ლუკიანე სამოსატელი

ნადიმი, ანუ ლაპითები

 

  მთარგმნელი ჯერვალიძე ქეთევან

  ძველბერძნულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და 

  კომენტარები დაურთო ქეთევან ჯერვალიძემ

 

ნადიმს – ამ უცხოური წარმოშობის სიტყვას, უკვე მკვიდრად რომ ზის ჩვენს „ვეფხისტყაოსანში“, პურობის, სმა-ჭამის, სადილის, ლხინის შინაარსის გადმოსაცემად – ძვ. ბერძნები სიმპოზიუმს ეძახდნენ, ე.ი. ერთობლივ ჭამა-სმას. ბერძნული ანტიკურობისათვის დამახასიათებელი ნადიმების შესახებ ჩვენ ვიგებთ როგორც შემორჩენილი ლარნაკების მოხატულობებიდან, ასევე წერილობითი წყაროებითაც.

ჩვენს მსგავსად ბერძნებიც საკვების მირთმევის პროცესს დროის, ადგილის, ფორმისა და შინაარსის მიხედვით მრავალი სიტყვით გადმოსცემდნენ: იყო ყოველდღიური სადილი, სამხარი, ვახშამი, ნაირგვარი ჭირისა და ლხინის სუფრა, საღმრთო, საშობელი და ნადიმი სპორტულ ასპარეზობებზე გამარჯვებულთა პატივსაცემად. ამ უკანასკნელს ფილოსოფოს ქსენოფანე კოლოფონელისა (ძვ. წ. 570–48) და ევრიპიდეს (480–406) სახით კატეგორიული მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ (ვინაიდან მათი აზრით, თანამოქალაქეთაგან პატივისცემასა და ჯილდოს მხოლოდ სამართლიანი, ჭკვიანი, ბრძენი და ქალაქის გონივრულად მმართველნი იმსახურებდნენ და არა ბრიყვი ათლეტები. ასე რომ, ბრძენი მმართველისა და უტოპიური სახელმწიფოს იდეა სულაც არ იყო ოდენ პლატონის ფანტაზია და ახირება. ეს აზრი საუკუნის განმავლობაში მწიფდებოდა ბერძენთა სულში). მაგრამ ჩვენ პირველსა სიტყვასა ზედა მოვიდეთ.

სიმპოზიუმი ეს იყო, როგორც წესი, ორგანიზებული ლხინი, ერთობლივი პურობის შემდეგ და იწყებოდა სამსხვერპლო ზედაშის შეწირვით, რასაც თამადა ხელმძღვანელობდა. მონადიმენი თავს სუფრული სიმღერებით – სკოლიონებით, გამოცანებითა და სხვა ინტელექტუალური თამაშებით ირთობდნენ. ლხინს რომ პეწი და ლაზათი შეჰმატებოდა, ჰეტერებს, მოცეკვავეებსა და მიმებსაც იწვევდნენ ხოლმე. ელინიზმისა და რომის იმპერიის ხანაში აღმოსავლეთიდან შემოტანილი საჭმლის სიუხვემ ხელი შეუწყო ჩვეულებრივი ნადიმების გადაქცევას ალიაქოთიან სუფრად. ჭამდნენ ფეხზემდგომელა, ან წამოწოლილნი. მონადიმენი ნალისებრ ლოჟებში ორ-ორ კაცად თავსდებოდნენ. ხან რამდენიმე პატარა მაგიდასაც დგამდნენ, ხან კი – ერთსა და დიდს.

იყენებდნენ თიხის ან მეტალის ჭურჭელს, შეძლებული რომაელის სუფრას კი ძირითადად ვერცხლის ჭურჭელი ამშვენებდა. გამოიყენებოდა აგრეთვე კოვზი და დანა, იშვიათად ჩანგალი. ნადიმი ხშირად მსვლელობით სრულდებოდა. 

  პირველი, ვინც სიმპოზიუმი ლიტერატურული ფორმით აღწერა და თვით ნადიმის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი, პლატონი (ძვ. წ. 427–347) გახლდათ. შემდგომ ამ ჟანრის განვითარებაში მონაწილეობდნენ არა მარტო ბერძნები, არამედ რომაელნი და რომის იმპერიაში შემავალი სხვა ხალხთა შვილებიც.

„ნადიმი“ – ამ სახელწოდების დიალოგი დაწერილი აქვს პლატონის თანამედროვესა და მასავით სოკრატეს მოწაფეყოფილ ქსენოფონტის (ძვ. წ. 430–355), რომაელ მწერალსა და დიდი თანამდებობის ჩინოვნიკს, პეტრონიუსს (I საუკუნე) „ტრიმალქიონის ნადიმი“; ბერძენ მწერალსა და აპოლონის ტაძრის ქურუმს დელფოსში, პლუტარქეს (46–119) „ნადიმი“, „შვიდ ბრძენთა ნადიმი“; ათინეუსს (მე-2 საუკუნე), გრამატიკოსსა და მეორე სოფისტიკის წარმომადგენელს ეგვიპტის ნავკრატისიდან, „მონადიმე სწავლულნი“; ჩვენს ავტორს, ლუკიანე სამოსატელს (120–190); ქრისტიანობის მოწინააღმდეგესა და სიმაქოსის წრის წევრს, მაკრობიუსს (მე-5 საუკუნე) „სატურნალიები, ანუ ნადიმი სატურნალიების ჟამს“; ლიკიის ულუმბოს ეპისკოპოსსა და ორიგენეს იდეურ მოწინააღმდეგეს (მე-4 საუკუნე) მეთოდიოს პატარელს „ნადიმი, ანუ უმანკოების შესახებ“; ცნობილ ერესიარქს, არიოზს (260–336) „ნადიმი“. ამ სახელწოდების ქმნილება დაგვიტოვა შუა საუკუნეების უდიდესმა მოაზროვნემ და პოეტმა დანტე ალიგიერიმაც (1265–1321). 

