IX

 

 

 ირიჟრაჟა!... ვარსკვლავთ ფერი ეცვალათ, დაჰკარგეს სიბრწყინვალე და სიკეკლუცე, მერე სრულიად გაჰქრნენ; აღმოსავლეთისაკენ ბინდმა სინათლეს დაუთმო ადგილი; მხოლოდ დასავლეთისკენ ცას შერჩა ერთიღა ვარსკვლავი, რომელიც დღის მომავალ სინათლეს თითქოს ეჯიბრებოდა. გათენდა, გაიღვიძა ბუნებამ. კვირა დღეა და გლეხკაცობა ჯერ არ იშლება: მზე ამოსასვლელს არის და აი აიშალა ხალხი; ჩავარდა სოფელში ხმაურობა, საქონლის ბღავილი, ხვიხვინი ცხენთა. სოფელი სდუღს დილის სიცოცხლითა; მიერეკებიან საქონელს სანახიროსკენ; პაწია მწყემსები მიჩანჩალებენ გუდების ხრაგა-ხრუგით; თავშალწაკრულ გოგოებს ფეხშიშველა ფეხით დაუთითოებიათ ხბორები, წაუვლიათ კუდებში ხელი და მიარბენინებენ. ხბორები, რძით დამაძღრები და ნასიამოვნები მშვენიერი დილით, ფუნდრუკით და კოწიაწით გარბი-გამორბიან და მიათრევენ გოგოებს. აი, აგერ! – დაეცა ერთი ნამიან ბალახზე; აი, მეორესაც დაუსხლტა ხბოს კუდზე ხელი და პირქვე გაიშხლარტა მიწაზე; საბრალოს პირი მიწით აევსო; იწმენდს, იხედავს ხელზე, ტირის, იჩიჩქნის თვალებს; ბრაზი მოსდის, რომ იმისმა ამხანაგებმა ბრაგვა მიატანინეს სანახიროზე ხბორებს და ამას კი უბედურობა დაემართა. ჩერდება ერთ ალაგას და ტუჩი ჩამოუშვია. ხალხი ხარხარებს ამის დანახვაზე; ტაშსა სცემს, “ჰიი, ჰიი”, – ეუბნება. აი ტოლი გოგოები მოვიდნენ, ხელი წაჰკრეს, გაეხუმრნენ, დაჩაგრულმა ერთი უცბად შესცინა, გადიყარა დარდი და ჰაიდა! – გაქანდა პროწიალ-პროწიალით.

 

 მირეკა სანახიროზე მთელმა ძაღლისხევმა საქონელი; საბძელთან შეიყარა ხალხი, რიგი ამთქნარებს, რიგი იჭიმება, სალამს აძლევს; ხუმრობენ, ლაზღანდარაობენ.

 

 – ჰნე! მოგვატანეს ამ კვირა დილითა; შეხე ი მღვდელსა, დიაკვნისთვის რო აუკიდია ტომარა და ჩანახი.

 

 – მოსე ურია კი არ მოაჩლატუნებს თუ ცხენსა ამ ადრიანათა!..

 

 – მამაო, დღეს წირვა არ იქნება?..

 

 – დახე ამ ჩვენ დიაკვანსა და! ასეთი სმა ეცოდინება რო!..

 

 – ხელობა მა რა არის, – უპასუხა დიაკვანმა.

 

 აიარეს ზემოთ.

 

 – ასეთი ალალი ღვინის სმა იცის მა დიაკვანმა, რო შენი მოწონებული; ერთი კი გადისვამს ულვაშზე ხელსა და ის არის, ისე გამოწიფამს, თითქო თავის დღეში შიგ არა მდგარა რაო, – გაიხუმრა ვიღამაც.

 

 – ღვინოში, მე შენ მოგახსენო, მღვდელი კი ჩამოუვარდება – იყო პასუხად.

 

 – სოსიკა, ი რა კაი მოზვრები მოგირეკია, ბიჭო! ძაან დალოცვილი ქედი უჩანთ; ჩემი ბიჭი გავგზავნე ქალაქსა და ნეტაი შენი სიცოცხლით არ მოატყუონ კი; გამოუცდელია და!.. მე ხეტიალის თავი აღარა მაქს... – სთქვა ბერიკამ.

 

 – მოტყუებას კი ნუ იტყვი, ძმავ! ძლივ დავაღწიე თავი, ძლივს. კაი ფასიც მივეცი... იძახდნენ იაფია, იაფიაო! და სად არის? – კაი ცხრა თუმანი დამათვლევინეს, – სთქვა გულნატკენად სოსიკამ.

 

 – ეჰეი – ჰე! – გაისმა ხალხში! – ჰაი დედასა! ამ ათი წლის წინათ ყევარს კაი თარაქამულს იყიდდა კაცი მაგ ფასათა.

 

 – ათი რად გინდა, – სთქვა ბერიკამ, – ხუთი თქვი; ჩემ კამეჩებში ხუთი წლის წინათ ათი თუმანი არ მივე, ეხლა ოცდაათსაც არ ვათქმევინებ, ჰო, თავი არ მომიკვდება!.. ეს ტასიას ბიჭი არ არი? აი ე რო გარბის?.. ღმერთმა უშველოს, უპოვნიათ. იმ ღამეს შენმა ნათლიდედამ მითხრა, რო ესე ესეო, ტასოს ბიჭი დაეკარგაო. ღვთის წინაშე, დავაპირე წამოდგომა, მაგრამ წელი ვეღარ ავიტანე; გამტეხა ჯაფამ და სიბერემა.

