– აგრე იყოს, აგრე იყოს! – შეჰყვირეს.

 

 – ღამეს და დღეს ვასწორებთ, ვხნავთ და ვთესავთ – ეს არის ჩვენი მისამართი, ამასაც ხელიდან გვაცლიან. რაც ერგებათ, წაიღონ, რა გაეწყობა. მაგრამა, შე ავო კაცო, შე პირისკომლ-გასაწყვეტო, – ხელიც იმათკენ და პირიცა, – ე მეტს რაღად ითხოვ, ჰა, ე მეტსა? თავისი ღალა წაიღოს, მეტი რა უნდა?

 

 – ჰაი, ჰაი! გაგიხარიან, კარგი მაშინ იქნება!

 

 – არ იქნება და გაგიხარიან, მიხას ჯერ კომბლის ხმარება არ დავიწყებიყოს... ასე დაუფრთხობ ი ანგელოზებსა, რო ჰქმნას კი არა და მეტიც მოუვიდეს.

 

 – მაშ ასრე. კვირას გავუსწოროთ ანგარიში, – სთქვა ცეცომ.

 

 ასე ბაასობდნენ გულდამწვარი ბიჭები. სოფელი ძაღლისხევა ძველადვე მეფეებისგან, თუ კერძო პირისგან, შეუწირავთ ეკლესიისთვის – ქრისტეს საფლავისთვისა. – ქრისტეს საფლავის მონასტრის ბერები უვლიდნენ მამულს; ყველაფერი იმათ ხელში იყო. შემდეგ სახელმწიფოდ გადავიდა; რამდენიმე წლის განმავლობაში “ჩინოვნიკის” ხელში იყო ეს სოფელი; შემდეგ ისევ ბერებს დაუბრუნეს. სოფელს ორნაირად სწეწენ: ერთი – პირდაპირი ბატონი, მეორე – მისი ხელქვეითები – მოურავები; რაც ბატონს მიაქვს, ერთი იმდენი მოურავს ხვდება. გლეხკაცობა ძიელ შეწუხებულია. ძაღლისხეველები ბევრჯერ გასწორებიან მოურავებს და ბატონებსაც, მაგრამ, რაც წასულია, იმას თავი დავანებოთ.

 

 აი ეს შეწუხებული მდგომარეობა იყო მიზეზი ღამის მეხრეების გათქმისა.

 

 როცა გულდამწვარმა ბიჭებმა ეს რჩევა და პირობა დაასკვნეს და თვითეული მათგანი შემდგომ ამისა ტკბილ ოცნებებს მიეცა, სწორედ ამ დროს სამმა კაცმა, რომლებიც მაზარებში იყვნენ გახვეულნი, ხელში კეტებით, საჩქაროდ ჩამოირბინეს სერი, რომელიც ჭალას ზედ გადმოსცქერის. კაცები შეჩერდნენ, მოიწურეს ოფლი და ჯოხებს დაენდვნენ.

 

 – რა ვქნათ, ღმერთმანი, ვის მივმართოთ? ეს ამოდენერთა მინდორი სულ შემოვილაწლაწეთ, მაგრამ არ იქნა, ღონეს ვერსად გავხდით, – სთქვა ერთმა.

 

 – რას ამბობ, კაცო, ხმა ჩვენი აღარ არის ამოდენა ღრიალით და მუხლი, – დაურთო მეორემ.

 

 – ბესო, ერთი დააკვესე. პატარა თუთუნი მაინც მოვწიოთ. როგორ თქვა ი დედამა: რაო, რატომ არ მოვიდაო?

 

 – რა უნდა ეთქვა; რო იცოდეს მიზეზი, ხო თავს აღარ მოიკლავს; აბა რა სათქმელია, შენგან არ მიკვირს! მგონი, ისიც გაიჭრა მინდვრად... აჰა ი აბედი...

 

 – მაშ თუთუნიც მასვი ერთი მოწევა, ჩემო ბესო!.. რაც გინდა, თქვით: ალი-კვალი კი ვერ გავიგეთ და! მეტი ღონე აღარ დაგვრჩენია, უნდა ე ჭალაზე ღამის მეხრეებს მივმართოთ; ცეცო ეხლა მანდ იქნება... იმას ხო არ ეძინება და!.. სარისტიანი ბიჭია, იქნება იცოდეს რამე, ან იქნება იმათთან მიეგდო... იიჰ, ხედამთ ი ცეცხლსა. – აი შეხეთ ილიკოს ახოს თავში. – ეგ ცეცხლი ღამის მეხრეებისაა.

 

 – შენი მტერი, ნადირს რო გაეფუჭებინოს ი საცოდავის შვილი, შენღა მიუხვალ იმი დედას კარზე!..

 

 – ნეტა შენცა, ნიკო! ჩვენ რა ვუყოთ... ერთი ე ჭალაში გადავიკივლოთ არ იქნება, რო ხმა არავინ მოგვცეს.

 

 გადიკივლეს ერთი – არაფერი, მეორე, მესამე... მოუხშირეს ძახილს. ღამის მეხრეებმა ყურები აცქვიტეს.

 

 – სუ, – სთქვა ცეცომ, – ეს ბესოს ხმაა.

 

 – ჰო, ის არის... მაიცა!.. ეს პეტრეა, მჭახეთ რო იძახის... მესამე კი ვერ ვიცან.

