27) ჩემს მსახურს კი ვუბრძანე – თუ შენ მას ტახის, შვლის, ან ქუნჯუტის ნამცხვრის ნაჭრებს მისცემ ჩემთვის წამოსაღებად სადილის სანაცვლოდ და იმისთვის, რომ თავი იმართლო – არ წამოიღოს, რათა არ იფიქრონ, თითქოს ამისთვის გამოვგზავნე.

28) მეგობარო, სანამ ამ წერილს კითხულობდნენ, მე სირცხვილისაგან ოფლი მასხამდა. მერჩივნა, როგორც ამბობენ ხოლმე, მიწა გამსკდომოდა, დამნახველს იმისას, თუ როგორ ქირქილებდნენ იქ მყოფნი ყოველ სიტყვაზე, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პირადად იცნობდა ჰეტემოკლესს. ამ ჭაღარა და სანდომიან კაცს და კვირვობდნენ, ვითომც მისი წვერითა და პირქუში გამომეტყველებით მოღორებულნი, როგორ შეცდნენ. არისტენეტოსმა კი, ჩემი აზრით, უპატივცემულობის გამო როდი აუარა გვერდი მას. არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, ჰეტემოკლესს რომც მიეღო მოსაწვევი, არასგზით დასთანხმდებოდა ამდაგვარ რაიმეს. აი, ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ თუნდ საქმის წამოწყებაც კი. 

  29) ამრიგად, როგორც კი მსახურმა კითხვა დაასრულა, მთელმა სუფრამ ორთავეს, ზენონსა და დიფილოსს, მიაპყრო მზერა.

ისინი კი დამფრთხალნი და ფერფურწასულნი, შემცბარი სახით ჰეტემოკლესის ბრალდებებს ადასტურებდნენ, ხოლო არისტენეტოსმა, რომელიც დრტვინავდა და მრისხანებას მოეცვა, მაინც მიგვიწვია ჩვენ დასალევად. ის ცდილობდა თავი ისე დაეჭირა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ასე რომ, ღიმილ-ღიმილით გაისტუმრა მან ჰეტემოკლესის მსახური და უთხრა, რომ ყველაფერზე თვითონ იზრუნებდა. პატარა ხანი გამოხდა თუ არა, ზენონი შეუმჩნევლად წამოდგა, ვინაიდან აღმზრდელმა – როგორც ჩანს, მამის ბრძანებით – ანიშნა, გარეთ გასულიყო. 

  30) ამასობაში კი პერიპატელ კლეოდემოსს, რომელიც კარგა ხანია საბაბს ეძებდა სტოიკოსებს შეჰბმოდა და ლამის გამსკდარიყო, რამეთუ შეტაკების დასაწყებად ხეირიან საბაბს ვერ პოულობდა, ახლა წერილმა სასურველი შემთხვევა მისცა, მან დაიძახა: აი, სრულყოფილებამდე აყვანილი მოძღვრება ბრწყინვალე ქრისიპოსისა. საკვირველი ზენონისა და კლეანთესისა. ამათ კი მარტო მჭლე-მჭლე ფრაზები, შეკითხვები და შესახედაობა აქვთ ფილოსოფოსისა, დანარჩენში ბევრი მაგათგან ჰეტემოკლესია.

ნახეთ, როგორი ძველმოდური მინიშნებებია, თანაც როგორი დანასკვით: ოინევსი ეს არისტენეტოსია, ჰეტემოკლესი კი – არტემიდე. ჰერაკლევ! ყველა ეს გამონათქვამი ნამდვილად ზეიმის შესატყვისია. 

  31) ვფიცავ ზევსს! – თქვა იქვე მხართეძოზე წამოგორებულმა ეპიკურელმა ჰერმონმა, ცხადია, ჰეტემოკლესმა ყური მოჰკრა, რომ არისტენეტოსს ნადიმზე ღორის ხორცი ექნებოდა, ჰოდა, გადაწყვიტა, ალბათ არ იქნებაო უდროო კალიდონის ტახის ხსენება.

ასე რომ, არისტენეტოს, ჰესტიას მადლმა, გაუგზავნე მას სასწრაფოდ ხორცის საუკეთესო ნაჭრები, მეალეაგრესავით არ ჩამოხმეს შიმშილით ბერიკაცი. თუმცა ამაში მისთვის საშიში არაფერი იქნება, ქრისიპოსი ხომ ამდაგვარ საქმეთ უმნიშვნელოს უწოდებდა. 

  32) რაო? – ქრისიპოსი ახსენეთ? – მთელი ძალით დაიღრიალა ძილბურანიდან გამოსულმა ზენოთემისმა. განა თითოეული თქვენგანი უკანონოდ არ იჩემებს ფილოსოფოსობას და თავს ჰეტემოკლესს არ აბრიყვებინებს? ნუთუ თქვენ განსჯით ბრძენ კაცებს: კლეანთესსა და ზენონს? თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით, ამეებს რომ მიედ-მოედებით? ჰერმონ, განა შენ არ მოაჭერი დიოსკურების სტატუას ოქროს კულულები? ჯალათის ხელში ჩავარდები და მოგიწევს ამაზე პასუხისგება! შენ კი, კლეოდემოს, შენი მოწაფის ცოლთან მრუშობდი და გამოაშკარავებულმა დიდი სირცხვილი ჭამე.

