ლორთქიფანიძე ნიკო

 

მრისხანე ბატონი

 

(ამბავი)

 

 

 

– მიწყალე მე, უფალო, დიდითა წყალობითა შენითა! – გადიამ პირჯვარი გადიწერა და მუჭი მაგრათ ჩაიკრა მკერდში: აღთქმა ჰქონდა მიცემული, დილის პირველი სიტყვით ღმერთს შევედრებოდა.

 

ჯერ კიდევ ღამე იყო. მხოლოთ აღმოსავლეთის ღრუბელს ოდნავ გადაჰკროდა ალისფერი. ქვეყანას ახლათ მოსული მაღალი თოვლი დასდებოდა.

 

– უი, თვალები კი დამიდგეს, გათენებულა კიდეც! – წამოიძახა გადიამ, წამოჯდა ლოგინზე და თვალებს ფშვნეტა დაუწყო. – მაკრინია! მაკრინია! – მიუბრუნდა იგი იატაკზე მძინარე გოგოს, – გააჭყიტე, ძღაბო, თვალი, პირსაბანი წყალი შემოიტანე, იქნებ ძილი დევიფრთხო!

 

– უუ, რა ცივა! – უპასუხა პატარა გოგონამ და ზანტათ დაიწყო ჩაცმა.

 

– სიცივეა, თვარა მამიშენის ქოხში თორნესავით თბილა, შენმა გახეთქამ!.. ადექი!

 

გოგო წამოდგა.

 

.............

 

– ქათმებს საკენკი დაუყარე! ინდაურებს ცომი მოუმზადე! საბატე გააღე! – ისმოდა გადიას ბრძანება და გოგოებიც ციბრუტივით ტრიალებდენ.

 

გამდელის ძახილმა, ბრაგა-ბრუგით კარების გაღებამ და დაკეტვამ მოურავიც წამოაგდო ფეხზე.

 

– უი, დასწყევლა ღმერთმა, ნამდვილი ეშმაკის ფეხია, არც დღე სძინავს და არც ღამე.

 

მოურავმა გადასცა ხაბაზს ფქვილი, მზარეულს დასაკლავი ცხვრები და ქათმები, ბიჭებს თავლაში, ბოსელში, მარანში სამუშაო მისცა და ფეხაკრეფით ავიდა ოდის აივანზე; ნელა გაიარა მოაჯირიანი აივანი, დარბაზი და დაჯდა პატარა ოთახის კუთხეში მიმდგარ ტახტზე. მერე ადგა, თაროდან ჩამოიღო ახლათ მოტანილი სურა და სინჯვა დაუწყო. შენი გამკეთებელი კი ვაცხონე, მადლიანი ხელი გქონია, – ფიქრობდა მოურავი.

 

მართლაც, სურის გამობერილ შუა ტანში ოთხი სურათი იყო, ერთი მეორეზე მეტის შნოთი და ლაზათით ამოჭრილი.

 

პირველ სურათზე ქალი პირის დასაბანათ სურით წყალს უსხამს ყმაწვილს.

 

მეორეზე – ცხენოსნები და მეურმეები მოჩუხჩუხე წყაროზე სურებს ავსებენ საგზაოთ წყლის წასაღებათ.

 

მესამე სურათი წარმოადგენდა სუფრაზე შემომსხდარ საზოგადოებას, რომელსაც სურით ღვინოს უსხამს მერიქიფე.

 

მეოთხე სურათზე შემოსილი მღვდელი ტრაპეზზე სურით ღვინოს ასხამს ბარძიმში. სურას ყელზე მტევნებით სავსე ვაზი ეხატა, ქვევით, ძირზე ეწერა ულაზათო ლექსი:

 

 

სიამოვნებით დავხატე

სურა კაცთა მრგებელი;

მიხსენე, ვინც იხმარო,

გიგო, ოქროსა მჭედელი.

