გამსახურდია ზვიად

1939-1993

 

მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ლიდერი.

დაიბადა ცნობილი  ქართველი მწერლის  კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში. სახელიც მამამ შეურჩია დ ზვიადი. სკოლაში კარგად სწავლობდა. სრულყოფილად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, უყვარდა ლიტერატურა, ისტორია. მეათე კლასში იყო, როცა 1956 წელს  საბჭოთა ჯარებმა უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩაახშეს. ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მეგობრებთან ერთად თბილისში, ღამით, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შვიდი ცალი პროკლამაცია გააკრა. ეს ტოტალიტარული რეჟიმისათვის წარმოუდგენელი დანაშაული იყო, თუმცა მამის ხათრით, ბავშვურ ცელქობად ჩაუთვალეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს. მალე ზვიადმა თანამოაზრეთა ჯგუფი „გორგასლიანნი“ ჩამოაყალიბა და საქართველოს გათავისუფლება ცხოვრების მიზნად დაისახა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1972 წელს შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი,  1975 წელს კი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არჩეულ იქნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (შტაბდბინა მდებარეობს ლონდონში) წევრებად. მოგვიანებით  გამსახურდია ხდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (შტაბდბინა მდებარეობს მაინის ფრანქფურტში) წევრი.

1976 წელი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს დისიდენტურ მოძრაობაში. ამ წელს ზვიად გამსახურდია ქმნის „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფს“ (1989 წლიდან „საქართველოს ჰელსინკის კავშირი“), რომლის თავმჯდომარე გარდაცვალებამდე თავად იყო.  ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდის ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემს იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: „საქართველო“, „ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“ და სხვა).

გამსახურდიას ინისიატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) ვრცელდება ცნობილი რუსი დისიდენტისა და მწერლის ალ. სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“. ადამიანის უფლებათა   დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ამერიკის კონგრესის მიერ ორჯერ (1977, 1980-იან წლებში) მოხდა ზვიად გამსახურდიას წარდგენა ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინანტად. ამავე წელს მას კვლავ  აპატიმრებენ, რასაც მოსდევს ზვიად გამსახურდიას გარიცხვა მწერალთა კავშირის რიგებიდან და სასამართლო პროცესი, რომელზეც მან შეცდომად აღიარა თვითგამოცემის მასალების ემიგრაციისთვის მიწოდება და მათი გამრავლებადგავრცელება. გამსახურდიას აღიარებადმონანიება მაშინდელმა საზოგადოებამ მტკივნეულად აღიქვა. ამ ფაქტს ბევრი დღესაც ვერ ეგუება. ზვიადს რვა წლით პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება ელოდა, თუმცა აღიარების შემდეგ ორი წლით გადაასახლეს ჩრდილოეთ კავკასიაში.

პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ იგი გაემიჯნა დისიდენტურ მოძრაობას და საქართველოს   ეროვნულდგანმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ყოველი მისი საჯარო გამოსვლა თუ ლექცია მამულის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება იყო. 1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა მისი მეგობარი და თანამებრძოლი მერაბ კოსტავა. მაშინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი საკითხი იდგა: კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის ფუნქციონირება. ქართველებისათვის ამ მტკივნეულ საკითხებს, 1988 წლის შემოდგომაზე დაემატა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ზღუდავდა რესპუბლიკების სსრ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობას. ამ მოვლენებმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი მიტინგი გამოიწვია. მიტინგს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები ხელმძღვანელობდნენ. მალე მიტინგის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი დააყენეს.  რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 4 აპრილიდან დღისით და ღამით ათასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. მათი დაშლა შეუძლებელი გახდა. დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია. მეორე დღეს ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა წევრები დააპატიმრეს, თუმცა 40 დღის შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო გაათავისუფლეს. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ საქართველომ  მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდადთავისუფალი საქართველო“, რომლის ლიდერი ზვიად გამსახურდია იყო., ამიტომ იგი წარდგენილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა პირველი რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 98,3%დმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.  1991 წლის 9 აპრილს  უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამრიგად, საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია მოხდა მშვიდობიანი გზით, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკის შედეგი იყო. იმავე წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა  ზვიად გამსახურდია.

დამოუკიდებლობის აღდგენით დაიწყო  ახალი ეტაპი  ქართველი ერის ისტორიაში. აგონიაში მყოფი საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა ამ ფაქტს. მის ანტიქართულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა  ქართველი ერის მტკიცე ერთობა, მაგრამ,  სამწუხაროდ, ეროვნული ძალები ვერ გაერთიანდნენ. საქმე სამოქალაქო ომამდე  მივიდა, რომელმაც შეიწირა არა მარტო ბევრი ქართველის სიცოცხლე, არამედ  დემოკრატიის პრინციპებიც. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. ზვიად გამსახურდიამ  ჯერ  სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი,  თუმცა აფხაზეთის ომის დროს დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი მაინც დაბრუნდა საქართველოში, ცდილობდა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას და ხელისუფლების აღდგენას, მაგრამ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ,  მის წინააღმდეგ რუსეთის სამხედროდსაზღვაო ძალები გამოიყენა, რომელსაც ადმირალი ბალტინი მეთაურობდა. დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოს მთებში აფარებდა თავს,  1993 წლის 31 დეკემბერს კი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში თანამებრძოლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია დღესაც არ არის დადასტურებული.  იგი  იმავე წელს  გადაასვენეს გროზნოში. ჩეჩნეთში ომის დროს მის ნეშტს ბევრჯერ შეუცვალეს ადგილი,  2007 წელს კი საბოლოო განსასვენებელი ქართულ მიწაზე,  მთაწმინდის პანთეონში, თავისი მეგობრისა და თანამებრძოლის,  მერაბ კოსტავას გვერდით  ჰპოვა.

ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მას მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს დ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერდთანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავდარაკების კრებულები, აგრეთვე შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.  1990 წლის 2 მაისს თბილისში „იდრიატის~ ინტერნაციონალურ ფესტივალზე მან წაიკითხა ლექცია დ„საქართველოს სულიერი მისსია“, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ქართული ქრისტიანობა თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა... საქართველო კი არის ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა“.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / გამსახურდია ზვიად