მაგრამ სულ სხვაა ნადიმის ლიტერატურული ჟანრი აღორძინების ეპოქაში. რაღაც მიზეზთა გამო ერთად შეყრილი უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები დროის გასაყვანად თუ ერთურთის უკეთ გასაცნობად სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის ამბებს უყვებიან ერთმანეთს. ასეა ეს იტალიელი ჯოვანი ბოკაჩოს (1313–1375) „დეკამერონში“, რომელსაც მეორენაირად „ნადიმი ჟამიანობის დროს“ ჰქვია; ინგლისელი ჯეფრი ჩოსერის (1340–1400) დაუმთავრებელ „კენტერბერიულ მოთხრობებში“.

მარგარიტა ნავარელის „ჰეპტამერონში“. „ნადიმი“ ლექსების სათაურებად გამოუყენებიათ: ა. პუშკინს, მ. ლერმონტოვს, ნ. ნეკრასოვს, ა. ფეტს, ნ. გუმილიოვს და სხვათ.

რაც შეეხება ნადიმს ქართულ ლიტერატურულ სააზროვნო სივრცეში, თუ არ ვცდები, ამ სახელწოდების მხოლოდ ერთი-ორი ნაწარმოები გვაქვს, ვგულისხმობ გრ. ორბელიანის პოემას „სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომ ღამე ლხინი ერევნის სიახლოვეს“, მისივე „ლხინი“ პუშკინის მიბაძვით დაწერილი, ალ. ჭავჭავაძის „შექცევათათვის“ და ვაჟას „ქეიფი“, ხოლო რაც შეეხება პურობის სცენას, როგორც უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მქონე ლიტერატურულ პასაჟს, უკვე ვხვდებით „შუშანიკის წამებაში“; „.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ აღწერილი პურობის სცენებიდან კი, რომელნიც, როგორც წესი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებით სრულდებიან, გამოვყოფდი პურობას ჯავახეთის კრების შემდგომ და გრიგოლის, ზენონისა და მაკარი ოპიზელის პურობას ოპიზის მახლობლად გაშენებულ ვენახში, რომელსაც რევაზ თვარაძემ „სამთა თათბირის“ წინასახე უწოდა.

მაგრამ სულ სხვაა „ვეფხისტყაოსანი“, რომელში აღწერილი ნადიმებიც რენესანსის ეპოქისათვის ნიშანდობლივი სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ტარიელის საძებრად მიმავალი ავთანდილი უცხოებს ემოყვრება, თავისას ეკითხება და მათსას ისმენს. რუსთაველი აღგვიწერს ისეთ პურობასაც, რომელსაც ამ საქმისათვის უმთავრესი კომპონენტი – პური და სასმელი აკლია და გმირები თითქმის მხოლოდ სიტყვით კმაყოფილდებიან: „მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა“ (933 სტრ.). ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ჩოსერის „ნადიმის“ წინამორბედი კი პოემაში მაინც ხანაგის კართან შეყრილ უცხოთა პურობაა, რომლის დროსაც ქაჯეთის მეფის ქვეშევრდომი „ქვრიმის“, ე.ი. უმნიშვნელო ამბის მთხრობელ თანამეინახეთ „მარგალიტს“, ანუ გამორჩეულ ამბავს, ქაჯთა მიერ ნესტანის შეპყრობის შესახებ უამბობს და რასაც ფატმანი იდუმალ ისმენს (იხ. 1227 სტრ.).

მაგრამ დავუბრუნდეთ ლუკიანე სამოსატელის „ნადიმს“, რომელშიც ავტორი თავის თავს ლიკინოსის სახელით წარმოგვიდგენს.

ლუკიანე ამ დიალოგში აკრიტიკებს და დასცინის ყველა ფილოსოფიურ მიმდინარეობასა თუ რიტორიკულ სკოლას, ტრადიციული კულტის მსახურთ თუ სიმდიდრით გამორჩეულთ. დასცინის თვით ნადიმის ჟანრს, ესოდენ პოპულარულსა და გავრცელებულს ფილოსოფიურ პროზაში. დასცინის თავის თანამედროვე სწავლულთ, რომელთა სიტყვასა და საქმეს შუა დიდი ზღვარია(გავიხსენოთ “ვეფხისტყაოსნიდან”: “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა”) და სულ პატარა, წვრილმანის გამო საზოგადოებაში ქცევის წესებიც კი ავიწყდებათ, მაშინ, როცა ეს არ ემართებათ უბრალო და მცირემცოდნე ადამიანებს. დასცინის იმათ

ლუკიანე, ვითარცა მეორე სოფისტიკის წარმოადგენელი და პირველი სოფისტიკის მემკვიდრე, როგორც დიალოგ „ნადიმში“, ასევე მთელ თავის შემოქმედებაში წამოჭრის ყველა ეპოქისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვას ადამიანის დანიშნულებისა და სწავლა-აღზრდის მიზნის შესახებ, რასაც ის, ზოგ მკვლევართა აზრით, პლატონივით უტოპიური სახელმწიფოს იდეამდე მიჰყავს, რაც თუნდაც იმით გამოიხატა, რომ ელინისტური ხანის მწერალთა დამწუნებელი ერთადერთ გამონაკლისს არაბული წარმომავლობის ელინისტი მწერლის, იამბულისადმი (ძვ. წ. მე-3 საუკუნე) უშვებს და მის უტოპიურ რომანს „მოგზაურობა მზის კუნძულზე“, რომელიც ჩვენამდე მხოლოდ დიოდორე სიცილიელის (ძვ. წ. 90–21) პერიფრაზითაა მოღწეული, დიდ უპირატესობასა და მნიშვნელობას ანიჭებს. 

