ლორთქიფანიძე ნიკო

 

სოფლის აშიკი

 

 

 

– გადირია სწორეთ ხუცესი, შუა დღეზე რეკს აუქმებისას, – ღვარძლიანათ ჩაილაპარაკა ლევანამ.

 

– ნუ არისხებ ღმერთს! – ზაქაროს უნდოდა წელში გასწორებულიყო, მაგრამ მოხუცებამ არ აუშვა, პირჯვარი მაინც სასოებით გადიწერა, თოხის პირს მიწა მოაშორა და საჩრდილებელ ხისკენ წაჩაჩუნდა.

 

– ამ სვრელს ამოვათავებ ერთ მუქარაზე და მეც წამოვალ... არ-მუშა კვირა ძალსო, – გაიფიქრა ბებერმა, მოხსნა ხარები, თოხი მხარზე გაიდო, დოქი და კალათა ხელში დაიკავა და ეში-ეშის ძახილით გზას გაუდგა.

 

..............

 

ლევანამ გაათავა სვრელი.

 

სანამ უჯაათათ მუშაობდა, თითქმის არ ფიქრობდა. გარემოს, სიმშვიდე, თოხის პრიალი იყოლებდა, მაგრამ როცა გზას დაადგა, მწარე ფიქრები დააწვა გულზე:

 

...ეს ბოვშებიც დატიღული არიან... ერთი პერანგი მაინც მაყიდია... დედაკაცი რაღას ბუზღუნებს ნეტავი?.. ნუთუ ბებერი მოსძულდა ასე... რას ერჩის საწყალს – თავის სარჩოს ქე შოულობს... ეჰ, დავრჩენილიყავი ფოთში... ახლა ან თეატრში წევიდოდით, ან სინემატოგრაფში, ანდა, თუ აბაზიანსაც ვერ ვიშოვიდი, დავჯდებოდი ნავსადგურში და ვილაზღანდარებდი ბიჭებთან... მილეთის ხალხი ტრიალებს... ვინ რას იტყვის, ვინ რას... მარა რაღა დროის ჩემი ლაზღანდარობაა! ი ფოთშიაც არაფერი ყრია – ციებ-ცხელების მეტი. არაა ჩვენი საქმე! ჩვენ აქ უნდა ჩავძაღლდეთ, ამ ხრიოკებში!..

 

ლევანას ფიქრები დააფრთხო უეცარმა კითხვამ:

 

– ბიძია, ჩემი მოზვერი არ გინახავს?

 

– რავა სულ მოზვერს დეეძებ, შე საცოდავო?..

 

– მე თუ არ დევეძიე, აბა, ვინ მყავს?..

 

– შენი ქმარი?

 

– ი, ი! – დაცინვით უპასუხა ქალმა.

 

– ეგერ არ არი, შე ქალო, რას ცმუტავ! – შეაჩერა ლევანამ.

 

– უი, მადლობა ღმერთს! შემეშინდა, კლდეში არ გადიჩეხოს-მეთქი, – დამშვიდდა ქალი...

 

– რატომ არ შემოივლი ჩვენკენ?.. – ჰკითხა უნებურათ ლევანამ.

 

– ბიცოლა მიწყრება... წინაზე დგიმი მთხოვა და ვერ მივეცი, მე თვითონ მქონდა ძაფი გაბმული.

 

ლევანას თითქმის იამა, რომ მისი ცოლის უკმაყოფილო იყო ეს ქალი.

 

ვიწრო, ხეებჩარგულ ორღობეში იყვენ.

 

ნოტიო ადუნებდა სხეულს.

 

– არაფერია... – ლევანამ ხელი დაადვა მხარზე.

 

– რას შვები, ბიძია?

 

– სადაური ბიძია ვარ შენი?..

 

– ერთი ბუდის არ ხართ შენ და ღენტორია? – მოიკატუნა თავი ქალმა.

