ლდოკონენი მაკა 

 

ქიშმიშიანი ამბები

 

 

 

ეს ამბავი მაშინ მოხდა, აღდგომა ცხრა მაისს რომ დაემთხვა. არ მახსოვს რომელი წელი იდგა, მაგრამ არსებობდა სსრკ, კომკავშირი, შაბათობით ვსწავლობდით, თავისუფლების მოედანს შადრევნის მაგივრად ლენინის ძეგლი გვიმშვენებდა, საკათედრო ტაძარი კი სიონი გახლდათ. არ გვქონდა მობილურები, ინტერნეტი, არც პირსინგებს იკეთებდნენ ჩვენი თანაკლასელი გოგონები – ყოველივე ეს რომ გაჩნდა, მე ცოცხალი აღარ ვიყავი, მაგრამ ამის შესახებ არ გვინდა, თორემ მოვიწყენთ.

 

 

1

 

შაბათია, ვანიჩკას ველოდები, ყავისფერი სვიტერი გადავიცვი, მკერდზე სქლად ნაქსოვი რვიანებით გაწყობილი, დასველებული თმა გვერდზე გადავივარცხნე, ერთმანეთზე მიტყუპებული თითებით დავიტკეპნე და ისიც მოვიდა.

 

– შენ რა, თავს იგდებ, ბიჭი? – შემომიტია, – სულ ეგ სვიტერი უნდა გეცვას? გაიხადე რა, გელუშ, მსოფლიო მოგივლია და მაგის მეტი აღარაფერი გაქვს?

 

მკაცრ მზერას ვესვრი, შუბლსაც ვიჭმუხნი, თუმცა მალევე მივარდება სიცილი, ჩემს განუყრელ, რვიანებიანნაქსოვყავისფერსვიტერს რეზინის ბოლოს ქვეშ ვუკეცავ, მხრებში ვიშლები, კისერს ვიგრძელებ – თავს ვიწონებ

 

და ვეშვებით:

 

ვეშვებით ჯერ ჩემი სადარბაზოს კიბეებზე –

 

სოლოლაკურ დაგრეხილ კიბეებზე.

 

 ვეშვებით მერე მახარაძიდან ლერმონტოვზე,

 

სოლოლაკის კინოსთან მუნჯო გვხვდება:

 

იმანჭება,

 

თავს გვერდით ხრის,

 

ენას გვიყოფს,

 

იცინის.

 

ჩვენ კაცურ სალამს ვაძლევთ,

 

იმას უკვირს, რა ეტაკათო?

 

ფიქრობს ალბათ,

 

თორემ მუნჯო რისი მთქმელია

 

და თავადაც სერიოზული ხდება.

 

 სოლოლაკი გაზაფხულს იხდენს, გულებს გვილაღებს, ამაღამ აღდგომა თენდება, ცხრა მაისს ემთხვევა – გვერჩივნა შაბათს დამთხვეოდა ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმი – ერთი დღით მეტს დაგვასვენებდნენ სკოლაში, მაგრამ მაჩაბელზე გასულებს ეგ აღარ გვადარდებს – ხაილათის ახლად მოხალული მზესუმზირის მაცდურ სურნელი გვაბრუებს

 

და ვეშვებით:

 

ვეშვებით ახლა სარდაფში,

 

ქურთისტანელ ხაილათთან:

 

ბევრი იუბქა აცვია,

 

ბევრი ნინუჟნი რვეულები მოუთანოს,

 

ქულოქები დაამზადოს,

 

სემიჩქა მოუხალოს,

 

ზააალან დიიიდ ჩიქით ამოუღოს,

 

ქულოქში ჩაყაროს:

 

– ერთი ჩიქაც ფეშქაშ იყოს!

 

 ხაილათის სარდაფიდან ამოსულებს, ბუკლეს ფურაშკაში გამოწყობილი ძია ვილი გვეფეთება და ცხელცხელი მარცვლებით ვუმასპინძლდებით.

