– კარგია, ყაზარო, გაუთავე საქმე ნენესა, – ჩაერია ბებერი, – რა დროს მაგისთანეების ლაპარაკია.

 

 – მოიცა, დედიჯან! მინდა გავაგებინო საქმე და!.. მისამარ მომეცი-მეთქი, თორემ მე ყაზარა სტეპანიჩს მეძახიან-მეთქი. რას მიზამო? შემომიტია... მე გულადად ვიყავ. კნიაზი უიარაღოდ იყო... სულს ამოგართმევ-მეთქი, სულსა! შენი სული ჩემს ხელშია-მეთქი... ვა, იცი, რა ჰქნა იმ კნიაზმა? უცბად ფეხიდამ გაიძრო მაღალყელიანი წაღა და ერთი თუ ორი ყაზარას ყბასა და კისერში. აი, შემომხედე, ორი კბილი მამაგდებინა... მერე მე რა ვქენ? თავი დავანებე? არა, მე დავულბი, მუხლებზე მოვეხვიე, ჭირი მოვჭამე, ჭირი! ის ასი თუმანიც გავისაღე და ერთი ნაჭერი კარგი მამულიც დამრჩა მისი ტირიფონაში! აი როგორ მოუველ ოხტში იმ კნიაზსა! ეს იცი, რა დროს იყო, იცი? როცა ქეციან ყაზუას კი აღარ მეძახდნენ, ყაზარ სტეპანიჩსა, – და გაგრძელებით სთქვა ყაზარამ ეს სიტყვები. – ფულის შოვნას ბევრი ავი მოსდემს, მაგრამ მოთმინება უნდა, მოთმინება!..

 

 – რისთვის და ვისთვის ლაპარაკობ, აღა-ბატონო, მაგდენსა! მე რისთვისაც მოვსულვარ, იმისი მიბრძანეთ რამე.

 

 – შენ ქმარსა ჰმართებს ჩემი ხუთი თუმანი თავნი; ახლა ორი წელიწადია სარგებელი არ ვიცი, თუმანში ათს შაურს იყო გარიგებული ის ცხონებული. თვეში, აი! არ დაგავიწყდეს კი... ჯერ ექვს თუმანს სარგებელი შვრება, ახლა თავნი და...

 

 – აღა-ბატონო, მითხარით, რა გინდათ?

 

 – ის მინდა გავიგო, რითი გადაიხდი... ეს ბარბარე დედაკაცი გეტყოდა, რათაც დაგიბარე – შენ ჩემთან იცხოვრე... დედაკაცად, რაღა! წელიწადში ოცდახუთს მანეთს მოგცემ, ჩაგაცმემ, დაგხურამ, კარგს გაჭმევ, კარგს გაცმევ, ჩემი მარმარას სულის მზემა... მერე შენ შენთვის და მე ჩემთვის... როცა ყავლს გაათავებ, რაღას დაგიჭერ... ჰო, აბა, ნენე, იფიქრე; ისე შეგინახამ, როგორც ჩემი მარმარა, იმის სულის მზემა... მე ვინა მყავს, რომ საქმეს მოერიდო...

 

 ნენე ჩაფიქრდა... გადასწყვიტა, მოჯამაგირედ დაუდგეს და ისე გადიხადოს ყაზარას ვალი. ყაზარას უკანასკნელმა სიტყვებმა ნენეს გული მოულბეს, დარწმუნდა, რომ ყაზარა ისეთი საშიში არა ყოფილა, როგორც ფიქრობდა... “ესეც ადამიანი არის, მგელი ხომ არა, გული აქვს; რაც უნდა იყოს, შეწუხებული ადამიანი შეებრალება; იქნება ჩემი საქმე ხეირად წავიდეს. ბიჭი ხომ შეგირდად მივაბარე; გოგოს ჩემთან ვიყოლიებ და, როგორც იქნება, გავათხოვებ”, ასე ტკბილად ფიქრობდა ნენე.

 

 ნენე გარეთუბნიდან აიბარგა და გადმოსახლდა მოჯამაგირედ ყაზარ სტეფანიჩის სახლში. აქედან დაიწყო ახალი ხანა ნენეს ცხოვრებისა. ნენეს მეზობლები ერთმანეთს ეცნენ, – გაიგეს თუ არა იმისი ყაზარასთან გადასვლა, არ ეპიტნავათ, არ მოეწონათ საბრალო ახალგაზრდა ქვრივის ასეთი გადაწყვეტილება.

 

 – უიმე, გენაცვალეთ, ამ დედაკაცმა რა ჰქნა ესა, – ამბობდა ერთი: – არც იწვრილა, არც იკითხა და ისე გადავიდა იმ ქოფაკის სახლში! ის ხომ ქრისტიანი სული არ არის, ეშმაკისაგან არის შეკრული და დაწყევლილი; არც ნათესაობა სწამს, არც თვისი და ტომი.

 

 – ის კუდიანი ბარბარაც რაკი შეუჩნდა, ეშმაკსაც შეაცდენდა, – დაურთო მეორე მეზობელმა. – რა საჭიროა, სწორედ ხასად დაუჯდა ყაზარასა. ის ქოფაკი, ისა, რაღა დროს იმისი ესეებია, კაცი სამარისაკენ იყურება, გასათხოვარი ქალები სახლში უსხედან და ამისთანა საქმეებს კი მისდემს.