 

– ასე თუ გავყევით, რუსის ხელმწიფეც ჩემი ძმობილი იქნება: ერთის ხნისა ვართ! – იოხუნჯა ლევანამ და ქალი თავისკენ მიიზიდა.

 

– გაგიგონია, ბეჩა, ქვეყანა დაგვინახავს...

 

უკანასკნელმა შემჩნევამ გაახარა და გაათამამა ლევანა და ქალი გულზე მიიკრა.

 

– უი, დამიდგა თვალი, – ჩაიფუჩუნა პასიკომ, გადახტა თხრილზე, ავიდა ბრეკზე და მაცდურათ და ფუჩუნით, ყრუთ გადმოსძახა:

 

– ამოდი თუ ვაჟკაცი ხარ!..

 

ლევანა ვერ ავიდა: იქედან მართლაც ქვეყანა დაინახავდა.

 

– გამომავლე პირში ჩალა!..

 

პასიკომ თითებგაშლილი ხელი ცხვირზე მიიდვა, და დაცინვით დაემანჭა.

 

– ჩამივარდები ხელში... დაგზელ გემოზე...

 

– თსს!.. – ანიშნა ქალმა და გაიქცა.

 

შუკაში გამოჩდენ მეყანეები. ლევანა დაეყრდნო თოხს, ჯიბიდან ამოიღო დაგრეხილი თუთუნი და ჭრა დაუწყო.

 

– გამარჯობა ლევანს! ვის უცდი, კაცო?

 

– გაგიმარჯოთ!.. აგერ ღენტორიას დედაკაცი იყო და – ჩემი მოზვერი ხომ არ გინახავსო, მკითხა... ხალხო, იმ ჩვენს წისქვილს რა ვუყოთ?

 

– რა უნდა ვუყოთ, ძმაო?! საერთო ყანა ჯოგმა მოჭამაო, ხომ გაგიგონია...

 

– დიმიტრიე არ გვიდგება და რას უზამ!

 

– რატომ არ გვიდგება?

 

– რატომ და უნდა ჩვენ ხელი აგვაღებიოს.

 

– რას მეიგებს მერე?

 

– იმას მეიგებს, რომ სხვა მონაწილეებს ეიყვანს უფრო ხელსაყრელი პირობებით... თხრილი გაყვანილია, სათავეს მხოლოთ შეერთება სჭირია და ჩვენ თუ მივატოვეთ, ყველა მისცემს ორ წილს.

 

– მერე ჩვენი პირობა...

 

– ჰოდა...

 

– მევილაპარაკოთ, ხალხო, ხვალ ნაწირვებს ვკითხოთ, რას აპირებს ი კაცი...

 

მუსაიფით მიდიოდენ შინისკენ სოფლელები.

 

..............

 

– დიდები ქე წევიდენ შინ და ჩვენ უნდა ვუყურყუტოთ აქ მზის ჩასვლამდის! – შესჩივლა პატარა გოგომ ოდნავ უფროს ბიჭს.

 

– ტყუილა გაჭმევს დედა მჭადს? – ბრძნულათ დაარიგა ბიჭმა.

 

– მოდი ერთი კენჭობია ვითამაშოთ...

 

– მე ჩხირობია მინდა...

 

– კარგი, – დაეთანხმა გოგო.

 

– აი, თქვე კატის კნუტებო! – მიაყვირა მათ მომავალმა ზაქარომ. – ვერ უყურებთ, ცხვარი რომ ღომს შესევია?!.

 

პატარა ბიჭი ფეხზე წამოიჭრა:

 

– ოი, შენ კი გასივდი, შენ! – დასწყევლა ღომზე მიმდგარი ვერძი, და პატარა ქვა ისე მოხერხებით ესროლა, რომ ცხვირში მოარტყა. ცხვარი წაფორხილდა. ბავშს შიშის ზარმა დაჰკრა, მაგრამ გული არ გაიტეხა და ისევ მიაჯოჯოხეთა. გარეტიანებული ცხვარი ერთხანს კიდევ იდგა უძრავათ, ბოლოს დაიფრუტუნა და კვინტრიშით ქვე დაეშვა. მას სხვებიც გამოყვენ.