ნუთუ დუმილი არ გიჯობთ საკუთარ თავზე ასეთი ამბების მცოდნეთ? „სამაგიეროდ, მე საკუთარი ცოლის მაჭანკალი არა ვარ შენსავით, – გაეპასუხა მას კლეოდემოსი, – არც ჩამოსული მოწაფისათვის გამომირთმევია უკან დასაბრუნებელი გზის ფული და მერე არც ქალაქის მფარველი ღმერთი დამიფიცავს ტყუილად, თითქოს არაფერი ამეღოს, არც მევახშეობას მივდევ თვეში ოთხ დრაქმად, არც მოწაფეებს ვახრჩობ, თუ დროზე ვერ მომცემენ გასამრჯელოს“. „მაგრამ, – უთხრა ზენოთემისმა, – იმას მაინც ვერ იუარებ, კლეოდემოს, თითქოს შენ არ მიგეცეს საწამლავი კატონისათვის, რაც მამამისისთვის იყო განკუთვნილი“. 

  33) ამ სიტყვების თქმისთანავე ზენოთემისმა ხელი დაავლო ჭიქას, რომლიდანაც სვამდა და რომელშიც თითქმის ნახევარიღა იყო დარჩენილი და თავის ორივე მოწინააღმდეგეს შეასხა. შხეფებს იქვე მჯდომმა იონმაც გაუსინჯა გემო, თანაც არცთუ დაუმსახურებლად. ჰერმონი კი დახრილიყო და თავზე შესხმულ გაუზავებელ ღვინოს იმშრალებდა, თან იქ მყოფთ, ვითარცა შეურაცხყოფილი, მოწმეობას სთხოვდა. ხოლო კლეოდემოსი, რომელსაც ჭიქა არ ჰქონდა, შემობრუნდა, შეანერწყვა ზენოთემისს და მარცხენათი წვერში სწვდა, მისი საფეთქლით ძირს დანარცხება სურდა. შემოაკვდებოდა კიდეც მოხუცი, არისტენეტოსს ხელი რომ არ გაეკავებინა მისთვის და ზენოთემისზე გადალაჯების შემდეგ მათ შორის არ წამოწოლილიყო, რათა საკუთარი სხეულით, ვითარცა კედლით დაეშორიშორებინა ისინი და მოშუღართ შორის მშვიდობა ჩამოეგდო.

34) ამასობაში, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, მე ჭრელა-ჭრულა აზრები მომდიოდა თავში, ისეთი, ყველას რომ დაებადება: მეცნიერებათა შესწავლაში სარგებელი არა ყრია რა, თუკი ადამიანი თავის ცხოვრებას უკეთესად ვერ გარდაქმნის. ეს სიტყვიერებაში უზომოდ განსწავლულნი, საქმეში დასაცინნი ხდებიან ხოლმე. შემდეგ კი გავიფიქრე: იქნებ არც იყოს მცდარი ბევრთაგან თქმული, რომ ვინც მხოლოდ წიგნებსა და მათში მოთავსებულ აზრებზე ფიქრობს და განუწყვეტლივ მათ განჭვრეტს, განათლება მართებული აზრებისაგან განდრეკსო. მართლაც, რამდენი ფილოსოფოსი იყო საქორწინო პურობაზე, მაგრამ ბედად ერთიც არ აღმოჩნდა თვინიერ ცოდვისა: ერთნი სამარცხვინოდ იქცეოდნენ, მეორეთა საუბარი იყო უფრო სამარცხვინო. მომხდარს მე უკვე ვეღარ გადავაბრალებდი ღვინოს, ვინაიდან ვითვალისწინებდი ჰეტემოკლესის წერილს, რომელიც მან უსმელ-უჭმელმა დაწერა. 

  35) ამრიგად, თავდაყირა დადგა ყველაფერი. აშკარა იყო: უბრალო ადამიანები მშვიდად პურობდნენ, არც წესრიგს არღვევდნენ და არც სამარცხვინოს სჩადიოდნენ რამეს.

ჩემი აზრით, მხოლოდ დასცინოდნენ და კიცხავდნენ იმათ, ვისითაც აქამდე აღტაცებაში მოდიოდნენ და ვისაც მხოლოდ გარეგნული შესახედაობისა გამო მიიჩნევდნენ განსაკუთრებულებად. ბრძენნი კი თავხედობდნენ, ილანძღებოდნენ, უზომოდ ძღებოდნენ, ყვიროდნენ და ხელჩართულ ჩხუბში ებმებოდნენ. საკვირველ ალკიდამასს მარცხიც კი მოუვიდა შიგ შუაგულ დარბაზში, მაგრამ ქალებისაც არ შერცხვენია. მე ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი ვინმე იმას, რაც ნადიმზე ხდებოდა, პოეტების მიერ მოთხრობილ ერისის რისხვას შეადარებდა. დაუპატიჟებელმა ქალღმერთმა პელეასის ქორწილში მონადიმეებს ვაშლი შეუგდო, რის გამოც ილიონთან ასეთი ხანგრძლივი ომი გაჩაღდა. ჰეტემოკლესმაც სწორედ ვაშლივით შემოუგდო სტუმრებს თავისი წერილი შუა დარბაზში და არცთუ იმაზე ნაკლები უბედურება დაატრიალა, ვიდრე ჩვენ „ილიადიდან“ ვიცით. 

  36) ჩხუბი არც მაშინ შეწყდა, როცა ორ მოწინააღმდეგეს შორის არისტენეტოსმა მოიკალათა, პირიქით.

