ბიოგრაფიები

 

სარჩევი.

ბაქრაძე დიმიტრი.

ბართოლომეი ივანე.

კუფტინი ბორის.

ლორთქიფანიძე დავით.

პლინიუს უფროსი.

შამპოლიონი ჟან ფრანსუა.

ტრანკვილუსი გაიუს სვეტონიუს.

 

ბაქრაძე დიმიტრი.

 

 

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1826, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს რაიონი  გ. 10 თებერვალი/22 თებერვალი, 1890, თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879).

 

 

 ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია (1950). 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში ბაქრაძე მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას. ბაქრაძის ინიცოატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). ბაქრაძემ სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვა). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" (1878), "შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ", "ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი" და სხვა. 1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დ. ყიფიანთან და ი. ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის საეკლესიო მუზეუმი. ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის

"საქართველოს ისტორია" (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვა. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ისტორია საქართველოსი" (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). 80-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქ. პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა "ქართლის ცხოვრების", როგორც ისტორიის წყაროს მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერი კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა "კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში" (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოს და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვა).

ბართოლომეი ივანე.

 

 

ივანე ალექსის ძე ბართოლომეი (დ. 28 ნოემბერი, 1813, პეტერბურგი  გ. 5 ოქტომბერი, 1870, თბილისი), რუსი არქეოლოგი და ნუმიზმატი, გენერალ-ლეიტენანტი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1856).

 

 

 ბიოგრაფია

1850 წლიდან მსახურობდა ჩაჩნეთში, აფხაზეთსა და თბილისში. ბართოლომეი 1853 წელს დიპლომატიური დავალებით სვანეთში გაიგზავნა. მან გარკვეული როლი ითამაშა სვანეთის რუსეთთან შეერთების საქმეში. შეაგროვა ქართული, ბაქტრიული, პართული და სასანური მონეტების მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდგომ ერმიტაჟს გადასცა. იკვლევდა ნუმიზმატიკას კავკასიის ეთნოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, აგრეთვე კავკასიური ენებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. 1855 წელს გაზეთ "კავკაზში" ( 70) გამოაქვეყნა ნაშრომი "ეგრეთ წოდებული მიძჯეგური ენების შესახებ, რომლებიც დღემდე ცნობილია მხოლოდ კლაპროთის შედარებების მეოხებით". ბართოლომეიმ უარყო ტერმინი "მიძჯეგური ენები" და მის ნაცვლად შემოიღო "ჩაჩნური ენები".

კუფტინი ბორის.

 

 

ბორის ალექსის ძეკუფტინი (დ. 21 იანვარი/2 თებერვალი, 1892, სამარა, - გ. 2 აგვისტო, 1953, ლენინგრადი), რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). 1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან ძირითადად საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში

 (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კუფტინმა გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის

 (1949-1950).

ლორთქიფანიძე დავით.

 

 

 

დავით ოთარის ძე ლორთქიფანიძედავით ოთარის ძე ლორთქიფანიძე (დ. 5 აგვისტო, 1963, თბილისი)


 ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (2001), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (2004-დან), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (აშშ) ნამდვილი წევრი (2007). ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი.

 

1985 წელს დაამთვარა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999-2000 წლებში პარიზის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის მიწვეული პროფესორი იყო. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება. 2002 წლიდან ევროპის კულტურის პარლამენტის წევრია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: საქართველოს ღირსების ორდენი (2000), მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Pალმეს Aცადემიქუეს" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006).

 

დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც ჰომო ერეცტუს-ის წინაპრად მიიჩნევენ, დროებითი სახელით Hომო გეორგიცუს.

პლინიუს უფროსი.

 

 

პლინიუს უფროსი. XIX საუკუნეში დახატული წარმოსახვითი პორტრეტი, მისმა ორიგინალურმა პორტრეტმა ჩვენამდე ვერ მოაღწიაგაიუს პლინიუს სეკუნდუსი (ლათ. Gაიუს Pლინიუს შეცუნდუს) (23 - 79) ცნობილია როგორც პლინიუს უფროსი, თავისი დისშვილის პლინიუს უმცროსისგან განსასხვავებლად. რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი, "ბუნების ისტორიის"  ავტორი.