 

– ეი, კოსტა, – დაიძახა ცოტა ხნის შემდეგ ოთახიდან ვიღამაც.

 

მოურავმა ფეხაკრეფათ შეაღო წინა ოთახის კარი, გაიარა დარბაზი და მოწიწებით მიადგა საწოლ ოთახს.

 

– მე მიბრძანებ, ბატონო?

 

– ჰო, შენ, აბა ვის, ეშმაკს?! შემოდი!

 

მოურავი შევიდა და კარებთან აეტუზა.

 

– რა ამბავია?

 

– მშვიდობა, ბატონო!

 

– მოთოვა?

 

– დიდი, ბატონო!

 

– მეთოვლეები გაგზავნე სახურავზე?

 

– კი, ბატონო!

 

– სხვა რა იცი?

 

– თქვენი მშვიდობა, ბატონო, სახურავის ბიჯგები შესუსტებულა. თუ მიბრძანებ, ახლავე დავიწყებ მარაგობას და თოვლი რომ გადავა, გავაკეთებ.

 

– შენ იცი... აბა, ფარეშს უბრძანე წვერი მომპარსოს და პირი დამაბანინოს.

 

– ახლავე, ბატონო.

 

.............

 

ბატონი გამოვიდა აივანზე.

 

– უ, რომ მცოდნოდა, საყურდგლეს წავიდოდი. ჩემი ასკერეი დამეხუთება; რამდენი ხანია, აბა, სანადიროთ არ ვყოფილვართ?..

 

– ორი კვირეა, ბატონო!

 

– მართლა, ლაბაშა რას შვრება? – მიუბრუნდა ბატონი კურძვალთ უხუცესს.

 

– მორჩა, ბატონო, ხვალ კიდევ და მერე სანადიროთაც წაიყვანება.

 

– ზანგს კიდევ არ მოუგია კვიცი? – გადაჰხედა ბატონმა მეჯინიბეს.

 

– არა, ბატონო! დღეს მოუწევს დრო.

 

– სტყუი! ჩემის ანგარიშით, გუშინ უნდა ყოლოდა.

 

– არა, ბატონო! შარშან 28 მარტს გევიდა.

 

– კოჭო. თქვენ ჟუჟუნა გახსოვთ. ის კი ჯორით არის მაკე!

 

– ეს ვინღა მორბის, მოურავო?

 

– არ ვიცი, შენი რისხვა არ მომეცეს, ჩვენებური არ არის.

 

ჭიშკარში უფრო შემოვარდა, ვიდრე შემოვიდა კაცი, რომელსაც ამ სიცივეში გული გაეღეღა და ისე მორბოდა.

 

– გამარჯობა! – მისცა სალამი ბატონმა.

 

– ღმერთმა გაგიმარჯოს, დღე გრძელი მოგცეს, ბატონო!

 

– რა დაგემართა, ასე გიჟივით რომ მორბიხარ?

 

– ბატონიშვილი პაატა ღრმა პატივისცემით მოგიკითხავს და ამ წერილს მოგართმევს, – და შიკრიკმა ბატონს გადასცა მრგვლათ დახვეული მოყვითალო ბარათი, ორს ადგილს დაბეჭდილი. წმინდა სამება, ერთარსი და ღვთისმშობელი მარიამი და მფარველი ანგელოზები გწყალობდეს და გფარავდეს ბატონო და საყვარელო ცოლისძმაო ლევან! სხვა, ოდიშის ახალგაზრდა ბატონიშვილს, ჩემს სიძეს, შემოუთვლია, გეწვევიო. დაპირებისამებრ მსურს შეგყაროთ ერთად და გეახლებით, ვითომც სანადიროთ. ბატონიშვილს ეხლება ასი ცხენოსანი, რჩეული. მეც წამოვიყვან ას ქვეითს და ორმოც ცხენოსანს. სხვები მათ მოყვება.

 

წერილი ესე მიეცი წაკითხვისა უმალ ცეცხლს, რათა შეყრილობისა ჩვენისა მიზანს თვალი არ მიაპყრან.

