ლდოკონენი მაკა 

 

ყველა ნივთი

 

 

 

– ჭროღა ქალქვები წაიღო?

 

– წაიღო.

 

– სამივე?

 

– სამივე.

 

– მოსევადებული სპილო, ჩვენი ოცნებების ზანდუკით?

 

– წაიღო.

 

– თეთრი საშაქარყინულე, ბეღურებით მოხატული?

 

– ეგეც.

 

– გიუნთექინის «ნარჩიტა», მამიდამ ყდა რომ მოუქსოვა და მერე ჩადრიანი ქალი დააქარგა მძივებით?

 

– ჰო.

 

– როგორ?!

 

– ...

 

 – ალო, ციცელია!..

 

სად დაიკარგა შენი ხმა?.. აღარ გესმის?.. ჩვენი ნატვრის სუფრაც არ დატოვა?

 

– არა.

 

 – რაა? საშობაო სურვილებს რომ ვწერდით ზედ და მერე მამიდა ფერადი მულინეს ძაფს აყოლებდა სიტყვებს! კარგად დაძებნე, ჩინარა, ეგ ხომ სამივესი იყო.

 

– დავძებნე. აღარ არის!

 

– გამხმარი წიწვებით მოწნული ჩვენი სოფლის ეზოკარის მაკეტი?

 

– წაიღო.

 

– მალაქიტის ეჟვანი?

 

– მალაქიტის ეჟვანიც.

 

– ჩემს გულში იჯდა?

 

– მოსულიყავი, გააცილებდი და შერიგდებოდით.

 

– გადაგიბირა, ჩინარავ?

 

– ჩვენი ნაბოლარა და არის ბოლოს და ბოლოს – უცხო ხომ არა!

 

 – შოკოლადების ძველებური ყუთიც არ დატოვა?

 

 – არ ვიცი... სად იდო?

 

 – გორკის მარცხენა უჯრაში, ჩაის ტილოებთან. ოქროსფერი ყუთი აღარ გახსოვს? ზედ გოგო და ბიჭი ეხატა, ფაეტონში ისხდნენ...

 

 – ჰო, ჰო, ვნახე...

 

 

 – დატოვა?

 

 – არა!.. კი არ დატოვა... მინდოდა მეთქვა... ჩაჩაის ტილოებს მივაგენი... უჯრას მივაგენიმეთქი, ციცელია. შოკოლადების ყუთიც არ დაუტოვებია, არა!

 

– რად უნდოდა, ვიცოდე მაინც? მამიდა იქ თავის რეცეპტებს და იშვიათ სანელებლებს ინახავდა. სამზარეულოსი არაფერი გაეგება.

 

ვის და სად უნდა გამოუცხოს ან მოუმზადოს რამე? თავის როკერ ქმარს მოტოციკლეტზე?

 

– ასე ნუ ამბობ, ციცელია, კარგი ბიჭი ყოფილა.

 

– მთელი ცხოვრება უნდა იხეტიალონ?

 

– ალბათ.

 

– აღარ დავბრუნდებიო?

 

– მალე ამ ქალაქს ყველა გრძნობა დატოვებს, აღარც წვიმა მოვა და აღარც თოვლიო, ასე თქვა!

 

– სისულელეებს არ იშლის! მაინც როგორ მოსდის თავში ამდენი უაზრობა? ის არ უთქვამს, თქვენი სარკეებიდან ყველა გადმოვა, ვისაც ოდესმე შიგ ჩაუხედავსო? ან... რა იცოდა კიდევ?

 

– დღეს ტელეფონის ზარს არ უპასუხოთ, თორემ სირინოზები გვიმღერებენ ყურმილიდან და სამუდამოდ დაგვაძინებენო.

 

– წელს თბილი ქვეყნებიდან ჩიტები არ ჩამოფრინდებიან და არც ხეებს დასცვივდება ფოთლებიო.

– მართლა მომგონია იყო, მამიდამ კარგად გადაუკეთა სახელი.

