ლდოკონენი მაკა 

 

საახალწლო საკითხავი

 

 

ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა, მაგრამ ისე ბუნებრივად ხდებოდა ყველაფერი, ვერ ვბედავდი, ხმამაღლა მეთქვა, თოვლის ბაბუ არ არსებობსმეთქი.

 

ჩემს პატარა დას გავენდე, მას კი ჩვენი დედიკოსავით დიდი თვალები გაუხდა და მკაცრად მიიდო თითი ტუჩებზე.

 

 

 

გამოცანა

 

დედა ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ჩვენ ახალ სათამაშოებს ვათვალიერებთ – ყოველ წელს სხვადასხვაგვარი ნაძვის ხე გვაქვს: თეთრი მხოლოდ ლურჯი ბურთულებითაა, თუ მწვანეა, მაშინ წითელი სათამაშოებითა და ბაფთებითაა მორთული, ხანაც ოქროსფერი – ზღაპრული არსებებით, ან კი ვერცხლისფერი წვიმებითა და ვარსკვლავებით დამშვენებული. მოკლედ, დედა როგორსაც გადაწყვეტს – ამ დღეს ისეთი ბედნიერი, ხალისიანი და ჩვენხელაა.

 

ზევით ცამა მოიღრუბლა,

 

მ ო ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა,

 

ქვევით მელამ კუდი ჩაყო,

 

ჩ ა ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა.

 

გამოიცანით რა არის? – გვეკითხება დედა და გვიღიმის.

 

ჩემი უმცროსი და ხელებს შლის, მამას ანიშნებს, პასუხი ხომ არ იციო. მამა მხრებს იჩეჩავს – ვერაფრით დაგეხმარებიო.

 

მამას და დედას უყვართ უცნაური სიყტყვების, გამოთქმებისა თუ ამბების შეთხზვა, თავიანთენაზე საუბრობენ და ჩვენც იშვიათად მოგვმართავენ საკუთარი სახელებით. ახლაც ვეჭვობ, დედამ მოიგონა ეს გამოცანა და თავს არ ვიწუხებ პასუხზე ფიქრით.

 

 

 

მე

 

მე მაფიქრებს, საიდან მოვა თოვლის ბაბუ წელს? გულის უფრო გულში კი სულსულ ჩუმჩუმად ვჩურჩულებ: «ნეტავ ამჯერად რას მოიგონებს დედა!»

 

ვცდილობ, აღვიდგინო შარშანდელი ახალი წლის ღამე, მინდა დავრწმუნდე, მართლა დავინახე თუ მომეჩვენა თოვლის ბაბუს მარხილი ცაში – არადა, თითქოს დავინახე!

 

 

 

 

შარშან

 

12 საათი შესრულდა, მაგრამ არც კარზე «დაგვიკაკუნა ვიღაცამ,» არც ტელეფონზე «დაგვირეკა» და არც აივანზე «ამოგვიგდო» საჩუქრებით სავსე ხურჯინი. ვცდილობდი, დედის მზერა დამეჭირა, გულში ვეკითხებოდი: სადაა თოვლის ბაბუ, ხომ არ იცი? გულის უფრო გულში კი, სულსულ ჩუმჩუმად ვჩურჩულებდი: ჩვენთვის საჩუქრების ყიდვა ხომ არ დაგავიწყდა მეთქი.

 

დედა კი, ვითომც აქ არაფერი, მიდიმოდიოდა, გვილოცავდა, თვალებით მამას ეკეკლუცებოდა.

 

ის იყო გავიფიქრე «ჩემი ბრალია, რომ არ მჯეროდა!» მეთქი და დედამ ფანჯარასთან მიირბინა და დაიძახა: შეხედეთ, «თოვლის ბაბუს მარხილიო!»

 

სანამ ჩვენ ფანჯრებს მივცვივდებოდით, «მანსარდაში შეფრინდაო!», დაიყვირა და კიბეებისკენ გაიქცა.

