპასუხო აბადიასთან სტუმრობა: ეზოში შესულს ისიც უსათუოდ უნდა შეგემოწმებინა, ფანჯრებზე დარაბები არ ჰქონოდა აფარებული და ეს ნიშანიც უკან გამობრუნების მიზეზად ჩაგეთვალა.

 

 

 

გოლიათგურგენას ქალი

 

 

 გურგენამ ზეპირად იცოდა, როგორ მოსწონდა აბადიას – წლების განმავლობაში შესაშურად დახელოვნდა და სანიმუშოდაც უდგებოდა ცოლს. მოათავებდა საქმეს და ამაყად წამოიმართებოდა. საწოლზე მუხლებზე დამდგარს მხოლოდ საკუთარი ორი მტკაველი აშორებდა ჭერამდე. აბადიას კი სასიყვარულო თამაშების შემდეგ ცოტა ხნით მიყუჩება უყვარდა: თვალებმინაბული საჩვენებელი თითით ერთი-ორჯერ ყურს თუ მოიქავებდა, თორემ სიცოცხლის ნიშანწყალს არ გამოავლენდა.

 

გადმოაცქერდებოდა გვერდზე გადაბრუნებულ ცოლს გურგენა, დიდრონი თითებით ულვაშებს ჩამოივარცხნიდა და მსუბუქად ააქანავებდა საწოლს. ჩაიღიმებდა აბადია - ზურგშექცევით იწვა, მაგრამ ნათლად წარმოიდგენდა, როგორ იქავებდა ქმარი ანტენის თეფშებივით ყურებს ნეკებით. სამაგალითო გარჯით შუა ყურში ჩახვეულ წონასწორობის ლოკოკინებს თავბრუს ახვევდა ცოლ-ქმარი და ალბათ მაგის გამო იყო, გოგირდი უხვად რომ გადმოსდიოდათ ყურებიდან.

 

გაიშხლართებოდა ზურგზე გურგენა, ცალ ხელს აბადიას გავაზე ჩამოასვენებდა, მეორეს საწოლის გარეთ გადაკიდებდა. მაინც არ კმაროდა სამზითვედ საგანგებოდ შეკვეთილი, ექვს ბოკონა ფეხზე შემდგარი კაკლის საწოლი, ქვემოდან გარდიგარდმო თუ გასწვრივი რკინის სალტეებით გამაგრებული.        სიჩუმე რომ მობეზრდებოდა გურგენას, გიყვარს აბადიას მიტუკვნა? - იკითხავდა ხმამაღლა და თავს დააქნევდა. ძალიან გიყვარს? - ხმას აუწევდა და უფრო მძლავრი მოძრაობით დეთანხმებოდა საკუთარ ხმას, ძალიანძალიანძალიან, ხო?.. გადმობრუნდი, გოგო, დამეხვა თვბრუ! – აროხროხდებოდა და მძლავრად მოსცხებდა ჩოგანივით მტევანს ცოლის საბადოს. აბადია ირიბად გამოხედავა, უცქირე შენ მაგას, – იტყოდა და ატორტმანდებოდა: ჯერ საწოლზე წამოჯდებოდა, თმას შეიკრავდა, მერე შიშველ ტერფებს ხის იატაკს დააბჯენდა და მძლავრი ბიძგით ჰაერში აიტაცებდა გავას.

 

            – გვატოვებ?- თავს ისაწყლებდა გურგენა.

 

            – მოიცა, გაგიმზადო სტრიხინა, – ჩაიბურდღუნებდა და მურაბის ამოსარევად წადანდალდებოდა აბადია. გალოკავდა კოვზს, ამოურევდა, ისევ გალოკავდა, ამოურევდა, თვალმინაბული იგემოვნებდა და სიამოვნების ჟრუანტელი შიშველ სხეულს უხორკლავდა.

