ლორთქიფანიძე ნიკო

 

მოქანდაკე

 

1

 

ქუთაისში დამლევ თებერვლის ნისლით ჩამობურულ ციდან წვრილი წვეთები სცემდა ბულვარის გასწვრივ ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე მიმავალ შინნაქსოვ ღაზლის შალით თავმოხვეულ დაბალ ტანის ქალსა და საზაფხულო რუხ ხალათში ჩაცმულ მაღალ ახალგაზრდა ბიჭს.

 

ორივე დაუსველებია წვიმას, მაგრამ ქალი თუ ცდილობდა ჩქარის ნაბიჯით ეარნა, ვაჟი, თითქოს ქვებში დაგუბულ ტლაპოებს გახეულ წაღებს არიდებსო, თავდახრილი ზანტად, დაფიქრებით მიდიოდა და თან დანამულ ქუდის არშიას წამდაუწუმ ისწორებდა.

 

– გამეიარე, პარმენ! რავა დასაკლავი ხარივით ძლივს აბიჯებ ფეხს?!..

 

– მეიცა, ერთი, დეიდა, რა გვინდა...

 

– შენ არ მეუბნებოდი? კავშირი თუ მოინდომებს, ყველაფერი გაკეთდებაო...

 

– კი მარა, ის კი არ მითქვამს, მათხოვრად ვიაროთ-თქო...

 

– კაი ახლა, ნუ დამიწყებ ნაზობას... ვსინჯოთ, იქნებ რამე გამოვიდეს...

 

ასე ჯიჯღინით დეიდამ და დისწულმა ჩაუარეს ბულვარს. აუხვიეს ნახევრად დანგრეულ სობოროს, სადაც სალომემ საჩქაროთ პირჯვარი გადაიწერა, და კავშირების სახლში შევიდენ.

 

ორივემ წყალი ჩამოიფერთხა, და ქალმა გამვლელ-გამომვლელთ დაუწყო კითხვა, სად არის რაბიციო, სანამ ახალგაზრდა კაცი კარებზე ზედწარწერებს კითხულობდა.

 

– აქ ყოფილა, დეიდა...

 

ორივე შევიდა ბნელ პატარა ოთახში. იქ მარტოდ მჯდომმა კაცმა გაკვირვებით თავი ასწია და შეეკითხა:

 

– რა გნებავთ?

 

– ჩვენ გვითხრეს, რაბიციო... – დაიწყო ქალმა.

 

– რაბისი, – გაუსწორა დამხთურმა კიდევ უფრო გაკვირვებით, რადგან ვერ წარმოედგინა, თუ რა საქმე უნდა ჰქონებოდათ მოსულთ რაბისთან.

 

– დიახ, დიახ რაბისი. აი ჩემს დისწულს ძალიან უნდა ისწავლოს... აი ხატვა... კიდევ სასაფლაოზე რომ პამიატნიკებს აკეთებენ...

 

– ძეგლებს?

– დიახ, ჰო ძეგლებს... აკეთებს კიდეც.

 

– ერთი სიტყვით უნდა მოქანდაკეთ გახდეს, – დაეხმარა მოხუცი... – მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? – და პარმენს შეხედა. მოხუცის ყურადღება მიიპყრო ყმაწვილის ხელში მყოფმა პატარა ქანდაკებამ. – მაჩვენეთ, ეს რაღაა? – და როცა მაგიდაზე დაუდგეს ორი მარმარილოს ქანდაკება, მოხუცმა დაკვირვებით დაუწყო ცქერა.

 

მოხუცი თვითონაც არ იყო ხელოვნების ამ დარგის მცოდნე და ამიტომ თავის თავს არ ენდობოდა, მაგრამ მაინც რამდენიმე კითხვა მისცა.

 

– სად სწავლობდით?

 

– ქალაქის სკოლა დავამთავრე...

 

– განა იქ გასწავლიდენ ქანდაკებას?

 

– არა, ერთ ხანს ძერწვის გაკვეთილებს თავისუფალ საათებში გვაძლევდა მასწავლებელი ქალი, მაგრამ ის რომ ავად გახდა, ძერწვის გაკვეთილები შეწყდა.

 

– აბა როგორ გააკეთეთ მაინც?

 

– ჩვენს ახლოს სასაფლაოს ქვების მთლელია ერთი, და მას უყურებდი...

 

– საკვირველია!.. და ასე პატარა რომ გაგიკეთებია – ეს ხომ უფრო ძნელი უნდა იყოს – ამას განსაკუთრებული, მეტად ნაზი იარაღები უნდა სჭირდებოდეს.