 

 – ღამის მეხრეები შესწრებიან, იმათ მიუკვლევიათ, თორე, ვინ იცის, თუ რა საცოდაობა დატრიალდებოდა: ეშმაკს თვალთ არ უჩანს, ათასი რამე სდევს ადამიანის შვილსა. ცეცოს და მიხას უპოვნიათ... მერე მეხრე ბიჭია და!.. – სთქვა სოსიკამა.

 

 – ღმერთი, ჩემო სოსიკო, როგორც გააჩენს, ისეც დაარჩენს: ღმერთს გაუგზავნია ი ცეცო... მადლიანი დედ-მამის შვილია. მაგასაც ღმერთი უშველის... ასეთი სათნო კაცი იყო ცეცოს მამაი, რო სოფელში ცალი არა ჰყავდა.

 

 – მე შენ მოგახსენო, ბერიკა, ცეცო კარგი ბიჭი დგება; რა საჭიროა, სოფელში მაგი ბადალი ბიჭი არ დადის; სწორედ გაჭირების ტალკვესია.

 

 ბერიკასა და სოსიკოს ლაპარაკის დროს ხალხი ნელ-ნელა მიიშალ-მოიშალა; სოსიკა და ბერიკა ერთად წამოვიდნენ ბაასით; შემოიარეს მიხა გვარაძის სახლისკენ. მიხა ურემს თვლებზე სდგამდა, ცეცოს მაზარა და სახრე მიეგდო გვერდზე და შესჯდომოდა ღერძს, რომელსაც მიხა თვალს უდგავდა.

 

 – დილა კარგა ყოფნისა! – მიესალმა სოსიკა. – ბიჭო! თქვენში კვირა არ იციან?

 

 – რას დაუშლის კვირასა; ხედამდი ი ხუცესსა, როგორ ტომარა აკიდებული გარბოდა ამ დილაადრიანა. მე შენ მოგახსენო, იქადაგებს! იმ დღეს, ღმერთი არ შემარცხვენს და ი ზიარების მადლმა, – სთქვა ცეცომ, ანება ღერძს თავი და შეხედა ცას, – ეკლესიის გვერდით, ი კანცელარიის კარებზე, ვიდექით ტოლ-ტოლი ბიჭები; გამოვიდა საყდრიდამ ე ჩვენი მღვდელი და დაგვდგომია: სირცხვილი არ არისო, რო კვირა დღეა და საყდარში წირვა არ მოისმინეთო, თქვე თათრებოო! სწორეთ ამ სიტყვითა თქვა, ღმერთი არ შემარცხვენს... მაინც ე მოზარდი ხალხი საყდარს არა სწყალობთო და ღმერთიც თავის მოწყალებას მოგაკლებთო... ი თვალებში სიბრაზით სუ ნაპერწკლები გამცვინდა. ქუდი დავდოთო და სამართალი ისე ვქნათო, ამისი არ იყოს: წირვაზე მღვდლისა არა ისმის რა და დიაკვნისა; ღმერთს ვერხვქვეშ კი ვერ შევეხვეწები?

 

 – კვირაც გატეხილია და უქმეცა; ეს ოხერა კაცი კაცს აღარა ჰგავს, – ჩაურთო მიხამ, რომელიც დოინჯშემოყრილი შესცქეროდა კოხტათვლებიან ურემსა.

 

 მზემ კარგად შეიმაღლა; იქნებოდა ათი საათი; შუა სოფლიდან ხმაურობა, ღორღალი შემოისმა; ხანდისხან ხანგრძლივი ხარხარი რომელიმე ხერხიანად ნათქვამ სიტყვაზე, ხანდისხან “ტყუნი დედას და ტყუნი მამას” და “აბა დაიფიცეს” ძახილი. კანცელარიასთან შეყრილიყო ხალხი და ერთი კვირის ანგარიშს ასწორებდნენ ერთმანეთში: ვის ვისთვის რა დაეშავებინა; ვის ვინ დაეჩაგრა – ეხლა ასწორებდნენ.

 

 კანცელარიის წინ, ქვაზე იჯდა და ჩიბუხს შეექცეოდა ხმელხმელი, მაღალი კაცი, წაყვითანო ფერისა, ახლად წვერმოპარსული პირით, რომელიც დალაქს ნიკაპთან ძალზე ჩაეკორტნა; ფეხებზე ახალი ჩუსტები ეცვა; ტანთ ემოსა ახალივე შალის ჩოხა-შარვალი, წითელი გულისპირიანი პერანგი ზედ შავი ჩაფარიშით; თავზე მაგრა ჰქონდა ჩამოცმული შავი იმერული ცხვრის ტყავის ქუდი. ხუთი-ექვსი კაცი შემოხვეოდა, პირში ხელს აქანებდნენ, ის კი გაჩუმებული, ცივად, როგორც ის ქვა, რომელზედაც იყო ჩამომჯდარი, იჯდა და პასუხის მაგივრად აპურჭყებდა. შეხედულობა ამ კაცისა საზოგადოდ შესაზარი და შესაზიზღი იყო. როგორც ვთქვით, ყვითელს და გამხდარს სახეს შეიღმეჭდა ისე, რომ პირის კანს თვალებამდე აიტანდა, კაკლის ფოთოლივით მწვანე თვალებსა, რომლებიც მუდამ წამს გველსავით გინესტრავდნენ გულსა, საშიშრად დააჭყეტდა ხოლმე, – ეს იყო მისი გაბრაზების ნიშანი.

