ლიბრეხტი სავიონ 

 

როხელეს უნაკლო საქმრო

 

 

 

თარგმანი ებრაულიდან – თეა ასიაშვილი

 

ამ ზამთრის მიწურულს თითქმის სასოწარკვეთილი გახლდით – რა ხანია, ჩემი უფროსი ქალიშვილის, რახელის, ამხანაგები დათხოვილიყვნენ, დაფეხმძიმებულიყვნენ, ემშობიარათ კიდეც... და აი, ჩემმა გოგონამ მინახულა და მახარა, რომ სასურველ მამაკაცს შეხვდა, შეუყვარდა, აპრილის პირველივე კვირაში კი დაქორწინებასაც აპირებს.

ამ უეცარი ამბით თავზარდაცემულმა  და სიხარულისაგან წაქეზებულმა, ვუსაყვედურე:

– ასე ნაუცბადევად ქორწინდებიან?

– ეს არ არის ნაუცბადევი, მამა! უკვე შვიდი თვეა, ერთმანეთს ვიცნობთ.

– შვიდი თვე? და არაფერი მიამბე!

– ადრე, ყოველთვის, როცა გიამბობდი, არაფერი გამომდიოდა ხოლმე, შენ კი მხოლოდ გულდაწყვეტა გრჩებოდა. მერედა რა გამოვიდა იქედან, რომ გიამბობდი?! ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა – გიყვები, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია!

ბავშვივით ავჩქარდი:

– მაშ, ყველაფერი გადაწყვეტილია?

– ყველაფერი. უკვე დარბაზიც შევუკვეთეთ... რას იტყვი? – თან თვალებში მიმზერდა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, ან ხომ არ ვსაყვედურობდი – საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?

– საწინააღმდეგო? – წამოვდექი. ისიც ჩემს წინ დადგა. გადავეხვიე, შუბლზე ვაკოცე და როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ გავიაზრე ამ ყველაფრის არსი, გული სიხარულით შემიტოკდა.

– ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედა! რა დროს წინააღმდეგობაა! – ესღა ვთქვი.

ახლა სახლში მარტოკა ვარ. ტირილი მინდა. ჩემს გარდაცვლილ მეუღლეზე ვფიქრობ – საბრალომ ჩვენი გოგონას საქორწინო ბალდახინამდე მიცილება ვერ იზეიმა... დავბორიალობ კარადებს, სავარძლებს შორის, ადგილს კი ვერ ვპოულობ. იმ წლებს ვიგონებ, როცა უშედეგოდ ვცდილობდი, როხელე სადოქტოროზე მუშაობას მომეწყვიტა – რა არ ვიღონე, გამუდმებით ჩავჩიჩინებდი. ის კი პასუხად ხარხარებდა და აქეთ-იქეთ ფანტავდა საქმროებს... ახლა ვიხსენებ ჩვენს დიალოგებს და სასაცილოდ არ მყოფნის.

ნახევარი საათიც და ნაშუადღევს, ბრუკლინის დროით ხუთ საათზე სტაშეკს დავურეკავ. ამ დროს მაღაზიაში თავისი ვაჟი შეცვლის და ტელეფონზე საუბარს შეძლებს.

უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთად ვართ ჭირსა და ლხინში. ომის შემდეგ ამოვედი ისრაელში, ის კი ბედის საცდელად ამერიკას გაემგზავრა. წლების მანძილზე ვცდილობდი მის გადმობირებას, რამათ-განში ეცხოვრა, სამშენებლო მაღაზიაში ჩემი კომპანიონი გამხდარიყო. თვითონ კი მთელი ეს წლები ჩემს დაყოლიებას, ბრუკლინის სამოდელო მაღაზიაში ჩემს შეამხანაგებას გეგმავდა. საბოლოოდ, მე რამათ-განში დავრჩი, ის – ბრუკლინს დამკვიდრდა.

ორმოცდაათი წელია, ტრადიციად გვაქვს – პირველად ერთმანეთს შევატყობინოთ ყველაფერი: ის პირველი იყო, ვინაც გაიგო ჩემი გოგონების დაბადების, მეუღლის ავადმყოფობის, უმცროსი ქალიშვილის გათხოვების, შვილიშვილის შეძენის, მატერიალური სიძნელეებისა და თავზარდამცემი ამბის, მეუღლის გარდაცვალების შესახებ. კომპანიონის აყვანა (როცა იძულებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა), უმცროსი ქალიშვილის განქორწინებაც მას ვამცნე პირველად. და ახლა, როხელეს ოჯახის შექმნის სიხარული მინდა გავუზიარო...