 

– სემიჩკა? ოო, ცავატანეეემ... კარგია, კარგიიი...

 

– ვილი ძია, ხომ არ იცი, მუნჯო რამ დაამუნჯა?

 

– ვაჰ, გელუშ, ეგა რო მუნჯი იყო, არ იცოდი აქამდე შენა?

 

– როგორ არა, ძია ვილი, ვააბშე გეკითხები რაა!

 

– ააა?.. პა ბალშომუ ხოომ?.. რასკაჟუ რა!

 

 ზნაჩიიიტ:

 

ტიფლისში ტოლკო ერთი მაშინა დადიოდა –

 

– ემადინი!

 

მაშინ მუნჯო ბავშვი იყო.

 

ერთ დღესა, მაჩაბელზე თამაშობდააა,

 

ემადინი მაჩაბელზე შამაუხვია,

 

მუნჯო დააფეთააა, მაა –

 

პირველად დაინახა მანქანა, იასნია, დაფეთდებოდა!

 

მაჩაბელზე ლეტაიუში ტარელკა რო დაგეჩითოთ,

 

ბიჭებო, არ დაფეთდებით?

 

ჰოდა მუნჯოც დაფეთდააა,

 

 ადგილიდან ვერ გაინძრააა,

 

 ემადინიც დაეჯახა!

 

ერთი თვე ლოგინში იწვა:

 

აგონია, სიცხე, კაშმარები, რამე.

 

ა, კაგდა აჩნულსა, ნემოი სტალ –

 

 მუნჯო გახდა, რა!

 

 – ქალაქში მარტო ერთი მანქანა დადიოდა? – არ სჯერა ვანიჩკას. ძია ვილი კი ამაყია, თამამად იღებს ხაილათის «ქულოქიდან» მზესუმზირას.

 

– შენ გახსოვს ეგა, ვილი ძია?

 

– მახსომს? მა რა და ეგეთი ქიშმიშიანები მახსომს?.. ეეე, ბიჭები, ჯიგრებიიი!.. აი, აქა, ამ სახლში არამიანცი ცხოვრობდა – ოქროს კაცი! ავად თუ გახდებოდააა, მაჩაბელზე თივას მაიტანდნენ, დაყრიდნენ, აკურატნათ დააფენდნენ. იცი რათა? ფაეტონების და ცხენების ხმამ არ შააწუხოს დიდი არამიანციო!

 

მაჩაბლიდან კიროვზე გასულები, ლენინის მოედნისკენ ვეშვებით.

 

ძია ვილი არ ცხრება:

 

– არამიანცის ბიჭი, დანტისტი მიკა გაგიგიათ? იცით, რასა შვებოდა ეგა ლენინის ძეგლთანა?

 

– ლენინის ძეგლთან? – ღელავს ვანიჩკა.

 

– ვა, არ იცით, ტო?!

 

– რას ჩადიოდა, თქვი? – ვღელავ მეც.

 

– ოოო... ეგა დიდი სეკრეტია, ვერ გეტყვით!

 

– ჰააა! – ვღელავთ ორივე.

 

– არ გამყიდით მააშ?.. რო დაითვრებოდააა... ილიჩს ჩააკითხამდა – პამიატნიკს რა, იასნია! ამაიღებდა, ჩვენ რო ვიცით იმასა, ერთს გემოზე გაააუშვებდა და ბოლშევიკებზე ჯავრებსაც იმ წყალს გააყოლებდააა... მაშ, მაშ, ილიჩის მზემ! – ძია ვილი ლენინს ძეგლისკენ იცქირება, ბუკლეს ფურაჟკას მოწიწებით იხდის, – აბა ჩაო! – მერე ჩვენ გვეუბნება და გალაკტიონის ქუჩაზე უხვევს, – არ გამყიდოთ, ჟიგრებო! – ზურგშექცეული გვიქნევს ხელს.