 

მე კი... მე მოვასწარი ცალი თვალი შემევლო «თოვლის ბაბუს მარხილისათვის?», მერე კი დედას დავედევნე. მანსარდაში ორი ჭრელი ტომარა დაგვხვდა.

 

– როგორ ვერ მივუსწარით, – გულდაწყვეტილი ამბობდა დედა, – მერე თვალები გაუფართოვდა, მის მზერას გავაყოლე თვალი და ფანჯარაზე თოვლის ბაბუს ქუდი დავინახე.

 

– დარჩა, მაგას რა ვუთხარი! – შეწუხდა დედა.

 

– ალბათ, რასაც წლის მანძილზე ვნატრობთ ხოლმე, თოვლის ბაბუ ყველაფერს იწერს, – ვუხსნიდი ჩემს დას დაბეჯითებით, როდესაც საჩუქრებს ვათვალიერებდით.

 

«ყოჩაღ დედა!» – ვიძახდი სულსულ ჩუმჩუმად, გულის უფრო გულში.

 

 

 

წელს

 

– იცი, დედა, ლუკამ თქვა, არ არსებობს თოვლის ბაბუაო, – განაცხადა მარიმ, გამოცანის პასუხი რომ ვეღარ მოიფიქრა.

 

– ვისაც არ სჯერა, იმისთვის მართლაც არ არსებობს!

 

– როგორ არ მჯერა, იტყუება! – შევშინდი და მამლის ბოლოსავით ჭრელაჭრულა ნაძვის ხეს მივაშტრედი.

 

– მე კი მჯერა და ველოდები კიდეც იმას, რაც ყველაზე ძალიან ვინატრე. ხომ მომიტანს? – ღიმილით ეკითხება მამას დედა.

 

– რა თქმა უნდა! დედიკო წელს საუკეთესო «ბავშვი» იყო და საჩუქრიც საუკეთესო დაიმსახურა, – იღიმის ახლა მამა და დედას გულში იხუტებს.

 

– გამოცანის პასუხს ველი, გამოცანის! – დედა ზურგს უკან მალავს ნაძვის ხეზე ჩამოსაკიდად გამზადებულ ნაირფერ მამლაყინწას და კისკისებს.

 

– მამიკო, შენ? – მამას ზურგზე უკაკუნებს მუშტად შეკრულ ხელს ჩემი და.

 

– ხომ გითხარი, მასასო, პასუხი არც მე ვიცი, – მამა მარიამის წინ ცუცქდება.

 

– საჩუქარზე გეკითხები! შენც მოგიტანს თოვლის ბაბუ საჩუქარს?

 

– ოოო... ეგ არ ვიცი. თუ დედამ კარგი სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა, მომიტანს!

 

მარიამისთვის «სარეკომენდაციო წერილი» დედას გამოცანასავით ჟღერს.

 

სამაგიეროდ მე მიძლიერებს ეჭვს მამას სიტყვები და გულის უფრო გულში, სულსულ ჩუმჩუმად, ისე, რომ ქვეყნად არავინ გაიგოს, ვცდილობ დავიჯერო, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუს მოაქვს საჩუქრები, ვფრთხილობ, არასწორი ფიქრით რამე არ გავაფუჭო.

 

 

 

 

 

მარი(ამი)

 

– გამოცანას როგორ გამოვიცნობ, როცა ეგ სიტყვები არც კი ვიცი რას ნიშნავს! – იბუტება მარიამი.

 

– პასუხი არც დედამ იცის! გამოცანა თვითონ მოიგონა და იმიტომ! – გვერდით ვუდგები დას.

 

– თუ ასე ფიქრობთ, ჩემს «მოგონილ» პასუხს ჩემთვის დავიტოვებ!