 

 – მესამე... დასწყევლა ეშმაკმა... აი ჩვენი... აჰჰ!.. ისემიანთ ბერიძიანთ ნიკუა – სამნი არიან. რა უნდა იყოს? საქონელი თუ გაურეკეს ბაკიდან, – სთქვა ცეცომ და თოფნაკრავივით წამოვარდა და მიაძახა:

 

 – რომელი ხარ? რა გაღრიალებს?

 

 – ჩვენა ვართ: პეტრე, ბესო და ნიკო, – გადმოჰყვირეს ფერდობიდან.

 

 – რაო, კაცო, რა ამბავია?

 

 – თუ ღმერთი გწამს, ცეცო, აქ უნდა ამოიარო!

 

 – აი დიდება შენდა, ღმერთო!.. რა ენდომებათ ამ უდროვოდ? – წაელაპარაკა ცეცო ამხანაგებს.

 

 – საქონელი თუ დაჰპარეს ი ღდინძაღლმა ოსებმა. სწორედ საოსე ღამეა, – მიატანა სიტყვა პაკომ. – მერე წელს მთა დაიმშა და მაგათ ქურდობას საზღვარი აღარ მიეცემა.

 

 ბევრი ძახილის შემდეგ ცეცომ დაიყოლია, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ; დაეშვნენ სერზე ხმაურობით და შუქზე მიაგნეს ღამის მეხრეების სადგურს.

 

 – ძაან ნამი არ გააგდო!.. მერე ეხლანდელი ნამი სეტყვასავით ცივია, – სთქვეს მგზავრებმა. – ნეტა ეხლა რა დრო იქნება?

 

 – რა დროს ეგ არის, კაცო! ღრიალით გასკდით: აი ამოდი და აი ამოდიო, და ახლა კი არხეინათ ხართ, – უთხრა ცეცომ. – სთქვით: რა ამბავია? მდევრები ხომ არა ხართ?

 

 – მდევრები კი არა, – დაიწყო პეტრემ, – ი ტასია ყურშავაძის ბიჭი არ დაიკარგა ისე ანაზდეულად, აი – პეტრეი, უნცროსი ბიჭი; გუთნიდან შინ აღარ დაბრუნებულა; სამი კაცი აქეთ წამოვედით საძებნელად; ძმა და კიდევ სხვები სხვა მხრივ წავიდნენ. ტყის პირისკენა. ვეძებთ, ვეძებთ და ვერას გავხდით; იქვე დაისს წამოვედით. ვეღარც შინ დავბრუნებულვართ, ცარიელები, და ვართ ასე, დავბოტიალებთ... რა უნდა იფიქროს კაცმა, ღმერთმანი!

 

 – ისა, რო ფრუტუნაა! ძილიგუდა ბიჭია; შარშან ჩემთან რო უჯდა გუთანზე, ჩემი თქმა იმასთან სულ ის იყო, რო არ სძინებიყო ისე ბევრი; სამხრის ხარს ჩარეკავდა წყალზე, დაეძინებოდა და ერიჰაა! – გუთნეულს გაუშვებდა ღვთის ანაბარს! ეხლაც დაეძინებოდა სადმე. ეს ცივი ნამი იმასაც კი გამოაღვიძებდა და უყურე შენ, რა საცოდაობა იქნება!.. – სთქვა ცეცომ.

 

 – ვინ იცის, ცეცო, იქნება, ნადირმაც გააფუჭა.

 

 – თუ ტირილსა და ღრიალს არ მოჰყოლია და სადმე ბუჩქებში მიწვა, მგელი იმას ვერ მიაგნებს, სუნის დაცემა ხომ არ იცის და...

 

 – ბიჭებო, უნდა გვიშველოთ რამე. აქ გვეგონა და არ გამოჩნდა.

 

 ცეცოს და ამხანაგებს გული დაეწვათ; ნერწყვი გაუშრათ დარდისა და მონაწილეობისაგან; ცეცომ გააშტერა თვალი, თითქო იგონებს რასმეო, დაავლო მაზარას ხელი, გაიდო მხარს კომბალი, ამხანაგებს უთხრა, რომ გუთნეულები აეშალნათ და ნელ–ნელა ძოვნით მიეყოლებინათ; გაიყოლა მიხა, რადგანაც ეს უფრო მარჯვე და გამბედავი ბიჭი იყო, დაუწრუწუნა ძაღლს, რომელიც ელდასავით წამოვარდა და გაეშურა პატრონისაკენ. წავიდნენ საძებნელად.

 

 – ყველა უნდა იფიქროს კაცმა, – სთქვა ნიკომ, – ვინ იცის, მაჯლაჯუნაც დააწვა და დაარჩო ი საცოდავის შვილი. უბედური სოფელია ეს ოხერი, ყველა უბედურება აქა ხდება.

 

 – ეგ არ შეიძლება, – დაურთო ცეცომ, – მაგრამ, თუ გულაღმა არ იწვა, მაჯლაჯუნა ვერ დააწვებოდა, გულაღმა რომ წევს კაციო, მივაო და ზედ ლავაშივით გაეკრობაო, ასე გამიგონია, თორემ მე, სწორედ გითხრა, რაც თავი შემისწავლია, არც ერთი არ გამომიცდია, რა ვიცი, გუღაღმაც ბევრჯერ მძინებია და პირქვეც... მაინც საითკენ უფრო სძებნეთ?

 

 – სერზე, საცა გუთანი ჰბმიათ. რა საჭიროა, ძმაო, ოლის ძირი არ დაგვრჩენია, რომ არ დაგვეთვალიერიბინოს.

 

 – თეთრ წყაროზე იყავით?