 

 

 ბიოგრაფია

პლინიუსი დაიბადა ქალაქ კომოში (ცისალპიური გალია) 23 წელს. 35 წლისთვის მამამისმა იგი რომში წაიყვანა განათლების მისაღებად. მისი რიტორიკის მასწავლებელი იყო პუბლიუს პომპონიუს სეკუნდუსი.

 

45 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, პლინიუსმა სამხედრო სამსახური დაიწყო გალიასა და ბელგიაში, სადაც იგი სამხედრო ტრიბუნი იყო. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სამსახური იყო გარდამავალი საფეხური მხედრობისკენ ან სენატორობისკენ. 47 წელს იგი მონაწილეობდა გერმანულ ტომთან, ხავკებთან, ბრძოლებში და მდინარე რეინსა და მაასს შორის არხის მშენებლობაში. 50-ანი წლების დასაწყისში იგი განაგრძობდა გერმანულ ლეგიონში მსახურობას, მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში. ამ პერიოდში მან დაწერა პირველი ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. რეინის არმიაში მსახურობისას მან დაწერა დღეისთვის ცნობილი ნაშრომი "გერმანელების ისტორია". ამავე პერიოდში მან გაიცნო და დაუახლოვდა ტიტუს ფლავიუსს, მომავალი იმპერატორი ვესპასიანე ფლავიუსის ვაჟს.

 

59 წელს პლინიუსი რომში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე დამსახურებული ვეტერანი და მწერალი იყო, ამ პერიოდში მისთვის კარიერული ზრდა ადვილი არ ყოფილა. იმპერატორ ნერონის გარშემო მეტწილად ხელოვანი ხალხი იყო და არა ყოფილი სამხედროები. სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არ დაიწყო პლინიუსმა საჯარო სამსახური. ამ პერიოდში მთელ დროს პლინიუსი წიგნებს უძღვნიდა. იგი მუდამ კითხულობდა ან მონებს აკითხინებდა, სადილობისას, გზაში და აბანოშიც კი. როგორც მისი დისშვილის წერილებიდანაა ცნობილი, პლინიუსი ფუჭად დაკარგულად მიიჩნევდა ყოველ წამს, როდესაც რაიმე ახალს არ სწავლობდა. ყოველი წაკითხული წიგნიდან იგი ამონაწერებს და შენიშვნებს იკეთებდა. ამ პეროდში მან არაერთი

 

წიგნი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზე.

 

62 წელს პლინიუსის დას ეყოლა ვაჟი - გაიუს კეცილიუს სეკუნდუსი. პლინია მალევე დაქვრივდა, რის შემდეგაც, ვინაიდან მას საკუთარი ცოლშვილი არ ჰყავდა, პლინიუსმა დისშვილი იშვილა.

 

69 წელს პლინიუსის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. პირველ რიგში, 68 წლის ბოლოს იმპერატორ ნერონს სენატიცა და პრეტორიანელებიც აუჯანყდნენ. შედეგად იმპერატორმა თავი მოიკლა. იმავე წელს ერთი მეორის მიყოლებით ტახტზე ავიდა და შემდეგ მოკლულ იქნა 3 იმპერატორი. რიგით მეოთხე იმპერატორი გახდა პლინიუსის მეგობრის მამა ვესპასიანე. სწორედ ამან განაპირობა პლინიუსის კარიერული წინსვლა. 70 წელს იგი გახდა პროკურატორი გალიაში, 72 წელს აფრიკაში, 73 წელს ესპანეთში და 75 წელს ბელგიურ გალიაში.

 

რომში არ ყოფნისას მან დისშვილს აღმზრდელად ვერგინიუს რუფუსი დაუნიშნა, რათა მისი არყოფნა უარყოფითად არ ასახულიყო ახალგაზრდას აღზრდა-განათლებაზე. გალიიდან დაბრუნების შემდეგ მან მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა უშუალოდ იმპერატორთან. რა შედიოდა მის ფუნქციებში უცნობია, თუმცა, როგორც უმცროსი პლინიუსი მოგვიანებით წერდა, უფროსი პლინიუსი ძალიან დაკავებული იყო.

