ლორთქიფანიძე ნიკო

 

რუმბი

 

 

ეს ნამდვილი ამბავია; გუნდა-ლახოსტაკით მხოლოთ წარბ-წამწამი შევუღებე და ლოყებზე ოდნავ ფერ-უმარული წავუსვი.

 

ნაწირვებს ხალხი ყაყანებდა. თავადი არჩილ მინერიძე საიდუმლოთ ეფუჩუნებოდა გლეხს.

 

მოსაუბრეთ მიუახლოვდა თავადის ახლობელი ნათესავი, დიდი მემამულე, აზნაური ფილიპე თამლაძე; თავადმა ძველის წესით ღრმა სალამი მისცა:

 

– ღმერთმა ფილიპეს გაუმარჯოს! რა ამბავი ჩამოგვიტანე ქუთაისიდან?

 

– თავად არჩილს ვახლავარ! – საჩქაროთ უპასუხა ფილიპემ. – არაფერი! სიცხეებია უსაშველო. მტვრითაა სავსე ყველაფერი, სულს ვერ მოითქვამს კაცი.

 

– გაისეირნე მაინც უსათუოთ, შე კაცო, ქალაქში; ნახავდი ვისმე, რამეს გეტყოდენ?..

 

– არა, შენ არ მოუკვდე ჩემს თავს. ჰო, მართლა, ერთხელ გადავიარე მწვანე ბაზარი... რაც იქ სეირი ვნახე, ჩემს დღეში არ დამავიწყდება.

 

ფილიპემ სიცილი დაიწყო.

 

– თქვი, შე კაცო, ერთი მეც გავიცინო!

 

– რა იყო, შენ ხარ ჩემი ბატონი, და მივდივარ მწვანე ბაზარში. ბუზივით ირევა ხალხი. მივადექი ერთ ამბავს. დგას, შენი ჭირიმე, – რავაა მისი გვარი, უწინ რომ პრისუტსტვიის ჩლენი იყო? – ჰო, გიორგი ვაშლობაშვილი და ყვირის. მთელი ხალხი მიჩერებია.

– თქვი, რა გამაწვალე? წავიდა მთავარი სული...

 

– მოიცა, შე კაცო, რა გაჩქარებს? ხონის ასისთავს ხომ არ დაუბარებიხარ? ჰო, შენ გენაცვალე, ყვირის ეს კაცი, – გეგონება უკანასკნელი საბადებელი წაართვეს. მივედი ახლოს, ერთს ბეჭი წავკარი, მეორეს შევეხვეწე გამიშვით-მეთქი, მესამეს უკანიდან ფეხი დავაბიჯე და, როცა შემოტრიალდა, გავუძვერი გვერდში... მივედი, რავარც იქნა.

 

ფილიპემ კიდევ გაიცინა.

 

– დამდგარა ეს ჩვენი პატიოსანი პრისუტსტვიის ჩლენი და ეჩხუბება ივანე სანდამაშვილს, ხომ იცნობ, ოტსტავნოი კაპიტანია ის კაცი. გიორგი ყვირის: მე მეტი ფული მოგეცი და მეტიც მერგებაო. სანდამაშვილი კი გაიძახის: შენ უკეთესი ნაჭრები მიგაქვს და უნდა დაკმაყოფილდეო. მარა, არ მოგეცა ჭირი, არც ერთი არ ჩუმდება.

 

– რას იყოფდენ? – ვერ მოითმინა არჩილმა.

 

– რას და... თურმე, ერთი ნესვი ეყიდა სანდამაშვილს. იმ დღეს წვეულება ჰქონოდა. სწორეთ როცა ნესვს ართმევდა მეხილეს, შემოსულიყო გიორგი. გიორგის ეთქვა: ვაი, რომ კარგი ნესვები აღარ არისო!