მეც პირველი ვიყავი, ვინაც შევიტყვე მისი პირველი ქორწინების, ვაჟის, მერე გოგონას დაბადების, განქორწინების, ვაჟის კატასტროფაში დაღუპვის, სამოდელო მაღაზიის ფილიალის შექმნის, მესამედ ქორწინების, ტყუპების შეძენის შესახებ...

– რამხელა ბედნიერებაა! – შეძახილი ყურებს მიგუბებს, მაგრამ გული მისი მხურვალე ხმებისკენ ილტვის – ბოლოსდაბოლოს ჩვენამდეც მოაღწია დიდმა ბედნიერებამ!

– ასეა!

– და სასიძო ვინაა? – მეკითხება იდიშზე. ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ ასე ვესაუბრებით.

– მე მხოლოდ პარასკევს გავიცნობ, ორივენი მესტუმრებიან.

– შაბათს დაგირეკავ და ყველაფერი დაწვრილებით მიამბე.

– კარგი.

– შენი საქმეები როგორღაა?

– არა უშავს.

– ჰოდა, ძალიან კარგი! – მისი სადღესასწაულო ტონი ყელს მიშრობს – როხელეს გადაეცი, ყველაზე ძვირიანი დარბაზი შეუკვეთოს.

– უკვე დაუქირავებიათ.

– მაშ, ისღა დამრჩენია, ვთხოვო, ანგარიში ჩემზე იყოს. აკოცე ჩემგან როხელეს... სასიძოსაც...

ხუთშაბათს, სუპერმარკეტში, დილიდან საყიდლებზე დავბორიალობდი. რაკი უარი განმიცხადა, მასზე რამე მოეყოლა და მხოლოდ ის თქვა –

პარასკევს ნახავო, საგონებელში ჩავვარდი – არ ვიცოდი, რისი ყიდვა ღირდა: კოკა-კოლასი თუ ლუდისა, ტკბილისა თუ მლაშე ნამცხვრებისა, შავი ღვინისა თუ ლიქიორისა ? ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, ყველაფერი მეყიდა: ორივენაირი ნამცხვარი, ღვინოცა და ლიქიორიც, კოკა-კოლაცა და ლუდიც. ის კი არა, წამოსვლის ხანს ბევრი სხვა რამაც დავამატე – ვაშლი, კანფეტები, თაფლის ნამცხვარი, ქაღალდის ხელსაწმენდები, საცობების გასახსნელები...

სანამ მოვიდოდნენ, პარასკევს, ხუთ საათამდე სახლს ვაწესრიგებდი. ბოლოს სუფრაც გავშალე..

ორმოცი წუთით იგვიანებენ.

პირველივე წუთიდან უკან ვიხევ ამ კაცისაგან. ჩემი ხელი გაჭირვებით იწევს ჩამოსართმევად!.. მივაცილებ სასტუმრო ოთახის სავარძლებისაკენ და ჯერ ზურგს ვაკვირდები, მერე – სახეს, თვალებს. ვათვალიერებ ხელებს – ლუდს რომ ასხამენ. თითქოს არაფერია მასში დასაწუნი. პირიქით, შეიძლება ითქვას, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა აქვს, – ხმაც კი. ჩემს გოგონას ავიწყდება, რომ დააგვიანა. თითქოს არ ვმჯდარიყავი მთელი ორმოცი წუთის მანძილზე შეშფოთებული და ავარიაში დაღუპულები არ მგონებოდა! ის კი, სასიძო, თავაზიანად მებოდიშება, დეტალურად მიხსნის, როგორ გაფუჭდა რადიატორის რეზინით დამაგრებული მილი, როგორ გახდა იძულებული, სადენზე სხვა მილის ქამარი მიემაგრებინა... მე თვალს არ ვაშორებ, როცა იგი მთელი სერიოზულობით აღწერს რადიატორების დავიდარაბას.

