ლორთქიფანიძე ნიკო

 

თავსაფრიანი დედაკაცი

 

 

 

ვწერ შემთხვევით შეხვედრილ ამბავს

 

თუ ოდესმე დანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ, უეჭველია, დაინახავდით მესრის იქეთ, ეზოში, მოფუსფუსე, შავათ ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავშვი, ეხლა, რომ იქ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაკლდა.

გამოვიკითხე, და აი, ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა. მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე.

 

1

 

ყველაფერი ჩატარდა ძველებურათ, სულ ძველებურათ, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდნენ, ორმოცი წლის წინათ ხდებოდა ხშირად, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად და ეხლა კი შეუძლებელია.

გაძვრა-გამოძვრა მაჭანკალი.

ნამალევათ შორიდან დაანახა ქალი; მოაწყო «ქალის ნახვა» და მიაცემინა შარნა.

და მერე?

მერმე ძმადეებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი, თავს დაახურეს ოქროსკავებიანი გვირგვინი;

გავარდა ტამბაჩა და მაჭახელა.

აჭიჭყინდა ზურნა.

მეფე-დედოფალს სუფრაზე, ცხვირის წინ, ულაგებდენ «თავზეგადასაგდებს»: პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკვს, თითბრის ტაშტს, დანა-ჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათშაურიანებს.

...ქვიჯასაც,

და განგებ მოწვეული სოფლის მწერალი სისწორით ადგენდა სიას...

სვეს,

იცეკვეს,

არა მარტო გოგო-ბიჭებმა,

მოხუცებულებმაც.

დაიშალენ სტუმრები.

აბღავლდენ დანაკლავ ადგილზე ძროხა და ხარი.

ეზოზე ჩოჩიალა ურემმა გადიტანა ნაჭა, საბანი, ლეიბი... ხორაგი.

გადავიდნენ 60 მანეთით დატვირთული სიძე, მაყრები, რომ ახალ ადგილს

ეცეკვათ,

ესვათ,

არა მარტო გოგო-ბიჭებს,

არამედ მოხუცებულებსაც.

დასახლდენ, დაფუძნდენ.

 

2

 

კაი ნოგროს გადმოდგენ:

სამი წელი_

სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი.

სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი;

ჩქარობდენ თითქოს!

სადედოფლო:

– მაქვა და თითისტარი;

კეცი და ჩოგანი;

ლარი და საჩეჩელი;

პრასი და ოხრახუში;

მეწველი ძროხა;

კრავიანი ცხვარი;

გოჭებიანი ღორი;

თხას... თხას არ გაუშვებს: ნამყენ ხეხილით სავსე კარ-მიდამოს გადაღრნიან!

ბატები სისინებენ და ამაოთ ეძებენ ტბას;

ქათმები ჩიტებივით დაფრენენ ტოტიდან ტოტზე.

ციცარი გასართობათ.

სავსე ოჯახი!

 

სამეფო:

ხარდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში;

სიმინდის მაღალი კალო-სამესამედოთ ნაბატონართან;

გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში:

უღელი ხარი;

წელმაგარი კომლი!

 

3

ააშენა ღმერთმა ნადი. – ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალენ; ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფი ღვინო, – ქალები იყო უმეტესი. მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩიეს... ცალკე მთად სდგას ოქროსფერი ტაროები; პატარა ხროვათ ჰყრია დამპალი და ჭყინტი; ფუჩეჩი მოდებულია მთელ ეზოში.

ცოლი გოდრის ასაწევათაც არ მიიხმარა: მოერიდა ახალ ნალოგინევს.

და თვით ეცა უძინარი:

კარგი სიმინდი – ნალიაში;

უვარგისი –  ცხვენზე;

ფუჩეჩი –  საბძელში.

მიეგდო ხის ძირში გასაოთებული, ოფლით გაღვითქული, ადგა მთქნარებით_ ისევ სამუშაოთ, მაგრამ...

ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა,

ხან სცივა, კანკალებს, სამი საბანი,

სიყვითლე!

– »რავა ვიფიქრებდი მე თვალდასავსები, უჟმური აყვა»...

