ლორთქიფანიძე ნიკო

 

რაინდები

 

1

 

ვისაც გამოუცდია დიდი ავადმყოფობა, ახსოვს ბოდვა, ტკივილების დროს ჩანგი თუ არა, ზღაპარი მაინც მოუსმენია, – იგი გაიგებს ჩემს სულისკვეთებას და სასიამოდ დარჩება არეული ისტორიის, დავიწყებული ზეპირგადმოცემების და დაღლილი ოცნების ხლართი მწარე ღამეებში ნაღვლიანი ფიქრების გასაფანტავად შეკონილი.

 

კარებთან ვიღამაც ორჯერ-სამჯერ მორიდებით, მაგრამ განგებ ჩაახველა.

 

– ვინა ხარ მანდ?

 

– მე გახლავარ, ბატონო, გიორგი...

 

– ვინ გიორგი? შემოდი...

 

ფანჯარასთან მჯდომი დედოფალი ეზოს თვალს ვერ აშორებდა...

 

– აა! შენა?.. მოდი, მოდი! შეხედე, თუ კაცი ხარ: განა მართლა გიჟი არ არის ჩვენი არჩილი?

 

ახლად შემოსული სავარძლის უკან დადგა და ეზოში გადიხედა.

 

საკვირველი დაინახა:

 

მეფის ძმა არჩილი ჩამჯდარიყო და ხმალს ფეხებში უქნევდა ახოვან კაცს, რომელიც ყოველ მოქნევაზე ახტებოდა; სისხლიც აჩნდა აქა-იქ უცნაურ ჯამბაზს...

 

– არჩილ, ღვთის გულისთვის, გაუშვი! რა დაგემართა?..

 

– ახლავე ქალბატონო, ახლავე...

 

არჩილი წამოდგა, ოდნავ გასისხლიანებული ხმალი ბიჭს გადასცა.

 

უცნობი ვაჟკაცი შეჩერდა, სული მოითქვა. უცერად მის ყურებთან დამბაჩა გავარდა... ვაჟკაცი ერთი შეკრთა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია არავისთვის...

 

– ახლა დაისვენე... ფეხები დაიბანე და არაყი გადისხი – არა გიშავს რა! – ბრძანა არჩილმა.

 

– რა ამბავია, ქალბატონო? – დაეკითხა ოთახში მყოფი დედოფალს.

– სასაცილო ამბავი, სასაცილო, ჩემო გიორგი!.. ამასწინათ ბატონი და არჩილი დანაძლევდენ, არა ჩემი ყმები უფრო ვაჟკაცები არიან და არა ჩემიო... ბატონმა აი, ახლა რომ არჩილი აწვალებდა, ის გამოიყვანა, არჩილმა – ახალგაზრდა პირტიტველა მესხი. რავა გვეგონა, ამხელა მუტრუკს თუ ტუჩზე რძე შეუშრობელი ყმაწვილი დაიჯაბნებდა...

 

დედოფალი ამ სურათმა გამოაცოცხლა. პირზე ღიმი მოუვიდა, ფეხზე წამოდგა:

 

– როცა მესხმა იძრო ხმალი და დაატრიალა, ეს ლეჩხუმელი ხესავით დადგა, ძლივს ამოიღო ხანჯალი, დახუჭა თვალი, დაიწყო ღრიალი: ხუთი ნუ მოდიხართ, ერთი მოდი! ხუთი ნუ მოდიხართო. სიცილით დავიხჩვით. მეფე გაჯავრდა, ასწია და ის კაცი არჩილს აჩუქა. არჩილი ახლა იჩემებს: რა ვაჟკაცი მქვია, თუ ერთი ლაჩარი ვერ გავაგულადეო!  ამიტომ აწამებს... ურჯულოსავით...

 

– ჰმ! – გაეცინა გიორგის.

 

– საიდან გაჩნდი? – დაეკითხა დედოფალი.

 

– ტყიდან გიახელი, დედოფალო.

 

ჩქარის ნაბიჯით ოთახში შემობრძანდა მეფე იმერეთისა.

 

შეჩერდა.

 

შეხედა.

 

– გეძებ, ვერ გპოულობ. სად ხარ? – დატუქსვით მიმართა მეფემ.

 

– ნამოხვანში გახლდი...