 

დედაჩემი ელენე პატივით მოვიკითხავთ. დედასა თქვენსა მოწიწებით ხელს ვეამბორები და პატარა ვარდოს ძმურად ვაკოცებ. თქვენი და სიყვარულით ჩაგეხვევათ და გულს გეამბორებათ. ერთგული ლხინში და ჭირში ძმა.

 

ბატონიშვილი პაატა.

სახელითა ღვთისათა, ამინ.

 

ლევანმა ხელმეორეთ გადაიკითხა წერილი. ნასიამოვნები დარჩა. მაგრამ როცა თვალები წერილს დააშორა, შეამჩნია, რომ დოსტაქარი, სპარსელი იუსუფა, თითქოს მიწიდან ამომძვრალაო, უკან იდგა და არაჩვეულებრივის დაკვირვებით ადევნებდა თვალს.

ბატონმა წერილი შეახვია და იქვე მდგომ მაგიდაზე დააგდო, თითქოს უმნიშვნელო რამ არისო.

 

– როდის წამოდი? – დაეკითხა შიკრიკს ბატონი.

 

– ამ დილას, ბატონო.

 

– სტყუი! ჯერ ჩვენ საუზმეც კი არ მოგვისწრია.

 

– ბატონიშვილი რევაზი არ მომიკვდეს!

 

– ვინ არის რევაზი, რას ბჟუტურობ, ყაზახო! – მრისხანეთ შეუტია ბატონმა.

 

– თქვენი სიძის უფროსი ვაჟი, ბატონო.

 

– ვიცი, მაგრამ ოჯახის მემკვიდრე დავითია, ბრიყვო! – რევაზი პირველი ცოლის ხელში ჰყავდა ბატონიშვილს პაატას, ხოლო დავითი – სოფიოს, ლევანის დისწული იყო. ამიტომ გარისხდა ლევანი. ამაზე მეტის თქმა კი ვერ გაბედა, რადგან შიკრიკის შეურაცხყოფა თვით პაატას შეურაცხყოფა იქნებოდა. – კარგი, შენს თავს კი გამოვართმევ ბატონიშვილს და მაშინ ნახავ, ვინ უნდა გყავდეს საფიცრათ!..

 

შიკრიკი ისევ ქუდმოხდილი, თავშიშველი, ფეხებგადაჯვარედინებული იდგა; ოფლი ღვითქათ მოდიოდა და ორთქლი ოხშივარივით ასდიოდა. რაც იქნება, ღვთის მადლია, მე კი ჩემს ადათს არ გადავალ, თუ გინდ შანთით დამწვან, – ფიქრობდა შიკრიკი და კიდევ უფრო თავის დახრით გააცილა ბატონი, რომელიც თავის ოთახში მიდიოდა წერილით ხელში. როგორც კი ოთახში შევიდა, ლევანმა წერილი ბუხარში შეაგდო და შემდეგი დიპლომატიური უსტარი დასწერა: უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ჯვარცმულისა და მესამესა დღესა ზეაღდგომილისა და ათორმეტთა მისთა მოციქულთა ლოცვა და კურთხევა მწყალობელს სიძეს და ბატონიშვილს პაატას.

 

სიხარულითა დიდითა შევიტყვეთ წერილითა თქვენგან, რომ მობრძანდებით თქვენ და სიძე თქვენი, აფხაზეთის მთავრის შვილი, სანადიროთ. სანადიროცა და სახლიცა ჩემიცა თქვენდა ფეხთა მტვრათ იყოს და თქმულსა მოწყალებაზე უარობას ნუღარ განიზრახავთ. ვინადირებთ, ვითა ფრიდონ, ავთანდილ და ტარიელ. უთვალავ არს აქა ირემი და შველი, დათვი და ზოგან ვეფხიც.