მისმა სერიოზულობამ, მომხიბვლელობამ, აი, გული მომილბო კიდეც და მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თვალები კვლავ შეუჩერებლივ ამოწმებენ. რა, რა არის მის სახეში, მის მოძრაობებში ისეთი, რასაც ჩემში ამოდენა მოუსვენრობა შემოაქვს?

საცაა, წავლენ. ახლაღა ვაცილებ თვალს, რადგან თითქოს თვალებმავე მიაგნეს იმ რაღაცას, რაც გონებისთვის ჯერ კიდევ უჩინარია.

მეორე დღეს, მთელი დღის უძილობის შემდეგ, როცა ბოლოსდაბოლოს მივხვდი, ვინაც გამახსენა როხელეს რჩეულმა, რეკავს ჩემი გოგონა და სიცილით მეუბნება:

– ხომ მართალია, რომ სასიძო უნაკლო გყავს, მამიკო? შენ ამას უეჭველად აღმოაჩენდი, რადგანაც ისე უცქერდი, თითქოს თვალებში რენტგენის მოწყობილობა გქონოდა. მაინც, რას ეძებდი მასში?

სულო, ცოდვილო! მინდა, მინდა, ვუთხრა:

როხელე, როხელე, არ დაიჯერებდი, რომ მეთქვა, რასაც ვეძებდი და, გაცილებით უარესი, რაც ვიპოვე! მე მას ვიცნობ, ვიცნობ იმდენად, რომ გარწმუნებ, თვით შენც ვერ გაიცნობ, თუნდ ასი წლის მანძილზე გაუწიო ცოლობა!

მაგრამ იმ ღამეს, როცა პირველად ვნახე და ჯერ კიდევ არ შემეძლო, იმ შოკის სიდიდე წარმომედგინა, მისგან რომ მომელოდა, მის პირისპირ ვიჯექი სავარძელში. თვალები განუწყვეტლივ ეძებდნენ რაღაც დაფარულს, ეხებოდნენ ღაწვებს, მომხიბვლელ ყურებს, ძლიერი მხრების კუთხეებს. გამახსენდა და გადავეცი, რომ სტაშეკი მათი საქორწინო დარბაზის დაფინანსებას აპირებდა. ვუსმენდი, როგორ უხსნიდა როხელე, თუ ვინ იყო იგი ჩვენთვის:

ეს მამაჩემის ის ამერიკელი მეგობარია, რომელზეც გიყვებოდი. აი, ის, მე და ჩემს დას მოდურ ტანსაცმელებს რომ არ გვაკლებდა.  უცებ, მოეჩვენა, რომ ვერ მიახვედრა და მახსოვრობის წასახალისებლად დაამატა: მათ ერთად გამოიარეს ომის საშინელება!

უცნაურ გულის ჩხვლეტას, როგორც მინიშნებას, როგორც სრულიად უცნობი ადგილიდან მომავალ ბედისწერას, სტაშეკისკენ მიჰყავს ის რაღაც, რაც გულს დამიტანჯავს ჩემი მომავალი სიძის გამო. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა არის ის რაღაც, მაგრამ რაღაც იდუმალი, ადამიანისთვის უცხო ინტუიციით ვგრძნობ, რომ ჩემი აზრთა მდინარება სწორი მიმართულებითაა...

არადა, ჩემი სასიძო მოსიყვარულე კაცი ჩანს. მიამბობს თავისი სადოქტორო ნაშრომის თემაზე, ოჯახზე: დედამისის შტო, უკვე ოთხი თაობა, ისრაელშია, მამისა კი – ჩენსტუხოვიდანაა. მამამისს გაქცევით უშველია თავისთვის, ომის პირველივე წელს, რუსეთის სასაზღვრო მხარეში და იქ გადაუტანია შიმშილობა, სხვადასხვა ავადმყოფობა, თუმცა ის ერთადერთია, ვინც გადარჩენილა... მერე მამამისის ძმაზე აგრძელებს: იგი მოხალისედ დარჩენილა ასაკოვან მშობლებთან და ორ უმცროს დასთან ერთად. ყველანი დაღუპულან გეტოსა და საკონცენტრაციო ბანაკებში...