 

 – არა. ის იქავ სოფლის პირშია, რაღა მანძილი ჰქონდა სახლამდისა!.. ზედ ი წყაროს თავი გადმოვიარეთ ყვირილითა დაისსვე.

 

 – ჰო და კიდეც ეგ არის საქმე, რო დაისს გადმოგივლიათ, ის მაშინ ღრმა ძილში იქნებოდა. აბა მომყეთ და ჩემი სიმტყუნის გულისთვის ჩავიდეთ ი თეთრ წყაროზე, თუ იქ არ იყოს მიყუჟული. ბავშვი ხომ აღარ არის, აგერ თოთხმეტ-თხუთმეტი წლის მეხრეა.

 

 სთქვა და გაეშურა; მიჰყვნენ მეზობლები. დაუახლოვდნენ თუ არა წყაროს, ცეცომ მიაყვირა და მიაყვირა. ძაღლმა სუნი დაიდო. დაადო ცხვირი ბილიკას და ტუსტუსით გაქანდა.

 

 – იქ არის-მეთქი, თქვენი ცოდვა არა მაქვს! ძაღლს ხედამთ, როგორ დაიტიშა!..

 

 ჩავიდნენ ხევში, საიდანაც შემოესმათ წყაროს ჩხრიალი. წყაროსთან მდგარს დათვის პანტას ხევის ქარისაგან შრიალი გაუდიოდა და გადმოსცქეროდა ჩირგვებს, რომელიც ჯგუფ-ჯგუფად შემოხვევიყო წყაროს. ძაღლი მივიდა პანტას ქვეშ, აიღო მაღლა თავი და კუდაბზიკინებული შესცაცქანებდა.

 

 – პეტრე, ბიჭო, პეტრე! – დაუძახა ცეცომ.

 

 პატრონის ხმაურობაზე ძაღლმა წაუყეფა.

 

 – აქ არის! – ყველამ ერთხმივ წამოიძახა.

 

 ძაღლმა რომ წაუყეფა, ბიჭმა, რომელიც შიშის გამო პანტაზე აცოცებულიყო, ჩამოსძახა:

 

 – გაცი, გაცი!

 

 – აი გაცი შენა და შენ თავსა! არა, შე კვდარძაღლო, ხმა არა გაქვს, რო გამოგვხმაურებიყავ, ჰა! – შეუტია ბესომ.

 

 – დახე, სად ამძვრალა, და! ბიჭო, შვილო, როგორ მოგივიდა. შე უღმერთო! რაღა დიდი მანძილი იყო სახლამდისა, ჩაეთრეოდი... ღვედი რა უყავ?

 

 – ემანდა გდია... ჩამძინებიყო. მერე, ნამი რო გააგდო, გამამეღვიძა; უნდა შინ წამოვსულიყავ, მაგრამ მხარი მამექცა, ვეღარა გავიგე რა; მე მეგონა, რომ ლაშისწყაროზე ვარ-მეთქი; მერე ე პანტაზე ავედი.

 

 – ეგეც კარგია შენგანა, შე ბანდიანო! – უთხრა ცეცომ, რომელიც წყაროს ჩაუჯდა.

 

 მიეხვივნენ ყველანი, პირს წყალი შეიშხაპუნეს. ამ დროს აღმოსავლეთს სიბნელეს ფარდა ნელ-ნელა ეხდებოდა; ტორუებმა სიხარულით გალობა-ჭიკჭიკს უმატეს! აქა-იქ ტყის გზაზედ მოისმოდა ურმის ჭრიალი და შოლტის ტლაშუნი, ზედ განუშორებელი ტკბილი ურმულის ღუღუნითა.

 

 – ვენახს როგორ გისხია, ნიკო! – პირის წმენდით უთხრა ცეცომ.

 

 – ჰაი, გაგიხარიან, მე იმას მისხია, მაგრამ ამ ჩვენი მოურავების ხელში რაც გინდა იყოს: როგორც ღალები გასწერეს უღმერთოთ, ისე კულუხსაც გასწერენ.

 

 – მოურავები კი არა, ისევ ჩვენი მეზობლები გვიშვრებიან ამ საქმესა. თითონ თავს აძვრენენ და ამოდენა ხალხს ღუპავენ სულ ოთხი-ხუთი კაცი; ბღუნძელაშვილი, და კიდევ სხვები ასრე არ დაკეთდნენ?

 

 – თქვენ ღამის მეხრეები ხართ, გუთნისდედების ჩამოღმა თქვენ ბევრს გიხნავენ. რამდენათ მეტი უნდა გქონდეთ თქვენა ნახნავი ბღუნძელაშვილზე, თუნდ ეშმაკაშვილზე? მაგრამ რა გიჭირავთ ხელში? იმათ, ე მამაძაღლის-ტიელა, ძველათაც გასდევთ, კიდევაც ჰყიდიან, საქონელს და სახლ-კარს მოუმატეს, – ეს საიდან? იქიდან, რომ თითონ გათარხნებულები არიან ბატონებისაგან, უპრავლიაიუჩისთან შეძვრნენ; ჩვენ დღიურსა ორ დღიურად აწერინებენ, კულუხს ორი კოკის ალაგას – ოთხს და ხუთს აწერინებენ; ზოგს თითონ ზიდვენ სახლში და ზოგს ბატონს აძლევენ, – სთქვა ბესომ.

 

 – მე სულ იმას ვამბობ, რომ ე მაგითანა მკვდარძაღლ ხალხს უნდა მუხრუჭი მოვუჭიროთ: სოფელმა ეგენი უნდა აიბუოს, სამეზობლოდ აღარ გაიცადოს, ხელი იოტიტელა საქმეში აღარ გაუმართოს; კრიჭაში ჩაუდგეთ; კვირტი არ უნდა გავუზარდოთ, კვირტი.