 

გეაჯები აგრეთვე დისა ჩემისა წამოყვანებასა, ვითარმედ და ჩემი, პატარა ვარდო, მოუთმენლათა ელის თავის უფროს დასა, აღმზრდელსა და საყვარელსა, და დედაი ჩემი ღრმათ მოხუცდა და მუდამ ევედრების ღმერთსა, რათა ეღირსოს უკანასკნელათ ხილვა შვილისა და შვილიშვილისა.

 

შერვაშიძის შვილისთვის საჩუქრათ მყავს არაბულისა ჯიშისა ცხენი საკვირველი, რომელი აჩუქა სულთანმა არზრუმის ფაშას და ბრძოლის დროს გატაცებულ იქმნა ერევნის ხანის მიერ. იგი შემკულია თვით შერვაშიძის წინაპრის ნაქონი რახტით, რომელიც უბოძებია პეპერა ჩემისთვის გურიელს.

 

სახელითა მამისათა და ძისათა სულისა წმიდისათა, ამინ!

 

უღირსი ცოლის ძმა, მორჩილი მეფისა ლევან.

 

..............

 

– რა ამბავია, ზალიკა?

 

– მშვიდობა, ბატონო! ოღონდ მთაში დიდი თოვლი ჩამოწვა და არ ვიცით, რაი ვქნათ, შინაურ პირუტყვს, საქონელს ქე მოვუარეთ ღვთისა და თქვენის წყალობით. ცხენები, ღორები, თხა და ცხვარი ჩამოვდენე; ძველი არ ეყო და ახალი თავლები დავაწნევინე; რაღაც ღმერთმა ჰქმნა, ჯერ კიდევ შარშანდლიდან დარჩენილი თივა, ჩენჩი და ნეშო მქონდა შენახული და ვკვებავ.

 

– აბა რაღა გაწუხებს? ყველაფერი კარგათ ყოფილა.

 

– ირმები ჩაეფლენ, ბატონო, თოვლში, მათი უცოდველი ხეში მატლი არ არის. ჩემი ბიჭი გახლდათ და ასე სთქვა, მორცხვ ჭირისუფალივით სტირიანო.

 

ბატონი ჩაფიქრდა.

 

– ღომი ბევრი გაქვს?

 

– გახლავთ, ღვთისა და თქვენი წყალობა.

 

– მჭადის-მჭადი?

 

– კიდევ მეტი.

 

– მაინც?

 

– ხუთი ბეღელი გახლავთ.

 

– იცი რა, ზალიკა! წადი ახლავე, ჩემი ხუთი ბიჭი წაიყვანე, გზას გაგიკვლევენ, თვარა ძნელია ამ მაღალ თოვლში გატნევა. რაც მოსახლე და სოფელი ნახო, ყველა გამოიწვიე. ვისაც რამდენი ღომი და მჭადის-მჭადი ექნეს, წაიღეთ მთაში და დაუყარეთ ჩაფლულ ირმებს.

 

– ნუ გამირისხდები, ბატონო, ეს არ მართებს სოფლებს.

 

– არა!.. წესათ არ შემომაქვს, დამეხმარონ. ორწილათ დაგიბრუნებთ: ყველას ვანთავისუფლებ სამის წლით ღომის, მჭადის-მჭადის და ჩალის გადასახადისაგან. თქვენს ეკლესიას ზარა სჭირდება, იმასაც მე გამოგიგზავნით.

 

– გადღეგრძელა ღმერთმა!

 

– რამდენი ხელოსანი მყავს იქ?

 

– ცხრა!

 

– მემორჩილებიან?

 

– კი... – და ზალიკა საიდუმლოთ შეჩერდა.

 

– დაათავე...

 

– ვერ დაგიმალავ, ბატონო, ზედა-ტყისელი გლეხები არ გემორჩილებიან. თქვენგან ნაბრძანები ჰქონდათ, ლეჩხუმისკენ არ წასულიყვნენ სათარეშოთ, მარა არ იჯერებენ, დაძვრებიან ჩუმ-ჩუმათ.