 

– უი, მგელმა კი შეგჭამათ!

 

მაღლობიდან ბავშმა მიმოიხედა.

 

– ბაბია! – უნდოდა დაეძახა, მაგრამ სანახაობა არ ეჭაშნიკა. – ვისაა, რომ ეხუტება? იმე, პასიკო!..

 

ცქერის შერცხვა; უკან დაბრუნდა; გაგულისდა; თითქოს გასივდა; უნდოდა ჯავრი ეყარა.

 

– რატომ არ წეეთრევი შინ? – მრისხანეთ დაეკითხა ჯერ კიდევ ჩხირობიაში გართულ გოგოს.

 

– დედა გამიწყრება! – გულუბრყვილოთ უპასუხა გოგომ.

 

– იცი ვინაა დედაშენი?

 

ბავშმა ყურები დაცქვიტა.

 

– ვინაა?

 

– ვინა და... – პატარა ბიჭი ეძებდა შეურაცხმყოფელ სახელს. – ციგანი არ გახსოვს, კანცელარიაზე რომ იყვენ შავ-შავი, ტიტლიკანა ბიჭები – დერდილი, დერდილიო, მარჩიელ-მარჩიელო, იძახდენ, – ისაა დედაშენი...

 

გოგომ ვერაფერი უპასუხა; ცრემლები მოერია.

 

– მომეცი ჩემი კენჭები.

 

– რაო?!. – მედიდურათ დაეკითხა ბავში.

 

– ჩემი კენჭები... – უკვე ტირილით უთხრა გოგონამ.

 

– ა, მიუტანე დედაშენს!.. – ბიჭმა ჯიბიდან ამოიღო თეთრი მრგვალი კენჭები და მიაყარა.

 

ბალახში ჩაცვინდა... ყველა ვერ მონახა... გოგონა ტირილ-ტირილით წავიდა თავის ბატებისაკენ.

 

ბიჭს ერთი მუჯლუგუნის კვრაც კი უნდოდა, მაგრამ შერცხვა: პატარათ და საცოდავათ ეჩვენა.

 

– უი, გაწყდა ქალების სინსილა!

 

..............

 

ლევანა ხშირათ გადაავლებდა თვალს პასიკოს; ქალი თავისებური კეკლუცობით თავსაფარს პირზე აიფარებდა, თავს დაღუნავდა და განზე მიხრიდა; ზოგჯერ ლევანამ დრო იშოვა და მხარი გაჰკრა, რაზედაც ქალმა ბეჩა, გაგიგონია?! წამოისივლა, მაგრამ ხან დაღალვამ შუაღამეზე უცხვირპირო გოგოს ძებნას ძილი არჩევნია და ზოგჯერ არა-მკითხე თვალებმა შეუშალეს ხელი.

 

რთველი მოვიდა. ლევანმა თავისი ცოლი ძმასთან გაგზავნა, რომ იგი საწნახლის გასატეხათ დაეპატიჟნა.

 

პასიკომ ჭიშკართან ჩაიარა.

 

– პასიკო, მოდი ერთი საწნახელი მინახე, კაი თვალი გაქვს, – დაუძახა ლევანმა და იქვე მდგომ შვილს უბრძანა: წადი, ბაბუას უთხარი, ხარები მოიყვანოს – წყალია მოსატანი.

 

პატარა ბიჭი მიხვდა და უკმაყოფილოთ ფეხის ფლასტუნით წავიდა.

 

– კაი მოსავალი გქონებია, კაი გამოსავალი მოგცეს ღმერთმა.

 

ლევანამ ხელი მოკიდა.

 

– რას შვები, ბეჩა? – და ქალი ისე ხერხიანად იზნიქებოდა, რომ უფრო ეკვრებოდა ლევანას... – მეიცა მაინც, არავინ შემოვიდეს...