„ახლა კი, – აგრძელებდა თავისას პერიპატელი კლეოდემოსი, – ისიც მეყოფა, თუკი თქვენს უმეცრებას გამოვააშკარავებ, ხვალ კი, როგორც საჭიროა, ისეთ სამაგიეროს გადაგიხდით. მაშ, მიპასუხე ზენოთემის, თუგინდ შენ, თუ გინდა უსათნოესმა დიფილოსმა: რატომ მიაკუთვნებთ ფულის მოქონიებას უმნიშვნელოს სფეროს, მაშინ როცა ყველაფერზე მეტად იმას აქცევთ ყურადღებას, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოთ და ამის გამო ორივენი მდიდრებს ეტმასნებით მუდამ, მევახშეობთ, სულ სარგებელს ეძებთ და სწავლებაშიც კი ფულს იღებთ. მეორე მხრივ, სიამოვნების მოძულენი ეპიკურელთ ლანძღავთ, არადა, ამავე სიამოვნების გულისათვის უსამარცხვინოეს რამე-რუმეებს სჩადიხართ, უპატიურობას ითმენთ და გოდებთ, თუკი ვინმე ნადიმად არ მიგიწვევთ, ხოლო თუ მიგიწვიათ, იმდენს ჭამთ და მსახურებსაც მალულად იმდენს გადასცემთ!.. ამ სიტყვებისთანავე ის დიდი გულმოდგინებით სწვდა გამოსატაცებლად თხელი ტილოს ხელსახოცს, რომელიც სავსე იყო ნაირნაირი ხორციანი კერძების ნაჭრებით და რომელიც სტოიკოს ზენოთემისის მსახურს ეჭირა. კლეოდემოსს უნდოდა ტილო გაეხსნა და შიგთავსი ძირს გადმოეყარა, მაგრამ მსახური ბიჭი არ ანებებდა და უფრო ძლიერ ბღუჯავდა მას. 

  37) ამ დროს ეპიკურელმა ჰერმონმაც დაიძახა: მართალს ამბობს კლეოდემოსი, მართალს. თქვან ერთი, რისი გულისათვის აძაგებენ სიამოვნებას, თუკი თვითონ მას სხვებზე მეტად ეძალებიან.

„მე კი არა, შენ თვითონ თქვი, კლეოდემოს, – შეეპასუხა ზენოთემისი, – რის თანახმად უგულებელყოფ სიმდიდრეს?“ „არა, შენ თვითონ თქვი“, – იყო პასუხად და ასე გაგრძელდა ეს პაექრობა მანამ, სანამ პლატონიკოსმა იონმა ორ მოჩხუბარს შორის არ გამოიჭყიტა და არ წარმოთქვა: „შეწყვიტეთ, მე კი, თუ მოისურვებთ, ყველასთვის მნიშვნელოვან სასაუბნაროს შემოგთავაზებთ, ამ ღირსეული ზეიმისისათვის შესაფერს, თქვენ კი კამათის გარეშე ილაპარაკებთ და მოისმენთ, რათა დრო ისევე უზრუნველად გავიდეს სჯა-ბაასში, როგორც ეს ჩვენი მასწავლებლის, პლატონის დროს ხდებოდა“.

ყველა დამსწრემ მოიწონა ეს. განსაკუთრებით კი – ორმა: არისტენეტოსმა და ევკრიტოსმა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ამით ბოლოს მოუღებდნენ უსიამოვნებებს. არისტენეტოსი თავის ადგილსაც კი დაუბრუნდა, დაიმედებული იმით, რომ სიმშვიდემ დაისადგურა. 

  38) ამასობაში ჩვენთვის, ეგრეთ წოდებული, ნადიმის დამაგვირგვინებელი კერძიც შემოიტანეს: თითოეულისათვის დედალი მრგვლად, ღორისა და კურდღლის ხორცის ნაჭრები, შემწვარი თევზი, ქუნჯუტის ნამცხვარი და სხვა დასაყოლებელიც, რომელთა სახლში წაღება შეიძლებოდა. მაგრამ კერძი ყველას სათითაოდ როდი ედგა, მაგალითად: არისტენეტოსსა და ევკრიტოსს, რომელთაც ერთი სუფრის ირგვლივ მოერთხათ ფეხი, ერთი ლანგარი მიართვეს, თანაც ისე, რომ თითოეულ მათგანს თავის მხარეს მოხვედრილი ნახევარი აეღო. ასევე საზიარო ლანგარი ერგოთ სტოიკოს ზენოთემისსა და ეპიკურელ ჰერმონს, პერიპატელ კლეოდემოსსა და პლატონიკოს იონს, სასიძოსა და მე.

დიფილოსს კი ორი წილი ერგო, ვინაიდან ზენონი სუფრაზე აღარ იყო. ფილონ! დაიმახსოვრე ეს წყვილი, ვინაიდან კიდევ მომიწევს რაღაცის თქმა მათზე.

 ფილონი. რაღა თქმა უნდა, დავიმახსოვრებ! 

 39) ლიკინოსი. შემდეგ ბრძანა იონმა: „ამრიგად, მე პირველი დავიწყებ, თუკი ისურვებთ, – აქ მან ცოტა შეისვენა და განაგრძო, – იქნებ ღირდეს ამგვარ კაცთა წინაშე იდეათა შესახებ, უსხეულო არსებობასა და სულის უკვდავებაზე გვესაუბრა, მაგრამ რომ არ შემოგვეკამათონ ისინი, ვინც ამგვარ საკითხებზე სხვაგვარად სიბრძნისმეტყველებენ, ქორწინების შესახებ ვიტყვი რაიმეს შესაფერისს. თუმცა უკეთესი იქნებოდა, ქორწინებას კი არ ვსაჭიროებდეთ, არამედ როგორც სოკრატესა და პლატონის მიმდევართ, ბიჭუნები გვიყვარდეს. ვინაიდან მხოლოდ მათნაირთ ხელეწიფებოდათ სრულყოფილ სათნოებამდე ამაღლება და თუ მაინცდამაინც ქალზე დაქორწინებაა საჭირო, როგორც პლატონი ფიქრობდა, ემჯობინებოდა საერთო ცოლები გვყოლოდა, რათა თვინიერ შურისა გვეცხოვრაო.

