ლორთქიფანიძე ნიკო 

 

ის

 

 

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

 

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

 

ღრუბლის ნაფლეთები მისცურავს ცაზე, ერთმანეთს ასწრებს, ჯგუფდება და – საკვირველია! – ნათლად, ცოცხლად, ათასნაირად, გარკვეულად მიხატავს... მას.

 

ბალღის ტიტინში მის უმანკოებას ვხედავ; ვაჟკაცის გულმკერდში – მისსა მხნეობას.

 

ზღვის უფსკრული – მისი გონების სიღრმეა; ჩანჩქერი – მისი აზრის სიმკვირცხლეა.

 

ამომავალი, მილეული მთვარე – მისი სინაზეა; მზე – გამაცოცხლებელი ძალაა მისი.

 

ქაცვს, ეკალს ხელით ვგლეჯ – მეშინია არ გაუკაწროს მას პატარა ლამაზი ფეხები; ვარდს, იას ვრგავ, ვრწყავ – იქნებ ოდესმე დაყნოსოს იმან.

 

ის მეუბნება ნანას. ძილშიაც მეცხადება... ის მაღვიძებს...

 

მუდამ ის... ყოველგან ის... ყოველისფერში ის...

 

ქსელებში გახლართული წარმოუდგენელ ტანჯვასა ვგრძნობ და უტკბესს ნეტარებას!

 

 

1909 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / ის