მგალობლიშვილი სოფრომ

 

დემეტრეს სახლობა

 

 

 I

 

 გულზე თეფში

 

 

 ისეთი უჟმური დილა იყო, რომ გარეთ ძაღლი არ გაიგდებოდა, ხან წვიმდა, ხან თოვლს ურევდა, ხან უცნაურად დაჰბერავდა ზენა ქარი და ცაზე ღრუბლებს სულ გადმოატრიალებდა და აურ-დაურევდა ხოლმე. ტალახითა და ლაფით აივსო ოღრო-ჩოღრო ქუჩები ქალაქისა. დახურულ ბაზარში ისეთი ლიჭყი იდგა, რომ ადამიანი ფეხს ვერ იკიდებდა. დილის ათი საათი იქნებოდა, რომ ორმა მარჯვე ბიჭმა ბაზარ-ბაზარ ჩამოიარეს, ხელში სპილენძის თეფშები ეჭირათ და ფულს აგროვებდნენ; ერთი თეფში თითქმის თავშედგმული იყო შავი ფულითა. აქა-იქ გამოსჩანდა თეთრი ფულიცა. ყველა მედუქნე სიამოვნებით აძლევდა თითო-ოროლა გროშსა; წყნარად, მოკრძალებით და მოფარებით სდებდნენ გროშებს, თითქოს ამგვარი საქციელით ქრისტეს მცნების აღსრულება უნდათო: “ისე გაეცი მოწყალება, რომ მარცხენამან შენმა არა იცოდეს, რას შვრება მარჯვენაო”. დასდებდნენ რა მოწყალებას, ყველა ზედ დაურთავდა ხოლმე:

 

 – ღმერთმა აცხონოს! კარგი სათნო და უწყინარი კაცი იყოო...

 

 თეფშოსნებიც ძალიან ირჯებოდნენ, გამვლელსა და გამომვლელს არ ასვენებდნენ.

 

 – თითო-ოროლა გროშს ნუ დაგვიჭერთ, ღმერთი სამაგიეროს გადაგიხდით. საწყალი კაცი გარდაიცვალა და იმისთვის ვაგროვებთ; სამადლობელი საქმეა, ღვთის მადლმა! – ეუბნებოდნენ ყველას მგროველები.

 

 – ვისთვის აგროვებთ, ბიჭო? ვინ მოკვდა? ტუსაღისათვის ხომ არა? – იკითხა ერთმა თავადიშვილმა, რომელსაც ბიჭებმა თეფში წაუშვირეს მოწყალებისათვის.

 

 – საწყალმა ხარაზ დემეტრემ თქვენი ჭირი წაიღო, აი რო ფინაჩობდა, იმანა! ყოვლად უმოწყალო გახლდათ, წვრილშვილი დარჩა და ცოლი.

 

 – ჰო, ღმერთმა აცხონოს! ალალი და უწყინარი კაცი იყო; მაგისთანა კაცს ღმერთი არ დაჰკარგამს, – წარმოსთქვა თავადიშვილმა და თეფშზე მანეთიანი დასდო.

 

 – აი ღმერთმა დაჰკარგოს და ამოაგდოს ყაზარას ოჯახი, როგორც იმან საცოდავი კაცი მოიდნო, – უთხრეს თეფშოსნებმა და ქვევით ჩაიარეს.

 

 ამ ფულს აგროვებდნენ დემეტრე ხარაზის დასამარხავად.

 

 დემეტრე ძალიან ნავალი კაცი იყო. ჯერ ისევ რვა-ცხრა წლისა არ იქნებოდა, რომ ძმებმა ქალაქ გორში ხარაზს მიაბარეს შეგირდად; სახლშიაც ემსახურებოდა და დუქანშიც. ამ დღე კბილით ჯღანს ეწეოდა და ფინაჩობდა; ორი წელიწადი იყო გორში აღასთან: პატარა დემეტრეს სულ ცეცხლის ალში ატარებდნენ; მუდამ დაგლეჯილ-დაფლეთილი დადიოდა; საცოდავს ვირივით ამუშავებდნენ და ვირივითვე სცემდნენ, მაგრამ თავმოყვარეობის ნიშნად ვირიც ტლინკებს გაისვრის ხოლმე: ერთხელ აღამ ჩვეულებრივზე გარდამეტებით გაამათრახა ჩვენი დემეტრე; იმანაც დაჰკრა ფეხი, შემოდგომაზე ხელის ურმებს გაჰყვა და ტფილისის ქალაქში ამოჰყო თავი კი.

 

 ტფილისში დემეტრე ჯერ ხელზე მოსამსახურობდა; ბოლოს ქალაქის ბიჭებში გაეჩვია და გაკინტოვდა, გაიმართა კარგი ლაზათიანი თაბახი და ქუჩა-ქუჩა დაარბეინებდა სხვადასხვა ხილსა, ყველსა, თევზეულსა, მწვანილსა. რასაც კვირიდან კვირამდე იშოვნიდა, კვირა დღეს ძმაბიჭებ კინტოებთან შესჭამდა ხოლმე ვერის და ორთაჭალის ბაღებში. კინტო-ბიჭებს ძლიერ უყვარდათ. თუ დემეტრეს იმათთვის არა შურდა რა, არცა რას ისინი იშურებდნენ. დემეტრე ძმაბიჭისათვის ანთებულს საკირეში გადავარდებოდა.

 

 ერთხელ დემეტრემ სანაძლეოზედ, როცა გაჩაღებული სმა და ქეიფი ჰქონდათ ვერის ბაღში, ღვინისაგან ტვინი შეუხურდათ და ენა სატიკტიკოდ და სამასხაროდ აეხსნათ, ხანჯლის შვილით ნეკი წინა სახსარში მოიჭრა და წარბიც არ შეუხრია. მოჭრილი ნეკის წვერი სტაქანში ჩააგდო, ზედ კახური დააყოლა და სთქვა თურმე: “ეს ღმერთმა იმ ძმაკაცს გაუმარჯოს, რომელიც ძმაბიჭისათვის შემწვარ ხოხობს კი არ შესჭამს, ანწუხზედ აეგებაო”!

