– სად არის, ბიჭო, ეს ამოდენერთა ღრუბელი, ჰა, ე? ეს არი, კაცო, გასაოცარი, რო თუ არი ღრუბელი მზა, რატო მალი-მალ არ მოვა ხოლმე წვიმა? ვაი ჩვენი ბრალი, ჩვენ გაჩენაში ღმერთი არ უნდა ერიოს, არა! ი დალოცვილმა გამოგზავნოს ხომე, რა ხარჯი გასდის... ესე მაინც იყოს, კაცო, დებულობა, რო რა არი... ი როცა გოლვაა, მაშინ ხარჯი არ იყოს, თუ არა და ყველა გახელდება ხოლმე: ერიც და მღვდელიცა. არა, ეს მითხარი შენა, რომა მე ვარ მღვდელი და ე ჩვენი მღვდელი კი გლეხკაცათაა, ან ი პრიტავი, მათრახის შლაპა-შლუპით რო ჰკრეფავს ხომე ნედოკებსა, – რო მივიდე იმათთან, იამებათ, ჰა? შენა გკითხავ, ცეცო!

 

– აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, – სთქვა ცეცომ ხმის თრთოლვით. – მათრახი კი არა, კაი საკამეჩო იფნის სახრე და იმათი ჯანი, რომ საცა მოხვდეთ, სუ ძვლამდის დაალურჯოს, მაგრამ... ეეჰ, ჩემო პაკო! მაგას ჩვენ ვინ გვაღირსებს. და ვერც ვიქმთ შენ და მე, ჩემო ძმაო, აგრე უღმერთობასა; რო გავიგებ ხოლმე, ზიარების მადლმა, სუ გული ამიდუღდება და თვალები სისხამით ამევსება ხოლმე. აი იმ დღეს საცოდავ დალაქიაანთ ქვრივ-ოხერ დედაკაცს რა საქმე დაუწიეს ორი შაურის გულითვისა: კინაღამ კიწიწებით ათრიეს. აბა, სად მოეხვეწებოდა საწყალ ქვრივსა; ერთი მეხრე ბიჭი ჰყავდა და ისიც მოუკვდა. მართალია, ვენახიც აქვს, სახნავიცა, მაგრამ აი აგერა ჯერ ე ჩვენ, ძმაო, სისხლსა ვღვრით, წელებზე, – რა არი, – ფეხს ვიდგამთ და აბა მითხარი, რა გვრჩება. ი მზი შუქის მადლმა და ზიარება არ გამიწყრება, რომა წრეულ ხუთი კოდი პური ძველად ძლივს გამყვა. იმან რა ქნას, იმ ქვრივ-ოხერმა; ამ ოხერა სოფელში სამუშაოც არა არის რა, რო ლუკმა-პური იშოვოს. შარშან კიდენა ზოგან და ზოგან ქერები გახდა საგლეჯი და იქ მუშაობდნენ დედაკაცები. წლეულა? ეჰ, ზიარების მადლმა, ნაღვერდლით მევსება გულ-მუცელი, როცა წარმომიდგება ხოლმე, რომ დედაკაცი ფეხშიშველა ფეხით ამ გახურებულ დედამიწაზედ დილითგან საღამომდინ დაკუზული სდგას. არ დაიჯერებ, პაკო! იმ დღეს, აი იორდანესთვის გუთანი გვება საყარაულო სერზე, სამხრისა რო გამოუშვით და მე ლაშეზე ჩავირბინე წყაროზე. სწორედ ი ლაშის ფერდობზედ ვნახე ქერში დაჩოქილი დალაქიანთ ეფემია, აი ორი შაურისთვის რო დაარბიეს. ვნახე, ძმაო, მაგრამ ნეტა არ მენახა: მდუღარე ცრემლს აბნევდა ამ სიცხე-პაპანაქებაში; ისე აუარ-ჩამოუარე, რო არც კი მოუხედნია. შევჩერდი, ბიჭო, და სულ ბაგი-ბუგი დამიწყო ცოდვით გულმა. მაშინ წამომიდგა ი დედაჩემიცა: მე რო მოვკვდომოდი-მეთქი, ხო ეგრე მოუვიდოდა იმასაც-მეთქი... ვოჰშიმე!!. – ცეცომ აქ ერთი საშინლად ამოიხვნეშა, თითქოს უნდაო მოგროვილი, გაუგებარი ნაღველი ამოინთხიოსო. ამოხვნეშამ თითქოს წყლული მუწუკი გამოურწყო, ისე მოუფონა გული და მშვიდის ნაბიჯით წაუარა სიმინდისკენ მიმავალს ნიკორას. სწორედ არის ნათქვამი: “ოხვრააო შვება უბედობისა”.

 

 – აბა, ბიჭო, რათა, რაო, ჰა? არა მაქვს, რათ მართმევ? რას შეგმატებს ქვრივ-ოხრის გაგლეჯაი? რა ჰქვიან, რო შეძლება იყოს ხომა, რა ხმა ამოგეღება... ნეტა ერთი რათ უნდათ, ბიჭო, სად მიაქვთ?.. ეგ კი არა და, ღმერთმანი, ეს ვერ გამიგია: ი რათ არის, რო ზოგი დუღს და გადმოდის და ზოგს კი შიმშсლით კუჭი უხმება, ჰა ე?.. ჩვენი არ იყოს, ცეცო, ღმერთმანი, რომა ღამე და დღის გასწორება თუ არი, რა ჰქვიან, ვასწორებთ და, რა ვიცი, უნიათო კია ჩვენი ყველაფერი და! – ჭოჭმანით უთხრა პაკომ.