 

 – რა ექნა საწყალ ნენესა, თქვე დალოცვილებო! ერთი იცით და მეორე აღარა; მაშ რითი გადაეხადნა იმოდენა ფული. ძალა აღმართსა ჰხნავსო... მაშ რა ექნა, ქა!.. ისეთი დაკრძალული ადამიანია ნენეი, ჩემი შვილების მზემა და ლხენამა, რომ ამ უბანში ორი არ მოიძებნება; ნამუსიანი და კარგი ქალია, – ჩაერია ლაპარაკში ახლა სხვა მეზობელი. – ყაზარასთანაები იმას ბუზსაც ვერ აუფრენენ; ვისთანაც გასვლია თავისი მიქარვები, ნენესთან ვერ გაუვა.

 

 ნენეს კეთილმა მეზობელმა ყველას ენა მუცელში ჩაუგდო, და შესწყვიტეს იმაზე სჯა და ლაპარაკი.

 

 

 IV

 

 

ნამუსიანი სიღარიბე, თუ უნამუსო სიმდიდრე?

 

 

 თუმცა ყაზარამ ბევრი რამ გვიამბო თავის თავზე, თითქმის გაგვაცნო თავისი ვინაობა, მაგრამ ბევრი იპლუტა და დამალა. ჩვენი ყაზარა ერთობ გამოცვეთილი კაცია და რამდენსამე სიტყვას ვიტყვი იმისი ცხოვრების დასასურათებლად: ადრინდელი “ქეციანი ყაზუა”, აწინდელი “ყაზარ სტეფანიჩი”, ნასოვდაგრალია; კევიდან დაიწყო მისი ვაჭრობა. როგორც იყო, გაიჩინა ერთი ულაყი ვირი და იმითი დაჰქონდა სოფელ-სოფელ საწვრილმანო: სოფლის ბიჭებისგან მოსვენება არა ჰქონდა; დაუშენდნენ ქვებს ვირზედ აკიდებულს საწვრილმანოს ყუთებსა და გაჰქონდათ რახი-რუხი; თუ ვინიცობაა სიტყვას შეუბრუნებდა კვიმატ ბავშვებს, მაშინ ბავშვები ჭიანჭველას გორასავით დაედებოდნენ, ტლოკებს სულ სახრით აუწვამდნენ. ზოგი ყურზე დაეკიდებოდა, ზოგი ცხვირზე და მთლად კიბოსავით აწითლებულს გაისტუმრებდნენ ხოლმე. უფრო იმიტომ ემტერებოდნენ, რომ ურიასა ჰგვანდა, ურიასავით ღიჯინებდა, ურიასავით უყვარდა ქალებში ჯდომა, რომელთ წინ გაშლიდა საწვრილმანოსა და გაუთავებლად ეჭიჭინებოდა. თუმცა სოფლად ასე აბუებული ჰყავდათ “ქეციანი ყაზუა”, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა; იგი, როგორც ერთი რამე დამშეული ნადირი, ჩუმად და აუჩქარებლივ მისდევდა ნიშანში ამოღებულს შეძენის გზასა. ყაზარა სოფლად აგროვებდა დიდძალ კვერცხსა, ვარიებსა, დედლებსა და სხვა შინაურ ფრინველებსა; წაიღებდა ყველა ამ ნაშოვნს, საწვრილმანოზე გადაცვლილსა, და ქალაქ ადგილას მოგებით ჰყიდდა; დაავსებდა ხელმეორედ ყუთებს და კიდევ გამოსწევდა სოფლისაკენ, რომელიც ნელ-ნელა ზრდიდა თავისის სისხლ-ხორცით “ქეციან ყაზუას”, რომ გამხდარიყო “ყაზარ სტეფანიჩად”. კარგად გაიწაფა ყაზუა კვერცხებისა და ფრინველის ყიდვაში, თავი შეისწავლა თუ არა, ოც წლამდის სულ ასე ეთრია და ეთრია. ბოლოს ცოტა ზევით აცოცდა, ერთს კიბეზე შედგა ფეხი და “ქეციანი ყაზუა” ახლა ყაზარად გადაიქცა იმიტომ, რომ ბაზაზის დუქანი გაიკეთა. აქაც სარისტამ არ უღალატა: ისეთს მივარდნილ უბანში გაიმართა დუქანი, სადაც სულ მდაბიო ხალხი ცხოვრობდა და ბაზარზე შორს იყვნენ. ამ დღე ქალებით იყო სავსე იმის დუქანი; მეზობლის გოგოებს ლილიფარას არ ულევდა; ყველა ალერსით ექცეოდა, ყველა საალერსო სიტყვას ეუბნებოდა:

 

 – ყაზარო, ყაზარო! შენსა მზესა, ესა და ეს გამოგზავნე.

 

 – ყმაწვილო, რა კარგი ბუზიკის დაკვრა იცი!

