ლორენსი დევიდ ჰერბერტ 

 

მომხიბვლელი ქალი 

 

 ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა

 

 

 

ინგლისელ მწერალსა და პოეტს დევიდ ჰერბერტს ლორენსს (1885–1930) «ახალი რელიგიის» ქადაგებას მიაწერენ. მისი მოძღვრების თანახმად, ადამიანის მოქმედების განმსაზღვრელია არა სოციალური გარემო, არამედ პრიმიტიული, პირველადი ინსტინქტები. კაპიტალიზმის მორალურ და ფიზიკურ უღელს მხოლოდ მაშინ დააღწევს ადამიანი თავს, როდესაც შესძლებს ამ ინსტინქტების თავისუფლად გამოხატვას. მწერალი გმობს ინტელექტს და იგი ადამიანური გრძნობების მუხრუჭად მიაჩნია.

გთავაზობთ ლორენსის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობის «მომხიბვლელი ქალის» თარგმანს. ამ ნაწარმოებში ოსტატურად არის წარმოდგენილი სახე მეტად ლამაზი, ძალაუფლების მოყვარული ქალისა, რომელიც საკუთარ პატივმოყვარეობას სწორავს ადამიანების სიცოცხლე და არც საკუთარ შვილებს ინდობს.

სამოცდათორმეტი წლის პოლინ ოტენბორო ნახევრად ბნელ ოთახში რომ გენახათ, ოცდაათზე მეტის არ იქნებაო, იფიქრებდით: მართლაც რომ მშვენივრად შენახული ქალი იყო, თან არც მომხივლაობა აკლდა. მის ტან-ფეხზეც თვალი დაგრჩებოდათ. ისეთი წერწეტა და აშოლტილი იყო, ეტრუსკი ქალის აღნაგობასაც გაახუნებდა. საოცრად უხდებოდა მარგალიტივით ჩაწიკწიკებული კბილები.

ბევრი ქალი ინატრბდა მისის ოტენბოროს ლამაზნაკვთებიან სახეს, გადატკეცილ კანს. ოდნავ კეხიანი ცხვირი შვენოდა. დანახვისთანავე მოგხიბლავდათ მისი დიდი, ნაცრისფერი თვალები. მხოლოდ ისინი თუ ამჟღავნებდნენ ქალის ხნოვანებას. დამძიმებული, მოცისფრო ქუთუთოქბი სტკიოდა მუდმივი დაჭიმულობისაგან; ძალა უნდა დაეტანებინა, თვალებს ეშმაკურად რომ ეციმციმათ. საფეთქლებთან მზის სხივისებრი, წვრილი ნაოჭები დაგროვებოდა. დაღლილობის ჟამს კანი უდუნდებოდა და ნაოჭებიც იმწამსვე გეცემოდათ თვალში, შემდეგ კი კვლავ აჭიმავდა წარბებს და გამოხედვაც ლეონარდოს ქალებივით ნათელი და პირდაპირი გაუხდებოდა ხოლმე.

მისი მაზლის შვილი სესილი ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ხედავდა იმ პაწია იდუმალ ძაფს, პოლინის ნაოჭებსა და ნებისყოფას შორის რომ გადებულიყო ხიდად. მხოლოდ სესილი ამჩნევდა ქალის მწუხარე, დაღლილ, მობერებულ გამოხედვას. ზოგჯერ საათობით არ სცილდებოდა პოლინს კაეშნიანი გამომეტყველება. მაგრამ თავისი ვაჟის რობერტის სახლში დაბრუნებისთანავე, ნურას უკაცრავად! ის პატარა, საიდუმლო ძაფი იჭიმებოდა, მოღლილი, მწუხარე თვალები ეშმაკურად აუციმციმდებოდა, წარბები ეშვილდებოდა და თქვენ წინაშე ჭეშმარიტად მომხიბლავი ქალი იდგა, მშვენიერებით გასხივოსნებული.

თითქოს მართლაც ფლობდა სიყვარულის შენარჩუნების საიდუმლოს, სურვილისამებრ იმოსებოდა ახალგაზრდული მშვენებით, მაგრამ ფრთილობდა კი, ყველასათვის როდი იწუხებდა თავს. საღამოობით თავის ვაჟს – რობერტს, ზოგჯერ სერ ვოლფრენდ ნაიპსა და კვირაობით შემთხვევით შემოვლილ სტუმრებს ანებივრებდა, მაგრამ ამათაც მხოლოდ მაშინ გაუღიმებდა ბედი, როცა რობერტი იყო შინ. მათთვის ყოველთვის იმ უცვლელ, მომხიბლაბ ქალად რჩებოდა, ასაკი რომ ვერაფერს აკლებდა. გულღია, კეთილი და ამავე დროს ოდნავ ეშმაკური ღიმილით მონა ლიზას ემსგავსებოდა, რაღაც რომ იცის და გულმოდგინედ ფარავს. პოლინმა მასზე მეტიც იცოდა, სულაც არ სჭირდებოდა ზედმეტი თავდაჯერებულობის გამოვლენა. საყვარლად, კეკლუცად იცინოდა, ყოველთვის გულღია თვინიერებით გამოირჩეოდა მისი ღიმილი, სათნოებითაც იყო აღსავსე და ბიწიერებითაც.