 

– მა რა იქნება, ბიჭო! ეს მამასახლისიო, ეს მღვდელი და დიაკვანიო, ის გზირიო. ე მენახირეს მისცეს კაცმა, კიდე ჰო! – ალალია, აი კიდევ დალაქსა, მაგრამ ე მამასახლისი რაო, რის ჩანჩალაა, რის მაქნისია, რას მიკეთებს!.. ერთი ვიღაც ოხერი ჩამოიკიდებს ჯაჭვსა, გასუქდება, სოფელს შესჭამს; ახლა სხვა, ახლა სხვა, და ჭამენ. შენ აძლევ, მე ვაძლევ, ისა, და წავიდა და გაკეთდა კაცი. ასეა, აი საქმე! გამდიდრდებიან მა რა მოუვათ! ღამი-ხარში რო ღამე გამიტყდება ხოლმე, წამომიდგება, რო რათა-მეთქი. ე ჩემი ოფლი რათ მიაქვთ-მეთქი; თუ მომყავს მე, მაშ ჩემი უპრიანი არ არი-მეთქი, რატომ ჩემს ორმოში არ უნდა ეყაროს-მეთქი!

 

– აი, დიდება შენთვის, ღმერთო! რაღაცა კია და!..

 

 გავარდა ცაში ელვა, შორს, შორს შექნა ცამ ნელ-ნელა გრიალი. თითქო ცარიელა კასრს მოაგორიალებენო. ჩამოვარდა ერთ წამს სიჩუმე: ხეებშიღა იყო შრიამული, შემდეგ გატყვრა უცბად ჭექა და ჩამოაკვესა ფრონის რიყეზე.

 

 – წმინდა არს, წმინდა არს! – და გადაიწერეს ღამის მეხრეებმა პირჯვარი.

 

– აღარა ხუმრობს, აი! ღმერთო, შენს მადლსა, ერთი გვასხურე, შე კურთხეულო! – სთქვა სასოებით ცეცომ. – თურმე ნუ იტყვი, ბიჭო, ბებიაჩემმა იცის, რომა ე რო ქუხს, ელია წინასწარმეტყველი ზის დროშკაში და დააჯირითებს ცაში და, ი ცა რო გაინძრევაო, მაშინ წამოვაო სხაპა-სხუპით წვიმაო. მეხსაც თურმე ისა გზავნის. რო გააქანებს ი დროშკას, თუ რაღაცას, წინ ი წყეული ეშმაკი აუძღვებაო, ცხენები თურმე უკან დაიხევენო; ელია, ვენაცვალე იმის მადლსა, აიღებს მეხსა და ესვრის ი წყეულსო; ის დაიკუზებაო და მეხი კი აქ ჩამოვარდება ხოლმეო. ნჰ! ი სალავათძაღლი, ისა!..

 

 – ღრუბელსაც ის თუ აკეთებს, აი! – სთქვა პაკომ.

 

 – ეგა, ბიჭო, ჭკუამიუწდომელია. ეს კია, რომა სად – ცაა, სად – ჭექა-ქუხილია... ხანდახან რო ზედ თავზედ გვაკვესებს ჭექა-ქუხილი ი ელვასა!.. ეჰ, ე ხარებს გავერეკოთ, თორემ დაგვალბობს, მე ვიცი. ჯერ ხარი დავაძღოთ და მერე ჩვენ თავს ვინ ინაღვლის. პირუტყვი საქონელია...

 

 

 V

 

 

 წყალგაღმით იყო სააგურის-ჭალა (ასე ეძახიან ძაღლისხეველები ამ ჭალას). ერთ დროს ეს ჭალა ისე გაბურული და გაბმული იყო ბუჩქნარით, ეკალა-ბარდით, რომ ჩიტი ვერ გაძვრებოდა, ეხლა კი ძაღლისხეველებმა შიგადაშიგ ამოუწვეს ამ ჭალას გული, გაამინდვრეს, გააახოვეს და მოჰყავთ სიმინდი. ამ ახოების გვერდით და გარშემო მშვენიერი საძოვრებია; ერთადერთი ბილიკი გასდევს თავიდან ბოლომდის ამ ჭალასა. აქა-იქ აყუდებულა მრავალტოტიანი ვერხვი და ამაყად გადმოსცქერის დაბალ ბუჩქნარებს. ღამღამობით ძვირად გამოატარებს ღამის მეხრე ამ ჭალაში გუთნეულს, ამიტომ რომ აქ ბუდობს სხვადასხვა ნადირი: მგელი, დათვი, მელა, ტურა და სხვ. სააგურის მგელი თავის გაუმაძღრობით განთქმულია მთელ ფრონის ხეობაზე. ღამის მეხრეები უფრო რჩევობენ, რომ მოატარონ სხვა გზით და საძოვარზე ისე მირეკონ.

 

 ამ ჭალაში უფრო ჩამობნელდა შავი ღრუბლების გამო. გზა და კვალი არსად სჩანდა; ყველა სულდგმულმა იგრძნო, რომ დიდი თქეში მოვა; იფრთხიალეს ჩიტებმა და ბუჩქის ძირას დაეშვნენ; გვრიტებმა, რომლების სადგურს შეადგენს გაბმული ბარდანა მცენარეები, ჩაიკრუტუნეს; ბაყაყებმა გაახშირეს ყიყინი, რომლებიც გაჯიბრებულებივით ქასქასებდნენ; ამ საშიშ ღამის საიდუმლოებას ბაყაყებიღა არღვევდნენ. ეს ხმა, შეერთებული ვერხვების ტოტების შრიალთან, გულს უწუხებდა კაცსა. აქ, ამ ჭალაზე, უდროუდროოდ ფრონისხეველი ძვირად გაივლიდა, რადგან სჯეროდა, რომ ვერხვებში ალები იმალებიანო. ძაღლისხევაში გავრცელებული იყო ხმა, რომ ალები ამ ვერხვებიდან გამვლელს გამოელაპარაკებიან ხოლმეო, ხან ძაღლად მოეჩვენებიან, ხან ციკნად, ხან ცხვრადაო. ვითომ კიდეც ერთ გლეხს დაეჭიროს ალი ნაწნავებით და სახლში ჰყოლიყოს; მერე ალს ეთქვას: “ოღონდ გამიშვი და ბედსა გწევო: აი ჩემი ფრჩხილი და თმა, ამეებით, საცა გიჟი გამოჩნდება ან ბნედიანი, მოარჩენო”.