 

 სულ ასე ელაპარაკებოდნენ. მართლა, დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ როცა ვირით სოფელ-სოფელ დადიოდა, თან განუშორებლად ბუზიკა დაჰქონდა, მუდამ უკრავდა გზა და გზა და ისე გაიმართა, რომ საცა ქორწილი, ან ლხინი იყო, ყაზარაც იქ იყო გამოჭიმული. მაშინ, როდესაც ბაზაზის დუქანი გაიმართა, ხომ ისეთი დახელოვნებული იყო, რომ დუქნის კარებიდან აღარა შორდებოდნენ; სალდათებისაგან ხომ თავპირი ჰქონდა მოჭმული; დაბინდდებოდა თუ არა, მოიჭრებოდნენ სალდათები და ბუზიკის ჭყვიტინს საზღვარი აღარა ჰქონდა. ყოველ დილით ერთს დიდს თაბახს ლილიფარის ნაფცქვენს აჰკრეფდა ხოლმე დუქნის კარებიდან; დღე და ღამე ერთს მომცრო ტომარას ასაღებდა ამ სალდათებზე. სალდათებისაგან ერთი-ორი რუსულიც ისწავლა და თანდათან უფრო გამოიქნა და გამოიცვითა. ვნახოთ, სულ ოთხს წელიწადს არ გაევლო ბაზაზობის შემდეგ, რომ ყაზარამ მაკარიაში ამოჰყო თავი; დაბრუნდა, დუქანს გაუმატა. დაბრუნდა თუ არა, ყაზარა ანაზდად “ყაზარ სტეფანიჩად” გადაიქცა. როგორ სიამოვნებდა, რაგვარად უცმუკავდა გული, როცა ვაჭრები, რომელთაც ის ადრევ კვერცხებსა და ვარიებს მიჰყიდდა ხოლმე, დღეს ხელს გაუშვერდნენ და მოიკითხავდნენ ასე:

 

 – ოო, ყაზარ სტეპანიჩს ვახლავართ! სხვა, როგორი ვაჭრობა გაქვს?

 

 ყაზარა ახლა სუფთად დადიოდა; კვირაში ორჯერ პირს იპარსავდა სადალაქოში კი აღარა, პარიკმახერთან. მაღაზიას ზედ წარწერა გაუკეთა რუსულად და ქართულად, მაგრამ ტერტერამ დაიბარა, მაგრა შესტუქსა და დაუბარა:

 

 – ვაჰ, ყაზარ სტეფანიჩ, ეგ რა საქნელია, რაც გიქნია?

 

 – რას მიბრძანებთ, ტერტერჯან?

 

 – იმასა, შვილო, რომ ღმერთს შენთვის შნო მოუცია, მაგრამ შენ გვარს ნუ დაივიწყებ, შენ ჰაიასტანელი ხარ; მაღაზიაზე შენი გვარი სწორე არ გიწერია; დააწერე, თუ მაღაზია მიკირტიანცისაა და არა მიკირტუმაშვილისა, ან მიკირტუმოვისა.

 

 ყაზარა ახლა კი მიხვდა, ვინც იყო და რაც იყო; დღეიდან მართლმორწმუნე ჰაოსანი შეიქმნა. აქა-იქ ოჯახებში ლაპარაკიც დაიწყეს ყაზარაზე; ისე ლოტო არ გათავდებოდა, რომ დედებს იმაზე არ ჩამოეგდოთ ლაპარაკი და ქალები არ შეეღირებინათ.

 

 ყაზარ სტეფანიჩი მეორეთაც წავიდა მაკარიას, ბლომად მოიტანა სავაჭრო საქონელი, დიდს ქუჩაზე გამოსჭიმა მაღაზია; ორი წლის შემდეგ გაკოტრდა და ბლომად ამოიდო ფული. თავპირი მოაჭამეს მაჭანკლებმა, აი ეს შეირთე, აი ესაო, მაგრამ იმის გაუმაძღარს სულს ფული სწყუროდა. გაეცალა პატარა ხანს სამშობლო ქალაქს და ჩავიდა ტფილისში. აქ ერთს დიდ ვაჭარს ამხანაგად შეეყარა; დიდი ქარვასლა სავსე ჰქონდათ მაკარიიდან მოტანილი საქონლითა. ერთს მშვენიერს დღეს ყაზარამ, ამხანაგის რჩევით, გადასწვა საქონელი და ქარვასლაც ზედ მიაყოლა, პოლიციამ ბევრი იწვრილა, იძია, მაგრამ ვეღარას გახდნენ. ამგვარად ყაზარამ დიდძალი ფული იგდო ხელში. ეხლა კი დიდი კაცი გახდა, ევროპიულად ჩაიცვა, წვერი ახალმოდურად დაიყენა, ერთის სიტყვით: “ანგლიცკომუ ბრუკუმ ნა ნოღუმ ნადელსია, ზოლოტომუ ცეპოჩკუმ ნა კარმან პოვისილსია”. გახდა კაცი რაღა! კაცი ფულიანი, რომელსაც ჩვენს დროში დიდი ყადრი და ყამი აქვს. ახლა კი ცოლი შეირთო, ჯოჯო, მაგრამ დიდი ფულიან-მზითვიანი.