 

ფილონი და ლიკინოსი (1)

 

ფილონი. ლიკინოს, როგორც ამბობენ, გუშინ არისტენეტოსთან წვეულებისას ერთობ კარგად მოგილხენიათ, ფილოსოფიური სიტყვანიც კი წარმოთქმულა თქვენ შორის, რასაც არცთუ მცირე აურზაური მოჰყოლია და – თუ ქარინოსი არ მეცრუა – ეს მთელი თქვენი თავყრილობა ბოლოს სისხლისღვრით დამთავრებულა.

ლიკინოსი. ფილონ, მაინც საიდან უნდა შეეტყო ეს ამბავი ქარინოსს? ის ხომ ჩვენთან ერთად არ სადილობდა?!

  ფილონი. თქვა, დიონიკოსისაგან მოვისმინეო, ექიმისაგან. ის კი, მგონი, თვითონ ყოფილა ნადიმად წვეულთა შორის.

 ლიკინოსი. სწორედ ასე გახლავთ, იყო, მაგრამ არა მთლად დასაწყისიდან. ექიმი დიონიკოსი მოგვიანებით, თითქმის შუა ბრძოლაში, პირველ ჭრილობებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოცხადდა. ასე რომ, მიკვირს, მაინც როგორ მოახერხებდა რაიმეს ზუსტად მოყოლას, როცა თითონ არ იყო შემსწრე იმ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის დასაწყისისა, რაც სისხლით დასრულდა. 

  2) ფილონი. ამიტომაც გვირჩია, ლიკინოს, შენთან მოსვლა თვით ქარინოსმა, თუკი მოვისურვებდით გაგვეგო რა მოხდა და როგორ. დიონიკოსიც ეუბნებოდა მას, რომ თვითონ არ იყო თვითმხილველი ყოველივესი, შენ კი, ქარინოსის სიტყვათა თანახმად, ზედმიწევნით იცი ყველაფერი და მაშინდელ საუბარსაც გაიხსენებ, ვინაიდან ზერელედ კი არ უსმენ ხოლმე ამდაგვარ გაბაასებათ, არამედ გულმოდგინედ.

ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაგვიმასპინძლდები იმ უტკბილესი ნუგბარით, რომლის უამესი, არ ვიცი, არის თუ არა ჩემთვის რამე, მით უფრო, რომ სრულიად ფხიზელნი ვინადიმებთ: მშვიდად და უსისხლოდ, შორს იარაღისგან. ერთი ესეც თქვი: მოხუცებმა დაარღვიეს წესრიგი, თუ ახალგაზრდებს აუვარდათ თავში გაუზავებელი ღვინო და იტყოდნენ და იქმოდნენ რაიმეს უღირსებოს? 

  3) ლიკინოსი. ბავშვივით მთხოვ, ფილონ, ყველას წინაშე განვაცხადო ის, რაც ჩვენ ღვინის სმისას შეზარხოშებულთ დაგვემართა, მაშინ როცა დავიწყებისათვის უნდა მიგვეცა მომხდარი და მიგვეჩნია, რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნამოქმედარია, დიონისესი, რომელიც არა მგონია, ბახუსთან უზიარებელსა და მისგან თავდახსნილს ვინმეს ტოვებდეს. განა უცუდეს ადამიანთაგანი არ უნდა იყოს ის, ვინც მომხდარს ძირისძირობამდე ჩაჰყვება? არადა კარგი იქნებოდა, არა ამბის გატანა გარეთ, არამედ იქვე, სუფრაზე დატოვება და მისგან განთავისუფლება, ამაოდ როდი ღაღადებენ პოეტური სიტყვები: „მძულს, ვისაც ლხინისას მომხდარი ახსოვს“. დიონიკოსი მართებულად როდი მოიქცა, როცა ყველაფერი ქარინოსთან დაფქვა და შემართებულ ფილოსოფოსთ ბლომად ნერცხი გადაასხა. მე კი – მომშორდი – ერთ სიტყვასაც არ გეტყვი. 

4) ფილონი

რა თავპატიჟს იდებ, ლიკინოს! ჩემ წინაშე მაინც ნუ იქმ ამას, რომელმაც კარგად ვიცი, იმაზე მეტად გინდა მოყოლა, ვიდრე მე მოსმენა შენი. ასე მგონია, მსმენელნი რომ არ გამოგჩენოდა, სიამოვნებით მიხვიდოდი რომელიმე ბოძთან, ან ქანდაკებასთან და ყველაფერს სულმოუთქმელად გადმოულაგებდი. ხოლო თუ ახლა მე წასვლას გადავწყვეტ, შენ უფლებას კი არ მომცემ წავიდე და არ მოგისმინო, არამედ გამომყვები და იქეთ შემეხვეწები. მეც, ჩემი მხრივ, თავს გამოვიდებ და თუ არ გინდა, ნურაფერს იტყვი, ჩვენც სხვასთან წავალთ და სხვისგან შევიტყობთ ყველაფერს. 

  ლიკინოსი. წყენა რა საკადრისია? მოგიყვები, თუკი ასე გსურს, მაგრამ სხვებს არ უამბო.

  ფილონი. მე თუ სრულებით არ დამვიწყებია, ლიკინოს, შენ თვით იქმ ამას ყველაზე უკეთ.

დაუყოვნებლივ უამბობ ყველას. ასე რომ, მე არაფერში დაგჭირდები. 

  5) მაგრამ უწინარეს ყოვლისა ეს მითხარი, განა არისტენეტოსმა თავისი ძის, ზენონის, ქორწინების გამო არ გიმასპინძლათ თქვენ?