 

– რატომ ბედავენ, თუ იცი?

 

– რა მოგახსენო, ბატონო! თქვენ უფრო მიხვდებით, მარა ჩემი მოკლე ჭკუით ისე შევატყვე, რომ ჩვენგან სიშორე აიმედებს მათ და თქვენი ბიძაშვილიც აგულიანებს. ხუმრობა კი არ არის, ორი დღის სავალზე არიან; ნახევარი დღის სავალზე სხვა მოსახლე არ ახლავთ, ჩვენებური იქით ძვირათ ავა, რომ ამბავი მათგან გაიგო, და აქეთ რომ ჩამოვლენ, აბა რას იტყვიან? ასე ფიქრობენ, თუ ბატონი ძლიერ გაგვიწყრა, დადიანს მივემხრობითო.

 

– იმათთანაც გაგზავნე კაცი და ჩემი ბრძანება შეუთვალე.

 

– ბატონო, ასე უეცრათ ნუ ინებებთ, მთლათ არ გადაგვიდგენ.

 

– ეს ჩემი საქმეა. გასწი, ნუ იგვიანებ. ჰო, ჩემი ბიძაშვილი სად არის ახლა?

 

– ლეჩხუმშია დედასთან.

 

– მერე ციხე მიტოვებული აქვს?

 

– ძიძიშვილი ჰყავს დატოვებული; მას არ ჩამოუვარდება ვაჟკაცობაში, ციხეში ასამდე მეომარია.

 

– თან რამდენი წაიყვანა?

 

ნამდვილი არ ვიცი, მოსაზღვრეებმა მითხრეს, ცხენის კვალზე, ასე, სამოცი-ოთხმოცი კაცი უნდა ჰყავდესო. ასეც იქნება, – მთლათ მისი ჯარი ორასი კაცისაგან შესდგებოდა. შორეული სოფლები ახლოს გადმოასახლა, – ციხიდან წირვის გამოსვლამდის შეუძლია მიეხმაროს, სადაც საჭიროება მოითხოვს.

 

ლევანმა დაწვრილებით გაიგო ძმისწულის მდგომარეობა ისე, სხვათა შორის, თითქოს ამბავი მისთვის უმნიშვნელო ყოფილიყოს; თვით მთის მოურავიც ისე ელაპარაკებოდა, თითქოს სიტყვას მოჰყვაო.

 

..............

 

დანიშნულ დროს ბატონიშვილი პაატა, აფხაზეთის მთავრის შვილი და ლევანი შეიყარენ. პაატას თავისი მეუღლეც, ლევანის დაც, მოეყვანა.
თავის სახლს მოსული ქალი დამ და დედამ გულმხურვალეთ მიიკრეს მკერდზე და ცრემლნარევ ღიმილში ჰკოცნიდენ ერთმანეთს. უხაროდათ, რომ ამ არეულ დროს ყველა მშვიდობით იმყოფებოდა და ერთმანეთს მხიარულათ შეხვდენ.

 

თვითონ ლევანი ვერ იყო გუნებაზე: დაპირებულ სამასი კაცის მაგიერ ამ ორ დიდებულს სულ ასი კაცი ახლდა და ისიც უფრო ფარეშები, ბაზიერები, ხანჯლითა და შუბით შეიარაღებული.

 

აფხაზეთის მთავრის შვილი და პაატა თავს იმართლებდენ, ძლიერ მოგვიჩქარე და ამ თოვლში ცხენოსნები ვერ წამოვიყვანეთო.

 

ლევანი ახლა კიდევ უფრო ცდილობდა საიდუმლო მოლაპარაკება ნადირობათ გადაექცია.

 

მოსვლის მესამე დღესვე მთელი ეს აუარებელი ხალხი, ლევანის სპა-ჯარით შევსებული, მთისკენ გაემართა.