 

– რაო?!

 

– ნამოხვანში გახლდი, წისქვილის ქვებს ვტეხდი...

 

– მეწისქვილობა დამიწყე, როცა მე ომისთვის ვემზადები?!

 

– არაფერი მსმენია, მეფეო...

 

– საქმეც ისაა... რომ დაიკარგები, ხმას ვერ მოგაწვდენს ადამიანი.

 

– რა ვქნა, მეფეო, რჩენა მინდა და ხელი უნდა გავანძრიო. გიორგი შეჩერდა და ელოდა, იქნებ ახლა მაინც წამოცდეს რაიმე წყალობაო.

 

– შენს ვაჟკაცობაზეა დამყარებული: ვერცხლიც შეგიძლია იშოვო და ყმაც.

 

– ვის ეომები, მეფეო? – წყალობაზე იმედგაწყვეტილის ხმით შეეკითხა გიორგი.

 

– ვეხმარები ოდიშის მთავარს აფხაზთა მთავრების წინააღმდეგ!

 

– როდის წაბძანდები?

 

– ზეგ დილით.

 

გიორგი ჩაფიქრდა.

– მაშ, გავსწევ, წისქვილს მოვაწყობ და...

 

– გადირიე? ისედაც მცირეა ჩემი ლაშქარი!..

 

– მეფეო, სანამ თქვენ შარაგზით აფხაზეთის საზღვარს მიუახლოვდებოდეთ, მე მცირე რაზმით წინ დაგიხვდებით... მე ვიცი მოკლე გზები.

 

– მეც იმ გზით წავალ...

 

– ვერა მეფეო, მე მეყოლება სულ ხუთიოდე ცხენოსანი, ორი საბარგო ჯორი და ოციოდე ქვეითი. მათი ბილიკზე გაყვანა ადვილია, თუმცა ზოგჯერ ცხენების დაგორებაც კი მოგვიხდება. ათასი კაცი კი, თუ არ გაიშალა, ერთმანეთს დაასახიჩრებს..

 

– უშენობა დაემჩნევა ჯარს.

 

– მეფეო, ნუ დამიშლი წისქვილის დამთავრებას... მეცინოდენ, ქვას ვერ იშოვნის და სათავის კეთება ტყუილა ჩაუვლისო... ამეღამვე ჩავიტან მასალას, ხვალ და ზეგ უკვე ავარიკრიკებ წისქვილს, სახლიკაცების გულის გასახეთქად... თუ გნებავს, ჩემს კაცებს გამოვაწყობ და მოგართმევ, მე კი ორის მხლებელით პირდაპირ წავალ და ენგურის პირად დავიცდი: იქაური ადგილები ვიცი, მაგრამ ომის წინ მივლა-მოვლა კარგია...

– უსარდლოდ მაინც როგორ იქნება ჯარი, – უპასუხა ჩაფიქრებულმა მეფემ.

 

– სარდალი თვარა, მე რომ გაწრთვნილი ჯარი მყავს, მისი ჭირი არ იქნა!.. მე ჩაგისწრებთ, თუ თქვენ გიახლებით, ჯარს ჩვეულებრივ დავრაზმავ, ძველებურად შევძახებ, წინ წავალ, და თუ არ გამომყვებიან, მაშინ – პატივი თქვენთან მომითხოვია... – და სარდალმა ისეთი ორსართულიანი გინება ჩაახაჭაპურა, რომელსაც გვირგვინოსანნი კადრულობდენ, მათთან მომუსაიფენი ბედავდენ და რომელსაც ახლა ასოთ-ამწყობიც კი არ აპატიებს მწერალს.

 

მეფემ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში.

 

– ბედნიერია, ვისაც გაწრთვნილი ჯარი ჰყავს – მცოდნე იარაღის ხმარების, შეტევის და მოგერიების, – შენიშნა გიორგიმ.

 

– ნუ გეშინია, ჩვენც გვეყოლება გაწრთვნილი და მუდმივი ჯარი.

 

– მე ვერ მოვესწრები და...

 

– ჩვენი შვილები მოესწრებიან...

 

– ღმერთმა გისმინოს...

 

– აბა გიახლები... დროა, ბატონო...

 

– წადი, შვილო, კეთილი გზა მოგცეს ღმერთმა.