 

 ამას გვერდს უდგა უფრო დარბაისლურად ჩაცმული კაცი, ყომრალი მაუდის ჩოხით, ამ ფერისავე ახალუხით; შავ შარვალს მიხაკისფერი ჩითის სათავე ეკერა; ფეხთ ეცვა ძველებური ჩაღილული ხარაზის წაღები და თავზედ ბუხრის ქუდი. ეს იყო პირბუტაყი, წითელი, როგორც ახლად მოხარშული კიბო; თვალები, როგორც იტყვიან – ცხვრისფერი, მუდამ ყვითელი კილოებიდან ბაიებამდის; შუბლი ჰქონდა ვიწრო და შუაში თითქო შედრეკილი, საიდანაც იწყობოდა ნაოჭ-ნაოჭად დაწყობილი ნაკეცი ტყავისა ცხვირის კაკნატელამდე; ჯმუხი, ტანად ერთობ დაბალი, ისე დაბალი, რომ საღორის ბოძს მოგაგონებდათ; ხელები მუდამ წინა ახალუხის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი და მუდამ ჩაფიქრებული და თავჩაღუნული დადიოდა; ლაპარაკი ცოტა ენა მოჩლუნგებით, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, მოლუკლუკებით იცოდა. ამას ჰქონდა სოფელში დუქანი და ამისი ჭკუა-გონება იმაზე იყო მიპყრობილი, რომ რაც შეიძლება ბევრი გაება ობობასავით ქსელში.

 

 პირველი იყო ფიდუა ეშმაკურაშვილი და მეორე ისაკა ბღუნძელაშვილი. ესენი ის ბატონები იყვნენ, რომლებზედაც ღამე ცეცოს თავის ამხანაგ ღამის მეხრეებთან ჰქონდა ბაასი, როგორც სოფლის მჩაგვრელებზე, სოფლის მჭამლებზე, რომლებსაც მიმბაძავი თანდათან უჩნდებოდათ და სოფელს ამყრალებდნენ.

 

 ღორღალის ხმაზე ცეცომ და მიხამ ყურები ცქვიტეს; გაემზადნენ წასასვლელად; გზაზე სხვა ტოლი ბიჭებიც მოემატნენ; ნელ-ნელა მიუახლოვდნენ კანცელარიას. ამ დროს წირვის ზარი დაირეკა; ყველამ ქუდები მოიხადა და პირს ჯვარი გადისახა.

 

 – ღმერთო პატრონო! – სთქვა ყველამ გუნებაში.

 

 – კვირის მადლო და ძალო, შენ გაუწყვიტე პირისკომლი ავ კაცსა, – სთქვა ცეცომ.

 

 – ჰო და ჰო! – დაურთო ყველამ ერთხმივ.

 

 ამ დროს შემოესმათ მაღალი, რიხიანი და უფრო შხამიანი ხმა:

 

 – კიდეც შევრეკამ და თვალსაც მოგთხრით!

 

 – ი ღმერთს შეხედე და ისე ილაპარაკე – შეტევით გამოელაპარაკა ვიღაცა.

 

 – რა ჩემ ფეხებს ყვირი; რას იმედით სჩრი, შვილოსა, ყველას პირში ბურთსა, შე ცარიელო სისხლის გუდავ, შენა! – შემოუტია მეორემ. – აბა ერთი შერეკე?

 

 პირველი ხმა იყო ფიდუასი. ცეცოსა და მიხას ეს ხმა შხამიანი ისარივით დაეტაკათ გულში, რომელმაც ფართხალი შექმნა, თითქო ჰლამის ბუდიდან გადმოვარდნასაო.

 

 – არიქა! ჩხუბია! – შესძახეს და, რომ გზა შეემოკლებინათ, ბანი-ბან გადირბინეს და ერთ წუთში ქასქასით და ქაქანით დაერჭვნენ კანცელარიის წინა.

 

 ცეცომ ცალი ხელი უბეში შეიდო და ცალით მიწაზე დანდობილს სახრეს პროწიალი დააწყებინა; მიხა ჩხუბის მიზეზის უცბად გაგებამ ისე ააჟრჟოლა, რომ სახეზე სიცივის ეკალი აასხდა.

 

 – კაცო, მამასახლისი არა ხარ შენა? რატომ ხმას არ იღებ, ა? – უთხრა ხალხმა.

 

 – მე რა ხმა უნდა ამოვიღო, ე კაცი ამბობს, რო არ შემირეკიაო.

 

 – აი ისემც გიშველის ე დღევანდელი წირვის მადლი, ჰოდა ისრე!... ხალხნო! მაგან არა თქვა, რო შევრეკამ და თვალსაც მოგთხრითო!.. ვთქვათ, რო ეგ ერთი ამბობს, რო არაო. ბიჭო, ეგ ერთი ამბობს და ჩვენ მთელი სოფელი ვამბობთ, რო წუხელ ამის საქონელმა ჩემი ვენახი ამოაგდო. თითონ ამის ძმა იყო... შეერეკა კაკლებქვეშ ყევარი ხარი; მიუნებებია, კაცო, თავი და შესულან სავსე ვენახში... ემ დილით ვნახე, ძმაო, – მიუბრუნდა მოჩივარი ცეცოს და მიხას, რომელიც სულ ტუჩებს იკვნეტდა სიბრაზით (ცეცო კი დინჯად ყურს უგდებდა). – ვნახე, მარა ნეტა არ მენახა, თვალები მეტკინა, თვალთ დამიბნელდა. მტერი ხო მტერია, თავი არ მომიკვდება, თავი – აბა, ტყუილი რა სათქმელია – მტერიც კი ატირდებოდა, – სთქვა გულდათუთქულმა ბესო ზერეკიძემ.

