ლორთქიფანიძე ნიკო

 

კერიასათვის

 

 

ნაწილი პირველი

 

I

 

– ასე, ჩემო ექვთიმე, ერთად ცხოვრება არ სურს, თვარა ყველაფერში რავა იქნებოდა წინააღმდეგი? დედაკაცს ერთი სიტყვა ვერ უთქვამს, რომ ხუნაგივით ყელში არ ეცეს მისი ქაფარი ცოლი.

 

– მისმა წყევლამ დამიკარგა ჩემი ფილიპე. მაგას დაეკარგა თვალში სინათლე! – ჩაუმატა პასიკიამ.

 

მოხუცებული, სოფელში პატივცემული ექვთიმე ჯანელიძე მშვიდად უსმენდა ცოლ-ქმრის დაუსრულებელ საჩივარს ძმასა და რძალზე.

 

– აქამდი რადგან მისულა საქმე, სხვა რაღა საშველია, უნდა გეიყაროთ... მარა... მაინც რაზე მოგივიდათ უსიამოვნება?.. დღეის თხუთმეტს ქე ვიყავი აქანე და არაფერი მინახავს იმისთანა...

 

– რას ბრძანებ, რას ბრძანებ? დღეის თხუთმეტს კი არა, თხუთმეტი წელიწადია, შე დალოცვილო, ვითმენთ და ვითმენთ, ხო იცი? ვინახავთ ნამუსს. მაგრამ, რომ არაფერი გეგვეწყო, წყალი რა არი, ცივი წყალი, ისიც კი ენანება მაგ საწყალს ჩვენთვის.

 

– იქნება თქვენ მეტს ხარჯავდით ოჯახში და ეს წყინდათ? – დაეკითხა ექვთიმე, რომელიც ახლა იმის ანგარიშში იყო, თუ რამდენი ერგებოდა გასაყოფი.

 

– მეტს რაში დავხარჯავდით? ორი ცოლ-ქმარი ჩვენ ვართ და ორი ისინი არიან, ორი ბაღანე ჩვენ გვყავს, ორი – იმათ...

 

– არ შეგჭამოს მიწამ! ახლა ჩვენზე ხელმომჭირნეთ რათ იქნება? ის კი არა, სასულიერო წოდებისა ვარო და მისი კუდაბზიკობით სული გვაქვს წაღებული. სიხარბე, ბატონო ექვთიმე, სიხარბე! ამ უკანასკნელათ რიზა ატეხა შფოთი და დავიდარაბა, არ იტყვი?.. – პასიკიამ სული მოითქვა და განაგრძო, – სულ რავა დეიკუნტოს კაცი?.. მეც ქე მყავს ჭირისუფალი. ვიფიქრე, ერთი ჩემს სახლს მევინახულებ, თვალს გავახელ, ბაბუას დავალოცვინებ შვილიშვილებს-მეთქი. ხელცარიელი ვერ მივადგებოდი დედაბოძიანათ ჩემი შინ, რჩენა კი არ დეეზარებოდათ... იცოცხლე მე იმათ ვუყვარდე! თვალში რო ჩოუვარდე, ხელს არ ამეისობენ... ღმერთმა მრავალი მოგცეს, მრავალი იმათ ჰქონდეთ სახლში მონაწევი და კარში ნაშოვნი, მარა ჩვეულებაა... რას იტყვის მტერი, საგძალიც კი ვერ მეიტანესო!.. წევიყვანე ერთი უკუდო გოჭი, ორი წვეთი ღვინო წევიღე და ორი ღვეზელი. ეს იყო და ეს. სიტყვით იტყვის კაცი, თვარა ჩასათვალში კი არაა მისაღები. აქანეიც რომ დავრჩენილიყავით, კიდო მეტს არ დავიხარჯებოდით? უკან რომ დავბრუნდით, შენს მტერს და ავს მე ამბავი ვნახე. სამხრობის დრო იყო. გული ქე მეუბნებოდა წასვლის დროს, რომ კაის არაფერს იზამდა ჩემი რძალი ქალბატონი, მარა ამას რავა ვიფიქრებდი?.. შევედი სახლში, ვაი ჩემს თავს... კერიაზე ცეცხლი არ ანთია... გადევიხედე იქით: ტახტ-ლოგინზე არც საბანი, არც ზანდუკი! თუკი რამე ჰქონდა, სულ ყველაფერი – გატეხილი დანა და სამფეხი სკამიც – ქე წეეღოთ. ბიჭო, რა ამბავია?