 

 ძალიან ჯიუტი ბიჭი იყო. მაინც ძმაბიჭისათვის სამუდამოდ გამოეთხოვა ქალაქსა; იგი იძულებული იყო თავის მარჩენალი თაბახისათვისაც და ძმაბიჭებისათვისაც თავი დაენებებინა. დემეტრეს ყველაზე ძლიერ უყვარდა ერთი კინტო, რომელიც ქალაქის “ბუნტში” რეულიყო და პოლიცია დაეძებდა. ერთხელ, როგორც იყო ვერის ბაღში მიიკვლიეს კინტოს კვალი და დაეცნენ. დემეტრე მუშტიკრივში ძალიან განთქმული იყო. ამხანაგები იმის მუშტს ფილთაქვას ეძახდნენ, რამდენი დესეტნიკიც კი მისწვდა კინტო-ბიჭს დასაჭერად, იმდენს დემეტრე ძირს დასცემდა, ერთს წამს სულ ზღვესავით დააწყო ყველანი; მოხდა ალიაქოთი: კინტოებმა ბებუთები იძრეს, წესის დამცველთ – დამბაჩები და შეიბნენ; შემჩნეულმა კინტომ თავს უშველა; დემეტრეს მარცხენა ხელი შიგ ჩონჩხში გაუხვრიტეს ტყვიით, მაგრამ მაინც ხელთ ვერ იგდეს. ის იყო და ის, წამოვიდა დემეტრე სოფლად.

 

 ვნახოთ, ერთს დილას დემეტრე, ქალაქურის კინტოურის ტანისამოსით კოხტად მორთულ-მოკაზმული, გაჩნდა თავის სოფელში. დემეტრე ძალიან ტანშედგმული ბიჭი იყო, კინტოურ ტანისამოსში ლერწამივით ირხეოდა; სახეც ძალიან მარილიანი და სანდომიანი ჰქონდა. სოფლის გასათხოვარი გოგოები გიჟდებოდნენ დემეტრესათვის; იმის შნოიანად დაბზენილ წვერ-ულვაშის ცქერით ვერა ძღებოდნენ; მერე მაშინ, როცა დღესასწაულ დღეს გამართამდა ართურმას და ჩალიჩსა, გაიკეცავდა უკან ქამარში ჩოხის კალთებს და შველივით დახტოდა, მაშინ იმის ჭვრეტით ვერა ძღებოდნენ, ბერიკაცებიც კი წამოდგებოდნენ, ამათაც აუფანცქალდებოდათ დემეტრეს სიმარდის ცქერით გული და სიამოვნებით უცქეროდნენ. მაგრამ დემეტრეს სოფლად ყოფნას დიდი დღე არა ჰქონდა: დიდხანს არ შერჩა კოხტა ტანისამოსი, მალე შემოაცვდა და ყურები ჩამოყარა. ნეტარება კაცს რომ სამუდამოდ შერჩეს, სიკვდილს ვიღა ინაღვლისო, ნათქვამია. დემეტრე სოფლის მუშაობას გადაჩვეული იყო. სოფელში მუდამ ნაბატონრებთან იყო, ემსახურებოდა იმათ და აქეთ-იქით დასდევდა. ეს უქმად ლაყუნიც მოსწყინდა. ბოლოს შეირთო მეზობლის ლამაზი გოგონა. მაშინ დემეტრე უკვე დავაჟკაცებული იყო.

 

 – ჩვენს სოფელს დემეტრემ თვალი გამოსთხარა ნენეს შერთვითაო, – ამბობდნენ სოფლელები, – მაგისთანა მადლიანი და პირსამსე გოგონა ამ ახლო-მახლო სოფლებში არ მოიძებნებაო.

 

 – თითონაც კაი მოხდენილი ბიჭია, ტყუილი არ არის, – ამბობდნენ ზოგნი.

 

 – არის, მართალია, მაგრამ სოფლური მუშაობა აღარ ეხერხება, სოფლის ყამი და ყადრი აღარ იცის, ბატონებთან და ქალაქში კინტოებში თრევით ხელში რას დაიჭერდა.

 

 – ეჰ, სოფელი განიერია, დარჩება, მხოლოდ მიდგომ-მოდგომა უნდა.

 

 ასე სჯიდნენ მეზობლები დემეტრეზე.

 

 ცოლი რომ შეირთო, მაშინ კი ჩავარდა დემეტრე საგონებელში, იფიქრა, იწვრილა და ისევ ქალაქ ადგილას მიატანა, დაიჭირა ერთი უხეირო ფიცრის ოთახი და ფინაჩობა დაიწყო. მოჰქონდათ ძველი ჯღანები და დემეტრე, როგორც იყო, აკონკებდა და თითო-ოროლა გროშს რჩებოდა. თანდათან გაიკვეთა ხარაზობა და კერვაში გაიმართა. აქაც მალე გაითქვა კაიკაცობის სახელი. ფინაჩობით რას გახდებოდა, მოისურვა შეემატებინა ცოტა რამ შეშუტი დუქნისათვის, მაგრამ იმდენი ღონეც არ ჰქონდა. როგორც იყო, იშოვნა ვალად ყაზარა მიკირტუმოვისაგან ხუთი თუმანი ფული, მაგრამ რაც მოიტანა, ისიც სულ ყაზარას სარგებელსა და “ნეუსტოიკებს” უნდებოდა. ჩაიფლო ლაფში და ვეღარ ამოვიდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მხნეობას უმატა, ძველებურს კოხტაობასა და ქეიფს თავი დაანება. ცოლიც ძალიან მხნე და გამრჯელი გამოდგა. ცოლშვილიც ჩამოიყვანა, გარეთ-უბანში ერთ-ოთახიანი სახლი დაიჭირა და იქ დაბინავდა. ნენე ორს დიდს უბანს ქალაქისას უცხობდა პურსა და ურეცხავდა სარეცხს. ხელი და პირი აღარ ერჩეოდა საწყალს ჯაფისაგან. ქმარზე მეტი იმას შემოჰქონდა სახლში. ქმარი ბინდისას მიდიოდა შინ, ცოლი კი კარგა დახშირბინდებისას. ხან ორი დღეც გავიდოდა, რომ დემეტრე თავის ფინაჩობით ერთს შავ გროშსაც ვერ იშოვნიდა ხოლმე, დაღალულ-დაწყვეტილი, თვალებამოღამებული, მშიერის მუცლით მოვიდოდა თავის საწყალ ქოხში და აქ არ შეიძლებოდა, რომ ცოლს თბილი პური არ დაეხვედრებინა.

