ლდოკონენი მაკა 

 

კინოჩვენება

 

 

 

აქ ვართ – ერთად. დღისა და ღამის მონაცვლეობის უბრალო მოწმენი როდი ვართ – ჩიტებს ვიჩვევთ, ქალაქებს ვეგუებით, ქუჩებს შენობები ერწყმის, სახლებს ერთგული ბინადრები არ აკლდება. ოდესმე, თითოეული ჩვენგანი უბრუნდება ადგილს, სადაც ბედნიერი ყოფილა – მოგონებებით უბრუნდება თუნდაც. გამოვხედავთ გავლილ რეალობას და ვარკვევთ – ხანმოკლე ყოფილა სიცოცხლე თუ უსასრულოდ გრძელი. ვხვდებით – კინოჩვენებასავით განსაზღვრული ხანგრძლივობა ჰქონია ბედნიერებას თუ უთავბოლოა.

 

 

 

1. კინო

 

 

არც გაცნობა სურდა, არც უარზე იყო.

 

ცხვირს ლურჯპომპონებიან წითელ კაშნეში მალავდა. გრძნობდა, უბნისბიჭები თვალს არ აშორებდნენ: ერთი განსაკუთრებით, დანარჩენები – იმ ერთის გამო. ხან ახალი ფილმის აფიშას შეავლებდა თვალს, მერამდენედ გადაიკითხავდა, ხან სალაროსკენ შებრუნდებოდა – ბილეთების რიგში მდგარ ძმას მოძებნიდა მზერით.

 

კერომ, ორიო, ტუჩას ანიშნა და რამდენიმე წუთში ჯიბეში ბილეთები ჩაუცურეს. მიდი, სანამ მარტოაო, გაამხნევეს მერე და ისიც გაემართა, ძალითგაღიმებული.

 

ფანიტამ ლურჯპომპონებიანი წითელი კაშნედან ცხვირი ამოყო, კერო უცნობივით შეათვალიერა და მისი პალტოს ჯიბისკენ გაექცა თვალი – იქიდან არყის მათარა მოუჩანდა. ვერ ვიტყვი, თოთხმეტი წლის გოგონას ირონიულმა ჩაცინებამ კერო გააწითლაო, თუმცა ის იგრძნო, რასაც გაწითლებისას სხვები გრძნობენ და თავი იმართლა:

 

– შენ რომ გცივა, ცხვირს ხომ მალავ კაშნეში. მე კი ამით ვთბები.

 

– იცი მაინც, რას ნიშნავს კაშე ნეზ? თუმცა! ფრანგული შენ საიდან?

 

კერომ ბილეთები წითელი კაშნეს ნაკეცში ჩაუდო ფანიტას, კვლავ ძალითგაღიმებული დაბრუნდა მეგობრებთან და დროებით თვალს მოვეფაროთო, ურჩია – სანამ ფანიტა ძმას რიგიდან გამოიყვანდა, კეროზე უამბობდა და ბილეთებს უჩვენებდა.

 

 

მხოლოდ შუა კინოსეანსზე შევიდა დარბაზში, რიგები დაზვერა და ეკრანის შუქით განათებულ ფანიტას თვალებს გაუსწორა თვალი – უხსოვარდროიდან ოცნებობდა ამაზე კერო, თუ ოცნება შეეძლო კეროს, რათქმაუნდა!

 

 

 

 

 

ა. ფანიტა

 

 

ეცალა ფანიტას კეროსთვის?

 

სკოლაში თუ მუსიკაზე მიმავალი, ხან მოპირდაპირე ტროტუარზე გადავიდოდა, ხან კაშნეში ჩარგავდა აწკეპილ ცხვირს, ან მანქანების მოძრაობას გააყოლებდა თვალს, მაშინ როდესაც ქუჩის კუთხეში, ტელეფონის ლურჯწითელ ჯიხურში შეყუჟული კერო მისი ერთი შემოხედვისთვის საათობით იცდიდა.

 

ეხერხებოდა ფეხდაფეხ ადევნებული ბიჭის არშემჩნევა – ფანიტა იყო, ხათი ხომ არა?