 

– ენგურის პირას დაგხვდები, მეფეო.

 

– კარგი... ოღონდ...

 

– მეფევ როდის იყო...

 

– ვიცი, ვიცი...

 

ოდნავ შეჩერდენ. სათქმელი აღარაფერი იყო.

 

– შემოსვლისას სალამი არცერთმა არ მაღირსეთ, ახლა მაინც მიბრძანე, – ღიმილით სთქვა გიორგიმ. მეფესაც გაეღიმა.

 

– გზა მშვიდობისა, ჩემო გიორგი! მომიკითხე ჩემი ნათლული. გიორგიმ გულზე აკოცა მეფეს; დედოფალმა თავში მოჰკიდა ხელები მიმავალს და ძმურად თავზე აკოცა.

 

– ჩემს ბატონს შენ გაბარებ, აბა შენ იცი...

 

– კაი ბავშს კი აბარებ... – გაეცინა მეფეს...

 

– რა ვქნა, დედოფალო, ომში მე არაფერს დამიჯერებს... უზნეო ბავშია, – იოხუნჯა გიორგიმ, მდაბლად ორივეს თავი დაუკრა.

 

– დედოფალო, კალთას გეამბორები... მეფეო, თაყვანის-ცემა! – და სარდალი ფარდის იქით მიიმალა...

 

– ასეთი ერთგული და გონიერი კაცი რო ერთი ასი მყავდეს! – ინატრა მეფემ.

 

– აი, მე რომ არ მიჯეროდი, განრისხული გყავდა!..

 

– ვცდებოდი, ჩემო გვრიტო...

 

ბნელდებოდა.

 

– ... შენ ხარ მხოლოდ გულთა-მხილავი და წინათმგრძნობი.

 

ბნელდებოდა.

 

– რამდენი ხვეწნა და მტკიცება დამჭირდა და... რამდენი გევედრე შეგერიგებია – რაღაც მინაზებულის ხმით უპასუხა დედოფალმა.

 

ბნელდებოდა.

 

– სულ ხომ მე არ უნდა გეხვეწო, ერთხელ მაინც შენ მეხვეწე... – მაცდურის ღიმილით სთქვა მეფემ.

 

ბნელდებოდა...

 

და დაიწყო მოსაყირჭებელი ალერსი – ნახევი და ნაგლეჯი ტარიელ-ავთანდილის მიჯნურობისა, სპარსული მგოსნებისა, თეიმურაზის ლექსებისა, რომელნიც ახლაც ისმის ბაიათებსა და მუხამბაზებში...

 

აქ იყო კოკობი ვარდი, ალვის ტანი, თუმცა დედოფალი კარგა შემრგვალებული, თვალჟუჟუნა, შუა ხანს მიღწეული ქალი იყო.

 

– ამისთანა მარდი, მოხერხებული და ნამუსიანი დიდებულნი მყავდენ... – დაიწყო ისევ მეფემ, მაგრამ დედოფალმა შეაჩერა.

 

– მოიცა, მოიცა, – სიმღერა ისმის.

 

დედოფალი და მეფე სამზერად ფანჯარას მიადგენ.

 

– მეტივეებია! გააღე, ბატონო, ფანჯარა...

 

მეფემ ფანჯარა გააღო.

 

– იმე! ეს ხომ ჩვენი გიორგია. დახე, რა ტკბილად იმღერიან! მდინარის შუაგულიდან ისმოდა:

 

ჩემო ტივო, მაშინ გაქებ,

სატივოზე გასულიყო.

თავს მუშტარი დაგხვეოდეს,

სხვაზე მეტად გასულიყო.

 

– ძალიან ფაცურობენ, მაგრამ სიმღერას არ სწყვეტენ. – შენიშნა დედოფალმა.

 

– საშიშია. იქაა მორევი...

 

– ღმერთო უშველე!

 

– არა უშავს რა, გიორგი ნაცადი ვაჟკაცია, – თქვა მეფემ; თვალს კი არ აშორებდა, სანამ ტივმა არ გასცურა სახიფათო ადგილი.

