XI

 

 

 მზე ის-ის იყო ჩავიდა; ჰაერში სითბო ისევ ტრიალებდა; დასავლეთს ალისფრად გაჰქონდა ღაჟღაჟი “მკვდრის მზისგან”; შორს გაბნეულს ღრუბლებს წითელ-ყვითელი ფერი მიეცათ მზის დაშთენილი სხივებისაგან. დაკვირაძლდა; ხალხი ადრე შემოიკრიბა სახლებში.

 

 ზალიკა ახალკაცი ჩეკით ხელში მოადგა სახლის კარებს იმ დროს, როდესაც მისი ცოლი მაგდანა წიკვინებდა. დღის მეხრეებმა, რომლებიც ზალიკას თან მოჰყვნენ, გუთნის ღვედები შეიტანეს დერეფანში. ზალიკა ჩამოჯდა ძარს ქვეშ ქვაზე; მოიხადა ქუდი მთქნარებითა, რომელიც პირის წლაპუნით დაათავა: მთქნარების დროს პირზე ჯვარი გამოისახა, რომ ეშმაკი არ ჩასძრომოდა.

 

 – რას წიკვინებდი, ადამიანო! შენი ხმა სოფელ გარეთ გამოდიოდა... რა მოხდა?

 

 ზალიკას ეგონა, რომ უთუოდ ვენახში შესულა რამე, ან იქნება მეველეებმა ხბორები ჩაამწყვდიეს, რომ ასრე წიკვინებსო.

 

 მაგდანამ ხმა არ გასცა, მხოლოდ ხბოს ამოუტყაპუნა პირში, რადგან უშლიდა წველაში.

 

 – ოგეჩო, შე ბღუნძელავ, შენა!.. – შეუტია ხბოს.

 

 – სად არიან ეს ბავშვები? თამრო, შვილო! ერთი წყალი მასვი, წყალი! – დაუძახა მამამ.

 

 თამრო დერეფანში გამოსულიყო, იჯდა და ცხვირს იჩიჩქნიდა, რომელიც ერთობ დასწითლებოდა ხელის კიდებით; თვალები მეტის ცრემლით ჩაღვიძლებოდა; ტკივილები ჩაუყუჩდა, მხოლოდ ბჟუილსღა გრძნობდა; მშვენიერი ღაწვები ჩამოხაზული ჰქონდა ცრემლითა, მამას თავჩაღუნულმა მიაწოდა წყალი. ზალიკამ შეატყო, რომ იმის თამროს სახე დაჟირჟვებული აქვს.

 

 – გოგო, ე რა დაგმართნია?

 

 – დედამა სცემა. ისე მიჩეჩქვა, ისე, ისე, რომა, – უთხრა ზაქრომ, რომელმაც, ის იყო, საიდღანაც მოირბინა, ჩაიჩოქა მამასთან და დაენდო მის მუხლებსა.

 

 ზალიკას ეს ამბავი არ იამა; თავის დღეში პირუტყვისთვისაც არ დაუკრამს გამომეტებით სახრე და შვილებისთვის ხომ თითი არ დაუკარებია.

 

 – კიდეც იმის წიკვინი ჰქონდა... ადამიანო! რას გაქვავებულხარ, არ მეტყვი მიზეზსა?

 

 – აი გაქვავდით კიდეცა და გაკლდევდით კიდეცა! – დაჰკრა ძროხას ჯოხი, ადგა და საწველელი შეიტანა; მალე გამობრუნდა, აკარწახებული კაბა ჩამოიშალა და მოჰყვა ბუზღუნსა: – ამოწყვეტა და გადაშენება, ნუღარვე, ამის თავსა და კისერსა, – მიიღო ხელი თამროზე... – სუ შენგან არიან ესრე თავგასულები. რაც მოგივა, ახია შენისთანაზე.

 

 – ახა ვაგლახთა!.. ამ ადამიანმა დამაბერა, თორე რა დამაბერებდა, კლდე კაცი ვიყავი... ახლა, მადანო, არ იტყვი, რა იყო?