 

 – სული შემიწუხა, სული მაგ ღვთის-რისხვა ყაზარამა, – სთქვა ერთხელ დაღონებულმა და მწარედ შეწუხებულმა დემეტრემ, – ცარიელი სულიღა მაქვს და ლამის ისიც ამომხადოს. ახლა “ლისტი” აუღია და რაც მაბადია სულს აქეთ, იმასაც წამართმევენ. ბევრჯერ მამივა აზრად, რომ ავიღო და ეს ქამარი მივცე და მოვიშორო თავიდამ, მაგრამ მენანება ეს წყეული, სიყმით მონაგარია, თავივით მიყვარს, ჩემის ცხოვრების იმედიც ეს არის და ჩემი სამარხიცა; როგორ გავშორდე ამას... თუ ცოცხალი თავი დავახწიე ყაზარას, უნდა ისევ ჩავიქალაქო, თორემ აქ კაცი ვერ გავხდები. ეს ოხერი, რა ამოსაწყვეტი ქალაქი ყოფილა, სამი დღეა სადგისი არ ამიღია და ნემსი არ ამომიგდია...

 

 – რაც ქვეყანასა, ის ჩვენა, – ანუგეშა ვითომ ცოლმა.

 

 – რაც ქვეყანას, ის ჩვენაო?! ნწარა! რაც ქვეყანას, ის ჩვენ არა და!.. მაშ ურია ყაზარაც ჩვენსავით ცხოვრობს რაღა! ჩემისთანებისათვის სისხლი გამოუწოვია და გასივებულა! ერთი იმის ლაპარაკი ნახეთ და! თითქოს მუცლიდამ ლაპარაკობსო. ღმერთო! ერთი იმისი სიტყვა სწორედ ღვთის რისხვაა! ღვთისა! რაღაც უცნაურად ლაპარაკობს, თითქო ყველა იმისი სიტყვა პირიდამ ენის წვერს კი არ მოსდევს, თითქო პირდაპირ ჭიპიდამ ბუხბუხით გამოდისო!.. ვაჰმე! ერთი ამ უკანასკნელად ნეტამც იმის სისხლში გამასვრევინა ხელი!.. – ეს უკანასკნელი სიტყვები მთვრალივით წაილუღლუღა, თითქო გულში ჩაიკლა ნადუღი სულისა, გულის წუხილი ჩააქრო, ჩაჰკლა ძალაუნებურად, რომ თავისი საცოდავი ცოლისათვის არ ეგრძნობინებინა. სმენამახვილმა ნენემ ყური მოჰკრა ქმრის უკანასკნელ სიტყვებს და მსწრაფლ ჩაეკითხა:

 

 – გენაცვა, დემეტრე, რას ამბობ? სისხლიო?!. ნუ, ნუ, შენი ჭირიმე! ალბათ ასე გვეწერა ღვთისაგან; კაცს რასაც შუბლზედ დააწერს ღმერთი, ის აღარ ამოიშლება... დავრჩებით, როგორც იქნება.

 

 – ჰაი დედასა! – დაიწყო ისევ დემეტრემ გულმდუღარედ, თითქო ცოლის სიტყვებს ყურადღებაც არ მიაქციაო; – ფულსა და პატივს დაჩვეულის კაცის ყოფა რა ძნელია – და!.. ქალაქში ბზესავით მქონდა ფული, აქ კი ყაზარას ჩაუვარდი ხელში, ვაჰმე! – ჩაიკვნესა დემეტრემ და მიიმტვრ-მოიმტვრია თითები. ერთი ეუბნებოდა გული, წასულიყო ისევ ქალაქში, მაგრამ რომ წარმოიდგენდა ცოლს, ორს შვილს, დადუმდებოდა და სახე დაეტანჯებოდა ხოლმე. მოსდრიკა გარემოებამ, მოაკვდინა დემეტრეს სული და გული. იქნამდე გაუჭირდა, რომ ხანდისხან თავში ელვასავით გაურბენდა უბედური, შემზარავი აზრი: გაეყიდნა ნამუსი საცოდავი ნენესი, მაგრამ წარმოიდგენდა თუ არა ამ საზარლობას, სირცხვილის ცეცხლი მთლად სწვამდა და აჟრჟოლებდა. ეს უბედური აზრი ნენესაც წარმოუდგებოდა ხოლმე.

 

 დემეტრე სიღარიბემ მოსტეხა, უდროოდ მოაბერა; მშვენიერი ვაჟკაცური სახე გაუჭკნა, თვალები ჩაეფერფლა; ზამთრობით ცივ დუქანში ჯდომით დაქარიანდა, მუხლები ოთხმოცი წლის ბებერივით დაჰქონდა; ცივს ზამთარში იმის დუქანს მხოლოდ მაყალი ათბობდა, რომელსაც სულ რამდენიმე ნახშირი ეღვია; ხან ერთ ლოყას დაადებდა ზედ, ხან მეორეს, ხან ცხვირის წვერს მიუშვერდა. როცა ნახშირი შემოაკლდებოდა, ჩინჩხვარს, ან ბურბუშელას დააყრიდა მაყალზე და იმაზე თბებოდა; ხელები ნაცარში რევით სულ დაეწვა და დაუბებრდა. თუ საქმე რამე გაუჩნდებოდა, სიცივე-ტეხვრაში ათს საათამდე რჩებოდა, თან განუშორებლივ ჰყვანდა თავისი ბიჭი-შვილი, რომელიც ზღარბსავით მოიკუნტებოდა მაყალთან, მთლად, ბუსუსაშვებული გაბრაზებული ძაღლივით. ბევრჯერ დასთვლემდა საბრალო ილოს და თავიან-ფეხებიანად მაყალში ვარდებოდა: ტანისამოსის კონკები მთლად გამომწვარი ჰქონდა. როცა მამა ილოს სახლში გაგზავნიდა სადილის მოსატანად, ისეთ ეკალს აუშვებდა სიცივით სახეზე, თითქო ზღარბიაო. ბაბანითა და თათქანით მიჩანჩალებდა გარეთუბნისაკენ, სიმწარისაგან გზად მიბზუკუნებდა, ვითომ სიმღერასაც ამბობდა და მიაჩლატუნებდა მამის შეჯღანილს ჩუსტებს.