 

 

 

ბ. კაშე ნეზ

 

 

კინოჩვენების შემდეგ უბნისბიჭებთან ერთად კეროც მთელი გუილთ იცინოდა. ეკრანის შუქით განათებულმა ფანიტას თვალებმა ფრანგული ენის შესწავლის სურვილი გაუღვიძა:

 

– რა მოგივიდათ? ჰო, კაით ერთიიი... ფრანგულს თუ არ ვისწავლი, ის მაინც უნდა გავიგო, «კაშე ნეზ» რას ნიშნავს ქართულად.

 

– ხათისთან მოგიწევს ასვლა, კერო! უარს არ გეტყვის.

 

– აბა ხათი?

 

– ისა!

 

– მუტჩიტელნიცა?

 

– დაკერავ როო?

 

არყის მათარა ახალი ჩაცლილი ჰქონდა კეროს და რამდენადაც თექვსმეტი წლის ბიჭს შეეძლო, ხმადაბოხებულმხრებგაშლილი კარზე მიადგა უბნის ცნობილ ფრანკოფონს. ჯაჭვზე დაბმული, ოდნავ შეღებული კარი კეროს დანახვაზე უმალ ფართოდ გააღო. სტუმარი მორიდებით შევიდა იაფფასიანი პარფიუმერიის სურნელით გაჟღენთილ ოთახში, საჩუქრად მირთმეული კინოს ორი ბილეთი იქვე, მრგვალ, მინიატურულ მაგიდაზე დადო და პალტო შეიხსნა.

 

– უი, დედა! რატომ შეწუხდი?

 

– ქალბატონო ხათ...

 

– ქალბატონო მე არ ვარ...

 

შენთვის.

 

და კაშე ნეზ რომ ცხვირის სამალავს ნიშნავდა ქართულად, აუხსნა, მაგრამ ფრანგულისადმი ინტერესი იქ არ გაუნელა ახალგაზრდას.

 

აი, ფანიტამ კი სწორედ იმ ღამეს გადაწყვიტა, წარბს გავხსნი, გულგრილად აღარ ავუვლი გვერდს კეროს და ფრანგულ გამოთქმებსაც შევეშვებიო, თუმცა, დილით ტელეფონის ჯიხური ცარიელი დაუხვდა! უფრო მეტიც – მთელი კვირა მეგობრებსაც არსად უნახავთ განათლებასდაწფებული კეროუ.

 

 

 

გ. ხათისბრალი

 

კვირის ბოლოს ახალი აფიშა გამოაკრეს კინოში, ფანიტას ძმამ ამჯერად დროულად დაიჭირა თადარიგი და ადრიანად მისული დაძმა ნახევრად ცარიელ დარბაზში აღმოჩნდა. ფანიტამ უკანა რიგში კეროს მიტმასნილ ხათის მოჰკრა თვალი. ხათის! თავის პირველ ფრანგულის მასწავლებელს, დედამ ერთ მშვენიერ დღეს გაურკვეველი მიზეზით რომ დაიფრინა სახლიდან. ფანიტას ძმა ამის გამო დიდხანს ხვნეშოდა გულდამწვარი, გაოცებულ დას არწმუნებდა: გაიზრდები და ყველაფერს აგიხსნიო.

 

ისევ დაბერა ტუჩები ფანიტამ, ისევ აწკიპა ცხვირი, ისევ კეროს ვერშემჩნევა გადაწყვიტა, სასტიკად გაუბრაზდა საკუთარ თავს, ბილეთები რომ გამოართვა ერთი კვირის წინ და თავი გაუყადრა ამუცოდინარს! უფრო მკაცრ და შეუვალ გოგონად იქცა – აღარც ფრანგული სიტყვა გაუმეტებია მას შემდეგ კეროსთვის და აღარც ქართული.

 

 

 

დ. ძიათენგო

 

 

ნახევარი საუკუნის მანძილზე კინომექანიკოსის ფანჯრიდან აკვირდებოდა რეალურსა თუ გადაღებულს, დარბაზში მომხდარსა თუ ეკრანიდან მონათხრობს. დღესაც იმ პატარა ფანჯრიდან აფასებს ნანახსა თუ გაგონილის, მიუხედავად იმისა, რომ კინოს შენობა, რამდენიმე ათეული წელია, დაკეტეს, ერთი კვირის წინ კი აგურაგურ გაიტანეს სატვირთო მანქანებმა.