 

 – მა, შვილოსა, – დაუმატებდნენ ზედ ძაღლისხეველები, – აკი კიდეც იმიტომა აქვს იმ გლახას შეძლება, რო ავადმყოფები მოსდევენ.

 

 იმას კი აღარ კითხულობდნენ საცოდავები: რჩებოდნენ გლახასთან გიჟები, თუ არა? ან მართლა თმა ჰქონდა და იმითი არჩენდა, თუ სხვა რამ საშუალებითა?

 

 ამ საშიშ ჭალისათვის უთუოდ უნდა აექციათ გზა მგზავრებს, მაგრამ ჩვენი ღამის მეხრე ცეცო არხეინად გაივლიდა ხოლმე ბილიკაზედ. თუ მთვარიანი ღამე დაუდგებოდა, ამან იცოდა, როგორც დააძღობდა გუთნეულს შიგ ჭალაში, თუ არა და ამ ჭალის ბილიკით გადიოდა მშვენიერ საძოვარზე, ნასიმინდრებში, ყველაზე უწინ. ამიტომ იყო, რომ გუთნისდედებს ცილაობა მოსდიოდათ ცეცოზე და უღელზე ერთ დღიურს მეტს აძლევდნენ.

 

 

 VI

 

 

 – ცა გარისხდა: ჭექა-ქუხილმა დააყრუა ქვეყანა; ელვა გულსაკლავად იხლაკნებოდა შორს ცის სივრცეში. გავიდა ზლაზვნით საქონელი ჭალის პირას. “მამოჰოვა!” – შემოუტია გუთნეულს ცეცომ და გააჩერა.

 

 – პაკო, როგორ გინდა? წინ წახვალ, თუ უკან მოჰყვები? მე წინ წავალ. ოხერი ბილიკაა, ე ფოტოროზე არსად გადიჩეხო.

 

 – ანგრე იყოს.

 

 გასწია ცეცომ წინ.

 

 – ბიჭო, ნელა უყა, ნელა! თითო-თითოდ გამოვიდნენ ბილიკაზე, არსად გადიჩეხონ. ნჰე! ე ვერანა რა ჯურა ღამეა? რუხრუხი არ გაუდის ამ ტიალა ცასა!.. იი! რა ფეხებში მედები, შე რჯულდავარდნილო! აზგამო, გადი ისე!.. პაკო! მარჯვეთ იყავ, სწორედ ნადირია; ე ლეკვი ფეხებიდგან არა მშორდება. ი დიდი თოლია მაინც წამოგვყოლიყო.

 

 – ჰო და! ეშმაკს თვალთ არ უჩანს.

 

 – ფიქრი არ არის, ფიქრი! – დაიწყო ისევ ცეცომ, – ემ დრამში გავალთ ველზე და მერე თუ გინდ ხრო დაგვედოს, ირემა-კამეჩი აქ არ არის! ეს იყო, პაკო, რომ შარშან მგელი რქით გამოარბევინა ამ ჭალაში და სოფელში ბღლაძა გააყრევინა. ჰი! ე ქედნაკურთხი! ისე გაუფრთხილდება გუთნეულს, როცა ნადირი გაერევა ხოლმე, როგორც კაცი. ღმერთო, რა პირუტყვია! ოქროა სწორედ, ოქრო!.. ჩუ, პაკო, გესმის?! – აქ ღამის მეხრეებმა შეაფერხეს გუთნეული და წაუგდეს ყური. მოისმა მუშურის ხმა.

 

 – ჰეი-ჰეი! ღმერთო, რა კაცია ეს სოსეი და! ვენახში წყალი უგდია, შენი ცოდო არა მაქვს; ამ წვიმამაც ლამის ზედ მოუსწროს, – სთქვა ცეცომ ისე, თითქო შეშურდაო, რომ სოსე მუშაობს და ეს კი ეხლა მიდის, და გაუძღვა გუთნეულს.

 

 – ოჰ, ოჰ! გატიელდი და გაოხრდი, აჰაა!! ცეცო, მოიცა; ეს ოხერა ჯაგვის ცერზე დავაგე ფეხი, ქალამანი სუ თან გაიტანა. უჰ... – სთქვა პაკომ და ჩაიქრო ხმა; იცოდა, რომ ვიშ-ვიშით ვერას მოუმატებდა.

 

 ცეცომ მიანება საქონელს თავი, რადგან ველზე გავიდნენ და იმავ დრამში გაჩნდა პაკოსთან.

 

 – ჰა, რას წაკუზულხარ? რა გიშავს, აი ველზე გავედით; ვერხვქვეშ დავისვენებთ.