 

– დიდი მარმარილო ვერც ვიშოვე და თან დიდ ქვას კარგი იარაღები დასჭირდებოდა... ივანე ბერძენი თავის იარაღებს შინ არ მანდობდა.

 

– აბა რითი გააკეთეთ თქვენ?

 

– ჯაყვითა და მაკრატლის ნატეხით...

 

მოხუცმა იჭვის თვალით შეხედა. სალომეს მისი შეხედვა არ გამოეპარა:

 

– კი, ბატონო, კი, ერთი გატეხილი მაკრატელი მქონდა და იმითი უჩხიკინებდა, მაგიერად ამას ერთი თვე მოუნდა... – ჩაერია მუსაიფში სალომე.

 

– ყველაფერი კარგი, მაგრამ რაბისმა რა მოგიხერხოთ, რით დაგეხმაროთ? ამისთვის ჩვენ არც თანხები გვაქვს და არც წესდებაში გვიწერია რამე...

 

– თქვენ თუ მოინდომებთ, რამეს კი გვიშველით, – თავისებურათ შეაქო სალომემ.

 

შექების მიუღებლადაც მოხუცს უნდოდა რაიმე გამოსავალი გამოეგონა.

 

– წავიდეთ ერთი აღმასკომში... თუ რამე შესაძლებელია, დათიკო უარს არ გვეტყვის... – თქვა მოხუცმა და ქაღალდებს მილაგება დაუწყო... უეცრად მიუბრუნდა პარმენს და უთხრა: – გაიქეცი სახლში და შენი იარაღები აღმასკომში მომიტანე: სანამ ჩვენ მივჩოჩდებოდეთ, შენ მიგვასწრებ კიდეც... ხომ იცი სადაა აღმასკომი?

 

– კი, ბატონო! – და რაღაც იმედმიცემული პარმენი გაექანა. მოხუცი და სალომე ქუჩაზე გამოვიდენ. გადაეღო, მაგრამ მოხუცმა მაინც ქოლგა გაშალა.

 

 

2

 

 

აღმასკომში თავმჯდომარის კაბინეტი სავსე იყო: ინჟინერი და ექიმი, მასწავლებელი და სამხედრო პირები, პარტიულები – ყველას საქმე ჯერ კიდევ პირადათ აღმასკომის თავმჯდომარეს უნდა გადაეწყვიტა. უძინარი თავმჯდომარე, თვალებდასისხლიანებული და სახეგაბერილი მაინც ყველას უსმენდა და ზოგჯერ ალალბედზე, უფრო გრძნობაზე, ვიდრე ცოდნაზე დამყარებული, წყვეტდა მეტად რთულ კითხვებს.

 

რაბისის პასუხისმგებელმა მდივანმაც მიაღწია თავმჯდომარის მაგიდას, მაგრამ მის წინ ჯერ კიდევ ბევრი იდგა რიგში. ბედათ თავმჯდომარემ შეამჩნია და შორიდან შეეკითხა:

 

– რა უქენი, კაცო, არტისტებს, წაღები უშოვე ხომ?.. თვარა ზეგ საზეიმო წარმოდგენაა...

 

მოხუცმა ამ მიმართვით ისარგებლა, მაგიდასთან მივიდა და ხმადაბლა ლაპარაკი დაუწყო, შემდეგ ჯიბიდან ქანდაკებები ამოიღო და წინ დაუწყო; თავმჯდომარემ სინათლეზე შეატრიალ-შემოატრიალა ქანდაკებები, დაკვირვებით ჩააცქერდა, მაგრამ ეტყობოდა ამ საქმის არა გაეგებოდა რა, და დარაჯს უთხრა, ჩვენს ინჟინერს დამიძახეო.

 

ინჟინერი, სპეციალობით გზების მშენებელი, აქ ასრულებდა ხუროთმოძღვრის მოვალეობას, და, რაც ქვას შეეხებოდა, ყველაფერს მას ჰკითხავდენ.

 

– ამ იარაღითაა გაკეთებული, არ დაგავიწყდეთ! – მოძღვრავდა თითქოს მოხუცი თავმჯდომარესა და ინჟინერს.

 

ინჟინერის ექსპერტიზაც მერყევი გამოდგა:

 

– თუ ამ ბავშმა ამ იარაღებით გააკეთა, მართლა რომ დახმარების ღირსია...