 

რა და ჩემს ქალბატონს გეეტანა ნიგუზარი და ქე წასულიყო. ეს იყო და ეს.

 

– დედა, დედა, რავა გალესა ენა ამ ოჯახის ჩამქრობელმა! რომ გიყურებ, ქალო, შორიდან, არაფერს გეუბნები, ასე უნდა არაკუნო? კლიტე არა აქვს ამ შენ ენას? რო გაგიგდია ეკლესიის ზარივით და აწკარუნებ... შეგარჩენ თუ, რავა გგონია?

 

ოლღაიი მართლაც რომ გენიოსი იყო გინება-წყევლისა. ნამდვილი ფსალმუნების შედგენა შეეძლო კრულვისა და დაცინვისა. იგი ყოველთვის აცლიდა მოწინააღმდეგეს ლაპარაკს; მერე რომ მოყვებოდა, ქვესკნელში ჩააძვრენდა.

 

– ფილიპიის სიკვდილსაც რომ მე მაბრალებ, გამოტვინებულო, სარკე თუ არ გაქ, წყალში მაინც ჩეიხედე. გამხმარი ხარ ფარგასავით, რძე შენ არ გივარგა და მოვლა შენ არ იცი, მოგიკვდებოდა, აბა რა დაგემართებოდა, შენ თვალდაფსებულო.

 

– კაია, ქალო, კაი!.. გეყოფა, – ჩაერია ნიკოიი ლაპარაკში, – გინდა ჩვენი გათიშვა და ჰა, გევიყოფით და რაც ამით გაბედნიერდები, ემასაც ქე ვნახავ...

 

– შენ რაც დეესახლო, მაგ შენ კოდარა დედაკაცს დააქადნე. ჩემთან რა საქმე გაქვს. დეეტიე მადანე...

 

– ახლა ჩხუბი აღარ ღირს, ბატონო ოლღაია, – დინჯათ ურჩია ექვთიმიამ, – საქმე ისე მოწყობილა, რომ უნდა გეიყაროთ. საბოლოოთ მაინც ნუ დაკარგავთ ძმობას და მეზობლობას.

 

– ძაან სამეზობლოა, მისმა თავის გახეთქამ. პასიკია უნაბიძის ქალი, – და ოლიკომ ძალათ გაიცინა.

 

– კაი შვილი შენ ხარ, კაი მიეცა შენს ნადიაკვნარ ბაბუას...

 

დიდხანს ჩხუბობდენ დედაკაცები. ექვთიმე წავიდა. ესტატე, რაღაც ბედათ, შინ არ იყო და ნიკოიე კი ქალთა კაპასობაში ჩარევას არ კადრულობდა. პირიქით, იგი ზოგჯერ მათ დაშოშმინებას აპირობდა, მაგრამ არაფერი გაუდიოდა.

 

II

 

გადახრილია მზე. დუდუნით მიდის პატარა მდინარე. წყლის პირათ ფერდობზე დატაროებული სიმინდი დღის სიცხით მოწყენილი იწყებს შრიალს... სიო დასცურავს, ვით უხილავი მოცეკვავე. ყანებში სამოროდოთ გაფანტული მუშები ოდნავ მოსჩანან. ახლა არ მუშაობენ, თოხებს დაყრდნობიან გამაგრილებელ სიოს პირველი შემობერვით გახარებულნი და მასლაათობენ.

 

– ა, კაცო!.. – მიმართა ესტატემ თავის სულ უმცროს ძმას მინაიას, რომელიც გვერდში უდგა და თოხის პირს გამოჭრილი ჩალით მიწას აცლიდა.

 

– რა გინდა?

 

– იცი, რომ მე და ნიკოიე ვიყოფით?..

 

– ვიცი... ძაან გლახას შობით... – წყენით უპასუხა ბიჭმა.