 

მურაბები ტკბილი და არომატული თავისთავად გამოდიოდა მაგრამ კიდევ რა ერია, ისე გამოჩნდებოდა ქილის ფსკერი, ვერავინ ამოიცნობდა. დარაბები ფანჯრებს ფარავდა, უზარმაზარ თასებზე დაშაქრული ხილი თუხთუხებდა, შიშველი აბადია კი საწოლ ოთახსა და სამზარეულოს შორის დაზანზარებდა, ან პირიქით: სიყვარული დუღდა, ამასობაში კი ხან მურაბა იხარშებოდა და კომპოტი, ხან ფელამუში და სიროფი, ხან…მადლი და ხან ცოდვა. ასეთ დროს ეზოში შესვლას ყველა ერიდებოდა, აივლ-ჩაივლიდნენ - ზოგს ღიმილი გადაეფინებოდა სახეზე, ზოგიც ჩაიქირქილებდა.

 

ბუზღუნებდნენ: გამუდმებით ლოგინი გაგიგიაო? შეჰხაროდნენ – ბედნიერო გურგენაო! კილავდნენ: ყველაფერი მისაღები, მაგრამ ამდენი? ზღვარი არ უნდა იცოდე ქალმაო? ჭორავდნენ: თურმე მუდამ უნიფხვოდაა ეგ უპასუხო, ზმთარ-ზაფხულ, სახლში თუ გარეთო! აბა, თუ გინახავს, ოდესმე ტრიკო გამოეფინოს სარეცხთან ერთადო! დარაბებს იმიტომ აფარებს, შიშვლად ტანტალი უყვარს, სულ-სულ შიშვლად, აბაო! იცინოდნენ: გვისმენდეს ახლა, სულ გავით კაკალს დატეხდაო! დასძენდნენ: როგორ მიაგნო ამ ორმა ზვინმა ერთმანეთს არ გიკვირსო?

 

 არა და, საგანგებოდ მოიძიეს აბადიას და გურგენას მშობლებმა სიძე და რძალი. დადიოდნენ სოფელ-სოფელ და კითხულობდნენ: ერთი მხარე დიდ, თუმცა, საზრიან კაცს, მეორე დიდ, მაგრამ მოხერხებულ ქალს.

 

აბადიას მამას თადარიგი დაეჭირა, წინასწარ უმზადებდა მზითვს დედისერთა ქალიშვილს: ექვს ბოკონა ფეხზე შემაღლებული კაკლის საწოლი შეუკვეთა და ქვემოდან გარდიგარდმო თუ გასწვრივი რკინის სალტეებით გაამაგრებინა, კომოდიც განსხვავებული ზომისა დაამზადებინა - ასევე განსხვავებული სიგრძე-სიგანის ლეიბების, ბალიშების, საბნებისა და მათი თერთრეულის შესანახად. საგანგებო მზითვის ამბავი მალე გახმაურდა და გოლიათგურგენას დედაც გამოჩნდა. შეახვედრეს ქალ-ვაჟი, დააყენეს პირისპირ: ისე გაუსწორეს თვალები ერთმანეთს, არცერთს არ დასჭირდა კისრის მოღრეცვა, ფეხისწვერზე შედგომა ან წელში მოხრა!

 

             – რომელი ყვავილი გიყვარს, გოგო? - უკითხავს გურგენას.

 

             – გარ-დი-ნ... – უთქვამს აბადიას და ცრემლები წამოსვლია თვალებიდან, ისე მწარედ მოუკვნეტია ლოყის ფოსოებში ჩამალული ბიშეს ბალიშები. წარბი შეუყრია და რამდენიმე კაკალი იქვე დაუმტვრევია გავის მოქნილი დარტყმით.

 

             – აი, მესმის ძალაო! – აღტაცებულა გოლიათგურგენა, მოუხვევია ხელი აცრემლებულ-გაწიწმატებული ქალისთვის და შინ წაუყვანია.

