ლორთქიფანიძე ნიკო

 

გულთამხილავის მსჯავრი 

 

 

 

 

ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა.

 

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.

 

– იცოდით ნება ჩემი?

 

– ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა.

 

მეორე სდუმდა.

 

– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

 

– არ ვიცი, არ წამიკითხავს.

 

– შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა.

 

– გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, – მიუგო პირველმა.

 

მეორე სდუმდა.

 

– შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი.

 

– არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ.

 

– შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.

 

– დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა.

 

მეორე ისევ სდუმდა.

 

– შენ?

 

– რა?

 

– მოგიკლავს ადამიანი?

 

– არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი.

 

– გითქვამს ტყუილი?

 

– ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი.

 

– გიმრუშია?

 

– არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ!

 

– გიგმია ღმერთი?

 

– არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ.

 

– თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?

 

– ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას.

 

ყველა დადუმდა.

 

– რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.

 

– განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა.

 

მეორე სდუმდა.

 

– შენ?

 

– ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო!

 

– მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა.

 

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.

 

– მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.

 

– შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.

 

1913 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / გულთამხილავის მსჯავრი