 

ჯერ კიდევ თოვლი იდვა. რაც უფრო მთას უახლოვდებოდენ, თოვლი უფრო და უფრო მაღალი იყო. ცხენები იფლებოდენ თოვლში. ბოლოს ჩამოხტენ, ცხენები უკანვე გააბრუნეს და თხილამურებით შეუდგენ მაღალ მთას.

 

ტყე სრულიათ დაფარული იყო თოვლით, მხოლოთ ალაგ-ალაგ პატარა ბუჩქებათ მოსჩანდა ასწლოვანი წიფელის, მუხის, წაბლის და ცაცხვის წვერები.

 

აქა-იქ შეხვდენ მონადირეები თოვლში ამოთხრილ ორმოებს, რომელშიაც ირმები იყვენ, ძლიერ გამხდარი, მოწყენილი, და ძლივს აკარებდენ პირს გოდრებში ჩაყრილ ღომსა და მჭადის-მჭადს.

 

გადაწყვეტილი ჰქონდათ შველისა და ირმისათვის ხელი არ ეხლოთ.

 

ლევანი ყველაზე წინ მიდიოდა.

 

უეცრათ ძალღმა თოვლის ფხოკნა დაიწყო.

 

ლევანი დააჩერდა.

 

– აქ კაცის ნაკვალევია, ადამიანი არ იყოს შიგ. ჩაფლული! აბა, ლაბაშა, ეცი! აა, ლაბაშა!

 

ძაღლი უფრო და უფრო ფხოკნიდა თოვლს. ჯერ გამოჩნდა გოდორი, მერე გატყავებული ირმის რქებმოხსნილი თავი, ფეხები...

 

– ხელოსანო, აქ ვინ უყრიდა ღომს ირმებს?

 

– ზედა-ტყისელები!..

 

– სადაა მათი მამასახლისი?

 

– აქ ვარ, ბატონო, – ფერმკრთალი ვაჟკაცი წინ წამოდგა.

 

– ეს რაა?

 

– ნუ შემრისხავ, ირემი კოჭლი იყო და ბრუტიანი... დაძაბუნდა და...

 

– თქვი, ვინ დაკლა ირემი?

 

– ჩემმა შვილმა.

 

– მომგვარე ახლავე.

 

– არ ვართ დამნაშავე, ბატონო, ბრიყვობით მოუვიდა, არ იცოდა, თუ გეწყინებოდა.

 

– ნუ სულელობ!

 

– შენ დაკალი, ბიჭო, ირემი?

 

– მე, ბატონო.

 

ყმაწვილი ბიჭი სიმაღლით სამი ადლი იქნებოდა; შესაფერი მხარ-ბეჭი ჰქონდა; სრულ ჩოხას ეტყობოდა, თუ რა დევგმირის ტანს ჰფარავდა.

 

– ექიმბაშო, ამას ცოტა თვალი სტკივა და მოურჩინე.

 

ექიმბაში საკვირველი ღიმილით მიუახლოვდა ყმაწვილს, მარცხენა თვალის უპე ჩამოსწია და... ხარის ოდენა შავი თვალი თეთრათ გადმოტრიალდა.

 

ამოდენა ვაჟკაცი უხმოთ დაეცა თოვლზე.

 

– ირემი კოჭლიც იყო, ექიმბაშო... – ბრძანა ისევ ლევანმა.

 

ექიმმა ოდნავ ჩასწია პაიჭი, საცვეთიდან ამოაძრო შალვარი და საცვალი, გამოაჩინა ტიტველი, კაჟსავით მაგარი მუხლები და თეთრ თოვლზე ჩქეფით დაიწყო დენა სისხლმა.

 

– მამასახლისო, ახლა წადი და თქვენებს უთხარი, ბატონი ლევანი მოწყალეა, მაგრამ მისი სურვილის წინააღმდეგ თუ ვინმემ საკუთარი წამწამი შეარხია, ურჩევნია თვითონვე დაითხაროს ორივე თვალი.