მხოლოდ სესილთან არ სჭირდებოდა ხიბლის წარმოჩენა. ახალგაზრდა ქალს თითქოს არაფერი აინტერესებდა ამქვეყნად. თანაც საკმაოდ ულამაზოც გახლდათ. უარესსაც გეტყვით: რობერტი უყვარდა. ეჰ, საბრალო სესილი, ლაპარაკადაც არ ღირს.

პოლინი და რობერტი უბრალოდ სიზს ეძახდნენ. ტანსრული ახალგაზრდა ქალი იყო, მუქი კანი და პაჭუა ცხვირი ჰქონდა. ძალიან იშვიათად იღებდა ხმას და მაშინაც კატასავით კრუტუნებდა. იგი დეიდა პოლინის ქმრის – როლანდის ძმიშვილი იყო. მამამისი – ღარიბი მღვდელი და როლანდი ცოცხლებში აღარ ეწერნენ და ამიტომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მას პოლინი მეურვეობდა.

პოლინი, რობერტი და სესილი დედოფალ ანასდროინდელ პატარა, მაგრამ საკმაოდ კოხტა სახლში ცხოვრობდნენ ქალაქიდან ოცდახუთი მილის დაშორებთ. სახლი განმარტოებით იდგა მინდორში და თვალისმიმტაცი ბაღჩა-ბაღებით იყო გამოშტერებული. ეს იდეალური ადგილი იყო სამოცდათორმეტი წლის პოლინისათვის.

როდესაც პატარა ბაღში მურყნებით დაჩრდილულ მდინარეს ჭანარები აადგაფუნებდნენ, მისი გულიც თითქოს ნეტარი თრთოლვით ივსებოდა და საგულედან ამოვარდნას ლამობდა: დიახ, ასეთი ქალი იყო!

რობერტი ორი წლით იყო სესილზე უფროსი. ყოველდღე დადიოდა ქალაქში – იგი ვექილი გახლდათ და თავისდა სავალალოდ, წლიურად მხოლოდ ას ფუნტს გამოდიოდა. ვერაფერი ვერ გადააჭარბა ამ თანხას, ის კი არა, სულ იმის შიში ჰქონდა, ჯამაგირი არ დამიკლონო, მაგრამ ეს არაფერი. პოლინს საკმარისად ჰქონდა ფული. მაგრამ არასოდეს ივიწყებდა, რომ ეს მისი საკუთრება იყო და რაც არ უნდა ხალისით გაეჩუქებინა, ყოველთვის იგრძნობოდა, რომ სასიხარულო, მაგრამ დაუმსახურებელ ძღვენს გასცემდა. საჩუქარი სწორედ მაშინ ფასობს, როცა არაფრით დაგიმსახურებიაო, იტყოდა ხოლმე პოლინი.

სესილის არ იყოს, რობერტიც დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ შესახედავად, ისიც ძალიან იშვიათად ლაპარაკობდა. საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიან, საკმაოდ მოსულ რობერტს მსუქანს ვერ ეტყოდით, მხოლოდ ნაღებისფერი, სუფთად გაპარსული სახე უთამაშებდა. ზოგჯერ იტალიელ მღვდელსაც მოგაგონებდათ, ისეთი მშვიდი და იდუმალებით მოცული გამომეტყველება ჰქონდა. ნაცრისფერი თვალებით დედას ჩამოჰგავდა, მაგრამ შიგ რიდი და კრძალვა ჩასდგომოდა. სად იყო პოლინის თამამი და პირდაპირი გამოხედვა? მხოლოდ სიზიმ იცოდა, რა მორცხვი და გაუბედავი იყო რობერტი, ხვდებოდა, რა უხერხულად გრძნობდა კაცი თავს, გალიაში გამომწყვდეულ ჩიტივით. თავად რობერტს კი ფარ-ხმალი დაეყარა და არც კი ცდილობდა რაიმე შეეხვალა: თავის ოთახს მიაშურებდა და სამართლის შესწავლით იქცევდა თავს. აინტერესებდა ძველი, საიდუმლოებით მოცული ყველა პროცესი. მხოლოდ დედამისმა იცოდა, რომ ახალგაზრდა კაცს მთელი კოლექცია ჰქონდა უძველესი მექანიკური ლეგალური საქმიანი ქაღალდებიდა. კოლექციაში შედიოდა სხვადასხვა სასამართლო ოქმების აღწერა. მეჩვიდმეტე საუკუნის მექსიკის საეკლესიო და საერო კანონთა კრებული. ასეთი საბუთების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შემთხვევით გადააწყდა ორი ინგლისელი მეზღვაურის სისხლის სამართლის საქმეს: მეხიკოში 1620 წ. მოეკლათ ვიღაც. მერე კი ხელში ჩაუვარდა ქაღალდი, რომელიც ბრალს დებდა ვინმე დონ მიგელ ესტრადას ოახაკას წმინდა ტაძრის მონაზვნის შეცდენაში... რობერტმაც გულმოდგინედ განაგრძო მსგავსი ქაღალდების შეგროვება.