  ლიკინოსი. არა, პირიქით, არისტენეტოსი თავის ასულს, კლეანთისს, ათხოვებდა მევახშე ევკრიტოსის ძეზე, რომელიც ფილოსოფიაში განისწავლება. ფილონი. ლამაზი ჭაბუკია, ვფიცავ ზევსს, მაგრამ მისი დაქორწინება ნამდვილად ნაადრევია. ლიკინოსი.

მგონი, უკეთესი ვერ გამონახეს. ეს კი მოწესრიგებულიც არის და ჩანს, ფილოსოფიაში განსწავლულიც. ამას გარდა, მდიდარი ევკრიტოსის მხოლოდშობილი ძეა, ამიტომ არისტენეტოსმა სხვათაგან სწორედ ის აირჩია სასიძოდ.

ფილონი. ევკრიტოსის სიმდიდრე! არცთუ პატარა მიზეზია! თუმცა, ლიკინოს, მაინც ვინ იყვნენ ნადიმად მიწვეულნი? 

  6) ლიკინოსი. ყველა დაგისახელო? როგორც გატყობ, შენ უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფიისა და მჭევრმეტყველების მიმდევართა სახელების გაგება გსურს. ესენი იყვნენ: უხუცესი ძენოთემისი სტოადან, მასთან ერთად იყო დიფილოსი, ზედმეტსახელად „ლაბირინთი“, არისტენეტოსის ვაჟის, ზენონის მასწავლებელი; პერიპატელთაგან კლეოდემოსი – ყბედი და პირშიმწვდომი, რომელსაც მოწაფენი „მახვილსა“ თუ „დანას“ ეძახიან.

იქ იყო ეპიკურელი ჰერმონიც. ის შემოვიდა თუ არა, სტოიკოსებმა წარბები შეიჭმუხნეს და ზურგი შეაქციეს. ცხადი იყო, ისე თაკილობდნენ მას, თითქოს წყეული მამისმკვლელი ყოფილიყოს. ისინი, როგორც არისტენეტოსის ახლო მეგობრები, დაძახებულნი იყვნენ სადილზე, მათ შორის გრამატიკოსი ჰისტიაიოსი და რიტორი დიონისოდოროსიც.

    7) სასიძო ქირევსის ხათრით მოწვეული იყო მისი მასწავლებელი, კეთილსახიერი პლატონიკოსი იონი, უაღრესად წყნარი, დიდებული და ღვთის სათანოდ გამომზირალი. ზოგი მას „განმკვეთს“ ეძახის, გულისხმობს რა მისი აზრების პირდაპირობას. შემოვიდა თუ არა იონი, ყველა უკუდგა მის წინაშე და ისე დახვდნენ, როგორც თავიანთზე აღმატებულს.

მოკლედ, ღვთის თანაობასა ჰგავდა საკვირველი იონის იქ ყოფნა. 

  8) ამასობაში იმის დროც დადგა, სუფრას ფეხმორთხმით შემომწკრივებოდნენ ირგვლივ. შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს სუფრის ერთი ფრთა არცთუ მცირერიცხოვანმა ქალთა ჯგუფმა დაიკავა. მათ შორის იჯდა საპატარძლოც, მთლად საბურველში გახვეული. შემოსასვლელის პირდაპირ კი ჭრელი ხალხი მოთავსდა. ცხადია, ყველა თავისი ღირსების შესატყვისად. 

  9) ადგილი ქალების წინ პირველმა ევკრიტოსმა დაიკავა, შემდეგ არისტენეტოსმა, შემდეგ კი გაჩნდა ეჭვი: ჯერ ხანშიშესულ ზენოთემისს უნდა დაეკავებინა ადგილი, თუ ეპიკურელ ჰერმონს, რომელიც დიოსკურების ტაძრის ქურუმი და ამასთანავე ქალაქში უცნობილესი ოჯახის წარმომადგენელია.

ეს რთული საკითხი ზენოთემისმა გადაჭრა. მან თქვა: „არისტენეტოს, შენ თუ მე ამ ეპიკურელის გვერდით მომათავსებ, რაიმე ცუდი რომ არ დამცდეს, ახლავე დავტოვებ შენს ნადიმს“. ამ სიტყვების თქმისთანავე მან თავის მსახურს დაუძახა, თითქოს მართლა აპირებდა წასვლას. ჰერმონმა კი უთხრა მას: „ზენოთემისს, დაიკავე პირველი ადგილი, თუმცა სხვა რომ არაფერი, ჩემთვის, როგორც ქურუმისათვის, უნდა დაგეთმო პირველი ადგილი, თუნდაც ეპიკურეს უგულებელჰყოფდე“. „ეპიკურელი ქურუმი! – თქვა ზენოთემისმა – სიცილად არ მყოფნის“. ამ სიტყვების შემდეგ ის წამოწვა, მის გვერდით კი მაინც ჰერმონი აღმოჩნდა. შემდეგი პერიპატელი კლეოდემოსი იყო.

მას იონი მოსდევდა, იონის ცოტა ქვემოთ სასიძო იყო, შემდეგ – მე, ჩემ შემდეგ – დიფილოსი, დიფილოსის ქვემოთ – ზენონი, მისი მოწაფე, შემდეგ კი რიტორი დიონისოდოროსი და გრამატიკოსი ჰისტიაიოსი. 

  10) იფ-იფ! ლიკინოს, ეს პურობა, რომლის შესახებაც მიყვები, პირდაპირ მუზების ტაძარი ყოფილა, ბრძენთა კაცთაგან სავსე. მე კი, ჩემი მხრივ, ვაქებ არისტენეტოსს, რომელმაც თავის ოჯახში ესოდენ სანატრელი ზეიმის მოწყობისას უპირატესობა ბრძენთა გამასპინძლებას მიანიჭა, ამასთანავე, რაც მთავარია, ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობიდან ყოფილა წარმომადგენელი და არა ისე, ზოგი მოეწვია, ზოგი კი – არა. მოკლედ, ყველა შერეულად.