 

 – ეეხ, შე მამაცხონებულის შვილო! მერე, ცეცო, ეგრე რო ვუყოთ, უფრო უარესს გვიზამენ. მოურავებთან ენის ზიდვას დაიწყებენ და უფრო გაგვანიორწყლებენ.

 

 – ვერც გაგვანიორწყლებენ და ვერც ბუზს აგვიფრენენ, ვაი არ ჰქონდეს მიხასა! მთელ სოფელს რას გვიზამენ დაბეზღებით და ენის სარსალითა! როცა კარგა გავსახრამთ, მაშინაც ჩავლენ დასაბეზღებლად?

 

 – დაიცა, მიხა, ფიცხი ნუ ხარ, ჯერ გასახვრა არას ივარგებს; სასოფლოდ მოვილაპარაკოთ, როგორც წეღან ვთქვით, ავიღოთ-დავიღოთ, ე მაგითანა ხალხი, ვინც არის ჩვენში, ავარჩიოთ და მერე მოვურიგდეთ. ამას სიჩუმე არ მოუხდება, არა! ყურისწაგდება არ ვარგა: “ღორის ტილი ფეხზე რო დაისვა, თავზე აგაცოცდებაო”. ჩვენი გლეხკაცი, თუ პატარა სული მოიდგა, სულ ასეა, სულ დაუდევარია. გულში დარწმუნებულია, რომ იმას აწუხებენ, ეჯავრება ეს შეწუხება, ბრაზი მოსდის, უნდა საქმეს მოუაროს საითმე და ხმას არ იღებს, მეორეს უცქერის; აცა, დაიცა, ჯერ იმან ამოიღოს ხმაო, მე რაზე მივეცე სამართალს ხელშიო, მეორე კიდენ მესამეს უცქერის, მესამე – მეოთხესა. ასე ყველა გაჩუმებულია, ყველა ერთმანეთს შესჩერებია პირში. სწორედ ცხვრის ფარა ვართ; წყალზე რო არ მირეკენ საბანაოდ, გაიბოტებიან, უწინ არავის გადახტომა არ უნდა, თუმცა კი გააგრილებს, სასარგებლოა; ერთმანეთის რქენაში ამოსდით სული, მინამ პატრონი უკანა ფეხებში არ სწვდება ერთ-ერთს და არ გადააგდებს, არიან ისე გაჩუმებულები და გაბოტილები ერთ ალაგასა. თუ ხმა არ ამოვიღეთ, სუ კუდამდინ ტყავს აგვაძრობენ.

 

 – მა, კაცო, უნდა. თუ ეხლა მოსავალს გვართმევენ, მერე მამულსაც წაატანებენ ხელს.

 

 – ვინ მამაძაღლი და თავმკვდარი არ ამოიღებს ხმასა! ოღონდ კი ხმა ამოიღოს ვინმემა, და!

 

 – აი აღდგომა და ხვალაო; ვნახოთ, კვირა მალე მოვა და გამოჩნდება, – უთხრა მიხამ.

 

 – ი კვირის ბარძიმის მადლი გაუწყრეს და ი მზის შუქი რისხამდეს, ვინც აქ არ მოვიდეს და უნარი არ ჰქნას, – ერთხმივ წარმოსთქვეს, ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და თავის ქექით და ჩეჩით ყველა თავთავისთვის წავიდა.

 

 ცეცომ და მიხამ დაისველეს თმები, მაზარები მარჯვნივ მოიგდეს, აითრიეს კომბლები და თავის ვარცხნით შეუდგნენ სერს, სადაც იმათ გუთნეულები და გუთნისდედები ელოდნენ.

 

 მიხა უნდა გაკვრით გავაცნო მკითხველს, რადგანაც შემდეგში ცეცოს მხარში ამოუდგება. მიხა აზნაურიშვილი გახლავთ; მამული ძალიან ნაკლებად დაუტოვებია მამას, სულ დავიდარაბაში გაუტარებია ცხოვრება და მამული თითქმის სულ მიუყიდ-მოუყიდნია. მაგრამ მანამ ცოცხალი იყო ედიშერ გვარაძე, მამა მიხასი, ყოჩაღად თურმე ცხოვრობდა. გუთნეული გამოულეველი ჰყავდა. მაგრამ ერთხელ შეუდგა თურმე ჭირი და სულ ერთიანად გააჩანაგა, ასე გასინჯე, ელიის ზვარაც კი მოუკვდა. გაბრაზდა თურმე გულდამწვარი ედიშერა, აითრია ლეში და საყდარში მიიტანა, აჩეხა და ძაღლები დაახვია; რათ მიყა ეს საქმე, ე შენს ზვარას მაინც გაუფრთხილდებოდიო, – უთხრა ელიას. მას აქეთ ედიშერას დასჩემდა გულის ჩქროლვა, სულ ბრაზობდა, სულ ჯავრობდა; თავის სახლობაზე ყრილობდა ბრაზს, უფროსი შვილი თურმე ცემით დააშავა, ბოლოს მოკვდა სიღარიბეში; ცოლ-შვილი ლუკმა-პურის თხოვნით აბეზრებდნენ თავს მეზობლებსა. წამოიზარდა მიხა, მიჰყო მხნეობას ხელი, ოჯახი შემოიტრიალა: მაგრამ იმისი უფროსი ძმა დაწვრილშვილდა; ცოლ-შვილი მიხას შემოახვია. სწევდა ესეც უღელს. მიხა გლეხისგან არაფრით არ განირჩეოდა. სულ იმათთან იყო. იმათი ჭირი თავის ჭირად მიაჩნდა და ლხინი – ლხინად. გლეხობასაც ძიელ უყვარდა. სულს არ იშურებდნენ მიხასთვისა. მწუხარების, გაჭირვების დროს დაუფასებელი იყო; “გაჭირვების ტალ-კვესია ე ჩვენი მიხაო”, იტყოდნენ ხოლმე, “რომ ცოტა შარი არ იყოსო”; ცოტა ამაყს კაცს, პირში მთქმელს, პირდაპირს, ბევრგან სოფლად “შარს” ეძახიან. მაგრამ მიხა სრულიადაც არ იყო ამისთანა. ცუდი საქმე, ცუდი ვისიმე საქციელი იმას ერთ წუთას მოთმინებიდან გამოიყვანდა ხოლმე, მაშინვე ყრონჭში მივარდებოდა კაცს. ამას სურდა ყველაფერი მუშტით და კეტით გაესწორებინა.