 

 აიკანჭურა საცოდავმა პაკომ ფეხი; გავიდნენ ველზე, მიუშვეს საქონელი ნებაზე; დაუწყეს კამეჩებმა ბალახს დღლეძა, თითქო ფესვებს ჰგლეჯენო. ცეცო დატრიალდა ჭალის პირში, მიჩინჩხვრ-მოჩინჩხვრა, ტალ-კვესით სასწრაფოდ დააგზნო ვერხვქვეშ ცეცხლი: მიბრუნდ-მობრუნდა, ეცა რიყისკენ, მოიტანა იღლიით ორი დიდი სამუთაქე ქვა; შესხნა პაკოს ქალამანი; წამოჰყარა ბატის ფეხის სამარილიდან მარილი, წააყარა ჭრილობაზე, რო სისხლი შესწყვეტიყო, და შეუხვია. მოუსხდნენ ცეცხლს. ბალახი კარგი იყო და საქონელი დაადგა ერთ ალაგს და ხარბად დაუწყო ძოვა; წამოუბერა ქარმა და გადმოჰყარა მსხვილ-მსხვილი წინწკლები; ახლა კი დავლბებით, – სთქვეს გულში მეხრეებმა და მიიკუნტნენ ვერხვის ძირში.

 

 აი დაასხა და რა დაასხა, რომ სულ ლიები წავიდა!.. გუთნეულს სანამ ძიელ არ გაუჭირდა, არ დაანება ბალახს თავი; როცა ძვალსა და რბილში გაუჯდათ და ბროტიალი დაიწყეს, წამოხტა ცეცო, მოირეკა გუთნეული ვერხვქვეშ. შედგა გუთნეული, ფერდი ამოივსო; იწყეს კუდების ქნევა და ბღვერვა და დეეყარნენ. ცეცხლი მინელდა. პაკოს მიეძინა და ხანდისხან “ვაი დედას” წამოიძახებდა ხოლმე, ცეცო კი თითქოს გულგრილად უცქეროდა პაკოს გმინვას, იცოდა რა, რომ აუცილებელია ამგვარი შემთხვევები გლეხისთვისა. “ბევრიც რომ ივიშვიშოს, არა მოემატება რა; მშველელი არსაით არის და თითონვე დააკლდება, თუ გული არ გაიმაგრა”, ფიქრობდა ცეცო. თითონაც გაეხვია მაზარაში და მისდო თავი კამეჩის ფერდზე; კამეჩმაც თითქო შეიბრალა მეხრე, გვერდი გადიღო; ცეცოს კისერი შიგ ფერდში გადიწონა და ლაზათიანად გაიშხლარტა.

 

 ცეცოს კარგა ხანს ეღვიძა, ათასნაირ ფიქრებს მიეცა: ჩემი ყანები საგაისოდ რო არ წამიხდინოს, კარგა ბლომა პურს ჩავყრი; ცოლს შევირთავ და ჩემ ბერ დედას გავახარებ. წარმოიდგინა, გადასინჯა გუნებაში საცოლოები და ბოლოს ზალიკა ახალკაცის თამროზე დადგა. “რა მაყვალსავით თვალები აქვს! ახლა მკლავები? შენ თქვი, ქალია და, ისე მოიდებს ხუთ-ექვს თუნგიან დორას, როგორც ერთს ჩარექიანსა. მადლიანია, მადლიანი! იმისი ჩაგორება მართლა რო ღირს!.. მაგრამ ე-ე-ე, ვაითუ ღმერთი გაუწყრეს, წამოუაროს რამემა და სულ ერთიან გააოხროს; ვირი ააგორეს რო იტყვიან, ის დამართოს, მაშინ? ე-ე-ე, მაშინ ცოლს კი არა და შავ ქვას შევირთავ”... ამოიოხრა, გადაბრუნდა და ძილს მისცა თავი.

 

 – პატარა წავლულო თვალი, თორემ სულ ტყუილია, – წაილაპარაკა ცეცომ.

 

 ჯერ ისევ ბურანში იყო, რომ შემოესმა ერთი წივილ-კივილი, ღრიალი, ხმაურობა.

 

 – რა იყო, კაცო, რა დაგემართა? ნადირი ხომ არ არის? – უყვირის ზევით ერთი ამხანაგი მეორეს.

 

 – ნადირი კი არა და!

 

 ამათ ხმაურობაზე ახლო-მახლო მყოფმა მეხრეებმა, ეგონათ რა რომ ნადირი დაერიათ გუთნეულებს, დასაფრთხობად იწყეს ღრიალი: “ჰაჰაა! სსი მაგას, სსი!! მაგას, სსი!!” მაღალი ხმაურობა შესწყდა, ყვირილი გაათავეს. ბოლოს მოისმა კიდევ ხმა, მაგრამ წყნარი. ცეცომ ყური დაუგდო, სმენად გადაიქცა.

 

– რა დაგემართა, კაცო, რას კანკალებ? ჰაი, შე გლახა, შენა! მაგისთანა ამბები გადაგხდენია? – ეუბნება ერთი ამხანაგი მეორეს.

 

 “უთუოდ ვიღამაც იტკინა რამე”, სთქვა გუნებაში თანაგრძნობით ცეცომ, დააპირა წასვლა, მაგრამ ამხანაგის დატოვებაც არ უნდოდა; იყოყმანა, იყოყმანა; გულმა ვეღარ მოუთმინა, წამოხტა, ჩქარის ნაბიჯით გასწია და მიაძახა:

 

 – რომელი ხარ მანდა?

 

 – ოჰ, ცეცო, შენა? – მე ანდრო ვარ.

 

 ცეცო ამ ხმაზე მიიჭრა; წინ დახვდა ყურებამდინ გაწუწული ანდრო, რომელსაც წვივიდან თქრიალით სისხლი მოსდიოდა.

 

 – კაცო, ე რა ამბავია? რას კანკალებ, შე გლახა!