დედა-შვილი საღმოობით დიდი სიამოვნებით იჩხრიკებოდა ამ ძველ ქაღალდებში. მომხიბლავმა ქალმა ცოტა ესპანურიც იცოდა, ისედაც თითქოს რაღაცით ჩამოჰგავდა ესპანელს, როდესაც მუქ-ყავისფერ, ვერცხლისფერი აბრეშუმის ძაფებით ამოქარგულ მოსასხამს მოიგდებდა მხრებზე. საღამოობით წელგამართული იჯდა ძველებურ, ხავერდივით კრიალა მაგიდასთან. შვენოდა მაღალი სავარცხელი, ცრემლისდარი საყურე, რამდენიმე აცმა მარგალიტის მძივი. შინდისფერ ხავერდს კაბაში გამოწყობილი, ლამაზი მოსასხამით დამშვენებული პოლინი სინათლის შუქზე მართლაც ოცდათორმეტი თუ ოცდაცამეტი წლის ჯიშიან ესპანელ ქალს მოგაგონებდათ. სანთლებს ისე მიუჩენდა ხოლმე ადგილს, რომ ალს მომაჯადოებლად ელიცლიცა მის სახეზე. მაღალი, მწვანედ მოჩუქურთმებული სკამის საზურგის ფონზე მისი სახე საშობაო ვარდივით ანათებდა.

მაგიდას მუდამ სამნი უსხდნენ. ერთ ბოთლ შამპანურს მიირთმევდნენ. პოლინი ორ ჭიქას სვამდა, სიზიც ბიცოლას ბაძავდა, დანარჩენს კი რობერტი უღებდა ბოლოს... მომხიბლავი ქალი მართლაც ბრწყინავდა და ანათებდა. სიზის მოკლედ ჰქონდა შეჭრილი შავი თმა. ფართო მხრებზე კოხტად ადგა პოლინის დახმარებით შეკერილი ლამაზი კაბა. შეცბუნებულ, სხივჩამქრალ თვალებს ხან პოლინს მიაპყრობდა და ხანაც რობერტს, თითქოს მონუსხული დამსწრე ყოფილიყოს და მეტი არაფერი. ყოველთვის მოჯადოებულივით შესცქეროდა ბიცოლას, ფარ-ხმალს აყრევინებდა მისი სიკისკასე. სადღაც კი სიზის გონების შორეულ კუნჭულში დავანებულიყო ყველაფერი, რაც პოლინისა და მისი ვაჟიშვილის შესახებ იცოდა.

რობერტი ნამდვილი ჯენტლმენი გახლდათ. მამაპაპური თავაზიანობით გამოირჩეოდა სწორედ ეს თავაზიანობა უჩნდა ფარად მის მორიდებულობას. მხოლოდ სიზი ხვდებოდა, რომ ის უფრო შემკრთალ-დარცხვენილი იყო, ვიდრე მორიდებული. რობერტი ამ ქალზე უარეს დღეში იყო. სესილს უხერხულობის გრძნობა ამ ხუთი წლის წინათ დაეუფლა, რობერტი კი დაბადებამდეც ასე წვალობდა: მომხიბვლელი დედის საშოშიაც კი უხერხულად გრძნობდა თავს.

ყმაწვილი კაცი მთელ ყურადღებას დედას უთმობდა, ისე შესციცინებდა, როგორც მზეს უფერული ყვავილი, და მაინც, ყოველთვის ახსოვდა სესილის არსებობა, გრძნობდა, რომ ახალგაზრდა ქალიც იქ იყო და თითქოს ყოველთვის ჩრდილში იდგა, არავინ აქცევდა ყურადღებას. რობერტი იმასაც ხედავდა, რომ ყველაფერი არ იყო რიგზე, ოთახში ხომ მესამე გონებაც ბჟუტავდა. პოლინისათვის კი სესილი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ნივთი უფრო იყო, ვიდრე მოაზროვნე არსება.

ყავას სამივენი მშვენიერი, რჩეული ავეჯით მოწყობილ ოთახში შეექცეოდნენ. მისის ოტენბორო თავად იხვეჭდა სიმდიდრეს. ფულის შოვნის საშუალებისათვის მეკვლია... სხვადასხვა ქვეყნებიდან იწერდა საუკეთესო ავეჯსა და იშვიათ ნივთებს და მუზეუმებს უგზავნიდა.

სამივენი რვა საათამდე, ხანაც ცხრისნახევრამდე უსხდნენ მაგიდას და საუბრით იქცებდნენ თავს. სასიამოვნო, ოჯახური სიმყუდროვე სუფევდა, ესეც პოლინის დამსახურება გახლდათ. ქალი თავის ჭიას ახარებდა. ალერსიანად იგესლებოდა, უცნაურ, ირონიულ ღიმილს ასხივებდა. შემდეგ კი ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებდა.

სწორედ ამ დროს დგებოდა სიზი, ღამე მშვიდობისას უსურვებდა დედა-შვილს დაყ ავის ჭურჭელი გაჰქონდა, მეტად რომ არ შეეწუხებინა ნათესავები.

შემდეგ კი, შემდეგ დედა-შვილს შორის ნეტარი, ცხოველი სიახლოვე ისადგურებდა – ძველი ხელნაწერებისა და სხვადასხვა სასამართლო ქაღალდების ამოკითხვას იწყებდნენ. პოლინი გოგონასავით აღეგზნებოდა ხოლმე, ამითაც გახლდათ ცნობილი. რაღაც მანქანებით შეენარჩუნებინა ყმაწვილქალური გრძნობები. მშვიდი, მეტისმეტად დინჯი რობერტი დედაზე უფროსი გეგონებოდათ, თითქოს მღვდელი ესაუბრებაო მოწაფე გოგონას. ყოველ შემთხვევაში, რობერტი, ასე გრძნობდა თავს.