 

– აბა, რა გითხრა, – მიმართა თავმჯდომარემ მოხუცს, – შენ თხოვნა დააწერინე მაგას... რამეს მოვახერხებთ.

 

მოხუცი შორს აღარ წასულა, იქვე ბლოკნოტს მოხია ფურცელი, თხოვნა დასწერა, პარმენს ხელი მოაწერინა და თავმჯდომარეს გადასცა.

 

– თქვენი იმედი გვაქ, ბატონო, თვარა ბიჭი იღუპება, – მოასწრო სალომემ მაინც ჩაერთო თავისი სიტყვა, თუმცა პარმენმა ჯლიქვი ჰკრა, გაჩუმდი, სირცხვილიაო...

 

– კი, ამხანაგო, კი, როგორმე დავეხმარებით, – მიუგო თავმჯდომარემ და მიუბრუნდა ჯარის წარმომადგენელს, რომელიც მოთმინებას ჰკარგავდა, ჯარი ჩამომიყვანია და ბინები კი არსად არისო.

 

– მაშ გამოვა რამე? – ეკითხებოდა კიბეზე მოხუცს სალომე.

 

– უსათუოდ... დათიკოს ტყუილად არ უყვარს ლაპარაკი, – აიმედებდა მოხუცი.

 

აღმასკომის კარებთან სალომე და პარმენი მოხუცს გამოეთხოვენ.

 

მოხუცმა შურით გააყოლა თვალი დაიმედებულ დეიდა-დისწულს – მას მოაგონდა, რომ ოდესღაც მასაც ჰქონდა ოცნება ყოფილიყო პაგანინი ან ბეთჰოვენი, მაგრამ არვინ გამოჩნდა ხელი შეეწყო და ნიჭი ყოველდღიურმა ჭირვარამმა შესჭამა, მისწრაფება წლებმა გასრისა და დარჩა მხოლოდ აწ უკვე შეთეთრებული, გრძელი, ბოლოებში ოდნავ დაკლაკნილი, შეთხელებული თმა, მეოცნებე ფართო თვალები და ჩვილი გული.

 

 

**

 

სალომემ და პარმენმა ვერ მოასწრეს თავისი იჭვი და იმედი ერთმანეთისათვის გაეზიარებიათ, რომ გზაზე მათ შეეფეთა მეზობელი ქალი:

 

– ჩემი ნატო არ გინახავთ?

 

– არა... რა მოხდა? – შეეკითხა სალომე.

 

– ჩემი სიკვდილი და თვალის დაფსება... დილას ლოგინში არ დამხვდა და აქამდის არსად არის... წერილი დაუტოვებია, მივდივარ, ნუ მეძებთო – და ქალი ისევ გაექანა.

 

– რიფსიმე, ბეჩა, რიფსიმე, სად მიდიხარ, მაინც არ იტყვი?..

 

– ჯანდაბაში, ჯოჯოხეთში, რა ვიცი, სად მივდივარ... მითხრეს აღმასკომს მიმართეო, და იქ... – და გაფოფრილი ქალი მიიმალა.

 

– ჰოდა, მასე უნდა მაგას!.. – ჩაილაპარაკა პარმენმა.

 

– რა იყო, ბიჭო, შენ მაინც არ იტყვი?

 

– რა და, ნატოს გათხოვება უნდოდათ თურმე... ე, ის ბანჯგვლიანი ხარაზი რომ არის, იმაზე; ნატომაც აიღო და გაიქცა...

 

– იმე! იმე!

 

– კაი ქნა სწორედ!

 

– ტყე-ტყე სიარული თუ კაი იყოს, მაგას არავინ მისცემდა, ნუ გეშინია, კაი ქალი სახლიდან ქუჩაში არ გამოვარდება, მარა შენ საიდან იცი ეს ამბავი? რომელი მესაიდუმლე გამოუჩნდი შენ ნატოს?

 

პარმენმა არაფერი უპასუხა.

 

სალომემ კიდევ გაუმეორა კითხვა, მაგრამ როცა მეორეჯერაც პასუხი ვერ მიიღო, გაჯავრებულმა ნაბიჯს უმატა.

 

– შეხედე, დეიდა, შეხედე რა მშვენიერია!

 

– რა, ბიჭო? – სალომემ ალმაცერად გახედა დისწულს.

 

– მოზვერი, დეიდა გინახავს ასეთი ლამაზი ოთხფეხი?

 

– კაი ახლა, დამანებე თავი! – მაგრამ თვალი მაინც გააყოლა ქუჩაზე ამაყად მიმავალ იშვიათი სილამაზის სანოგრო მოზვერს, რომელიც სამეურნეო სკოლაში მიჰყავდათ.