 

 – რათ ბერდები... ღმერთმა რო არ მისცეს მეტი დღე ემის თავსა... რაღა რა იყო... – აქ მაგდანა ჩაჯდა, კილო ლაპარაკისა შესცვალა, ორი თითი ტუჩებზე მიიფარა განცვიფრების ნიშნად და გააგრძელა: – ამოდენა გომბიომ ეს როგორ უნდა მიყოს, ქვეყანაში თავი მამჭრას... შეეთრიე შინა, ი რძე აადუღე!.. ადამიანო, – მაგდანამ ხმა მოუდაბლა, – თურმე... ღმერთო, დამიხსენ ამ ცეცხლისაგან!..

 

 – დიდება შენდა, ღმერთო! ვეღარ გაათავე? – მოუთმენლად უთხრა ზალიკამ ცოლსა.

 

 – თურმე... ე რო მეზობლებმა გაიგონ, ისღა გვინდა!.. თავს ვეღარ გამოვყოფთ, თავსა... უნდა ჩიქილამოხდილი ვიარო გომბიოს გულისთვისა!.. თურმე!.. ოოი, დადექით თვალებო!.. იმ დღეს ი გუთნის ჯერი რო გამოგიგზავნე, წყაროზე თურმე ცეცოს ელაპარაკებოდა ეგ მზე ბნელი, ეგა!.. მაა!.. გაიგონე? თითის ტოლა გოგო ელაპარაკება შეღერებულ ბიჭსა, მერე ისიც ცეცოსა!.. დადექით, თვალებო, დადექით!.. გაგონილა? თქმულა? რათ მოგვივა კაი დრო! სათათრეთშიაც არ მოხდება ამისთანა ამბავი, სა...

 

 – დედაკაცო! ნუ შეუკიდე, ნუ! რა არი ახლა, ცა და ქვეყანა დაიქცა, რო ცეცო შენ ქალს წყაროზე შეხვდა? აცა, დაიცა მამიშენის ცხონებასა, თამრომ რა დააშავა, რო დაგილილავებია, აბა ერთი, ერთი მითხარ, ჰო, მითხარ და! თამრომ დაიბარა, უთხრა აქ ჩამოდიო, თუ რა? ე მამაძაღლი ტიელა, თავიც იქა მქონდა და ფეხებიცა, მე რატო არა გავიგერა, თუ ეგრე იყო... ნუ აზვიადებ; მე ზვირთიყარია ადამიანი მეჯავრება... მე კაციც ავირჩიე, ამაღამ უნდა მაჭანკლად მივუგზავნო... ან რა, ღვთის წინაშე, რა მაჭანკლობაა საჭირო, მეც ვიცნობ და ისიც მიცნობს, მარამ წესია და ადათი.

 

 – ნეტავიღა მე, იჰი, ჰი!.. ვერ შეიტყე, რო მე იმას ქალს არ მივცემ-მეთქი... ნაწოწი დედი შვილსა...

 

 – რას ატრაკუნებ, ნეტავი ერთი ვიცოდე! შენმა მზემა, ბატონიშვილი მოვა შენი გომბიოსთვისა! არა?.. ცეცოს დედისთანა მანდილოსანი ადამიანი, აბა, რომელია, ერთი დამისახელე?.. მარამ რაკი ერთი დაიჟინე, ის არის, – სთქვა ახლა კი მართლა ბრაზზე მოსულმა ზალიკამა. – ზაქრო, მიირბინე და ზერეკიძიანთ სოსიკას დამიძახე... შენ ბევრი იცი!.. ასეთი კაცი დადგება, ზალიკას მზემა, რო ბადალი არა ჰყამდეს. კვირას უნდა გენახა, რანაირ დაპროწიალდა სოფლი გულითვისა! მე შენ მოგახსენო, დალაგებული სიტყვა-პასუხი არა აქვს თუ!.. ნაწოწი დედის შვილი?! – გააჯავრა ცოლს; – კიდეც ი წოწვაში, ი გვარაძიანთსა, მაგი დედა რო იყო პურიმცხობლათა, კიდეც იქ ისწავლა ი სიტყვა-პასუხი და ჭკუა.

 

 მადანა გაჩუმდა; შეატყო რომ აღარა გაუვა რა ქმართან, რომელსაც გადაუწყვეტია ცეცოსათვის ქალის მითხოვება: დაეყრდნო მკლავზე და ფიქრებს მიეცა; ზალიკა მალ-მალ იხედებოდა გზისკენ, მოუსვენრობდა, ეტყობოდა, ძიელ სურდა საქმის ჩქარა გათავება.