 

 

2

 

 

მეფის მცირერიცხოვანი ჯარით მოსვლა არ იამა ოდიშის მთავარს. მოხუცი დედოფალი მეფის გასაგონადაც კი დედაბრულად ბუზღუნობდა:

 

– აი, დახმარება თუ გინდა სიძე-ბატონისაგან, ამას ჰქვია!.. თითქო სანადიროდ მოსულიყოს! სასაცილოდ აგვიგდო!... თუ გავიმარჯვეთ, სახელი მისია; თუ დავმარცხდით – ჩვენ აგვიანცებენ...

 

მოთმინებიდან გამოსულმა მეფემ მოკლეთ მოსჭრა:

 

– ცოტაა თუ ბევრი ჩემი ჯარი, გამარჯვება ჩემს კისერზე იყოს... თქვენი ჯარი სრულიად ნუ გამოვა! თუ გაწყრა ღმერთი და დამამარცხეს, ჩემი სამეფო თქვენთვის დამითმია – მოგახმაროთ ღმერთმა!..

 

..............

 

მეფეს ენგურის პირას დახვდა გიორგი.

 

– დამეკარგა შენი იმედი, – მიეგება მეფე.

 

– წუხელის გიახელი, ბატონო, ღამით. ადგილები დავათვალიერე. აფხაზთ ჯარი დიდი ჰყავთ...

 

– ჩვენ კი მცირე ვართ, ოდიშელნი არ გამოსულან. სულ ასიოდე კაცი იქნება. თუმცა რჩეული ვაჟკაცები.

 

– რატომ?

 

– წამომცდა, სულ არ ხართ საჭირო-მეთქი, და დაიხვია ხელზე მთავარმა... თავისი ნებით კი მეტმა არ ისურვა.

 

– ჩვენ რაღას ვაკლავთ, შე დალოცვილო, თავს? შემოვაბრუნოთ ცხენები და გაუდგეთ ჩვენს გზას.

 

– ეჰ, ასეც არ იქნება!.. თუ გავიმარჯვეთ, ღმერთმა ჰქნა, აფხაზეთი მფარველობას შეგვევედრება... შუაში მომწყვდეული ოდიში სამუდამოდ ქედს მოიხრის ჩვენს წინაშე...

 

გიორგიმ თავი ჩაღუნა: შერცხვა, რომ ვერ გასჭვრიტა მეფის წინდახედული საქმენი.

 

– თანაც, – დაუმატა მეფემ, – ძველ მოყვარეს, სიმამრს თუ არ დავეხმარე, როგორ შემხედავს ან სოფელ-ქვეყანა, და ან განსვენებული ჩემი მეუღლე როგორ შემხვდება საიქიოს... ბევრია მტერი?..

 

– ჩვენზე ორჯერ მეტი იქნება...

 

– ბანაკი რომ პატარაა შესახედავად?

 

– ბარგი არ აქვთ... ურმები არ ყავთ... თავის ქვეყანაში არიან... თანაც სულ დიდკაცობაა და შეჯგუფული არიან. ქეიფობენ... დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ ჩემმა ლაზიკამ ასე მითხრა... ის გაღმა იყო და ბანაკს ირგვლივ შემოუარა.

 

– როგორ? რანაირად? ჯერ რომ წყალი არ დავარდნილა?

 

– მაგი ხომ კაცის შვილი არ არის... ან ბოშებმა დატოვეს და ან პირდაპირ ეშმაკმა ჩამოუგდო ფაცხაში დედამისს – და ლაზიკასკენ გაიხედა, – ცხენიც კი გამოიყვანა გაღმიდან...

 

– ძალიან უმარჯვნია!... შენ როგორ გაუშვი, არ შეგეცოდა?

 

– ვეხვეწე, ხვალ წყალი დავარდება და მერე გადი-მეთქი, – არ დამიჯერა. გადამეკიდა... საშველი აღარ მომცა... წყლის პირას ჩამიყვანა, ამიხსნა – ეს ჩქერი გაღმა მხარეს ეცემა, მას გავყვებიო, იქედან კი – მეორე ჩქერზე მიმითითა – იმას გავყვებიო... მერმე აქ ერთი ფუტურო ხე მოსჭრა, ჭვრიტიმალები დაუგლისა, წინ გაიგდო და უკან გაყვა. ვუყურებდი, წელს ზევით არც კი დასველებულა. კაშკაშა მთვარე იყო... აქეთ კი დილას მოვიდა და ეს ცხენიც მოიყვანა. შემომჩივლა, მეორე შუა წყალში მოსილულზე დამრჩაო.

