ლდოკონენი მაკა 

 

მისი სახლი

 

 

 

«მაგის ნესჩასტიების აპისანიეს

 

ბევრი ჩერნილა და პერო უნდა.»

 

 

კნეინა გეღეციკი მელიქნუბაროვა გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სომეხი თავადის შთამომავალი იყო. მისი სახლი, ევროპულ მანერაზე დაპროექტებული და ბურჟუაზიული ფასადით შემკული, ვასაკ მელიქნუბაროვმა მაშინ ააშენა, როდესაც მიხეილის სახელობის უბანში სახლმა სახლზე, ეზომ ეზოზე, ქუჩამ კი ქუჩაზე იწყო გადაბმა.

 

გეღეციკის მამას, ვასაკ მელიქნუბაროვს დიდძალი თანხა დაებანდებინა აღებმიცემობაში, ქვემო უბანში საკუთარი ქარვასლაც წამოეჭიმა და იქ შემოსული საქონლის ღირებულებიდან ყოველ ათ მანეთზე გარანტირებული ოცი კაპიკი ვერცხლი ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, ზაგრამანიჩნი კაპლისმენტივით ფულიანი გახლდათ და მოსკოვური კარტუზიც დამსახურებულად ეხურა თავზე.

 

ახლად აგებული სახლები ყველა ორ და სამსართულიანები იყო, სარაჯიშვილის ეტიკეტკებივით მოხატულები და სოლოლაკის კოლორიტსა ქმნიდნენ. გაცხოველებულ მშენებლობას ღიმილის მომგვრელი, მსუბუქი ქიშპობა ახლდა თან: ზოგი საკუთარ შენობას პარაპეტის ხარჯზე წარმოაჩენდა მეზობლის სახლზე უფრო მაღლად, ზოგი სრაზუმ მაღალპატალოკიან ატაჟებს აგებდა, ზოგიც შენობებს უხვი ჩუქურთმითა თუ თაღებით, ნაჭედი ჭიშკრებითა თუ აივნებით ალამაზებდა.

 

ვასაკ მელიქნუბაროვი თავისი წინაპრების ბარაკივით სახლში ცხოვრობდა, თავისი აიკანუშის გვერდით ერთჭერქვეშ არხეინად ამთქნარებდა და აზრადაც არ მოსდიოდა, ქიშმირის მუთაქებში დაგროვილი ავაიები ფუფუნებაში დაეხარჯა.

 

ამგვარ ყაიდაზე, ვინ იცის, რამდენ ხანს გააგრძელებდა არსებობას, მეფართლე კორხმაზა რომ არ გამოჩენილიყო, მისი სახლის პირდაპირ მიწა არ შეეძინა და მშენებლობა არ წამოეწყო.

 

ახალგამომცხვარი მეფართლე მუდამ არქიტექტორებისა და ინჟინრების თანხლებით დადიოდა, დაგრაგნილ ნახაზებს ჭკვიანი გამომეტყველებით დასცქეროდა, ხელოსნებს კი ხან იტალიიდან, ხანაც საფრანგეთიდან იწვევდა. მოკლედ, წისქვილი აებრუნებინა!

 

განსაკუთრებით ალმაცერად კი ვასაკას გადასცქეროდა: მის დანახვაზე აბრეშუმის პლატუკით ხმამაღლა მოიხოცავდა თავის ხორციან ცხვირს და «რამოდენა ეშვები ჩამოგიშვია, ახპერჯანო», – ელაზღანდარებოდა კიდეც, რაღა!

 

სახლის მშენებლობა რომ დაასრულა, კორხმაზამ ფასადი ათასგვარი ნახჭით მორთო, ხოლო თითოეული ფანჯრის დამაგვირგვინებელ თაღზე ყურებამდე გაკრეჭილი, თაბაშირსხმული სატირები დაამაგრებინა, რომ დილაობით სახლიდან გამოსულ ვასაკას თილისმასავით თან გაჰყოლოდა მეზობელი მეფართლის დამცინავი ქირქილი.

 

«ჯიბრში ჩამიდგა და ეგ არისო!» – ავი ქარი ეცა ვასაკას, ძველი სახლის სახსოვრად ერთი ქვაც არ დატოვა კუთვნილ მიწაზე და მალე ისეთი დიდებული სახლი წამოჭიმა, ისეთი საუცხოო ერკერებითა და ლავგარდნებით მორთო, მაშინდელი გაზეთებიც კი აალაპარაკა. დასასრულს, ესაო და აბუ არ გამიტყდესო, კორხმაზასეული თითოეული სატირის პირდაპირ, თავისი სახლის ყოველი ფანჯრისა თუ კარის შესაყარ თაღზე ენაგადმოგდებული მასხარები გამოაკვეთინა და თავგასულ მეფართლეს ბარაქიანი ცხვირი პაჟიზნენათ დაუტოვა ჩამოშვებული.

