აღმაშენებელი დავით IV

 

(1073-1125)

საქართველოს ძლევამოსილი მეფე, მხედართმთავარი, ღრმად განსწავლული მწიგნობარი.

 

ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს.

ილია ჭავჭავაძე 

36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა,  შირვანშა და შაჰანშა,  დავით IV, აღმაშენებლად წოდებული. დატოვა ქვეყანა ,,ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწამდე.

გელათში გადაასვენეს და კარიბჭეში დაკრძალეს. ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს ცნობა, მართლაც დაიბარა თუ არა, გულზე ფეხი დამადგითო, მაგრამ ლეგენდაც ხომ უსაფუძვლოდ არ იქმნება. საფლავის ქვას 131-ე ფსალმუნი დააწერეს: „ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნისი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.“ შემორჩენილია აგრეთვე არსენ იყალთოელის მიერ შექმნილი ეპიტაფია, რომელიც აღმაშენებლის ღვაწლს აღწერს:   

,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამეხსნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.

შუა აზიიდან პალესტინამდე იყო გადაჭიმული სელჩუკთა იმპერია. მათი სათარეშო გახდა საქართველოც. ,,საძაგელი სანახავი იყო  ქვეყანა ქართლისა, აღარავინ თესავდა და მკიდაკკ დ გვიამბობს მემატიანე. თუმცა საქართველოს სახელმწიფო არც ეთქმოდა: ყოველწლიური ხარკი, ურდოთა მიერ  მუდმივი რბევა, მთებსა და ტყეებში გახიზნული მოსახლეობა, მოშლილი მეურნეობა, დაშინებული და უიარაღო ლაშქარი, განდგომილი და მოღალატე ფეოდალები, მექრთამე და უწესო საეკლესიო პირები და სხვა ათასი ჭირი, მიწისძვრა და უბედურება ტრიალებდა. მეფის ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ანუ აფხაზეთზე ვრცელდებოდა, დამხმარე და მოკავშირეც არავინ ჩანდა.

 

ამ ყველაფრისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო 1089 წელს გიორგი II-ს მეფობა დაათმობინეს და ტახტი მისმა ვაჟმა, 16 წლის დავითმა ჩაიბარა.

16 წლის მეფემ თავდაპირველად სოფლების აღდგენა დაიწყო. მცირე მხედრობით რამდენიმე სოფელს მტრისაგან წმენდდა, გახიზნულ ხალხს მიწაზე ამკვიდრებდა, თვითონ კი დარაჯად ედგა, იქვე ტრიალებდა, საგულდაგულოდ ეძებდა თურქთა ბანაკებს. ხუთმეტრიან თოვლშიც გადმოულახავს უღელტეხილი და ადიდებული მტკვარიც გადმოუცურავს. დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, რომ უიარაღო და უცხენო, დამშეული და, რაც მთავარია, დაშინებული და დამცირებული მეომრები ლაშქრად ექცია. ამასობაში ჯვაროსნებმა ანტიოქია და იერუსალიმი აიღეს. დავითმა ამით ისარგებლა და თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ეს იყო 1099-ში, გამეფებიდან მე-10 წელს.

 

წმინდა ეკლესიაც უკაცურთა ბუდედ იყო ქცეული. 30 წლის მეფემ რუისისა და ურბნისის სანახებთან საეკლესიო კრება ჩაატარა. უღირსად აღზევებულები განკვეთეს და შეაჩვენეს, მრავალი მანკიერი წესი გაასწორეს.

 

აღმაშენებლის გონიერებამ და წარმატებებმა ჰერეთ-კახეთის დიდებულებიც მოხიბლა, მაგრამ სულთანი კახეთს ვერ თმობდა. 1104 წელს ერწუხში  პირველი დიდი ომი გაიმართა მტრის მრავალრიცხოვან ლაშქრთან. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხეთი სრულყო ომი. იგი მართლაც რომ იყო ,,უშიში და ყოვლად უძრავი გულითაკკ.