 

 ერთს საღამოს ხარაზ დემეტრე ჩვეულებრივზე გვიან მივიდა სახლში. დაგვიანების მიზეზი ის იყო, რომ დღესასწაულის მოახლოვების გამო უწინდელზე ბევრი საფინაჩო იშოვნა და რადგანაც კვირაძალდებოდა კიდეცა, ამიტომ უთუოდ უნდა მორჩენილიყო, რომ ფული აეღო.

 

 გარეთ მკაცრი ზამთარი იდგა; ყინვა გაბატონებულიყო. დემეტრეს დუქანში ყოველ მხრივ ტეხვრა ქარი შეზუზუნებდა, თითქოს ის ვეღარ გრძნობდა, ისე იყო გართული; ქარი ჩამქრალ მაყალს აბორთალებდა და დემეტრე ნაცრისაგან მთლად შეფერფლილი იყო; მუხლებით მაგრა ეჭირა ჩუსტი, კბილებში გასანთლული ძაფი და, რაც კი შეეძლო, მარდად უტარებდა სადგისს გამხმარ ტყავსა.

 

 ქარი ღმუის, ზუზუნებს, ქვითინებს, რეკს დემეტრეს დუქნის კარს, თითქო შინ შემოსვლას სთხოვსო. დემეტრეს არ ესმის ქარის კვნესა-ქვითინი, ეძალება საქმეს, მაგრამ ძალამ უკლო, ხელის სიმარდემ უღალატა. მთელი დღის მუშაობამ და სიცივემ სინსილა გამოაცალა; ხელებმა ურჩობა დაუწყო და სადგისს ვეღარ ხმარობს, ძილიც ზედ მოესწრო. მარჯვენა ხელში სადგისი, მარცხენაში ჯაგრის გამწვეტებული ძაფი, წინ ჩამქრალი მაყალი, რომელშიაც ნელთბილი ნაცრის მეტი აღარ იყო რა – ამ სურათს წარმოადგენდა იმ ჟამად დემეტრეს ყოფა. ხანდისხან წასთვლემდა, აქნევდა, აქნევდა თავსა, ძილი თავისას გაიტანდა, დასძლევდა თავი და ხელებსა და ცხვირპირს ერთად ჩაჰყოფდა მაყალში. გამოერკვეოდა, ცოტა ხანს თავს შეიმაგრებდა და კვალად მიმართავდა სადგისს; ისევ თავის ქინდვრა, ისევ მაყალში წავარდნა. ბოლოს დემეტრემ თვალის ქუთუთო ზემოდან დააგო სადგისზე, ემწვავა და პატარა სკამიდან უკან გადავარდა. სიმწარისაგან ღაპა-ღუპით წამოვიდა ცრემლები; სისხლმა ცხლად ჩაუარა ლოყაზე, ყინვამ მსწრაფლ ნიკაპს მიაყინა და ყინულის მარგალიტად დაკონწიალდა.

 

 სწორედ ამ დროს შემოვიდა ყაზარა დიდის ჯოხით, უცნაურის ღიპით, უცნაურად ხვნეშოდა და ბუზბუზებდა, თან მოჰყვა გასალახანებული ვექილი, რომელიც გაკრეჭილს კვიცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის შვილსა. ორი სულთამხუთავი თავს წაადგა შეწუხებულს კაცსა.

 

 – რა ვქნა, დემეტრეჯან, ძმაო, მე მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან. ეხლა გიცხადებ, რო ხვალ დილით მოვალ და, რაც რამე გაქვს, აგიწერამ; მოდი და ამ პატიოსანი კაცის თანდასწრებით მომირიგდი. ზოგი ეხლა იყოს, ზოგი მერე. თავნი სულ ხუთი თუმანი არ იყო? ორ თუმნად მაგ შენს ქამარს ავიღებ. სხვა დარჩეს; რა ვქნა, შეგაძლებინებ. ჩემის შვილების მზემ, შენის ხათრით და საცოდაობით ორ თუმნად ვიღებ, თორემ რად მინდა, მე ფული მამიცია, ფული მინდა.

 

 – რაო? ყაზარ, ავაზაკობაც დაიწყე? ღამე მოდიხართ და თავს მესხმით? რაო, გამქცევი ვარ? ჩემგან განა ხუთი თუმანი ვერ აინაზღაურე? რა გინდა? სულიც გინდა ამომართვა? ჰა, მოდი, უბრძანე მაგ შენს ანგელოზს რაღა, ეს საწყალი სულიც ამომხადოს!!.

 

 – შენ როგორ აურზაურს ლაპარაკობ, კანონია და სამართალი; კანონსა და სამართალს მიუცია, უნდა გადაიხადო; აბა, ვნახამთ, ხვალ შემოგხსნით თუ არა მაგ ქამარსა!

 – მე თქვენ მუქარით ვერ შემაშინებთ, – უთხრა გულმაგრად დემეტრემ, რომელიც ცალს ხელს წამისწამ თვალზე იფარებდა. – უსიკვდილოდ ქამარს ვერავინ შემხსნის, დამანებეთ თავი. აი კაცს თვალი გამომთხრია, მინდა შინ წავიდე; ხვალ, რაც გინდათ ჰქენით.

 

 – მეორე თვალსაც მოგთხრი და ისე გადაგახდევინებ, განა მე რიყეზე ამიკრეფნია ფულები?

 

 – ყაზარ, სისხლს ნუ მაძლემ!..