40) უდროოდ ნათქვამი სიტყვების გამო ყველას სიცილი წასკდა, რიტორმა დიონისოდოროსმა კი წამოიძახა: „შეწყვიტე ჩვენი ბარბაროსული სიტყვით დამოძღვრა, ნეტავი რომელ პოეტთან აღმოვაჩენთ სიტყვა „შურს“, ნაცვლად „ეჭვისა“? „აბა, შენც ჩამოერიე რა ლაპარაკში, საცოდავო, – შესძახა იონმა. თავის მხრივ, დიონისოდოროსმაც გამოლანძღა შესაფერისად იონი. ამ დროს კამათში გრამატიკოსი ჰისტიაიოსიც ჩაერთო და თქვა: „შეწყვიტეთ, ვინაიდან მსურს საქორწინო ლექსი წაგიკითხოთ“. 

  41) და დაიწყო. აი, თუ მეხსიერება არა მღალატობს, ეს ელეგიური მრჩობლედი:

  მართლაც, რაოდენ მშვენიერია ღვთიური დედოფალი კლეანთისი,

  არისტენეტოსის ჭერქვეშ ზრდილი სათუთობითა,

  აღმატებული სხვათა ქალწულთა, ელენეს მჯობი,

  თვით კითერაზეც (აფროდიტეზე) უსათნოესი. 

   შენც გაგიმარჯოს, სიძევ ბატონო, დამჩრდილავო თანააღზრდილთა,

  ულამაზესო ნერევსსა და თეტიდას ძეზე (აქილევსზე). 

  ჩვენ შევთხზეთ ახლა ჰიმნი ესე, საქორწინო 

  და ორთავეს ერთად მრავალჯერ გიმღერთ.

 42) ამ მრჩობლედსაც, ცხადია, სიცილი მოჰყვა. ამასობაში ლანგრით მორთმეული კერძების განაწილების დროც დადგა. არისტენეტოსმა და ევკრიტოსმა აიღეს თავ-თავის მხარეს მოხვედრილი ნაწილი, მეც ჩემი ავიღე, სასიძო ქირევსმაც თავისი. მსგავსადვე მოიქცნენ პლატონიკოსი იონი და პერიპატელი კლეოდემოსი. დიფილოსს კი სამართლიანად მიაჩნდა, უკვე წასული ზენონის წილიც მიეთვისებინა. ის ირწმუნებოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო დიფილოსი, ზენონის მასწავლებელი, მოსამსახურეებთან ჩხუბში ჩაება.

ისინი ჩააფრინდნენ დედალს, თავ-თავის მხარეს ეწეოდნენ, თითქოს პატროკლეს ცხედარი ყოფილიყოს და ერთმანეთს სტაცებდნენ. დიფილოსი დამარცხდა და ხელი უშვა დედალს. მომხდარმა მონადიმეებში ხარხარი გამოიწვია, უფრო კი იმიტომ, რომ დიფილოსი ისე გმინავდა, თითქოს უდიდეს უსამართლობასთან ჭიდილში დამარცხებულიყოს. 

  43) ხოლო ორნი: ეპიკურელი ჰერმონი და სტოიკოსი ზენოთემისი გვერდიგვერდ იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილნი, როგორც ითქვა, ზემოთ – ზენოთემისი, ქვემოთ კი – ჰერმონი. მათ ლანგარზე ყველაფერი ტოლ-ტოლად იდო და მშვიდობიანადაც გაინაწილეს. თუმცა, ჰერმონის წინ დადებული დედალი უფრო მსუქანი აღმოჩნდა, რაც, ჩემი აზრით, შემთხვევით მოხდა. ყველას კი თავისი წილი უნდა აეღო.

ამ დროს ზენოთემისმა – ჩემი აზრით, ფილონ, ახლა მთელი შენი გონება უნდა მოიკრიბო, ვინაიდან უკვე ახლოს ვართ მომხდართაგან უმთავრესთან – მაშასადამე, როგორც გიყვებოდი, ზენოთემისმა მის წინ დადებული ქათამი დატოვა და ჰერმონის წინ დადებულს, როგორც წეღან აღვნიშნე, უფრო ნასუქს სწვდა. თავის მხრივ, ჰერმონიც დაებღვრია დედალს და თავისი კუთვნილის დათმობა არ ისურვა. ისინი ყვირილით დაენარცხნენ ძირს, ერთმანეთს დედლებს სახეში ურტყამდნენ, შემდეგ წვერებშიც ჩააფრინდნენ ერთიმეორეს და თან ყვირილით უხმობდნენ მშველელს: ჰერმონი კლეოდემოსს, ზენოთემისი ალკიდამასსა და დიფილოსს. ფილოსოფოსთაგან ზოგმა ერთის მხარე დაიკავა, ზოგმა მეორესი. გამონაკლისი მხოლოდ იონი იყო, რომელიც შუა კაცის ადგილს სიფრთხილით იცავდა. 

  44) ერთ გუნდად ქცეული ჰერმონი და ზენოთემისი კი კვლავ იბრძოდნენ. ზენოთემისმა არისტენეტოსის წინ მდგარ თასს დაავლო ხელი და ჰერმონს დაუშვა თავში.

„ნაკრავი გაუცუდდა, ისრებმა იცვალეს გეზი“ და სასიძოს თავი გაუპეს ორად. ჭრილობა საკმაოდ გვარიანი და ღრმა აღმოჩნდა, რის გამოც ქალებში წივილ-კივილი ატყდა. იმათგან ბევრნი ფეხზე წამოცვივდნენ და ბრძოლის შუაგულს მიაშურეს, უფრო კი სასიძოს დედამ, რომელმაც შვილის სისხლი დაინახა. მისკენ გაიქცა საქმროს მდგომარეობით შეშფოთებული საპატარძლოც. ამ გაწევ-გამოწევაში დიდი მხნეობა კინიკოსმა ალკიდამასმა გამოავლინა. ზენოთემისის მოკავშირემ კლეოდემოსს კვერთხი უხეთქნა თავში, ჰერმონს ყბანი შეუმუსრა, ხოლო მსახურები, რომელთაც სურდათ ჰერმონსა და კლეოდემოსს მიშველებოდნენ, დაჭრა. თუმცა ჰერმონი და კლეოდემოსი უკან დახევას სულაც არ აპირებდნენ, პირიქით: კლეოდემოსმა საჩვენებელი თითით თვალი გამოსთხარა ზენოთემისს და კბილებით ცხვირიც კი მოაჭამა, ხოლო ჰერმონმა ზენოთემისის მისაშველებლად მისულ დიფილოსს ჩაარტყა თავში.