 

 მოვიდა მაღალ-მაღალი, ხმელი აპუხტივით და შავგვრემანი სოსიკა; ერთი კვირის წვერმოუპარსავობა უფრო შავს ფერს აძლევდა მის ალანძულს სახესა. სოსიკას ძაან მაჭანკლობის სახელი ჰქონდა დავარდნილი ძაღლისხევაში. ბეჯითი და ტკბილი მოლაპარაკე იყო; ისეთს გულის საკლავს კილოს მისცემდა ლაპარაკსა და ისე მიზნექ-მოზნექდა თავის მაღალ ტანსა, რო არ შეიძლებოდა არ დაერწმუნებია თავის ნათქვამის სინამდვილეში.

 

 – სოსიკა! დაჯე ერთი... იმ დღესაც გელაპარაკებოდი. ხო იცი გლეხი კაცის ცხოვრება, თუ საქმე არ მოიმარჯვიანა, არ იქნება... ე ჩემ თამრო გოგოს აღარა ეგვიანება რა, მინდა ე ცეცოს მივათხოვო...

 

 – ჩემო ზალიკა, რაც ადრე მოიშორებს კაცი ვალსა, ისა სჯობია; მუწუკი რო გამოგერწყობა, შეღავათი გეძლევა... მე და ჩემმა სიყმემ, ი ცოლ-შვილი ნუ გამიწყდება, რო მაგითანა არჩევანს ძე ხორციელი ვერ იზამდა, ვერ იზამდა და!

 

 – ჩემ თვალში კი, აი, – ორი თითით წაავლო კაბას და ასწია, – აი ემის დანაფასევადაც არ მიღირს, – სთქვა მაგდანამ.

 

 – იჰ, იჰ, იჰ! აბა დახე, აბა დახე!.. მადანო, მადანო! და-ძმობას, მაგას ნუ იტყვი, – დაიწყო დიდის განცვიფრებით, მაგრამ საშინელის რწმუნების კილოთი. – ნეტავი შენი დღეგრძელობითა ერთი მოსწრებული ქალი მებადოს და ცეცო შეირთამდეს, თორე ვინ თავ-ლაფიანი სიხარულით არ მისცემს. აბა, რა შემოგფიცო, რა ვთქვა: ერთი ვაჟი გამაჩნია ი სამ ქალში, იმაზე გენახოთ შავებითა, თუ მე თქვენთვის ცუდი მოვინდომო.

 

 – ჰო, ჰო, კარგი, კარგი! აბა, რა სათქმელია; ღმერთმა ნუ მოგასწროს... შენ ეს გამიგე, ქრთამად რას მოიტანს, ნურც ძიელ გამოეკიდები; რაკი ჩემი გახდება, იმისი ხარჯი ჩემი ხარჯი იქნება.

 

 სოსიკა მძიმე-მძიმედ წავიდა: ამისი საქმე ყველაზე ნაღდი იყო; გარიგდებოდა, თუ არ გარიგდებოდა, სოსიკას სადილ-ვახშამი არ ასცდებოდა.

 

 – მადანო, მადანო! – უთხრა ტკბილად ზალიკამ. – პატარა მოგვიმზადე რამე ვახშმათა.

 

 – მხალიცა გვაქვს, მამა! – უთხრა ზაქრომ.

 

 – უჰ, უჰ, აგაშენათ ღმერთმა.

 

 დიდ ხანს არ გამოუვლია, სოსიკა მოვიდა; სახე უბრწყინავდა გამარჯვების გამო.

 

 – საქმე გავჩარხე. იმი დედა სუ ცას დაეწია; ცეცოს ხო ძიელ იამა; სიტყვა გაუშრა, ტუჩებზე დააკვდა... ქრთამად ოთხი თუმანი ფული, ორი კოკა ღვინო და კაი ჭედილა.

 

 – მაშ ნიშნობა ე შემოდგომაზე გავაჩაღოთ, ქორწილი სააღებოთ იყოს.