 

 ყაზარ სტეფანიჩი ძიელ გასალახანავდა წოწვასა და თრევაში; გარყვნილი კაცის სახელი ჰქონდა დავარდნილი; მთელს ქალაქში თითით საჩვენებელი იყო, როგორც ავხორცი ადამიანი, მაგრამ ფულის გამო კი ყველგან მიღებული. რას არ ამბობდნენ ქალაქში ყაზარაზე? ვითომ ნათესაობა არ სწამსო; თვით ღვიძლ-ნათესავებს არ ინდობსო; სახლი და ბანი მოქცეული აქვთ იმისგან ზოგიერთ ქვრივებსაო. იმ დროს, რომელსაც ჩვენი ამბავი შეეხება, ყაზარ სტეფანიჩ მიკირტუმიანცი თითქმის სამოც წელშია მიღწეული, მუცელს ძლივს დაათრევს მაკე ღორივითა, თმა უცნაურად გასთეთრებია, მაგრამ თავისას არ იშლის; სისხლის გუდა ბუნება მისი მაინც ჰყარდა და სულ გარყვნილობის მორევში ტრიალებდა. ამ ხანშიაც, თუ თვალსაჩინო ქალს დაინახავდა ქუჩაზე, უსათუოდ გაეკიდებოდა, დაუწყებდა დევნას, ცქერას, სიტყვას გადუგდებდა, ბევრჯერ გალანძღულა, ბევრჯერ თავს ლაფი დაასხეს. მაგრამ იმისათვის არაფერი იყო, იმას ეს სანთელ-საკმლად მიაჩნდა. აი ამისთანა კაცს ჩაუვარდა ხელში ნენეს ბედი და მთლად დემეტრეს სახლობისა. ნენეს ეგონა, ერთგულად ვემსახურები, ვალიდან თავს დავიხწევ და ღმერთი მიშველისო.

 

 პირველ ხანებში ყაზარა ძალიან ტკბილად ექცეოდა ნენესა; შვილები დაუმოსა, ილო ხელობაზე ებარა და კვირა-უქმობით ისიც მოვიდოდა და ყაზარას ალერსს ისიც ეღირსებოდა ხოლმე. ნენეც ლაზათიანად გამოდიოდა; რასაც შოულობდა და პოულობდა, თინა გოგოს უნახავდა; სასიძოც ამოირჩია: ყაზარას მებაღე. ყაზარამ ნენეს ხუმრობა დაუწყო, მალი-მალ თავში ხელს წაძოჰკრამდა ალერსით, ლოყაზე ხელს აუცაცუნებდა. თან ფულს აჩუქებდა, გოგოს შეუკერე რამეო. დიდ ხანს არ გაუვლია, რაც ყაზარას დედაკაცად დაუდგა, რომ ნენეს მაინც ბედმა უმუხთლა. ყაზარამ თანდითან საზიზღარი ხუმრობა დაუწყო. ნენეს გულზე ცეცხლი მოეკიდა, შეუდგა ბჭობა-რჩევასა, გულმა სულთან ბრძოლა დაუწყო; ორი უცნაური ხმა ჩასჩიჩინებდა ბედკრულს ნენესა: გაუნამუსოვდეს, თუ არა? თუ გაუნამუსოვდება, ყაზარა ქალბატონივით აცხოვრებს, კარგად ჩააცმევს, დაახურავს, მის შვილებს პატრონად გაუჩნდება; თინას კარგად დააბინავებს. მაგრამ რომ გაუნამუსოვდეს, მზეს რაღა თვალით და როგორღა შეხედოს? რას იტყვის ქვეყანა? ხომ იმის შვილებს თავი მოეჭრებათ და ყველასაგან თითით საჩვენებელი გახდებიან? ხომ ნაძრახი დედის შვილები უნდა დაუძახონ? ფიქრობდა, რა სჯობიან: ნამუსიანი სიღარიბე, თუ უნამუსო სიმდიდრე და ფუფუნება? სად ჰქონდა ნენეს ჭკუა-გონების იმდენი ძალ-ღონე, რომ ასეთი მძიმე საკითხი გადაეწყვიტა. მაგრამ საცა კაცს ჭკუა ვერ გაუჭრის ხოლმე, იქ გული ჭკუა-გონების ალაგს იჭერს, და რასაც იგი უცაბედად წასჩურჩულებს, კაციც უგონებს და ხშირად დაუჯდება ხოლმე გულის ნარჩევ-ნაბჭობი. ნენეც დაემორჩილა გულის რჩევა-ბჭობას და მტკიცედ გადასწყვიტა და ამჯობინა ნამუსიანი სიღარიბე უნამუსო სიმდიდრეს, უნამუსობით მოპოვებულ ცხოვრებასა და სიცოცხლეს.

 

 

 V

 

 

ციხეში

 

 