 

3

 

ჯაჭვის ხიდიდან სალომე და პარმენი მთაზე ზეაღმავალ დაკლაკნილ ბილიკს გაჰყვენ, ცნობილ ცაცხვების ჩრდილს გასცილდენ და ერთ-ერთ მოსახვევთან, ქუჩის პირიდან ერთსართულიან, ეზოდან კი ორსართულიან პატარა სახლის პატარა ეზოში შევიდენ.

 

ქვედა სართულს – პალატს, მიდგმული ჰქონდა. შეიძლება ახლაც იყოს... აი აქ გაჭირდება შესაფერი სიტყვის მონახვა... სახლი, ბინა, ოთახი, ქოხი, ფაცხა, ხულა... მე ავწერ და სახელი მკითხველმა დაარქვას: ერთი კედელი მეორე სახლის პალატის კედელია; ორ კედელს მოსახვევიდან ჩამოჭრილ ფერდობზე მიყრდნობილი ფინები შეადგენს, ხოლო მეოთხე საკუთრივ ამ შენობის კედლად განზრახული გაუთლელი ფიცრებია; ამ კედელშია ცალფა კარი, რომლის ზედანაწილში ჩადგმულია შუშა და ვითომ ასრულებს ფანჯრის მოვალეობას.

 

სახურავათ ყველაფერია ნახმარი: თუნუქი, ყავარი, კრამიტი, ჭურის ნამტვრევები და ხავსმოკიდებული სარები.

 

იატაკი აქა-იქ ამომტვრეული აგურისაა, ჭერი – ერთმანეთზე თავისუფლად მიწყობილი ფირია.

 

ფართობი ორი სულისათვის არ იყო მცირე, სანამ წვიმა არ ჩამოატანდა, და სალომე არ მოფენდა იქაურობას ტაშტებით, ქოთნებით, კოკითა და ტაფებით; სასწრაფოდ გადადგმულ-გადმოდგმული სკამ-ლოგინ-მაგიდა, ჩამოვარდნილი წვეთების ნაირ-ნაირი ხმა კი წამოაძახებინებდა სალომეს:

 

– დალახვროს ეშმაკმა ასეთი ბინა!

 

მაგრამ დაუზარებლივ მივარდებოდა მეზობელს, პარმენს, ან თვით ავიდოდა სახურავზე, რომ მიეწ-მოეწია სახურავის მრავალფერი მასალა: მერე კი შეუდგებოდა ოთხივე კედელზე და ჭერზე გაზეთების გაკვრას, და ამიტომაც იყო, რომ დეიდა-დისწულს მუდამ თავს დასცქეროდენ ძველისა და ახალი დროის თვალსაჩინო სულ სხვადასხვა პირები: გლადსტონი და ბისმარკი, აკაკი და ილია, ბეთჰოვენი და პუშკინი.

 

და ვერ შორდებოდა ბევრ ნაამაგებ კერიას, სადაც ჩამარხული იყო პარმენის ტირილი, სიცილი, სიამოვნების წამები და ავადმყოფობის ღამეები...

 

ბავში კი, პარმენი, ვერ დაშორდებოდა ამ საუცხოო გადასახედს: მწვანეში მიმალულ ქუთაისის სახლებს, მოსირმულ მთებს, შორიდან რომ სჩანდენ, დაკლაკნილ რიონს, ბოლოს რომ ტბებად ედებოდა დაფენილ ჭალას.... მაგრამ, რაც მთავარი იყო, ამ ეზოს თითქმის მუდამ ეფრქვეოდა ღობეში ჩატანებული ატმის, ტყემლის და ბროწეულის ყვავილები, პირველად აქ, ამ ეზოში, ამოყოფდა თავს ია და აქ კედლებს, ღობეებს, სახურავსა და კიბეებს გადახლართოდა სურო, გლიცინია და იასამანი.

 

დეიდა-დისწული მოუთმენლად ელოდენ აღმასკომის გადაწყვეტილებას. სალომე დღეს არ უშვებდა, რომ თუ აღმასკომში არ შევიდოდა, კარებთან მაინც არ ჩაეარა და ვინმესთვის არ ეკითხა, ჩვენი საქმე როგორ არისო. არც პარმენს დაუკლია ხელი კითხვისათვის, მაგრამ კვირა კვირას მისდევდა და გადაწყვეტილება არსად ჩანდა.