 

 გამართეს ოჯახი: შენდობა და პატიება ეიოლებოდათ  – წაიკინკლავებდნენ და მალევე მორიგდებოდნენ. ერთი თუ კაკალს დაამტვრევდა, მეორე ნაჭუჭს მოაგროვებდა და ბუხარში შეუძახებდა. მეორე თუ ნივრით გაიბეყნებოდა, ერთი თაფლის კვერებს დააცხობდა და მიაყოლებინებდა.

 

სამი ქალიშვილი ეყოლათ: გაზარდეს, ასწავლეს და გაამზითვეს. გურგენა ოჯახს ავსებდა: ტომრებით ზიდავდა ფქვილს, შაქარს, ბურღულეულს, ყუთებით მოჰქონდა ხილი, ყურძენი, კალათებით თხილი და ნიგოზი. აბადია ხარშავდა, ასტერილებდა, აკონსერვებდა, ახმობდა, აქიშმიშებდა, ავლებდა და ევლებოდა.

 

ინახავდნენ: ოჯახისთვის ცალკე, მამათა მონასტრისთვის, ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის და ვინ მოთვლიდა მათ გარშემო მტერს და მოყვარეს მოსაკითხი რომ არ გაემეტებინათ.

 

ქალიშვილები დათხოვდნენ და მერე მათი ოჯახების დასატკბობად დაიწყო ცოლ-ქმარმა საუკეთესო მოსაკითხის გადარჩევა. სანთელს დაუნთებდა გურგენა მეორე მსოფლიო ომში ბერლინის მიდასადგომებთნ დაღუპულ მამას და ბოდიშის მოხდით გაემგზავრებოდა ფრიც სიძეებთან ჩასახუტებლად. წელიწადშო ორჯერ მიფრინავდა და თან მიჰქონდა აბადიას ნაფოფინები. უკან კი მოგზაურობიდან შვილების ჩამოტანილი საჩუქრებით დატვირთული ბრუნდებოდა.

 

თავად აბადია ქალიშვილებთან გამგზავრებული არავის უნახავს. მიზეზის გამოძიებას ყველაზე ცნობისმოყვარეებიც კი ერიდებოდნენ - ვის ება ქვასანაყის ქვეშ მოსაყოლი თავი.

 

ქალები აბადიასთან სასაუბროდ წინასწარ, სათანადოდ ემზადებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზიანისა და უპასუხოს სახელი ჰქონდა, მის გარეშე ვერაფერს წყვეტდნენ – ქორწილი იყო თუ ქელეხი, ნიშნობა თუ ორმოცი, მზითვი თუ სამზადისი. მის გემოვნებას ენდობოდნენ, აზრს ანგარიშს უწევდნენ.

 

მზერით სმენა იცოდა აბადიამ და მზერითვე პასუხი. გამოიტანდა ნუგბარით დახუნძლულ სინს, ცხელ სასმელს სტუმრის გემოვნებით შეარჩევდა, დაჯდებოდა, ტუჩებს მომუწავდა და სტუმარს მიაჩერდებოდა. დაკვირვებული მოსაუბრე ყველა კითხვის პასუხს ამოიკითხავდა მის გამოხედვაში, მაგრამ ქალები რატომღაც თვალს ვერ უსწორებდნენ, მისი დუმილი კი გაუსაძლისად ეჩვენებოდათ და აფრთხობდათ.

 

სალხინო ამბავს თუ მოისმენდა – ვაი, საყვარელოო, – დასძენდა. უი შენს დამაწყევარსო! – დადარდიანებულს შეუძახებდა.

 

მერე ნატვრისთვალივით იმას გაუჩენდა სტუმარს, რაც საწყაულს აუვსებდა: ხან დარდის წამალს, ხან ლხინში მოსახმარს, ფულს თუ რეცეპტს, თეთრეულის ნიმუშს თუ მოდის ჟურნალებს, ქსოვილს თუ სერვიზს სუფრის გასაწყობად. მისგან წასული ყველა შვებას გრძნობდა: აკი, რასაც გულში გაივლებდნენ, აბადია სწორედ იმას გაატანდათ – მშვიდობით ფონს გასვლაც არანაკლებ ახარებდათ!