სიზის საკუთარი ბინა ჰქონდა იმავე ეზოში, ეტლების ძველი სადგომისა და თავლის ახლოს. თავლაში ცხენები არ ჰყავდათ და ეტლების სადგომიც რობერტის მანქანისათვის იყო განკუთვნილი. სიზის ბინა სამი მოზრდილი, ერთმანეთზე მიწყობილი ოთახისაგან შედგებოდა. ქალი მიჩვეული იყო თავლის სახურავზე საათის ხმას.

ზოგჯერ საერთოდ არ ადიოდა თავის ბინაში. ზაფხულობით მდელოზე იჯდა და სასტუმრო ოთახის ღია ფანჯრიდან უსმენდა პოლინის მომაჯადოებელ, გულში ჩამწვდომ სიცილს. ზამთარში კი თბილ პალტოში გამოწყობილი მისეირნობდა მდინარეზე გადებული მოაჯირიანი ხიდისაკენ და იქიდან უყურებდა სასტუმრო ოთახის სამ გაჩახჩახებულ ფანჯარას: ო, რა ბედნიერები იყვნენ იქ პოლინი და მისი ვაჟიშვილი!

სიზის უყვარდა რობერტი და ისიც იცოდა, რომ პოლინს მათი შეუღლება ედო გულში, მაგრამ მხოლოდ თავისი სიკვდილის შემდეგ. საბრალო რობერტი კი უკვე დაებეჩავებინა ზედმეტ სიმორცხვეს, ქალებთანაც უჭირდა საერთო ენის გამონახვა და მამაკაცებთანაც. რაღა დარჩებოდა მისგან პოლინის სიკვდილის შემდეგ? თორმეტიოდე წელიწადში ცარიელ ნაჭუჭად იქცეოდა, ნაჭუჭად მამაკაცისა, რომელსაც ხეირიანად არასოდეს უცხოვრია.

რაღაც უცნაურ, ენით უთქმელ გრძნობას გადაეჯაჭვა სიზი და რობერტი, მაგრამ ამ გრძნობას ხანდაზმული ქალის არსებობა გადაღობებოდა წინ, თანაც სიზი გრძნობდა, რომ რობერტი ვნებიანი კაცი იყო. მისი სიჩუმეც და მიჩქმალული, მაგრამ მტანჯველი მოკრძალებაც საიდუმლო ფიზიკური ვნების შედეგად დაბადებულიყო, როგორ სარგებლობდა ამით პოლინი! სიზი მშვენივრად ხედავდა – ახალგაზრდა კაცი დედას მოჯადოებული, გაუბედაობით აღსავსე და ამავე დროს დამცირებული კაცის თვალებით შეჰყურებდა. რცხვენოდა იმისა, რომ არ იყო ნამდვილი მამაკაცი. თანაც დედა არ უყვარდა, მხოლოდ მონუსხული იყო – სულით ხორცამდე მონუსხული, გარდა ამისა, იგრძნობოდა, ვერასოდეს განთავისუფლდებოდა ხელ-ფეხის შემბორკველი უხერხულობისაგან.

სიზი იქამდე რჩებოდა ბაღში, ვიდრე სინათლე არ იფეთქებდა პოლინის საწოლ ოთახში – მომხიბლავი ქალი დასაძინებლად ემზადებოდა. რობერტი კი კიდევ ერთ საათს, ანდა ცოტა მეტ ხანს რჩებოდა მარტო. შემდეგ ისიც საწოლს მიაშურებდა. რამდენჯერ უნატრია სიბნელეში განმარტოებულ სიზის, მისულიყო რობერტთან და ეთქვა: «ო, რობერტ, ასე არ შეიძლება», მაგრამ პოლინი აუცილებლად გაიგონებდა მის ნათქვამს, ესეც რომ არა, სიზი ისედაც ვერ მოახერხებდა ხმის ამოღებას და ისევ თავის ოთახში ადიოდა. ასე მეორდებოდა ყოველდღე.

დილაობით სამივეს ლანგრით მოართმევდნენ ხოლმე ყავას და შემდეგ, ცხრა საათისათვის, სიზი სერ უილფრედ ნაიპთან მიდიოდა – მუსიკას ასწავლიდა მის ორ პატარა შვილიშვილს. გოგონებს ორ საათს ამეცადინებდა, ეს იყო მისი ერთადერთი სერიოზული საქმიანობა. ისე კი, თავისი სიამოვნებისათვისაც უკრავდა ზოგჯერ. რობერტი ცხრა საათზე მიდიოდა ქალაქში. ბიცოლა პოლინი ხანდახან ჩაიმდე საერთოდ არ ეჩვენებოდა სესილს, გამოჩენისას კი ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მხნე იყო, შემართული. მაგრამ დღისით მწყურვალი ყვავილივით მალე ჭკნებოდა, სინათლის შუქზე იყო მომხიბლავი და თვალწარმტაცი.