ლიკინოსი. ასე იმიტომ მოხდა, მეგობარო, რომ არისტენეტოსი ბევრი მდიდრის მსგავსი კი არ არის, არამედ ზრუნავს სწავლა-აღზრდაზე და თავისი ცხოვრების დიდ ნაწილსაც ასეთ ადამიანებთან ატარებს. 

  11) მოკლედ, თავიდან მშვიდად გეახლებოდით, ფილონ, ჭამადიც ნაირნაირი იყო მომზადებული, მგონი, არც კი ღირს მათი ჩამოთვლა: სასმელები და ნამცხვრეულობა, სანელებლიანი კერძები – ყველაფერი ბლომად იყო.

ამასობაში მომესმა იონისაკენ გადახრილმა კლეოდემოსმა როგორ თქვა: „შეხედე მოხუცს, – ზენოთემისზე ამბობდა, – როგორ იძეძგება მისაჭმელით, მოსასხამიც მთლად ჭამადით გამოუტენია, უკან მდგომ მსახურსაც რამდენს აჩეჩებს?! იმედოვნებს, რომ ვერავინ ხედავს, ის კი ავიწყდება, რომ სხვანი მის მიყოლებით ჩამწკრივებულან. იქნებ ლიკინოსს დაანახო, მოწმე იქნება!“ თუმცა, მე იონის მითითება არად მჭირდებოდა, ვინაიდან ამ ყოველივეს ჩემი სათვალთვალოდან მათზე ადრე მოვკარი თვალი. 

  12) ამას რომ ამბობდა კლეოდემოსი, დარბაზში დაუპატიჟებელი კინიკოსი ალკიდამასი შემოიჭრა საყოველთაოდ ცნობილი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით: „აი, გამოჩნდა მენელაოსიც, წვევის გარეშე“. ასე განსაჯეთ, ბევრს მისი საქციელი სამარცხვინოდ მოეჩვენა და ასევე მზამზარეული ფრაზებით გაეპასუხა. მაგალითად, პირველი: „გონთ გადასულხარ, მენელაოს“; მეორე: „თუმც ვერ მოუხდა მართებულად საქმე ესე აგამენონს, ძეს ატრევსისას“, ზოგნი კი სხვას, დრო-ჟამის შესაფერის გამონათქვამებს ბურტყუნებდნენ თავისთვის. ღიად თქმას კი ვერავინ ბედავდა, ვინაიდან ეშინოდათ ალკიდამასის, ამ მართლაც „შემართებული მყვირალასი“, რომელსაც ყველა ძაღლზე უკეთ შეეძლო შემოყეფა და რის გამოც კინიკოსთა შორის ის ყველაზე საუკეთესოდ და ზარისამხდელად მიიჩნეოდა. 

  13) თვით არისტენეტოსმა შეაქო იგი და შესთავაზა პირველივე დანახული სავარძელი აეღო და ჰისტიაიოსისა და დიონისოდოროსის გვერდით დამჯდარიყო.

მან კი მიუგო: „შორს ჩემგან, ქალი გგონივარ თუ ვინმე ნებიერი, სავარძელში რომ მოვკალათდე, ან საწოლზე გავიშხლართო თქვენსავით. ამ რბილ სავარძლებში ლამის გულაღმა მწოლარენი მიირთმევთ და თან ქვეშ ძოწისფერი ქსოვილიც შეგიფენიათ. მე კი ფეხზემდგომელასაც შემიძლია მივირთვა, ჭამა-ჭამით მივიდ-მოვიდე, ხოლო თუ დავიღლები, ჩემს მოსასხამს გავიშლი ძირს, წამოვწვები და თან იდაყვს დავეყრდნობი, ისე, როგორც ჰერაკლეს ხატავენ ხოლმე“. ამის შემდეგ ალკიდამასი გარს უვლიდა სუფრას და თან საჭმელს შეექცეოდა სკვითთა მსგავსად, რომელნიც კარგი საბალახოს მიხედვით მომთაბარეობენ. აი, ასე დასდევდა იგი შეჭამანდთა ჩამომტარებელ მსახურებს. 

  14) მართალია, კარგად გამოსკდა ალკიდამასი, მაგრამ თავი მაინც მხნედ ეჭირა და სიქველეთა და მანკიერებათა შესახებ მიედ-მოედებოდა, ოქროსა და ვერცხლს დასცინოდა. მან ჰკითხა არისტენეტოსს, თუ რაში სჭირდებოდა ამდენი და ესოდენ ღირებული ჭიქა, როცა მის მაგივრობას თიხისგან დამზადებულიც გასწევდა.

ალკიდამასი უკვე საშიში ხდებოდა, თუმცა, იმჯერად არისტენეტოსმა გააჩერა, რადგან მსახურს ანიშნა კინიკოსისთვის მოზრდილი ჭიქით ცეცხლი ღვინო მიერთმია. მას ეგონა, რომ ამით საუკეთესო გამოსავალს მიაგნო. თუმცა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ეს გაგზავნილი ღვინით სავსე ფიალა ამდენი უბედურების სათავედ იქცეოდა. ალკიდამასმა აიღო თასი, პატარა ხანს დადუმდა, შემდეგ ძირს დავარდა და ნახევრად შიშველი გაიშხლართა – როგორც ადრე იმუქრებოდა – იდაყვს დაეყრდნო, მარჯვენა ხელით კი თასი დაიჭირა, სწორედ ისე, როგორც ჰერაკლე გამოისახება ხოლმე მხატვართა მიერ კენტავრ ფოლის გამოქვაბულში. 