 ის-ის იყო ცისკარმა გააციცინათელავა აღმოსავლეთი; ტყიან მთიდან ამოეყო მას ლამაზი, ელვარე თავი. ხის ფოთლებს, რომლებსაც განთიადის ნიავი აცელქებდა, ზედ დაჰკანკალებდნენ სხივნი ცისკრისანი, ზედ დაცელქობდნენ. ფოთლები ერთმანეთს განთიადს ულოცავდნენ და სხივი, ზედ დაბნეული ათასფეროვნად პრიალებდა. ღამე თანდათან დღედ იწურებოდა. ამოჰყო თუ არა ცისკარმა ყური, მინდვრის მამალმა, ღამის მეხრის ნუგეშმა ტოროლამ, ბამბა-ქულას ბუჩქიდან მაშინვე დაიფრთხიალა, თავისი მხიარული გალობა “ტრრრ” შესძახა, არე-მარე შეამკო ტკბილის ჭიკჭიკით და მძინარს, მიბინარებულს ბუნებაში სიცოცხლე დაატრიალა. ცისკარმა ამოიმაღლა და თავისი წმინდა, ანკარა, ნარნარი სხივები მიაყენა და მიჰფინა დახავსებულ კედლებს ქალაქის ციხისას, სადაც ის იყო ციხის ჭოტმა, დაინახა რა სინათლე, შესწყვიტა თავისი გულსაკლავი და ბაიყუშური ბაიათი. წმინდაა ეს ციხე, შეღებილი მამულის ერთგულთა ძეთა უმანკო სისხლითა, უმანკოთი, როგორც სხივნი ცისკრისა. დღეს მას, მის ბერ კედლებს, მის ჭაღარას, რომელსაც ჩვენ ხავსს ვეძახით, ეალერსება, სიყვარულით ეკონება მხოლოდ მნათობთა სხივი. მრავალ მოწამე ციხე დაღონებული გადმოჰყურებს ძირს ქალაქსა; მისი ხავსიანი კედლები თითქო ჩამოჰქვითინებენ ძირს, დაბლა, ადამიანთა სადგურს – ქალაქსა. ციხიდან ცისკრის სხივებით ნარნარად განათებულს ქალაქისათვის რომ გადმოგეხედნათ, იტყოდით: აი, სწორედ ეს იგი სამოთხეა, რომელიც ვითომ პირველ კაცს უბოძა საცხოვრებლად უზენაესმაო. სამხრეთით მდინარე, დასავლეთით მდინარე, ჩრდილოეთით კვლავ მდინარე და თვით ქალაქის გული, დასერილი პატარ-პატარა ნაკადულებითა; თვით ქალაქი, ე.ი. სახლები, გახვეული, მთლად შთანთქმული ბაღ-ვენახებში, რომელიც წარმოადგენს ერთს ობოლს წალკოტსა. დიახ, ამ ქალაქს შუა, მაღლა გორაზედ, ამართულია ციხე, რომელიც მთელს გორას რკალივით გარე შემორტყმია, რომელიც მცველი და მფარველი იყო ჩაგრულის ერისა, მოწმე ბევრის ავისა და კარგისა, რომლის კედლები შეღებილია მამულის ერთგულთა შვილთა წმინდა სისხლითა. ძირს კი გაჭიმულია ქალაქი, სავსე ბოროტებითა, ურთიერთისადმი ადამიანთა შურითა, სადაც ძმა ძმას ბადეს უგებს, ჰყიდის, ჰქეჯნის მის სულსა და გულსა, სადაც თითქოს ყველას ხელთ აუღია ყასბის დანა და დაუნდობლად ჰღადრავს ყელსა უმცროსთა ძმათა.

 

 ძველად ციხე და ქალაქი, რომელიც მას ფრთის ქვეშა ჰქონდა ამოფარებული, ერთი აზრით იყვნენ გამსჭვალულნი, ერთს აზრს ემსახურებოდნენ მუყაითად; ძველად თვით ქალაქიც, თვითეული მისი მცხოვრებელიც თითონაც ციხე იყვნენ, და ეს ციხე-კაცი მხოლოდ გაჭირვების დროს მიმართავდა ხოლმე სამწეოდ თავისს უფროს ძმას, გორაზედ ამაყად ამართულს ციხესა. დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ: ციხე დაძმარებულა, დაღონებულა, შუბლი შეუკრავს, მწარედ მისტირის ძველს დიდებასა. დღეს მას შეჰკედლებიან ფრინველნი ცისანი, რომელნიც მას ჭიკჭიკ-გალობით ართობენ; დღეს მას მხოლოდ მნათობთა წმინდა სხივნი ეალერსებიან. ხანდისხან ჯაფისაგან დაქანცული და პატრონისგან მოძულებული გამხდარ-გამსჭვალი ვირი, ან ცხენი თუ შეეკედლება ხოლმე და იმის მოედანზე ამოსული წმინდა ბალახით სულს მოითქვამს. კოკების ტარებისაგან ზურგგადაღლეტილი ვირი დღე და ღამ სძოვს ციხის შიგნით, მოედანზე, ბალახს და გაამაყებული მით, რომ ტკბილი ბინა იშოვნა, აღტაცებაში მოვა ხოლმე, გრძნობით გადმოჰყროყინებს ქალაქელებს და მით ატყობინებს, რომ მხოლოდ მე, პირუტყვ ვირს, მეწვის გული ბერის ციხისთვის, თქვენსავით არ გავგულქვავებულვარო.

 

 ცისკარმა კარგა შემოიმაღლა, სხივებს უხვად აბნევდა ციხის კედლებზე და მისს ხავსს ათასფრად აღუდღუდებდა. ბუნებაში ხმაურობა გახშირდა. ამ დროს ციხის გვერდზედ, შესავალი კარების პირდაპირ, დიდის სიჩქარით მოდიოდა ვიღაცა შავოსანი, მოდიოდა, მაგრამ ხშირად მუხლი ეკეცებოდა. იქნება თითონაც არ იცოდა, რათ მოდიოდა ასე სისწრაფით, რათ მოფორთხამდა ციხის კიბეზედ. ციხის კარს რომ მოადგა, შეჩერდა, ქარი ამოიღო; პატარა მოედნიდან, რომელიც ციხის კარს წინ უდევს, გადმოხედა ქალაქსა, რომლის ბაღ-ვენახებში დაბნეული იყო სხივი ცისკრისა და აქა-იქ ხეებში ჭრაქივით ბჟუტავდა. ძირს მძიმედ მიიზლაზნებოდა მტკვარი, რომელსაც დაჰკონებოდა დილის ბურუსი. მტკვარს ჩამოსცქეროდა გორიჯვრის ეკლესია, რომლის გუმბათს ოდნავ ელამუნებოდა თეთრი ღრუბელი, თითქოს სურს წმინდა ტაძარი შეისვას ფრთებზე და ზეცად აღიყვანოსო.