 სანდამაშვილს თავაზით მოეხსენებია: სანახევროთ იყოს ეს ჩემი ნაყიდი ნესვიო. რა მიეციო? – უკითხავს ვაშლობაშვილს. ხუთი შაური. – უპასუხნია სანდამაშვილს. ა, მიირთვი თორმეტი კაპიკი. – თორმეტი რატომ, ჩემი ნაყიდი შენ გითავაზე, შენ ცამეტი მიეცი და მე თორმეტს მივცემო. იყიდეს. სანდამაშვილმა თორმეტი კაპიკი მისცა, ვაშლობაშვილმა ცამეტი. მეხილეს უთხრეს: გაჭერი შუაზე. მეხილემ გაჭრა, მაგრამ მეტნაკლები გამოვიდა. არც ერთი არ უთმობდა. უფროსს მოაჭრეს და უმცროსს დაამატეს სართათ, მაგრამ ახლა ამან გადიწონა, მაშინ აქეთურს მოაჭრეს. მეხილე იცინოდა და განგებ პატარა ნაჭრებს კი არ აკლებდა, რომ მეორესთვის დაემატებია, არამედ დიდს ნაჭრებს ჩამოთლიდა. ორათ გაჭრილი ნესვი ახლა თითქმის ლავაშივით დათალეს.

 

ბოლოს, მორიგდენ. სანდამაშვილს ბიჭი ჰყავდა კალათით, ვაშლობაშვილმა კი მთელი ეს ხროვა პატარ-პატარა ნაჭრებისა ქაღალდში გამოხვია და წაიღო. მთელი ბაზარი იცინოდა. ყველაზე უფრო სანდამაშვილი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ვაშლობაშვილი გააცურა, ცუდი ნაჭრები და ნაკლები შეატყუა.

 

კარგა ხანს იმასლაათეს, იხუმრეს და როცა გაყრას აპირებდენ, ფილიპემ, რომელიც ეკლესიასთან უფრო ახლო ცხოვრობდა, ბოდიშით მიმართა:

 

– უკაცრავათ, არჩილ, კაი სადილი არ მაქვს და ცუდ სადილზე ვერ გკადრებ დაპატიჟებას. ღვინო, იცოცხლე, კაი გამოვიდა. გუშინ მოვხადე თავი ჭურს, მარა ქათამზე მარტო როგორ გაგსარჯო.

 

– მართლა, კაცო, ერთი საერთოდ დავკლათ საქონელი. შენი რძალიც ჩამცივებია, ძროხის ხორცი მაჭამეო.

 

– მერე რა უდგება წინ. მომავალ კვირას ერთი კაი მოზვერი ამოვარჩიოთ. სანახევროთ ვიყიდოთ, რაც ჩვენ დაგვჭირდება, ჩვენ მოვიხმაროთ და დანარჩენი ქე გავყიდოთ.

 

– კაი იქნება, შენ ნუ მომიკვდები! ჰოდა, იმ გლეხსაც ჩემი რვა მანეთი მართებს. დღეს მეუბნებოდა: უშობელს წავიყვან ხონს, გავყიდი და მოგართმევო. რაღა ხონში ვაძიგძიგოთ, ჩვენვე გამოვართვათ.

 

– კაი იქნება, თუ უბრძანებ იმ გლეხს.

 

– აბა, მშვიდობით!.. საქონელსაც მოვაყვანიებ და ვნახავ.

 

 

***

 

 

მეორე კვირა დადგა. თავადის ეზოში, თორნესთან მოზვერი დაკლეს. საუკეთესო ნაჭრები: სათბილო, სუკები, ბეჭები არჩილმა და ფილიპემ გაიყვეს დიდი ჭიჭყინ-დავიდარაბის შემდეგ. დანარჩენი გაყიდეს. როცა ფილიპემ ხორცით დატვირთული ბიჭი წინ გაიგდო, შემოუბრუნდა არჩილს და უთხრა: ტყავს რაღა ვუყოთ?

 

– რუმბი გავაკეთოთ საზიარო.

 

– არა, შუაზე გავიყოთ... ქალამნებს დავაჭრევინებ, მაინც ბიჭების ფეხსაცმელი მმართებს.