 

 მიხა ძალიან მოხდენილი, სასიამოვნო სანახავი ბიჭია; მაღალი, განიერი მხარ-ბეჭი, მაგრამ თხელი; ქერა სახისაა; თმა ხუჭუჭი, თითქოს ძალად გაუკეთებიათო, გადმოყრილი ჰქონდა ფართო და მაღალ შუბლზე; ცხვირი ნამდვილი ქართული, სურათი, ცოტათი შუა ალაგას აკეხილი, თვალები ცისფერი, რომლებითაც კაცს რომ უცქერის, ელაპარაკება, მანამ ლაპარაკს დაიწყებს, თვალები გაგრძნობინებს, რის თქმაც სურს მათ პატრონსა. მიხა საშინელი თავდაუზოგველი, გამბედავი და ამასთან გასაოცრად მარდია; ხეზე როგორც ფრინველი ისე ავარდებოდა ხოლმე. შემთხვევის დროს, მაგალითად, ჩხუბში, ოც კაცთან რომ მოსვლოდა ჩხუბი, ერთს ჯოხს არ დაიკრავდა, სხვები კი სულ თავებდამტვრეულები წავიდოდნენ. – მერუე შეაწუხებდა გლეხს და თავის დროზედ არ მისცემდა წყალს, – გაუჩნდებოდა მიხა და ტალახში ამოსდებდა; ურია მოატყუებდა პატარძლებს ფართალში, აქაც მიხა – და არშინით ბეჭებში ბრაგი-ბრუგით დასძრავდა. მოურავი შეაწუხებდა ხალხს, – დახვდებოდა მიხა სადმე ორღობეში და კარგა გასახრავდა. ერთხელ ერთმა სისხლის-ჯვრიანმა მოურავმა ძიელ შეაჭივრა ძაღლისხეველები. მიხას ყელში მოადგა ბრაზი, შეხვდა ორღობეში და გადაუღობა გზა.

 

 – მომეცა, შე მხეცო, გზა დამიცალე! – უჭყივლა ჯვრიანმა.

 

 მიხამ არც აცივა, არც აცხელა და მოაყოლა სახრეები, ააგლიჯა ჯვარი და ტალახში ისროლა.

 

 – კიდევ დააწიოკებ ქვრივ-ოხრებსა, კიდევა, ჰა? – და სცემს, რაც შეუძლიან.

 

 ცეცო უფრო ჭკუით მოქმედებდა, სარისტიანი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი; მიხა უფრო გულს უჯერებდა. მალე აღელვებდა ყველაფერი უმსგავსოება. ორთავენი ძიელ ნამუსიანი ბიჭები იყვნენ; მოზარდი გლეხობა ამ ორ ბიჭს ძიელ უგონებდა; ყველას ესენი ატრიალებდნენ. ვისაც მიხა დაჰკრავდა, ის თავს ვეღარსად გამოჰყოფდა. დაჰკრა – გათავდა. მტყუანია დაკრული; თავს ვეღარ გაიმართლებდა სოფელში; რასაც ცეცო ეტყოდა, ხალხი თავს ვეღარ გააქნევდა. ცეცო ელაპარაკებოდა მათ ჭკუას, მათ ტვინს იმას, რაც თვითონ ედოთ ფიქრად; მიხა ასრულებდა იმას, რაც ხალხს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვერ ბედავდა. ორი ერთპიროვანი ბელადი ჰყვანდათ ძაღლისხეველებსა.

 

 

 

 VIII

 

 

 გათენდა. გაიღვიძა ბუნებამ. აგერ მზე ამოციმციმდა, ამოისროლა სხივები; ბალახს, წინა ღამით უხვად ნასხურებს, დააწყებინა ბრჭყვიალი. ზურმუხტისფრად იცქირებოდა მთელი ჭალა-ვენახები. გაისმა სერებზე “ჰოროველას” ხმა, – გუთნები გავიდნენ სახნავად. აქ გაიჭიმა გუთანი, იქ გაიჭიმა; გადმოშხლარტეს გულაღმა მადლიანი დედამიწა. მზემ შეიმაღლა; მოახურა და მოახურა დედამიწა; ხალხმა ჯიბრზე უფრო უმატა მუშაობას; მეხრეებმა გაახშირეს “ჰოროველა”.