 

 

 

მართა, მართა…... შფოთ ხარ შენ!..

 

 

 ამბობენ, ბაგის მდუმარება ურისხველობის დასწყისიაო. აბადია, მართალია, მრავლისმეტყველი არ იყო, თუმცა კეთილგონიერ სიმშვიდესაც ვერ დააბრალებდი – მის კოკაში წყალი კი არ იდგა, საგოზავით კავდებოდა. ოჯახი სავსე ჰქონდა, ქმარ-შვილი მოსიყვარულე ჰყავდა, გონიერი ქალი მის ადგილას თითქოს მშვიდად და უდარდელად უნდა მჯდარიყო თავზე წამომდგარი სიბერის ჩრდილში, მაგრამ უმეტესწილად წარბშეყრილი დაიარებოდა – თუ ისეთი თანმიმდევრობითა და წესრიგით არ კეთდებოდა საქმე, თავად რომ დასახავდა და მოიწონებდა, წყობიდან გამოდიოდა. განსაკუთრებით ქალებს არ სწყალობდა: მათ შეცდომებს სიბრიყვეს მიაწერდა, მათი არხეინობა და ზერელეობა აღაშფოთებდა. ამოიჩემებდა ვინმეს უკადრისი  პასუხის ან საქციელის გამო და მოჰყვებოდა გულში მის განკითხვას, უშვერი სიტყვით შემკობასაც არ მოერიდებოდა.

 

გონებაში გამართულ კამათში ზოგჯერ  ისე გაფიცხდებოდა, ხელში მოხვდრილ ნივთებს აქეთ-იქით ისროდა, კედელს მიათხლიშავდა, კარს გაიჯახუნებდა, ავეჯსა თუ კედლებს წიხლსა და მუჯლუგუნს უთავაზებდა - ისეთ ბრაგ-ბრგუს ატეხდა, სახელგანთქმულ ხუროებს გადაასწრებდა. ბრაზს რომ კარგად გამოღეჭავდა, ჩაშოშმინდებოდა – თავისით, ხმის ამოუღებლად.

 

             – გოგო, წამიერად დაბერილ ქარს ისე ნუ ააგიზგიზებინებ ნაკვერჩხალს, ხანძარზე მეტად რომ დაგვწვასო,  – ეტყოდა გურგენა.

 

             – ჩემთვის გაჩნდი ასეთიო,  – გულში იტყოდა აბადია, ჩაუჯდებოდა კალთაში ქმარს, ჩაეხუტებოდა და ცრემლების შესაკავებლად კბილებს ჩაასობდა ბიშეს ბალიშებს - გურგენასთვის კარგად ნაცნობ, თავისი ცოლის ბრაზისა და მდუმარების ორ ვერაგ მიზეზს. 

 

საყვედურსა და კაკლის მტვრევას ტაძარშიც არ ერიდებოდა აბადია.

 

             – თავშალის წაკვრა კმარა? – შესჩივლებდა ხოლმე მოძღვარს.

 

             – შენი მრისხანებით სხვას ავიწროებ და თუ ხვდები მაგას? გულფიცხობით თავმაღლობას ეჩვევი და თუ ატყობ? ტყუილი ზრუნვაც გიყვარს, შვილო, მარიამის დას, მართას მაგონებ, – უთქვამს ერთხელ მამა ბართლომეს და სულთმოფენობიდან მეთოთხმეტე კვირის წირვაზე საგანგებოდ დაუბარებია ქალი. ამ დღეს ტაძრებში სწორედ იმ ადგილს კითხულობენ ლუკას სახარებიდან, მაცხოვარი მართასა და მარიამს რომ ესტუმრა.