 

დამნაშავესავით ვაფარებ თავს ფარდებს და ფანჯარაში ვიცქირები – ცას, მერე ქუჩას ვაკვირდები – იქ იმის გამოჩენას ველი, ვის არსებობაშიც ეჭვი მეპარება. სამაგიეროდ, გარკვევით ვხედავ ფანჯრის მინაში არეკლილ ჩვენს ოთახს: დედა სავარცხლით ხელში სავარძელში ჯდება, მარიამი მუხლზე ლოყას ადებს, დედა მის თმას კალთაზე იფენს და ვარცხნის.

 

პირდაპირ ვუჯდები – მიყვარს ამ დროს მათი ყურება: დედა არაბულ ლექსებს ამბობს, მარიამი თვალებს ხუჭავს, ცდილობს, აჰყვეს სტროფებს ტუჩებით, თუმცა არ გამოსდის. დედა ზოგიერთ ხმოვანს ისე აგრძელებს, თითქოს მღერისო. არაბული ლექსები მარიამის თმასავით ლამაზია, ასე მგონია, დედამ იმდენი არაბული ლექსი თქვა მისი თმის ვარცხნაში, რომ მარიამის თმის ბოლოები არაბულ ასოებს დაემგვანა.

 

– ჩემო ლამაზო გოგონა, ხომ არ დაგეძინა? – ეკითხება დედა თვალებმინაბულ მარის.

 

– როგორ იქნება არაბულად ლამაზი გოგო?

– ბიიინთუნ ჯამიიილათუნ.

 

– ლამაზი რომელია?

 

– ლამაზი არაბულად არის ჯამიიილათუნ... ანუ აქლემი!

 

– აქლემი ლამაზია?!

 

– ალბათ არაბებს ძალიან მოსწონთ, ლამაზს რომ ეძახიან. შენ რომელ ქართულ სიტყვას შეცვლიდი ლამაზით?

 

– ნაძვის ხეს! – აღტაცებით ამბობს მარიამი.

 

არ მომწონს ჩემი დის პასუხი – მე სიტყვა ლამაზს თმას დავარქმევდი!

 

– მე კი ბაჭიას – იღიმის მამა.

 

«ბაჭია» დედას მოსაფერებელი სახელია და მე არც მამას პასუხი მომწონს.

 

– დედა, ლუკას დუდის რატომ ეძახი ხანდახან? – კითხულობს მარი.

 

– ლუკა დიდხანს ვერ გამოთქვამდა სიტყვა დედას, დუდის მეძახდა.

 

ეს რომ არ დამვიწყნოდა, შევარქვი.

 

– ნეტავ მეც დუდი დამერქმია შენთვის, ახლა დუდის დამიძახებდით და არა მასუსის, მუშკის, მადუს და ეგეთებს, არც ერთი არ მომწონს, – ცრემლი ადგება თვალებზე მარის.

 

– მარიამ, როგორ გიხდება ახალი ვარცხნილობა! მოდი, ჩემო ლამაზო, ბანთათუნ ჯამალათუნ, თუ როგორ ამბობთ? – მამას ხელში აჰყავს მარიამი და სარკისკენ მიემართება, – შეხედეთ, მარი... არა, უკაცრავად! შეხედეთ, მარიამი უკვე დიდი გოგოა და, დროა, საკუთარი სახელი დავუძახოთ! მე პირობას ვდებ, რომ ახალი წლიდან დავივიწყებ ყოველგვარ მასუსმადუსმაცაცკუნებს და ასე შემდეგ!

 

– მაართლა? – თვალები უდიდდება მარის, თან საკუთარ თავს თვალს ვერ აშორებს სარკეში.

 

– აბა რა, ჩემო მასუსი?

 

– აი, მამა, ისევ დამიძახე!

 

– ჯერ ახალი წელი არ დამდგარა, ამიტომ რამდენიმე საათით ისევ ჩემი მასუსი ხარ, მერე კი, ეჰჰჰ... მერე, ჯობია, არ იცოდე რა მოხდება, – მამა მარის ძირს სვამს და სავარძლისკენ მიემართება ვითომდაღონებული.

 

– რა მოხდება? მითხარი!