 

 იქვე, სოფლის თავში, ვენახების ამოსწვრივ, ზალიკა ახალკაცს გუთანი ება. მეხრეები წუხანდელს შემთხვევაზე ბაასობდნენ, ყველას უკვირდა, რომ ისე საღად გადარჩა ის ბავშვიო: ან არა დაეცა რა, ან მაჯლაჯუნა არ დააწვა, ან წყეულებმა არ დაახრჩეს; მაგრამ შუბლზე არ სწერებიაო.

 

 – საკვირველია, ღმერთმანი, – ამბობდა ზალიკა, – ძაან გადურჩა წუხანდელ ღამეს ი ბიჭი, ალბათ იმის დედ-მამას რამე კეთილი მიუძღვის ღმერთთანა. აი, კაცო, დიდი ხანი კი არ არის, რაც სულგანათლებული, – ღმერთმა ნათლით მოიხსენიოს, – პაპაჩემი ბერიკა გადაიცვალა. ერთ ღამეს მოდის თურმე ე კვირაცხოველის ხევში, რუს პირას; ღამეა თურმე ისეთი ბნელი, ისეთი ბნელი, რო თვალთა წინა არა სჩანს რა. ე-ე-ე მოდის, შენი ჭირიმე და შენ ხარ ჩემი ბატონი!.. პაკო, პაკო! კვალში ჩააგდე ე კამეჩი, აწვება, ქედი არ წაიხდინოს. ჰაჰაი! შე... ჰო, მოდის. მოვიდა თუ არა ი კვირაცხოველის ასკილებთანა, ხიდი რო დევს რუზე, სწორეთ იქა... ხიი, ტფეოჰო, შე!..

 

 – სად მივა, ე! – და გააწნა პაკომ ურჩ კამეჩს სახრე.

 

 – როგორც თურმე გადავიდა ხიდიდანა, ამ ასკილებიდან კი ვიღაც სწვდა ქუდში და ქოჩორიც თან ააყოლა. პაპაჩემი თურმე ხელმარჯვე და ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა. აი დალაქიანთ ბაბიაზე კიდევ ზორბა. ბერიკას ერთი საშინელი დაეყვირნა, ეძრო ხანჯალი და დაძრულიყო სახლისკენა. მორბის და მოსდევს ი წყეული. მორბის და მოსდევს. აი ტა-ტა-ტა, ცოტა კიდევ! ცოტა კიდევ! – და ამოვა ხათქა-ხუთქით სოფლის პირში. ძაღლის ყეფა რომ მოესმა თურმე, გული მოიცა, შემოტრიალდა, მიუშვირა ხანჯალი და თურმე ი წყეული, ჯვარი აქაურობასა, ძაღლად კი იქცა!.. მა, კაცო! – ვიარეო, ვიარე ისე კურტუკუღმა სახლამდინაო... მერეც თურმე, რო მოიგონებდა, სუ ჟრჟოლა აიტანდა ხოლმე პაპაჩემსა.

 

 – გადარჩა, გადარჩა?

 

 – მა, გადარჩა. კიდევ კარგი, რომ ი წყაროსთან კარგი ფუზია, თორემ ი ბავშვი წუხელ წყეულს ვერ გადაურჩებოდა, რამდენჯერ მძინებია ღამით ი წყაროს პანტის ქვეშა.

 

 ასე ბაასობდა წყეულ სულებზედ ზალიკა ახალკაცი.

 

 ამასობაში დღემ საშუადღეოს მოატანა. გუთნიდან ორი დღის საქცევს იქით, ხნულებს შუა, ჩასდევდა თავიდან ბოლომდის მშვენიერი, მწვანით მოსილი ველი, რომელზედაც შიგადაშიგ იდგა კუნლის, ასკილის და უფრო მაყვლის ბუჩქები. შუა ალაგას ამ ველზე იდგა კარგა მოზრდილი მაჟალო-პანტა. პანტის ძირში მიედო მაზარა მუთაქად, ზურგი მზისკენ მიეშვირა და ისე იწვა ერთი ახალგაზრდა ბიჭი. მზემ რომ აგრძნობინა ბეჭებს, მეხრე გადმოტრიალდა. ცალი მუხლი გაშალა, ცალიც ააყუდა; უბეში ხელი შეიყო და გულზე ცაცუნი იწყო. მზემ სხივები თვალებში ჩაუციმციმა. ეწვალა, ეწვალა, ატრიალა თავი, ხან აქეთ მოიკოტრიალა, ხან იქით, მაგრამ მზე თანდათან მაღლა ამოდიოდა და გამოჯიბრებული ისარივით ესროდა წამწამებში სხივებს. გამოიღვიძა; წამოჯდა, შეხედა მზეს და შენანებით წამოიძახა:

 

 – ვაი დედი ჩემის ღმერთსა!.. მზეს ძაან ამოუვაკებია.

 

 წამოხტა, მადიანად გაიჭიმა, გადიგდო მხარზე ფარაჯა და გასწია ზალიკას გუთნისკენ. ეს იყო ჩვენი ცეცო.

 

 – აგერ, ცეცოც მოდის. ძაან გამოიძინა. აი მაგას თუ შეეშინდეს რისამე! სწორედ ჭინკაა: ღამურა-კაცია, ღამურა! ღამურასავით დაძვრება ჭალებში. რა გგონია, ზალიკა, წუხელ ეგ რო არ ასძღოლიყო იმ ბიჭებს, იქნება ვერ ეპოვნათ.