 

პლინიუსის კარიერაში შემდეგი ნაბიჯი იყო მისენუმის ფლოტის მეთაურად დანიშვნა. ახლა პლინიუსი უკვე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

 

 

კადრი ფილმიდან "პომპეი: უკანასკნელი დღე" პლინიუსის როლში თიმ პიგოტ-სმიტი. პლინიუსი ვეზუვის ამოფრქვევას ადევნებს თვალყურს79 წლის აგვისტოში პლინიუსი, მისი და და დისშვილი მისენიუმში იყვნენ. 24 აგვისტოს პლინიამ დაინახა ზღვის მიღმა ვეზუვის მთაზე აღმართული სქელი კვამლის სვეტი და ძმას უხმო. იმ დროს რომაელებმა ჯერ არაფერი არ იცოდნენ ვულკანების შესახებ. ასეთმა უჩვეულო მოვლენამ პლინიუსის ყურადღებაც მიიპყრო, რომელსაც, მიუხედავად დაკავებულობისა, დაწერილი ჰქონდა ფუნდამენტალური ნაშრომი "ბუნების ისტორია". ამ მოვლენისთვის ახლოდან თვალყურის სადევნად მან სასწრაფოდ გემის გამზადება ბრძანა. პლინიუსს დისშვილის წაყვანაც სურდა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეცადინეობა არჩია. ამ დროს მოვიდა ცნობა რომ პომპეის მოსახლეობას ვულკანისგან საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ პლინიუსი არა მარტო თვითონ გაემგზავრა ვეზუვისკენ, არამედ ფლოტიც გაუშვა მოსახლეობის

 

ევაკუაციისთვის. ქარის გამო მან პომპეის ვერ მიაღწია და გაჩერდა სტაბიაში, სადაც ღამე მეგობრის სახლში გაატარა. მეორე დღეს იგი ამოვრქვევის ზონას მიუახლოვდა რათა უკეთ აღეწერა იგი და დაიღუპა კიდეც, სავარაუდოდ მომწამვლელი გაზებისგან.

 

 

 ნაშრომები

პირველი ნაშრომი პლინიუსმა შექმნა გერმანულ ლეგიონში მსახურობისას 51 წელს. ეს იყო ტრაქტატი ცხენოსნის მიერ შუბის ტყორცნის შესახებ. როგორც ჩანს იგი აკვირდებოდა თუ როგორ აკეთებდნენ ამას გერმანელები და აღწერა, რათა რომაელ ჯარისკაცებსაც ესწავლათ შუბის ტყორცნის გერმანული ტექნიკა.

 

მეორე ნაწარმოები პლინიუსმა 52 წელს დაწერა თავისი მასწავლებლის და შემდეგ სამხედრო მეთაურის პომპინიუს სეკუნდუსის ცხოვრების შესახებ (Dე ვიტა Pომპონიი შეცუნდი), როგორც ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო.

 

რეინის არმიაში მსახურობისას გერმანული ტომების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოცდილება პლინიუსმა შეაჯამა ნაშრომში გერმანელების ისტორია, რომელიც 20 ტომად გამოიცა. იმ დროისთვის ამ ნაწარმოებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მას მოგვიანებით იყენებდა პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი, რომელიც ასევე წერდა გერმანელების ისტორიას.

 

59 წელს რომში დაბრუნებულ პლინიუსს ნერონის დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურისთვის, ამიტომ დარჩენილ თავისუფალ დროს იგი წიგნების კითხვას ახმარდა. ამ პერიოდში მან შემდეგი ახალი წიგნები გამოაქვეყნა: როტირიკის სახელმძღვანელოები სამ წიგნად (შტუდიოსი), 8 წიგნი გრამატიკული პრობლემების შესახებ (Dუბიი შერმონის) და ისტორიული ნაშრომი 31 ტომად, რომლებსაც აუფიდიუს ბასუსის ისტორიის გაგრძელება უწოდა (A ფინე Aუფიდიი Bასსი), ვინაიდან მისი ისტორია იწყება იმ პერიოდიდან, სადაც სრულდება ბასუსის ისტორია.

 

 

"ბუნების ისტორია"ყველა ზემოთხსენებული ნაშრომი დაიკარგა და მათ შესახებ ცნობები მხოლოდ იმ დროინდელი ავტორებისგან და უმეტესად პლინიუს უმცროსის წერილებიდან მოიპოვება. ერთადერთი შემონახული ნაშრომი არის "ბუნების ისტორია" 37 ტომად. ეს არის ენციკლოპედიური სახის ნაშრომი, რომელშიც აღწერილია იმ დროს დაგროვილი ცოდნა ბუნების შესახებ.