 

– რა ვქნა, კაცო? რას უზამ ამ ქალებს? დღე არაა მოსვენება და ღამე. მე და ნიკოიე ერთმანეთს რომ შევაკვდეთ, უკეთესი იქნება?..

 

ორივე გაჩუმდა.

 

მინაიე 15 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ცხოვრების ჭაპანწყვეტაში ადრე ჩავარდნამ საკმაოდ გამოსცადა და დაავაჟკაცა.

 

– მერე შენ რას აპირებ? – დაეკითხა ისევ უფროსი ძმა.

 

– რას უნდა ვაპირებდე? – არაფერს...

 

– შენ ჩემთან წამოდი... მე და შენ ნუ გევიყოფით.

 

მინაიე ამაზე დიდი ხანი ფიქრობდა. ესტატე უფრო უყვარდა. მასთან დარჩენა ერჩია, მაგრამ ოლღაიასთან ცხოვრება უძნელდებოდა; თანაც ნიკოიის მიტოვება არ სურდა – ორ ძმაში ერთის არჩევა უხერხულათ ეჩვენებოდა.

 

– მე წავალ!.. – უცბად თქვა, თითქმის წამოსცდა მინაიას.

 

– სად? – გაკვირვებით დაეკითხა ესტატე.

 

– ქვეყანა დიდია... სადმე სამუშაოს ვიშოვი...

 

– რატომ გინდა მიგვატოო?

 

– რისთვის უნდა დავრჩე?.. ადგილი ამდენი ხანიც არ გვყოფნიდა და ახლა, თუ გავიყავით, რა შეგვხვდება?.. ცალკე დასახლებას ვერ მოვახერხებ და რომელიმესთან დადგომა რა სიკეთეს დამაყრის?

 

მინაიას წინათ მხოლოდ გულში ნადები აზრი არ მოსწონდა, მაგრამ ახლა ნათლად გამოთქმული მოეწონა. წინათ თუ ყოყმანობდა, არ იცოდა რა გადაეწყვიტა, ახლა მუსაიფმა დაამშვიდა და გადააწყვეტინა.

 

– ესეც შენ იცი, მარა ვის ჩააბარებ შენს ნაწილს?

 

– რავაც მოგვიხდება, ვინ იცის, რა მერგება.

 

– ეს საყანე მაინც დამიტოვე და სხვა რავაც გინდოდეს... შეგინახავ. მუდამ გარეთ ხომ არ დარჩები, მოხვალ – დაგჭირდება. თუ გინდა ფულად მოგცემ...

 

– კაი, მარა უსათუოდ უნდა გეიყოთ?.. მოგეცადათ ერთი ორი წელიწადი... წელს გეიმაგრებდით. ი მოზვრები წამეიზრდებოდენ და თითო უღელი ხარი გერგებოდათ. ახლა რას იზამთ – ან შენ გეყოლება უღელი ხარი, ან ნიკოიას...

 

– ნუ მეტყვი მაინც!.. ვიცი რა ცეცხლშიც ვარდები, მარა რა ვქნა?.. კიდო კაი თუ ღვთისნიერი შუაკაცები იქნენ, ჩემი წვრილი ცოლ-შვილის უბედურებას შეხედეს და ისე გაგვასამართლეს... თვარა, შენს მტერს, თუ ორივე ხარი ნიკოიას აკუთვნეს... შენი კაცი ვინაა?

 

– ვისაც ბიძიე ოქროპილე ეირჩევს...

 

– შენთვის არ უკითხავს?

 

– ქე მითხრა წინაზე, მარა ვიფიქრე, ჯერ არ გეიყოფიან-თქვა და არაფერი მითქვამს.

 

– რა გითხრა იცი, სიმონე დანიშნე...

 

მინაიამ პასუხი არ გასცა.

 

– სიმონე ნამუსიანი კაცია... არც შენ გიღალატებს და არც ჩემს დახრჩობას მეინდომებს.

 

არც ახლა გასცა პასუხი მინაიამ. თოხი მხარზე გაიდვა და ქვე დაჰყვა, რომ ახალ სვრელს შესდგომოდა.

 

ესტატე უკან გაჰყვა.

 

– მაინც ოქროპილე ვის გირჩევს?