 

             – უფლის ნება სახარებაშია. ვისაც უფალი უყვარს, მის სიტყვებს იუნჯებს,  – მამა ბართლომეს იმედი ჰქონდა, გაკვეთილად წაადგებოდა მიმოდამზრუნველ ქალს იმ დღეს მოსმენილი და საგანგებოდ დაიმარხავდა გულში.

 

აბადიამ თვალები დახუჭა, წარმოიდგინა, როგორ ფაციფუცობდა მართა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სამყოფი იყო სუფრაზე და გაეღიმა. მარიამი ამასობაში მაცხოვარს არ შორდებოდა. აბადიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა მართას საყვედური: ჩემი და არ მეხმარებაო, მაგრამ შეცბა, როდესაც იესომ მარიამი გაამართლა: `ამან კეთილი ნაწილი გამოირჩია, შენ კი ზრუნავ და შფოთ ხარო!~ სახლში მიმავალ აბადიას გამუდმებით ესმოდა უფლის სიტყვები, სურდა საკუთარი თავი გაემართლებინა და ფიქრებში წასული მარიამზე გაბრაზდა: ვიცნობ ეგეთ უსაქმურ ქალებს, სახლში წესრიგი რომ ვერ დაუმყარებიათ და ტაძარში თავი მოაქვთო!.. დასცხო მერე ერთ ორ ნიგოზს გავა, მიანაჭუჭა და გზა განაგრძო.

 

 

 

 

ანასტასი ბერი

 

 

 ასეთი იყო გოლიათ გურგენას ქალი მართა-აბადია. აბადიაო! – ჩვილის პირველი დანახვისთანავე შესძახა მამამისმა - შეუძლებელი იყო თვალში არ მოგხვედროდა ახალშობილი ქალის მთავარი ღირსება. მართად კი მამათა მონასტრის წინამძღვარმა გადანათლადა და მიუხედავად იმისა, რომ ქალს სათანადოდ ჯერაც ვერ გამოერჩია `კეთილი ნაწილი~, მაინც იმედით შეჰყურებდა მოძღვარი - ენით დაცემულს სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ერჩივნა! სწორედ ამიტომ, ერთ დღეს ანასტასი ბერი ტყიდან გამოიხმო მამა ბართლომემ, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, ანასტასი ბერი რამდენიმე წამი გაოცებული შეაცქერდა წინამძღვარს, მაგრამ მორჩილების მადლმა სძლია, გონს მოეგო, სოფლისკენ დაეშვა, მიუხედავად ფანჯრებზე აფარებული დარაბებისა, გოლიათგურგენას ჭიშკარი შეაღო და ეზოს მარცხენა კუთხეში დაეყუდა.

 

            – უცქირე შენ! – გურგენას გასაცილებლად გამოსული აბადია ეზოში ასვეტებულ, ცისკენ თვალაპყრობილ ანასტასი ბერს მიაშტერდა, მერე ქმართან ერთად მხრები აიჩეჩა და უკან შებრუნდა.

 

იმ დღიდან უცნაურ სტუმარს სინით გამოუტანდა სანოვაგეს, დაუდებდა დიდ ქვაზე და გაბრუნდებოდა. არაფერი უკითხავს და არც იმას გამოუდია თავი – დუმილის მიზეზი ორივეს საკუთარი ჰქონდა.

 

  სოფელში საქმე გაჩნდა, მსჯელობდნენ, დავობდნენ, მაგრამ ვის რას ჰკითხავდნენ: აბადიას? – მტრისას! ანასტასი ბერს? – ღმერთო კი მომკალი! მამა ბართლომეს? – მაშ, საქმე გამოლეოდათ, არა?! გოლიათგურგენას კიდევ ვინ შესწვდებოდა, მითუმეტეს, რომ ჩვეულ ცხოვრებას არ მოშვებია: დარაბებს კვლავ აფარებდნენ ფანჯრებზე და კვამლიც უწყვეტად ამოდიოდა ბუხრიდან.