 

 – ბიჭო, რაღა რას ვკანკალებ: ი ოხერი გიშერა ხარი წყლის პირას მიმფარებიყო. ვეძებე და ზედ კი წავეტეკე. რო შემოუტიე, ი სალავათძაღლი შიგ ღურღუმ მორევში კი გადაერია. წავდექ ფოტოროს პირას და სახრე მოუქნიე, ეგებ გამოვიდეს-მეთქი. ამასობაში ი ჩემი ცოდვით სამსე ფოტორო აკი მოიმზღვლა და შიგ ყვლაპანი მოვიღე. ე კანჭიც ჩავარდნის დროს თუ ჩავიღვლიპე... აი დასწყევლა ღმერთმა ეშმაკი!..

 

 სველი მეხრე ცეცოს რჩევით კამეჩებს შუა ჩაწვა გასათბობად. ანდროს ამხანაგი ძალიან შეწუხდა. ცეცოც შეფიქრიანდა. ამას გაუკვირდა, რომ კაცი როგორ უნდა დასცეს, ააკანკალოს წყალში ჩავარდნამაო; მერე ღამის მეხრე, რომელმაც ამისთანა რამე რწყილის კბენის ოდენათაც არ უნდა შეიმჩნიოს, მაგრამ კაცს რაც აწერია შუბლზე ი დალოცვილი ღმერთისაგან, ის არის, იმას კაცი ვერ წაუვა. ამგვარად ფიქრობდა ცეცო, როცა გამობრუნდა თავის გუთნეულისკენ, სადაც მოსულიყო სოსე და ებაასებოდა გამოღვიძებულ პაკოს.

 

 სოსე მიჰყუდებოდა ვერხვს, ბარი წინ თოფივით მიეყუდებინა, გაემართნა ჩიბუხი და, ის იყო, ცეცხლს ადებდა, რომ მოვიდა ცეცო.

 

 – რა ღრიალი იყო, კაცო? ვენახიდან გამოვიქეც.

 

 – დასწყევლოს ღმერთმა ამაღამდელი ღამე; აქ პაკომ წაიხდინა ფეხი, იქ ანდროს ჩაულეწია წვივი და წყალში ამოვლებულა; თუ სეტყვა არ იყო ამ თქეშის დროს, კიდევ კარგი, – ამას არ ვინაღვლით.

 

 – არა, ერთი-ორიოდ კი წამოურია, მაგრამ ჩვენში არ იყო. ამ ზემოთ კი ტყის პირად დიდი რახი-რუხი და გრიალი მოისმოდა.

 

 – კაი დროს კი მოგივიდა შენც წვიმაი, აი, სოსე!

 

 – ჰო, დალოცოს ღმერთმა; მისწრებაა, მისწრება! დაასხა თუ არა ი კოკიპირულად, მაშინათვე მივუნაკადულე, ეხლა ბოლოში იქნება გასული; სველ მიწას ისე გაჰყვებოდა, როგორც ციგა ყინულსა; ის-ის იყო, ჩაუგდე.

 

 – კარგა გისხია? ამბობენ, ამ გვერდიძირის ვენახებს ძალიან ასხიაო, – უთხრა ცეცომ.

 

 – ჰო, ყოველთვის ე გვერდიძირის ვენახები სჯობნიან. ჯერ ერთი ესა, რომ მზვარი ადგილია, მეორეც ესა – იალბუზი ვერ ახდენს, ვერ სცემს და! სხმით, ღვთის წინაშე, აბა რა დასამალია, კარგა მისხია. ნეტა არამ წამოუაროს, შენი დღეგრძელობითა; ი ბიჭის დაქორწილება მინდა; რა ვქნა, თუმცა ჩემ ბიჭს დრო არა აქვს, ჯერ ბალღია, ცოლის ყადრი რა იცის, მაგრამ სამ-სამ ქალში ეგ ერთი ბიჭი გამაჩნია; მეც მინდა მოვესწრო რასმესა; სიკვდილ-სიცოცხლეა, – სთქვა სოსემ და ჩიბუხის ბოლებას უმატა და კანჭებიდგან ტალახის ფშვნეტა დაიწყო, რომელმაც ცეცხლთან მიფიცხების გამო მოუჭირა.

 

 – რაღა უდროვოა, ჩვენმა კაცმა უნდა ადრე შეირთოს ცოლი, რომ შვილი მოესწროს: რაც ბევრია გლეხკაცის სახლში ხალხი, მით ბედნიერია. აი ახლა ჩემი ცხოვრება რა ცხოვრებაა: სახლში ვარ – გარეთ აღარა ვარ; გარეთ ვარ – სახლში აღარა, – სთქვა ცეცომ.

 

 – ეგ ნაკმაზი ზოგი შენ წიწილებსაც დაუყარე; მე რომ მირჩევ, შენ რაღას უყურებ? მე და ჩემმა ღმერთმა, დედაშენი ცას დაეწევა, შენ ცოლს რომ ნახავს... კაცო, ე შენი გუთნისდედის გოგო შეირთე. რა გოგოა!! დევია, დევი! რა საჭიროა, ძმაო, მთელი სახლია და ისა...

 

 – მერე, ზალიკა მამცემს?! ოჯახიშვილები სთხოვენ და მე კი ერთი ღერი ბიჭი ვარ.

 

 – აბა, კიდეც ღერი ბიჭია საქმე! თამრო, თუ ჭკუა აქვს ზალიკასა, შენითანა კაცს უნდა მისცეს. კაცო, შენ ზემო უბანში დგეხარ, რა იცი ზალიკას ამბავი, მე იმის მეზობელი ვარ; მე მკითხო? იმას შენ უნდიხარ.

 

 – ცეცო, ვერ ატყობ ი გუთანზე რო გადმოგიგდებს ხოლმე სიტყვას ზალიკაი? – უთხრა პაკომ.

 

 – რას ამბობ, პაკო! გულში აქვს-მეთქი ზალიკას, გულში! რას მასწავლით.