 

– შე კაცო, ასეთი მშვენიერი ტყავის ქალამნებათ გაფუჭება რავა შეიძლება; ერთი საპალნე ღვინო ჩავა შიგ. ზამთარში ხან გაყინულია ჭური და სად ვიშოვო ცხელი წყალი; ხან შუაღამეზე ბიჭი არ დაგესწრება სახლში. გექნება კაცს სახლში ერთი საპალნე ღვინო თავმოკრული და გადმოასხამ, როცა მოისურვებ.

 

– კაი, შენი ნებაა! მე დავშაბო, თუ შენ დაშაბავ?

 

– საზიაროთ დავშაბოთ, გავაკეთოთ და მერე საზიაროთვე ვიხმაროთ.

 

– შენი ნებაა!

 

არჩილმა დააშაბვინა.

 

 

***

 

გავიდა ერთი კვირა, არჩილმა ხან უთხრა, ხან შეუთვალა: მოუხერხოთ რამე ტყავსო, მაგრამ ფილიპე პასუხს არ იძლეოდა. ასე გავიდა კიდევ ერთი კვირა. არჩილმა ტყავი გააკერვინა და კიდევ შეუთვალა: ტყავი შეკერილია, დაკუპრვა და გაქონვა სჭირია და შემომიდექი ხარჯებშიო, მაგრამ არც ამას არ მიაქცია ყურადღება ფილიპემ.

 

ამას შემდეგ კი არჩილს ფილიპესთვის აღარაფერი შეუტყობინებია.

 

ხუთი თვე გავიდა. ზამთარი იყო. ქალაქიდან ბრუნდებოდა ფილიპე. არჩილის ჭიშკარზე უნდა ჩამოევლო. არჩილმა თვალი მოკრა აივნიდან მიმავალს ფილიპეს და დაუძახა:

 

– მობრძანდი, ხილი იხილე, ჩრდილი იჩრდილე, ბუხარზე გათბი და მერე წაბრძანდიო.

 

ფილიპემაც ცოტა გაიპატიჟა თავი, მაგრამ უარ-უარობით ჩამოვიდა ეზოში, ჩამოხტა, ჯორი ბიას მიაბა და სახლში შევიდა...

 

მიესალმენ.

 

არჩილმა გადასძახა ბიჭს:

 

– აბა, ერთი პატარა საუზმე მოგვიტანე, ღვინო ჩამოასხი. ახლა ქე იქნება დამდგარი.

 

– მართლა, არჩილ, რას შვრება, კაცო, ჩვენი რუმბი?

 

– იცოცხლე, სახარბიელო გამოვიდა!

 

– აბა, არჩილ, ეს ხუთი თვე შენ გაქ და ახლა მე წავიღებ.

 

– თხოვებით რატომ არ გათხოვებ, მარა შენ ისე მელაპარაკები, თითქოს რამე მემართოს შენი...

 

– ხომ არ ხუმრობ, შე კაცო, რუმბი შენიც არის და ჩემიც.

 

– ბიჭოს! მაზანდარელი თათარი გოჭის თავს მედავებოდაო, სწორეთ ამას ქვია!

 

– საგოჭისთავო არაფერი დამიშავებია, კნიაზო! – წყენით უპასუხა ფილიპემ. – საქონელი თუ სანახევროთ ვიყიდეთ, ტყავიც სანახევრო უნდა იყოს.

 

– სად იყავი, შე დალოცვილო, ორი თვე გითვალე, გამაცალე ამყრალებული ტყავი-მეთქი, მარა ვერ გაგანძრია კაცმა.

 

– აყროლებული იყო თუ არა, ეს არ ვიცი, მარა სვავივით რომ დაეცი იმ ტყავს, ამას ქე ვუყურებ, – მკვახეთ შეაწყვეტინა ლაპარაკი ფილიპემ.

 

– ასე იცი, შე საწყალო, ერთი კაპიკისათვის საფლავში ჩაყვები კაცს. გინდოდა მეხარჯა, მეკეთებია და შენ კი გესარგებლა, მარა ვერ მოგართვეს პატრიჯანი.