 

 – რას მეუბნები, მთელი წლის ფეხისმოსავალი, ძმაო, სუ ბუნუთივით არი მოფშვნეტილი, – შეეწია ბესოს მეზობელი ილო.

 

 – არა, რო გეუბნებიან ეს ამოდენა ხალხი, რატომ არ გჯერა, მამასახლისო! პირველი ნუმრა ხო არ არის ფიდუას ეს საქმეები, – ჩაერია ხმის თრთოლვით ბაასში ცეცო; – მთელი სოფელი ამოგდებულია ამისაგანა; ყველას ესა სჩაგრავს. იმ დღეს რაღა იყო, რო მაგის მოჯამაგირისაგან თავგატეხილი პავლე ბეციაშვილი მოგაყენეს კარსა! დაახვედრა ბიჭი, თითონ ვენახიდამ აქეზებდა; საწყალი ობოლი ბიჭი კინაღამ რუში ჩაახრჩობინა, თავიც გაუჩეხეს და შენ ხმაც არ გაგიცია; აბა თუ საკანონო გადაგიხდევინებია რამე! შეძლება აქვს, მუდამ კვირია ყელმოღერებული ზიხარ მაგის სუფრაზე და იმიტომ?

 

 – რას ელაპარაკებით; ხალხნი არა ხართ, კაცო! – მიიჩრდილა მიხამ შუბლზე ხელი, რომელიც მეტი სიბრაზისაგან უკანკალებდა. – როდის რა გაურიგებიათ მამასახლისებს!.. საკანონოც სოფელმა დასდოს და სხვა ყველაფერიცა.

 

 – შენ ეი, ცეცო, მისამარას თავში ნუ იწემ, თორემა...

 

 – თორემ რქადეკეულები არ გამოურეკო ბაკიდამა! – სთქვა და წამოუმხარდამხარდა მიხა.

 

 – შენ ხო აზნაურის სისხლი არ დაგაყენებს, – წასძახა სისხამით ფიდუა ეშმაკურაშვილმა.

 

 – შენ ჩემ აზნაურობასთან საქმე არა გაქვს ეხლა; მე აზნაურის სისხლი მაქვს, თუ გლეხისა – ეს რა შენი საკითხავია... უკან გაბრუნდი, – შემოუტია მიხამ.

 

 – დაიცა, დაიცა! – დაუჭირა ხელი ცეცომ. მიხა შესდგა. – ჩვენ ეს უნდა გავიგოთ, – განაგრძო ცეცომ, – რაღა შენ და ე ბღუნძელაშვილი აოხრებთ და ჰბრიყვობთ ამ სოფელსა; ერთისა – ძმები და მოჯამაგირე, მეორისა – ლაწირაკი შვილები... მამულია და ჩაიგდებთ ღარიბ-ღატაკს ხალხსა და შვილიდარ მიწებს სცინცლავთ, ვენახი არ დარჩება, ყანა, სიმინდი, რო თქვენმა გასატიელებელმა საქონელმა არ ააოხროს; კაცი არ არის, რო თქვენ წყალი არ წაგერთმიოთ; ეს ბღუნძელაშვილია და სუ სული ამოგვართვა...

 

 – მართალია, მართალი!! – შეჰყვირა გულგაკეთებულმა ხალხმა, – ან ჩვენ უნდა ვიყვნეთ ამ სოფელში და ან ეგენი. სულთა დგომა აღარ არის, სულთა დგომა.

 

 ბღუნძელაშვილმა დაატყო, რო ცუდადაა საქმე, კუდი ამოიძუა; ამას მამასახლისიც აეტორღიალა, ამოიჩარა იღლიაში ჯოხი და კისერწაწვდილი გაჰყვა ნელის ნაბიჯით ბღუნძელაშვილსა.

 

 – მამასახლისები ჩვენ საქმეს არ გვირიგებენ. აბა, ერთმა ვინმემ დაასახელოს ვის რა გაურიგა. თუ მსუქანი კაცის საქმეა, გაგიხარიანთ, რო მაშინ ეგენი გაფხიზლდებიან; გზირიც მაშინ ფეხმარდდება, იასაულიც, მამასახლისიც. ეგენი მარტო იქ არიან მარდები, საცა თავიანთი სარფაა: აბა ჩინოვნიკი მოვიდეს, როგორ ყველაფერი უხვად მოჰკრიბონ, და ვისგან? ვის მიადგებიან და მიუტალახებენ კარსა? ჩვენ, ღარიბებს... ე გულხელი რო დაგიკრეფნია, – მიუბრუნდა გაცეცხლებული ცეცო ფიდუასა, – ვითომ და აქ არაფერი ამბავიაო; თუ კაცი ხარ, იტყვი, რო, ერთხელაც არი, ერთადერთი კვერცხი მიგეცეს? ჩვენა გვბრიყობთ რაღა?.. მართალია, თუ არა? – მიუბრუნდა ცეცო ხალხს.