 

– ოდანია იმედაძეს...

 

– თქვენ ორის საქმეა, მარა ოდანიას მეიყიდიან და მერე უყარეთ კაკალი! მაგი არ იყო, სტეფანიის ოჯახის გაყოფაზე რომ მეითბო ხელი და ბიქტორიას საწყალ ობლებს ჭირნახულში ნაწილიც კი არ მიცა?

 

ახალი და უკანასკნელი სვრელი მალე ამოათავეს. თითო-ოროლა სიტყვით თუ მიმართავდენ ერთმანეთს. მუშაობდენ გამალებით: ორივეს ეჩქარებოდა. მინაიეს უნდოდა ბიძია ოქროპილე ენახა, ესტატეს კი ოდანიასთან მოლაპარაკების გეგმა უნდა შეედგინა ოლღაიასთან ერთად.

 

 

**

 

– ბიძია ოქროპილე, ბიძია ოქროპილე, მომიცადე, საქმე მაქვს! – მიაძახა უკანიდან მინაიამ, როგორც კი დაინახა ყანიდან დაბრუნებული მხარზე თოხგადაგდებული ოქროპილე.

 

– რა გინდა, შვილო, მალე მითხარი! ლოცვაზე მიგვიანდება...

 

– ჩვენები იყოფიან... ვის ნიშნავ ჩემგან?

 

– აკი გითხარი, ოდანია იმედაძეს-თქვა...

 

– ესტატიემ მირჩია, სიმონე დანიშნეო....

 

– უ, ის სულწაწყმედილი ის!.. იცის, რომ სიმონე ხათრს ვერ გოუტეხს, პურმარილს დოუფასებს და მიტომ ამბობს ასე... მარა რავაც შენ გინდა...

 

-არა, ბიძია, შენ უფრო იცი, თუ ოდანიე ჯობია – ოდანიე იყოს.

 

 

**

 

 

ესტატე ისტუმრებდა თავის ცოლს ოლღაიას და თან ჩურჩულით აბარებდა:

 

– ასე უთხარი, ახლა შენზეა ყოლაფერი-თქვა, გინდა დაგვასახლებ, გინდა აგვყრი-თქვა...

 

– იქნება, კაცო, არც ქე იქნეს ი კაცი დანიშნული და ტყვილა რაზე ვიჭრით თავს...

 

– რავა არა... ოქროპირას იგი უნდა თურმე და მინაიე რავა გადავა მის ნებას...

 

– მერე რას დავპირდე?

 

– რა ქენი იცი: დაპირდი შენ შვილს დიაკვნობას უშოვი-თქვა...

 

– მერე დამიჯერებს?

 

– დაგიჯერებს.... დაგიჯერებს... უთხარი შენობიე, ბაბუაჩემს მღვდლებში დიდი ნაცნობობა ყავს და თავს გადავდებ-თქვა... და ეს სამი მანეთი ქე მიე ჩუმათ ოდანიეს, რომ წამოხვალ მაშინ...

 

ოლღაია გაემგზავრა.

 

 

III

 

 

ეჭვით, მოსაზრებით სოფელი დიდი ხანია ფიქრობდა, ხაჭარაშვილები იყრებიანო.

 

ახლა დაბეჯითებით დაიწყეს ლაპარაკი.

 

წყაროზე შეყრილი დედაკაცები გაავსებდენ კოკებს, დაიდგამდენ გვერდზე და მოჰყვებოდენ როგორც ოლღაიის, ისე პასიკიას გაკიცხვასა და ქებას.

 

საკვირველი იყო, რომ ერთი და იგივე ქალი დღეს თუ ოლღაიას ექომაგებოდა და მოწინააღმდეგეს მუსრს ავლებდა, ხვალ პასიკიას დაუწყებდა მფარველობას და ოლღაიას დასცინოდა:

 

– შენ გენაცვალე, დიაკვნის შვილიშვილი კი არა, ახლა დეკანოზის ქალები გვყავს რძლებად და ისე აცხობენ მჭადს და ცეხვენ ღომს, რომ სიტყვას არ იღებენ! ვერ შეიშნო პასიკიას პატივისცემა, არ დააფასა პასიკიის ალალი გული და აწი იკვინტრიშოს, როცა თვითონ მოუხდება ტომრის ზურგზე მოკიდება და წყლის თრაქვა...