45) დაიჭრა გრამატიკოსი ჰისტიაიოსიც, რომელსაც ხელჩართული ბრძოლის მონაწილეთა დაშორიშორება უნდოდა. მას კბილებში მოხვდა წიხლი, მგონი კლეოდემოსისაგან, რადგან მან დიფილოსად მიიჩნია იგი.

საცოდავი ჰისტიაიოსი კი იწვა ძირს და საყვარელი ჰომეროსის სიტყვებს იმეორებდა: სისხლს ანთხევდა ის. გარდა ამისა, შფოთსა და ცრემლს მოეცვა ყოველივე: ქალები, რომლებიც ქირევსს შემოსჯარვოდნენ, ტიროდნენ, კაცები კი კვლავ მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდნენ. უდიდეს უბედურებას კინიკოსი ალკიდამასი წარმოადგენდა. მან ყველა ხელის ერთი მოქნევით გააქცია, ურტყამდა ყველას, ვინც მოხვდებოდა. მერწმუნე, ბევრი დაეცემოდა, ჯოხი რომ არ გადასტყდომოდა მოულოდნელად.

მე კი, კედელსაკრული, ვხედავდი ყველაფერს და გრამატიკოს ჰისტიაიოსის გამოცდილებით ჭკუანასწავლი – თუ რაოდენ საშიშია ასეთი ცემა-ტყეპის შეჩერება – არაფერში ვერეოდი. თითქოს ფილოსოფოსებს კი არა, ლაპითებსა და კენტავრებს ვხედავდი. მაგიდები ამოეყირავებინათ ჩემ წინ, სისხლი დიოდა, თასები მიმოქროდა. 

  46) ბოლოს კი ალკიდამასმა ჩირაღდანიც გადააბრუნა. უკუნი სიბნელე ჩამოწვა და ცხადია, ვითარებაც უფრო დაიძაბა. სხვა სინათლის მოტანა იოლი არ აღმოჩნდა. ამასობაში კი სიბნელეში საქმენი საგმირონი დატრიალდა.

ხოლო როცა ჩირაღდანი კვლავ შემოიტანეს, ალკიდამასს იმაში წაასწრეს, რომ მას ფლეიტაზე დამკვრელი ქალი გაეშიშვლებინა და ბეჯითად ცდილობდა მის დამორჩილებას. რიტორი დიონისოდოროსი კი სხვა საქმეში გამოიჭირეს: მას იღლიიდან თასი ჩამოუცურდა, თავი კი იმით იმართლა, რომ თქვა: ეს თასი უწესრიგობისას პლატონიკოსმა იონმა იპოვა და მე გადმომცა შესანახად, რათა არ გამტყდარიყოო. იონმაც კვერი დაუკრა, რომ ასე გულშემატკივრობისა გამო მოიქცა. 

  47) ამაზე დაიშალნენ მონადიმენი და ცრემლი მყის ალკიდამასზე, დიონისოდოროსსა და იონზე სიცილად ექცათ. ცუდ დღეში მყოფი დაჭრილნი კი საკაცით გაიყვანეს. ორჯერ შავ დღეში კი მაინც მოხუცი სტოიკოსი ზენოთემისი იყო. მას ერთი ხელი ცხვირზე წაევლო, მეორე თვალზე მიეფარებინა და თან ყვიროდა, რომ ტკივილები მოუღებდა ბოლოს.

ეპიკურელმა ჰერმონმა კი – თუმცა ისიც საშინელ დღეში იყო – ორი კბილი ჩაემტვრიათ მისთვის – ზენოთემისის საწინააღმდეგოდ თქვა: „იქნებ დაიმახსოვრო, ზენოთემის, რომ არ არის დღევანდელი ტკივილი შენთვის უმნიშვნელო“. ხოლო სასიძო მას შემდეგ, რაც ექიმმა დიონიკოსმა ჭრილობები დაუმუშავა, სახლში თავშეხვეული იმ ეტლით წაიყვანეს, რომლითაც მას თავისი საცოლე უნდა წაეყვანა. საცოდავმა მწარე ქორწილი გადაიხადა. დიონიკოსი სხვებსაც დაეხმარა, ცხადია, რამდენადაც შეეძლო. ასე რომ, დაშავებულნი დასაძინებლად წაიყვანეს. ბევრს გზაში აღებინებდა კიდეც. ადგილზე ალკიდამასიღა დარჩა, ვინაიდან ვერავინ შეძლო ამ გმირის დაძვრა მას შემდეგ, რაც ის საწოლზე გარდიგარდმო დაენარცხა და ჩაეძინა.

48) აი, ასეთი ბოლო ჰქონდა, ჩემო კარგო ფილონ, ამ ლხინს, თუმცა, იქნებ უკეთესი იყოს, მას ტრაგედიის სიტყვები დავურთოთ: 

  წერამწერალი ბევრ საკვირველს გვიგზავნის რამეს, 

  ბევრ უცაბედსაც თვით ღმერთები აღასრულებენ 

და არ ახდება მათგან მრავალი,რაც მოიფიქრე და გადაწყვიტე –  ეს ამბავი მართლაც გაუთვალისწინებლად დასრულდა. თუმცა ის მაინც გავიგე, თუ რაოდენ სახიფათოა გამოუცდელი კაცისთვის ესოდენ განბრძობილებთან ნადიმი.