შუადღისას პოლინი ყოველთვის ისვენებდა. კარგ ამინდში მზეზე ნებივრობდა. ეს იყო მისი ერთ-ერთი საიდუმლო, ძალიან მსუბუქ საუზმეს მიირთმევდა, ჰაერზე და მზეზე კი მაშინ გადიოდა, როცა მოესურვებოდა –თორმეტ საათამდე ან შუადღის შემდეგ, ყველაზე ხშირად კი შუადღეს არჩევდა. ამ დროს მზე უხვად ღვრიდა სითბოს უთხმელის ხეებით შემოღობილ პატარა, ლამაზ მოლზე. აქ უშლიდა სიზი ბიცოლას სკამსაწოლს, ფარდაგს და მსუბუქ, მოხდენილ მის ქოლგასაც ახვედრებდა. სიმყუდროვე სუფევდა ხშირი ხეებით შემორაგულ მდელოზე. აქ ეს მომხიბლავი ქალი წიგნის კითხვით იქცევდა თავსმ სიზი კი თავისი ოთახიდან დარაჯობდა მის სიმშვიდეს.

ერთხელაც ახალგაზრდა ქალს თავში გაუელვა, თავადაც მშვენივრად მოვკლავ დროს მზეზე გაწოლილიო. ამ აზრმა ააფორიაქა. თითქოს რაღაც თავგადასავალს უქადდა თავლის ბრტყელი სახურავი, რომელზედაც სხვენიდან შეიძლებოდა აძრომა. ისეც ხშირად უხდებოდა ზევით ასვლა თავლის საათის დასაქოქად, თვითონვე ითავა ამ საქმის გაძღოლა. ახლა კი ფარდაგიც აიტანა სახურავზე. ღია ცის ქვეშ გაშალა, თვალი გაუსწორა მზეს, შეხედა თელების კენწეროებს, შემდეგ ტანთ გაიხადა და ნეტარებით გაიშოტა მზის გულზე.

ო, რა კარგი იყო ნებივრობა! მზე და ჰაერი თითქოს უქარვებდა გულის წუხილს, გამოუთქმელ, უსაშველო კაეშანს. უდარდელად გაიჭიმა და მთელი სხეულით მზეს მიეფიცხა. მზე მაინც გაუწევდა მიჯნურის მაგივრობას. გემრიელად გაიზმორა... და უეცრად ძარღვებში სისხლი გაეყინა. თმა ყალყზე დაუდგა. საიდანღაც ნაზი, მეოცნებე ხმა შემოესმა.

«არა, ძვირფასო ჰენრი, არა! რა ჩემი ბრალია, კლავდიას შერთვის მაგივრად სიცოცხლეს რომ გამოესალმე. მართალია, არ იყო შენი შესაფერისი, მაგრამ ძალიან, ძალიან მინდოდა თქვენი შეუღლება».

სესილი გაილურსა, ცივმა ოფლმა დაასხა. ო, რა ხმა იყო, – ნაზი, მოღუღუნე და საოცრად არამიწიერი – ნეტა ვინ არის სახურავზე? ვაი, რა საშინელებაა!

ძლივსძლივობით წამოსწია თავი და გაიხედა. არავინ ჩანდა. საკვამლე მილები საკმაოდ ვიწრო იყო და მათ ვერავინ ამოეფარებოდა. თელაზე იყო ვინმე ასული, ან ასე იქნება, ანდა რაღაც ენით უთქმელი საშინელება ტრიალებს – ისმის რაღაც უსხეულო, არამიწიერი ხმა. უფრო მეტად წამოსწია სესილიმ თავი და კვლავ მოესმა:

«არა, ძვირფასო, მე მხოლოდ ის გითხარი, ექვს თვეში მოგბეზრდება-მეთქი და ხედავ, მართალი გამოვდექი, მართლი ვიყავი, მართალი, შენი გაფრთხილება მინდოდა. ოღონდ მე რა შუაში ვარ, შენ თვითონ გიჭირდდა იმ სულელ კლავდიასთან ყოფნა. საბრალო, როგორ მოტეხა შენმა სიკვდილმა. თან გინდოდა მისი შერთვა და თანაც – არა. ამან აგიბნია თავგზა. მე გაფრთხილებდი, სხვა რა შემეძლო? შენ კი სულით დაეცი და ისე მოკვდი, რომ ვერ გამიგე, ო, რა მძიმეა, რა მძიმე...»

ხმა მისუსტდა. სესილი უღონოდ დაეშვა ფარდაგზე, მოეშვა ასეთი მტანჯველი დაძაბულობის შემდეგ. ო, რა საშინელებაა! მზე კაშკაშებდა, ცა იყო ლაჟვარდისფერი, ირგვლივ ყველაფერი გაზაფხულით და სიყვარულით სუნთქავდა. და, აი, უბედურება თუ გინდა? უნდა ერწმუნა რაღაც ზებუნებრივი! მას კი ოდითგანვე სძულდა ასეთი რამ – სულები, ხმები, იდუმალი ხმაური...

ნეტავ რა იყო ეს ჟრუანტელის მომგვრელი ხმა, ეს გაურკვეველი ჩურჩული? და მაინც საშინლად ნაცნობი იყო სესილისთვის. თანაც იდუმალებით მოცული. სხვა რა შეეძლო საბრალო ქალს, იწვა ტანთგახდილი, უმწეო, უძრავი დანთქმული საშინელების მორევში.

შემდეგ კი ოხვრა მოესმა, ღრმა, საოცრად ნაცნობი ამოსუნთქვა. არც ეხლა იყო ეს ხმა მიწიერი...