 

გლეხები უფრო დინჯათ უყურებდენ საქმეს. ერთი ძლიერი ოჯახის მაგიერ ორი სუსტის გაჩენა საერთოდ სოფლისათვის საზარალო იყო. ჭირში და ლხინში ძლიერ ოჯახს ყოველთვის შეეძლო ხელი გაეწყო ხარით, ურმით, მუშით... სუსტი კი თვითონ მოითხოვდა დახმარებას.

 

მაგრამ როცა დანამდვილებით გაიგეს, რომ გაყოფა გარდუვალიაო, ბევრი ჩაფიქრდა.

 

სტეფანია ხაჭარაშვილს უნდოდა, თუ მოსახერხებელი შეიქნებოდა, წყაროს პირი დაერჩინა და ამგვარათ გაემრგვალებია თავისი წვადივით გაგრძელებული საყანე.

 

ბიქტორია ჯალაღანია ხულას მიაჩერდა, ვინ იცის, ეგებ გაჰყიდონო.

 

ზოგი ხარს უთვალთვალებდა, ზოგი ძროხას და ზოგიც ცხვრით კმაყოფილდებოდა.

 

ასეთს გამოანგარიშებაში, ასეთს ფიქრში, თუ როგორ მოეთბოთ ხელი, იყვენ გლეხები, მაგრამ ხაჭარაშვილებს და მათ მედიატორებს ჯერ დრო არა ჰქონდათ, საქმეს შესდგომოდენ:

 

მოსაკრეფი იყო ვენახი.

 

მოსატეხი იყო სიმინდი. ყველა უცდიდა რთვლის მოთავებას.

 

 

**

 

გათავდა სიმინდის რჩევა... ფუჩეჩიც კი შეჰყარეს საბძელში; ხმება ნალიაში გადარჩეული ტარო. უკლო დუღილი ჭურებში ჩასხმულმა ტკბილმა. ყანებში ძნად დამდგარ ჩალის კონებს წინანდებურად უგულოდ აღარ ჩაუვლის საქონელი, არამედ შეჩერდება და უფრო ნედლს ფურცელს გამოგლეჯს და უმადურად შეექცევა; ჯერ ვერ მისჩვევია ხმელს; მუცელი მაძღარი აქვს ოდნავ შეყვითლებული ბალახით.

 

ხშირათ აირევა ჰაერი და მოვარდნილი ქარი დააფრიალებს ფოთოლს, ფუჩეჩს...

 

ისმის ხმა მხიარული სიმღერისა.

 

გოგოები გათხოვებას ელიან.

 

ბიჭები – ცოლის შერთვას.

 

ცოტა ხნით მიწის მუშამ იგრძნო შეღავათი.

 

შემოდგომაა.

 

 

**

 

ხაჭარაშვილის სახლის დერეფანში კარგა ბლომათ მოუყრია თავი ხალხს.

 

აქ არის ექვთიმე ჯანელიძე.

 

ოდანიე იმედაძე.

 

სილიბისტრო ჯალაღანია.

 

ესენი არიან მედიატორები.

 

მოუწვევიათ მათ სოფლის მწერალი იასონ სირბილაძე.

 

დილაა. ადრე. საუზმე გაუთავებიათ. ყველა იშმუშნება, ყველა ერიდება საქმის დაწყებას.

 

– აბა!.. რაც უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს... დავიწყოთ ბარეღამ, – წარმოთქვა მწერალმა.

 

ეტყობოდა, ყველა ერიდებოდა ოჯახის დანგრევას და ხელს ჰკიდებდა უსიამოთ.

 

– დევიწყოთ, ბატონო! – დაადასტურა ექვთიმე ჯანელიძემ.

 

– ჯერ, ბატონებო, იგი გვიბრძანეთ, რაა გასაყოფი, – გააგრძელა სიტყვა მწერალმა და დაბალი სუფრის შუაში დაჯდა. ირგვლივ შემოუსხდენ მედიატორები; წინ დასხდენ მორიდებით ნიკოიი, ესტატე და ოქროპირე, მინაიის მზრუნველი. თვითონ მინაიე შორიახლოს კარის საძირკველზე ჩამოჯდა. ქალები ფეხზე დარჩენ, ვითომ საქმეში არ ვერევითო.