ექიმი და მარჩიელი,

წამალი და შელოცვა.

ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი.

«საშველი არ დაადგა».

თმაგაშვებული ქალები...

ზარი...

ფლავი...

«განუტევე, უფალო, სული მონისა შენისა».

სენმა და სიკვდილმა გაანიავა ოჯახი.

 

4

ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის... წინდაც კი შავი... თუ გამოჩნდა მეტისმეტად ლილიან წყალში გავლებული საცვალი

თეთრი შუბლი,

შავი მაყვალივით თვალები,

მზეზე გაშავებული ლოყები,

მოქნილი ცხვირი,

სისხლისფერი ტუჩები,

თეთრი, გრძელთითებიანი ხელები, ეტყობა, ბევრს ვეღარ საქმიანობს, _იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ და იგი დადის

პოლიციაში,

სასამართლოში,

მეზობლებთან,

მამასახლისთან,

თავმდაბალი,

საჩივრით,

მუდარით,

ისე რომ ვერ აჩერებს კედელი,

მარკა,

სიშორე_

გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს, თვისას კი მიაღწევს:

ბავშვებს სამართალს მოუნახავს,

დახმარებას გამოითხოვს,

მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს,

კერიას არ გააცივებს.

ბევრი ეარშიყებოდა... შორიდან

მაჭანკლებიც მიუგზავნეს.

– “როგორ უმტყუნო ობლებს?!»

იყო შემთხვევა.

არაპოეტმა გვიამბო:

«მასპინძელმა რიჟრაჟზე გაგვაღვიძა; გადვიხედე ფანჯარაში – ნადირობისთვის თენდებოდა: ცვარი ნაწვიმარივით ეყარა; ფოთოლი არ ინძრეოდა; სანაქებო მეძებრები მოუთმენლათ წკმუტუნებდენ; დარჩეული მწევრები იზმორებოდენ.

გავსწიეთ.

სეირი მალე ვნახეთ. იყო გაბმული ყეფაც, მწევრების მოტოვებაც, შემდეგ მეძებრები მაჩვს წააწყდენ, და სოროს ვეღარ გააშორეს.

შინ ვბრუნდებოდი. ვიღაცის ღობეს მივადექი. შევჩერდი დასასვენებლათ.

ცვარი კიდევ ეყარა. მზეს ამოეწვერა, სხივს ნაზათ აპკურებდა ქოხს, ხეების წვერებს: ჩიტები ათასფრათ ჟღურტულებდენ...

შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი, ეზოს მივარდნილ კუთხეში, ჩემს მახლობლათ, ბოსტანში, გაშალა და ფეხშიშველა, თმაგაშვებულმა დაიწყო ტირილი... მოთქმა.

წრფელათ, გულამომჯდარი ისეთ ნაზს სიტყვებს, ისეთის მშვენიერის ხმით ამბობდა, რომ მესრის გადმოღმა მე ავტირდი, ტირილი ზლუქუნად გადამექცა... უეცრათ მე შემრცხვა... ქალი კი საჩქაროთ ადგა და თავის ნაბდიანათ სახლში მიიმალა»...

ბავშვები დაზარდა.

ასწავლა ათასჯერ მეტი, ვიდრე შეეძლო.

ერთი ვაჟი მოანგარიშეა კოოპერატივში.

მეორე სასამართლოს მოხელეა...

დააცოლშვილა ორივე.

ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი.

წელში გახრილი, ყავარჯნით ხელში გადადიოდა ერთისაგან მეორესთან.

არსად იყო ზედმეტ სტუმრათ:

ბავშვების მოვლა, ჭუკის წამალი.

მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშვს.

ფეხი არ ჩაეტია.

– გაიხადე, ბები, ამას შენ ძამიას წაუღებ, შენ კი სხვას მოგიქსოვ.

ბავშვის ტირილი.

დედამ სთხოვა:

– მიეცი, სულ ერთია, ოღონდ გაჩუმდეს...

– რათა, შვილი, ამას კოწიას წაუღებ... ბავშვს ნუ გაანებივრებ...

ბავშვი უფრო ტირის.

– რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილი მოიმადლიერო!.. ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?

წინდები ხელთ გავარდა.

სიტყვა არ ამოუღია.

შეისწორა თავსაფარი.

ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა:

– ტყუილს ვამბობ თუ?

ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა.

ბავშვი არ ცხრებოდა.

კაპასი შვილი:

– ნუ ტირი, ნუ ტირი, უკეთესს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს!

ქალი წავიდა უმიზნოთ; შემოუარა სახლს, რომელსაც შეალია თვალისჩინი, სიცოცხლის ჟინი, ჩაჯდა ბოსტანში, არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები: «შეგენანა», «მოიმადლიერო», «საღირალი პატივი».

გავიდა მეზობელებთან.

– რა დაგემართა, ბეჩა, სახე სახეს არ გიგავს?

– არაფერი, ჩემო ფოტინე, დამსიცხა უთუოდ.

დაბრუნდა შინ.

ჭუკებს ჯამით დაუდგა ცომნარევი ჭინჭარი.

მიწვა.

გრძნობს თავის სიმძიმეს, ტანის სიმჩატეს.

არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები:

«შეგენანა»,

«მოიმადლიერო» (თუ «მოინადირო»?..),

«საღირალი პატივი»...

და მოულოდნელათ მოკვეთილი, დასაბუთებული გადაწყვეტილება:

«აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი... დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულყავი»...

და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა, ერთად ზანდუკში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული, თითქმის საცვლების ამარა ჩუმათ გამოვიდა ნაჭირნახულევ ქოხიდან.

თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა, ერთი კი მიუჯდა. ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრად უთხრა:

–„ჰო, მოვალ, მოვალ... მოვალ, ჩემო ფილიპე».

 

 

 

5

 

შვილებმა კარგა ხანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა: ერთს მეორესთან ეგონა.

გაიგეს – შეძრწუნდნენ, შერცხვათ: «მოგვეჭრა თავი სოფელ ქვეყანაში... რას იტყვიან. მოხუც დედას ვერ მოუარესო?!»

უნდოდათ საძებრათ წასვლა– ეძვირათ; უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება– «უარესათ მოგვეჭრება თავიო».

ასე იცდიდენ.

დედას გულმა უგრძნო: «შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ» და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული, მისი ნაკარნახევი, სხვისი დაწერილი ბარათი გაგზავნა:

«საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ... შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ. მშვიდობით სამუდამოთ».

ეს იყო თავსაფრიანი ქალის ერთი იშვიათი სიცრუეთაგანი.

ბარათი შესაფერისად გრძელი იყო.

შვილები დაწყნარდენ, გაუხარდათ, სხვებსაც აჩვენებდენ თავის გასამართლებლათ. კეთილსინდისიერათ გაიყვეს მცირე მემკვიდრეობა: რამდენიმე ვერცხლის ფული, აბრეშუმის თავსაფარი, ძვლისტარიანი ხანჯალი და სხვა...

 

6

მოკრძალებით მდგომ მათხოვარს ავარამ უთხრა:

– დედი, რას გვაწვალებ, თავს რათ იწამებ?

– რა ვქნა, შვილო, მე კი მინდა სიცოცხლე?!

– ა, მტკვარი და მისი ჯანი...

– უიმე, ჩემის ხელით სული როგორ წავიწყმინდო?! და სწრაფად გაშორდა, როგორც კეთროვანს.

 

7

 

გაზეთის ქრონიკაში ეწერა:

«ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები; გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი; მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრათ წაშლილი ასოებით ჩვენ ამოვიკითხეთ (ვერ დავადასტურებთ!) «ფილიპე».

უცნობის გვამი გადაგზავნილია...

შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა, მგონი, არ წაუკითხავთ და არც არავის უამბნია მათთვის.

ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: «მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში «მხარის შეცვლას» უძახიან, მეცნიერებმა კი «მანიაკალური მდგომარეობა» უწოდეს.

დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

 

26 აგვისტო, 1925 წ.

მანგლისი

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / თავსაფრიანი დედაკაცი