 

სახურავგადახდილ ოთახებში დადიოდა და ნახევრად დანგრეული კედლებიდან უკანასკნელი კადრებივით ხსნიდა მოგონებებს ძიათენგო. სალაროების ფლიგელს რომ მიადგნენ დასანგრევად, ერთ წარწერასთან შეყოვნდა: კეროფანიტა. მათი ამბავი მიამბო, მერე კი ქუჩის კუთხეში გადაინაცვლა: ჯიბიდან პური ამოიღო თუ არა, უამრავი ჩიტი მოფრინდა. ძიათენგომ საკენკი ასფალტზე მოაბნია და განაგრძო:

 

მტრედები თბილი და მგრძნობიარე ფრინველები არიან – შორიდანვე მცნობენ და მოფერებასაც მაცდიანო.

 

ბეღურებს ცვალებადი ხასიათი აქვთ – არც ერთგულებით გამოირჩევიან ნაცარებიო.

 

იმასაც ამტკიცებდა:

 

კერო ბეღურასავით ფერნაკლული კაცია, ხათი მარადიული, მტრედივით თბილი და ალერსიანი ქალიო, ფანიტა კი იშვიათი ჯიშის ფრინველია – იოლად ვერ მიიჩვევო.

 

მოლოდინიც გამიმხილა:

 

– იცი, რისთვის დაანგრიეს ჩვენი უბნის კინო? ოტელი უნდა ააშენონ – «მაჟესტიკი» რომ გაგიგია, ისეთი შესანიშნავი! და ვინ აშენებს, არ იკითხავ? ფანიტას ქმარი – ფრანცუზსკი ბიზნესმენ, კაპიტალისტ! ერთი თვეა დაბრუნდნენ პარიზიდან თბილისში.

 

ფანიტა ნამდვილი დამა გამხდარა, გუშინ ბავშვი ჩვენს უბანში გაატარა – ლელუჩი კოპიო დედამისია! კერომაც დაინახა ორივე, მაგრამ ნასვამი იყო და არ დაენახვა. ფანიტამ მოკრა მაგას თვალი, ვიცი, ნოოო... ჰო გითხარი, ნივიჟუს გაკეთება მაგისი საქმე იყო. აი, ასეთი კინოპაკაზია – ჩემი ფორტოჩკიდან ყველაფერი კარგადა ჩანდა, ისიც ჩანდა, რომ ეგ ბავშვები ერთმანეთს ხმას არ გასცემდნენ.

 

 

 

ე. არიოლი

 

 ლელუჩის და ფანიტას ნახვის შემდეგ ღამენათევი კერო ტუჩას დილაადრიან მიადგა.

 

მამამისის კოლექციიდან ამჯერად «აბსენტი» ამოჰყვა ხელს. პირველ ორ ჭიქას ცოტაოდენი მინერალური წყალი გაურიეს – მომწვანო ფერი და მარგალიტისებრი ბზინვარება რომ შეეძინა სასმელს.

 

– ახლა კი, ჩემო კეროუვ, «აბსენტის» დალევის სადღესასწაულო მეთოდზე გადავიდეთ, – უეცრად ამჩატდა ტუჩა, ვიტრინიდან საშაქრე გამოიღო, ორი ჩაის კოვზი მაგიდაზე დადო და სწორედ ამ დროს დარეკა ხათიმ:

 

– დამეხმარეთ ბიჭებო, კიოსკს ვდგამ დღეს ჩვენს ქუჩაზე და ძველი ტელეფონის ჯიხურდან შემორჩენილი სახურავი ხელს მიშლის, კიბე წამოიღეთ.

 

– სადღესასწაულო მეთოდი შენზეა, – გააფრთხილა ტუჩა კერომ და კიბეს ხელი წაავლო,

 

– კიბეზე ასვლა შენზე.

 

ხათისთან ჩავიდნენ. ტუჩამ კიბე კედელს მიადგა, კერო აცოცდა, ძველ სახურავს დაეჯაჯგურა, მოარყია, ჩამოაგდო და დაიღრიალა:

 

– არიოლია! სპილენძის ორკაპიკიანია ესესერის გერბით!

 

– ჩამოიტანე ერთი, მაჩვენე!

 

კერო კიბიდან ჩამოვიდა და ჯიბეები მოიქექა:

 

– ვერ ვპოულობ, ხო იცი? ისე ნაღდად არიოლზე იყო.

 

– არიოლზე იქნებოდა მა რა, მე ავაგდე ბავშვობაში.