 

ნიკოიი ძლიერ ნასიამოვნები იყო, რადგან უკვე შეეტყო, რომ სოფლის მწერალი, იასონ სირბილაძე, თუმცა მის მოვალეობას მხოლოდ მედიატორების მიერ ნაბრძანებისა და ნაკარნახევის ჩაწერა შეადგენდა, ახლავ მეთაური გახდა.

 

სირბილაძე კი ნიკოიას ყავდა მოქრთამული.

 

– რა იქნება, შენი ჭირიმე? ხომ იცი ღარიბი ყაძახის ამბავი... ა, რასაც უყურებ ისაა – ეზო და ვენახი... ერთი საყანე ახოში... ერთი...

 

დაიწყო ნიკოიამ, მაგრამ მწერალმა შეაჩერა: – ეს ქე ვიცით... მაგას ჯიბეში ვერ ჩეიდებთ... შენ ეს გვითხარი, რა გაქვს დახარჯული ოჯახიზა?

 

 

– მე, – უპასუხა ნიკოიამ, – და გავათხოვე... მინაიი პეტერე იყო მაშინ და არაფერი დაუხარჯავს, ესტატიე კი ჯამაგირში იყო...

 

– მე, – საჩქაროთ ჩაუმატა სიტყვა ესტატიამ, – ჯამაგირში რომ ვიყავი, ცხრა თუმანი გამოუგზავნე სახლში...

 

– მეიცა, მეიცა!.. ჯერ ერთმა თქვას და მერე მეორემ, – შეაჩერა ექვთიმემ ესტატე.

 

– მართალია, – ჩაერია ლაპარაკში ოქროპირა, – მამა რომ გადეეცვალათ, მღვდლისაგან ისესხეს 50 მანეთი და იგი გეიზარდა სამ წელიწადში 12 თუმნათ. ღვთისნიერი კაცია, მეტი ერგებოდა სარგებელი, მარა... ცხრა თუმანი ესტატიეს გამოგზავნილი მე თვითონ წოუღე მღვდელს, და დანარჩენი – ააშენა ღმერთმა მისი ოჯახი! – ერთ ძროხას დაგვჯერდა.

 

– კაი! ეს ცხრა თუმანი ესტატიეს შემოუტანია ოჯახში; ნიკოია შენ კი რა დახარჯე დის გათხოვებაში? შეეკითხა ისევ მწერალი ნიკოიას.

 

– თხუთმეტი თუმანი.

 

– რაო? რაო? – ვერ მოითმინა ესტატეს მეუღლემ ოლღამ.

 

– რაი და თხუთმეტი თუმანი დამიჯდაო... – გაიმეორა მწერალმა.

 

– ისე უშველის მაგას ღმერთი... რა ხვითო გაატანა ნეტავი?

 

– ვერ დააყენა ენა, ვერ დააყენა? – შეუბღვირა რძალს პასიკიამ და სახლში შევიდა გაკაპასებული, თითქოს იქიდან მოელის შველასო.

 

– გვაცალეთ, დედაკაცებო, გვაცალეთ, ჭურს არავინ კითხავდა და ასი კოკისა ვარო, რა თქვენი საქმეა! – გაწყრა ოქროპირე, ხაჭარაშვილების ბიძა.

 

– რატომ ახლა... თუ სხვა იტყვის, მაგიც ქე იტყვის, – შენიშნა სილიბისტრო ჯალაღანიამ, ესტატიის დანიშნულმა მედიატორემ.

 

ყველას აშკარათ ეტყობოდა ვის მხარეზედაც იყო. მხოლოდ ოდანია იმედაძეს ჩაექინდრა თავი, ხმას არ იღებდა. ძლიერ სინდისიერად თლიდა დიდი დანით პატარა ალვისხის შტოს და ძლიერ უსინდისოდ აპირებდა ემოქმედნა... ოლღაიასთან მოლაპარაკებას და სამ მანეთს ტყუილა არ ჩაევლო... გადაწყვეტილი ჰქონდა დაევიწყებია მინაიას ანგარიში და ყველაფერში დასთანხმებოდა ესტატეს მედიატორებს. ამიტომ იყო გაჩუმებული და მხოლოდ საჭირო წუთში მოქმედებდა.