 

სახლი რომ დაასრულდა და ხარჯებს თვალი გადაავლო, ცოტა არ იყოს, ნირი წაუხდა ვასაკას. გუნებაგანწყობილება რომ გამოესწორებინა, ერთ ძველ მევალეს, ქვემოუბნელ ამქარს მიაკითხა, თავი შეახსენა, ვალის ანგარიშში ოსტატი ბიჭი მოსთხოვა, რამდენიმე კვირა თავის პარადნი პადიეზდში ამუშავა, მარმარილოს იატაკში ინკრუსტირებული სპილენძის ასოებით დააწერინა: Князь Мелик-Нубаров და თავისი გვარი უკვდავყო.

 

ამ თავდაუზოგავი ჯიბრის შედეგად ქალაქს ორი ულამაზესი შენობა შეემატა.

 

მათთვის თვალის შესავლებად ხალხი მარტო შუა ბაზრიდან და მეიდნიდან, კლდეუბნიდან და ქალაქის გალავნებიდან კი არ მოდიოდა, არამედ ნავთლუღიდანაც და დირსიჭალიდანაც.

 

დროთა განმავლობაში მელიქნუბაროვებმა ბურჟუაზიულ ცხოვრებას გემო გაუგეს, რაც გარკვეულწილად კორხმაზას დამსახურება გახლდათ, თუცა ამას ვინ დაგიდევდათ: დროს ატარებდნენ რესტორნებში, ლოტოსა და ქაღალდის სათამაშო კლუბებში, საცირკო ატრაქციონებზე ალექსანდრეს ბაღში, «პრიმავივანტოგრაფში» თუ გორგიჯანოვის ვარიეტიეს თეატრში. პატარა გეღეციკს ბარათებზე გამოსახული სარეკლამო ფოტოებივით დაამახსოვრდა იმ დღეების ამსახველი სცენები. განსაკუთრებით კი გოლოვინსკზე დედამისის გვერდით სეირნობა და იმის ცქერა, როგორ ირჩევდა აიკანუში ევროპულ მაღაზიებში კორსეტებს, ბროშკებსა თუ თბილ ფუფაიკებს, იზომავდა ვიზიტის შლაპებს, როგორ სტუმრობდნენ კაფე «ლონდონს», #6 სობრანიეს ქვეშ, სადაც ხვდებოდათ ზრდილობიანი მომსახურება, ადგილობრივი თუ შემოტანილი სხვადასხვა ზაკუსკეულობა, ბუტერბროდები, პეროჟკები თუ პიროჟნები, ასევე ხილეულობის წყლები ლაღიძისეული ქარხნიდან.

 

დღითიდღე კოხტავდებოდა მისი სახლიც: ოთახების გასაწყობად ქარვასლებიდან მოედინებოდა ვარშავული ბუფეტებით, კომოდებით, ვენსკი სკამებით, ცხრასანთლიანი სარკეებით, ვენეციანსკი მინის ვაზებით და ათასგვარი დივიტელნი ვეშჩით დატვირთული ოთხთვალები თუ ტარანტასები. თუმცა, მთელი ეს გარჯილობა და ვესიოლი ნასტროი ორ ათეულ წელიწადში მათ მფლობელებს სულ გაუპუსტიაკდათ.

 

მსხვილი მეწარმეებისა და ვაჭრების კუთვნილი სახლები ბოლშევიკური მთავრობის განკარგულებით კომუნალურ ბინებად დაიყო და მათში ათობით ოჯახი შეასახლეს.

 

ევროპაში ნასწავლი ცნობილი არქიტექტორების დაგეგმარებული ოთახები დაანაწევრეს, სახლის ყოფილი მეპატრონეების მიმართ კი მოწყალება გამოიჩინეს და ახალმოსახლეებთან შედარებით ათიოცი კვადრატული მეტრით მეტი ფართობი გამოუყვეს. ასე აღმოჩნდა გეღეციკი ერთი შუშაბანდიანი ოთახის ამარა, რომელშიც ვასაკ მელიქნუბაროვმა თავის დროზე საძინებელი მოიწყო და შასტლივადაც იცხოვრა თავის სულის კლიტე, აიკანუშთან ერთად.

 

 

* * *

 

გნაციკ აკოპიანის მამა, ალიბეგა ნაღდი კინტო იყო – ზედა ქალაქში ხილბოსტნეული და სხვადასხვა სანოვაგე დაჰქონდა. კლიენტები სამ საათს რომ გააწვალებდნენ გადარჩევაგადმორჩევით, ერთ კილოს ძლივს ააწონინებდნენ ხოლმე და ძარღვებს აუშლიდნენ წელგაწყვეტილს, თუმცა, მეორე დღეს მაინც სულმოუთქმელად ელოდნენ იმის წრიპინა შეძახილს: «ანუუუ, კუმისკიი ინჟიიირ, სვეჟი აგურეცებიი, თევზი ართაჭალინსკი!»

 

კვირის იმ დღეებში, როდესაც ალიბეგას მელიქნუბაროვებისთვის სულ რჩეული ხილი უნდა მიერთმია, გნაციკასაც გაიყოლებდა ხოლმე.

 

კნეინა აიკანუში წვრილმან პადარკებს ახვედრებდა პატარა ბიჭს, რომელიც გეღეციკას კბილა იყო და დედა არ ჰყავდა.