 

– ხომ მშვიდობააო? - იკითხავდნენ ხოლმე გაბედული გამვლელები.            

 

– ომის რა შენიშნეთო? - იქით მოჰკითხავდათ აბადია.

 

 და მაინც, როდემდე უნდა ესრულებინა ანასტასი ბერს წინამძღვრის კურთხევა? – ამ ცნობისმოყვარე კითხვას აბადიას გარდაცვალებამ გასცა სწრაფი და მოულოდნელი პასუხი: ჯერ თითქოს გურგენას მოაკლდა სიმაღლე, ქალაქში სიარულს და წამლებს ზიდვას მოუხშირა. ერთ დღეს შეფერთხილი აბადიაც თან გაიყოლა. უკან  ამობრუნებული ცოლ-ქმარი კიდევ უფრო დაპატარავებული ეჩვენა ყველას, თუმცა, საქმეზე გამოსულებიც კი მოერიდნენ მათთან პირისპირ შეხვედრას.

 

გოლიათგურგენამ მამათა მონასტერში აბადიას გამზადებული მოსაკითხი აიტანა.

 

უკანასკნელიაო, – უთქვამს წინამძღვრისთვის და ზედ წამომხობია. მამა ბართლომემ ბერებს პანტანასსას ხატისთვის დაუჯდომლის კითხვა დაავალა. ბევრი გარდაცვლილა სოფელში მსგავსი სენით, მაგრამ აბადიას სახელთან მის ხსენებას ყველა ერიდებოდა. მოქირქილე და ჭორიკანა ქალებიც კი სათითაოდ ასულან და კურთხევა გამოუთხოვიათ დაუჯდომელის კითხვაზე. რომ ეგონათ მაგის საფლავზე ათრაქვაში ჭაჭები ჩააწყდებათ ჩვენს ქმრებსო და სასახლეც ექვსსახელურიანი დასჭირდება ექვსფეხა საწოლივითო  – შეცდნენ. მამათა მონასტრის ორმა გაკნაჭულმა მორჩილმა სირბილით ჩამოიტანა გალეული კუბო გოლიათგურგენას ეზოში. ვერც გამბან ქალს შებედეს იმის კითხვა, ნიფხავი ამოაცვა თუ არა აბადიას უკანასკნელ სარეცელზე.

 

ეზოში რომ დაასვენეს, მამა ბართლომემ ბერი ანასტასი მოიხმო:

 

            – აბა, მითხარი, რა ისწავლე ამ ქალისგან?

 

            – მაგის ნათქვამი სიტყვა არ გამიგია, მამაო.

 

            – სწორედ მაგაშია საქმე, ძმაო ანასტასი.

 

შენი არ იყოს, უწინ ერთ მეუდაბნოვე, მადლმოხვეჭილ ბერს წინამძღვრისთვის უკითხავს, კიდევ რისი შემეცნება შემიძლიაო? მოძღვარს იგი ქალაქში გაუგზავნია სამ დასთან  – ოჯახზე ზრუნვაში რომ ლევდნენ დღეებს. ბერი გაოცებულა, მაგრამ რამდენიმე კვირაში აღმოუჩენია, რომ ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულ ქალებს ამაოდ ერთი სიტყვაც არ დასცდებოდათ...

 

             – ეგ, მამაო, ბიშეს ბალიშების ბრალი იყო!  – გადაიხარხარა გოლიათგურგენამ და ადგილზე გააშეშა შეკრებილები,  – ბიშეს ბალიშები ჰქონდა აბადიას ლოყებში!.. ჰოოო!.. რას გაოცდით, ხალხო, განა არ იცოდით აქამდე აბადიას ცხიმის პარკუჭებზე?.. ეგენი ყველა ბალღს აქვს, რძე რომ კარგად მოწოვოს, აბა!.. მაგრამ აბადიას სხვებივით კი არ გაუქრა, ბოლომდე შერჩა. მაგიტომ იყო სამ-ოთხ სიტყვაზე მეტს თუ გადააბამდა, ეკვნიტებოდა, მწარდებოდა და... კაკალსა ტეხდა!