ყვებოდა ამ გარდაცვლილ ბიძაზე, მის კეთილშობილებაზე, დარდზე მშობლებისა და დების მიმართ... და მე თვალების კუთხეებიდან ვხედავდი, როგორ ეხებოდნენ ახალგაზრდების ხელები განუწყვეტლივ ერთმანეთს. ჩემი გოგონას თვალების ბრწყინვალება ანათებდა მთელს ოთახს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი გული უარს ამბობდა სიხარულზე, მცოდნე ჩემი ცნობიერებისთვის ჯერ კიდევ დაფარული საშიშროებისა.

წავიდნენ. ფიქრებში ჩავიძირე: მასზე უკეთეს სიძეზე ოცნებაც არ შემეძლო! და ბოლოს თავის დასარწმუნებლად, უკვე ხმამაღლა წარმოვთქვი: ის შეუდარებელი ახალგაზრდაა!

და აი, მთელი ღამე სავარძელში გავათენე. სასტუმრო ოთახში თითქმის ხელუხლებელი დარჩენილიყო სუფრა, როხელეს ერთი ნაჭერი ნამცხვარიც არ შეეჭამა ბოლომდე.

ვზივარ სავარძელში. მათი სტუმრობის ღამეზე ფიქრი და შორეული სახეების ამოტივტივება ერთმანეთს ენაცვლება. როგორც ფილმშია, ასევე ვხედავ კადრს კადრის შემდეგ: აი, ხაიმკე, ორი გერმანელი ჯარისკაცის პირისპირ, რომლებიც მას ყელზე უჭერენ ბაწარს. მისი ზურგი ათეულობით ადამიანის მწყობრისკენაა მიქცეული. ეს ადამიანები მდუმარედ, გაქვავებულებივით დგანან. ხაიმკე თითქოს მათ მიმართავს, – იქნებ ემუდარება, სიცოცხლე აჩუქონ... მისი ხელისგულები, იდაყვები მოძრაობენ, როგორც ჩიტები და, გეგონება, ფრენას ითხოვენ... ერთი გერმანელთაგანი სახეში უმიზნებს, ესვრის და მაშინვე ხევდებიან მისი ხელისგულები. ნაზი ყელი, ყელი ბავშვისა, ბარ-მიცვამდე 1 სამი თვე რომ დარჩენია, თოკის ყულფში ტყდება... სტაშეკის იღლიის ქვეშ მოქცეული მუშტი, ვატყობ, მთელი მისი სხეულის ძალას იტევს... გერმანელების ბრძანებაზე ვასწორებ მზერას, ისევე, როგორც სხვა ასეულობით ადამიანი, ჩემი უმცროსი ძმის, ხაიმკესაკენ... დედამ მისი თავი განშორებისას მე ჩამაბარა.. ვხედავ მის გამხდარ, თოჯინასავით მოქანავე სხეულს და უზონარო ფეხსაცმელს, ფეხიდან რომ ძვრება თითქმის... და ვხედავ ... ფელდმანს, მის კეფას. პირველ რიგში დგას. მან გადასცა გერმანელებს ხაიმკე.. მისი მხრები ფართოდ გაშლილა და თითქოს სხეულის სხვა ნაწილები აღარც უჩანს... ომის დასასრულამდე წელიწადი და შვიდი თვე რჩება, მე კი არ მასვენებს ნატვრა, მივვარდე ამ კეფას და ვთხარო, სანამ მისი სხეულიდან საბოლოოდ არ გამოვთხრი. ძილსა თუ ღვიძილში, მუშაობისას, ჭამისას, ერთი სურათი მიდგას თვალწინ: ამოგლეჯილი კეფის ხორცში თითები მიწყვია, ყურყუმალაობს ფენასა და ფენას შორის, კანზე, მყესსა და კუნთებზე, კეფის მიმართულებით, სანამ მის სხეულზე არ შევდგები... ახლა ისვენებენ თითები და გულიც მშვიდადაა. ვუყურებ მის სხეულს, ჩემს ფერხთით – თავი, როგორც მოკვეთილი ქათმის თავი საყასბოს დაფაზე, გდია და ფართხალებს... ნატვრა № 3 სანგარში ხორცს ისხამს: ეს კეფა მართლაც ჩემს ფეხებთან გდია, გასრესილი, როგორც შებილწული ცომის მასა. დავყურებ გატანჯულ სახის ნაკვთებს... ჩვენ ყოველი მხრიდან შემოვრტყმივართ გარს: მე და სტაშეკი, გოტეკი და ბოშა... გარეთ უკვე დიდი ალიაქოთია – გამთენიისას რუსები მოვიდნენ და ტყვეების დახმარებით დილიდანვე ეძებენ ბანაკში დარჩენილ გერმანელებს, მიერეკებიან სატვირთო მანქანებისკენ უკვე დატყვევებულთ. თავზე ხელები შემოუჭერიათ... საიდანღაც სიცილი ისმის... ადამიანები, რომელთაც სიცილის უნარი შერჩენიათ, იცინიან.