 

– ამის გულში ორი ატაჟი ცეცხლი ანათებდა, გეღეციკ თავისი ბაშმაკებითა და სკრომნი შაგებით პარადნიში რო გავიდგამოვიდოდა და პუხლენკი ხელებს ანტონოვსკი იაბლუკს დაავლებდა, – იხსენებდა მელიქნუბაროვების ეზოში გამოტანილ, კნეინა აიკანუშის აბანოს სკამზე ჩამომჯდარი ალიბეგა, როდესაც გეღეციკის შუშაბანდიდან ჩელოს ხმა შემოესმებოდა ხოლმე, – გაგონილა, პატიოსან სომხობას ლიჩნი აპარტამენტები წაართო, შიგ ხლამი შაუყარო, ანტიკვარნი ვეშჩები გაუყიდო? ტოლკო პერეჟიგანოე სერდცე და ბლედნი ცვეტი დაუტოვო! – აგრძელებდა ჩვეულ ხმაზე გნაციკას მამა და ბოღმის ცრემლი ახრჩობდა.

 

კნეინა აიკანუშის აბანოს სკამზე სიბერის გატარება ალიბეგასაც ისტორიულად ერგო – რიყიდან აყრილ კინტოს თავის ვაჟთან ერთად მელიქნუბაროვების სახლში მთავრობამ ოცი კვადრატული მეტრი გამოუყო სამადლოდ. ოთახი ეზოდან პირველ სართულზე, ქუჩის მხრიდან კი სარდაფს დონეზე მდებარეობდა და იქ თავის დროზე ათასგვარ ზედმეტ ნივთს ინახავდნენ სახლის ყოფილი მეპატრონეები.

 

– კარგი რა, პაპა, სულ პაჟარი უნდა გეკეროს მაგ პირზედ? ვა! ეეე, შენააა, შენ რო იმ ფულით სტალნოი კბილები არ ჩაგესვა, ელექტრონის სტრუნნი არკესტრში ჩაგერიცხე, სრაზუმ ზნამენიტი მუზიკანტად დავდგებოდი, ასე ბეზდეისტვიაში კი არ დარჩებოდა ჩემი ტალანტი, ვააა! – იზმორებოდა მელიქნუბაროვების ძველთაძველ კუშეტკაზე მიგდებული გნაციკა და ღიღინებდა: «როომელიცაი მე მიყვააარს, ის სულ სხვა ქვეყნელიაი!».

 

გეღეციკ მელიქნუბაროვა კი უკვე მოზრდილი ბარიშნა გახლდათ.

 

ვასაკას წინდახედულობითა და მეცადინეობით საკადრისი მუსიკალური განათლება მიეღო და იმ დროისათვის, როდესაც მამაშვილი აკოპიანები მის ეზოში მოთქვამდნენ, მიზანდარის სახელობის პირველ მუსიკალურ სკოლაში ჩელოზე დაკვრას ასწავლიდა და ბინაზეც უამრავი მოსწავლე დაუდიოდა.

 

მისი სახლი კი იდგა სულგაკმენდილი, წერაქვი რომ დაგერტყათ, ერთი ნამცეცი ბათქაში არ ჩამოსცვივდებოდა. საბანკეტო ოთახის სქელი კედლები, რომელთა დანიშნულება გახლდათ ზაფხულში სიგრილის და ზამთარში სითბოს შენარჩუნება, ნიშებად აქციეს და შიგ განჯინები მოაწყვეს. ფანჯრებს საუცხოოდ ნაკეთი მუხის დარაბები ჩამოხსნეს, მათი საშუალებით ოთახები გადატიხრეს, ან თაროებად დახერხეს. ახალი ტიხრებისთვის ჭადრაკული წესით დაგებული მაჰაგონის იატაკი საზეინკლო ღოჯით ამოჩიჩქნეს, თაბაშირსხმული ლავგარდნები კი ჭერიდან ჩამოყარეს. საბავშვო ოთახში, სადაც პატარა გეღეციკა კიტაისკი ფარფორისთავიან თოჯინებს შორეული ინდოეთიდან აქლემებით ჩამოტანილი ქსოვილებისგან კაბებს უკერავდა, აბორტმახერი ლალე შესახლდა და «მოღვაწეობა» გააჩაღა.

 

პირველსა და მეორე სართულს შორის, სადარბაზოს კედელზე ოცდაორ ოჯახზე გათვლილი საფოსტო ყუთი დაკიდეს და ზედ ყვითელ საღებავში ამოწებული ფუნჯითა და შაბლონით ნამგალი და ურო დაახატეს, ყუთებს კი სათითაოდ მობინადრეთა გვარები დააწერეს რუსულ ენაზე. მათ შორის ერთს – Г. В. Мелик-Нубарова. თიოეული დაშტამპული ასო, ისევე როგორც კედლებიდან გამოღებული სათითაო აგური, გულს უწიწკნიდა გეღეციკს. მის თვალწინ მისხალმისხალ ირღვეოდა ის ჰარმონია და სიკოხტავე, წლების განმავლობაში ზრუნვითა და რუდუნებით რომ შეექმნათ. წარსულ დიდებულებას ადგილი მხოლოდ მოგონებებსა და მის მონათხრობში რჩებოდა. საერთო სადარბაზოდ ქცეული პარადნი პადიეზდი მარმარილოს იატაკში ინკრუსტირებულ სპილენძის ასოებზე დაუდევრად დააბიჯებდნენ ახალი ქვეყნის მოქალაქეები და თავიანთ გემოზე, საკუთარი ყოფის გასალამაზებლად ირგებდნენ მისი სახლის სათითაო კუთხესა თუ კუნჭულს.