 

 გულქვა ყაზარა თავს არ ანებებდა. ელოდა: მოლბება და მომირიგდებაო. ჩამოვარდა სიჩუმე, დემეტრეს ცეცხლი მოეკიდა; ძველებურად კინტოურად აუდუღდა გული, მოიკრიფა ძალა სულისა, გაშალა მკლავი და ყაზარა კოლოტივით გააგორა დუქნის კარებთან. როცა გაკრეჭილი ადვოკატს წასწვდა, მაშინ დემეტრემ აიხსნა წელიდან ქამარი, გადიხვია ხელზე და ისეთის ძალით დაარტყა, რომ იკადრა სინიდისით მოვაჭრემ კარზედ გაბრძანება. ყაზარა მუქარითა და ბუზღუნით წავიდა; დემეტრემ დუქანი აუგდო საჩქაროდ და აღელვებული წამოვიდა სახლისკენ.

 

 დემეტრეს ცოლი ნენე ქმრის ფიქრში იყო. ფიქრობდა, ერთი კვირაა, აგერ სახლში აღარა შემოუტანიარა, ერთი თბილი პურიც კი ვერ მივაწოდე ჩემს ქმარ-შვილსა. ოთხი დედალი მყამს, ხვალ ერთს ილუას გავატან, გავყიდი, რომ ერთი პარკი ნახშირი ვუყიდო იმ საცოდავს კაცსაო. ამ დროს კვნესით კარი დააკაკუნა კაცმაც. დემეტრე ერთობ შეწუხებული და ალეწილი იყო; თვალი ისე არ აწუხებდა, როგორც სულთამხუთავი ყაზარა და მისი ანგელოზი, რომელნიც ხვალ მოვლენ და აიკლებენ ცოლიან-შვილიანად. შემოდგა თუ არა ფეხი დემეტრემ, მაშინვე ტახტზე მიეგდო. საწყალი ნენე აქეთ ეცა, იქით ეცა, დატრიალდა ქოხში, ვითომ რამე ღონე უნდა ეღონა ქმრისთვის, მაგრამ საითაც კი მიდგა, ხელცარიელი დარჩა, გამწარებული დაბროტიალებდა, მაგრამ ამაოდ, ხელს არა ხვდებოდა; ბოლოს წაიძრო თავიდან თავშალი და თვალი აუხვია.

 

 გოგო-ბიჭი ტახტზე დაყრილიყვნენ, ძაღლის ლეკვებსავით ყელი-ყელს გადაეჭდიათ, ძალზედ ჩახუტებულიყვნენ და კატებივით ხრუტუნობდნენ. დემეტრე ბავშვების ფეხთით წამოიბარკლა. ნენე ჩაჯდა ღუმელთან, შეუკეთა ბურბუშელა, შეუბერა. ბუხრის რაფაზე იდგა პატარა ჭრაქი – ლამპარი, რომლის შუშა ღუმელის კომლისაგან გაყვითლებულიყო, ოდნავ ბჟუტავდა, იმის შუქს ძალა არ ჰქონდა და თითქო თანაუგრძნობდა პატრონების ყოფაცხოვრებასა. ნენეს ჰყავდა დედა-კატუნა, რომელიც სულ კაბის ბოლოზედ ეკოწიალა; ადგებოდა და კატაც აბრასავით თან აჰყვებოდა; ნენე გადაათხლეშდა ძირსა და გაჯავრებით იტყოდა:

 

 – შე, გულმკვდარო! რაღა შენ მინდიხარ გულგაწრიოკებულს ადამიანსა.

 

 ღუმელთან მჯდომარე ნენემ ორივ ხელით თავი დაიჭირა და მწარე ფიქრებს მიეცა: როგორ მოაგვაროს ისე ცხოვრება, რომ შიმშილის გამო სამარცხვინო ყოფაში არ ჩაცვივდნენ. ბავშვები პატარები ჰყავს; ამისი კაცი ასე ჯან-მოკლედ შეიქნა, უნდა ისევ თითონ დადგეს მოჯამაგირედ; ყმაწვილი ქალია; შრომა და ჯაფის ატანა შეუძლიან, ქმარიც თითო-ოროლა გროშს იშოვნის; მაშინ უკეთ წავა საქმე; მერე შვილებიც მოესწრებიან, იმისი ილო ხელობას დაადგება; საქმე გამოსწორდება.

 

 მწარე ფიქრები ნენეს ტკბილ ოცნებად შეეცვალა; ერთს წამს ყველაფერი იგემა; სახე გაუნათდა, გაუბრწყინდა, ბინდი გადაეყარა, სიამოვნების ნიშნად მხრები აიწია, თავისი დედა-კატუნიასავით აიფხორა და სიამოვნებით მიავლ-მოავლო სახლს თვალი; მიმოავლო თვალი საცოდავად მიყრილს ქმარ-შვილს და ოცნება ჩაეფუშა; ამას ზედ მოჰყვა ქმრის სიტყვები:

 

 – ხვალ ჩვენი სულთამხუთავი მოვა. ამ საღამოს იყო დუქანში ყაზარა და ქამარი მთხოვა, ორ თუმნად ავიღებ, დანარჩენს დაგაცლიო; მე გავბოროტდი, სისხლი ამიდუღდა, კარგა გავტყიპე და ისე გავისტუმრე თავისი ანგელოზით; ეს მაინც გამყვეს სიკვდილის დროს სანუგეშებლად.

 

 ნენემ წელი ვეღარ აიტანა.

 

 – მაშ რა ვქნათ? – ჩაეკითხა საცოდავად ცოლი.

 

 – მაშ რა ვქნათ?! რას შვრება ცხვარი, ყასაბი რომ ყელში დანას დააბჯენს ხოლმე, – უთხრა ცხოვრებისაგან გამოცდილმა და გათელილმა ქმარმა.

 

 – მაშ უნდა დაგვარჩოს, სულიც ამოგვართვას?!.

 

 – უნდა-მეთქი, ადამიანო! მა რითი იხსნი თავს ყაზარასაგან.

 

 ამ ამბის შემდეგ დემეტრემ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. როცა მოკვდა, იმ დილით სასამართლოს მოსამსახურე ბიჭმა ორი უწყება მიიტანა დემეტრეს სახლში: ყაზარა და იმისი “ანგელოზი” უჩიოდნენ დემეტრეს მოქმედებით შეურაცხყოფისათვის. უწყების დარდი ვიღას ჰქონდა.