 

– გმადლობ პატივისცემისათვის. გასალანძღავათ ჩამომიპატიჟე? კაი მასპინძელი შენ ყოფილხარ, კაი მიეცა შენს ცოლსა და შვილს. მშვიდობით ბრძანდებოდეთ!

 

– ჩემი ცოლ-შვილი შენი რა სახსენებელია?! და შენისთანა სტუმარი კი ღმერთმა შეარცხვინა! – მიახალა არჩილმა ფილიპეს, რომელიც ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა ჯორისკენ...

 

– დაგიჯენ ფასათ, არჩილ, ჩემს გალანძღვას, თუ კაცი ვყოფილვარ!!

 

– ხახვი არ ჩამაჭრა კისერში, ანდა რუმბი არ წამართვა! – ხარხარით მიაძახა არჩილმა ფილიპეს, რომელიც ბურდღუნ-ბურდღუნით გადიოდა ეზოდან.

 

 

***

 

 

თავადი არჩილი საძაგელ გუნებაზე იყო. ხონის მოსამართლის უწყება მიიღო. იცოდა, რომ ფილიპე უჩიოდა რაღაცას, მარა მას ვერ გაეგო: უწყებაში მოყვანილი კანონის მუხლები მის გონებას არაფერს ეუბნებოდა. არჩილმა კარგათ იცოდა ფილიპეს ხასიათი: იგი არ დაკმაყოფილდებოდა რუმბზე საჩივრით.

 

სავსებით ფილიპეს საჩივარი ვერც თვით ხონის მოსამართლემ გაიგო, როცა ხმამაღალის სიცილით გაათავა ფილიპეს თხოვნის კითხვა.

 

ეს დიდებული საბუთი რუსულად არის დაწერილი. ვეცდები დავიცვა სტილი ამ უცნაური თხოვნისა: ყოველი ტვირთმძიმე ადამიანის ერთადერთს ნუგეშს მაღალ გონიერებით სავსე ხონის მოსამართლეს.

 

თავად არჩილ მინერიძის მიერ დაჩაგრულის და აკლებულის აზნაური ფილიპე თამლაძის თქვენის უმორჩილეს მონის თხოვნა და ვედრება.

 

ვის უნდა მივმართო ავლადიდებისაგან გაცლილმა, ყოველ წუთში სიკვდილის მომლოდინემ, თუ არა თქვენ, მფარველო და მოსარჩლეო შევიწროებულ სულთაო.

 

მეფე გაჯილდოვებს და ღმერთი გლოცავს, რადგან არ მოსულა თქვენს წინაშე არც ქვრივი, არც კეთროვანი, რომელიც არ გაგეკითხოს თქვენ.

 

ასეთი თქვენი სათნოება მამამაცებს მოგმართოთ თქვენ თხოვნითა უმორჩილესითა, რათა დამიფაროთ გარეწარ სულისაგან, თავად არჩილ მინერიძისაგან.

 

კაცი ესე დღიდან დაობლების ჩემისა, არა საშუალებას, სატანის მიერ შთაგონებულს, არ უარყოფს, რათა მავნოს. ხშირათ სიცოცხლეცა კი ჩემი ბეწვზედ კიდია.

როს ბავში ვიყავ, მოგახსენებდათ აწ განსვენებული დედაჩემი, თქვენი უმორჩილესი მონა-მოახლე, მიპირებდა, თურმე, თავადი იგი აკვანში ჩახრჩობას; ამა მიზნის აღსასრულებლათ ქაჩა და სწია ჯვარი ჩემს კისერზე დაკიდებული; საბედნიეროთ ჩემდა და თავად არჩილ მინერიძის თვალის დასამსებათ, ძაფი ჯვარისა გაწყდა და თავადი იგი წაიქცა. გონება თქვენი, ყოველისავეს გამჭვრეტი, ადვილათ მიხვდება, თუ რაოდენი სიმძულვარე ჩემდამი სუფევდა თავად მინერიძის გულში, თუკი მიიღებთ მხედველობაში, რომ ბავში მთელი დღე ამის შემდეგ ტიროდა.