 

 

 

* * *

 

საუკუნე ზუსტად წლების გასაყარზე როდი დაიწყო ან მიიწურა – საკუთარი ფორმა ახლებურ ყალიბს თანდათან მოარგო. ნივთებმა წლები მოიკრიბეს და ანტიკვარული ელფერი დაედოთ.

 

ადამიანები შეეგუვნენ საკუთარ სახეცვლილ სილუეტებსა თუ ჩრდილებს. ძველ ფოტოებსა და რეალობას შორის დრო უფრო ხილული გახდა. ერთიანი ფასადით შემკული სახლები, გარეგნულად ერთი ოჯახის გრძნობებზე რომ იყო გათვლილი, ახლა ათას საზრუნავს იტევდნენ და ხარშავდნენ.

 

გეღეციკი ღმერთს მადლობას სწირავდა, ცხონებული მშობლები ქვეყანაში დატრიალებულ კაშმარნი ისტორიებს რომ ვერ მოესწრნენ. თავისი სომხურქართული რუსულით წყევლის ათასგვარ კომბინაციას აწყობდა და ჩრდილოეთისკენ გზავნიდა. მეზობლების გასაგონად სულ იმას გაიძახოდა, მალე გამოგყრით ჩემი აპარტამენტებიდანო! – გულის სიღრმეში სწამდა, ძველი დრო დაბრუნდებაო. სწამდა და, მიუხედავად ამისა, კუთვნილ ფართს ახლებურად აგეგმარებდა: დედმამისეულ ოთახში მისაღები და საძინებელი გამოიყვანა, შუშაბანდი შუაზე გატიხრა, ერთ ნახევარში სამზარეულო მოაწყო, მეორეში კი აბაზანა.

 

ფანჯრებზე რაც შეიძლება სქელი ფარდები დაკიდა, რომ უცხო თვალისთვის თავისი უბედურება, საკუთარისთვის კი ის ვანდალიზმი დაეფარა, რასაც მის სახლში სჩადიოდნენ.

 

თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ იმათ, საკუთარი ბუდეები გაჭირვებით რომ მოეწყოთ, მელიქნუბაროვებისა და მათ მსგავსთა უბედურებაში ბრალი არ მიუძღოდათ. თანდათან გულ მოულბა, მათთან სტუმრობას მოუხშირა, ლიმონს ჩამოარიგებდა ხოლმე თავისი ხის მოსავლიდან და თან ოთახებს ბზარებს უთვალიერებდა, სიმყარეს უსინჯავდა, თითქოს, კვლავ პატრონობდა მამისეულ სახლს – მის სამომავლო პერსპექტივებს აფასებდა.

 

ერთი ტრადიციაც ჰქონდა: Урожай кофейного дерева. ყავის ხის მოსავალს მოიწევდა, მარცვლებს მოხალავდა, დაფქვავდა, მოადუღებდა და მეზობლებს ყავაზე მიიპატიჟებდა. ისინიც მოდიოდნენ ათასგვარი მოსაკითხით დატვირთულები იმ განწყობით, რომ კნეინა გეღეციკი უკვე მრავალჯერ მონათხრობ ისტორიებს გაიხსენებდა. მალე ეს ადამიანები მისი ჭირვარამის გამზიარებლებად იქცნენ.

 

განსაკუთრებული თანაგრძნობა კი მაშინ იგრძნო, ჩელოზე დაკვრის დროს მაღალმა წნევამ ადგილზე რომ შეატორტმანა, წააქცია და ხემით ცალი თვალი ამოიგდო – მეზობლებმა საუკეთესო ექიმები დაახვიეს, საავადმყოფოში აკითხავდნენ. პატრონობდნენ სახლში შუშის თვალით დაბრუნებულსაც.

 

 

სწორედ იმ დღეებში გნაციკ აკოპიანსაც დაატყდა თავს უბედურება – ალიბეგა გარდაიცვალა და სულ უპატრონოდ დატოვა თავისი საკრავენი ვაჟი. გასვენებაში შეიკრიბნენ ქალაქში კანტიკუნტად შემორჩენილი ძველი კინტოები, გულამოსკვნით მოთქვამდნენ წარსულზე, გნაციკას მხარზე ხელს უთათუნებდნენ და დაოჯახებას ურჩევდნენ.

 

ალიბეგას სასახლე ეზოდან ხის კიბეებით სადარბაზოში ამოიტანეს, მარმარილოში ინკრუსტირებულ სპილენძის ასოებზე გადაატარეს და ქუჩისკენ გაემართნენ.

 

საავადმყოფოდან ახალგამოწერილი გეღეციკი პროცესიას აივნიდან ადევნებდა ცალ თვალს. ხედავდა, წარსული დროების უკანასკნელი მოწმენი როგორ მიჰყვებოდნენ ჩრდილებივით იმ ადამიანის ცხედარს, რომელიც მისი სახლის შესახებ ამბების უანგარო მთხრობელი იყო.