 

 

 

 

 

1 ტომში არის შესავალი, რომელიც ტიტუსს ეძღვნება და იმ ავტორთა ჩამონათვალი რომელთა ნაშრომებიდან მან ისარგებლა,

2 ტომი ეძღვნება ასტრონომიას,

3 და 4 დედამიწის აღწერას და ცნობებს ევროპის ხალხების შესახებ,

5-6 - აზია-აფრიკის გეოგრაფიას,

7 - ანთროპოლოგიასა და ადამიანის ფიზიოლოგიას,

8-11 - ზოოლოგიას,

12-19 - ბოტანიკას,

20-27 - სამკურნალო მცენარეებს,

28-32 - ცხოველური წარმოშობის სამკურნალო საშუაელებებს,

33-37 - მინერალოგიას, მეტალურგიასა და მათ პრაქტიკული გამოყენებას.

ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი სახის ენციკლოპედიურ ნაშრომს იმ დროს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. ეს ნაშრომი დღესაც საინტერესოა იმით, რომ გვაწვდის პრაქტიკულად ამომწურავ ინფორმაციას იმდროინდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების შესახებ. ამავე დროს ეს ერთადერთი წყაროა ანტიკურ ეპოქაში ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავებაზე, თანაც პლინიუსის მიერ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომთა უმეტესობა დაკარგულია, ამიტომ მათზე ხშირად ერთადერთი ინფორმაცია მხოლოდ ამ წიგნში გვხვდება.

შამპოლიონი ჟან_ფრანსუა.

 

 

 

ჟან-ფრანსუა შამპოლიონიჟან-ფრანსუა შამპოლიონი  (* 23 დეკემბერი, 1790   4 მარტი, 1832)


 ფრანგი ეგვიპტოლოგი და ენათმეცნიერი, ეგვიპტოლოგიის დამაარსებელი. როზეტის ქვაზე სამენოვანი წარწერის შესწავლის შემდეგ შეიმუშავა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპები. არის ძველეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი.

 

 

 ცხოვრება და შემოქმედება

დაიბადა წიგნებით მოვაჭრის ოჯახში. ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა გამორჩეული ლინგვისტური მიდრეკილებები. 11 წლის ასაკში უკვე ფლობდა ლათინურს, ძვ. ბერძნულ და ძვ. ებრაულ ენებს. ლინგვისტურ საქმიანობაში მას ძმა ეხმარებოდა, ჟაკ ჟოზეფი, რომელიც იმ დროისათვის გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მას შემდეგ, რაც გაეცნო ჟან ბატისტ ფურიეს მიერ ნაპოლეონის ეგვიპტურ კამპანიებში შეგროვებულ სიძველეთა კოლექციას, მან ძველი ეგვიპტური დამწერლობის გაშიფვრა დაისახა მიზნად. 1804


1807 წლებში იგი დამოუკიდებლად იწყებს აღმოსავლური ენების, უპირველესად კოპტური ენის შესწავლას და ძველი ეგვიპტის შესახებ ანტიკური წყაროების გარჩევას. ამზადებს ნაშრომს "ეგვიპტე ფარაონების დროს" (გამოქვეყნდა ნაწილობრივ 1814 წელს) და იწყებს ძველი ეგვიპტის რუკის შექმნას. 17 წლის ასაკში იგი გრენობლის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. 1808 წელს იგი პირველად გაეცნო როზეტის ქვას, ორენოვან ბერძნულ-ეგვიპტურ წარწერას, რომელზედაც ეგვიპტური წარწერა ორგვარად იყო შესრულებული, იეროგლიფურ ვარიანტში და დემოტური დამწერლობით. 1809 წელს იგი გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორი ხდება. 1815 წელს, ე.წ. "ასი დღის" პერიოდში, მისი ძმა, ჟაკ ჟოზეფი ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი მდივანი ხდება და შემდგომ თავად ჟან-ფრანსუა რამდენიმეჯერ შეხვდა იმპერატორს და ბეჭდვით ორგანოებში იმპერატორის დამცველი სიტყვით გამოვიდა. რესტავრაციის შემდეგ ძმების ცხოვრება დამძიმდა. როიალისტებმა მათი დევნა დაიწყეს.