  15) სხვა სტუმრებს შორის კი წრიულად მოძრაობდა ფიალა მორიგი სადღეგრძელოებით და მეგობრული საუბარი გაიბა. შემოიტანეს ჩირაღდნებიც. სხვათა შორის, შევნიშნე, რომ კლეოდემოსისათვის მიჩენილი მსახური, ჭაბუკობას მიწევნილი თვალგულმისავალი ღვინის მწდე ქვეშ-ქვეშ იღიმებოდა.

ჩემი აზრით, საჭიროა პურობის წვრილმანებზეც მოგითხროთ, უპირატესად კი ისეთებზე, დახვეწილის სფეროს რომ განეკუთვნებიან: ჰოდა, თვალი ყურადღებით მივადევნე მას, თუ რაზე იცინოდა.

ხანი რომ გამოხდა, მსახური ბიჭი ფიალის გამოსართმევად მივიდა კლეოდემოსთან. მან კი მის თითებს ხელი მოუჭირა და მგონი, ფიალასთან ერთად ორი დრაქმაც მისცა. ბიჭმა თითების მოჭერაზე მყის შეჰღიმილა, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შენიშნა ხურდა ფული, ასე რომ, დაუჭერელი დრაქმები ძირს წკრიალით მიმოიფანტა და ორივე შესამჩნევად გაწითლდა. ახლომახლოს მყოფნი ვერ მიხვდნენ, რა ფული იყო ეს, ვინაიდან მსახური უარობდა მის დაყრას, ხოლო კლეოდემოსი, ვის ახლოსაც ეს ხმაური ატყდა, არ იმჩნევდა, რომ ხურდა მას დაუცვივდა. ამრიგად, ჩოჩქოლი შეწყდა და მომხდარს ყურადღება აღარავინ მიაქცია, მით უფრო, რომ ბევრს, ჩემი აზრით, არც არაფერი შეუნიშნავს, გარდა არისტენეტიოსისა, რომელმაც ცოტა ხანში მსახური შეცვალა და შეუმჩნევლად გასულის მაგივრად კლეოდემოსს იდუმალმინიშნებით უკვე ჭაბუკობის ასაკიდან გამოსული, მაგრამ ბრგე ჯორებისა თუ ცხენების მწყემსი მიუჩინა. ასე იყო თუ ისე, ეს ამბავი ჩაიფარცხა.

თუმცა, ყველას რომ გაეგო, დიდი სირცხვილის მიზეზად შეიძლება ჰქცეოდა კლეოდემოსს, რომ არა არისტენეტოსი, რომელმაც მაშინათვე მარჯვედ მიაჩუმათა მომხდარი და ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალა. 

  16) ამასობაში, კინიკოსმა ალკიდამასმა, რომელიც უკვე დამთვრალიყო, გაიგო რა ერქვა საპატარძლოს, სრული სიჩუმე მოითხოვა და ქალებისაკენ მზერამიპყრობილმა მაღალი ხმით განაცხადა: „შენი კარგადყოფნისას ვსვამ, კლეანტის, ჰერაკლეს, ჩემი წინამძღვრის სახელით“. როგორც კი ამაზე ხარხარი ატყდა, მან თქვა: „იმაზე იცინით უწმინდურნო, თუ როგორ ვსვამ საპატარძლოს სადღეგრძელოს ჩემი ღმერთის, ჰერაკლეს სახელით?“ ნამდვილად უნდა იცოდეთ, რომ თუ იგი ჩემგან ამ სასმისს არ მიიღებს, არასოდეს შეეძინება ძე, ჩემი ბადალი: ქედუხრელი, აზრით თავისუფალი და სხეულით ესოდენ ძლიერი. ამ სიტყვებისთანავე მან თითქმის უსირცხვილობამდე შემოიძარცვა სამოსი, რაზეც კვლავ სიცილმა იფეთქა მონადიმეებს შორის. ალკიდამასი კი გაგულისდა, წამოდგა, გონგადასული და ბოღმიანი იმზირებოდა. ცხადი გახდა, რომ სიმშვიდეს ვეღარ შეინარჩუნებდა. იქნებ, ვინმესთვის კიდეც დაეშინა თავისი ჯოხი, ვეებერთელა ნამცხვარი დროზე რომ არ შემოეტანათ, რომლის შემხედვარეც მოთვინიერდა იგი, რისხვა დაიცხრო და ჭამა-ჭამით გამოედევნა ჩამოსარიგებელ ტკბილეულს.

17) ამასობაში სტუმართა უმეტესობა დამთვრალიყო და სანადიმო დარბაზი ღრიანცელს მოეცვა: რიტორი დიონისოდოროსი თავისი ორატორული გამოსვლებიდან რჩეულ ნაწყვეტებს წარმოთქვამდა და მის უკან დაყუდებულ მოსამსახურეთაგან ქათინაურებს იმკიდა; გრამატიკოსი ჰისტიაიოსი კი, რომელიც მის ქვემოთ მოკალათებულიყო, რაფსოდობდა, თანაც ისე, რომ ერთმანეთში თხზავდა პინდარეს, ჰესიოდესა და ანაკრეონტს. ასე რომ, ყველაფრისგან ერთი, უაღრესად თავშესაქცევი სიმღერა გამოდიოდა, განსაკუთრებით სალაღობო კი ის იყო, რომ მან თითქოს იწინასწარმეტყველა, რაც უნდა მომხდარიყო მალე ფარები შეეჯახნენ ერთმანეთს, ან კიდევ ერთად ირეოდა მებრძოლთა კვნესა და ყიჟინა გამარჯვებისა. 