– ეს ძალიან სევდიანი ზღაპარია, ახალ წელს კი სევდიან ამბებს არ ჰყვებიან.

 

– ახალი წელი ჯერ რომ არ დამდგარა!

 

– ...მართალია! მაშინ მოგიყვებით.

 

მე და მარიამი სავარძელში ვსხდებით. დედა გაკვირვებული შესცქერის მამას. ის კი არაბული ზღაპარივით იწყებს:

 

დავიწყებული მოსაფერებელი სახელების ამბავს

 

 და როდესაც პატარა ქუცმაცცუნცულა გოგონები ქალიშვილდებიან, ხოლო აგურიქვადარკინა ბიჭები ყმაწვილკაცდებიან, დგება დრო, მათ დიდი ადამიანებივით მივმართოთ – ფუმფუსქუსქუსთანთუების გარეშე! იმ დღეს, როდესაც მშობლები და შვილები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, პირობას დებენ, რომ სამუდამოდ დაივიწყებენ მოსაფერებელ სახელებს!

 

და მოსაფერებელი სახელები ამის გამო ისე მოიწყენენ, როგორც არავის არასდროს და არსად მოუწყენია! ისე დაღონდებიან, როგორც არავინ არასდროს და არსად დაღონებულა! ისე იტირებენ, როგორც შემოდგომის ღრუბლები, როგორც ბოსტნიდან გაძევებული ბაჭიები, როგორც ფუღუროდარბეული ციყვები, მაგრამ მაინც ვერ მოულბობენ გულს თავის ძველ პატრონს!

 

და როდესაც უკანასკნელ იმედსაც დაკარგავენ, ღაპაღუპის გაჩერებაზე გაემართებიან, სადაც დიიიდი აგადუდუმანქანა ჩამოივლის, ბენზინის მაგიერ ჩაისხამს მოსაფერებელი სახელების მდუღარე ცრემლებს და ზღაპართა დასასრულისკენ აიღებს გეზს.

 

 

ეჰჰჰ!

 

და მოსაფერებელი სახელები ჩააასხდებიან, და მოსაფერებელი სახელები გააასწევენ და მოსაფერებელ სახელებს არავინ, არასდროს და არსად გაიხსენებს!

 

და ზღაპარიც დასრულდება:

 

ჭირი იქააა...

 

რას იტყვით, იქა ჭირი?

 

არა?

 

კარგით, მაშინ აქა ლხინი...

 

 

 

 

არ(სებობს)

 

 კარზე კაკუნი გაისმა. მამამ ზღაპარი შეწყვიტა. მარიამმა ეჭვიანი თვალებით ახედა დედას:

 

– მართლა დიდი ვარ?

 

– ძალიან დიდი ხარ, ძვირფასო, ხედავ, შენი წლები ერთი ხელის თითებზე აღარ გეტევა!

 

მარიამმა ხუთი თითი გაშალა, მერე მეორე ხელის ორი თითი მიატყუპა მათ და კმაყოფილი თვალებით მამას დაანახა.

 

მამა მეზობელს, ბარათაძიას შემოუძღვა ოთახში.

 

შესთავაზა, ძველი წელი დავლოცოთო, მაგრამ ბარათაძია აღელვებული ჩანდა – ჩემდა გასაკვირად, ისიც თოვლის ბაბუის გამო:

 

– ჯერ გამარკვიეთ, ამ ოჯახში როგორ არის საქმე, თოვლის პაპებისა თუ სჯერათ?

 

– დიიიახ! – ერთხმად ვუპასუხეთ.

 

სტუმარი შეცბა, აშკარად სხვა პასუხის მოსმენა სურდა.

 

– ოოო!.. იმათი არ იყოს, თქვენცა გყოლიათ, აი... თოვლის პაპები!