 

 ასე გაატარა დემეტრემ დღენი თვისნი ამ ბინდისგვარ სოფელში და ერთს დროს თავმომწონე ბიჭს, ქალაქის კინტოს, დღეს გულზედ თეფში დაადგეს და ისე მიაბარეს მიწასა.

 

 

 II

 

 

პატარა მთხოვრები

 

 

 დილიდან მოკიდებული საღამომდის ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა ორი ბავშვი; წინ ჯიბის მსგავსად ეკიდათ ვეებერთელა თოფრები და დაატლაკუნებდნენ; გამვლელსა და გამომვლელს მათგან მოსვენება არა ჰქონდათ. კვირა-უქმე დღეობით სასწორის მოედნიდან ვერ იშორებდნენ. იპარავდნენ ვაშლსა, მსხალსა, კართოფილსა და სხვ., თუ ისე არ უწყალობებდნენ. ეს ორი მაწანწალა მთხოვრები იყვნენ ძმა და და; ძმას ერქვა ილო და დას თინა; გოგო ძალიან ეშმაკი და ცელქი იყო, მუდამ ფეხშიშველა დადიოდა, გაცვეთილი კაბის ქვედა ტანი ფარა-ფარად ჰქონდა ნაქცევი; ზედ გამხმარი გოროხები ეკიდა და ამ ფარა-ფარად ნაქცევ კაბიდან ატურტლული გაზები შავად უჩანდა. ფანჯარასთან აიტუზებოდა და იქნამდე ილაქლაქებდა, მინამ მოწყალებას არ მიიღებდა სახლის პატრონისაგან; კეტი რომ დაგემტვრიათ ზედ, ნაბიჯს არ გადასდგავდა ფანჯრიდან, ისე მოისაწყლებდა თავს, რომ ადამიანს გულს დაუთუთქავდა; მხოლოღ თვალებში შეატყობდი, რომ ერთობ გასალახანებული, გაეშმაკებული და ქუჩის ბიჭებისაგან გალირფული იყო. ძმა კი ასეთი არ იყო. თუ დაი არ დაარიგებდა და ვისთანმე არ მიგზავნიდა, ის თავისით ვერ გაბედავდა; საბრალო ილო ძლივს დაბაჯბაჯებდა ქუჩაში; ძნელიც იყო იმისთვის სიარული; ცალ ფეხზე ეცვა დიდი კაცის ფეხის მოღრეცილი წაღა, რომელსაც ხარაზული ქუსლი ზემოთ ჰქონდა მოქცეული და დოლაბივით ეყარა ფეხში; მეორე ფეხზე ეცვა ძირგავარდნილი ჩუსტი, რომელსაც ძირის მაგიერად ედო მსხვილი ღაზლის წინდის ფარატინი და წითელი მჩვრით ფეხის ზურგზედ შეკრული; ფარატინი ძაღლის ენასავით წაშვერილი იყო და სიარულის დროს წკაპა-წკუპი გაჰქონდა.

 

 ეს და-ძმა დემეტრე ხარაზის შვილები იყვნენ. გოგო თინა ამ დროს თითქმის თორმეტ-ცამეტი წლისა იყო; ილო ბიჭი კი შვიდი-რვა წლისა. იმ უბნიდან, სადაც ისინი იდგნენ, დედა შორს უბნებს უნიშნავდა სათხოვნელად. პატარა მთხოვრები უფრო ბაზარ-ბაზარ და დუქან-დუქან დაწანწალებდნენ სათხოვნელად. დუქნებში წანწალმა და თრევამ უდაღოდ არ გაუშვა მთხოვრები; ისინი დღითიდღე სალახანავდებოდნენ; გოგო ხომ სულ გაურცხვდა, გალირფდა. ბაზრის ბიჭების ჩქმეტით დალილავებული ჰქონდა თინას მკლავები და გვერდები. ბაზაზის შეგირდების ბილწსა და უსირცხვილო ლაპარაკსა გოგომ ყური ისე შეაჩვია, ისე შეითვისა, რომ, როცა თავისებური ალერსით არ გამოელაპარაკებოდნენ, თვით მისცემდა ხოლმე საბაბს, აესარსალებინათ ენა და უწმაწურს საგნებზე ჩამოეგდოთ ლაპარაკი; ამ დროს არ შეიძლებოდა არ დაეტყუვნა რამე ურცხვ მოარშიყეთათვის. პატარა ბიჭს ხომ დღე-მუდამ მაიმუნობას ათამაშებდნენ ხოლმე, შეიჩვიეს ბაზარში და როცა იმის დას დასცინოდნენ და ჩქმეტით გვერდებს აჭამდნენ, ილოს, რომელსაც მეტ სახელად თუნია დაარქვეს, ერთი ვინმე შაქრის ნატეხს გადმოუგდებდა და ხმამაღლა ეტყოდა:

 

 – აბა, თუნია, მაიმუნივით შეხტი და დაიძახე: “შიშლოჯან!”

 

 თუნიაც შეხტებოდა, დაიჭერდა შაქარს ხელში და უმსგავსად, ბაიყუშივით გაიძახოდა: “შიშლოჯან”. ბაზარი ხარხარებდა და ერთობოდა.

 

 მეორედგან ვაშლს გადმოუგდებდნენ.

 

 – აბა, თუნია, სწორე გაიარე მაგ შენი “საპოგებითა” და ეს ვაშლი შენი იყოს. აბა, ჰა!.. ჰაი... შე წუწკის შვილო, როგორ დადიხარ ჰაა?.. – ჩაარტყავდნენ თავში და დახეული რუსული ქუდი, რომელსაც კიზიროკი ორად ჰქონდა გაყოფილი, ყურებზე ჩამოეფხატებოდა ხოლმე. აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და როცა მოიკლავდნენ სურვილს ადამიანის ღირსებისა და ბუნების შელახვისას, მაშინ ძლივს მისცემდნენ დაპირებულს ქრთამსა. ამასაც არა სჯერდებოდნენ. როცა ცუდი დარი იყო და დახურულ ბაზარში ბაზაზები უმუშტრობით ჭირიან ინდაურებივით თავებს ჰქინდრავდნენ მაშინ უნდა გეყურებინათ ამათის მასხრობისათვის: გახდიდნენ დას ვითომ მგლად, ძმას ძაღლად, გამოუყენებდნენ ერთმანეთს და შესდგებოდა წიოკობა. ერთხელ ძმა მგლად გახადეს და ქამრით დაიჭირეს, გადუგდეს თუნიას შაქრის ნატეხები და რუსული პურის ყუა; თუნია მართლა მგელივით დაეტაკა; გაუშვეს ძაღლი თინა, ეცა ძმას და ამოიდო ქვეშ; ამას ზედ მიჰყვნენ ბაზრის შეგირდები და შეიქმნა ზედახორა და ძლივს ცოცხალმკვდარმა მგელმა-თუნიამ თავი დააღწია ამ ვაიუშველებელსა.