 

 – მართალია!.. აი შენი დედ-მამა განათლდეს, შენი!

 

 – კაცო, რა საჭიროა, ჩვენ ძველ ადათს მივყვეთ. მოსწრებული კაცი არავინა ხართ, წამოდექით წინა, – სთქვა მიხამ.

 

 – რაო?

 

 – ისა, რომა სოფელში დავაყენოთ ჩვენი კაცები მეველეებად: მერუობაც იმათ ჩავაბაროთ? მოვალეობად დავდოთ, რომა ნახნავ-ნათესს ყური უგდონ და ემაგითანა იუდის კერძის ხალხისაგან დაგვიფარონ...

 

 ფიდუა შეიღმიჯა, თავი გადააგდ-გადმოაგდო.

 

 – ემანდ რაღასაც არ აკანტურებ ე თავსა მომაკვდავი გველივითა, გაბრუნდი, თორემა ისე გაგაჭრელებ, როგორც გველი; აქ დაიცინები კიდეცა!

 

 – ე ულვაში ნუ მსხმია ე ფიდუასა, თუ თქვენ უნარი ვერ გიყოთ...

 

 – ულვაშიც შეგირცხვეს და ე პირიცა, – და აქ შეუღერა მიხამ სახრე.

 

 – დაიცა, მაგის დროც მოვა, – ჩასჩურჩულა მიხას ცეცომ, – ე მიხასი არ იყოს, ძველ ადათზე გავიაროთ: ავირჩიოთ სანდო პირები, – აქ ბევრი კაი კაცი გვყავს, – მეველეებად და მერუეებად; ემითანა კაცებს, – უჩვენა თითით ფიდუაზე, – სახლის კარი შეუკრათ; მეზობლად ნუ გავატარებთ; გუთანში ხარს ნუ შეუბამთ; მუშად ნუ გავყვებით, შენ ხარ ჩემი ბატონი; ჭირსა და ლხინში ნუ მივხედავთ. რა არის, ვითომ ნუ ყოფილან ეგენი სოფელში, ისე ვიანგარიშოთ... ჰა, ხალხნო, რას იტყვით? კარგი იქნება?

 

 – აი, მე და ჩემმა სიყმემ, მართალი სიტყვა, – დაიძახა ხალხმა.

 

 – უწინ სუ ეგრე არ იყო, – სთქვა ჩვენმა ზემო ნაცნობმა ბერიკამ – შეუკრამდით სახლსა და გაგიხარიან მალე მოვარჯულებდით ხოლმე! ადამიანი ხო ეშმაკი არ არის, პეპელა ხომ არ არის, რო კედელს მიეკრას, უმეზობლო გლეხკაცს ერთი წუთის გაძლება არ შეუძლიან.

 

 – მაშ, ხალხნო, ე კუბოსა ღვთის-მშობლის მადლმა ამოსწყვიტოს იმის ცოლ-შვილი, დედა შეერთოს ცოლათა, ვინც ეს პირობა არ დასდოს და არ შეასრულოს, – დაიძახა ცეცომა.

 

 – ანგრე იყოს, ანგრე! – შეჰყვირა ხალხმა ცეცოს პასუხად.

 

 ამოირჩიეს მარჯვე ბიჭები მეველე-მერუეებად; ამოირჩიეს ის პირნიც, რომელთაც ყური უნდა ეგდოთ, რომ იმათ, ვისაც სახლი შეუკრეს, ხელი არავინ გაუმართოს. ხალხი დაიშალა; ნელ-ნელა წავიდ-წამოვიდნენ; ცეცოს უბნელები, ესე ოცამდე კაცი, დაადგნენ შუა სოფლის გზას და ლაპარაკით წამოვიდნენ.

 

 – ახლა ეს კულუხი სჭირს; თუ კიდე შარშანდელსავით მოგვიჭირა ი უპრავლიაიუჩმა, სწორედ სახლში ზედაშე გაგვიწყვება, – დაიწყო ერთმა.

 

 – ქართველი კაცი მაინც იყოს, თავს მაინც არი შეაბრალებს კაცი, ცოტაც არი ღმერთს მოაახლოვებინებს; აბა ერთი გადმოვარდნილი ვინმე რას დაგიდევს, თუ მე და შენ შიმშილით მოვკვდებით; რო გიცქერის, თითქო უნდა შეგჭამოსო, სუ კბილებს აკრჭიალებს: “გრუზო ფინთი, გრუზო ფინთი, მამაძაღლი”, სუ ამას გაიძახის, – სთქვა ხელების შლით და ნაღვლით სავსე ხმით მოხუცებულმა ბერიკამ.

 

 – მაგი მეტი კი არა იცის რა, – დაუმატეს აქეთ-იქიდან.

 

 – ე უცხომ რო არ გაგვინდოს, კიდევ გასაკვირველი არ იქნება; ე ჩვენი ხალხი ხო უფრო უარესია! ჩაიცვამს თუ არა რუსულ ფარაჯას და ი ვარსკვლავიან ქუდს დაიხურავს, სუ რუსულად გიშტრიალებს; ე ჩემ ნათესავებზე ხო გამომიცდია; გვარაძეებს მაგი მეტს კი ნურას მოჰკითხამ.

 

 – ჩვენ პეპესაც რო ე რუსული ფარაჯა ჩაუცვამს; რუსობანა უნდა ამასაც აი. – გაიხუმრა ვიღაცამ პეპეზე, რომელსაც წითელგალუნიანი სალდათის სერთუკი ეცვა, – ისეთია, კაცო, რო სუ რაღაც სუნითა ჰყარს.