 

– კაი, ტოოო... არა მჯერა!

 

რა თქმა უნდა, არც ერთს არ გვჯერა! და საერთოდ, რა დროს ამის დაჯერებაა?! – ერთმანეთს გამომცდელად ვაკვირდებით და რა აღარ ტრიალებს ჩვენს თავსა და გულში.

 

კერძოდ კი აი, რა:

 

გაზაფხული შემოვიდა,

 

აღდგომა თენდება,

 

რაიხსტაგზე დროშა აფრიალდამეთქი

 

(ამდენი და ამდენი წლის წინ, ამ დღის სწორებზე),

 

ხომ მოგახსენეთ?

 

მთავარი კი არ მითქვამს:

 

 კომკავშირში შევდივართ –

 

 – ჩვენს ასაკში პიონერობა აღარ შეგვეფერება!

 

გარდა ამისა:

 

 ცეკვის ანსამბლიდან ევროტურში გამგზავრება გვინდა –

 

– კომკავშირის მანდატის გარეშე კი ევროპაზე ვერც ვიოცნებებთ!

 

 გესმით ახლა ჩვენი აღშფოთება?

 

გვინდა ეხლა ჩვენ ლენინზე ეგეთების მოსმენა,

 

ძია ვილი, რომ კადრულობს?

 

მაინც შემომიჩნდა ავი ზრახვა და გავხევდი.

 

– ჰააა, რას მიაჩერდი, გელუშ, პამიატნიკს, ზედმეტი წყალი გაწუხებს?

 

 – მაგარი აზრი მომივიდა!

 

– გილოცავ, მაგრამ ვაგვიანებთ, ის გოგო გველოდება, პასკები გაცივდება...

 

– რა დროს პასკაა, თუ ძმა ხარ, მაგარი აზრი მომივიდამეთქი!

 

– სიარული და ფიქრი ერთად გიჭირს?

 

– ვანიიიჩ, მე და შენ ამაღაამ...

 

– ამაღამ მე და შენ, გელუუშ, ბაბეტას ჩავეხუტებით.

 

– ბაბეტას?

 

– ჰო, ამაღამ «ილუზიონშია» «ბაბეტა მიდის ომში.»

 

– «ილუზიონიც» ამაღამაა, არა? კააარგია! მაშინ, ვანიიიჩ!..

 

ვანიჩ, მე და შენ ამაღააამ, უფრო სწორად, მე, შენ და ბაბეტა ამაღააამ ლენინს, იასნია პამიატნიკს, წითელ კვერცხებს დავუგორებთ!

 

– ბაბეტაც?

 

 

 2

 

ვერცხლის ქუჩაზე მშვიდად მივყვები ვანიჩკას უკან – ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ დეტალურად განვიხილეთ ოპერაცია «ვანოგელაბაბეტა» ლესელიძედადიანის კუთხეში, ელექტრომაღაზიის წინ.

 

 

იმ გოგოს კი

 

(ვისთანაც მივიჩქარით),

 

 უცნაური სახელი ჰქვია.

 

ყველას ხომ:

ქეთინო,

 

ხათუნა,

 

 თინიკო,

 

მარინე.

 

იმას კი სალომე!

 

მეორე სალომეს მაშინ სად იპოვიდით,

 

თავად სალომეს ბებიის გარდა.

 

ქალბატონი სალომე თავადის ქალი გახლდათ და უგემრიელეს პასკებს აცხობდა. სალომე კი ჩვენი კლასის კომკავშირის მდივანი და სკოლის კომკავშირის მდივნის უახლოესი დაქალი იყო. ასე რომ, მასთან კარგი დამოკიდებულება, ძალიან გვჭირდებოდა. არც ვაკლებდით მონდომებას – ვანიჩკამ შეიტყო სალომეს ბებიის ლეგენდარული პასკების ამბავი და გუშინ დიდი დასვენების თხუთმეტი წუთის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს:

 

– ისე მიყვარს პასკააა... მაგრამ დადიანის ქუჩის კუთხეში, პურის მაღაზიაში ნაყიდის მეტი არ მღირსებია ჯერ...

