ლდოკონენი მაკა 

 

ფაჩუნას შოთები

 

 

ნამდვილი ამბავი – ეძღვნება ყველა მშიერსა და შემცივნებულს

 

 

 

პურს ქადაში ვარჩევ, პური მირჩევნია – შენი პურები, ფქვილმოფრქვეულო ფუმფულდეიდავ! სანდომიან ჩასახედზე გაგიმართავს ღუმელი და თაროები! გადმოვეშვები, ოხშივარმოდებულ დეკოლტეში ცხვირს ჩავრგავ და შევისუნთქავ შენს მადისაღმძვრელ ფერომონებს. ჯანმრთელი და გარჯილი სხეულის გასაშრობად მოსხმულ ხალათს ოფლი გისველებს და უზარმაზარი ძუძუსთავები მოგიჩანს, ისეთი კი არა ჩემი თანაკლასელი გოგონების მაისურებს რომ მოჰყვება მისამაგრებლად.

 

ამოაწყვე ქუნქულები შენი თორნის «ფორთოჩკიდან,» ხალიჩასავით გადმოფინე, თითოეულ ნაქარგს, ხვეულსა თუ რღვეულს ფერებფერებით რომ გავაყოლო თითები. ამოიზიდე და გულში ჩამიკარი, ჩამიპატიჟე, გამათბე, გამააა!..

 

– რა სვინტრდალეულივით მომაჩერდი, ბიჭოო?! რამდენი პური გინდა?

 

– ერთიფაჩუნადეიდა.

 

– ცომი არ დაგაბარა დედაშენმა?

 

– არა.

 

– მაშინდელივით არ დაგავიწყდეს და ისევ არ მოიზილო აქა.

 

– მადლობა ფაჩუნა დეიდა.

 

– მაგის იმედი თუ აქვს დედამისს?.. შეხე, ქარქვეტასავით არ მიქიანობს?

 

საფუარის მჟავე სურნელი თან მიმყვება, გათოშილ თითებს შოთით ვითბობ – გულში ვიხუტებ მადლიანი მკლავით მოზელილს, გამომცხვარგამოშუშებულს. სათითაო ლუკმაპურზე შენი მკერდი მიდგას თვალწინ, ფაჩუნდეიდავ. შენი პურ(მარილ)ის მონა ვარრრ...

 

– ცომი კიდევ დაგვიწყნია?

 

– ახლავე ამოვიტან, დედა.

 

– იყოს.

 

– არ მეზარება, ჩავალ.

 

 მორჩილად ჩავდგები სურნელოვან რიგში. იქნებ ამჯერად მაინც გაიზიდონ ირიბად ნისლია თვალები და მანიშნონ: მოოდი, ჩემი გულ(მკერდ)ის საიდუმლო გაგანდოო!

 

რა იქნება, ფაჩუნდეიდა, გამომარჩიო – პურსა ვჭამ, ბალახს ხომ არ ვძოვ?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / ფაჩუნას შოთები