 

– ერთხელ ცხოვრებაში ორკაპიკიანი ვიპოვე, ისიც ხმარებიდან გამოსული და ისიც შენია, ბიჭო? ისიც გინდა მიისაკუთრო?!

 

– გუშინდელივით მახსოვს, დაგენიძლავე, ჯიხურის თავზე ავაგდებ და არიოლზე დაჯდებამეთქი.

 

– კიბეზე მივხვდი, რომ სულ ხათისბრალია ყველაფერი, ტუჩა, მივხვდი, რომ ხათისბრალია!

 

– ეგ რაღა შუაშია?

 

– ჩემი ბრალი რა არის, კერო? ამიხსენი ერთი!

 

– მაგას რა მომაყოლებს ახლა?! ან რას მიხვდები რო? შენ მარტო იმის გამოცნობა შეგიძლია, ნასვამი ვარ თუ არა!

 

– ასეთი რა მოგეჩვენა ამ დილაადრიან?

 

 

 

ვ. აბსენტი

 

 

– რთული გემო აქვს აბსენტს, კეროუ, ყველა ვერა რა, ვერა!

 

– Свежее дуновение.

 

– ჰო, ეგრეა – გასვეჟებს, თან ოპტიმისტი იჩითები, სამასტაიატელნი.

 

– ჰალუცინაციებიც ცოდნია.

 

– ეცოდინება: მამაჩემმა პირველად ესპანეთიდან ჩამოიტანა ეგა და დალევდა თუ არა, ტორეადორად გვეჩითებოდა, დედაჩემის წითელ კაბას დააფრიალებდა ოთახებში, სიცილით გვხოცავდა, – ეჰ, ცხონებული ჩემი მშობლები.

 

– მაგარი აფროდიზიაკიც არისო, ამბობენ.

 

– ჰო, ეგაა? ვაზბუჟდაეტ, არა?

 

– უნდა შევამოწმოთ!

 

– ხათისთან შეამოწმე, ახალ კიოსკში.

 

– მაიცა რა, ბებრები ვაუთავო?

 

– რას დაერიე წეღან, რას ერჩი?

 

– ის მკითხე, რას ვეკერებოდი, თორე...

 

იმ კინოსეანსზე დამაბრუნა ახლა.

 

– რომელზე?

 

– იყო ერთი, მიდი, ჩამოყარე შენი მწვანე ოქრო!

 

– შენ ისევ იქ ხარ, კეროუვ, არა? ქაშენეზასთან ხარ!

 

ტუჩამ ვიწრო ბოკლები აბსენტით შუამდე შეავსო, ჩაის კოვზი აიღო, კეროსაც მიაწოდა, ზედ შაქარი დააყრევინა, რამდენიმე წვეთი აბსენტიც დაასხეს, კოვზს ქვეშიდან სანთებელას ალი შეუნთეს, გამდნარმა შაქარმა წვეთწვეთ იწყო ბოკლებში ჩადინება და როცა ბოლომდე დაიწვა, იმავე კოვზებით სასმელს მოურიეს.

 

– ზალპომ!

 

– Залпом?

 

– ყელში არ გადავიდა, პირშივე აორთქლდა, რას იტყვი, კეროუ?

 

– ცოტა გამოცდილება გვაკლია მეთოდებში, ავითვისებთ და...

 

– გამოცდილება, ჩემო, წლებს მოაქვს... იმპოტენციასთან ერთად!

 

 

 

 

2. ჩვენება

 

 რამდენიმე სადღესასწაულომეთოდის შემდეგ ტუჩას დედამ ფანჯარასთან მოუხმო ბიჭებს:

 

– შეხედეთ ხათის, მოუთავებია თავისი კიოსკი, დაულაგებია, გაუნათებია. რა ყოჩაღი გოგოა, ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა ეკეთებინა.

 

ტუჩამ და კერომ ერთმანეთს გადახედეს, ხათის ნასწავლი ორიოდ ფრანგული ფრაზა გაცვალგამოცვალეს და ფანჯრიდან გადაიხედეს: კერო სახტად დარჩა – ქუჩის კუთხეში კიოსკის ნაცვლად ტელეფონის ჯიხური იდგა, ისევ ისეთი, ბავშვობის დროინდელი, ფანიტას კაშნესავით ლურჯწითელი.