 

მათდა საუბედუროდ სადღაც დიდი კოოპერატივი გაძარცვეს, და აღმასკომის თავმჯდომარე იქ უნდა გაჩენილიყო, სოფლად რაღაც კამპანია იყო ჩასატარებელი, და ხელმძღვანელობა მასვე უნდა გაეწია, უეცრად ჯერ თბილისში და მერე მოსკოვში გაიწვიეს...

 

ვიღაც მოხელემ მთლად აურია გული სალომეს: – გაგონილა, გოროდის კლასი ძლივს გაუთავებია ბიჭს და მისი აკადემიაში გაგზავნაო, – უთხრა მან: – და ან ამ შუაწელიწადში სტუდენტის მიღება, სად ნახულაო... სჯობია, ბიჭი მოემზადოს, იქნებ სექტემბერში აქ სადმე ტექნიკუმში მიიღონ და აკადემიას რას სჩივიო...

 

ეს ამბავი პარმენისათვის არ გაუმხელია სალომეს, ბავშს გული არ გაუფუჭდესო, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ იშვიათად მიდიოდა აღმასკომში და ცდილობდა პარმენისათვისაც დაევიწყებინა აკადემიაზე ფიქრი.

 

გავიდა თვე... გავიდა ორი, და აღმასკომის ამბავი თითქმის მიივიწყა ორივემ.

 

მას მერე, რაც ორი თვის მტირალი პარმენი თერთმეტი წლის სალომეს დასარწევად ხელში ანდვეს, ასეთ საგონებელში სალომე არ ჩავარდნილა. სამი წლის დაობლებულს, ხუთი წლის პარმენს სალომემ ხელი ჩასჭიდა და აქ, ამ ქოხში გადმოიყვანა, რომ თავი ეხსნა დაქვრივებული სიძის საეჭვო ალერსიდან და პარმენი არ ჩაეტოვებია უხეში მამის და მოსალოდნელი დედინაცვლის ხელში. გაჭირვება ათასი იყო, მაგრამ დროული, და გარსშემოევლებოდა, ახლა კი რა მოუხერხოს მოწიფულ ყმაწვილს, რომელსაც სწავლა სწყურია, გზის გაკაფვა სურს და საშუალება კი არსაიდან სჩანს. სჯობია უმაღლესი სწავლა, მაგრამ როცა მიუღწეველია, არ სჯობია დროზე ეწიოს სამსახურს?!

 

4

 

– რას უჩხიკინებ, სხვა საქმე ვერაფერი იშოვე? – ეუბნებოდა სალომე და თან მარდათ აუთოებდა გაშლილ პერანგს.

 

– რა იცი, დეიდა, ხელს არ გაანძრევიებ კაცს, რომ არ დასჩხავლო, – შეუღრინა ყმაწვილმა ბიჭმა, – როცა ამ ჩხიკინით ერთი ბათმანი ფქვილი მოგიტანე, მაშინ ხომ კაი იყო...

 

– უი, თვალები კი დამეფსო... ერთი ბათმანი ფქვილისათვის გადაგაკვდი! ბიჭო, რაცხა საქმეს უნდა ეწიო, თვარა მაგი ვერ გიშველის!..

 

– წიგნს მოვკიდე ხელი და წიგნზეც ასე შემომიცაცხანე...

 

– ჰო, წიგნი... ტიტველი დედაკაცების ყურება თუ გინდოდა...

 

– დეიდა, რა ტიტველი დედაკაცები... იქ შენი ღვთისმშობელიც რომ იყო დახატული.

 

– სუ, სუ! შენი ღვთისმშობელი!.. ღმერთს ნუ სცოდავ... მით უარესი, რომ ღვთისმშობელი და ვიღაც გატიტვლებული დედაკაცები ერთად მოგიყრია და იმას აშტერდები გიჟივით... ამისთანა ეშმაკეული საქმეები ჩვენ გენერალს მოკითხე...

 

– აბა რა ვქნა? არც წიგნი წევიკითხო და არც სურათებს დავხედო.

 

– ის არ ჯობია, შვილო, ვინცხა პუშკინოვი ყოფილა თუ ლერმონტოვსკი, ის წაიკითხო... შენმა მასწავლებელმა მითხრა, იმათგან დეისწავლის რუსულსო – და აგერ შეხვალ სასამართლოში, ჯამაგირი კარგი გექნება. ჩამორჩენა კიდევ მეტი.

 

– რუსული ვიღას უნდა ახლა, დეიდა, ვერ გაიგე, რომ ქართულად არის ყველაფერი...