 

და მერე მოგვითხრო:

 

– ცუდად არის საქმე ჩვენი მეზობლის ოჯახში: პატარა ჯარჯი სამი საათია სავარძელში გაუნძრევლად ზის და თოვლის პაპას ელოდება. ამ ლოდინში ავი ფიქრი აეკვიატა, ვაი და გზა აებნეს იმ გაჭირვებულს და ვერ მოაგნოს ჩემს სახლსო, ნერვიულობაში ლოყები გაუწითლდა, სიცხე გაუზომეს და ოცდათვრამეტამდე ჰქონდა!

 

– მერე ვერ მისცეს საჩუქარი ცოტა ადრე ბავშვს? – აღელდა მამა და ვერ მიხვდა, რა წამოსცდა.

 

– საჩუქარიო?.. საჩუქარი კი არა, სიცხის დამწევი მისცეს. აჰა, შენ პანამიცინი, ჯარჯუკა, და ცოტა კიდევ მოიცადეო.

 

მაგიტომა ვარ გადარეული!

 

მარიამმა შუბლზე დაიდო ხელი, დედამ გადაიკისკისა, მე შემომხედა და განაცხადა:

 

– თოვლის ბაბუს გზა არასოდეს აერევა! როგორც ჩანს, იქ ეს არ იციან!

 

– არ იციან, გენაცვალე, არა, – კბილებში გამოცრა ბარათაძიამ და ძალით გაგვიღიმა.

 

– ჰოდა, ცოტა ხანში დარწმუნდებიან!

 

– პირადად მე ჩემს ბავშვს ნერვებს არ ვუფუჭებ, საჩუქარს ცხრა საათზე ვაძლევ და არც ძილს ვუტეხავ, თანაც არავითარი თოვლიპაპა! იცის, რომ მე ვყიდყულობ: ამის ოხრობა არ იყოს, მიშრომია, ხელფასი ამიღია, მიყიდია და ვიღაც უსაქმურქექიას მივაწერო ყველაფერი? არა, ძმაო, ასე ყველანი წყნარად ვართ ოჯახში და ზედმეტი ხარჯიც არ მიგვდის წამლებში.

 

– გაიხარე, ძმაო, ოქროკაცი ხარ! – მამა მხარზე ხელს ადებს ბარათაძიას და ძველ წელს ლოცავენ.

 

ეჭვები მიზღვავდება. მინდა, მეც დავიდო შუბლზე ხელი, მაგრამ არა – დედა ისეთი ლამაზია, ნაძვის ხეც ლამაზად მოგვირთო, გამოცანაც ლამაზი მოიგონა: მოისკილიკიმაჟურა... ჩაისკილიკიმაჟურა... რა უცნაური სიტყვებია!

 

ჩემს დას ხელს ვკიდებ, საძინებელ ოთახში გამყავს და ვუყვები, როგორ დავინახე თოვლის ბაბუ იმ ორ ახალ წელს, როდესაც ის ძალიან პატარა იყო, 12 საათამდე ვერ ძლებდა და წლების დასათვლელად ერთი ხელის თითები ჰყოფნიდა.

 

– მართლა? – უკვირს მარიამს, უხარია, რომ ისევ მჯერა თოვლის ბაბუს არსებობის და კითხვებს მაყრის, – რა ფერის თვალები აქვს თოვლის ბაბუს? ძალიან დიდი ბაჩები აცვია? ოქროს ქამარი უკეთია? იმ მაზარუზარ ტომარაში როგორ პოულობს, ვის რა უნდა მისცეს? თუ თვითონ ხტებიან საჩუქრები? ჯარჯის სიცხე ისევა აქვს ნეტავ? მართლა არ აერევა გზა თოვლის ბაბუს?

 

– არა, მასუ, ხომ იცი, დედა არასოდეს იტყუება!

 

– ბარათაძიას ბავშვთან არ მიდის თოვლის ბაბუ?

 

– ეგ არ ვიცი...

 

– დედას ვკითხოთ, გინდა?

 

– არა, ჯობია, დედას მივეხმაროთ, ნაძვის ხის ნათურები ჩავრთოთ.