 

ლევანამ ცალი ხელით კარები გადარაზა და ცალი ხელით ეზიდებოდა.

 

– ნელა, ნუ გადირიე...

 

– ანეტა, ანეტა, – მოისმა ხმა.

 

– დავიღუპე! – ქალი ხელიდან გაუსხლტა და უკანა კარებით ვენახისკენ გაძვრა.

 

– უი, წელკავს არ გადარჩენიხარ, ვინცხა ხარ, – ბურტყუნობდა ლევანა.

 

კარები დააკაკუნეს.

 

ლევანამ გააღო.

 

ლაფაროში იდგა ეკა.

 

– ანეტა არაა შინ?

 

– არა! არა! – მწყრალათ უპასუხა ლევანამ.

 

მოისაზრა თუ რამე დალანდა, ეკამ ტუჩზე ხელი მიიფარა:

 

– უკაცრავათ... ხელი შეგიშალეთ... კარანჩხეი მინდოდა გამომერთმია, ხვალ კრეფაში მჭირდება.

 

– ეგერაა და წეიღე, – მკვახეთ დართო ნება ლევანამ.

 

– ღმერთი მრავალ ამ დღეს გაგითენებს! – ბოროტი ღიმილით და განსაკუთრებული ხმით უთხრა ქალმა, აიღო პატარა კალათი და წავიდა.

 

ყელმოღეღილი, შეწითლებული პასიკო რომ უკანა კარებიდან გამოხტა და ვენახში შეერია, მეზობლებმაც დაინახეს.

 

პასიკო მწყერივით დაძვრებოდა, უნდოდა თავი უმანკოთ გამოეყვანა, თვითონ დანამდვილებით არ იცოდა, დაინახეს თუ არა. ეშინოდა მასვე გაემჟღავნებია. ბოლოს ვერ მოითმინა და ქალებთან მივიდა.

 

– რა მიქნა, რა, იმ უსინდისომ! – ტიროდა პასიკო.

 

– რა იყო, რა მოხდა? – მიცვინდენ ქალები.

 

ტირილს უმატა.

 

– დაგიჭირა? – რაკი ერთხელვე ყურში ჩასწვდათ ქალ-ვაჟის საიდუმლო, ჩაციებოდენ ქალები.

 

– გაკოცა?

 

– არა, ა! – უარობდა ქალი.

 

– დაგბურჯგნა?

 

– არა, ა!..

 

– აბა, რა გიქნა, შე ქალო? რაღას ტირი? – გული მოსდიოდათ ქალებს...

 

– შემარცხვინა, კარები ჩამიკეტა...

 

– მერე? მერე? – იწყებდენ ხელახლა გამოკითხვას თვალებდაპრაწული ქალები.

 

– მერე ვეცი კარებს და გარეთ გამოვვარდი.

 

– რატომ შედი, შე დალოცვილო? – გესლიანათ უპასუხებდა ეკა.

 

– რავა შევედი?! ჭიშკარზე მივდიოდი, მომაყვირა, ანეტა გიძახისო – სცვლიდა და ასხვაფერებდა ამბავს პასიკო.

 

...ერთი წყალს იღებს, მეორე კოკას მხარზე იდგამს...

 

წყაროს ფეხზე დიდი ყრილობაა. ორი ქალი ნაწრეტში რეცხს. კოკები, თუნგები, დოქები აწყვია შემოღობილ წყაროს ირგვლივ.

 

მახლობელ ბრეკზე სხედან ქალები, უცდიან თავის რიგს. ზოგს წყალი უკვე ამოუღია და სველი ჩაფი იქვე დგას, თვითონ კი მასლაათობს.

 

– გეიგე, ქალო, რა უქნია ლევანას?

 

– რა, ბეჩა?

 

– პასიკოსთვის შოუკვეთია...

 

– უი, ბეჩა?

 

– ი სულწამწყდარი, რაღა დროს მაგის არშიყობაა...