 

ყმაწვილობასა ჩემსა თავადი არჩილ და მე ერთად ვცურავდით და ფეხი თვისი მარჯვენა დამკრა თავში და, როცა მე ჩავიყურყუმალე, მორთო ღრიალი, რათა მისთვის არ დაებრალებიათ ცოდვა კაენისა. ახლოს იყვენ გულკეთილი გლეხები, რომელთაც გადამარჩინეს ღვთის სადიდებლათ, თქვენდა მოსამსახურეთ, მეფის ერთგულათ და თავადი არჩილ მინერიძის გასახეთქათ.

 

როს შეველ ასაკოვნებაში და – ვითხოვ თქვენს წინაშე თავხედობისათვის ბოდიშს – ყოველი მშობელი სიძეთ მნატრობდა და ყოველი ქალი ქმრათ, ზემორე დასახელებული თავადი გადამეკიდა, მისი მამიდაშვილის შვილი მზითვიანი ქალი შემერთო. ქალი ესე გათხოვების ორის თვის შემდეგ გარდაიცვალა და შთავვარდი ქვრივობისა მწუხარებაში და კაეშანში.

 

რათ შევაწუხო გარდათვლითა ყოველი ბოროტმოქმედებათა, რომელიც მიიღო ჩემდამი თავადმა არჩილმა, მაღალი გონიერება თქვენი; გარნა მეხსიერებასა ჩემსა არ ძალუძს არ მოიგონოს კიდევ ერთი ბელზებელისებური განზრახვა მისი: შარშანდელ საშინელ თოვლ-წვიმა-ქარზე მეტყველიანი თვალნი თქვენი წაიკითხავდენ გაზეთსა შინა წერებულსა, ხოლო ჩვენ, მონათა თქვენთა, ვიგრძენით ზურგზედა ჩვენსა ზედა და თავზედა ჩვენსა. და ამა საშინელს დროსა, როცა თვით ცხოველსაც კი შეიწყალებდა კაცი, თავადმა არჩილმა გადმოუკვალა მის ეზოში მყოფ ადიდებულ ღელეს ჩემს ეზოსაკენ და აავსო წყალმა მან მღვრიემ, ტალახიანმა აივანი ჩემი, რომელზედაც თვით ნეტარხსენებულის სოლომონ დიდის ფეხებიც კი დასვენებულა, ქვიშით, სილით, ფიჩხით და ათასი ვაივაგლახით.

 

ბოლოს და ბოლოს ვთხოვ თქვენს აღმატებულებაზე უფრო აღმატებულს გონების სიწმინდეს და სიფაქიზეს, ჩამოართვათ ზემორეხსენებულ თავადს არჩილ მინერიძეს ჩემი რუმბი და ჩამაბაროთ მე, და ამით აღადგინოთ დათრგუნვილი უმანკოება ჩემი, რასა შინა მოწიწებით ხელს ვაწერ, და, რადგან მან წერა არ იცოდა, მის მაგიერ ხელს ვაწერ...

 

აქ ისეთი გაურჩეველი რამ წერია, რომ ვერ გაიგებთ, გვირიშტია ბუზის მიერ საშაქრეზე შემოვლებული, თუ გამხმარი იის დაფშკნილი ფოთლებია დაწეპებული.

 

 

***

 

უწყებულ დროისთვის არჩილი სასამართლოში არ წასულა: დაღრეკილმა აზნაურმა ზედმიწევნით იცოდა ზაკონის კანონები და ამიტომ არხეინათ მოელოდა დაუსწრებელ განჩინებას. საქმის გარჩევის დროს სასამართლოში არჩილის შორეული ნათესავი იჯდა, რომელმაც დაწვრილებით გადასცა არჩილს, თუ რა მოხდა სასამართლოში და როგორ მოჭრა თავი ფილიპემ არათუ მარტო არჩილს, მთელს მის ნათესაობას.