 

ნათურები მამლის ბოლოსავით ჭრელაჭრულა ნაძვის ხეს რიგრიგობით ანათებენ, სხვადასხვა მელოდიას მღერიან.

 

მათ ცქერაში თვალები გვექანცება და იქვე, დივანზე ვწვებით.

 

– მამას ვეტყვი, წელსაც დამიძახოს მოსაფერებელი სახელები. სანამ ორი ხელის თითები მეყოფა წლების დასათვლელად, ჩვენთან დავტოვოთ, კარგი, დუდიბუდი?

 

– კარგი, თორემ მოსაფერებელი სახელების გარეშე მოსაწყენია!

 

– გამოცანა გახსოვს? მითხარი რა...

 

მარიამს ზურგზე ვეხუტები, რამდენჯერმე ვუყვები დედას «გამოგონილ» გამოცანას.

 

ნეტავ რა უნდა იყოს? ვეკითხებით ერთმანეთს და უცნაურ სიტყვებს სიმღერსიმღერით გამოვთქვამთ:

 

«მოისკილიკიმაჟურა...

 

ჩაისკილიკიმაჟურა...»

 

ძილბურანში ვგრძნობ, როგორ გვაფარებს დედა პლედს და ჩურჩულით ეუბნება მამას:

 

– თავიანთ ლოგინებში ჯერ ნუ გადავაწვენთ, თოვლის ბაბუ როცა მოვა, ისეთი ხმაური ატყდება, მაინც გაეღვიძებათ.

 

ეს სიტყვები გულის უფრო გულში მწვდება და სულსულ მიქრობს იმ პატარა ეჭვს, ტკბილად ჩაძინებაში ხელს რომ მიშლის...

 

 

 

 

მამლაყინწადან მამლაყინწამდე

 

თითქოს სიზმარში სიზმარს ვნახულობ. შესაძლოა, სიზმარში მეღვიძება – იმ უცნაურ სიტყვებს კი ისევ გამოვთქვამ სულსულ ჩუმჩუმად, გულის უფრო გულში:

 

«მოისკილიკიმაჟურა...

 

ჩაისკილიკიმაჟურა...»

 

საბნიდან ვიცქირები: დედა თავის ციცქნა სეკრეტერთან ზის, დაღლილი თვალები აქვს. გვერდით ღამის პერანგში გამოწყობილი პატარ გოგონა უზის დაჭყეტილი თვალებით, გაძეძილი თმებით და ჭრელაჭრულა ქაღალდებში შეფუთულ საჩუქრებს ხსნის.

 

– ბებო, თოვლის ბაბუამ არ იცის, პატარ ბავშვები ცხრა საათზე რომ იძინებენ? – ეკითხება დედაჩემს.

 

– იცის, როგორ არ იცის.

 

– თოვლის ბაბუას მოსწონს ის ბავშვები, რომლებიც ცხრა საათზე არ იძინებენ?

 

– რა თქმა უნდა, არ მოსწონს.

 

– მაშინ რატომ მოდის ჩემთან ასე გვიან, ყოველთვის მაშინ, როცა მძინავს?

 

– მანანიკო, ამდენი ეჭვებით თოვლის ბაბუას დაღლი, გაანაწყენებ და შენთან, არამცთუ გვიან ღამით, საერთოდ აღარ მოვა, – ტუქსავს პატარას ცისფერ ხალათში გამოწყობილი ჩემი მეუღლე, მანანიკოსავით დაუვარცხნელი ხვეული თმით, დედაჩემივით გამოუძინებელი თვალებით, ფინჯანი ყავით ხელში.

– ძალიანაც კარგი, თუ არ მოვა! მაინც არ მოაქვს ის, რაზეც გულში ჩუმად ვოცნებობ. მარტო ის ესმის, რასაც ბებოს ან შენ გეუბნები!