 

 საღამოთი ჩვენი მთხოვრები დატენილის თოფრებით მიდიოდნენ დედასთან; წამოჰყრიდნენ თოფრებიდან ნაშოვნს; რა არ იყო შიგ ალუფხული: ხახვი, ნიორი, დამპალი ხილი, პურის ნახორხლები, ხორცის ნაჭრები, ძვლები და სხვა ამგვარები. მათხოვრობის გარდა ქურდობასაც მიჰყვეს ხელი; დღისით კუდიანი თინა დაათვალიერებდა ბაყალთა სარდაფებსა, სადაც სხვადასხვა ხილი, სიმინდი, ლობიო, მუხუდო და ამგვარები ჰქონდათ შენახული. ღამე რომ გატყდებოდა, გაიპარებოდა, წაიღებდა კავიან შამფურსა და ხილის ჯაგნებს გამოალაგებდა ხოლმე. თინამ ძმაც აიყოლია, იშოვნა თოკი და ერთს საღამოს შინ აღარ დაბრუნდა. რომ იდროვა, მიიყუჟა ერთს სარდაფთან.

 

 – ილუავ, წელზე თოკს მოგაბამ, ჩაძვერ, ღრმა არ არის, და რაც მოგხვდეს, ჩაყარე თოფრაში. – შეუჩნდა ამ სარდაფს და სულ გააჩანაგა. ჩიოდნენ, ჰკვირობდნენ, ვის და როგორ გააქვსო.

 

 ქურდობას თანდათან უმატეს. აი, თინამ კიდევ შეიგულა მოსაპარი ნივთები. ბნელი ღამეა; ქუჩაში ჩამიჩუმი არ ისმის; ხანდისხან შუაბაზრის ასასი თუ არღვევს სიჩუმეს; პატარა ქურდები მივიდნენ დანიშნულ ალაგას. თინამ ილო ჩაუშვა ფანჯრიდან, რომელსაც წინწინ მიკრული ფიცრები ამოაცალეს; თოკი ვერ დაუწვდინა; ილო ჰაერში ფართხალებდა; თინამ ვეღარ შეიმაგრა და ილომ ძირს ბარტყანი მოიღო, შექმნა ღმუილი და ვაი-დედას ძახილი.

 

 – სუ, შე პირშავო, თორემ მოგკალ! არავინ გაიგონოს შენი ღმუილი, თორემ ხორცებს დაგაგლეჯ, – ჩასჩიჩინებდა ზემოდან თინა ჩამქრალის ხმით. – აჰაა თოკი, ხელი მოავლე.—ილო ბნელაში ბროტიალებდა, ეპოტინებოდა ჩაშვერილს თოკსა, მაგრამ ამაოდ, ღონემიხდილი დაეცა ძირს და მორთო ღრიალი. თინაც ძიელ შეწუხდა; მიეკრა სარდაფის ფანჯარას და ანუგეშებდა საბრალო ძმასა; ერთხანად როგორც იყო გააჩუმებდა, მაგრამ ხელახლა მოჰყვებოდა თავში ცემასა და ტირილსა. ამასობაში ფანჯარასთან ატუზულს თინას წამოადგნენ თავს პოლიციის მოხელენი ხიშტიანი ჯარისკაცებით. გააცივ-გააცხელა თინა, მოიკუნტა, მოიკუნტა, როგორც ზღარბი, მიწას დაეკრა; პოლიციელები მოკვდნენ, გაწყდნენ და ხმა ვერ ამოაღებინეს; ბოლოს ყურადღება ათხოვეს სარდაფში ხმაურობას; მიხვდნენ, რომ უთუოდ საქურდლად მოსულანო; პატარა მთხოვარა ქურდებს სტაცეს ხელი; ის ღამე საპყრობილის ნაგვიანს ოთახში გაათევინეს. უნდა გენახათ მეორე დღეს დილით ქალაქელების სეირი და თამაში; ფუტკარივით დაედვნენ ზედ, როცა თინა და ილო, თუნიად წოდებული, ხიშტიანებმა პოლიციისკენ გაატარეს.

 

 

 III

 

 

ნენე ყაზარასთან გადადის მოჯამაგირედ

 

 

 ნენე სრულიად შესცვალა ქმრის სიკვდილმა და უფრო შვილების ყოფა-მდგომარეობამ; იმათი გარეწრობა, გადასხვავება, იმათი ქურდობა დედას ხორცს უდნობდა; დაებნა თავგზა ჯერ ისევ ახალგაზრდა დედაკაცსა, შვილებს გარეთ აღარ უშვებდა; ისევ თითონ დატრიალდა; ხან აქეთ გარბოდა პურის საცხობად, ხან იქით – სარეცხის დასარეცხად. მაგრამ ამითი მხოლოდ ლუკმას შოულობდა, ცარიელ ლუკმას! სხვა? ყაზარას ვალისთვის რაღა ექნა? აი ეს იყო ნენეს დარდი და ვარამი, ეს იყო მისი საგონებელი. მოჯამაგირედ დავდგე ვისთანმე? ფიქრობდა იგი... უნდა დადგეს, მეტი ღონე რომ არ არის. მაგრამ... აი ეს “მაგრამ” იყო მისი თავში საცემი; მივიდოდა თუ არა ამ “მაგრამამდის”, სულ გადაერეოდა აზრები და გაჩერდებოდა; ვისთან დავდგე? ვისთან მივიყვანო შვილები? ვინ იტვირთებს ჩემ თინას? ილოს ხელობაზე მივცემ, მაგრამ თინა? ვისთან დავტოვო, ვის ვანდო? ვანდო და ვაი თუ სამუდამოდ ნამუსახდილი მომიგდონ. მერე? ფიქრობდა საცოდავი.