სიჩუმეში ვდგავართ, ფერხთით დამხობილ კაცს დავცქერით. უკვე მკვდარია, მაგრამ იმგვარად მოხრილა, თითქოს შეწყალებას ითხოვს. ხელისგულები მუხლებქვეშ უდევს, გაპობილი თავიდან გადმომსკდარი სისხლი კი იატაკზე თაფლივით მოედინება...

ბოშა პირველი გავიდა. ჯერ ზურგზე დააფურთხა, ფეხი დაარტყა და გაშორდა. დავრჩით ჩვენ, სამნი, თავს ვადექით. შუქის ზოლმა, ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან რომ ატანდა, გაჭუჭყიანებული ზურგი გადაკვეთა... გოტეკმა ჩაიმუხლა, მიცვალებულს ფეხსაცმელები და წინდები გახადა... სტაშეკმა ქამარი მოქაჩა და გვამი გვერდზე გადაბრუნდა, თან მიწურის მტვრიან იატაკზე უხმოდ დაეცა.

– კარგი იქნება, თუ გავეცლებით! – გამოსცრა გოტეკმა და გავიდა.

არ მჯეროდა. დაცლილი შურისძიების ჟინისაგან, რომელიც მთელი წელიწადისა და შვიდი თვის მანძილზე მწიფდებოდა, გახევებული ერთ ადგილზე ვიდეგი. თვალები მიშტერებოდნენ სისხლს, რომელიც ფელდმანის პალტოს აწყდებოდა, ლაქებად ახმებოდა და ოთახის კუთხეებს წვდებოდა. ვამჩნევდით ქალივით ნაზ ყურებს, დაშავებულსა და დამახინჯებულს.

– კაცი მოვკალი! – ვთქვი.

ფეხები ლურსმნებივით დამჭედებოდა. სტაშეკი ჩემსა და მიცვალებულს შორის დადგა. ერთი თავით მაღალი ჩემსკენ დაიხარა, ორივე ხელი ყურებზე შემომაჭდო – თითქოს ვეებერთელა მარწუხებიაო, და მთელი ჩემი სხეული შეანჯღრია.

– სოლომონია, – მითხრა ნაზი, მოსიყვარულე ხმით – სიცოცხლე კიდევ დაგვრჩენია. რაც ნაკლები გვამი იქნება ქვეყნად, გარწმუნებ, უკეთესია!

– გული მერევა! – ფელდმანის შიშველ ფეხებს შევხედე.

– ათიათასობით უდანაშაულოდ დახოცილი გვინახავს და ბპლოსდაბოლოს, აი, ისიც, ვინც სიკვდილი დაიმსახურა! აი, სულ ეს არის. მას უნდა ეზღო ხაიმკესათვის. ხომ მართალია?!

– ასეა! – ვუპასუხე და მეტისმეტი დაქანცულობისაგან ავქვითინდი. პირღებინების გემო ყელში მომაწყდა, თავი დავხარე და მიწაზე ნერწყვი გადმოვანთხიე.

სტაშეკი იცდიდა, სანამ თავს ავწევდი. მანაც სახელოთი მოიწმინდა პირი, ნიკაპი და მითხრა:

– მოდი, სანამ გავალთ, ვილოცოთ. ღმერთს გადარჩენისა და გაძლიერებისათვის მადლობა შევწიროთ.

წუთით შეყოვნდა. მომეჩვენა, რომ მეხსიერებას ძაბავდა. სიტყვების პოვნა კი უჭირდა. თითქოს ჩემი გონებაც დაბინდულიყო... სანამ №3 სანგრიდან გავიდოდით, მახსოვს, როგორ მომაშორა სახიდან მარწუხებივით შემოჭერილი ხელები, მარჯვენა თვითონ მიიდო თავზე, მარცხენა მე დამაფარა და მითხრა:

– თქვი ჩემს შემდეგ:

...და მოვაღწიეთ აქამდე .