 

დედაჩემი და ცისფერხალათიანი ერთმანეთს გამომცდელად აკვირდებიან, ეღიმებათ, ყავას წრუპავენ და მზერა სეკრეტერზე გაშლილ საშობაო მისალოცებზე გადააქვთ.

 

მისალოცებზე წელს დედამ მატარებლის პატარპატარა ვაგონები დახატა, ორთქლმავლის საკვამურზე შემოსკუპული მამლაყინწათი.

 

სიზმარში სიზმარს ვნახულობ თუ სიზმარში მეღვიძება? იქნებ წინასწარ ვხედავ, რა მოხდება თორმეტი წლის შემდეგ? იქნებ თორმეტი წლის წინანდელი მახსოვს გუშუნდელი დღესავით? იმ უცნაურ სიტყვებს კი ისევ გამოვთქვამ სულსულ ჩუმჩუმად, გულის უფრო გულში:

 

«მოისკილიკიმაჟურა...

 

ჩაისკილიკიმაჟურა...»

 

 

 

 

ოთხი წლის წინ

 

 საახალწლოდ მეგობრები მესტუმრნენ – ყველა დაოჯახებული. დედა, როგორც ყოველთვის, ნაძვის ხეს დასტრიალებდა, მამას ეკეკლუცებოდა დიდი თვალებით და, როგორც მარიამმა გამანდო, გული წყდებოდა, «ვინმე საინტერესო გოგონა,» რომ არ მოვიპატიჟე სახლში. მამა კი უღიმოდა, «ტყუილად დარდობ დუდიბუდიზეო.»

 

 ახალი წლის ღამეს ხმაურით შევხვდით. ის იყო ჩემთვის გავიფიქრე სულსულ ჩუმჩუმად გულის უფრო გულში, რომ ასეთ ხმაურში თოვლის ბაბუა რომ მოსულიყო კიდეც, ვერ გავიგებდით, რომ დედამ დამიძახა:

 

– ლუკა, შენს ოთახში, საწოლის თავთან ჭრელი ყუთი დავდე, გამოიტანე, ფანტი მოგიმზადეთ, შენს მეგობრებს გავართობ.

 

ისევ ხმაური ატყდა, გოგონები დედაჩემს გარს შემოეხვივნენ, კოცნიდნენ – ფანტი არასოდეს გვითამაშია, რამდენი ხნის ოცნებას ავისრულებთო!

 

ჭრელი ყუთის ასაღებად რომ დავიხარე, საწოლთან ფეხი წამოვკარი რაღაცას, ჩავცუცქდი – ახალთახალი, ფაფუკი ჩუსტები დამხვდა, მათ ქვეშ კი მთელი წლის ნანატრი ლეპტოპი.

 

ჭრელაჭრულა ყუთი სტუმრებთან გამოვიტანე, დედას გადავეცი, ვაკოცე და ხელზე ხელი მოვუჭირე. მან კი, ვითომც აქ არაფერიო – ეტყობა ერჩივნა თოვლის ბაბუას მადლიერი ვყოფილიყავი ახლაც, როცა ჩემი წლების დასათვლელად არც ჩემი თითები მყოფნიდა და არც მარიამისა.

იმ ჭრელაჭრულა ყუთში, დედას მოხატულ, ფერადფერად ბარათებზე საოცარი დავალებები ეწერა – არაბული ზღაპრებივით დამაინტრიგებელი. თითოეულ ფანტს მისსავე პატრონს სამახსოვროდ ჩუქნიდა დედა.

 

ჩემი მეგობრები ისე მოიხიბლნენ ამ უცნაური საჩუქრებით, ისე გახალისდნენ, რომ მხოლოდ მაშინ გამიხსენეს, როდესაც ყუთში ერთი ბარათიღა დარჩა:

 

«ამ ფანტის პატრონი გავიდეს ქუჩაში.

 

იქ დაელოდოს პირველ შემხვედრ გოგიონას

 

(თუ გოგოა – ბიჭს)...

 

დააა... აკოცოს!»