 

1810 წელს შამპოლიონმა კოპტური ენის ლექსიკონზე დაიწყო მუშაობა. მუშაობის პროცესში იგი ხშირად მიმართავდა როზეტის ქვას და ცდილობდა ეპოვა რაიმე გასაღები, რომელიც მასზე წარწერილი ტექსტების წაკითხვაში დაეხმარებოდა. იგი კრიტიკულად აფასებდა მანამდე არსებულ დეშიფრირების მცდელობებს (კერძოდ სილვესტრ დე სასის, თომას იუნგის და ოკერბლადის ნაშრომებს). დემოტური დამწერლობის მრავალი ასოითი სიმბოლოს მნიშვნელობის დადგენის შემდეგ, იგი მივიდა დასკვნამდე რომ ქვაზე შესრულებული სამივე წარწერა ერთი და იმავე ფრაზის სამი სხვადასხვა ვარიაცია იყო. მან დაადგინა და მეცნიერულად დაასაბუთა მჭიდრო კავშირი და სტრუქტურების პრინციპული ერთიანობა მანამდე არსებულ ძველეგვიპტური დამწერლობის სამ სახეობას შორის, საუბარია დემოტურ, იერატიკულ და იეროგლიფურ დამწერლობებზე. საბოლოოდ, მან შეძლო პტოლემეუს V-ის სადიდებელი წარწერის ამოკითხვა როზეტის ქვაზე და 1822 წლის 27 სექტემბერს შამპოლიონმა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში გააკეთა განცხადება მისი აღმოჩენის შესახებ. ეს თარიღი ეგვიპტოლოგიის დაბადების თარიღად არის მიჩნეული.

 

1828 წელს ჟან-ფრანსუა შამპოლიონი ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ეგვიპტეში. მან მოინახულა მრავალი ისტორიული ძეგლი თუ სამარხი და სამშობლოში დიდძალი არქეოლოგიური და ისტორიული მასალით დაბრუნდა. ამ ექსპედიციის შედეგები გამოქვეყნებულ იქნა მისი სიკვდილის შემდეგ ნაშრომში "ეგვიპტისა და ნუბიის ძეგლები", 1835 წელს.

 

1829 წელს შამპოლიონს ლუვრის მუზეუმის ეგვიპტური კოლექცია ჩააბარეს, 1831 წლიდან კი კოლეჟ დე ფრანსში მის მიერ შექმნილ ეგვიპტოლოგიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. ამ წლების განმავლობაში მან შეადგინა ძველი ეგვიპტური ენის პირველი ლექსიკონი (გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ 1841-1843 წლებში) და დაწერა ძველი ეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელო (1836 წელი). მასვე ეკუთვნის აგრეთვე "ნარკვევი ძველი ეგვიპტელების იეროგლიფური სისტემის" შესახებ (1827-1828).

ტრანკვილუსი გაიუს სვეტონიუს.

 

 

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (დაახლოვებით 75 - 140-ს შემდეგ). რომაელი ენციკლოპედისტი და ბიოგრაფი.

 

 

 

 ბიოგრაფია

სვეტონიუსის დაბადების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ცნობილია რომ მისი მამა სვეტონიუს ლეტუსი მონაწილეობას იღებდა ოტონის ბრძოლაში ვიტელიუსის წინააღმდეგ. როგორც ჩანს იგი მხედართა კლასს მიეკუთხვნებოდა. მისი ბაბუა კი იკავებდა რაღაც მცირე პოსტს ტიბერიუსის და კალიგულას კარებზე. ახალგაზრდობაში გაიუსმა მიიღო შესაფერისი განათლება, შემდეგ იგი დაუმეგობრდა გავლენიან სენატორს და ისტორიკოსს პლინიუს უმცროსს. გაიუსის შემდგომი ბიოგრაფია სწორედ მათი მიმოწერიდანაა ცნობილი, რომელმაც დღემდე ფრაგმენტულად მოაღწია.

 

პლინიუს უმცროსის დახმარებით გაიუსმა აიცილა სამხედრო სამსახური ტრაიანეს დროს და დაინიშნა ტრიბუნად. პლინიუსი ასევე დაეხმარა მას რომის მახლობლად ვილის ყიდვაში. ხოლო იმპერატორ ადრეანეს კანცელარიაში მოეწყო ბიბლიოთეკების ზედამხედველად და შემდეგ "მიმოწერის მრჩევლის" პოსტიც მიიღო, მაგრამ 122 წელს იმპერატორის ბრძანებით იგი დაითხოვეს.

