ლორთქიფანიძე ნიკო

 

გული მოკვდა

 

 

 

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს.

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდნენ.

– ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო.

დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

– მე დავაჭკნე!

– მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

 

1908 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / გული მოკვდა