«ო, დაიცალე სისხლისაგან, გულო, დაიცალე, სჯობს ისე გამოიწურო, ვიდრე გამისკდე. რა უბედურება დამატყდა თავს, რა უბედურება! ჩემი ბრალი არ არის, ძვირფასო! რობერტსაც შეუძლია შეირთოს ის შტერი სესილი, თუკი ძალიან უნდა, მაგრამ ხომ ვიცი, თვითონ არაფერს ფიქრობს და რაღაც დავატანო ძალა». ხმა ხან წყდებოდა, ხან ისევ მოისმოდა, ხანაც ჩახრინწულ ჩურჩულად გადაიქცეოდა. უსმინე, სიზ, უსმინე!

ცოტაც და სესილს ხმამაღალი, გულისგამგმირავი, ისტერიული კივილი აღმოხდებოდა, მაგრამ ბოლო წინადადებამ თავზარი დასცა და გააშეშა. მთელი გონებითა და სხეულით დაიძაბა. ეს ხომ პოლინი იყო! მუცლით მეზღაპრეობაში ვარჯიშობდა ან რაღაც ამდაგვარს ჩადიოდა! ო, ნამდვილი სატანაა ეს ქალი, ნამდვილი სატანა!

ნეტავ სად არის ახლა? ალბათ ქვემოთ წევს თავლასთან, ეს ან ბოროტი სულის ოინი იყო, ანდა აზრების გადაცემა! ხმა არათანაბრად მოისმოდა. ხან მიწყნარდებოდა, ხანაც რაღაც მოშრიალე ხმაურად გადაიქცეოდა. სიზიმ სმენა დაძაბა. არა, მუცლით მეზღაპრეობა არ უნდა ყოფილიყო! უარესი რამ ხდებოდა – აზრების გადაცემა, ქალი ისევ ისე იწვა – მისუსტებული და ძალაგამოცლილი, განძრევისაც ეშინოდა. მაგრამ თანდათან მშვიდდებოდა. ამ მაცდურ ქალს რაღაც დემონური უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული.

ნამდვილი სატანა იყო! ისიც კი სცოდნია, სესილი გულში ბრალს რომ დებდა ჰენრის სიკვდილში. საბრალო ჰენრი რობერტის ძმა გახლდათ. მასზე თორმეტი წლით იყო უფროსი. უეცრად გარდაიცვალა ოცდაორი წლისა. შავი დღე ადგა. გატაცებით უყვარდა ახალგაზრდა, თვალწარმტაცი მსახიობი ქალი, დედა კი ხუმრობანარევი გესლით უმასპინძლდებოდა ამისათვის, მოულოდნელად რაღაც ერთი შეხედვით მსუბუქი ავადმყოფობა შეეყარა, მაგრამ ტვინი მოუწამლა და ისე მოკლა, გონება არც დაბრუნებია. ეს ყველაფერი სიზიმ მამისაგან იცოდა და შემდეგ სულ იმის შიში ჰქონდა, პოლინს რობერტიც არ მოეკლა. აშკარა მკვლელობა იყო: დედა ხოცავდა მგრძნობიარე ვაჟიშვილებს, რომლებიც მოჯადოებული იყვნენ მისით – აი, ცოდვა, თუ გინდათ!

«მგონი, დროა ავდგე – ჩაიბუტბუტა სუსტმა, მაგრამ მაინც მტკიცე ხმამ. – ზომაზე მეტი მზე ისევე ცუდია, როგორც ზომაზე ნაკლები. საკმარისი მზე, საკმარისი სასიყვარულო განცდა, საკმარისი შესაფერისი საჭმელი – ზედმეტი არაფრით არ შეიძლება და – მაშინ იქნება ქალი უკვდავი. მტკიცედ მწამს, მარადიულ უკვდავებას ჰპოვებს. სწორედ იმდენი ენერგია უნდა შთანთქას, რამდენსაც გასცემს, ანდა ცოტა უფრო მეტი!»

რა თქმა უნდა, პოლინი იყო! სესილს ესმოდა ამ ქალის ფიქრები. რა საშინელებაა! პოლინი თითქოს ჰაერს ანდობდა თავის აზრებს, სიზი კი ჰაერშივე იჭერდა მათ. ო, რა აღმაშფოთებელი ამბავია! ერთ-ერთმა მათგანმა უთუოდ უარი უნდა თქვას სიცოცხლეზე – სხვაგვარად შეუძლებელია.

სიზი მოიკრუნჩხა და გაქვავდა, უსაგნო გაუხდა მზერა. თითქოს ვერაფერს ხედავდა, თვალები კი მილის სატუჩისათვის მიელურსმა. ხედავდა და ვერც ხედავდა, არავითარ მნიშვნელბოას არ ანიჭევდა სატუჩეს, მხოლოდ აშინებდა ცოტა.

და უეცრად სწორედ ამ მილიდან მოისმა ოხვრა და ჩურჩული «დღეისათვის კმარა, პოლინ, ადექი, დროა». ღმერთო, ღრუბელთმბრძანებელო, საწვიმარი მილიდან ამოდიოდა ხმა. ეს მილი ყოფილა ბგერების გამტარი! შეუძლებელია. თუმცა რატომ? რომელიღაც წიგნში წაუკითხავს ასეთი რამ. ბიცოლა პოლინი, ეს ბებერი, დანაშაულით დადაღული ქალი, ხმამაღლა ესაუბრებოდა თავის თავს. კი, ნამდვილად ასე იყო!