 

– მოდი აქ, ბიჭო! – დაუძახა თვით მეფემ.

 

ლაზიკა თავის ცხენიანათ მოვიდა.

 

– ბიჭო, რამ გაგაბედინა გაღმა გასვლა?

 

– დედისაგან მაქვს, ბატონო, ნაწინასწარმეტყველები: შენისთანა მურტალი არც ომში მოკვდება და არც წყალში დაიხრჩობაო, – იოხუნჯა ლაზიკამ, რომ ბატონები გაეცინებინა.

 

– რა მთავრის შვილი თვითონ იყო, რომ შენ დაგცინოდა? – სიცილით დაეკითხა ისევ მეფე, რომ ლაზიკასთვის კიდევ მიეცა ოხუნჯობის საშუალება.

 

– მთავრის არა, და მგონი, ბებია-ჩემი ხშირად დაძვრებოდა ბატონების სასახლეში და, სამზარეულოს გარდა, მუცლის გასაბერავს განსვენებული ბატონის ლოგინზედაც ღებულობდა.

 

– ნუ იგდებ თავს! – შეუბღვირა სარდალმა. მაგრამ ღიმი მანაც ვერ შეიკავა.

 

– ეს ყველაფერი კარგი, – მეფის სახე უეცრად დადინჯდა, – როგორია ჯარი?

 

– სულ დარჩეული ვაჟკაცებია, ბატონო, ღამის ყარაულათაც კი აზნაურები უნდა იყონ... მაგრამ რაცხა უკმაყოფილებაც არის ჯარში... გუშინ წასვლას აპირებდა თურმე ინალიპა, მაგრამ გააჩერეს.

– საიდან გაიგე?

 

– იქ რომ ვიყავი, ჩოჩქოლი ატყდა... მერე ყარაულების ფაცხას მივაყურე: მთავრების კარვიდან მოსული უამბობდა მათ... მე ასე გამოვიტანე...

 

– ზარბაზნები აქვთ?

 

– ბატონსაც მოვახსენე, ზარბაზანი არ მინახავს, მარა ერთ ადგილას ბუჩქებს რგავდენ, გამიკვირდა: რა დროს ბაღჩის გაშენებაა-მეთქი, და მინდოდა მივპაროდი, მაგრამ იქედან ძაღლის ყეფა მომესმა, და ვეღარ მივბედე.

 

– აქედან იხედება ის ადგილი?

 

– აი, ეგერ გახლავთ, მეფეო... წითელი მიწა რომ მოჩანს, მის ქვევით ორი ხეა და ხეების ცოტა დაშორებით – ბუჩქნარი... სწორეთ ისაა, მეფე ბატონო; ემჩნევა კიდევაც, რომ ადამიანის ხელს იქ უფათურებია... ასე მწკრივად და მრგვალად სხვაგან არსად არის ბუჩქები.

 

– დააყენე მზვერავი? – ჰკითხა მეფემ გიორგის.

 

– დავაყენე, მეფეო, მაგრამ გამოცდილი ხალხია: დღისით არავინ მიეკარება, და ღამით კი არ დაინახება...

 

– აჩუ, შე მგლის არჩივო! კიდევ დაწოლა გინდა? – შეუწყრა ლაზიკა ცხენს.

 

– დაწვეს, დაწვეს... ახლა მაგას მოსვენება მოუხდება...

 

– უწამლე რამე?

 

– კი, ბატონო... ჯერ თავდაყირა დავკიდეთ, – ბევრი წყალი ასხა, მერე ფერდობზე თავქვე დავაწვინე და მუცელი დავუზილე, – მაშინაც ცოტა წყალი დააქცია; თოფის წამლიანი არაყი დავალევინე, მეტი რა უყო!..

 

– თოფის წამლის მაგიერ საპონი დაგელევინებია, სჯობდა, მაგრამ არაფერია. – მეფე დაიხარა და მუხლებზე და მუცლის ქვევით დახედა... – აი ამ გადატყავებულზე კი წაუსვი თოფის წამალი... სიმინდი აჭამე.

 

მზე ჩადიოდა.

