ლორთქიფანიძე ნიკო

 

მოლოდინში

 

 

 

მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია – მეხი არ დაეცეს; მინდორრ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი.

ბრძოლაა სიცოცხლისათვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამონვებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე!

მიყვარს მოწმენდილი ცა; ნიავი ოდნავ ეკარება შუბლს; ზურმუხტ ცას მზის შუქი აღიმებს; მწვანე ბიბინებს დამატკბობლად; ხეები ნაზათ იხრებიან, ვით «ჩამოვლის» დროს მოლეკურე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ჰანგზე უმღერიან თავიანთ სატრფოთ; წყნარათ მოდუდუნებს აცისკროვნებული მდინარე.

გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმედს ჰგვრის ბუნების მეჯლისი; ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება ითრგუნება, ქრება!

ოხ, ბედო, რათ მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში! მოღრუბლულა, მხოლოდ აქა-იქ დარჩენილა მოწმენდილი ცის ნაჭერი; მიზოზინებს ღრუბელი და ოდნავ მანათობელ მთვარეს ისევ ყლაპავს თავის წყვდიადში. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი; ძირს მიწაც მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო; ამღვრეული მდინარეც ვერ ბედავს ნაპირს დაეჯახოს, გვერდს უვლის ბუტ-ბუტით სალს კლდეებს; იგი დროს ელის, ელის ჭექასა და გრიგალს, კოკისპირულს წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს, გზა გაიხსნას.

კრულ იყოს ასეთი დრო მოლოდინისა, დრო ფერმკრთალი სიცოცხლისა!..  

1908 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / მოლოდინში