 

– რავა ეგონა ანეტას? თვითონ რომ არშიყობს, ქმარმაც გეიხაროს ერთი...

 

– ლევანას მამაც დიდი მოარშიყე იყო...

 

– ბაბუაც! – დაუმატა სრულიად მიხრწნილმა დედაკაცმა.

 

– კვიცი გვარზე ხტისო...

 

– ლევანას ბაბუაც ხომ შენ არ გეარშიყებოდა, ბები?

 

– ჰოდა, იმდენი წელიწადი გაძელი, რამდენი თავსაფარი და გულის ქინძისთავი ჩუმათ გამოეგზავნოს.

 

– აბა, საწყობი გექნება, ბები, მომეცი ერთი.

 

– უკაცრავათ, კი არ ვღებულობდი... უკან ვუგზავნიდი...

 

– რაღა შენ გესეოდა ქვეყანა?!

 

– შენ კი არ გგავდი: ქრისტეშობისთვის დღესავით ჩამოგტირის სახე, – ბოროტათ უკუაგდო გესლიანი შენიშვნა დედაბერმა.

 

..............

 

– მალე მაჭამე ვახშამი, დედაკაცო, დაღალული ვარ, – უთხრა ლევანამ თავის ცოლს, როგორც კი სახლში შევიდა.

 

ანეტა ხმას არ იღებდა და რაღაც უჯაათათ ისროდა, რაც კი ხელში მოხვდებოდა.

 

– დედაკაცო, რა ცოდვა გაგიდიდდა, ხმას რომ არ იღებ?

 

ახლაც პასუხი არ აღირსა ანეტამ და კერიასთან მჯდომ ბიჭს მუჯლუგუნი ჰკრა:

 

– შე გასაციებელო, სად წაიღე ფირფიტა?

 

პატარა ბიჭმა მარჯვენა მკლავით ყური დაიფარა, ხელი არ მტაცოს და არ ამიწიოსო, და დაიწკავლა:

 

– რა ვიცი მე?

 

ლევანამ თარო გააღო, ხალამში ჩაიხედა, კალათი ჩამოიღო ორკაპიდან და, როცა საჭმელი ვერაფერი ნახა, დაიღრიალა:

 

– ქალო, გახელდი, თუ რა გემართება? ვახშამი მაჭამე, მეძინება, გესმის თუ არა? თუ არაფერი გაგიკეთებია?...

 

– წადი შენს პასიკოსთან და ის გაჭმევს ვახშამს...

 

– რას ბოდავ, რას ამბობ?

 

– მე კი არ ვბოდავ, მთელი ქვეყანა აყაყანებულა...

 

ლევანს შერცხვა, ანეტამ გულს მოიცა.

 

– ღმერთი აღარ გწამს, შინოურებს დაერიე, ბოვშს არ ინდობ და რძლებს...

 

– ვინ ბოვშიაო, ვინ რძალიო? – თითქოს ვერაფერი გაიგო, ბუტბუტობდა ლევანა.

 

– ბოვშია, აბა რაა? კნუტების დაყრა რომ მოასწრო, ბოვში არაა? ღორი პირველ წელშივე თორმეტ გოჭს იზამს, მარა მაინც ერთი წლისაა...

 

– ქალო, აღარ მეტყვი, ვის მწამობ?

 

– ვის და მზეთუნახავს... შენმა თავის გახეთქამ! აბა, რათი მჯობია ის ჭინკასავით გატყაული, ის...

 

ანეტამ დოინჯი შემოიდვა და ლევანას წინ გაუჩერდა. ფეროვანი მსხვილი სახე, თეთრი კისერი, აბორცვილი მკერდი, ოდნავი ნაოჭი შუბლზე და წვეთი ცრემლისა თვალზე.

 

ლევანას მოეწონა.

 

– ღმერთო, რჯული – არც მემტყუნოს შენთვის, არც მეფიქროს!..

 

– აბა რაა, სოფელ-ქვეყანა მაგის მეტს არაფერს ლაპარაკობს, – მოლბა ცოტათი ქალი.