 

ეჰ, ერთი კარგი პასკა გამასინჯა და მერე თუნდაც მომკლა...

 

– არც მე ვიტყოდი ქალბატონი სალომეს გამომცხვარ პასკაზე ურს, ჩემო სალო, – მხარი ავუბი ვანიჩკას.

 

– ხვალ საღამოს მესტუმრეთ, თან კარგი გვარები მოიფიქრეთ თქვენთვის, ბებიაჩემის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, – დაგვყაბულდა სალომე.

 

 

***

 

რატომ ელავს გუუულში...

 

კომკავშირის ფეეერი...

 

 სიმღერ-სიმღერით შევიძინეთ ტიტები, ჩვენჩვენი გვარები გავიმეორეთ, მაღაზიის ვიტრინებში კბილები შევითვალიერეთ, ხაილათის მზესუმზირის ნაჭუჭები მოვიცილეთ, ცისფრად შეღებილ ხის რიკულებიანი კიბეებზე ავირბინეთ და დავაკაკუნეთ.

 

რა სურნელი იდგა! – ისეთ პასკას, მართლაც არსად აცხობდნენ მაშინ. სურნელს ქართული სიმღერის ხმები გამოჰყვა. სალომემ, ყვავილები ბებიაჩემს მიართვითო, გვირჩია და მისაღებ ოთახში შეგვიძღვა.

 

სუფრა გაეშალათ. სალომეს მამა, ბატონი ზევახი, დევგმირებივით ძმაკაცებთან ერთად მღეროდა. სიმღერსიმღერით გამოემართნენ ჩვენკენაც, ლოდებივით ხელები მხრებზე დაგვადეს და სუფრასთან დაგვსხეს.

 

– ეგ ყვავილები, გენაცვალეთ, აქედან ლენინის ძეგლთან თუ მიგაქვთ, ცოტა ხანს გვათხოეთ და ლარნაკში შეგინახავთ, – დაასრულა სიმღერა მასპინძელმა.

 

– არა, ბატონო ზევახ, ეს ქალბატონი სალომესთვისაა, – მოვეგე გონს.

 

– გაიხარე გენაცვალე, – წამოდგა ქალბატონი სალომე, ვერცხლის პორტსიგარი როიალზე დადო, ყვავილები გამომართვა და – რა გვარის ბიჭი ხარ? – არ დააყოვნა.

 

– დადიანი გახლავართ, – ვუპასუხე და გავწითლდი, ეს ხომ ვანიჩკას გვარი უნდა ყოფილიყო.

 

გავხედე – თავადიშვილივით იჯდა, ხელის გულით მუხლის თავზე დაყრდნობილი. ვიგრძენი, როგორ ქირქილებდა გულში. მხრებში გავიმართე და ჩემს განუყრელ, რვიანებიანნაქსოვყავისფერსვიტერს რეზინის ბოლო ქვეშ შევუკეცე.

 

– ბიძიკოებო, თავადიშვილები ბრძანდებით, კარგია, მაგრააამ... ერთი უხერხული შეკითხვა მაქვს თქვენთან, კომკავშირლები თუ ხართ? – ფეხზე წამოგვიდგა მასპინძელი.

 

– არა! – განაცხადა ვანიჩკამ და ის იყო, უნდა დაემატებინა ჯერ არაო...