 

– მამიდას რჩეული გოგო!

 

– იცი, ციცელია, ახლა იმ სურათს ვუყურებ, სამივეს პირსახოცები რომ გვაქვს შემოხვეული თავზე ჩალმებივით, ძველებურ სკივრზე ფეხები გადაგვილაჯებია და უდაბნოშიმოგზაურობანას ვთამაშობთ.

 

– საბრალო სკივრი ხან აქლემი იყო, ხან მატარებელი, ხან ბორანი, ხან კარავი! ეგ მაინც არ დატოვა თუ საპალნესავით აჰკიდეს თავიანთ ვირს?

 

– «ჰაიაბუზას?»

 

– ეგ რაღაა?

 

– ნიას ქმარს «ჰაიაბუზა» ჰყავს, ასე ჰქვია მის მოტოციკლეტს თურმე. სკივრი აქ არის, არ წაუღია. მამიდას კი სამივე ძალიან ვუყვარდით, შენ ეჭვიანობდი ყოველთვის.

 

– სახლი ნიას დაუტოვა, ჩვენთვის ფანციფუნციც არ გაიმეტა!

 

– ამ ერთ ციცქნა ოთახს ყველას ხომ არ...

 

– თუნდაც მაგ სურათს რა აწერია უკნიდან? სამივეს სახელი კი არა, მხოლოდ ნიასი, თითქოს მარტო ის არსებობდა!

 

ჩინარამ სურათი ჩარჩოდან გამოაცურა, გადააბრუნა: მომგონია – სათითაო ასო ნახატივით გამოეყვანა მამიდას.

 

– ეს სურათი იმ დღეს გადაგვიღო, ნიას მომგონია რომ დაარქვა. ალბათ იმიტომაც დააწერა მხოლოდ მისი სახელი, გულის დასაწყვეტად კი არა.

 

– როგორი ჰუმანურები ხართ! ნეტავ რით მოგაჯადოვა წასვლის წინ იმ თვალთმაქცმა?

 

 – ამ ოთახის ქირით სწავლის ფული გადაიხადეო, დამიბარა. – ეს სიტყვები ჩინარამ გათიშულ ყურმილში წარმოთქვა.

 

ერიდებოდა. ხვდებოდა, რომ მამიდამ სამართლიანად გამოარჩია ნია სამ დაში და ახლა ციცელიაც უნდა დაეჯერებინა. ტელეფონი გადადო და მომგონიას დანაბარების შესრულება დაიწყო:

 

ძველებური სკივრი გამოაცურა, თავი ახადა და თეთრი ჩაის ტილოებში ფრთხილად გადაახვია ციცელიას მოკითხული ყველა ნივთი:

 

სამი ჭროღა ქალქვა,

 

ოცნებების ზანდუკმოკიდებული ვერცხლის სპილო,

 

ბეღურებით მოხატული, თეთრი ფაიფურის საშაქარყინულე,

 

მამიდას მოქსოვილ ყდაში ჩასმული გიუნთექინის «ნარჩიტა,»

 

ნატვრის სუფრა,

 

მამიდას რეცეპტსანელებლებით სავსე შოკოლადის ძველებური ყუთი,

 

მალაქიტის ეჟვანი.

 

ყველაფერი სკივრში ჩააწყო, ზემოდან გამხმარი წიწვებით მოწნული სოფლის ეზოკარის მაკეტი დაადო, სკივრი საგულდაგულოდ ჩაკეტა, ოთახიდან გაიტანა, და ციცელიასკენ გასწია.

 

უმცროსი დის წინასწარმეტყველებები, არასდროს მართლდებოდა. მათ იმის გამო თხზავდა მომგონია, ადამიანები რომ დაფიქრებულიყვნენ და არასდროს მიეტოვებინა ქალაქი გრძნობებს, წელიწადის დროებს თუ თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლდოკონენი მაკა / ყველა ნივთი