 

აბა რა ექნა: სამმა მანეთმა თავიდან მოაშორა კარს მომდგარი მოვალე და თუ ოლღას მეცადინეობით მისი შვილი დიაკვნობას იშოვიდა, ეს ხომ სულ დასახლება იქნებოდა... მინაიი კი, – ფიქრობდა გადაბირებული ოდანიე, – რას გამიკეთებს?

 

ზოგჯერ ოდანიე იმითაც იმართლებდა თავს – უმცროსმა, უცოლ-შვილო ძმამ თუ ცოტა რამე დაუთმო უფროს ძმას, ქვეყანა არ დაიქცევაო.

 

სახლში შესული პასიკია მალე დაბრუნდა და მსაჯულებს დიდი გაყვითლებული ქაღალდი გადასცა.

 

– რაა ეს, ქალო, – დაეკითხა მწერალი.

 

– წეიკითხე, შენი ჭირიმე, შენ თვითონ მიხვდები, – ეშმაკურის ღიმილით მოახსენა პასიკიამ მოსამართლეთ, თითქოს ამ ქაღალდში ყოფილიყოს ქვეყნის ხსნა და დამხობა.

 

მწერალი ნელ-ნელა თავისთვის კითხულობდა.

 

– ერთი ჩვენც გაგვაგონე... – ვერ მოითმინა ოქროპირმა, რომელიც უკვე ამჩნევდა, რომ მისგან არჩეულმა უღალატა და ახლა ფიქრობდა, თვითონ დაეცვა ობლის უფლებანი.

 

– უთხარი, შე საწყალო, წეიკითხოს! – დატუქსა პასიკიამ თავისი ქმარი, – ვერ გამოაჩენ შენ სიმართლეს?!

 

– წეიკითხე, ბატონო, მაგია ჩემი სიმართლის ქაღალდი, – წარმოთქვა ნიკოიამ, თუმცა კარგად არც კი იცოდა, რა ეწერა შიგ. მაგრამ ცოლის გამჭრიახობას დაენდო.

 

მწერალმა დაიწყო.

 

სია მზითვისა გლეხის ანდრია ხაჭარაშვილის ასულის ელენესი.

 

– ჰო. შენი ჭირიმე, ჰო, – თითქოს ხარს მიდენისო, აქეზებდა ნიკოიი მწერალს.

 

პირველი. – ოცდათხუთმეტი მანეთი ვერცხლის ფულათ.

 

მეორე. – სპილენძის ქვაბი მთავარი.

 

მესამე. – მისივე ტაშტი.

 

მეოთხე. – ერთი თითბრის ტაშტი.

 

მეხუთე. – ერთი თუნგი სპილენძისა.

 

კითხულობდა და კითხულობდა მწერალი. კაცს ეგონებოდა, სიის გათავებას ვერ მოვესწრებითო. მწერალი განგებ აგრძელებდა.

 

მეცხრამეტე. – ორი მუთაქა.

 

მეოცე. – სამი ზეწარი.

 

ოცდამეერთე. – ექვსი კაბა: ერთი შალის და სხვა ჩითის.

 

ოცდამეორე. – ორი იუბკა პირკლისა.

 

ოცდამესამე. – ოთხი კოფთა.

 

– ბარეღამ ისიც ჩაგეწერათ, რამდენი სახელო და რამდენი გვირისტი ჰქონდა... უფრო მეტი გამოვიდოდა, – მწარე დაცინვით წარმოთქვა ოლღაიამ. პასიკიას, თუმც ერთი მკვახე პასუხის მიცემა შაქარყინულს ერჩია, ხმა არ ამოუღია; მხოლოდ შეცოდებით შეხედა რძალს, თითქოს ეუბნებოდა: ,,გასკდი გულზე, ჩემო რძალო, ეს საბუთია! ვერსად წაუხვალო.

 

ოცდამეათე. – სამი პერანგი.

