ლორთქიფანიძე ნიკო

 

მთვარიან ღამის ჩრდილში

 

 

მთვარიან ღამეში სოფლის ვიწრო, ოღრო-ჩოღრო გზა დიდ მანძილზეა დაკავებული.

ხუთი ცხენოსანი, რამდენიმე ქვეითი და სამი ურემი ბრუნდება დღეობიდან.

 

მოყვარე კარგად დაჰხვდა სტუმრებს; ყველა ნასიამოვნები მიდის სახლში: ყმაწვილები შეზარხოშებულნი არიან, მოხუცები – მთვრალნი; დედაბრებმა მოიგონეს თავიანთი წარსული, იმასლაათეს, მკვდარი აქეს და ცოცხალი გაქექეს; ქალიშვილებმა ცეკვით იჯერეს გული; ჭრელი თავსაფარი, წითელი ქოლგა ხალხს აჩვენეს, იკასკასეს, იცინეს; ბავშვებმა ირბინეს, ბურთი ითამაშეს.

 

შვილებმა იქეიფეს; დედ-მამამ მტერს თვალი დაუყენა და მოყვარეს გული გაუხარა ოჯახის ბედნიერებით.

 

როცა უკან ჩამორჩენილი ურემი ჩრდილით მიძინებულ ადგილს მოჰხვდება, ახალგაზრდა, ჩაბალახჩამოფარებული ბიჭი მივარდება ურემთან, ვიღასაც მუჯლუგუნს წაჰკრავს და ჩაუჩურჩულებს:

 

– მეიწიე აქეთ, ძღაბო!

 

– გაჩუმდი, დეიდა გეიგონებს...

 

– ნუ გეშინია, სძინავს. თუ გინდა, გეიგონოს, მაგი ჩემკენაა. საფერისცვალებოთ ისეთი ბაღდათი მოუტანე, სულ იკივლა სიხარულით. მითხრა, მე ვიციო...

 

– წადი, შე გასაწყვეტო, მომშორდი; აქ სინათლეა.

 

ბიჭი შორდება რამდენიმე ხნით. ჩრდილთან ერთად ისიც აჩრდილსავით მიეპარება ურემს. გოგოს, სანამ მოვიდოდეს, გული მოსდის, სად არის ამდენ ხანსაო.

 

– ოლიკო...

 

– ჰო, რა გინდა, რა შემიწვრილე გული?!

 

– ი ბიჭი ვინ იყო, შენთან რომ ცეკვავდა?

 

– ვინ იყო?! რა შენი საქმეა, ვინ იყო...

 

– თავს ნუ იგდებ! ვინ იყო-მეთქი? – ბიჭმა გოგოს ხელი წაატანა ხელში და მოუჭირა.

 

– ვინ იყო და ძაან კაი ბიჭი! ოქრომჭედელია... ბაბაიმ მითხრა იმას მიგცემო... იი! გასკდი გულზე!

 

– ძაღლმა შემჭამოს, თუ შენც და ისიც საშობაო გოჭსავით არ გამოგფატროთ!.. – და ბიჭმა ძალზე მიიზიდა გოგო თავისკენ, ხელი კიდევ უფრო მოუჭირა და ჩაეკითხა: – მართალს ამბობ, თუ ხუმრობ?..

 

მთვარის სინათლემ ისევ გადაკრა მათ.

 

– ვხუმრობ, ვხუმრობ! ნუ გადირიე, შეგვხედავენ!

 

მგზავრების წინ, სულ თავში, გოგოს მთვრალი მამა მიდის; ცხენზე აქეთ-იქით ეკეცება და ბუზღუნობს: ძაან კაი, შენ ნუ მომიკვდე! გვარიანათ ვიქეიფეთ, დავთვრით... ჩემი გოგო იმ ბიჭს მეეწონა... შეძლებული და კაი ხელობის კაცია. ერთი ორი კვირე კიდე და უფსკვნი ჯვარს... და.. მოვრჩები ერთ საქმეს...

 

– აბა, სიტყვა მომეცი! – მიუახლოვდა ისევ ბიჭი.

 

– რისი? – თითქოს არ იცისო იცუღლუტა გოგომ.

 

– რომ არ მიმტყუნებ, ჩემს მეტს არ ინდომებ.

 

– ჯერ შენ მომეცი. არა, შემომფიცე!

 

– შენ თუ გიმტყუნო, დამექცეს ოჯახი, წმიდა გიორგის ლახვარი მომხვდეს!

 

– შენ მეტს თუ გავყვე, ღმერთი გამიწყრეს, დედა წამიწყდეს...

 

– აბა, ნახვამდის, არ დაგავიწყდეს! – და ბიჭი გადუხვევს გზაბოძალში.

 

მთვარიან ღამის ჩრდილში მზადდება დრამა.

 

ქაღალდზე კი არ დაიბეჭდება, მსახიობები კი არ წარმოადგენენ, ცხოვრების ჭრელ დაფაზე შეეტაკებიან ხასიათები: იქნება ბრძოლა ნებათა, სურვილთა, ძალთა და უფლებათა. დამარცხებული ვეღარ იხარებს მთვარიან ღამის ჩრდილში.

 

1909

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / მთვარიან ღამის ჩრდილში