 

აღმაშენებლის გონება მხოლოდ ომისა და ბრძოლისაკენ არ იყო მიმართული, გახშირდა გზებისა და ხიდების აგება, ქალაქების მოწყობა. გამეფებიდან 17 წლის შემდეგ გელათის მშენებლობა წამოიწყო. ადგილი კარგი შეარჩია, ,,ყოვლად შვენიერი და უნაკლულოკკ, მიზანიც განუსაზღვრა: ააშენა ,,მეორედ იერუსალიმად და სხუად ათინადკკ დ იერუსალიმი სასულიერო, ათენი კი - საერო განათლების სიმბოლოა.

 

მაგრამ უმთავრესი ისევ ქვეყნის გაერთიანება იყო. 1110 წელს სამშვილდე აიღო, 1115-ში რუსთავი, შემდეგ წელს ტაოდან განდევნა თურქები, მომდევნო წელს გიში, შემდეგ წელს ლორე შემოიერთა. წელიწადში ხუთ ბრძოლასაც იხდიდნენ,  და რაც მთავარია, მხოლოდ ქართველ მეომართა ძალით, დამხმარე არ ჰყოლიათ.

გამეფებიდან 29-ე წელს დავითმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, ჩრდილო კავკასიიდან 40 ათასი ყივჩაღის ოჯახი ჩამოასახლა და მუდმივ ლაშქარს ჩაუყარა საფუძველი. მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავდა, მაგრამ ახლაც ისე მოეწყო საქმე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა.

 

დადგა 1121 წელი. დავითი 48 წლის გახდა, 32 წელია განუწყვეტლივ იბრძვის. მტერიც ხედავდა მის ძალას, თუმცა სელჩუკებს ჯვაროსნებთან გადამწყვეტი ომი ელოდებოდათ, ამჯობინეს, ჯერ ამიერკავკასიას მოუგრიხონ კისერი.

მთელი სამუსლიმანო გაერთიანდა, ურიცხვი ლაშქარი შეიკრიბაო - წერს ქართველი მემატიანე. ისტორიკოსები 300 ათას მეომარს ვარაუდობენ. დავითმა 55 ათასი კაცი გამოიყვანა, 40 ათასი ქართველი იყო. წამოსულ მტერს დიდგორში დახვდა. ბრძოლა სამ საათს გაგრძელდა, გაქცეულ მტერს კი რვა დღე სდიეს. დიდგორის ომს ქართველმა ისტორიკოსმა ,,ძლევაი საკვირველი~ უწოდა. ათი უცხოელი ავტორი აღწერს ამ ომს და ქართველ მემატიანეზე გადამეტებულ აღფრთოვანებას გამოხატავენ.

 

თუმცა თბილისი ისევ მტრის ხელში რჩებოდა, გამოცდილ სარდალს არც ამ შემთხვევაში გამოუჩენია სულსწრაფობა. ქალაქს ალყა შემოარტყა და მაჰმადიან მმართველს დანებება მოსთხოვა. უგუნურმა წინააღმდეგობამ აღმაშენებელი ისე გააბრაზა, რომ არნახული სისასტიკე გამოიჩინა, მუსრი გაავლო დედაქალაქს დაპატრონებულ ურჯულოებს. შემდეგ ბრაზი მოწყალებით შეცვალა და მაჰმადიან და ებრაელ მოსახლეობას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. 1122 წელს, ოთხი საუკუნის შემდეგ, თბილისი კვლავ საქართველოს დედაქალაქი გახდა.

 

დავითსაც და ლაშქარსაც დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო ამიერკავკასიიდან სელჩუკები საბოლოოდ ამოეძირკვათ. ქალაქები დმანისი, შირვანი, ანისი და სხვა მრავალი ციხე შემოუმტკიცა საქართველოს.

 

სახელოვან მეფეს  ცოდვათა გამო სიხარულთან ერთად სინანულიც უძლიერდებოდა. ,,გალობანი სინანულისანი~ მის შთამომავალთ ერთ კითხვას უჩენს: ,,ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები?~

36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა,  დავით IV, აღმაშენებლად წოდებული.

დავითის  მიერ აღორძინებულმა საქართველომ ერთი საუკუნე იარსება.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ბიოგრაფიები / უავტორო / აღმაშენებელი დავით IV