ექოსავით გავიმეორე:

...და მოვაღწიეთ აქამდე ...

შემდეგ დღეებში ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით მომხდარზე ბანაკში. სწრაფადვე გავუგე გემო ახალ თავისუფლებას, კუჭის გაფართოების შეგრძნებასაც... დავბორიალობდი, თვალებით ვეძებდი გოტეკსა და ბოშას. სათვალთვალო საქმიანობის შემდგომ კი № 3 სანგარში შევიხედე; ორი დღე გასულიყო; გვამი აღარ დამხვდა: მხოლოდ ბუქსირმზიდის კვალი დასჩენოდა მიწურ, მაგრამ უკვე გასუფთავებულ იატაკს.

ერთი თვე გავიდა. მე და სტაშეკი, დაბანილნი, მაძღარნი (ჩანთაში ორიოდე პურიც გვედო), სუფთად ჩაცმულ-დახურულნი მატარებელში ავედით, მატარებელში, რომელიც გერმანიისაკენ მიექანებოდა და იქ ხელახლა შევხვდით ადამიანებს ძველი სამყაროდან. მალევე შევიტყვეთ – ჩვენი ოჯახის წევრებიდან არავინ გადარჩენილიყო სტაშეკის ბიძაშვილისა და დეიდაჩემის ქმრის გარდა. ახლა ერთმანეთს მხოლოდ ორნი შევრჩენოდით, ყველა იმ ადამიანის შემდეგ, ვინც ოდესღაც გვიყვარდა.

ერთხელ, ქუჩაში უეცრად შევჩერდი:

– ვინ იყო ჩვენთან ერთად, როცა ხაიმკეს გამცემი მოვკალით?

– არ მახსოვს, – განაგრძო გზა სტაშეკმა. ერთმანეთის გვერდიგვერდ მდუმარედ მივდიოდით. ხმა არ ამოუღია. ბოლოს ისე, რომ სვლა არ შეუჩერებია, დაამატა – არ მახსოვს, რომ ვინმე მოგვეკლას!

ამაზე მერე სიტყვაც აღარ დაგვიძრავს. დიდი ხანი გავიდა... მხოლოდ ერთხელ მომაგონდა ბოშა და გოტეკი, თუმცა, ვერაფრით გავიხსენე, რატომ უყვეს იგივე მათაც ფელდმანს. ის კი მახსოვს – გამომეტყველება მათიც ისეთივე იყო, როგორიც ჩემი, მთელი თვეების მანძილზე. ბოშა ომის დამთავრებამდე გაუჩინარდა, ბანაკში მობორიალე შევნიშნეთ ფელდმანის მკვლელობის შემდეგ. მერე კი გაქრა. გოტეკს ხანდახან წავაწყდებოდით ხოლმე – ყოველთვის სამზარეულოსთან მოყიალეს, თავის გაცვეთილ სამოსსა და გაპრიალებულ ფეხსაცმელებში. ყვებოდნენ, რომ წასვლის წინ გამოსამშვიდობებლად გვეძებდა. ვინტერსდებოდით მისით, საერთო ნაცნობებს ვპოულობდით. ერთმა მიამბო, თითქოს პოლონეთში, თავის სოფელში დაბრუნებულიყო და ერთ თანასოფლელს მიბარებული ფულის გამო მოეკლა. სხვამ მითხრა, ფინეთში გადავიდა და ქრისტიანზე იქორწინაო... ერთხელაც, თელ-ავივში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფანჯარასთან ვიდექი. მომეჩვენა, გარეთ, ტროტუარზე იდგა და სწორედ ის ფეხსაცმელი ეცვა, ფელდმანს № 3 სანგარში რომ გახადა... სანამ ქუჩაში გასვლა მოვასწარი, კიდეც გაქრა.

განთავისუფლების შემდგომ, პირველივე შემოდგომაზე, სხვადასხვა სენმა შემომიტია. თითქოს ჩემმა სხეულმა ვეღარ აიტანა ამდენი წლის მანძილზე დაგროვილი ტკივილი... შიგადაშიგ მეცხადებოდა თოკების ყულფში მოქანავე ხაიმკე და მის ფერხთით გაჭიმული ფელდმანი. ორივე მიხმობდა.

