მარიჯანი 

 

ვინ უფრო გიყვარს

 

 

 

 

თინა და ირა ჩააცივდნენ თავის დიდედას:

 

  – დიდედა! გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს  – მე თუ თინა?  – ეკითხებოდა ირა.

 

  – დიდედა, გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს  – მე თუ ირა?  – ეკითხებოდა თინა.

 

 დიდედა იღიმებოდა.

 

  – ორივე!

 

  – მაინც რომელი?  – არ ისვენებდნენ გოგონები.

 

  – ერთიც და მეორეც!

 

 მაგრამ ბავშვებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებდათ.

 

  – მაშ კარგი! აი, ჩემს თვალებში ჩაიხედეთ და ვის სახესაც დაინახავთ, ის უფრო მეყვარება.

 

 ჯერ თინა მივარდა, ყელზე შემოეხვია და თვალებში ჩააშტერდა: როგორც იყო, თავისი თავი დაიანახა და ძალიან ეამა.

 

 ირას რომ არ სწყენოდა, არაფერი გაუმხილა.

 

 მერე ირა ჩაუჯდა კალთაში. ახლა იმანაც ჩახედა დიდედას თვალებში, ჩაიცინა და ისიც კმაყოფილი დარჩა..

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მარიჯანი / ვინ უფრო გიყვარს