 

 თამროზე ლაპარაკის ჩამოგდებამ ცეცო ააღელვა, გულმა სულ ბაგი-ბუგი დაუწყო, სუნთქვა გაუძნელდა; თავს იკავებდა, მალი-მალ ჩაახველებდა, რომ ეს გულის შფოთვა გაექარწყლებინა. ისეთი ნეტარება იგრძნო ცეცომ, რომ ძნელი ასაწერია კალმით. მაშ, იფიქრა იმან: ეს სოსე უთუოდ მაჭანკლად არის მოგზავნილი; ზალიკასაც გულში სდებია. თამრო მადლიანი გოგონაა; ზალიკა იმის სოფლელია; კარგ მოკეთეობას გაუწევს; გუთნეულს საკუთარს შეაბამენ და ცეცოს ორმოები აევსება.

 

 ახლა დედა ნენეს როგორ გაეხარდება თავისი შვილის ქორწინება! უყურეთ, როგორ ჩამოპროწიალდება, როგორ ჩაალეკურებს ამ სიბერის დროსა! მერე თავის რძალს – თამროს გამოითხოვს ქალებიდან სათამაშოდ და ის კი თავჩაღუნული გამოვა; უყურე, ტოლ-ბიჭები როგორ სიხარბით დაუწყებენ თამროს ცქერას და ერთმანეთს ტაშისკვრის დროს გადაელაპარაკებიან, როცა თამრო ლეკურს ჩამოუვლის.

 

 წარმოიდგინა კიდევ, რომ ის გაითამაშებს ბიჭებში და ჩაჰკვანწავს ფეხებს “ცანგალ-გოგონაზე”, გამოვა თუ არა, და მაყრები “ცანგალ-გოგონაზე” დასძახებენ ლექსსა:

 

 “ეს ბიჭი კარგა თამაშობს.

 

 კარგა დატრიალდება;

 

 ამან რო ფეხი იტკინოს,

 

 მე და შენ დაგვბრალდება!”

 

 

 VII

 

 

 უღრუბლო, მოწმენდილი ღამეა; ვარსკვლავები ლაჟვარდ ცაზე ციმციმებენ, კაშკაშებენ, შორით ერთმანეთს სალამს აძლევენ, ეთამაშებიან. ჭალას ზედ დაბდღვრიალებდა ციმციმით ეს ვარსკვლავთ გროვანი, ესაყვარლებოდნენ მორცხვი პატარძალივით, შორით ესროდნენ მკრთალ სხივებსა. იმათ სხივებს პასუხს აძლევდნენ ქვემძრომნი შიშინ-ჭრიჭინით. მაღალი ვერხვი, მრავალტოტოვანი, ამაყად გადმოსცქეროდა მთელს სააგურის-ჭალას, ნელიად არხევდა კენწეროს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ; ხანდისხან ფოთლებს შრიამული, ფრფინვა შეუდგებოდათ ნიავის წამობერვით. ვერხვი თავის ფოთლებით თითქოს ეარშიყებოდა მოღიმარე ვარსკვლავებს და იწვევდა, იპატიჟებდა ძირს, დედამიწაზე. მახლობელის მინდვრებიდან ხანდაზმით ისმოდა ტორუას “ტრრრ, ტრრრ”, რომელიც მიყუჩებულ მიკმენდილ ღამეში მანუგეშებელია ადამიანისათვის, რომელიც მგზავრს სიამოვნების ნიშნად გულს უტოკებს და შემაწუხებელს, კაცის დამაფიქრებელ ღამეს ძალას უკარგავს. ამ ღამეს მწყრები, ეს “პურის მტრები”, შეუწყვეტლად ჭუკჭუკებდნენ; ეტყობა, საცოდავები ღამე ქურდულად იკრიბებიან, რომ თავის სამშობლო ქვეყანაში გაიპარნონ, რათა იპოვნონ მოსვენებითი ცხოვრება. მაგრამ ამ წუთისოფელში, განა ან სამშობლო ქვეყანაში მოსვენება აქვს ვისმეს?! იქაც მოელით მწყრებს დევნა და წამება; მაგრამ მაინც და მაინც სამშობლო ტკბილია, მიაშურებენ მისკენ.

 

 სასწორმა ვარსკვლავმა კარგად შემოიმაღლა; ზეკარა დაიძრა და შფოთვა შეუდგათ ფოთლებს; შეაგრილა ბუნება; ხეებმა ყნოსვადამატკბობელი სუნი გამოსცეს. ამპარტავანი ვერხვის გვერდზე სინათლე გაჩნდა; ნაპერწკლები მას თავს ევლებოდნენ, პროწიალ-პროწიალით გარბოდნენ ცის სივრცეში. სინათლის წინ ჩრდილები გარბოდ-გამორბოდნენ.

 

 – “ბიჭო! ველზე, ველზე!” – გაკრთა ხმა ვერხვის ძირში, რომელიც კრიალით გავარდა ჭალაში თავიდგან ბოლომდე და ყოველმა ხემ ბანი მოსცა. ამ ხმაზე რამდენსამე წამს ყველა ჩაჩუმდა. მაგრამ ხმაურობის რამდენჯერმე გამეორებამ თითქო ყველა გამოაფხიზლა, ყველა შამი-შუმში მოვიდა, ყველას ესიამოვნა, ყველამ შიშის ფარდა აიხსნა: ქვემძრომთ შიშინს მოუმატეს; ტორუა გაქანდ-გამოქანდა ჰაერში ჭიკჭიკ-გალობით; ვარსკვლავებმა თითქოს უმატეს ციმციმს და ბრჭყვიალს: ზენაქარმაც გაბედვით შემოუბერა და ვერხვს რხევა დააწყებინა; მისი ტოტები მთვრალი კაცივით დაქანაობდნენ, სდრეკდნენ თავებს და თითქოს ეხვეწებოდნენ ჩრდილებს, - ზევით ამოდითო.