 

ამის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ არანაერი ინფორმაცია არ არის. ზოგი ვერსიით იგი ისევ დაუბრუნდა კანცელარიაში სამსახურს, სხვა ვერსიებით კი ცხოვრების ბოლომდე იგი მხოლოდ მწერლობით იყო დაკავებული.

 

პლინიუსი თავის მიმოწერაში სვეტონიუსს ახასიათებს როგორც არაპრაქტიკულ, დინჯ და ძალიან განათლებულ ადამიანს, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდეში წიგნებთან მუშაობა. მის მიერ დაწერილი ნაშრომების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ მან დიდხანს იცხოვრა, ალბათ 140 - 150 წლებამდე.

 

 

 შემოქმედება

სვეტონიუსის ნაწარმოებებიდან შედარებით სრულად ჩვენამდე მხოლოდ 12 კეისარის ცხოვრებამ მოაღწია. ამ ნაშრომზე ძალიან დიდი დავა იყო წამოწეული, ბევრი მიიჩნევს რომ, როგორც ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი მასზე უკეთესია, ხოლო როგორც ბიოგრაფი პლუტარქე.

 

 

პლუტარქე ფილოსოფოსი და ფსიქოლოგია, ამრიგად იგი თავის ბიოგრაფიებში ცდილობს ჩაწვდეს პიროვნების არსს და მისი ქმედებები ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ახსნას. ტაციტუსი კი ისტორიკოსია, იგი წერს ისტორიულ მოვლენებზე და მხოლოდ ამ მოვლენების კონტექსტში განიხილავს პიროვნებებს.

სვეტონიუსი კი იღებს ცალკეულ პიროვნებას, ისტორიული კონტექსტისგან დამოუკიდებლად და ცალცალკე აფასებს მის ყველა თვისებას და საქმიანობას.

 

სვეტონიუსი როგორც ესეთი ისტორიკოსი არ იყო, მისი ჩვენამდე არ მოღწეული ნაწარმოებების ჩამონათვალით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მას ენციკლოპედიური ხასიათის ინტერესები ჰქონდა და ისტორიის გარდა კიდევ უამრავ თემაზე წერდა, ამრიგად მისი მიზანი იყო არა ზოგადად ისტორიული მოვლენების ასახვა, არამედ კონკრეტული მოვლენების ვიწროდ გაშუქება.

 

 

 12 კეისარის ცხოვრება

12 კეისარის ცხოვრება არის ჩვენამდე ყველაზე სრულად მოღწეული ნაშრომი. ამ წიგნში აღწერილია იულიუს კეისარიდან დომიციანემდე ყველა იმპერატორის ბიოგრაფია. ხელნაწერის დასაწყისი სამწუხაროდ დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისარის წარმოსვება და დაბადება. სვეტონიუსი თავის ნაშრომში არ იცავს ქრონოლოგიას. ყველა ბიოგრაფია დაყოფილია ოთხ ნაწილად: ძალაუფლების მიღწევამდე, მმართველობა, პირადი ცხოვრება, სიკვდილი და დასაფლავება. პირველ და უკანასკნელ ნაწილში იგი ასე თუ ისე იცავს ქრონოლოგიას, ხოლო მმართველობასა და [პირად ცხოვრებაში იგი მხოლოდ ფაქტების ჩამონათვალს გვაძლევს, რომლებიც მოცემულ პირივნებას ჯერ დადებითან შემდეგ კი უარყოფითად ახასიათებს. იგი არ ცდილობს გააკეთოს ანალიზი, განსჯა მკითხველისთვის არის მინდობილი.

 

 

 სხვა ნაშრომები

არსებობს კიდევ რიგი ნაშრომებისა რომლებიც ჩვენამდე მხოლოდ მცირე ფრაგმენტების სახით არის შემონახული, ხოლო დაკარგული ნაშრომების შესახებ სხვადასხვა ხსენებებიდან არის ცნობილი. მაგალითად ბიზანტიის ბიბლიოთეკურ ჩამონათვალსი "სუდაში" ჩამოთვლილია ის ნაწარმოებები რამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / ბიოგრაფიები