 

 ღელავდა შავოსანი... ციხის კედელს მიანარცხა რაღაც იარაღი, რომელმაც ცეცხლი გაჰყარა, წკრიალი მოიღო და შავოსანი თავისკენ მიახედა, მაგრამ მსწრაფლად მობრუნდა, მიაქცია მხარი წმინდა გიორგი გორიჯვრისას, დაემხო პირქვე, დიდხანს ჩაჰკვნესოდა, ჩაჰბუტბუტებდა, ჰკოცნიდა და რაღაცას ჩასთხოვდა დედამიწასა. ბოლოს მოისმა ქვითინი, რომელიც გამხეცებული პირუტყვის ბღუილს უფრო ჰგავდა, ვინემ ქვითინსა; ამოისკვნა გული და დაალტო დახავსებული კედელი ციხისა მისმა მდუღარე და წყაროსავით მომდინარე სისხლის ცრემლებმა. გული რომ მოიჯერა, წამოდგა. სინათლეს ემატნა, ბინდი ღამისა თითქმის სულ მილეულიყო; ცივი ზეკარა გამოზუზუნებდა ციხის კარებიდან; წითელი შუქი მისდგომიყო კედლებსა; ფრინველნი აშლილიყვნენ და საამურად ფარფატებდნენ. შავოსანი რეტდასხმული ეცა ცულს, რომელიც წეღან ისე წყრომით მოისროლა, საჩქაროდ შევარდა ციხეში და მთვრალივით ფარფატით გასწია კედელ-კედელ ციხის აღმოსავლეთისაკენ... დღის სიცხადისა შეეშინდა, შეკრთა, შეჰზარა. რაღაც აწუხებდა და სწვავდა საბრალოსა, როგორც იყო მიატანა ციხის ეკლესიას, მუხლი მოეკვეთა და ჩაიკეცა. გულმა უცნაურად შემოჰკრა; შავოსანი წავიდ-წამოვიდა ქანაობით და თავი სიპ კლდეს მიარტყა, რომელიც საყდრის შესავალ კარებს დირედ ედო. შავოსანი გრძნობდა სიკვდილს, იგი წინ აეტუზა, მაგრამ გაჭირვებულს გაჭირვებაში ყოველივე ხელს უცარავს: სიკვდილმაც უმუხთლა და ზურგი შეაქცია. დაავლო ცულს ხელი, მაგრა ჩაბღუჯა, თითქო ჰსურს მისი გაწურვაო, მიწას დაარტყა და პირი შიგ ჩაუსვა.

 

 – არა, მე დანაშაული არა ვარ! ღმერთი ხედავს და წმინდა გიორგი გორიჯვრისა ჩემს სიმართლესა! მე სხვა არა მინდა რა; მე მსურს მხოლოდ ღმერთთან მართალი ვიყო და ჩემს სინიდისთან წმინდა – გადახედა ცულს და წარმოსთქვა: – მე შენ ტყუილად გიწყრები, უსამართლოდ გეკიდები; შენ დაიცვი დღეს ჩემი ნამუსი, შენ გაუნაჭყე თავი ცხრათავიან გველეშაპსა, რომელიც ჩემს ერთადერთ სასურველსა და საყვარელს საკუთრებას შეეხო, შეეხო ჩემს ნამუსსა, ნამუსსა-მეთქი, ჩემი შვილის ნამუსსა!!. მაგრამ სულ ერთია, ისიც ჩემია, ჩემი სისხლია, ჩემი!!. დაავლო ისევ ცულს ხელი, გულში მიიხუტა, მიიცქნაფა და ზედ დაანდო გახურებული თავი.

 

 ფრინველები უკვე მთლად აიშალნენ ციხიში ბუდეებიდან, ყვავებმა შექმნეს ჩხავილი, გადააფრინდ-გადმოაფრინდნენ შავოსანს, თავს დაჰფარფატებდნენ და ჩახრანტალებდნენ. შავოსანს გულმა ძგერა, სულმა კვნესა დაუწყო; მის გარშემო ყველა ხარობს, კოწიაწობს, ბუნებას ეალერსება, შესტრფის; შავოსანი კი ოხრავს, მის სულსა და გულში ჯოჯოხეთის ალი ტრიალებს. იგი კვალად დაემხო საყდრის კარებთან სიპს კლდეზედ, ჩაჰქვითინა და დააფრქვია ცხარე ცრემლები... უეცრად წამოვარდა და საშინელის ხმით წამოიყვირა:

 

 – ვაიმე, შვილებო!.. მართლა, შვილები!!. ვაი თქვენს დედასა!.. – წაივლო ორივ ხელი თავში და ციხიდან გამოქანდა.