 

– ვაკივლებ, თუ კაცი ვარ, მშობიარე ქალივით, – დაიჩემა არჩილმა, როცა მისმა ნათესავმა გაათავა ამბავი. – მაშ, ერთი თვით უნდა ჩამაბან და რუმბისთვის ოცდახუთი მანეთი გადავიხადო, საქმის საწარმოებელიც... ვნახოთ, ვნახოთ! – წამოიძახა ფიქრებში გართულმა არჩილმა.

 

საქმე რომ უფრო გაეჯანჯლებია, არჩილი ყურსაც არ იბერტყავდა, სანამ უკანასკნელი დღე არ დადგა დაუსწრებელი განჩინების განსაჩივრებისა.

 

მოსამართლემ საქმის გარჩევა მეორეთ დანიშნა. ფილიპეს უხაროდა, ახლა მაინც ვიგდებ ხელში იმ სულწაწყმენდილსო, მაგრამ ამაოთ: როცა არჩილი სასამართლოში გამოცხადდა, მოითხოვა ადგილობრივი გამოძიება საქმისა, დასამტკიცებლათ იმისა, რომ არავითარი ღვარი არ მიუშვია ფილიპეს ადგილზე; რაც შეეხება რუმბს, არჩილმა განაცხადა: რუმბი ჩემი მოზვერის ტყავიდან გავაკეთებინე და ოცდახუთი მანეთი დამიჯდა გაკეთებაო. რა ხელი აქვს ან რა სურს დიდ მემამულე აზნაურს ამ საწყალ რუმბისაგან, ვერ გამიგიაო. თუ ძალიან შემეხვეწება, ვაჩუქებ, თორემ ძალით მაგას რას გავატანო. ყოველივე ნათქვამის დასამტკიცებლათ არჩილმა დაასახელა მეკუპრე, მექონე და გამკერავი.

 

– ყველას ფიცით ეკითხოსო!.. – დაუმატა ფილიპემ. მანვე ითხოვა დასამტკიცებლათ იმისა, რომ მოზვერი მისი საზიარო იყო, დაეკითხოს ყოფილს პატრონს მოზვერისას და დამკვლელსო.

 

– იმათაც ფიცით ეკითხოსო, – დაატანა არჩილმა.

 

მოსამართლე იძულებული იყო საქმე გადაედვა.

 

კეთილსინდისიანები, ნაცვალი, მამასახლისი, ორი თუ სამი მოწმე ჩაფარი, თარჯიმანი, მწერალი და მომრიგებელი მოსამართლე, ზოგიერთი ოცი-ორმოცი ვერსის მანძილიდან მოსული, სამი, თუ ოთხი საათი უვლიდენ ყოფილ ნაღვარევს, რომელსაც ვითომცდა წაელეკოს თამლაძის ეზო და გაეფუჭებინოს თვით ის აივანი, რომელზედაც ერთხელ სოლომონ დიდს დაედგა მოწყალე ფეხები.

 

ერთი კვირის შემდეგ ხონის სასამართლო სავსე იყო მომჩივან მოპასუხით, მოწმეებით და, რაც უფრო სასაცილო იყო, ხახამი, მოლა, ტერტერა და მღვდელი ერთად იჯდენ და მუსაიფობდენ: მათ უნდა დაეფიცებიათ მოწმეები; მეკუპრე ებრაელი იყო, ტყავის მკერავი – თათარი, მექონე – სომეხი და დანარჩენი მოწმეები – მართლ-მადიდებელი ქრისტიანები. მოსამართლე, ცოტა არ იყოს ამ საქმით გაბოროტებული, გესლიანათ ფიქრობდა, სხვა საქმეებს სანამ არ მორჩებოდა, ამ საქმისათვის არ მიეყო ხელი და, თუ მოსახერხებელი იქნებოდა, მეორე დღისათვისაც გადაედვა.