 

 შენიშვნები თავების მიხედვით:

   1) ფილონი და ლიკინოსი – ფილონი ისტორიული პიროვნებაა, რომელსაც მწერალმა მიუძღვნა ტრაქტატი „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია“. ლიკინოსს კი მიიჩნევენ ბერძნულ ფორმად ლათ. ლუკიანესი Lუციანუს  2) სიტყვა, უტკბილესი ნუგბარი – სიტყვასთან მსაზღვრელად სასიამოვნოს, ტკბილის, საამურის, თაფლის… გამოყენება ჩვეულებრივია ძვ. ბერძნ. მწერლობაში, მაგრამ სიტყვის საკვებთან გაიგივება და მისი ჭამის პროცესთან დაკავშირება მაინც პლატონისთვის არის დამახასიათებელი.

სიტყვაში სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსება – ეს ძვ. წ.-ით მე-4 საუკუნეში რაციონალური კულტურის მოთხოვნაა ლიტერატურისადმი. ლუკიანე ამ შემთხვევაში პლატონის გამონათქვამის – ჰჟ ტწ ”ნ ლოვგწნ ეჯსტივასი” – სიტყვით დანაყრება – (გავიხსენოთ „მასპინძელ ექმენით სიტყვათა ჩემთა“ საბანისძე) ირონიულ ალუზიას მიმართავს. 

  3) მისტერიები – ეზოთერული (დახურული) საზოგადოების წევრებისათვის სავალდებულო საიდუმლო წესები, რომელთა შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეძღვნებოდა დემეტრას, დიონისეს, იზიდას, ატისს, კიბელას, მითრას, ნიშანდობლივი იყო ბევრი გნოსტიკური მიმდინარეობისთვისაც და ფართოდ გავრცელებული ელინისტური ცივილიზაციის ყველა ქვეყანაში, ბევრი არაფერი ვიცით. მოცემულ შემთხვევაში მთავარია ავტორის სარკაზმი, რომელსაც ბაკქური მისტერიები უბრალოდ ღვინის სმამდე დაჰყავს. 

  6) ა. „დანა“ თუ „მახვილი“ – ძვ. ბერძნ. ენაში სიტყვა – “კოპივ”– ნიშნავს დანას, მახვილს, ხმალს, ხოლო – “კოვპი”– მოლაყბეს. 

  ბ. ეპიკურელი – აქ ლუკიანე ხაზს უსვამს მისი თანამედროვე სწავლულთა წრის ერთი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას ეპიკურეს მოძღვრებისა და მისი მიმდევრებისადმი. ეპიკურეს განმაქიქებელთ მიაჩნდათ, რომ მან ადამიანებს ყველაზე უხეში მატერიალიზმი შესთავაზა გადასარჩენად. მატერიალიზმი მუცლისა, ღმერთების ზიზღი, რომ მან სამყაროს აჩუქა „ღორების სკოლა“. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არც მადიდებელნი მოჰკლებია მის პიროვნებასა და სწავლებას, მაგ. ლუკრეციუსი („საგანთა ბუნებისათვის“). 

  9) ეპიკურელი ქურუმი – რომის იმპერიისთვის ნიშანდობლივი იყო სინკრეტიზმისა და შეუთავსებელთა შეთავსებისაკენ სწრაფვა. ეპიკურელი ქურუმი სწორედ ამ შეუთავსებელთა შეთავსების მშვენიერი მაგალითია. 

  10) მუზათა ტაძარი – როგორც ხატოვანი თქმა, ეკუთვნის პლატონს. შემდგომ იყენებდნენ ზოგადად ხელოვნების სკოლის აღსანიშნავად. ესეც ირონიაა, ვინაიდან ლუკიანე ამ გამოთქმით გულისხმობს არა ჰელიკონის მუზათა ტაძარს ბეოტიაში, არამედ „მუსაიონს“, ეგვიპტის ალექსანდრიაში პტოლემაიოსთა მიერ დაარსებულს.

  12) ა. აი, გამოჩნდა მენელაოსიც… „ილიადა“ (II, 408).

ამ სიტყვებს პლატონის „ნადიმში“ ამბობს სოკრატე, როცა ის მეგობარს სტუმრად ვახშამზე წასვლას დაუპატიჟებლად სთავაზობს. კინიკოსი ამ შემთხვევაში სხვის მახვილსიტყვაობას მიმართავს.  ბ. „თუმც ვერ მოუხდა მართებულად“, „ილიადა“ (I, 24). 

  13) წისფერი ქსოვილი – ფინიკიელთა მიერ მიღებული ძოწისფერი საღებავის წარმოების უფლება რომის იმპერიაში სახელმწიფოს მონოპოლია იყო. ამ ფერისა და მისი ტონალობების მატერიათა მომხმარებელიც ძირითადად საიმპერატორო კარი გახლდათ.

ნერონის განაწესის მიხედვით, ძოწისფერითა და, ამასთან, ოქროსფერი სამოსით შემოსვა არასაიმპერატორო პერსონას ეკრძალებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაისჯებოდა როგორც შეთქმული.

ნერონის ეს განაწესი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც ნორმად დარჩა. გავიხსენოთ კონსტანციუსისა და იუსტინიანეს საიმპერატორო კარის სქემატიზება, „ძოწითშობილობის“ პრესტიჟი; „ვეფხისტყაოსნიდან“ კი – „ძოწეულით მოსილი“ და „პირ-ოქრო რიდეთი“ დამშვენებული ავთანდილი (სტრ. 74). ავტორი მკითხველში აცოცხლებს სახელმწიფოში პლატონის ფილოსოფოსი-მმართველის იდეასა და ნერონის განაწესს და დასცინის მათ.