 

 იმ დროს, როდესაც შავოსანმა ასე საშინლად დაიყვირა და გამოეშურა ციხიდან, სწორედ მაშინ მთელი ქალაქი ფეხზე იდგა: გარბოდნენ და გამორბოდნენ, უკანა წინას მისდევდა და მიიძახოდა:

 

 – რა ამბავია, რა ამბავია?..

 

 – ყაზარ სტეფანიჩისათვის შიგ ძირში მოუთლიათ თავი, – ამბობდნენ მოწინავენი და გარბოდნენ ყაზარას სახლისაკენ.

 

 

 VI

 

 

საპყრობილეში

 

 

 ერთ პატარა საპყრობილის ოთახში, ცარიელ ტახტზედ მოკუნტულიყო დემეტრეს ცოლი ნენე; პირი თავშლის წვერებით გაეკრა, იცინდლებოდა და ჩუმად ღვრიდა იატაკზე ცრემლებსა. კარებში პატარა სარკმელი იყო გამოჭრილი; სარკმელთან იდგა ხიშტიანი ყარაული და მისჩერებოდა ნენესა. ნენე არავის არ ხედავდა, არასა გრძნობდა; მისი გონება დაფრინავდა შორ-შორს, ათას ადგილას გადაჰყავ-გადმოჰყავდა, აქანავებდა, აბურთავებდა საცოდავს, როგორც აღელვებული ზღვა ნავსა. საპყრობილის ოთახში მარტო ნენეს ლეში იდო; წამს შვილებს გადაავლებდა თვალსა, ვითომ მიიკრავდა გულში, სამუდამოდ ესალმებოდა; წამს ყაზარას წარმოიდგენდა, წარმოიდგენდა იმ სისხლის გუბეს, რომელშიც თავმოჭრილი ყაზარა ფართხალებდა ქათამივითა; შეეზარებოდა ის საშინელი სურათი, გული წვას დაუწყებდა; ახლა წარმოიდგენდა თავის ბოლოს, რომ იგი უნდა სამუდამოდ გამოსალმებოდა შვილებს, ქვეყანას, სიცოცხლეს. სიცოცხლის მოკლება არა სტანჯავდა, არ აწუხებდა; ნენეს ეწუხებოდა შვილები, ის იყო თავი და ბოლო იმისი წუხილისა. წარმოიდგენდა თუ არა შვილებს უპატრონოდ, ობლად დატოვებულებსა, წაიდუდუნებდა ხოლმე:

 

 – რა ვქნა?.. იკურთხოს შენი სახელი, ღმერთო მაღალო! ალბათ ასე მეწერა.

 ნენე კვლავ გაება ღრმა ფიქრებში; აღარას გრძნობდა... ამ დროს იმის ოთახის კარმა ჩხაკანი მოიღო, კლიტე ააცალეს და კარი შემოაღეს. შევიდა ზედამხედველი საპყრობილისა ორის ხიშტიანი ყარაულით და უთხრა, გამოსულიყო. ნენე ზუზუნებდა და თავს აქანავებდა. ზედამხედველს ეგონა, ჩვენ ამ დედაკაცმა ჩალადაც არ ჩაგვაგდოო, დასტაცა იღლიებში ხელი და ტახტიდან გადმოიყვანა. ნენემ საშინლად დაიწივლა და ფეთიანივით მიაწყდ-მოაწყდა კედლებსა. ცნობაზე მოიყვანეს და გამოუცხადეს, გამომძიებელი გიბარებსო. ნენე ნელ-ნელა დაწყნარდა. ჩაიყენეს ყარაულებმა შუაში და გაიყვანეს საპყრობილის კანცელარიაში, სადაც გამომძიებელი მოსულიყო საქმის ვითარების გასაგებად. ციხეში პყრობილნი ფანჯრებს მიეკვრნენ, ერთმანეთს ზურგზე ასხდებოდნენ, რომ დაენახათ ის საკვირველი დედაკაცი, რომელმაც ყაზარ სტეფანიჩი ამ წუთისოფელს გამოასალმა.

 

 ნენემ მოიკრიფა სულის ძალა, ჩამოიხსნა გაკრული პირი, წყნარად და დალაგებით უამბო გამომძიებელს თავისი ვინაობა და ყაზარას მოკვლის ამბავი და მიზეზი.

 – მე გახლავართ ნენე, დემეტრე ასკილაძის ჯალაბი, ორი შვილი მყავს... ოოჰ, დედა მოგიკვდეთ. დედა, შვილებო!!. მე სულ ვიქნები ჩემის ანგარიშით ოცდათოთხმეტის, თუ ოცდათხუთმეტის წლისა; როცა მივთხოვდი დემეტრესა... შავ და უკუღმა ის დღე, ჩემთვის კარგი არა მოიტანა რა...

 

 – შენ ისა სთქვი, რაც საქმეს შეეხება, ნუ გადაუხვევ, – უთხრა გამომძიებელმა.

 

 – დედაშვილობასა... თუ დედად არ მიწამებ, დაძმობასა, – შესთხოვა ნენემ, – მათქმევინე ყველაფერი, ენას ნუ შემიკრამ. ყველაფერი დავკარგე ამ ქვეყანაზე; ჩემთვის მზე აღარ მზეობს და მთვარე აღარ მთვარეობს; სიცოცხლე გაარმებული მაქვს; უკანასკნელადღა ვლაპარაკობ... ვინ იცის, ხვალ მე დამღუპონ... ყველა ჩემი სიმართლე ხელის გულსავით უნდა გადაგიშალო და შიგ ჩაგახედო.