 

ტუჩაც გაოცდა თავისებურად:

 

– შეხე, ძიათენგო მტრედებმა მოიტაცეს, კიბე მოიტანე, თუ ძმა ხარ!

 

– რასა როშავ, ტუჩიკ, გესტუმრა ჰალიკები? დაიძინე, აჯობებს, თუ ძმა ხარ, დაშუშდი. მე წავალ, უნდა დავრეკო.

 

კერო ტელეფონის ჯიხურს მიუახლოვდა. ფრთხილად შეახო ხელისგულები და ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მისცეს.

 

ფრთხილად გამოაღო კარი და გაუბედავად შეაბიჯა საკუთარი ბედნიერების ნავსაყუდელში. ყურმილი ჩამოხსნა, ცხვირთან მიიტანა, ხარბად შეისუნთქა მეტალის სუნი, მერე დილით ნაპოვნი სპილენძის ორკაპიკიანი ჯიბიდან ამოიღო და აკრიფა: 9339...

 

– ფანიტა, მოხვალ?

 

 – ახლავე, კერო.

 

 – მითხარი, რომ მოგენატრე!

 

 – მერე როგორ!

 

კერო, ჯიხურის კედელს მიეყრდნო, სითბო ესიამოვნა, თუმცა, შუქმა შეაწუხა და, გამორთეთო, დაიღრიალა. ჩამობნელდა. დრომ სვლა შეანელა, გაუსაძლისი გახდა ლოდინი, ჯიბეში ორკაპიკიანი მოიძია, ვეღარ იპოვა და ტელეფონის აპარატს მუშტი ჩასცხო: სპილენძის ორკაპიკიანები გადმოცვივდა, ესესესერის გერბებიანი.

 

– ყველა არიოლზეა! დღეს ჩემი კინო გავა!

 

ჯიხურის კარი გაიღო, ფანიტაა, გაიფიქრა კერომ და თვალები დახუჭა. «გრილი და ფაფუკი ქურქი აცვია, როგორც იმ დღეს, ქალიშვილთან ერთად რომ მოვკარი თვალი», ისევ გაიფიქრა და ქუთუთოებზე მიიჭირა მუშტები.

 

ნაზი და სურნელოვანი ხელი ჯერ შუბლზე შეეხო, მერე ლოყებზე მიეფერა, საჩვენებელი თითი ბაგეების კონტურს გააყოლა.

 

– არიოლებიამეთქი, ხომ ვიძახდი!

 

– დამშვიდდი, პატარავ, აქ როგორ მოხვდი?

 

– რამდენი ხანია მინდოდი!

 

– მერეეე?..

 

ერთხელ მაინც გეთქვა.

 

– გირეკავდი.

 

– როდის?

– ყოველთვის! ბოლო ორ ციფრს არ ვკრიფავდი ოღონდ.

 

– შენ რა გითხარი!

 

– ქურქი გაიძრე რა.

 

– სად მაქვს ქურქი, ბიჭო? რა დალიე ასეთი, გენაცვალე... მოიცა, ჩემით გავიხსნი...

 

ტყუილად არ გასწავლიდი, ვიცოდი, ვიცოდი, რომ ისევ შენ, ვიცოდიიი... აჰა, შეხსნილია... არ დამივიწყე, კერო... მოიცა, აჰა, გენაააცვალე... რა კარგი ხარ, ბიჭო! იყოს, იყოს, ეგრე იყოს, შენ როგორც გინდა...

 

ხათისბრალი იყოს ყველაფერი, მერე რარაარო! რაკარგიხარპატარავ!..

 

– შენ მაინც საიდან იცი ხათისბრალი რომ არის?

 

– დაიძინე, აქ წამოწექი, კერო. შენთან ვიქნები. არსად წავალ. რა კარგ ფეხზე გავხსენი ეს ჩემი კიოსკი... ამ საკასო აპარატს რაღას ერჩოდი ისე, ჰა? არაუშავს, შეკეთდება. გამიმართლოს და მაგას ვჩივი? ნეტავ, ასეთი რა მოგვეჩვენა ან შენ, ან მე, კერო, ამღამეს? კინოო?..

 

ალბათ, კერო. კიდევ ბევრ კინოს ვნახავთ კიდევ, ბევრს. დაიძინე.

 

აქ ვარ – ერთად ვართ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / კინოჩვენება