  18) ცოტა ხნის შემდეგ, როცა კერძების ჩამომტარებლებმა, როგორც მიღებული იყო, შეისვენეს, არისტენეტოსმა ასეთი რამ მოიფიქრა: დროს ფუჭად რომ არ ჩაევლო და სტუმრებსაც სიამოვნება არ დაჰკლებოდათ, მან უბრძანა ხუმარას, დარბაზში შესულიყო და ისეთი რამ ეთქვა, ან გაეკეთებინა, სასაცილო ყოფილიყო და ამით კიდევ უფრო გაეხალისებინა მონადიმენი. გამოჩნდა მართლაც ერთი უსახური ვინმე, თავკოტორა, რომელსაც კინკრიხოზე შერჩენილი ორიოდე ღერი თმა ყალყზე დასდგომოდა. ხუმარამ მართლაც დაიწყო ცეკვა, ხოლო უფრო სასაცილოდ გამოსაჩენად გრეხვასა და ხელ-ფეხის ქნევასაც მოჰყვა. ტაქტის გამოთვლით მან ეგვიპტურ კილოზე რამდენიმე ლექსიც კი თქვა და ბოლოს იქ მყოფნი სასაცილოდ აიგდო. 

  19) როგორც კი ვინმე გაქილიკების საგანი აღმოჩნდებოდა, სხვები იცინოდნენ, მაგრამ როცა ხუმარამ მსგავსი ზმა კინიკოს ალკიდამასს სტყორცნა და მას მალტური ძაღლი უწოდა, ის განაწყენდა – სხვათა შორის, უკვე კარგა ხანია ნათელი იყო, რომ მას შურდა წარმატება ხუმარასი, რომელსაც მთელი დარბაზი მოეხიბლა – მოიძრო მოსასხამი და ხუმარას ბრძოლაში გასვლად იწვევდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში აღუთქვა, რომ გაბრაზდებოდა და ჯოხს უთავაზებდა.

ასე და ამგვარად, ბედკრულმა სატირიონმა – ასე ერქვა ხუმარას – საბრძოლო პოზიცია დაიკავა და მუშტების ქნევა დაიწყო. სანახაობა უაღრესად სიამოვნების მომგვრელი იყო: ხუმარას წინააღმდეგ აღმდგარი ფილოსოფოსი, სატირიონისაგან შეთავაზებული მუჯლუგუნები და თავის მხრივ ფილოსოფოსისაგან მიყენებული დარტყმები. დამსწრეთაგან ზოგს რცხვენოდა, ზოგი კი იცინოდა. 

  20) აი, სწორედ მაშინ, როცა შეხლა-შემოხლიდან არცთუ დიდი დრო იყო გასული, მოვიდა ექიმი დიონიკოსიც და როგორც თვითონ თქვა, ფლეიტის დამკვრელ პოლიპრეპონის მიზეზით შეყოვნებულიყო, რომელსაც ციებ-ცხელების გამო მკურნალობდა. ამის შესახებ ექიმი რაღაც სასაცილოს ყვებოდა: თურმე ის იმ დროს მისულა სნეულთან, როცა მას შეტევა დასწყებია, მან კი ეს არ იცოდა. შესულა თუ არა დიონიკოსი ავადმყოფ ფლეიტისტთან, ის მსწრაფლ წამოვარდნილა საწოლიდან, ჩაუკეტავს კარი, დაუძვრია დანა, თავისი ფლეიტა დიონიკოსისთვის მიუჩეჩებია და დაკვრა უბრძანებია. ხოლო როცა მიმხვდარა, რომ ექიმს ეს არ შეეძლო, მისთვის ხელისგულებზე მათრახი დაურტყამს.

ბოლოს, ასეთ დიდ განსაცდელში დიონიკოსს ასეთი რამღა მოუფიქრებია: ფლეიტისტი შეჯიბრში გამოუწვევია და რამდენიმე დარტყმაზე დანიძლავებია. პირველს თვითონ დაუკრავს ფლეიტაზე, თანაც ცუდად, რის შემდეგაც საკრავი მისთვის გადაუცია. გამოუთრმევია დანა, მათრახი და გარეთგამავალი სარკმლიდან ღია ცის ქვეშ გადაუყრია, შემდეგ უსაფრთხოდ უგრძვნია თუ არა თავი, სცემია ფლეიტისტს და თან მეზობლები უხმია საშველად, რომელთაც კარი შეუმტვრევიათ და გადაურჩენიათ ექიმი, რომელიც ახლა მათრახის ნაკვალევსა და სახეზე ნაკაწრებს უჩვენებდა პურობის მონაწილეთ. შემდეგ დიონიკოსმა, რომლის მონაყოლსაც უფრო მეტი მოწონება ხვდა წილად, ვიდრე ხუმარასას, მაგიდასთან ახლოს მოიკალათა და რაც დარჩენილიყო, იმით დანაყრდა. ცხადია, რომელიმე ღმერთმა გამოგზავნა ჩვენთან, რადგან ცოტა ხნის შემდეგ ის უაღრესად საჭირო აღმოჩნდა.

  21) მალე სეფე დარბაზის შუაგულში მსახური შემოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ სტოიკოს ჰეტემოკლესის გამოგზავნილი იყო, თან წერილი ჰქონდა და ისიც დაამატა, რომ ბატონისაგან მისი ყველას გასაგონად, საჯაროდ წაკითხვა და მყისვე უკან გაბრუნება ჰქონდა ნაბრძანები.

მიიღო თუ არა არისტენეტოსისაგან თანხმობა, ის ჩირაღდანს მიუახლოვდა და კითხვას შეუდგა.