 

 – ეს ოხერი რამდენჯერ გავამზევე, რო არ გამოელია.

 

 – სუნი რო აგრე ჩაჰკდომია და აღარ ეშვება, უცხო კაცი რა გავამტყუნო, რო ჩაგვაკვდეს, – სიცილით სთქვა ცეცომ.

 

 – ღმერთი, რჯული, ცეცო, დამიჯერეთ: ერთი კარგა გავსახროთ სადმე ყველანი, ე ბატონიც ზედ მივაყოლოთ და თავს დაგვანებებენ, ვაი არა აქვს მიხასა!...

 

 – ჰოდა რა არი! წეღან ხედავდი, ი ბღუნძელაშვილი რარიგ კუდამოძუებული წამოვიდა... ფიდუსაც კი ენა ჩაუვარდა...

 

 – ყველას თავის დრო აქვს... რუსის კანონი არ იცით თქვენა... ჩემი დროც მოვა, უმაგისობა კი არ იქნება. მაგრამა ასე კი უნდა ვცემოთ, რო თავ-ბედი იწყევლონ და ჩვენ სამართალში არ მიგვცენ; მიხა წეღანვე აიმრიზა. რო გეცემა, საქმე წახდებოდა.

 

 ხალხი გაიფანტა; ცეცო და მიხა გამარჯვებულები, გულზე ცოტა დარდმოშვებულები, რო საქმე ცოტაც არი გააკეთეს, შევიდნენ ცეცოსას სადილის საჭმელად.

 

 

 X

 

 

 თამროს და მის პაწია ძმას გზაზე, წყაროდან რომ წამოვიდნენ, ძალიან შეუგვიანდათ: ძმა პეპლების ჭერას გამოუდგა; თამროც ამას შესცქეროდა და არა ერთხელ შეუკურთხა:

 

 – შე გულკვდარო, თავი დაანებე, თორემ მოგკალ!

 

 ძმა ყურსაც არ იბერტყდა და მისდევდა პეპლებს.

 

 – ყვიციანო, ყვიციანო! მაცა! მაცა! – მიაყარა სიტყვები სიბრაზისაგან მოთმინებიდან გამოსულმა თამრომა.

 

 თამროც არ იყო უსაქმოდ; ის იგონებდა ცეცოს; ჯერ ისე ახლოს არ ენახა; გულში რაღამაც ჭიასავით ფუთფუთი დაუწყო; არც სრული შეყვარება ეტყობოდა, არც თუ შეუყვარებლობა; ადრინდელს მშობლების ლაპარაკს ცეცოზე ეს შეხვედრაც ზედ დაერთო და თამროს გულს დაატყო; მას ეხლა გული უღელავდა; ტანში აზმორებდა, რამდენიც კი წარმოიდგენდა ცეცოსა. ამ ტკბილის ფიქრებით და თანაც გულის აღმაქშინავი ღელვით ჩამოვიდა სახლში. ლოყის თავები დაუკვერდა; თვალები სიცხისაგან აემღვრა; მკერდი ხშირად ასდიოდ-ჩამოსდიოდა: ეტყობოდა, რომ თამროს გულში რაღამაც დაიჭირა ალაგი.

 

 დედა შინ არ დახვდა. იმას მოსწყინდა მარტო გდება სახლში; ჩვეულებისამებრ სათიბელა და აპეური წაიღო ვენახში; ჩავხედავ ვენახსაც და ხბორებს და ბატებს პატარა ღიჭას ამოვუტანო, იფიქრა იმან; წაუყარა კარებს ურდული და წავიდა. თამროს იამა, რომ დედა შინ არ დახვდა; ძმას როგორმე დაუყვავებს, რომ ამბავი არ მიუტანოს.

 

 თამრო გარეთ გამოვიდა, ძარის ქვეშ ჩაჯდა; თავშლის ყურები თავზე გადიყარა; სახე აეხადა, სრულ გამოუჩნდა და ამომავალი მთვარესავით დაუწყო ელვარება; ამოიღო ჯიბიდან მსხალი და გათქვლიშა; მერე უცბად წამოვარდა, როგორც დამფრთხალი ნადირი, შეირბინა დარბაზში, ახადა ხის ყუთსა, ერთი ბორა ვაშლი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. გამოვიდა და დაჯდა ისევ ძარის ქვეშ. რომ დედას უსაქმობაზე არ მოესწრო, პაიჭის ქსოვა დაიწყო. ზაქროს, ამის ძმას, დერეფანში მოეოთხნა, და ნედლ ნაჭიან კაკალს ამტვრევდა და შეექცეოდა.

 

 – ზაქრო! ჰაი, ზაქრო! – დაუძახა დამ.

 

 – რა გინდა? – ბუზღუნით ჰკითხა გაბუტულმა ძმამა.

 

 – მე შენთვის იცი რა მაქვს?

 

 – რა?

 

 – გამოდი აქა და გაჩვენებ.

 

 ზაქრო წამოფრინდა და დასთან ჭუტსა დაერჭო; პირი გამოტენლი ჰქონდა ნიგვზით, აექაფებინა პირში და რომ ვეღარ ეტეოდა, ლაშებზე გადმოსდიოდა.