რად აქცევს ჩემს ცხენს ამდენ ყურადღებას მეფე?.. ვაი თუ წამართვან!

 – ელვის სისწრაფით გაუარა თავში ლაზიკას. – არა, აჰ, ჩემს ცოდვაში როგორ ჩაიდგამს ფეხს?..

 

– ჩვენი ბანაკი როგორია? – დაეკითხა მეფე ისევ გიორგის.

 

– მშვენიერი... უკან სალი კლდეა, ჯიხვიც ვერ ავა; აქეთ მდინარე – ერთი მზვერავი კმარა; ქვევით კი გაშლილი უტყეო ველია, ჩიტიც კი თვალში მოგხვდება კაცს.

 

– ძლიერ დაღლილი ვართ ჯარიც და მეც; ცოტა ვივახშმოთ და მოვისვენოთ.

 

ცხენები შეაჯგუფეს; ირგვლივ ურმები დააყენეს; ხალხი და ლაშქარი ურმების უკან მიწვა; ყველამ მოძებნა სასთუმალი – უნაგირი, უღელი, ჯირკი, უბრალო ქვა, მაგრამ არავის უძებნია ქვეშსაგები ან ზედსახურავი; იშვიათად თუ ვისმე ქონდა ნაბადი; მხოლოდ მეფეს დაუყარეს კოპიტის ტოტები, გაუგეს ზედ ნაბადი.

 

ყველამ მიიძინა.

 

არ ეძინა ორს: უდიდეს – მეფეს და უმცირესს – ლაზიკას.

 

– მოიწი აქეთ! – გაღვიძების შემდეგ დაბალის ხმით უთხრა მეფემ გიორგის.

 

თავისი სასთუმალი გაღვიძებულმა მეფისკენ მისწია და დაჯდა.

 

– დაწევი... ვერავინ შეგვნიშნავს, რომ ვთათბირობთ... ჩვენ დიდხანს ვერ მოვიცდით აქ. სიმამრ-ბატონს ურემი ბევრი წამოუყვანია და სურსათი ცოტა წამოუღია; თანაც, ვინ იცის, ჩემი აქ ყოფნით ვინ როგორ ისარგებლებს.

 

– მტერი რომ ბევრია?!. ოდიშის მთავარს იმედი აქვს, დამხმარე ჯარი კიდევ მოვაო...

 

– მოსვლით არავინ მოვა, ტყუილია, მტერს კი შეიძლება მოემატოს... ქელეშების მსახურნი, უეჭველია, ყრიან ხმას, რომ მათი ჯარი აივსო ნადავლით და ნატყვევნით; ჩემი ნათესავი ქალი, მისი მეუღლე, ვინ იცის, იქნებ თვალთმაქცურად სამძიმარსაც კი ღებულობს ჩემი სიკვდილის გამო და უგულო შეტირილებს მართავს... აფხაზის ხალხს ყველა ეს გაამხნევებს, და ახლა თუ მარტო აზნაურობაა, შესაძლოა, მთელი ბრბო მოაწვეს აქეთკენ საშოვრად.

 

– ხმებზე თუ წავიდა საქმე, თქვენს სიმამრსაც კარგი ხმები დაუყრია აფხაზეთში...

 

– მაინც?

 

– ვითომც თქვენ თვალი გიჭრიდესთ... რა ჯარიც არ უნდა იყოს, რომ შეხედავთ, გააფუჭებთ, და თითქოს ამიტომაც იყოს, რომ თქვენ საკუთარ ჯარს არ უყურებთ და მუდამ ჯარის წინ ბრძანდებით.

 

– ვინ დაიჯერებს?

 

– დაიჯერებენ კი არა, გლეხობა რომ არ მოსულა, სულ ამის ბრალიაო, – ბრძანა დღეს აფხაზეთის კარგა მცოდნემ გლახუა ჩიჩუამ.

– მე რატომ არ მითხრეს ეს ამბავი?

 

– ვერ გაგიბედეს უსათუოდ, რომ ასეთი ცუდი თვისება მოგაწერეს, – თვალის მჭრელობა...

 

– ო, ნეტავი მართლა მქონდეს, შევზღუდავდი ჩემს ფარგლებს და დავამშვიდებდი ქვეყანას, ჩემს სამეფოს.