 

ფილონი

მაინც რას წარმოადგენდა ეს წერილი, ლიკინოს? საპატარძლოს შესხმა იყო თუ საქორწინო მისალოცი ლექსი, როგორსაც უმეტესად თხზავენ ხოლმე? ლიკინოსი. ცხადია, ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ თურმე ოდნავადაც ვერ მივხვდით. წერილში ეწერა: 

  22) „ფილოსოფოსი ჰეტემოკლესი – არისტენეტოსს. ნადიმებისადმი როგორია ჩემი დამოკიდებულება, ამის მოწმედ ჩემი ყოველივესაგან თავისუფალი ცხოვრება გამოდგებოდა, ყოველდღე ბევრთა მიპატიჟებებისაგან გადატვირთული, ისეთების, შენ რომ აღგემატებიან სიმდიდრით, მაგრამ არასოდეს მდომებია მათი მიღება, რადგან ვიცი, რა ხმაური და აურზაურია ხოლმე ამ ნადიმებზე. ცხადზე ცხადია, მხოლოდ შენზე უნდა გავბრაზდე, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში, ჩემგან დიდად პატივნაცემმა, ღირსად არ ჩამთვალე, შენი სხვა მეგობრების რიცხვში შეგეყვანე. მხოლოდ მე აღმოვჩნდი უწილკერძო, თუმცა შენს მეზობლად ვსახლობ. ამრიგად, მე უფრო შენზე ვდარდობ, როგორც ესოდენ უმადურზე, თორემ ჩემთვის ბედნიერება არც ერთ ჩიჩქა გარეული ტახის, ან კურდღლის ხორცშია და არც ერთ ნაჭერ ნამცხვარში, რაც სხვებთან, ზრდილობის წესების დამცველებთან, ჩემს გემოზე შემიძლია მივირთვა.

აი, დღესაც შემეძლო ჩემს მოწაფე პამენესთან, ასე რომ ვთქვათ, მსუყე სადილი მიმერთვა, მაგრამ არ დავთანხმდი მის ხვეწნა-მუდარას, ვინაიდან მე, სულელი, თავს შენი ნადიმისთვის ვინახავდი. 

  23) შენ კი, ჩემი უგულებელმყოფელი, სხვათ მასპინძლობ. ვინაიდან ჩანს, ჯერ კიდევ ვერ ანსხვავებ საუკეთესოს და ვერც საგნის არსს წვდები გონებით. თუმცა მე მაინც ვხვდები, საიდან მოდის ეს – განსაცვიფრებელი ფილოსოფოსების ზენოთემისისა და ლაბირინთოსისგან, რომელთაც – შორს ჩემგან ადრასტეას რისხვა – მგონი, ერთი სილოგიზმითაც შემიძლია პირი ცქაფად მოვაკუმინო. აბა, მაგათგან ვინმემ განმარტოს, რა არის ფილოსოფია, ან თუნდაც, რაც პირველი გაგვახსენდება: მაგალითად, რა განასხვავებს თვისებას მდგომარეობისაგან. აღარაფერს ვამბობ ძნელ საკითხთაგან ისეთებზე, როგორიცაა: „რქები“, „გროვა“ და „მომმკელები“. მაშ, დატკბი მაგათით, მე კი, სიკეთედმიმჩნევი მხოლოდ მშვენიერისა, უპატიურობას იოლად დავითმენ.

  24) თუმცა შემდგომში შენ რომ როგორმე თავის მართლებას არ შეეცადო, თითქოს ამ ხლაფორთსა და გაწამაწიაში გადაგავიწყდი, გეტყვი, რომ დღეს ორჯერ მოგესალმე: დილით სახლთან, მოგვიანებით კი – დიოსკურების ტაძარში, როცა მსხვერპლი შესწირე. ამ ყოველივეს კი მანდმყოფთა წინაშე თავისდასაცავად გეუბნები. 

  25) თუ შენ ჩათვლი, თითქოს მე შენი სადილის გამო ვბრაზობ, გაიხსენე ოინევსის ამბავი და ნახავ, რომ არტემიდეც კი განრისხდა, როცა გმირმა სხვა ღმერთებისთვის პატივმიმგებმა, იგი გამოტოვა მხოლოდ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ ჰომეროსი: ორივ შემთხვევაში არის სულით ბრმა დაავიწყდა თუ ვერ გაიხსენა. 

  ეპრიპიდე: ეს ქვეყანაა კალიდონისა. პელოპის მიწაზე კი ხვავრიელი ხოდაბუნები გადაჭიმულან. 

  სოფოკლე: ხოდაბუნებს ოინევსისას მოუვლინა ტახი საშინელი ლეტოს ასულმა, ისართმტყორცნელმა.

26) მრავლისაგან მცირედი მაგალითი მოგიყვანე, რათა მიხვდე, როგორი კაცი უგულებელმყავი, მაშინ როცა დიფილოსს მასპინძლობ და ვაჟიც მას მიაბარე. ნათელია, მასწავლებელი მოსწონს მოწაფეს და ისიც ღებულობს მისგან სარგებელს. ჩემთვის სამარცხვინო რომ არ იყოს ამდაგვარ საკითხებზე ლაპარაკი, კიდევ დავამატებდი რამეს. ხოლო შენ თუ მოისურვებ, ჩემ მიერ თქმულის ჭეშმარიტებაში დარწმუნდე, ჰკითხე პედაგოგ ზოფიროსს. თუმც არ შეჰფერის საქორწინო ლხინს, ბრალი დასდო სხვებს, მით უმეტეს, ამდაგვარ სამარცხვინო საქმეებში, მაგრამ დიფილოსი ამის ღირსია. მან ჩემი ორი მოწაფე გადაიბირა, მე კი ახლა მხოლოდ ფილოსოფიის გამო დავიდუმებ გულს.  

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლუკიანე სამოსატელი / ნადიმი, ანუ ლაპითები