 

– აი, ხალხი! – გაებადრა სახე სალომეს მამას, – აგაშენათ ღმერთმა! ძლივს არ გვესტუმრნენ წესიერი ახალგახზრდები სახლში? ჰო და... რახან აქამდე ასე პატიოსნად მოგიღწევიათ, მადლი ჰქმენით – აღარ გაბრიყვდეთ. აგერ მე და ჩემი ძმები, არც პარტიულები ვართ, არც კომკავშირლები ვყოფილვართ, პირადად მე, პიონერიც კი სულ ხუთი წუთით გახლდით – ელვისებურად გამრიცხეს, როგორც კი პიონერთა რიგებში შესვლის სადღესასწაულო ზეიმის მიწურულს ტვისტი ვიცეკვე სკოლის როიალზე...

 

– Ладно, мальчик, что за разговоры? – არაჩვეულებრივი ოსტატობით გაიღიმა ქალბატონმა სალომემ.

 

– Мама, не возрაжай! – ხომ ხედავთ, მტრები მყავს სახლში, აგერ ასეთი კარგი გოგო გამიკომუნისტეს, მედალოსანია და, საქმეს სჭირდებაო, მაჯერებენ.

 

რა ვქნა?..

 

აქ დევგმირებივით მეგობრებმა რაღაც ანიშნეს, მეგობრული ხელი მხარზე გადახვიეს და სასაუბრო თემა შეიცვალა – როგორც ჩანს, ზომაზე მეტი გაოცება გვეხატა სახეზე.

 

 სალომე კი გვიღიმის –

 

– გვიღიმის სხვათა შორის, შორიდან.

 

თითქოს:

 

ეს ყველაფერი მას არ ეხება,

 

მის სახლში არ ხდება,

 

ზეგ, კომკავშირლის სამკერდე ნიშნით

 

კომკავშირის წესდებას ჩაიბარებს,

 

მკაცრად შეგვაფასებს და:

 

შესაძლოა ვიფიქროთ,

 

ვიფიქროთ კი არა – დავიჯეროთ,

 

რომ ეს ყველაფერი გვესიზმრა!

 

გვესიზმრა ისიც, რომ მისი ოჯახის წევრები:

 

ლიტანიობაზე დადიან სიონში,

 

პასკასა და კვერცხებს აკურთხებინებენ

 

 და მხოლოდ მერე იხსნილებენ მარხვას!

 

 საკმაოდ გვიან წამოვიშალეთ სუფრიდან, ჩვენი კუთვნილი პასკები წითელ კვერცხებთან ერთად პარკებში ჩააწყვეს, წითელი ბაფთებით შეკრეს, ტკბილად მიირთვითო, დაგვლოცეს და, ზევახს ყურადრებას ნუ მიაქცევთ, ნასვამიაო, გაგვაფრთხილეს.

 

– ჩვენთან ერთად ხომ არ წამოხვალთ ტაძარში? – შემოგვთავაზა დამშვიდობებისას მასპინძელმა.

 

– არა, ბიძია ზევახ... გვეჩქარება.

 

– «ილუზიონი» გექნებათ საყურებელი.

 

– ოოო... დღეს «ბაბეტა მიდის ომში» გადის! – გახალისდნენ დევგმირებივით ძმაკაცები.

 

– გახსოვს, ზევახ, პირველად რომ ვნახეთ ბაბეტა?!

 

– კი, სიცხემ ამიწია იმ ღამით, არა, დედა? – თვალები გაუბრწყინდა ბატონ ზევახს.

 

– შენ სულ სიცხეს გაძლევდა ლამაზ ქალებზე, – ჩვეული ოსტატობით გაგვიღიმა ქალბატონმა სალომემ და დავეშვით – დავეშვით ცისფრად შეღებილ ხის რიკულებიან კიბეებზე. სალო სადარბაზომდე გამოგვყვა, შემსუბუქებული სიმკაცრით შეგვახსენა, რომ ორშაბათს კომკავშირის წესდებას ჩაიბარებდა ჩვენგან და მხოლოდ მას შემდეგ წარადგენდა ჩვენს კანდიდატურებს სკოლის კომკავშირის საბჭოს კრებაზე.

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / ქიშმიშიანი ამბები