 

 – მადლიანი ბიჭია. მარჯვენა ნაკურთხია!.. ჩავცივებივარ იმ ჩემ დედაკაცს, – ხმამოდაბლებით დაუწყო ზალიკამ პაკოს, – რო ე ჩვენი თამრო-გოგო ე ცეცოს მივცეთ-მეთქი და პირ-ჯვარი ვერ დამიწერინებია. მე, სწორე გითხრა, გულში ჩამივარდა. სარისტიანი კაცი დაჯდება.

 

 ცეცო მოვიდა, შეუხტა საძირის კამეჩებზე; იგრძნეს ცეცოს მოსვლა; თვალებს ბრიალი დაუწყეს, აფეთებდნენ დამფრთხლებივით, კუდის წმაწვნას მოუმატეს; ცეცოს სახრის აღება და იმათი გუთნის აგლეჯა ერთი იყო.

 

 “მე შენ გითხრა, სახრის დაკვრა მოუნდება! თითქო ე გუთნეული პატივს სცემსო! ბიჭია და ბიჭი!! ბადალი არავინა ჰყავს”, – სთქვა გუნებაში ზალიკამ და გადასწყვიტა, რო თავის თამროს უთუოდ და უთუოდ მიათხოვებს ცეცოსა, თუნდ იმისი დედაკაცი ჯავრით პოპოქივით გასკდებოდეს.

 

 მზე საშუადღეოზე აიმართა; საქონელი გამოუშვეს; დღის მეხრეებმა ჩარეკეს წყალზე; გუთნისდედა ღამის მეხრეებით პანტის ქვეშ გადავიდა. ჯერ არ დამსხდარიყვნენ, რომ წყაროს ხევიდან ამოვიდნენ ამ სერზე ორნი: ერთი ვაჟი, ესე თერთმეტ-თორმეტის წლისა, რომელსაც პარკი ეკიდა ზურგზე; მეორე იყო ქალი. ეს იყო უკვე მოწიფული, როგორც იტყვიან, მოჩიტული, მზა სადედოფლო ქალი; ამას ხელში ეჭირა საჯერო; სუფთა წინწკლიანი ჩითის კაბა ეცვა; ხელებზე თითებს შუა სახსრებამდე შავი ქიშმერის თათმანები ჰქონდა წამოცმული; დასცხომოდა, ნიკაპთან თავშალი გამოეხსნა, რომელიც ჩამოშვებულიყო, და ნელი სიო აქანავებდა; სახე გასწითლებოდა, გაოფლიანებოდა, მაგრამ სიომ მალე შეუშრო. ლოყები და ღაბაბი ისე ჰქონდა სიცოცხლით სავსე, ისე ჰქონდა გატიკნილები, რომ დასკდომას ლამობდნენ. იმისი შავი, ცელქი, მარბენალი თვალები თავის ისრებით გულში ძალად გიცვივდებოდნენ და გამოუთქმელს სიტკბოებას ჰბადებდნენ. ამ ქალს ბეჭებს უმშვენებდა ოთხი მოკლე, მაგრამ მსხვილი, გიშრის ნაწნავი, რომლებსაც ჩატანებული ჰქონდა სათვალე და ღვრინჭილა, რომ თვალი არავის ეცა და ეს მშვენიერი გიშერა თმა არ გასცვივნიყო.

 

 ეს იყო ლამაზი, უმანკო თამრო, ზალიკას საყვარელი ქალი, თავის პატარა, ერთადერთი ძმით, რომლებსაც გუთნის ჯერი – სამხარი მოჰქონდათ.

 

 მეგუთნეები ჩამწკრივდნენ; თიხის ჯამებმა ჩხარუნი მოიღეს; პარკიდან არაყის ბოთლი ამოაძვრინეს. ცეცო სულ კანკალმა აიტანა: სახეზე ცივმა ჟრუანტელმა აუარა: სასიამოდ დაუწყო გულმა რაკ-რაკი. – დაისხეს ბატის ხარშო; ცეცომ იმდენი იცოცა, რომ თამროს პირდაპირ დაჯდა: ღვთის წინაშე, ზალიკასაც კი ესე ედო გულში. თამრო მალი-მალ გადმოიწევდა კაბის კალთას მუხლებზე, წინ დაიხედავდა, ხომ ტიტველი არა მიჩანს რაო. ცეცოს პურის ჭამა ცეცხლი იყო: აიღებდა ლუკმას და გაპარებით, შუბლქვეშიდან გაავლებდა ხოლმე თამროს თვალს. თამროც მოკეცილი იჯდა მამის გვერდით, სალოკი თითის ფრჩხილი შეედო კბილებში და აცოდვილებდა. ცეცომ დინჯად დაუწყო პურს ჭამა: მეხრეებმა ჩაღუნეს თავები, თითქმის ჯამებში ჩაძვრნენ; იდროვა ცეცომ, იხელთა დრო და ის იყო, გააპარა და გააპარა კატასავით თამროსკენ თვალი. რამდენიც შეხედა, იმდენი ამის თვალი თამროს თვალს შეხვდა, და უცბად, ერთ დრამში, ისევ ჩაჰკიდებდნენ თვალებს. შეაჩვიეს ერთმანეთს თვალები; ცეცო წათამამდა; თამამად შეაკვირდა თამროს მსხვილ და მაყვალა თვალებს, მაგრამ იმ წყეულმა თამრომ ისე დაუნდობლად, დაუზოგველად, ჟრჟოლით შეხედა ცეცოს და დაჭიმა წამწამები, რომ ცეცო უნებურად შეკანკალდა, თვალები ცრემლის გუბედ გადექცა და, რომ ჩაეფუჩეჩებინა, სთქვა:

 

 – უჰ, ეს ოხერა, ძვალს კბილი დავადგი! – ვერავინ მიუხვდა ცეცოს ეშმაკობას თამროს მეტი, რომელმაც შეკუმშული ტუჩებით შეიღიმა.

