ლორთქიფანიძე ნიკო

 

ძველი ამბავი

 

 

 

 

ღელეში გავედით. აღმართს შევუდექით. მარჯვნივ და მარცხნივ მოჩანდა ახლად აღებული ყანები.

 

ეს რაა? – დავეკითხე თანამგზავრ მოხუც გლეხს.

 

პაპა-ჯვარი, – მიპასუხა მან.

 

რაო? რა პაპა-ჯვარი?

 

– ჰო, ბატონო, ძველი კაცები როცა მიწას მოვხნავთ, შიგ ერთ პატარა ჯვარს ჩავდგამთ. წინათ ყველა ასე ვშვებოდით და ქეც ისმენდა უფალი ჩვენს ვედრებას – ბეღელში პური გვქონდა და მარანში ღვინო. ახლა არც ხმიადს აკეთებს კაცი, არც პარასკეობას იცავს და ჩვენს მონაწევს ბარაქა არ აქვს, ჩვენს სიტყვებს არ ისმენს ღმერთი.

 

– წინათ კი ყველაფერი თქვენს სურვილზე იყო განა?

 

– ყველაფერი რათ იქნებოდა, მარა ბევრი კი... ა, ბატონო, ჩვენ ლაზარიკა გურგენიძეს ხომ იცნობ... ბაბუა მისსაც ლაზარიკა ჰქვიოდა. ერთხელ ის და მისი უმცროსი ორი ძმა ნადში დეეპატიჟნა შველიძეს... ა, ჩვენი გოგიი შველიძის ბაბუას.

 

– ნადი რომ სადილათ დაჯდა, მასპინძლებმა ღვინო მოუტანეს, რა თქმა უნდა... დალია ერთი ლაზარიკამ და ჩაფიქრდა; ჩამეიარა მეორეთ მერიქიფემ, დაუძახა და ლაზარიკამ მეორეჯერ დალია, მარა ისე გულდასმით, თითქოს ჭაშნიკს სინჯავსო, გააქნია თავი და ძმებს უთხრა:

 

– ეს, ძამია, ჩვენი ღვინოა.

 

– რას ამბობ, ბატონო! – მორიდებით მოახსენეს ძმებმა, მარა ისინიც ჩაუკვირდენ და სამივემ აიღო თოხები და წევიდენ სახლში... მივიდენ... გადახადეს ერთ ჭურს თავი – სავსეა... გადახადეს მეორეს – არაფერი, მარა მესამეს რომ გადახადეს – შენს ტერს, განახევრებულია ჭური! გედირია ლაზარიკა.

 

– წადიო, – უთხრა თავის ძმას, – და ერთი ვაზის ლერწი მომიტანე ფოთლებიანიო.

 

მეიტანა ძმამ. ლაზარიკამ დაგრაგნა ლერწი, თვითონ დეიჩოქა წინ და უკან ძმები დააჩოქა, ასწია ხელი და დასწყევლა:

 

– ქრისტე-ღმერთო და წმინდა ზიარებავ, შენი ძალა აღმოაჩინე და ვინც ჩემი ღვინო წეიღო, იმას ჩემი სახელი აძახეო.

 

გავიდა ერთი წელიწადი და შველიძის ოჯახში უცნაური ამბავი დატრიალდა: ერთი ბიჭი გამოლენჩდა.... არც ავად იყო, არც არაფერს აშავებდა. დადიოდა ისე და ძროხასავით დაბღაოდა:

 

– ლაზარე, ხრიკა გამიტყდა, ღვინო დამექცა! ლაზარე. ხრიკა გამიტყდა, ღვინო დამექცა.

მივიდენ ლაზარესთან... შეევედრენ, შეეხვეწენ – აგვიშვიო. მას ქრთამი და სასყიდელი მისცეს, ეკლესიას ყოველწლივ შესაწირავს შეპირდენ. აუშვა ლაზარიკამ. ბიჭი ქე გამობრუნდა.

 

– მართალია ეს ამბავი? – დავეკითხე მოხუცს.

 

– ჩემ მახსოვრობაში, მუდამ მოქონდა ეკლესიაში შესაწირავი... ახლა ათი-თორმეტი წელიწადია მიატუეს და იმიტომ წევიდა იმათი საქმე კარგად – ერთი ქე ეიყარა და მეორეს ბარობაზე რქიანს ვერაფერს დეინახავ.

 

1916 წ.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლორთქიფანიძე ნიკო / ძველი ამბავი