 

– დედაკაცები სულ ასე ჭორიკანობთ...

 

– თვითონ უთქვამს...

 

– ტყუილია!..

 

– ტყუილი კი არა – წყაროს ფეხზე ჩავარდნილა დღეს. ფეხდაფეხ მივუსწარი... ყველა მე დამცინოდა – მე რაღა შუაში ვარ!.. მე გითხარი თუ?! წაგაქეზე თუ?!

 

– უი, ის ფრახი, ის! ვაყურებიებ სეირს! დავბეჟვავ ერთს ისე, რომ საზიარებლათ გოუხდი თავს...

 

– დაბეჟავ, აბა...

 

– ცოლ-შვილი ნუ დამეხოცება, დედა ნუ წამიწყდება, თუ მართლა მას უთქვამს, თმით ვათრევ... აი, უნამუსო!

 

– აბა, ნამუსიანი რავა გამეიტანდა საქვეყნოთ თავის სირცხვილს! მარა ჩემი გაწბილება, შეწუხება უნდოდა, – ტიროდა ქალი.

 

– დაჩუმდი ახლა, თუ ღმერთი გწამს... მე ვიცი და იმან!..

 

– არა, იმისი ასაგდები ვინაა, ვინ!

 

ლევანა გვერდში მიუჯდა და ალერსი დაუწყო.

 

კერიას სითბომ, აღელვებამ, ქმრის ალერსმა ჟრუანტელით დაუარა ანეტას...

 

დამშვიდდა.

 

ლევანა ლოგინისაკენ წავიდა დასაწოლათ.

 

– ლევან!.. – ჩუმათ უთხრა ქალმა.

 

– რა გინდა?

 

– უჭმელი ხარ?

 

– კი!..

 

ლევანამ საბანი გადასწია.

 

– მეიცა ერთი!

 

– რომ არაფერია!..

 

– მეინახება ერთი ლუკმა რამე...

 

– დილისთვის იყოს!..

 

– მეიცა, მეიცა, ასე მშიერი ცოდვა ხარ... სამხარიც არ გიჭამია...

 

ლევანამ ყალიონი გააწყო...

 

ცარიელ თაროდან გამოძვრა მჭადის მოზრდილი ნატეხები; ზანდუკის კუნჭულში აღმოჩნდა ყველი და ორი ჯანჯუხი. ანეტა მცირე ხნით გაქრა და საიდანღაც პატარა დოქი ღვინო მოარბენია.

 

სუფრას თავს დასტრიალებდა ალერსი.

 

– წადი, ბიჭო, ბაბუაშენთან ნალიაში! – გაისტუმრა მამამ შვილი.

 

ლოგინს ნისკარტი დაჰკრა წერომ.

 

..............

 

– ვინაა, რომ მოიძურწება ამ ორღობეში? – შეეკითხა ლევანა. ლევანამ იცოდა, ვინც იყო, მაგრამ საბაბს ეძებდა.

 

– ა, თქვენ ბრძანდებით, ქალბატონო? – ლევანა მიუახლოვდა, – თქვენ ბრძანდებით ისე ნამუსიანი, ისე წმინდა, რომ თავის თავზე სიცრუესაც კი იგონებთ?

 

– მე არაფერი არ მომიგონია! გამიშვი ჩემ გზაზე, თვარა!

 

– რაო? რაო? იქადები კიდეც!

 

თვალების წინ აეტუზა.

 

– მიშველეთ! მკლავს!.. – იყვირა ქალმა.

 

გახურებული შანთითაა ქალები დასადაღავი! რა აყვირებს ძაღლისშვილს!

 – გაიფიქრა ლევანამ და მოუქნია ხელი, მაგრამ ისე იკივლა, რომ ლევანას ხელი გაუჩერდა. ქალი მაინც დაეცა და კიოდა.

 

მეზობლები გამოცვინდენ. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / სოფლის აშიკი