 

 ჯერ ქმარი დაუმარხავი ჰყვანდა, საფლავი ჯერ კიდევ სველ-სველი იყო და ნენეს მოსვენებას არ აძლევდა ხალხი; ათას ჭორებს უგონებდნენ. როცა სამუშაოდან მოდიოდა ხოლმე შინისაკენ და დუქნებისაკენ მოუხდებოდა გამოვლა, ქუჩის პაჟარნები ცუდს ლექსებს აგონებდნენ, თითქმის ზედ წაეგლასუნებოდნენ, უსირცხვილოდ აეტორღიალებოდნენ ხოლმე, უფრო იმიტომ, იცოდნენ ღარიბია და შესცდებაო, ნენე თოფნაკრავ ნადირივით აუქცევდა გზას უსირცხვილო პაჟარნებს, სირცხვილის ოფლს დაასხავდა, თვალთ დაუბნელდებოდა და ღელვისაგან მთვრალივით აურევდა ხოლმე ფეხსა. კარგად იცოდა ქალაქის ხალხის უსინდისობის ამბავი, მერე იმ ქალაქის ხალხისა, სადაც ცხოვრობდა და სადაც ხალხი განთქმულია ძველადვე თავისი მატრაბაზობით, ჭორიკანობით, და ბაზრის ხალხი უსირცხვილო და წრესგასული ქცევითა.

 

 ყაზარამ შეუჩინა ნენეს ერთი ბებერი დედაკაცი, რომელიც ურჩევდა ყაზარას მოჯამაგირედ დასდგომოდა და ამგვარად გადაეხადნა იმისი ვალი. მარტივი სული ნენესი როგორ მიხვდებოდა ყაზარას განზრახვას. ბებერი ხშირად შეპრაკუნდებოდა ხოლმე ნენესას; ნენეც შეეჩვია იმ აზრს, რომ ყაზარასთან გადასულიყო; უფრო იმიტომ დახარბდა, რომ თინაც თავისთან ეყოლებოდა, თავის თვალწინ, გაუფრთხილდებოდა და იქნება როგორმე დაებინავებინა.

 

 ერთხელ საღამოთი ბებერი მაჭანკალი მივიდა ნენესთან და წაიყვანა ყაზარასთან მოსალაპარაკებლად; მაშინ ყაზარა ქვრივად იყო; ჰყვანდა ორი უმსგავსი, დახვლიკული, გასათხოვრად მომზადებული ქალიშვილი და ერთიც ვაჟი; ყაზარა ახალუხა იყო და სწორედ კოლოტსა ჰგვანდა; ცხვირი ნამდვილად ღორის გოჭს მიუგვანდა, თვალები მთლად ქონის ბადეში ჰქონდა გაბმული.

 

 – ჰო, რა ჰქენ? მოხვედი ჩემს ჭკუაზე? ჩემო ნენე, ვალს გადახდა უნდა. მა რა ეგონა იმ მამაცხონებულს შენს ქმარსა! ქამარი რომ ვთხოვე, მოეცა, ეხლა სამი თუმანიღა ემართებოდა.

 

 – რა ვქნა, აღა-ბატონო, ქამარიც რომ მოეცა ქმარი უმარხი დამრჩებოდა; იმ შავს დღეს ქამარი იყო ჩვენი ნუგეში; ზოგს ხალხი შეგვეწია, ზოგი ქამრის ფული და დავმარხე, როგორც იყო. ორიოდ გროში დამრჩა კიდევ, იმას სულს ხომ ვერ დავუმძიმებ, მღვდელი მყავს გასასტუმრებელი; ჯერ თითქმის დაუმარხავი მყავს ის უბედურის შვილი.

 

 – ვა, მე რა ვქნა? მე ხომ არ მომიკლამს? ადამიანო, ჩემი ფულისა რა გადასახადია! იცი, რა წვა-დაგვით მიშოვნია მე ქონება? მე შენზედ ღარიბი ვიყავ. მაგრამ აი დღეს მეფე ვარ. უწინ ბაზარში ვერ გავივლიდი ხოლმე: “ქეციანი ყაზუა მოდისო”, იძახოდნენ. ეხლა კი ისინი, ვინც ქეციან ყაზუას მეძახოდნენ, ყაზარ სტეფანიჩს მეძახიან. ქუჩაში ხომ სალამს ვერვის დავასწრობ ხოლმე. ვირიც არ მყვანდა, სულ ზურგით დამქონდა სავაჭრო სოფელ-სოფელ. რაც მე ცემა-ტყეპა მქონია სოფლის ქედანა გლეხებისაგან, ვინ დასთვლის. ერთხელ კნიაზებმა გვერდაზე ყუთი დამიგორეს და სულ ლუკმა-ლუკმა მიქციეს. რა მექნა? მოვითმინე; პირიქით სულ ჭირი მოვჭამე. ბოლოს იქნამდე მივიდა საქმე, რომ ქათმებსა და კვერცხებს ისევ იმ კნიაზებზე ვასაღებდი; ჩემი ყუთი ერთი ათად ავინაზღაურე. ცარიელი პურის ჭამითა და ცარიელი წყლის სმითა ილაჯი იყო წაღებული, მაგრამ ვითმენდი. რიგიან ხალხში ერთს წუთს ვერ გავჩერდებოდი სირცხვილითა; შიმშილისაგან მუცელი სულ ისე მიყვიროდა, როგორც ჭალის მგელსა. კაპიკი კაპიკზე დამიდვია, ფული შემიდგენია, გამისესხებია; რამდენი დამწვია, ახლა შენ იანგარიშე. ერთმა გიჟმა კნიაზმა აშა მკრა ას თუმანზე... მეც თავის დროზე კაი ვაჟკაცი ბიჭი ვიყავ; შემხვდა ხარაზხანაში და მითხრა, მე შენი არა მმართებს-რაო... ყური დამიგდე, რა მომივიდა... ვა, როგორ თუ არა გმართებს-მეთქი, მისამარ მამეცი-მეთქი, თორემ... 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / დემეტრეს სახლობა