 

 – უიმე, გენაცვალეთ! – უთხრა ღიმილოთ და ლაქუცით დამ და თანაც ორი თითი ტუჩებზე მიიდო განცვიფრების ნიშნად; – რას აგიქაფებია ე ნიგოზი, თითქო გოჭს ქერი უჭამიაო!

 

 – გოჭიცა ხარ და არცა რა იცირა, – და ზურგი შეუშვირა.

 

 – აი ჰო, არ გინდა! – ძმა მოტრიალდა და თამროს ხელში დაინახა დიდი ბორა ვაშლი.

 

 – მამეცი, მამეცი! – შეჰღიჭნა ძმამ და მივარდა ხელებში.

 

 – იმას ნუ ეტყვი დედასა და...

 

 – რასა?

 

 – აი წყაროზე, რო თქვი, რო ვეტყვიო; ცეცო რო იყო. – ცეცოს ხსენებაზე თამროს შეაჟრჟოლა, ცხელმა ალმა აჰკრა სახეზე და პირი წითელი ატლასივით გაუხდა; გულმა ჩქარი, მაგრამ სასიამოვნო ძგერა დაუწყო.

 

 – არ ვიტყვი.

 

 – აბა მაშ დაიფიცე.

 

 – ზიარები მადლმა.

 

 – აბა დედა დაიფიცე!

 

 – დედაც არ მომიკვდება.

 

 – მაშ კარგი, და მისცა ქრთამი ზაქროსა, რომელმაც შეაგდო ჰაერში ვაშლი და პროწიალით, ყირა-ყირა გამოუდგა იმას; ითამაშა, ითამაშა და რომ მოსწყინდა, როგორც კატას თაგვის თამაშობა, დაუწყო ვაშლს კბეჩა.

 

 თამრო გამსუბუქდა, რომ დარდი მოიშვა გულიდან. სახე გაუმხიარულდა; თვალებმა ციმციმი და რბენა დაუწყეს; სუნთქვაც თავისუფლად შეექმნა; მოჰკიდა პაიჭს ხელი და გაჩქარებული, ხალისიანად ქსოვა დაუწყო. წააქსოვა ტოტი, და უცბად ხელები ჩამოუვარდა, აწითლდა, პირი ღია დარჩა და თვალები გააშტერა. წინ და უკან ტანს რყევა დააწყობინა, თითქო უნდა წასწვდეს რასმესო: წარმოუდგა ცხოვლად წყარო და წყაროსთან ქვაზე ჩამომჯდარი ცეცო გაშვერილის ხელითა, რომლითაც მსხალს აწოდებდა; წარმოუდგა, რომ მის წინ დგას ყმაწვილი სხარტი ბიჭი, რომელსაც ამშვენებდა ახლად ამწვანებული ულვაში; წითელის თავშლით წაკრული თავი და ზედ თავზე მოგდებული ნაბდის ქუდი ალაზათიანებენ თამროს წარმოდგენაში მის სურათსა. აი ამან გააშტერა ქალი, რომელსაც სიყვარული თანდათან შეეპარა გულში.

 

 ერთ ამ ზემოაღწერილ მდგომარეობაში იყო, როდესაც გამოჩნდა დედა, რომელსაც მხარზე ედო ბალახის კონა, ბალახზე თათრული გოგრა; ერთი გოგრაც ხელში ეკავა.

 

 – რას გამოშტერებულხარ, გოგო, და დაგიღია პირი! – უთხრა დედამ, რომელიც ისე წამოადგა თავს, ჩამოიღო ბალახი და ბრაგუნით მიჰყარა კუთხეში გოგრები, რომ თამროს სრულიადაც არ შეუნიშნია, ისე იყო ჩაყლაპული, გართული ცეცოს სურათთან არშიყობით და ტრფობითა. დედის გამოხმაურებაზე ის შეხტა, პირზე ხელი მოისვა, და სწრაფად აიღო ხელში პაიჭი და გაჩქარებული დაუწყო ქსოვა.

 

 – იშ, დავიღალე ამ ოხერ გვერდაზე ასვლა-ჩასვლითა; მარჯვენა მოვარდეს, ვინც პირველად აქ ბარი დაჰკრა და სოფლად დააწესა; რა სასოფლო ალაგი იყო. —რიდის ყური მიისვ-მოისვა და ოფლიანი სახე შეიმშრალა; სად იყო და სად არა, გაჩნდა ზაქრო, რომელიც ღორ-ხბოდან ახლად მოსულ ხბოს კუდში ხელწაკიდებული მოაფუნდრუკებდა; დაინახა თუ არა დედა, უშვა ხბოსა, მიუცუცქდა და მიუალერსა დედასა.

 

 – დედა, შენი ჭირიმე, მსხალი მაჭამე; ჩვენ ბორბალას ეყრებოდა.

 

 – ადე ჰო, პაწაწა ხო აღარა ხარ, რო უბეში მივარდები; აჰა ანდე! – მისცა ორი მსხალი და ორიც თამროს გაუგორა. – კარგი, ზაქრო, ადე, გენაცვალოს დედაი, ე კვახები გოჭებს დაუჭერ. აკი გეხალისება ხოლმე. შენც, შვილო თამრო, რაღა თქმა გინდა, ყველას თავის დრო აქვს, – აუშვი ქსოვა, ხბორები შერეკე, ე ღიჭა დაუყარე, მინდორში აღარა მოიძევება რა; მშივრები დაეხირებიან ამ დღივ.