 

გაჩუმდენ.

 

– თუ გენებება, ბატონო, ხვალვე შეიძლება დავეცეთ. დილისთვის მდინარე დავარდება. ფონი აქვე იქნება...

 

– ხვალ არა და ზეგ, მგონია, უნდა გავათავოთ ეს საქმე: ან გავიმარჯვებთ და ან...

 

– გავიმარჯვებთ, მეფეო, გავიმარჯვებთ: შენ გვერდში გვეყოლები და არ გავიმარჯვებთ?!.

 

დადუმდენ, თვლემდენ.

 

– ჰო, – კიდევ შენიშნა მეფემ, – ხვალ კარვების აშენება დაიწყე, თითქოს ერთი თვით ვაპირებთ დარჩენას.

 

– მესმის, ბატონო, – ნახევრად ძილში უპასუხა გიორგიმ, – მეც მასე ვფიქრობდი.

 

..............

 

მეფის რჩევა ლაზიკამ აასრულა. ახლა ცხენს გვერდში მოსწოლოდა, თვალებში შეჰყურებდა. კისერზე ხელს უსვამდა და ებუტბუტებოდა:

 

– ტყუილია, მეფე ჩემი ცოლ-შვილის ცოდვას რავა მეიკიდებს! ოღონდ შენ მორჩი...

 

და დაღლილი ცხენი თუ ოდნავ მოიწყენდა, ლაზიკა წყევლა-კრულვასაც არ აკლებდა:

 

– მორჩი, შე მგლის არჩივო! ჭამე, ჰა, სამყურა მოგიტანე, ვერ ხედავ? მორჩი და შვილში არ გაგარჩევ... შენს პატრონს შენისთანა ათასი ჰყავს იქნება, და მე კი ერთი მეყოლები... დაგესევით დედაბოძიანათ, ტახსავით გაგასუქებთ და დედოფლის კატასავით გაგასუფთავებთ... ოღონდ მეიბრუნე ერთი პირი... წამოდექი... მთელს ოჯახს ამიშენებ... ეჰ, რას შვრებიან ნეტავი ახლა ჩემი ბიჭუნები? ტკბილად სძინავთ, თუ მუცელში თაგვები დაურბისთ?.. დამპირდა ქალბატონი, არაფერს შევაკლებო, მაგრამ... ჩუ, რა გემართება... დგები? მეიცა, მეიცა, მეც მოგეხმარები...

 

ცხენი წამოდგა და ბალახს ყნოსვა დაუწყო.

 

ლაზიკა ირეოდა სიხარულით...

 

– ჭამე, ჭამე! მეიცა, ერთი ჭადის ნატეხი მოგიტანო... ეხ, ლაზიკა, რა ოქრო ბიჭი ხარ! ერთი ალჩუ დაგიჯდებოდეს, რას არ მოახერხებ, რა არ შეგიძლია!..

 

ლაზიკა გაიქცა ურმებისაკენ ჭადის ნატეხის საშოვნელად.

 

ცა კი უზნეო ბავშივით ხან მოიღუშებოდა, მაგრამ ოქროსფერთ ზოლები მაინც რჩებოდა, ხან კი გაიღიმებდა, მთვარის შუქით, და თან თქორავდა და შხუმფლავდა. ლაზიკა ექვთიმიას თანხლებით მალე დაბრუნდა. მოტანილი ჭადიც ცხენმა ზანტად, მარა მაინც შეჭამა.

 

– აწი ამას არაფერი უჭირს... ახლა მეორე გამოვიყვანოთ. – მიმართა ლაზიკამ ექვთიმიას.

 

– გადირიე, კაცო?! წყალი კიდევ საცურავია... ყარაულებმაც რომ შეგვნიშნონ...

 

– თუ არ გაიჭირვებ, რისი იმედი გაქვს... იქნებ ბედმა გაგვიღიმოს... – ნახევრად ძალით, ნახევრად ნებაყოფლობით ბიჭები მეორე ცხენის გამოყვანას შეუდგენ.

 

შერვაშიძეების ბანაკში თათბირობდენ.

 

– რისი გვეშინია? ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

 

– მაგიერათ – მეფეს თვალს უჭრის, გადახედავს ჯარს და დააძაბუნებს.