 

ყველა გაკვირვებული შესცქეროდა გურგენას, შვილებმა მზერით მოუბოდიშეს მოძღვარს და მამა მოშორებით დასვეს.

 

             – ბოლოს დაუდნა, გოგოებო,  – აგრძელებდა აცრემლებული გოლიათი, – გაელია ბალიშები და როგორ ატიკტიკდა დედათქვენი, რომ გენახათ!.. მამა ბართლომე, ჩემო ძმაო, ჩემო კეთილო, ბიშეების ბრალი იყო, გეფიცები, ბიშეებისა!.. ხუთი დრაჰკანს ძალით ნუ მიაჩეჩებ ცხონებულს!.. ჰა-ჰა, ორი დრაჰკანისა მოჰკითხოს მაგას უფალმა!

 

 ახსნილმა ამოცანამ კიდევ უფრო აურია თავგზა ხალხს. შეკითხვისთვის ვერ მოებათ თავი და პასუხზე ჯერ ვინ იფიქრებდა? ან ვისთვის რა უნდა ეკითხათ, ეგებ საუკუნეების წინ გარდაცვლილი მარი ფრანსუა ქსავიე ბიშესთვის? - ვის ება საიმქვეყნოდ გადასადები თავი?!

 

 

 

 

 

 

Marie François Xavier Bichat

 

 

            – შეხე, რამდენი ადგილი დაგრჩა, თავისუფლად წევხარ, შე გოლიათგურგენა!

 

            –  არ გქონდეს ახლა საპატიო მიზეზი, მიგტუკნავდი საგანგებოდ!

 

            – სულ ეგ გახსოვს!

 

            – შენ რა იოლად დაგვიწყებია?

 

            – ხვალ თუ შეძლებ, ჩემი აღსარება აუტანე მოძღვარს, საქაღალდეში ჩავდე.

 

            – რომელ საქაღალდეში, გაფიცებ, გამოკუკნული ბიშეს სიფათი რომ აწეპია?

 

            – ნუ როხროხებ, სასაცილო რაა?

 

            – შენ რა გითხარი, აბადია!.. საიდან გაქვს ეგ პორტრეტი?..

 

შენ ხომ არ დახატე?

 

            – გოგოებმა ჩამომიტანეს, გოგოებმა. რა უნდა ქნან ახლა საწყლებმა? რაც ვემსახურე, ყელში უნდა ამოვუყვანო! ასე ყოფილა მშობელი, აძლევ, აძლევ და მერე?

 

            – ხვალ ჩამოდიან, ჰო!.. ახლა ცაში არიან ალბათ.

 

            – მითხარი, ღამე უკეთესი გდმოსახედია თვითმფრინავიდან თუ დღე?

 

            – შენ ღამე მოგეწონებოდა!.. ვიცი!.. თითქოს, სამკაული მიყარ-მოყარესო, ისეა ქვემოთ შუქები.

 

            –ახლა კი გამოვფრინდებოდი, დრო რომ მომცა!.. ბილეთიც ერთი დამჭირდებოდა!

 

            – გეშინოდა მართლა?

 

            – არა, კაცო, რა შიში! ბავშვებს ვერიდებოდი, შენთვის ისედაც ორ ადგილს ყიდულობდნენ.

 

ჩემთვის კიდევ ორი და სიძეები რას იტყოდნენ? უშენოდ კიდევ არ მინდოდა წასვლა... ქართულად ვერ ვაბამდი სიტყვებს ერთმანეთზე და მძახლებთან ფასონის თავი მქონდა?