 

ასეც მოხდა. მეორე დღეს კი, დაფიცების, ჩვენების ჩამორთმევის და მომჩივან-მოპასუხის ლაპარაკის შემდეგ, მოსამართლემ დაადგინა:

 

რადგან აზნაურმა თამლაძემ თავის დროზე არ მიაკითხა მოზვერის ტყავის შესახებ თავად არჩილ მინერიძეს, უკანასკნელმა კი რამდენჯერმე მიმართვის შემდეგ გააკეთებინა რუმბი – უარი ეთქვას მომჩივან თამლაძეს მის საჩივარზე რუმბის შესახებ. თავად არჩილ მინერიძეს გადახდეს 4 მანეთი, ეზოს გასაწმენდი და დატუსაღებული იქნეს 7 დღით სატუსაღოში განგებ ეზოსკენ ღვარის მიშვებისათვის, რამაც ზარალი მისცა თამლაძეს და შეუწუხა ოჯახი.

 

ორივე მხარემ ითხოვა განჩინების პირი. ორივემ განასაჩივრა დადგენილება ოლქის სასამათლოში.

 

 

***

 

 

ოლქის სასამართლოში ცნობილი ვექილები გამოვიდენ ორივე მხრით.

 

ამათ უკვე აინტერესებდათ – როგორც ამბობდენ და როგორც გასამრჯელოს იღებდენ – პრინციპიალური მხარე უფლებისა.

 

თამლაძის ვექილი, ნაფიცი ვექილი, ამტკიცებდა, რომ თავადი არჩილი ტიპი იყო იმ ავსული ადამიანისა, რომელსაც სურს ყოველივე დაჩაგროს, დათრგუნოს და, თანაც, არ ივიწყებს მატერიალურ სარგებლობას.

 

თავადი არჩილის ვექილი კი, ისიც ნაფიცი ვექილი, უფრო ეკონომიური მატერიალიზმის მიმდევარი იყო და არწმუნებდა მოსამართლეთ:

 

– თამლაძე ჩარჩია, რომელიც ცდილობს სხვისი ნაშრომი კანონის დახმარებით ხელში ჩაიგდოსო, მაგრამო, – დაუმატა ვექილმა აღტაცებით, – ახლანდელი კანონი აღარ არის ბრმა; მან იცის, კანონის წმინდა ფრთების ქვეშ რამდენი ავაზაკი აპირებს დაბუდრებასო; ღრმათ მჭვრეტელი მოსამართლენი კი ჩახედვენ საქმის გულს და სინამდვილეს ამოიკითხავენო.

 

მოსამართლეებმა თავადი არჩილი უდანაშაულოთ სცნეს თამლაძის ეზოს ღვარით გაფუჭების საქმეში, ხოლო რუმბის შესახებ ასე გადაწყვიტეს: მიეცეს თამალაძეს ნახევარი ფასი მოზვრის ტყავის – ოთხი აბაზი და 3 კაპიკი, ხოლო საქმის საწარმოებელი – 176 მან. და 24 კაპ. ხარჯები დაადვეს თავად არჩილს. მინერიძის მიერ გადატანილი საქმე პალატამ დაარღვია და ხელახლათ გასარჩევათ ოლქის სასამართლოს დაუბრუნა.

 

ახლა კი სრულიათ გაიმარჯვა თავადმა. ორას ცხრა მანეთი და ცხრა შაური საქმის საწარმოები მიაჭვდეს თამლაძეს. როცა მინერიძემ სასამართლოს ბოქაული მიიყვანა სახლის ასაწერათ, გაანჩხლებულმა თამლაძემ როგორც ბოქაული, ისე თავადი არჩილი გალანძღა, გათათხა და... დაიწყო მეორე დაუსრულებელი ამბავი.

 

ამნაირათ, თუ მიუკერძებლათ ვიანგარიშებთ, მოზვერის ტყავის ნახევარი, სულ დიდი, მანეთ-ნახევრათ ღირებული, ორ ადამიანს სამას-სამასი მანეთი დაუჯდა, მთავრობას – 1000 მანეთი... მე სამი საათი წერა და თქვენ, ჩემო მკითხველო, 15 წუთი მოწყენა.

 

1911 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / რუმბი