 

გნაციკ აკოპიანი აივნისკენ აპარებდა მზერას და საკუთარი უგერგილობა ჯიგარს უდაგავდა.

 

გეღეციკს კი, როგორც ყოველთვის, არაფერი შეუნიშნავს. შეიძლება შუშის თვალის გამო, ან შეიძლება იმიტომ, რომ სათანადო გრძნობა არასოდეს ჰქონია გულში, გუმანით მაინც რომ ეგრძნო წლების მანძილზე გნაციკას უცნაური წვა.

 

ქელეხიდან მობრუნებულ აკოპიანს სახლში სირანა დაუხვდა – მეზობელ ქალს მის ბინაში წესრიგი დაემყარებინა. სირანას დალაგების ხელოვნება მოსდგამდა – დედამისი თავის დროზე აიკანუშის მოახლე გახლდათ. ოჯახის ტრადიცია არც მან დაარღვია – გეღეციკთან ავლაბრიდან დაიარებოდა, ურეცხავდა, პროდუქტზე ეგზავნებოდა და ათას წვრილმან სამსახურს უწევდა. დასალაგებლად, როგორც მელიქნუბაროვას ნდობით აღჭურვილი პირს, მისი ახლობლების სახლებშიც მიესვლებოდა. თუმცა, მადლობის მაგივრად გეღეციკის სახლზე დაედგა თვალი და ფარული ანგარიშით იმ დღეს ელოდა, როდესაც შინაბერად დარჩენილი ქალბატონი საკუთარ ქონებას სწორედ მას უანდერძებდა.

 

მამის ქელეხიდან მობრუნებულმა გნაციკამ მელიქნუბაროვების ძველთაძველ კუშეტკაზე სირანას ცოლობა სთხოვა და იქვე დაიტოვა.

 

რამდენიმე კვირაში ახლად დაოჯახებულებმა ქუჩის კატების მფარველი, ლოთობას გადაყოლილი ლოვასგან ოთახი იყიდეს, თავიანთ ფართს მიუერთეს და სკრომნი კვარტირაც მოიწყვეს. თუმცა სირანა კმაყოფილებისგან შორს გახლდათ. რამდენჯერაც ახალ შთამომავალს მოავლენდა, იმდენჯერ ქმარს უწყებდა ჩიჩინს: მიდი, ნუბაროვა ზავეშანიაზე დაითანხმე, ბინა დაგვიტოვოს, ვერა ხედამ, მაგის კრაოტი შენი ტალანტისავით პოლნი ბეზდეისტვიაშიაო!

 

გნაციკ აკოპიანი, მართალია, გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კულტურნი საქციელი და წარსულის უვაჟენია მამისგან ატლიჩნად ესწავლა. მით უმეტეს, რომ მელიქნუბაროვის ქალიშვილს თავისი სულის იზორვანი უგალოკში ადგილს ჩესნათ უნახავდა. სამაგიეროდ, ყოველთვიურ უბორკაზე, მოწიკწიკე მეტრონომთან ერთად მწყობრ ხმაში წუწუნებდა სირან აკოპიანი: სივიწროვეში ვცხოვრობთ, ცავატანემ, პერსპეკტივაში ვერაფერი ხეირი მოგვიჩანს, ჩესნი ქმარი მყავს, ეგეც ჩემი სათრევიო!

 

ნოტებს დაჩერებული გეღეციკ მისი აზრების მიმართულებას ვერ ხვდებოდა, ნახევარზე მეტად კი საერთოდ არ უსმენდა აკოპიანის ტურფას. მხოლოდ ერთხელ ჩასწვდა მონოტონური სიტყვების ქვეტექსტს, მაგრამ სწორედ იმ წუთას სპიტაკში მიწა იძრა და, მიუხედავად სიშორისა, მელიქნუბაროვებისეული სახლიც საგრძნობლად შეარყია. დაფეთებულმა გეღეციკმა სასწრაფოდ ხალათი მოისხა, სირანს გასაღები მიაჩეჩა, ოთახში დარჩენა უბრძანა და კიბეებზე დაეშვა.

 

 

უნდოდა, შენობისთვის თვალი შეევლო: ფასადი ხომ არ დაუზიანდა, ლავგარდნები ხომ არ ჩამოსცვივდა, პარაპეტი ხომ არ გადმოენგრა! მაგრამ, მარმარილოში ინკრუსტირებულ სპილენძის ასოებთან ფეხი გადაუბრუნდა, ძლიერმა ტრამვამ რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვა და სამუდამოდ დააკოჭლა.

 

სანამ იწვა, საბინაო სამმართველოში წერილს წერილზე აგზავნიდა და სახლის საწრაფო რესტავრაციას ითხოვდა – თითოეული ბზარი საკუთარი ძვალივით სტკიოდა და ამწარებდა. ფეხზე წამოდგა თუ არა, ლამის ყოველდღე აკითხავდა შესაბამის სამსახურებს და, როგორც იქნა, საძირკველის გამაგრებასა და ფასადის აღდგენაზე თანხმობა მიიღო.