– ალბათ მალე მოვკვდები, – ვუთხარი სტაშეკს. იგი მთელი ღამე ფხიზლობდა ჩემთან.

– პირიქით, გადარჩენის გზას ადგახარ, – დამაიმედა – ჩვენ წამლები გვაქვს, საჭმელიც. ხვალ ვიმუშავებ, შენთან კი ვიღაც მოვა. ეს ამბავი უკვე მოვაგვარე.

– არა მგონია, ვიცოცხლო, – ვთქვი, – ხაიმკე მეძახის!

– ხაიმკე ორივეს მოთმინებით დაგველოდება. ახლა შენ მე გეძახი. ჩემი ვალი გაწევს. ახლა ჩემთვის უნდა იცოცხლო.

– მე რაღაში გჭირდები, სტაშეკ?

– ჩემი ბავშვების ქორწილებში უნდა იცეკვო!

მილკა მეორე დღეს მოვიდა ჩემთან.

მთელი კვირა იჯდა და შუბლს მწმენდდა. დღედაღამ, როცა ზმანებათა შორის თვალს გავახელდი, ვხედავდი მის სახეს, დახრილს ჩემს თავზე და მხოლოდ დედაჩემის სახე თუ იყო მასავით მშვენიერი.

ცხადში ქუთუთოების ქვემოდან ვუთვალთვალებდი ქალს – ოთახში ბოლთას სცემდა. მისი ახალგაზრდა სახე ლეგენდებში აღწერილ მზეთუნახავებს მაგონებდა. ვხედავდი, როგორ დგამდა ქვაბს ოთახის კუთხეში მდგარ ღუმელზე, როგორ უსინჯავდა წვნიანს გემოს – კმაყოფილი იერით. ხანაც, სანამ მე მომაწვდიდა, კოვზით წამალს მოსვამდა ხოლმე... ვუცქერდი, როცა ფარდას კერავდა, მისი თითები კი ისე მოძრაობდნენ, დაფარფატებდნენ, როგორც ციცინათელები შუქის რკალში...

– მილკა! – ვუთხარი მას ერთ დღეს. მისი თითების შეხებამ ჩემს განადგურებულ შუბლზე სასწაული მოახდინა, – ვფიქრობ, ჩემი ბედი შეცვლას იწყებს, სად გიპოვა სტაშეკმა?

სიცილმა თვალები მოუჭუტა, ზედა ტუჩი დაეჭიმა, თითქოს საიდუმლოს გამხელას ერიდებოდა.

– რატომ იცინი?

– იმიტომ რომ მას არ ვუპოვნივარ!

– ეს როგორ?

– თვითონ ვიპოვე.

თითქოს მოვეშვი, მოვდუნდი. თვალები დავხუჭე.

– ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, გაგახსენდებოდა. ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს. – მისმა ხმამ თითქოს იმ უკუნეთშიც შეაღწია, ჩემი თვალების მიღმა რომ სუფევდა. ვერაფერი ვთქვი. მილკას გამოცანების ამოხსნა ჩემს ძალებს აღემატებოდა. – პენია ბერეზოვსკის ოთახში – დაარღვია ისევ დუმილი.

– პენიას ოთახში?

– მაშინ უკვე საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდი.

– მერე, მერე?

– მერე დავინტერესდი, თუ ვინ იყავი და სტაშეკს ვუთხარი, საჭიროების შემთხვევაში (თუ ავად გახდებოდი) ჩემთვის მოემართა.

–თვალები ფართოდ გავახილე. მინდოდა, ამ სიტყვების გაგონების შემდეგ მისი სახე დამენახა.

– ეს როგორ გავიგო?

– მიხვდებოდი, ასე გულუბრყვილო რომ არ იყო. – თან ახარხარდა.

– რომ შენ გიყვარვარ? – წარმოვთქვი ამაყად.

– ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, ამასაც მიხვდებოდი... ისრაელში წასვლა შენ გამო დავთმე.