 

 – ჰო, კარგი! აგრე იყოს; სთქვი რაც გინდა!

 

 – იმას მოგახსენებდი, მე დემეტრეს ჯალაბი გახლავართ.. დაიღუპა, დაიღუპა მთელი დემეტრეს სახლობაი... რაც აქ ჩამოვედით, ყაზარასაგან ვალი აიღო; ამბობდა, ცოტა რამეს შევმატებ დუქანსა და იოლად წავიღებ ჩემ საქმესაო. მაგრამ უბედური ადამიანის საქმე სულ უკუღმა ტრიალებს: რასაც მოჰკიდა ხელი, ყველგან წაუხდა საქმე; ყაზარას სარგებელს ვერ ასდიოდა, რაც შემოსდიოდა, დარდმა და ვარამმა თან გადიტანა. ყაზარამ თავი არ დაანება ვალსა. შემიტყუა სახლში, ვითომ მოჯამაგირედ, ტკბილის, ცბიერის სიტყვით მამთინთლა, ჩემი გული მოინადირა: მივყევ მეც ხეტივითა, მეგონა, ეს არის ღმერთმა ეხლა კი წაღმა დაატრიალა ჩემი საქმე-მეთქი. თურმე იმ ბოროტ ადამიანს იმ იუდის კერძს...

 

 – ქალო, მაგრე ნუ ლაპარაკობ მიცვალებულზე...

 

 – ბატონო, გული მეწვის; ძუძუები დამაჭრა იმ წყეულმა, ნამუსი დამიმხო, სული შემიგინა. ბატონო!.. ოჰ, ღმერთო! შენ მიეც მაგიერი... თურმე გულში იმას სხვა ედო, თურმე იმისი სული ამყრალებული ყოფილიყო... შემომიჩნდა. დამინებია ათასი მანქანებითა, ჩაცივებითა, ქრთამებითა: შევცოდე ღმერთსა, ბატონო! ჩამქოლეთ, ჩამქოლეთ!.. ნამუსი ამხადა, სინიდისი წამიწყმინდა; სამუდამოდ დამაკარგვინა ჩემი უბედური დემეტრე, დამაშორა იმის სულსა... რაღა თვალით შევეყარო იმ გრძელ სოფელსა...

 

 – თუ შენი ნებაც იყო, რაღათ მოჰკალი?

 

 – მოიცა, შენი მუხლების ჭირიმე, მათქმევინე ბოლომდისა... ჩემის მარჯვენით გამომიყვანია და გამომიზდია შვილები; ბევრჯერ დაწყლულებულის ხელებით მირეცხნია სარეცხი; ბევრჯერ სიცხიანი ჩავკიდებულვარ თონეში და ისე კვნესა-ოხვრით გამომიცხვია პური; იქამდის გამიჭირდა, რომ შვილები დათხოულობდნენ, კინაღამ გამიავაზაკდნენ. ვიფიქრე, ჩემს თავს შევწირამ, მტლედ დავედები შვილებსა და დავიხსნი შიმშილისგან-მეთქი. ასეც ჩავიდინე – დავდექ ყაზარასთან იმის ვალის გადასაწყვეტად; მომხიბლა... აკი მოგახსენეთ... ნამუსი შემირცხვინა... ვარჩიე უნამუსო სიცოცხლეს ნამუსიანი სიღარიბე, მაგრამ თავი ვერ დავიჭირე; მაცდური იმის მაცდურია, რომ ჩემისთანა უბედური კლდეზე გადასჩეხოს... ესეც მოვითმინე შვილებისათვის... სანთელი არ უნდა გამექრო ჩემი უბედური ქმრისათვის, მაგრამ ყაზარამ არ იკმარა... ნუ მათქმევინებ, ნუ მათქმევინებ, ბატონო, თქვენს ლხენასა!..

 

 – არა უშავს რა, დაწყნარდი; თქვი, იქნება შეღავათი რამე მიეცეს მაგ თქმით შენს საქმესა.

 

 – ყაზარა შეეხო ჩემი ნორჩი თინას ნამუსსაცა!.. – აქ ნენემ თავი ვეღარ შეიმაგრა, აცახცახდა, ხელები დამუჭა, ხორცს იგლეჯდა და მწარედ იღიმებოდა – ჩიტი რა არის, ჩიტი! ქვეყანას შეჰყრის, ქვეყანას აატირებს, თუ იმის შვილებს შეეხება ვინმე, ძაღლი თავის ძუძუთა ლეკვს ზედ დააკვდება და არავის კი ანებებს. პირუტყვი ამას შვრება და მე რაღა უნდა მექნა, რა? მიბრძანეთ ერთი.

 

 – ჰო, აბა, თქვი, თქვი!

 

 – უი, დედასა, შვილო!.. როდესაც გავიგონე თინას ხმაურობა... კუხნის ოთახში მიწვა დედამკვდარი!.. გავვარდი ნადირივითა და ვეფხვივით დავაცხრი ყაზარასა... მის ურცხვ სანახაობას ვერ აგიწერ... დავტრიალდი ოთახში, ცული მომხვდა ხელში, დავავლე ხელი 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / დემეტრეს სახლობა