 

რამდენიმე დღეში სახლი ხარაჩოებში ჩასვეს, საბჯენებით გაამაგრეს. კნეინა გეღეციკი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, შენობას გარს უვლიდა და ათვალიერებდა, როგორ აღადგენდნენ ჩუქურთმებს, თაღებს, ენაგადმოგდებული მასხარების სახეებს. შედიოდა მეზობლებთან, რათა თავად გაეკონტროლებინა, როგორ იფითხნებოდა დაზიანებული კედლები თუ ჭერი. მალე მელიქნუბაროვების ყოფილმა სახლმა ძველი მედიდურება დაიბრუნა, მართალია, მხოლოდ გარეგნულად, მაგრამ ქუჩაზე მიმომავალ მის ყოფილ პატრონს გულს კვლავ სიამაყით უვსებდა.

 

მისი სახლი ამ დროისათვის წააგავდა საპატარძლოდ გამზადებულ შინაბერას, უკანასკნელი შანსის გამოყენება რომ გადაუწყვეტია, საგანგებოდ მორთულა, სახე ფერუმარილით შეუნიღბავს, შინაგანი სიბერე და უხალისობა კი გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში შეუმალავს.

 

 

* * *

 

პეტრ კანსტანტინოვიჩ კუტიკოვი გეღეციკ ვასაკოვნას მოსწავლე გახლდათ, მის სახლში კერძო გაკვეთილებზე დაიარებოდა და აკომპონიმენტის ხელოვნებას ეუფლებოდა.

 

პეტრ კანსტანტინოვიჩი, ნიჭიერი მოსწავლე, კარგი მოსაუბრე და ყურადღებიანი მსმენელიც აღმოჩნდა. გაკვეთილების შემდეგ მელიქნუბაროვების გადარჩენილი საგვარეულო ნივთებით ინტერესდებოდა და გულდასმით ისმენდა გეღეციკის გაუთავებელ ისტორიებს, რომლებიც ამ ნივთების უნიკალურობას ადასტურებდა.

 

პეტრ კანსტანტინოვიჩ კუტიკოვი გეღეციკ მელიქნუბაროვაზე თექვსმეტი წლით უმცროსი იყო, თუმცა, წლების შემდეგ, დაქვრივებული მოსწავლე ყოფილ პედაგოგს ოპერაში რომ შეხვდა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებად შეიმჩნეოდა. რძლისგან გულნატკენმა კუტიკოვმა გეღეციკ ვასაკოვნას საკუთარი დარდი გაუზიარა და ლამის შუშის თვალიც აუცრემლა: თურმე კუტიკოვის ვაჟი სამხედრო მოსამსახურე გამხდარიყო, ხშირად უწევდა რუსეთში გამგზავრება, რძლის გვერდით ცხოვრება კი სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.

 

იქიდან მოყოლებული, ამ ორ ადამიანს შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირი დამყარდა. ერთად დადიოდნენ ოპერაში, გრიბოედოვის სახელობის თეატრში, კონცერტებზე კონსერვატორიასა თუ მუსიკალურ ათწლედში, ასევე საყიდლებზე გასტრონომებსა თუ კოლმეურნეობის ბაზარში. ოჯახთან კონფლიქტში მყოფმა ქვრივმა შინაბერასთან სულ უფრო ხშირად იწყო დარჩენა, საბოლოოდ კი ცოლობა სთხოვა, მმაჩის ბიუროში ხელი მოაწერეს და მასთან დასახლდა.

 

 

პეტრ კანსტანტინოვიჩმა მეუღლის სახლში ნელნელა საკუთარი წესრიგი დაამყარა: მეტრონომთან მწყობრ ხმაში მოწიკწიკე სირანს მაშინვე ალღო აუღო და ზრდილობიანად დაითხოვა. თანდათან შემცირდა იმ მეზობლების რიცხვიც, რომლებსაც Урожай кофейного дерева საყვარელ ტრადიციად ექციათ, ცნობილი ლიმონის ხის ნაყოფით კი თავად იკოკლოზინებდა პირს საუზმესა და ვახშამზე.

 

გავიდა რამდენიმე წელი და ერთ დღეს, ეზოს მხრიდან მომდგარი სატვირთო მანქანა აკოპიანების კარებთან გაჩერდა.

 

შუშაბანდის სქელ ფარდებს ამოფარებული გეღეციკი ცალი თვალით აკვირდებოდა, როგორ ჩაიტვირთა მანქანაში მელიქნუბაროვების შორეული წინაპრების სახლიდან შემორჩენილი, სარდაფში შეყრილი და შემდეგ გნაციკას მიერ გადარჩენილრესტავრირებული ავეჯი, რომელთაგან ზოგიერთს დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი ფასი დასდებოდა. ქოთქოთებდა სირანა, დავალებებს აძლევდა შვილებს, ბრაზობდა გნაციკაზე, რომელიც რომ აუჩქარებლად, ღიღინით ალაგებდა თავის ხელსაწყოებს მანქანაში. დროდადრო გამოსამშვიდობებლად მოსულ მეზობელს გადაეხვეოდა, ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა და თვალს გეღეციკის შუშაბანდისკენ გააპარებდა.