 

 თამრომ ფიცხლავ შეასრულა დედის თხოვნა, მარტო ის კლავდა, რომ ზაქროს არ დაეღუპნა საიდუმლოს გაცემითა, მაგრამ, ამის და საუბედუროდ, ზაქრომ სწორედ იმ დროს, როდესაც თამრო საიდუმლოს გამხილების ფიქრში იყო, უცაბედად წამოაყრანტალა:

 

 – უჰ, ჭიანია!.. ვაიმე დედავ, მატლი გავკვნიტე! თფუ, თფუ.. არა გამს ი მსხალსა, აი წეღან რომა გვაჭამა წყაროზე მე და თამრიკოსა ცეცომა. ისეთი იყო, ისეთი იყო, რო-რო სუ პირში მადნებოდა, – სთქვა ზაქრომა. გაახსენდა პირობა და შეინანა. ნიშნად შეცდომისა და შენანებისა გააღო პირი, ენა გამოყო და კისერი ჩაიძვრინა. დედამ ამ ცეცოს გაგონებაზე ცეცხლივით იფეთქა.

 

 – რაო, რაო? – წაატანა დედამ, ჩამოიშალა წაკრული თავშალი, ნიკაპთან შეიწია და წამოიწია ასადგომად.

 

 თამროს, ამ დროს მიწა რომ გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ის ერჩივნა; დაასხა ცივმა ოფლმა, თვალი სრულიად დაუნელდა, ჩაჯდა დერეფანში ბალახის კონასთან; გაშეშდა, მის თავში ფიქრი შესწყდა, სისხლი თითქოს გაუშრა.

 

 – ჰაი შე გულმკვდრის შვილო! ეგებიც შეიძელ თითის ტოლა გომბიომა, ჰა? – დააცხრა როგორც ძერა წიწილას და წაჰკრა წიხლი აქ ღა მოვიდა თამრო გონს, წამოვარდა და დარბაზისკენ გაიქცა. მიჰყვა გააფთრებული დედა “ჰა”-ს ძახილითა. — არა, შე თათრის შექნილნაშობო, რა ხელი გქონდა ცეცოსთან, რა, ჰაა? მითხარი!! – მიითრია თმით კუთხეში, სცემა, სჯგვლიმა და რა რომ ხელები ეტკინა, წაიძრო ფეხიდან ფლოსტი და სულ თავ-პირი აუწვა.

 

 – ვაიმე, დედილო, მოგიკვდი! – გაჰკიოდა მტკივნეულობისაგან შეწუხებული თამრო.

 

 – მოკვდი, რომ აღარ იყო, მოკვდი! რაზე მამჭერ თავი; თავზე ლაფი რაზე დაგვასხი. შე გულმკვდრის შვილო-ო, ნუღარვე, – გააგრძელა თამროს დედა მაგდანამ ტირილის კილოზე – თქვი, თორემ სული ამოგაძრე, თქვი, ვინ იყო კიდევ წყაროზე?..

 

 მაგდანა აღარ შორდებოდა, სწიწკნიდა თამროს, როგორც ნადირი თავის მსხვერპლსა.

 

 – ვაიმე, დედილო! — შეჰყვირა ჩქმეტისაგან ნამწვავმა თამრომ. – ვინ უნდა ყოფილიყო! სად მიწაში უნდა ჩამძვრალიყავ... წყაროზე მოვიდა და რა მექნა...

 

 – ოოიჰი! წყაროზე შენ და შავი ქვა მაგ გულზე, ნუღარვე – ეს სულ ი დარბაისელმა მამაშენმა შემძღვნა; მოვიდეს აქა, ჩემ შვილებს ჰქონდეთ დღე, რომ მე ის კარგა შევამკო.

 

 რას ამბობდა და რას არა, აღარა ესმოდა რა დედა მაგდანას. ადგა გაალმასებული, ხან რას წასწვდა, ხან რას, იქ კოკა წააქცია და წყალი დაღვარა, აქ ქოთანი გადააბრუნა; სამჯერ-ოთხჯერ მივიდა კარებთან, თან გაქანებული იწყევლებოდა, იმუქრებოდა, იგინებოდა. დიდ ხანს იქნებოდა ამ მდგომარეობაში, რომ ძროხების ბღავილს არ გამოერკვია.

 

 – აი გადაგრიოთ ჩემმა დამბადებელმა, როგორც მე ვარ ეხლა გადარეული. ზაქრო, ზაქრო! – გაჰყვირა შვილსა. – რას დარბიხარ, შე სიყმე შავო! მოეთრიე და ი საწველელი გამომიტა.

 

 ზაქრო შევარდა დარბაზში; კუთხიდან შემოესმა თამროს ბზუკუნი და სლოკინი. შეეცოდა პაწია ძმასა, ვეღარა აწამარა: მთლად დადუმდა საბრალობელი; მოწყენით აიღო საწველელი და ჩუმად, ფეხაკრეფით გამოვიდა. კარზე ბავშვს ფიქრები მალე გადაეყარა, გაქანდა ბავშვებში.

 

 – მოეთრიე-მეთქი, შე!.. რატომ საწველელში წყალი არ ჩაგისხამს; ბევრი გყამთ თქვენმა თვალების ვარდნამა, ნუღარვე, ესენიც გაგიშრეთ და აგემსებათ და აგებმევათ ე სამიწე თვალები, ნუღარვე!!. შეეთრიე, ჩაასხი!..

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ღამის მეხრე ცეცო