 

 ფარვანა და პეპელის ჯარი დაეხვა ცეცხლს, რომელსაც შორიახლო უსხდა რამდენიმე ყმაწვილი, მოხდენილი, სხარტი ბიჭი. ეს იყო – ცეცო თავისი ამხანაგებით. გუთნეული ველზე გამოეკრიბნათ, თვითონ ვერხვის ძირში მოესვენათ. რაღაც ტრიალში და ფაციფუცში იყვნენ. მოიხსნა გვერდს შემოკრული გუდა ერთმა და წამოყარა ნედლი კაკალი და სიმინდები, გაიხსნა სხვა გუდებიც. ვახშამი ჩაღდება.

 

 – მიხა, სად გიშოვნია, ბიჭო, ე ნედლი სიმინდები? – ჰკითხეს ამხანაგებმა.

 

 – ეგ ბიჭმა მიხამ იცის! – სთქვა ამაყად მიხამ და გადაფცქვნა ტაროები.

 

 – ეგ ხო თავის დღენი არ მოისვენებს, სულ უნდა ქურდობაში ატაროს! – უთხრა პაკომ.

 

 – ნწ-არა! სულაც არ არის ქურდობა: შენ და მე თითო-ოროლა ტარო რო მოვამტვრიოთ, ვისიც გინდა სიმინდში, აქ მოვიტანოთ და შევჭამოთ – რა ქურდობაა! ის სიმინდი, ის მიწა ან შენი ოფლითაა შემუშავებული, ან ჩემით, ან მისითა. მე და შენ რომ განზრახ წავიდეთ, ჩემო პაკო, კარგა ვიზურგოთ, ავიტანოთ სახლში და მოვიხმაროთ – აი ეს იქნება ქურდობა. ჰა, ბიჭებო, რას იტყვით? აი ეხლა მე ვახშმისათვის წავალ და ცოტა ყურძენს მოვიტან, ვისიც ვენახიდგან იქნება, მაგრამ ქურდულებრ კი არა, ისე გულღიად შევალ, თითქო ჩემიაო, – სთქვა ცეცომ და წამოხტა, – თქვენ მინამ სიმინდები შეწვით და კაკალი დაკუჭეთ. ლექსა! ლექსა! შენ თითქო მწყრები გქონდა, შეწვი რაღა! – ცეცო გაქანდა. მოარბენინა რამდენიმე მტევანი ყურძენი; მიუწყეს ცეცხლს სიმინდები; ლექსამ დააწყო ნაღვერდალზე მწყრები, შეაფიცხა, ხელდახელ დაპტყვნეს და წააყარეს მარილი. შეაპროწიალეს მწყრები ხის შამფურებზე. ძაღლებმა სუნი დაიცეს მწვადისა და ჭოტებივით წამოჰყვეს თავები. პურის ჭამაში ძაღლიც გაჩუმდებაო. ყველანი ჩაჩუმდნენ, მხოლოდღა ჭაპა-ჭუპი ისმოდა. ღვთის მოწყალება ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ უსასმელობა უუშნოვებდათ სუფრასა.

 

 – მაჩვეთ მათარები, – უთხრა ცეცომ. – ყველამ გაიკრა მათარას ხელი, გადაუყარეს ცეცოს, რომელმაც აკრიფა და წყლის ასავსებად წავიდა. – სიმინდი არ შეჭამოთ კი, ეე, ოხრებო!

 

 ყველამ სათითაოდ მათარა მოიდო მუხლის ძირას; შევიდნენ ქეიფში.

 

 – ეს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ბიჭებო, გაჭირვებულ კაცსა. რამდენი კაცია ამ ღამის გაჭირვებული! იმ დღეს, გახსოვთ, პაკო, შენ რო ფეხი დააგე ცეტერსა და ე ანდრომ კანჭი რო ჩაილეწა, რა ბაბაყული ღამე იყო და! – სთქვა ცეცომ.

 

 – ეჰ, ჩვენი კაცი სულ გაჭირვებულია, – სთქვა პაკომ.

 

 – ეგ რა სათქმელია, მაშ არა და მოსვენებულია! იმიტომ გაუჩენივართ ღმერთსა, რო ვიტანჯოთ.

 

 – დალიეთ და! რა დროს დარდებია, მაგის რჯულიც ამოვარდესა, – სთქვა უდარდელმა მიხამ.

 

 – კაცო, ე საქონელი არ იშლება და ხარიპარიამ კი ძაან გამოანათა, მამლისყივილი იქნება.

 

 – რო არა უჭამიათ რა, იმიტომ! ამ ნასიმინდვრებს ხედავთ, რა ბალახებია!

 

 – რამოდენერთა სიმინდები იყო წელსა და! ეს ამოდენი ღელე გავსებული იყო, ვარაუდით სულ რამდენი დღისა უნდა იყოს? – სთქვა ანდრომ.

 

 – აქ რამდენი ღამის მეხრე ვართ? ექვსნი, არა? – ეს ზემოუბნისა. შუა და ქვემო-უბნისაც ოცი ჩააგდე, – სთქვა ცეცომ: – საგაზაფხულოს, საანეულოს და საშემოდგომოს თითო გუთანი რას მოხნავს? ორასი დღისა ჩააგდე თითოზე... ჰმ! რამოდენი იხვნის და ითესება ამ ოხერ სოფელში, და!

 

 – თუ იხვნის, იმიტომ გვრჩება რამე! რა ვიცი, ე ოხერ კუჭს კი ძლივს ვიძღობთ და!