ბოროტი სიხარულით აღევსო სიზის გული. აი, რატომ არჩევდა პოლინი განმარტოებას საწოლ ოთახში! რობერტსაც კი არ უშვებდა თავისთან. აი, რატომ ერიდებოდა სკამზე ჩათვლემას, გათიშვას! როგორც კი მოდუნდებოდა, მაშინვე თავის ოთახს მიაშურებდა და იქამდე რჩებოდა, ვიდრე კვლავ არ გამოფხიზლდებოდა ფიქრებისა თუ რულისაგან. როდესაც მოეშვებოდა, თავის თავთან ლაპარაკი ჩვეოდა თურმე. ხმადაბალი, ნაზი, თითქოს შეშლილის ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ შეშლილი კი ნამდვილად არ იყო, ეს მისი ფიქრები იყო მხოლოდ, ხმამაღლა გამოთქმული ფიქრები.

მაშ, სინდისი ქენჯნიდა! ასეც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პოლინს ეყვარებოდა თავისი უფროსი შვილი – წარმოსადეგი, ბრწყინვალე გარეგნობის ჰენრი – ეყვარებოდა რობერტზე მეტად. მისი სიკვდილი უთუოდ თავზარს დასცემდა ქალს. საბრალო რობერტი მხოლოდ ათი წლისა იყო, როცა ჰენრი გარდაიცვალა და შემდეგ მან შეცვალა ძმა.

რა საშინელებაა!

ბიცოლა პოლინი უცნაური ქალი გახლდათ: ქმარი რობერტის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მიატოვა. ჰენრი კი სულ პატარა ჰყავდა. მეუღლესთან ჩხუბი არ მოსვლია, ზოგჯერ ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მართალია, ქალი ქმარს მეგობრულად ექცეოდა, მაგრამ დაცინვასაც არ აკლებდა. ფულსაც კი აძლევდა. ხოლმე.

ეს ქალი თვითონ შოულობდა გულს. მამამისი კონსული იყო აღმოსავლეთით ნეპალში; ლამაზი და ეგზოტიკური ნივთების შეგროვებით გახლდათ გატაცებული. ჯერ კიდევ სულ პატარა იყო ჰენრი, მამამისი რომ გარდაიცვალა და ძვირფასეულობის მთელი კოლექცია ქალიშვილს დაუტოვა და პოლინმაც, რომელსაც მთელი გზნებით უყვარდა ყველაფერი მშვენიერი, მშვენიერი ფორმითაც, შინაარსითაც და ფერითაც – გამდიდრების წყაროდ დაისახა მამისეული კოლექცია. თვითონაც სადაც წააწყდებოდა, ყიდულობდა იშვიათ ნივთებს და კოლექციონერებსა და მუზეუმებს უგზავნიდა უცნაურ აფრიკულ ხის ფიგურებსა და ახალი გვინეიდან გამოწერილ სპილოს ძვლის ნაკეთობებს. რენუარის ნახატები ნახვისთანავე შეიძინა. მარტომ დააგროვა მთელი სიმდიდრე.

ქმრის სიკვდილის შემდეგ აღარ გათხოვდა. ისიც კი არავინ იცოდა, ჰყავდა თუ არა საყვარელი, და თუ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში, არა იმ მამაკაცთა წრიდან, რომლებიც ფარვანასავით ევლებოდნენ თავს და აშკარად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობას. მათთვის პოლინი «მეგობრად» რჩებოდა.

სესილმა სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი, ფარდაგი აიტაცა და კიბეზე დაეშვა. ჩამოსვლისთანავე მოესმა მელოდიური, ზარივით წკრიალა ხმა: «უკვე მოვრჩი, სიზ». ეს იმას ნიშნავდა, რომ მომხიბლავმა ქალმა უკვე ინებივრა მზეზე და ახლა სახლში ბრუნდებოდა. წეღანდელთან შედარებით ხმა შეცვლოდა – საოცრად ახალგაზრდული, მჟღერი, თანაბარი და დინჯი გაუხდა. თავის თავს კი, მოგეხსენებათ, უფრო მოხუცი ქალის ხმით ელაპარაკებოდა.

სიზი აჩქარებით მიუახლოვდა ხეებით შემოღობილ ადგილს, სადაც მომხიბლავ ქალს მოხერხებული სკამლოგინი და ლამაზი ნოხები დაეტოვებინა. პოლინს ყველაფერი რჩეული ჰქონდა, დაწყებული იატაკზე დაგებული ჭილოფიდან... უვკე გაწოლილიყო ხეთა გრძელი ჩრდილები. მხოლოდ იმ კუთხეს ედგა მზე, სადაც ნოხები ელვარებდნენ ათასფრად,

სესილმა აკრიფა ნოხები, აკეხა სკამი და შემდეგ საწვიმარი მილისაკენ დაიხარა. მილის ხვრელი კუთხეში მიმალულიყო, ქვის პატარა სახურავის ქვეშ, მცოცავი მცენარის სქელი ფოთლებიდან იჭვრიტებოდა. თუკი მწოლიარე პოლინი პირით კედლისაკენ მიიქცეოდა, პირდაპირ ამ მილში ილაპარაკებდა. ახლა კი დარწმუნდა სესილი, რომ მართლაც პოლინის ფიქრებს ისმენდა და ზებუნებრივი ძალა არაფერ შუაში იყო.