  იდაყვს დაყრდნობილი ჰერაკლე – გმირის გამოხატვის ეს უძველესი ფორმა ქართველ მკითხველს, ალბათ უცხო მოყმესა და ბარათაშვილის საკაცობრიო ფიქრებით გულშეძრულ ლირიკულ გმირს გაახსენებს, რომელიც მტკვრის დუდუნს იდაყვდაყრდნობილი უგდებს ყურს. 

  14) ოქრო და ვერცხლი – რომის იმპერიის პერიოდში ამ ძვირფასი მეტალების გამოყენებამ ყოფით ცხოვრებაში არნახულ მასშტაბს მიაღწია. ასე რომ, კინიკოს ალკიდამასის პოზიცია ემთხვევა ამავე პერიოდის ისტორიკოსთა წუხილს ამ მეტალების ბოროტად გამოყენებისა გამო.

15) ორი დრაქმა – ინტიმური მომსახურების გასამრჯელო, მაშინდელი ნიხრით.

17) ჰესიოდე (ძვ. წ. მე-8 საუკუნე) – უსიუჟეტო, სამოძღვრებო ეპოსის ფუძემდებელი;

  ანაკრეონტი (ძვ. წ. 570–478) – ლირიკოსი, მოღვაწეობდა ტირანების კარზე. სიყვარულის, ღვინისა და ნადიმების პოეტი (მისი გავლენის კვალს ხედავენ ხოლმე ალ.

ჭავჭავაძის პოეზიაში, ალექსანდრეს ლექსიც კი აქვს სახელწოდებით “ანაკრეონული”);

  პინდარე (ძვ. წ. 522–446) – სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ არისტოკრატთა მეხოტბე, მითოლოგიური თხრობისა და აფორისტული სიბრძნის შემაერთებელი პოეზიაში. ამ შემთხვევაშიც ხაზგასმულია შეუთავსებელთა შეთავსება. ციტატები „ილიადადან“ (IV, 447, 450). 

  18) თავკოტორა – ადრიანეს დროიდან კონსტანტინე დიდამდე (მცირე დროითი მონაკვეთების გამოკლებით (კარაკალა, ჰელიოგაბალის მმართველობის პერიოდი) მოდაში იყო მოკლედ შეჭრილი, დახვეული თმა და გრძელი წვერი. მე-5 საუკუნის ლექსიკოგრაფის, ჰესისიას ალექსანდრიელის განმარტებით, სამართებლით თავგადაპარსულ ვარცხნილობას სპარსეთში გააზიზებული ადამიანები ატარებდნენ.

მას „ბაღი“ ერქვა. 

  19) ა. მალტური ძაღლი – კუნძულ მალტაზე საგანგებოდ მაღალი წრის ქალბატონთა გასართობად გამოყვანილი მომცრო ტანის ჯიშის ძაღლი

  ბ. ადრასტეას რისხვა ნუ მომეცემა – ადრასტეა – „გარდაუვალი“, „უცილობელი“ – ამ ფრიგიული წარმოშობის ღვთაებას ორფიკოსები, პლატონი და მოგვიანო პერიოდის ეპიკოსები შურისძიების ქალღმერთ ნემეზიდასთან აიგივებდნენ. ადრასტეა განაგებდა აგრეთვე სულთა მიმოქცევის მიზანდასახულობას. 

  გ. რა არის ფილოსოფია? ამ საკითხის შესახებ არ იყო ერთიანი აზრი არც ძველბერძენ და არც რომის იმპერიის დროს მოღვაწე სწავლულთა შორის.

ერთნი ფილოსოფიაში სამყაროს მოწყობის თეორიულ გეგმას ხედავდნენ, მეორენი კი – პრაქტიკული ცხოველქმედების საყოველთაო წესს. პითაგორადან არისტოტელეს ჩათვლით და შემდგომ შუა საუკუნეებშიც ცოდნის უმაღლეს და უკეთილშობილეს იდეალად მაინც გონების მჭვრეტელობითი უნარია აღიარებული. ადამიანის მოღვაწეობის ეს ორი გზა ქრისტიანობამ ხატოვან-ალეგორიულად ასე გადაიაზრა: მარიამი – მართა (ლუკა, 10, 41–42), რაქელი – ლია (დანტე, „ღვთაებრივი კომედია“, სალხინებელი, XXVII, 97–108), სანთელი – თაფლი (დანტე „ნადიმი“, IV: XVII, 10–12). 

  დ. სილოგიზმები – ლოგიკური დასკვნები, რომელნიც დედუქციის გზით ზოგადიდან კერძოს გამოყვანის შესაძლებლობას იძლევიან. სილოგისტიკის ფუძემდებლად ითვლება არისტოტელე. ზემოხსენებული სოფიზმები უაღრესად პოპულარული იყო მაშინდელ საზოგადოებაში.

რქები – რაც არ დაგიკარგავს, ის გაქვს. რქები არ დაგიკარგავს, მაშასადამე, შენ ისინი გაქვს. გროვა – შენ თუ ყორედან სათითაოდ აიღებ ქვას, მაშინ ყორე აღარ იქნება ყორე. მომმკელი – ფილოსოფოსი ეუბნება მომმკელს, რომ მას არ შეუძლია მომკას თავისი ყანა. მომმკელის შეცბუნებულ კითხვას ფილოსოფოსი პასუხობს: „შენ შეგიძლია მომკა, ან არ მომკა შენი ყანა. თუ მომკი, მაშინ ვეღარ შეძლებ მომკა, ან არ მომკა ზუსტად ასევე იქნება, თუკი მეორეს აირჩევ და არ მომკი, შენ ვეღარ შეძლებ მომკა, ან არ მომკა, ასე რომ, შენ საერთოდ ვერ მომკი ყანას“. პასუხის მაგივრად მომმკელი იღებს ნამგალს და მკის ყანას.