 

იმ დღეს სირან აკოპიანმა ყველას უამბო ნაცნობი ნოტარიუსის მონათხრობი იმის შესახებ, რომ გეღეციკ მელიქნუბაროვამ ანდერძი დაწერა და მთელი თავისი ქონება კუტიკოვს დაუტოვა:

 

– ახია რა, მაგათზე! ზასლუჟენათ მიიღეს მაგათ ყველაფერი! რუსებმა თავის დროზე ხომ ძირიანად მოთხარეს, ამდენი ნესჩასტიები მოუტანეს! მაგრამ, ვითომაც არაფერი, ნუ ი ჩტო? ახლა ხედამთ, რაც შერჩა მაგ საცოდავსა, ისიც რუსს უნდა რომ გაატანოს! თან ეგეთი სკუპოი და ძუნწი, კუტიკოვი როაა, არაფერი გენახოთ! მაგასა ლიმონნი დერევა, ვთხოვე, ან ისა, კაფეინი რო აქვთ, პრაშუმეთქი, წავიღო, დედაჩემისა და ალიბეგას კნეინას სახელზედ მოსაგონარადამეთქი. უარით გამამისტუმრა, გეღეციკა არც გამაახედა, რო დავემშვიდობომეთქი ქალსა.

 

ხე რაღაა, ლაველი, ვასაკას ნაქონი ვერცხლის რემენი ხომ არ ვითხოვე, არა? მაგრამა, ეგენიიი ყველაფერზე დახამებულები არიან, აქ რო ჩამოდიან, გიჟდებიან, ყველაფერზე გიჟდებიან, აი! ეს აგრომნი ცაცხვებიც აგიჟებთ ჩვენს ქუჩაზედ როა, ბატანიჩესკი სადიც აგიჟებთ, ჩვენი ქალაქი ამწვანებული როა, თითქო ბაღშიაო, მაგაზეც ბოღმა ახრჩობთ! სამასი წლის წინათ დანერგეს ჩვენმა პაპების პაპებმა მაგ ტყის ხეები, ზაფხულში ტფილისს სიგრილე ჰქონოდესო და ეგეცა შურთ რაღა! მარტო თვითონ და მაგათმა პაკალენიამ რომ ისუნთქოს კარგი ჰავა და ზდაროვი ჰაერი, მაგისთვინ უნდათ ჩვენი ქალაქი! იზვინი რა, ავნერვიულდი, მეზობლებო, მაგის სიკეთისთვის ისევ თორემა, მე, სვიდეტელი არ უნდა, სახლიდან გამამაგდო, მე მაგისი ვითამ რამის ინტერესი მქონდა? ან თუ რამე მინდოდა, ისევ მაგის სახელზედ, ისევ მაგის მომვლელად ვიქნებოდით მე და ჩემი გნაციკა, ნარმალნი სმერტით მოკვდებოდა, ზასლუჟენათ გავასვენებდით! მაგრამა, არაო! ნუუ ი, ნი ნადა! ატლიჩნათ მოვეწყვეთ ვაზისუბანში. მეტროც იქვეა, ფართიც დიდი. ეს სახლები კიდევა ძალან ჩაოხრდა, ცავატანემ, ეხლა ვიღა უპატრონებს მაგათა? სულ დაინგრევა რაღა! მერე პადვალში და ნესტში ცხოვრებამა ზდაროვიე სულ გამიფუჭა!

 

როგორც კი სატვირთო მანქანა ეზოდან გავიდა, კნეინა მელიქნუბაროვამ იგრძნო, რომ მისი სახლის სხვადასხვა კუთხეკუნჭულში გატრუნული მოგონებები, სიცოცხლის ძალას რომ მატებდნენ თავიანთ ძველ პატრონს, დამფრთხალი ჩიტებივით უხილავი მიმართულებით გაფრინდნენ. წარსულის ნიშანწყალი კინტო ალიბეგას ბიჭმა და მოწიკწიკე სირანამ საბოლოოდ თან გაიყოლეს.

 

იმ დღის შემდეგ გარეთ გამოსული აღარავის უნახავს კნეინა. თავჩაქინდრული პეტრ კანსტანტინოვიჩი მარტო დადიოდა საყიდლებზე. მალე კუტიკოვის ვაჟმა და მისმა მეუღლემ ვიზიტებს მოუხშირეს, დროდადრო კი სასწრაფო დახმარების მანქანას იძახებდნენ.

 

სწორედ ექიმებისგან შეიტყვეს მეზობლებმა, რომ გრაჟდანკა მელიქნუბაროვა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა – აპათიაში ჩავარდნილიყო და ჯანმრთელობაც შერყეოდა. სანახავად მისულები, კუტიკოვის ზედამხედველობის ქვეშ მორიდებით იდგნენ მის საწოლთან. ავადმყოფი უხეიროდ იღიმოდა და აღარაფერი უთქვამს.