 

– ნუ გეშინია, შენ, რუსული ყოველთვის გამოგადგება, – ოდნავ დაუკლო ხმას სალომემ.

 

– ვინ მომაშავებს ადგილს სასამართლოში?!. შენ ისე ამბობ, თითქოს მეხვეწებოდნენ შემოდი, შემოდიო, და მე კი უარზე ვიდგე. მომზადება უნდა, მასწავლებლის ფული უნდა, ჩვენც უნდა ვიცხოვროთ ხომ, ვინ მოგვცემს ამდენ ფულს?!.

 

– შენ ოღონდ მოემზადე, და არ ვჭამ, არ ვსვამ და მაგ ფულსაც, რავარც იქნება გიშოვი. გენერალთან წავალ, დევეღრანჯები და სუდის სტოლზე კი დაგინახავ.

 

– ვინ გენერალია, დეიდა, რას ამბობ, რა ფასი აქვს ახლა გენერალს?.. თვითონ ზის უსათუოდ და შიშით კანკალებს.

 

– გენერალი იქნება, თუ პოლკოვნიკი – სულ ერთია, მუხლებზე შემოვეხვევი.

 

– სწორედ ეს არ მინდა, რომ იშიმშილო და არც ის მინდა, მუხლებზე ეხვეოდე, ვინც არ უნდა იყოს. აგერ, ივანე ბერძენი მთხოვს, სასაფლაოს ქვებზე ანგელოზები და წარწერები გამიკეთეო.

 

– რას ამბობ, ბიჭო, საფლავის ქვების საკაკუნებლად გადაგატანე თავი?! რაცხა მოქანდაკეო ის კიდო მესმის, თუმცა არც ისაა დიდი ბედენა... ახლაც აღარავინ უკეთებს მიცვალებულს ქვებს, და აწი რა იქნება, ღმერთმა იცის...

 

– მერე რაცხა სხვა გამოჩნდება.

 

– ასე ალალბედზე გინდა იცხოვრო?

 

ამ დროს ეზოში ვიღაცამ დაიძახა:

 

– ეი, მასპინძელო, არ იცით, სად ცხოვრობს აქ პარმენ ფარუაძე? ერთი საათია ვეძებ იმ ოჯახქორს და არ იქნა მისი ნახვა...

 

პარმენი ეზოში გამოვარდა.

 

– მე ვარ პარმენ ფარუაძე.

 

– დათიკო გიბარებს.

 

– ვინ დათიკოა? – ვერ გაიგო პირველად პარმენმა.

 

– აღმასკომის თავმჯდომარე, ამხანაგო! – მედიდურად უპასუხა შიკრიკმა, რომელსაც ასეთი კითხვით თავმოყვარეობა შელახულად მოეჩვენა.

 

– როდის უნდა ვნახო?

 

– როცა გინდა – იქაა დღეც და ღამეც.

 

– როდის სჯობია? – შეეკითხა ლაპარაკზე გარეთ გამოსული სალომე.

 

– ახლა სჯობია – უფრო ცოტა იქნება ხალხი, – უპასუხა წასასვლელად გაბრუნებულმა შიკრიკმა.

 

ერთი წუთის შემდეგ წინ პარმენი მირბოდა და უკან სალომე მისდევდა.

 

სალომე თან, მგონი, ლოცვასაც კი ბუტბუტებდა.

 

– მოდი აქ, მოდი, ამხანაგო, შენ ცოტა შეგიჩერე პასუხი, მაგრამ მაგიერად თბილისში მოველაპარაკე... მიდი აკადემიაში კომკავშირის მდივანთან და ის ყველაფერს მოგიწყობს. ბინასაც მოგცემს. ხვალ ბუხჰალტერთან მოხვალ... მარა, სანდრო, – გადასძახა მეორე ოთახში ბუხჰალტერს: – გამოუწერე ახლავე და, თუ შეიძლება, კიდევაც მიეცი... გუშინ რომ დავადგინეთ სტიპენდიის შესახებ... ფარუაძე... ახლა შენ იცი... ჰო, ორი წასული თვის სტიპენდიას ახლა მოგცემენ... გზაზე და პირველ ხანში იქაც გეყოფა... მეტი არ გვაქვს... შემდეგ ყოველთვიურად ორმოცდაათ მანეთს გამოგიგზავნით. ჰო, ოცი მანეთი სამგზავრო მიეცი, – კიდევ გადასძახა ბუხჰალტერს თავმჯდომარემ. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / მოქანდაკე