 

 “შენმა რა მიყოს, – სთქვა ცეცომ თავის გუნებაში, – თუ შენ გაგიშვა; ეს ეს არის, მე – მე შენ თავს უსიკვდილოდ ვერავინ წამართმევს”.

 

 – გენაცვალოს, შვილო თამრო, შენი მამაი! აალაგე, შვილო, და წადით შინა. ვენახსაც ჩახედეთ; კაკლებს მოუარეთ, ეხლა ბევრი ეყრება. აქ მე არას გამიკეთებთ.

 

 თამროს გზა ზედ თეთრს წყაროზედ გადადიოდა; გუთნის ჯერიდან დაბრუნებული ქალები, თუ ბიჭები აქ უთუოდ ჩამობრუნდებოდნენ, ჯამებს და ქოთნებს დარეცხდნენ, აავსებდნენ წყლით და ისე გაუდგებოდნენ შინისკენ.

 

 ნასამხრევს ცეცომ მოიგონა, რომ ერთი ე ჩემ ვენახში ჩავირბენ და ცოტა წითელა მსხალს ამოვიტანო. აიღო კომბალი და ვენახისკენ მიმინოსავით მოსხლტა; გადახტა საჩქაროდ, მიიჭრა მსხალთან, მიუხალავა და მიუხალავა კომბალი; მსხალი ხრიალით ჩამოცვივდა ძირს; საჩქაროდ გაიტენა უბეები და აჩქარებით, ღელე-ღელე წყაროსკენ მსხლის ჭამით გასწია. ამასობაში თამრო წყაროზე ჩასულიყო და ჯამებს რეცხდა. იმისი პატარა ძმა პანტის ქვეშ ტრიალობდა, კავიანი ჯოხი ეშოვნა, იწევდა მაჟალოს, ტოტი გეეშვებოდა და ხელახლავ მიჰყოფდა დაწევას. ცეცო მიწის მგელსავით გაუჩნდა თამროს, მივიდა და წყაროს პირს ჩამოუჯდა; ჩაღუნა თავი, დაუწყო მსხალს ჭამა, ერთმანეთის გულის ცემა ორთავეს ესმოდათ. თამრო გაშრა, გაბუცდა; რომ ვეღარა მოახერხა რა, თავზე მოსახვევს დაუწყო სწორება. ცეცოს უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ გული უწუხდა, დიდის ღელვისაგან გუნება გაებერა, ბოლოს რის ვაი-ვაგლახით მიაწოდა მუჭით მსხალი და უთხრა:

 

 – აჰა, თამრიკო, მსხალი არ გინდა? – რამდენიმე წამს ჰქონდა ხელი გაშვერილი; თამრო გაშეშდა, ჩაბღუჯა ნაწნავი, თითქო იმისგან შველას მოელოდესო, მიიღრიცა თავი და ბოლოს გვერდზე ოდნავ წამოაწვდინა ხელი და ჩამოართვა მსხალი.

 

 – მოეთრიე, ე ქოთანი აავსე და დროით წავიდეთ, – უთხრა ძმას მთრთოლვალის ხმით თამრომ.

 

 – მე არა ვიცი რა, ე მსხალი უნდა დავაყრევინო.

 

 – ჯერ შინ ჩამოდი, ყვიციანო!

 

 იმათ ლაპარაკში ცეცო წამოხტა, აავსო ქოთანი და დადგა.

 

 – თამრო, ერთი შენ გაზრდას, ე ჯამი მათხოვე, წყალი უნდა დავლიო.

 

 – ქოთანი მანდ არა გქონდა, თუ არა და მუჭით დალევდი რა!

 

 – დასვრილი ხელები მაქვს. თიხის ჯამით წყაროს დალევა, თამროჯან...

 

 თამრო განზრახ ინაზებოდა, გულში კი სულ სხვასა ფიქრობდა; ფიქრში უყვარდა, მაგრამ ის კი ვერ წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ასე ლაპარაკი უცხო პირთან. მარტივმა, უმანკო სიყვარულმა დასძლია და თამრომ ჯამი წააწოდა და აჩქარდა წამოსასვლელად. აი გამგზავრდა. ცეცომ, თამროს საქციელით გულდათუთქულმა, თვალი გააყოლა; ტკბილის, მშვენიერის და თანაც ნაღვლიანის კილოთი სიმღერა გაადევნა უკანა:

 

 

 “ხელსახოცსა გადმოგიგდებ, გოგოჯან!

 

 ოქრომკედით მოქარგულსა;

 

 შიგ გაგიხვევ გულსა, სულსა,

 

 შენთვის დამწვარს, დადაგულსა!”

 

 

 – ნჰე! შეხე, შეხე, რა გითხრა? თუ შენ, თამრო, დედას იმას ეტყვი, მეც ამას ვეტყვი, იცი, თუ არა? – უთხრა ძმამ.

 

 – მეხი კი დაგეცა მაგ თავში! – სთქვა ტუჩის აბზუკვით თამრომ ცეცოზე. ეს სიტყვები გამოსთქვა, მართალია, მაგრამ გულში კი სხვას ფიქრობდა: “უი, უწინამც დღე დამლევია, რომ მაგას მეხი არ დასცემოდესო”.

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ღამის მეხრე ცეცო