 

გეღეციკ მელიქნუბაროვას გარდაცვალებიდან ორმოცამდე კუტიკოვების რძალმა სახლი სარფიანად გაყიდა. კლიენტის შოვნაში მოსკოველი ნათესავები დაეხმარნენ. ბინის ახალი პატრონი მხოლოდ ორი საათით ჩამოვიდა, გასაღები ჩაიბარა, ამ სახლს კარგ ინვესტორს ვუშოვიო, – სიტყვა დატოვა და იმ დღის შემდეგ თვალით აღარავის უნახავს.

 

პეტრ კანსტანტინოვიჩს დაევალა გაეყიდა რძლის გადარჩეული, «არასაჭირო ნივთები», რომელთა რიცხვში აღმოჩნდა кофейное деревоც. აბორტმახერი ლალეს თხოვნით ხე მისმა შვილიშვილმა შეიძინა და თავიანთ ფანჯარაზე გადაიტანა.

 

კნეინა გეღეციკის გარდაცვალებიდან ორმოცდამეერთე დღეს სახლს ქუჩის მხრიდან მოაყენეს კუტიკოვის ვაჟის სამსახურიდან გამოწერილი სამხედრო მანქანა და რიგითმა რუსმა სამხედროებმა მისი ნივთები, ვარშავსკი ბუფეტით დაწყებული, ლიმონის ხით დამთავრებული, ნახევარ საათში ჩამოტვირთეს.

 

გეღეციკის სახლს შერჩა მისივე რუდუნებით რესტავრირებული ფასადი და ყავის ხე მელიქნუბაროვებისეული საბავშვო ოთახის ფანჯრის რაფაზე. როდესაც მარცვლები მწიფდება, მეზობლები კნეინას საფლავზე გადიან, საღამოს კი ყავას მიირთმევენ და წარსულზე საუბრობენ. თუმცა, ამ ტრადიციის მოყვარულთა რიცხვი თანდათან კლებულობს, აღარც ხე იძლევა სათანადო მოსავალს, სასაუბრო თემას კი აქტიურად ანაცვლებს ინვესტორების საკითხი:

 

ამბობენ, ინვესტორებმა მსხვილი მეწარმეებისა თუ ვაჭართა ბურჟუაზიული კლასის მიერ თავის დროზე აგებული უნიკალური სახლები უნდა შეისყიდონ, თითოეულ მოსახლეს მათ კუთვნილ ფართში კარგა დიდი თანხა გადაუხადონ ან ორჯერ მეტი ფართის ბინებით დააკმაყოფილონო.

 

როგორც ჩანს, სანამ ეს სახლები მყარად დგას, მათ გარშემო დავიდარაბა არ შეწყდება – საძირკველის ჩაყრის დღიდან გარდაუვალ აუცილებლობასავით თან სდევს ქარტეხილები. ხოლო თუ ერთ აღმოსავლურ ანდაზას დავუჯერებთ, რომ «მამასა და დედაზე იზრუნებს ძე, რომელიც არ უყვარდათ!» იქნებ, სახლებსაც იმ ადამიანებმა მოუტანონ სიკეთე, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელიან მოვლასა და პატრონობას.

 

 

 

* * *

 

ევანატალი, გვარად ზავოდსკა, რომ დაიბადა, მის სამშობლოს ჩეხოსლოვაკია ერქვა. ჩეხოსლოვაკიაშივე დაამთავრა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა შემდეგ, მის ცსოვრებაში არსებული ეს პოლიტიკურგეოგრაფიული კაზუსი გამოსწორდა და ბრატისლაველი ევანატალი სლოვაკეთის მოქალაქე გახდა.

 

იმ წლებში, როდესც მისი სამშობლო საბჭოთა კავშირთან ერთიან სივრცეში მოიაზრებოდა, ჩეხოსლოვაკიის სკოლებში კვირაში ხუთჯერ რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ტარდებოდა, ჩეხები და სლოვაკები რუსულ ტელეარხებს უყურებდნენ, მათ სავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე უპირატესად «ჟიგულის» მარკის ავტომობილები დაქროდნენ, ევანატალიას გიმნაზია კი თბილისის ერთერთ სკოლასთან გახლდათ დამეგობრებული.

 

ყოველწლიურად, საზაფხულო არდადეგებზე ბრატისლაველი და თბილისელი მერვემეცხრეკლასელი მოსწავლეები ერთმანთს მასპინძლობდნენ. ამგვარად, ევანატალი საქართველოში გახლდათ ნამყოფი და ბავშვობის დროინდელი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად გაჰყოლოდა. განსაკუთრებით აღაფრთოვანა დამეგობრებული სკოლის შენობამ, რომელიც თბილისის ძველთაძველ უბანში, თავადის სასახლეში გახლდათ განთავსებული. ხის უზარმაზარი მოჩუქურთმებული ვერანდები, ფერადი ფილებითა თუ ბარელიეფებით გაწყობილი იტალიური ბუხრები, მარმარილოს კიბეები, სვეტები და მოხატული თაღედები – სკოლაში ნანახი ეს უცნაური ანსამბლი სამუდამოდ დაამახსოვრდა ევანატალის. ძილის წინ, თავის ყველაზე რომანტიულ წარმოდგენებში, ვინ მოთვლის რამდენჯერ, უოცნებია ამგვარ სასახლეში ეცხოვრა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / მისი სახლი