 

– კარგი რა, დედა, ახალი წლის ღამეს, თან ამ ყინვაში რომელი გოგო გამოივლის ქუჩაში?

 

– არ გინდა ჩემი დახატული ფანტი საჩუქრად დაგრჩეს?

 

კამათს აზრი არ ჰქონდა: ბარათი ულამაზესი გახლდათ, დედაც, ნაძვის ხეც, მარიამის დიდრონი თვალები მევედრებოდნენ, გულს ნუ გადაგვწყვიტავო. მამამ კი თავისი ფანტი დამანახა, მერე გულის ჯიბეში ჩაიდო და მიიხუტა.

 

ჩემი მეგობრები აივანზე გაცვივდნენ, ზემოდან მითვალთვალებდნენ. დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა – ქუჩაში ორი გოგონას მოვკარი თვალი, ერთი ცისფერ პალტოსა და ცისფერ ბეწვის ქუდში გამოწყობილიყო, მეორე... მეორე კარგად აღარც მახსოვს.

 

ცისფერქუდიანი გავაჩერე:

 

– უნდა გაკოცოთ!

 

– ?

 

– ფანტს ვთამაშობთ და ასეთი დავალება შემხვდა...

 

– მიყვარს ფანტი!.. გამოცანას გეტყვით და თუ გამოიცნობთ... გაკოცნინებთ.

 

– გამოცანებით ვერ დამაფრთხობთ, ამ ქვეყნად ყველა გამოცანის მცოდნე და გამომგონებელი ხომ დედაჩემია!

 

– მაშინ, ყურადრებით მომისმინეთ:

 

ზევით ცამა მოიღრუბლა,

 

მ ო ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა,

 

ქვევით მელამ კუდი ჩაჰყო,

 

ჩ ა ი ს კ ი ლ ი კ ი მ ა ჟ უ რ ა.

 

– რა ტყუილად დამიწყვეტია მაშინ გული დედასთვის, – გავიფიქრე და ჩვენი აივნისკენ ავიხედე.

 

– ნაკარნახევი პასუხი არ ჩაგეთვლებათ, ზემოთ ნუ იცქირებით...

 

– ...არა, უბრალოდ...

 

სიცივეა და ყინავს.

 

– ყოჩაღ! გამოიცანით!..

 

მართლა სიცივე და ყინვაა ამ გამოცანის პასუხი!

 

ცისფერპალტოიანი ჰაერში შეხტა, ცისფერი ხელთათმანებით ტაში შემოჰკრა და ლოყა მომიშვირა.

 

 

 

ახლა

 

სწორედ ის ცისფერპალტოიანი გოგონააა ახლა, გამოუძინებელი თვალებით და გაშლილი, ხვეული თმებით ჩემს საწოლს რომ უახლოვდება, მკოცნის და ყავის სურნელით მაბრუებს. თვალებს ვხუჭავ და თვალწინ მიდგება დედას მოხატული ფანტი, რომელსაც სამი წელია სათუთად ვინახავთ მე და ჩემი მეუღლე ჭრელაჭრულა ყუთში.

 

მანანიკო ჩემი საწოლისკენ გამორბის, საჩუქარს ზურგსუკან მალავს, გამომცდელად მიყურებს და მეკითხება:

 

– მამა, გამოიცნობ რა დამიტოვა თოვლის ბაბუამ წუხელ?

 

ჩემს ქალიშვლს მართალია დედაჩემის სახელი ჰქვია, მაგრამ ჩემსავით... არა, ჩემზე მეტად ეპარება ეჭვი თოვლის ბაბუს არსებობაში. თუმცა, ეს ფაქტი არც მის დედიკოს და არც ბებიას არ აღელვებთ, ისინი განაგრძობენ ზრუნვას სასწაულების მოსახდენად და ზოგჯერ ისე ბუნებრივად გამოსდით ყველაფერი, მეშინია, არსასწორი ფიქრით რამე არ გავაფუჭო.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / საახალწლო საკითხავი