 ე. მშვენიერების სიკეთედ მიჩნევა – ლუკიანე მიანიშნებს კვლავ პლატონის მოსაზრებაზე, რომ მშვენიერება სიკეთის ნაირსახეობაა, რასაც სტოიკოსებიც იზიარებდნენ. 

  25) ოინევსის ამბავი, გაიხსენე „ილიადა“, IX, 538. ქვეყანა კალიდონისა – ფრაგმენტი ევრიპიდეს მოუღწეველი ტრაგედიიდან „მელეაგრე“. ურჩხული ტახი – ფრაგმენტი სოფოკლეს მოუღწეველი ტრაგედიიდან „მელეაგრე“. 

  26) მრავლისაგან მცირედი, ფრიადისაგან მცირედი – აჯპო; პოლლწ`ნ ოჯლივგა ძველბერძნული რიტორიკის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ქართველი ჰაგიოგრაფებიც ახსენებენ და იყენებენ კიდეც. მაგ.

გიორგი მერჩულე, ბასილი ზარზმელი, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მცირე. 

  30) ა. ქრისიპოსი (ძვ. წ. 280–240) – სტოიკოსი. მან შექმნა ბუნებასთან ჰარმონიაში მცხოვრები უაფექტო, სულიერად გაწონასწორებული და ბედნიერი ბრძენის მოდელი. უმთავრეს ფილოსოფიურ დისციპლინად თვლიდა ეთიკას.

 ბ. კლეანთესი (ძვ. წ. 330–230) – ზენონ კიტიონელის მოწაფე. ზენონის შემდეგ ის ჩაუდგა სტოიკოსთა სკოლას სათავეში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თეოლოგიას.

 გ. ზენონ კიტიონელი კუნძულ კვიპროსიდან (ძვ. წ. 335–262) – კრატეტ თებელის ნამოწაფარი, რომლის ფილოსოფიური სისტემა დამყარებული იყო როგორც სოკრატულ-კინიკურ შეხედულებებზე, ასევე ჰერაკლიტეს ფიზიკასა და არისტოტელეს ლოგიკაზე. 

  დ. ჰესტია – კრონოსისა და რეას ასული. მარადიული ცეცხლის, დასაბამის მფარველი, ღმერთთა სამყაროს, ადამიანთა საზოგადოებისა და თითოეული ოჯახის გამამთლიანებელი, ურყევი წესრიგის სიმბოლო.

 32) სწავლებაში გასამრჯელოს აღება პირველად პირველი სოფისტიკის წარმომადგენლებმა შემოიღეს. 

  34) ა. საკუთარი ცხოვრების უკეთესად მოწყობა – ესეც სოფისტური იდეაა. ძველბერძნულ სამყაროში ისინი პირველნი შეეცადნენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებასთან მორგებას და წუთისოფლისაგან პირადი სარგებლის გამოწურვას.

ადამიანთა მთელი საზოგადოების უკეთესად გარდაქმნა ფილოსოფოსის მიერ და ღვთის სათნოდ ცხოვრება კი გახლავთ პლატონის იდეა.

  ბ. მხოლოდ წიგნების კითხვა – გავიხსენოთ ილიას სიტყვები” “უწიგნოდ თვალთა ხედვის ისარი მოკლეა, მაგრამ არც მარტო წიგნით არის გრძელი.

  39) სულის უკვდავება – ძველბერძნულ ფილოსოფიურ სისტემებში სულს მატერიიდან არ განაცალკევებდნენ.

ადამიანის სულის რაობა გაიგივებული იყო მსოფლიო მამოძრავებელ ძალასთან (ცეცხლთან – ჰერაკლიტე, ლევკიპე; ჰაერთან – ანაქსიმენე). პითაგორელებს სული რიცხვად მიაჩნდათ და მას მატერიისაგან გამოყოფდნენ. პლატონის თანახმად კი, სულს უკავია შუალედური პოზიცია იდეების სამყაროსა და ქვემორე ცვალებად სამყაროს შორის. მას აქვს გონი, გრძნობა და არის უკვდავი. არისტოტელეს მიხედვით კი, სული სისხლში აღწევს განმაცხოველებელი მობერვით და მის სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს გონება. ასე რომ, მართალია, ძველბერძნული სამყარო იცნობდა ინდივიდუალური სულის უკვდავების იდეას, მაგრამ საყოველთაო სულის უკვდავების იდეა უცხო იყო მისთვის. 

  44) ციტატა „ილიადადან“ (XI, 233).

  45) საყვარელი ჰომეროსის სიტყვები, „ილიადა“ (XV, 11). 48) წერამწერალი ბევრს საკვირველს გვიგზავნის რამეს – გუნდის ამ სიტყვებით მთავრდება ევრიპიდეს ტრაგედიები: „ალკესტიდა“, „ანდრომაქე“, „ბაქხი ქალები“ და სხვა. ქართულად გვაქვს „ბაქხი ქალების“ შესანიშნავი თარგმანი, შესრულებული ბატონების გ. სარიშვილისა და ზ. კიკნაძის მიერ. მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტის ქართულ ვარიანტში მოხსნილია წინააღმდეგობა ღმერთსა და დემონებს შორის, ჩვენ უპირატესობა ჩვენეულ თარგმანს მივანიჭეთ.

 

  ჟურნალი “ჩვენი მწერლობა”,

  № 13 (39) 2007

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ლუკიანე სამოსატელი / ნადიმი, ანუ ლაპითები