 

 – რა გაგიძღობს, შვილოსა, მეოთხედი სხვას მიაქვს. შარშან ათასხუთასი კოდი სიმინდი და ქერი შეუვიდა ჩვენ გამგებელსა, ახლა პური ამოდენივე, ხუთას კოკამდე ღვინო! ი ბეღლები სულ დაილიცლიცეს; ურემი-ურემზე მიდის ღალა-კულუხი.

 

 – ცეცო, ეხლა გამგებელი აღარ იქნებაო, იმ დღეს მღვდელმა სთქვა, რომაო ისევ ბერძნის ბერები მოვიდნენო.

 

 – მოვიდნენ და უხაროდეს ისაკა ბღუნძელაშვილსა. ადრევ გვატყავა, ჩვენი ნაგლეჯ-ნაცარცვით იმან სახლკარი წამოიჭიმა, კერატივით გასუქდა, შვილებს მამულადგილი დაუნაწილა და ეხლაც ფეხს გაჰყოფს. ღვთის მადლით, მალე კი დაიფუკა იმის ოჯახი!..

 

 – მა რა, ნაარმევი ვის შერჩენია: ქარის მოტანილს ისევ ქარი წააღებს: როცა ჩვენი ცარცვა-გლეჯა მოაკლდა, ჯიბეს ვეღარ იტენიდა, ოჯახიც გაუბრუნდა; შვილებიც, ვენაცვალე ღვთის მოწყალებას, ბედოვლათები გამოვიდნენ. ეხლა, თუ ფეხი გაყო ისაკამა, ისევ ადრინდელი დღე დაგვადგება, და თუ გაყოფს ფეხსა – ეს ისევ, შვილოსა, ჩვენი უხეირობის ბრალი იქნება. ჩვენ თითონა ვართ უთაურები და უხერხულები. ხალხი უნდა შევიყარნეთ, ავიღოთ და დავიღოთ, ვირჩიოთ, რომ ეგ არ მოჰყვეს სასახლეში მოურავად. ხო გაგიგონიათ, რო არა გვზოგავს. ხო ჩვენი კაცია, ჩვენი სოფლის შვილია, ჩვენი მეზობელიც არი, მაგრამ ჩვენი სისხლის მწოვნელი კია, ჩვენი სისხლით გასუქებული კია! – სთქვა გულგაბრაზებით ცეცომ.

 

 – რა გინდა ჰქნა, ცეცო! ზოგიერთა ავყია ხალხი მიმხრობილი ჰყავს, იმათ სიკეთეს ჰპირდებიან და ჩვენ დანარჩენები კი ფეხებზე ვკიდივართ.

 

 – ჰო და, ეგ ეგრე არ უნდა იყოს, – სთქვა ცეცომ. – ჩვენ, ძმაო, სამასი კომლი კაცი ვართ ძაღლისხეველები. სამას კომლ კაცს თუ პირი ექნება, როგორ გადაუდგება წინ ათი და ოცი კაცი, აბა ერთი მითხარით! ჩვენ თუ მაგათ კრიჭაში ჩავუდგებით, ავლაგმავთ, თავს ვაჩვენებთ, შიში და რიდი მიეცემათ.

 

 – ჩვენ ვინ რას გაგვიგონებს, ჩვენ ჯერ ისევ ლაწირაკებს გვეძახიან; უფროსი ხალხი კი არას დასდევს.

 

 – უფროსი!.. მე შენ მოგახსენო, ტოტობაური და მგელ-ბაბია გაგიძღვება წინა!.. როცა დაინახავენ, რო ე ლაწირაკები იმათ სარგოს ვლაპარაკობთ, მაშინ ზურგს მოგვყუდებენ.

 

 – ეგ ყველა კაი, მაგრამ ჯერ, სინამ ბერობა დაგვიდგება, ე უპრავლიაიუჩი გვიჭირებს საქმესა, – თავის ქნევით სთქვა მიხამ.

 

 – ის კი არ გვიჭირვებს, თუ მკითხავ, ჩვენივე მეზობელი გვიჭირვებს საქმეს, ჩვენი! აძაღლებული ფიდუა ეშმაკურაშვილი ჩვენის ხელით ანწუხზეა ასაგები, ანწუხზე! – დაიწყო კვლავ ცეცომ ხმის თრთოლით და კბილების ღრჭიალით; ის არაკაცი, ის ულვაშშერცხვენილი, ისა! უპრავლიაიუჩმა რა იცის, ვის რამდენი დღისა აქვს ნახნავი, დღიური რამოდენაა, რა ალაგს და რა მიწას რა ფასი სდევს; სულ ჩვენებით ვიღუპებით, სულ და სულ! ხიდათ ეგენი ედებიან და იმასაც რა ენაღვლება: “სხვის სახრე და სხვის კამეჩი ვისთვის რა საშურელიაო”.

 

 – ვოჰიმე! მაგი ოჯახი დაიქცეს, მაგი! პირში, ბიჭო, ე მაგითანა ხალხი როგორ გიკვდებიან, თაფლივით გადნებიან ეგ სალავათძაღლები, ეგა! – სთქვა მიხამ და მოადგა პირს სიბრაზის დორბლი.

 

 – რა საჭიროა, კვირას ყველანი სოფელში ვიქნებით; კანცელარიასთან ხალხი მოიყრის თავსა, კაცობა იქ გამოჩნდება, აქ ლაპარაკს, იქ ვილაპარაკოთ ჩვენი დარდები... ნუ გვღუპავენ, ნუ! ხალხმა ხელში მოგვცეს ი ჩვენი დამღუპველები; თუ ჩვენები არიან დამნაშავენი, საქვეყნოთ ლაფი დავასხათ თავზე, და თუ უპრავლიაუჩია, იმასაც... ჰმ... იმასაც მოურიგდებით... დედა შეერთოს ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს, დედა!!. 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ღამის მეხრე ცეცო