 

– თვალის ჭრის რა მოგახსენო, არ დამიცდია, და იმერეთის საუკეთესო ვაჟკაცები კი თან ახლავს: არჩილი, აგიაშვილი, მესხი, ერისთავი...

 

– ოდიშიდან ხომ არავინაა?

 

– როგორ არა! სულ გალექსილი გმირებია...

 

– მე მაინც ჩემსას ვამბობ. მეფეს თვალს უჭრის... ის ნუ გადახედავს ჯარს, და სხვა რაც მოხდება, ღვთის ნებაა...

 

– მერე როგორ შეუთვალოთ მეფეს, ისე იომე – ჩვენს ჯარს არ შეხედო-თქო?! – ღიმილით სთქვა ქელეშ-ბეიმ.

 

– მოსაკითხი გავუგზავნოთ ვისიმე ხელით და მოვწამლოთ.

 

– უ, რას ამბობ! – იუცხოვა უმცროსმა.

 

– აბა ტყულა დავიხოცოთ? ომი ხომ ჯირითი არ არის, ესროლო და თან ერიდო არ დავასახიჩროვო... რითაც გაგვივა, მით უნდა გავიტანოთ ჩვენი...

 

– მე წინააღმდეგი ვარ... ვაჟკაცურად შევხვდეთ: რაც მოსავალია, ვერ გავექცევით...

 

– მე თანახმა ვარ შენი: მეფის თავიდან მოშორება გამარჯვებას უდრის, მაგრამ მეფეც ხომ ფრთხილად არის: ასე ადვილად თავს არ მოგვაწამლვინებს.

 

– მაშ მკვლელი გავუგზავნოთ.

 

– არც მაგია შესაძლებელი, – ვინ მიგვიშვებს მეფესთან!..

 

– აი რა, – ჩაერია ბჭობაში მოხუცი ემუხვარი – ჩვენი ზარბაზნის მსროლელი ჩემულობდა ტყვიას სადაც მინდა, იქ მივარტყამო; გავიგოთ, სად არის მეფის კარავი, და ვესროლოთ.

 

– მერე სადაა მისი კარავი?

 

– მზვერავები გვეტყვიან.

 

– თქმა არ კმარა... ნათქვამზე ხომ ვერ დაუმიზნებ, – ხიფათიდან წინდაწინვე თავის დაღწევისათვის მოიმიზეზა მეზარბაზნემ.

 

– აბა გავგზავნოთ მეფესთან კაცი დღისით... აქედან შენ უყურე და განიშნებს.

 

– როგორ უნდა მანიშნოს?

 

კუთხეში მჯდომმა უჩარდიამ წამოიწია:

 

– მე გამგზავნეთ, ბატონებო, მოციქულად... მოვახერხებ, რომ უსათუოდ მეფის კარავში პირველად შევიდე... იქიდან რომ გამოვალ, ესროლეთ.

 

– ეს კარგი აზრია.

 

– მაშ ასე, – დაარიგა უფროსმა, – მეფეს იახლები; სანამ მის კარავში არ შეხვალ, არსად შეხვიდე, მოიმიზეზე – საჩქარო საქმე მაქვს-თქო, მოახსენე, როდის გნებავს ომის დაწყება-თქო.

 

– ახლავე წავიდე?

 

ცას შეხედეს... ღამდებოდა.

 

– არ იქნებოდა ცუდი... მაგრამ გვიანაა... ხვალ ადრე წადი... დაბრუნდი მალე და კეთილად.

 

– გახსოვდეს: როგორც კი მეფეს დაშორდები, ჩქარა წამოდი, თორემ მაშინვე ვესვრი, რადგან მეფეც იქნება კარვიდან მალე გამოვიდეს და ეს ხერხი უნაყოფოდ ჩაგვივლის.

 

– კარგი.

 

– მე ყველა ამის წინააღმდეგი ვარ, ეს სილაჩრე და მუხანათობაა.

 

– ნამეტანი არაფერი ვარგა, – შენიშნა უფროსმა ძმამ, – აქ ვაჟკაცობას კი არ ვაჩვენებთ ერთი მეორეს, აქ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.

 

– გემორჩილები, ძმაო ბატონო, მაგრამ ვამბობ, არ იყო საჭირო.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / რაინდები