მოვბრუნდი და თვალები დავხუჭე. მთელი ეს წლები მილკამ აქ გაატარა. ღირდა ლოდინი საიმისოდ, რომ მის ხელს შევხებოდი – ეს სასიცოცხლო ძალებს მმატებდა! შიმშილის, სიცივისა და არაადამიანური შრომის წლები გადიოდნენ ჩემთვის ისევე, როგორც წლები, რახელის მომლოდინე იაკობისა... ამიერიდან ხაიმკემაც მომასვენა სიზმრებში. სამი კვირის შემდეგ, რაც მილკა ჩემს ოთახში შემოსულიყო, შევატყვეთ, რომ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი. იმავე ღამეს დამითანხმა ისრელში წასვლაზე. მეორე დღეს სამუშაოდან დაბრუნებულ სტაშეკს ორივენი სამზადისში დავხვდით, სტაშეკს მოწყენა მხოლოდ ერთი წუთით დაეტყო. მილკას გამომცდელივით შეხედა, თანაც მისი თვალები ისე უცქერდნენ, თითქოს შეწყნარებას ითხოვენო. მაგრამ მილკას მისთვის არ ეცალა. – მაგიდაზე დახვავებულ დოკუმენტებთან ფუსფუსებდა და მანაც უმალ დაიბრუნა უდარდელი იერი... დავსხედით. გადაწყდა – მე და მილკა პირველები ავიდოდით ისრაელში, ის შეგვპირდა, რომ თვითონაც ამოვიდოდა, მაშინ, როცა დარჩენილ სამუშაოს დაასრულებდა.

მატარებლის სადგურში ერთმანეთს გადავეხვიეთ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ამგვარ რამეზე არ ტირიან... ამაყმა გულმა არაფერი მიკარნახა მილკასადმი სტაშეკის გრძნობებზე.

გამომშვიდობებისას დავუბარე:

– მხოლოდ მეტრი მეტრზე რომ გაგვაჩნდეს, შენი საწოლის ადგილი ჩვენს სახლში ყოველთვის გამოიძებნება.

ამერიკაში რისთვის წავიდა, ჩემთვის არ უთქვამს. ერთხელ მილკამ თითქოს მისაყვედურა თავისი ჩვეული ფრაზით.

– ასე გულუბრყვილო რომ არ იყო, მიხვდებოდი...

მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვე: საქმე მასა და ერთ ამერიკელ ჯარისკაცს ეხებოდა. ეს მაშინ გავიგე, როცა სასწრაფოდ ამერიკაში გამომიძახეს, როცა საავადმყოფოში იწვა და ჩემს ნახვას ნატრობდა... გაიცინა და გადაკვრით მიმანიშნა ამერიკაში დამარხულ განძზე, რომელსაც მე და იმ ჯარისკაცს გვინაწილებდა. ჩემთვის ცნობილ სხვა უამრავ საიდუმლოსთან ერთად ესეც დავიმარხე.

ამერიკაში სამხედრო სამსახური სტაშეკმა მალე მოიხადა. მისგან წერილი წერილს მოსდევდა. მთხოვდა ჩასვლასა და მის კომპანიონობას. გრძელ, თანაც კომენტირებულ წერილებში ყვებოდა მშვენიერ ცხოვრებაზე, ერთად რომ გველოდა: როგორ გავემგზავრებოდით კვირის ბოლოს ბაზრობებზე, დავსხდებოდით წყლის პირას სპეციალურ სკამებზე (ფრჩხილებში, წერილის მინდორში მიანიშნებდა, რომ ეს იყო დაბალი სკამი, რომელიც ქანაობს და რომლის ქსოვილიც ჰამაკივით ფაფუკია); ვეწვეოდით გასართობ მოედნებს – და ისევ წერილის მინდორში აკონკრეტებდა – სადაც ტრიალებს უზარმაზარი ბორბალი, რომლის წვერზეც ხალხია მოკალათებული და ჰაერში გაფრენილი ბუშტის ქვეშ ზოგიერთი ამბობს: ამქვეყნადაც შეიძლება, თურმე, არსებობდეს სამოთხე ... ამ წერილების შემდეგ, მატყობინებდა, რომ მის ბინას მეზობელი ოთახებიც შეუერთა – მზიანი ოთახები და ეს, ბავშვებისათვის რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო, იმიტომ.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლიბრეხტი სავიონ / როხელეს უნაკლო საქმრო