 

ოცდამეთერთმეტე. – სამი მისი ამხანაგი.

 

ოცდამეთორმეტე. – ერთი მოსახურავი.

 

– იმე! რა დიდი კაცის ცოლი ვყოფილვარ! – კიდევ ჩაილაპარაკა ოლღაიამ.

 

სინამდვილესა ზედა ხელს ვაწერ მე, ელენე ანდრიას ასული, მეუღლე ივანე იობიძისა; და გარდა ამისა, მივიღე წინდები რვა წყვილი, პირსახოცი – სამი და ქარვა ოცი მარცვალი. ეს მზითევი მივიღე მე ელენე ანდრიას ასულმა და მეუღლემ მისმა ივანე იობიძემ. უწერილობისა გამო მათისა მაგიერ ხელს ვაწერ ლუკა ვარდანის ძე იობიძე, რომელმან ჩამოვწერე სია ესე.

 

– ნამდვილია, მე და ჩემმა ღმერთმა! ქაღალდს რას ეტყვი!.. – დაეთანხმა ესტატე, – მარა ჩემიც უნდა ჩეითვალოთ.

– კი, ბატონო, უარს ვერც შენ გეტყვით! – დაადასტურა იორდანემ.

 

ოქროპირესაც არ უთქვამს უარი. კიდევ ბევრი აღმოჩნდა საერთო საჭიროებისათვის ზოგი ნიკოიას და ზოგი ესტატეს მიერ დანახარჯი.

 

გამოარკვიეს აგრეთვე, ვის რა წაეღო საერთო მამულიდან.

 

შეუდგენ გაყოფას.

 

– ჭირნახული

 რაც არის ხომ სწორათ უნდა გავყოთ! – წარმოთქვა ერთმა.

 

– როგორ სწორათ?

 

– სამათ!..

 

– იმე, ვინ გეიგონა? დავბერდი კაცი, ასი ოჯახი კი მინახავს, რომ იყოფოდა, მაგრამ ჭირნახულს ყოველთვის სულზე ყოფენ, – ბრძანა ექვთიმე ჯანელიძემ.

 

– მართალი ბრძანდებით, მართალი! ჩემი ობლისთვის არაა ასეთი გაყოფა ხელსაყრელი, მარა სულს რავა წევიწყმედ ორი ჩაფი ღვინისათვის... – დაეთანხმა ოქროპირე.

 

– იმე! ორი დღის ბაღანეი რომ ყავს ნიკოიას იმისთვის ცალკე წილი უნდა წეიღოს? – გაიკვირვა ოლღაიამ, თითქოს არ იცოდა სოფლის ჩვეულება.

 

– დაგასწრო, ჩემო ოლიკო, – გაეხუმრა მოხუცი ექვთიმე ჯანელიძე, – შენც გაგეკეთებია მესამე ბაღანე და გერგებოდა.

 

ქალებს ვითომ შერცხვათ და თავი ჩაღუნეს... ამაზე ტყუილად ალაპარაკდენ, თორემ ყველამ იცოდა, რომ სხვაფრივ გაყოფა შეუძლებელი იყო.

 

იცით, – ბრძნულად შენიშნა მწერალმა, – რაჭაში კიდევ უფრო უცნაური ჩვეულებაა – ორსული ქალი ორის ნაწილს იღებს...

 

– იმე... ახლა ვინ იცის ორსულია თუ არა, იქნებ ტყუილა აქ წამობერილი მუცელი, – იოხუნჯა სილიბისტრო ჯალაღანიამ.

 

ყველაფერი თითქოს ესტატესა და ნიკოიას სურვილისამებრ მიდიოდა, მაგრამ, როცა მოინდომეს თავ-თავისი დანახარჯის აღება მიწით, ე. ი. მინაიას ხდომილ წილს დაუპირეს ჩამოკლება, ოქროპირე ისე აყვირდა, ისე აბღავლდა, იმდენჯერ ახსენა გუბერნატორი, მომრიგებელ-შუამავალი, ოლქის სასამართლო და თვით ხელმწიფე, რომ კუდი ამოიძუეს და ოქროპირს დასთანხმდენ. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / კერიასათვის