 

            – რას ამბობ, გოგო, სამ ბილეთს ავიღებდით, ადგილი ისედაც მრჩებოდა! სამ სკამზე ორივე დავეტეოდით, შენ რა გითხარი...

 

            – კაი, ახლა! რაღა დროსია!.. მომისმინე... გოგოების ნაჩუქარი, არაფერი გამატანო, არ ვარგაო, ამბობენ! არც ის ესპანური მარაო, რომ ვგიჟდებოდი! ცოტა ხანს ჩამიდეთ თუ გინდა, მერე ხომ უნდა ამოიღოთ რაღაც და ეგ დაიტოვეთ.

 

            – მე თუ მკითხავ, აჯობებს თან წაიღო, ჯოჯოხეთში გამოგვადგება, დავუფრიალებთ ხოლმე ერთმანეთს!

 

            – ჯოჯოხეთში რა გვინდა, განა რა დავაშავეთ ასეთი?

 

            – აბა რა ვიცი?..  შენ თუ დამაიმედებ!

 

            – პირველ კითხვაზე რაც გიპასუხე, ხომ გახსოვს, ნიშნობაზე? ანასტასი ბერს სთხოვე და საუკეთესო ძირს ჩამოგიტანს ტყიდან, ვიცი, არ დაგზარდება. ოღონდ, გარდინიათქო არ უთხრა, მირონის ხეს ეძახიან ეგენი... გაყოჩაღდი და მოაბი თავი საქმეს შენებურად, არ დაიბნე...

 

მე კიდევ იქაურობას მივხედავ, ადგილს გაგითბობ...

 

            – რისი გამთბობი ხარ, ცხიმი აღარ შეგრჩა. გაილიე საწუწნი კანფეტივით! შენი იმედი უნდა მქონდეს? ისევ მე თუ მოვალ და ჩაგახურებ ჩემებურად.

 

            – არ ამოვიდგი ენა სიკვდილის წინ! ამაომეჭრა ეს ოხრები!

 

            – ბიშუკები? არა, არა, თადარიგიანი და მარაგიანი რომ აღმოჩნდი, იმიტომ შემიყვარდი! უბიშებო ქალები ისედაც ბევრი ეყარა!

 

            – ... ისეეე... მართლა მალე მოხვალ, ბიჭო?.. არასოდეს შემცივნია და ცოტა კი შევშინდი.

 

            – საფლავს მოვამთავრებ...

 

გარდინიებს დაგირგავ... გასახელებ ორმოცზე... წლისთავზეც!.. მერე წამოვალ. სიძეებს არ შევაწუხებ, ჰა-ჰა, ჩემი სახელის და გვარის დაწერა დაჭირდეთ ქვაზე... წინასწარაც დავაწერდი, მაგრამ არ მინდა გოგოებს გული ვატკინო.

 

            –  ... ღამე უფრო ლამაზი ყოფილა, მართლა!..

 

გოგოებსაც ვხედავ!.. აგერ!..

 

            – რასა როშავ, აბადია? არააა, ბიშეს ბალიშები რომ გქონდა, უფრო ბრძნულად საუბრობდი!.. ჰო და იმას ვამბობდი, წლისთავის მერე-მეთქი და ... ისე ... ერთი კვირა ან ჰა-ჰა ორი თვე თუ გადამიცდა, ანგელოზებს კი ნუ დააფრთხობ – არ გადაირიო და არ დაიწყო შენებურად კაკლების მტვრევა ზეცაში!.. გადაბრუნდი ახლა, ჩაგისვამ კალთაში და გაგათბობ, ცივი მეჩვენები...

 

მიდი, გადაბრუნდი და მომადე შენი ჩამომჭკნარი ბუნთურები, უნდა მოგიყვე, მოქუფრულ ამინდში ფრენა როგორია... ღრუბლბს რომ აცდები და მოკრიალებული ცამრგვალი დაგხვდება ზემოთ...    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / ბიშეს ბალიშები