 

ნადირობა გაუგემურდა.

 

თვით აფხაზეთის მთავრის შვილი, რომელიც თხებივით ჰყიდდა ოსმალეთის ბაზარზე ტყვეებს და საკუთარ ყმებს, შეძრწუნდა.

 

დამფრთხალი ბიჭები, მონადირეები დარბოდნენ აქეთ-იქით.

 

როგორც კი ერთი დათვი მოჰკლეს, უკანვე დაბრუნება არჩიეს.

 

შერვაშიძე მხოლოთ მეორე დღეს მოვიდა გუნებაზე. ლევანს სურდა სტუმრები მალე მოეშორებინა თავიდან, მთელი ნადირობა მხოლოთ სანადირო სეირნობათ დაესახა და ამიტომ დილითვე გამოაყვანინა სამეჯინიბოდან რახტით შეკაზმული არაბული ცხენი.

 

პაატას კი მოართვეს ოქროში ამოვლებული ორი ცხრა ვერცხლის ლანგერი, სამი სევადით მოჭედილი ხონჩა და ცხრა ვერცხლის სუფრა-ყასუმი. დანარჩენს სტუმრებს ვის დამბაჩა ერგო, ვის ოქროს საპირწამლე, ვის სურა, კულა. უკანასკნელი ფარეშიც არ დარეჩნილა დაუსაჩუქრებელი.

 

ყველა მიხვდა, რომ ლევანი უკმაყოფილო იყო, მაგრამ სიამაყე ნებას არ აძლევდა უცხო დიდებული სტუმრები ცუდის საჩუქრებით გაესტუმრებია.

 

წასვლა სტუმრებმა მეორე დღისათვის გადასწყვიტეს.

 

როცა საღამოს, ნავახშმევს, სტუმრები და მასპინძლები გაყრას აპირებდენ, აფხაზეთის მთავრის შვილმა შეაჩერა ლევანი:

 

– განშორებამდი ცოტაღა დრო დარჩა. ჩემი სურვილია ამ საქმეში ჩემს ცოლისძმას ვასიამოვნო, თქვენი გული მოვიგო და როგორც კაცთა წესია, გულახდილათ ვამბობ, ჩემთვისაც სარგებლობა გამოვიტანო, ახლა ყოველივე გამჟღავნებულია. ვინ დაიჯერებს, რომ ამ უსაშველო ზამთარში დათვზე სანადიროთ მოვედი მე აფხაზეთიდან და პაატა კი მხოლოთ იმიტომ წამობრძანდა, რომ ცოლოური მოენახულებინა.

 

ლევანმა, რაკი შეატყო, აქ აღარაფერი გამოვაო, მთელი მიზანი იუარა. პაატას ხუმრობაში რაღაც უთხარი შარშან, თორემ არავითარი გადაჭრილი და გადაწყვეტილი არა მქონიაო.

 

სტუმრებმაც აღარ დაუჟინეს და მეორე დღეს დილას აბარგდენ. სამუდამოთ ძმობა და დახმარება შეჰფიცეს ერთმანეთს და გაშორდენ.

 

მხოლოთ პაატას მეუღლე ვაჟიშვილითურთ დარჩა დედულეთს გაზაფხულამდი.

 

პაატამ დასტოვა აგრეთვე შიკრიკი, რომელიც წინათ ითხოვა ლევანმა. დიდხანს უარობდა, მაგრამ ცოლმა დაარწმუნა – ლევანს იმ ბიჭის ჩუქებასავით არაფერი იამებაო.

 

შიკრიკი ისეთის საშინელის წამებით მოჰკლეს, რომ პაატას ყმათა შორის ხმა გავარდა, ვინც რევაზს დაიფიცებს, მიემხრობა, მოუვლის, მას ბატონი ჯოჯოხეთში ცოცხლათ ჰგზავნისო.

 

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / მრისხანე ბატონი