იმ საღამოს, ყავის სმისას, პოლინს აჩქარება დაეტყო, თითქოს გულმა რაღაც უგრძნო, მართალია, ისევ ის ქალი იყო – მშვიდი და იდუმალი, – მაგრამ დალია თუ არა ყავა, მაშინვე დაემშვიდობა რობერტსა და სესილს: «რაღაც ძალიან მომერია ძილი, მზემ თუ იმოქმედა. ფუტკარივით ვარ – მზე მაძინებს ხოლმე, წავალ, დავწვები, თქვენ კი აქ ისაუბრეთ».

სესილმა სწრაფად გადახედა ღობერტს:

«ალბათ მარტო გირჩევნია ყოფნა».

«არა, არა, თუ არ მოგწყინდება, ცოტა ხანს დარჩი», – სთხოვა რობერტმა.

ღია ფანჯრებიდან ცხრატყავას სურნელთან ერთად ბუს კივილიც შემოიჭრა. გამეფებულ სიჩუმეში ეწეოდა რობერტი. მოხრილი, გახევებული იჯდა და ძალიან სასოწარკვეთილი ჩანდა, თითქოს მძიმე ტვირთი აწვა მხრებზე.

უეცრად სესილმა ჰკითხა:

«გახსოვს ჰენრი?»

რობერტმა გაოცებით შეხედა.

«მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს».

«როგორი იყო?» სიზიმ ჯიქურ შეხედა ბიძაშვილს იდუმალი წუხილით აღსავსე თვალებში.

«ო, ერთობ წარმოსადეგი. მაღალი, ფეროვანი, დედასავით თბილი თაფლისფერი თმა ჰქონდა (ისე კი, სადაც სამართალია, პოლინს სულაც ფერფლისფერი თმა ამშვენებდა), ქალები ჭკუას კარგავდნენ მისთვის. არც ერთი მეჯლისი არ გაუცდენია».

«როგორი ხასიათი ჰქონდა?»

«გულღია იყო, მხიარული, გართობა უყვარდა. დედასავით გონება გახსნილი, ჭკვიანი, რომ იტყბიან მეგობარ-ამხანაგების გული და სული იყო».

«დედა თუ უყვარდა?»

«ძალიან. დედასაც უყვარდა. ჩემზე მეტად. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაციო, ამბობდა».

«რატომ?»

«ტანმაღალი, ლამაზი, მიმზიდველი, მხიარული, თანაც სამართალში ბედი სწყალობდა».

სიზიმ მშვიდი თაფლისფერი თვალები ყურადღებით მიაპყრო რობერტს. თუმცა კაცს უშფოთველობის ნიღაბი ჰქონდა სახეზე აკრული, ქალმა იცოდა, როგორ იტანჯებოდა იგი.

«დარწმუნებული ხარ, რომ ჰენრი ბევრად გჯობდა?»

რობერტს თავი არ აუწევია, რამდენიმე წუთის შემდეგ კი უპასუხა:

«არათუ მჯობდა, მე საერთოდ არ უნდა გავჩენილიყავ ამქვეყნად».

სიზი შეყოვნდა, მერე კი ჰკითხა:

«ძალიან განიცდი?»

რობერტს არ უპასუხია, თითქოს გული ჩასწყდა.

«ვშიშობ, ჩემი ცხოვრებაც ასეთივე უარყოფითი მოვლენა არ იყოს. საშინლად განვიცდი, უკვე ოცდაათი წლისა ვარ», დაიწყო სესილმა.

კაცს ქათქათა მოვლილი ხელი აუკანკალდა.

«მე კი მგონია, ადამიანი მაშინ ჯანყდება, როცა უკვე ძალიან გვიანია».

საოცარი იყო: ეს სიტყვები რობერტს ეკუთვნოდა.

«რობერრ, სულ არ მოგწონვარ?»

კაცს გაქვავებული, მოღუშული სახე გაუფითრდა.

«ძალიან კარგად ვარ შენდამი განწყობილი».

«არ მაკოცებ? ჩემთვის ჯერ არავის უკოცნია», – აღმოხდა სესილს.

რობერტმა ამპარტავნული, მაგრამ შიშით სავეს მზერა შეაგება. შემდეგ წამოხტა, მიუახლოვდა და ნაზად ეამბორა ლოყაზე.

«ო, სიზ, რა სირცხვილია», – ჩაიჩურჩულა.

ქალმა რობერტის ხელი მკერდზე მიიკრა.

«ზოგჯერ ბაღშიაც ჩამოვსხდეთ ერთად, – ძლივს ამოღერღა სესილმა. – არ გინდა?»

შეშფოთებული, გამჭოლი მზერა შეაგება რობერტმა. სიზიმ საბრალოდ გაიღიმა და თვალი გაუსწორა. უეცრად კაცი ჭარხალივით გაწითლდა და განზე გაიხედა. საცოდაობა იყო ნამდვილი.

«ნეტა რომელი ქალთა გულის მომნადირებელი მე ვარ?» – კაცი სარკასტულად, დაბეჯითებით სდებდა ბრალს თავის თავს და სესილმაც კი არ იცოდა, რა სირცხვილად უღირდა ეს ყველაფერი.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორენსი დევიდ ჰერბერტ / მომხიბვლელი ქალი