 

 – რაღა მეაღებება! რახან აღარა ჰქენი, ბარემ შემოდგომაზედვე იყოს, უხვობაა ყოვლისა.

 

 – ხა, ხა, ხა! – ჩაირახრახა ზალიკამ; – მოხველ ჩემ ჭკუაზე... ანგრე იყოს... შვილო, თამრო!..

 

 – აი, აი! ეხლავე ეცემა, ნუ გააგებინებ, ცოდოა!

 

 – არა, ზალიკო, არ ვარგა, გული დაეთუთქება; ნორჩ ბალახს რო მზე დახედავს, სუ ყურებს ჩამოაყრევინებს ხოლმე. ეეიი! სიყვარული, მე შენ მოგახსენო, ადამიანს სუ სთუთქავს. ნწარა, ჩემო ზალიკო, თავი დაანებე.

 

 მეზობლები შეჰყვნენ ვახშამს; მოიგონეს ბატონის სამსახური; თავიანთ ესრედ წოდებული გლეხებისაგანვე “თავი კაცების” მტრობა. მინდვრებს მოვრჩით, მაგრამ ახლა კულუხს რამოდენას შეაწერს, ვინ იცისო? იქნება ბევრს ზედაშეც გაუწყვეს. შუაღამე იქნებოდა, რომ მეზობლები გაიყარნენ. ზალიკამ მოსვენებით მიიძინა, მაგდანასაც გული მოუბრუნდა, შეურიგდა თავის ბედს, მიდო თავი სასთუმალზე და ამანაც მალე აასტვინა ცხვირი და მიუბანა თავის ქმრის ხვრინვა-ფშვინვასა.

 

 

 XII

 

 

 ცეცო დაინიშნა თამროზე, რომელზედაც ფიქრებით არა ერთი ღამე უძილოდ გულაღმა ვერხვქვეშ გაუთენებია. ცეცო თითქო გამოსცვალა ახალმა ცხოვრებამ: დამშვენდა, თითქო უფრო გალაზათიანდა; მას მუდამ წითელი გულისპირიანი პერანგი, წითელი თავშალით თავი წაკრული და ზედ ნაბდის ქუდი გვერდზე მოდებული, კოხტად ამოსხმული ბატი-ფეხური ქალამანი არ მოუშორებია ტანიდან. წადილი ნახევრობამდის შეუსრულდა; აღელვებით, გულის ჩქროლვით ფიქრობდა, ფიქრებში გადადიოდა იმ დროსთან, როცა იმას სამუდამოდ შეუსრულდებოდა იგი; შემოდგომაზე ქორწილი ვერ უხერხდებოდა და ეს უფრო სწამლავდა იმას. ცეცო მალი-მალ აირბენდა ხოლმე სიმამრის სახლში რომელიმე ავეჯის სათხოვნელად, მაგრამ მიზეზი კი თამრო იყო; თამროზე თვალის დაკვრა – უკვდავება იყო. ცეცო პატარა ცოლის ძმას დაუწყებდა ცელქობასა, მაგრამ თვალი კი თამროსკენ ეჭირა, რომელსაც ხანდისხან გამოელაპარაკებოდა ხოლმე. თამრო გაიღიმებდა; შველივით გაუხტებოდა და თავჩაღუნული შევარდებოდა საკუჭნაოში, რომელიც დარბაზს ჰქონდა მოდგმული. თამრო საკუჭნაოს საურდულედან გამოიჭყიტებოდა და სტკბებოდა თავის დანიშნულის ცქერითა; ის ამ წამებში უზომოდ ბედნიერი იყო. საბრალო ცეცო ვერ ხედავდა საკუჭნაოში მოფარებულს თამრიკოს და გულით ათასს ჯოჯოხეთურს შეჩვენებას უგზავნიდა თავის სიდედრს, რომელიც, ერთ წამსაც არი, არ შორდებოდა ხოლმე დარბაზსა. მინამ ცეცო არ გამოვიდოდა, ბაიყუშივით პირში შესცქეროდა. თამრიკო სულ ცხვირაფხლეკილი ადგა დედას თავსა, ვითომდა აქ არაფერი ამბავიაო; ათასს მიზეზს მისცემდა კარზე გასასვლელად, მაგრამ მაგდანას აგრე ადვილად ვერ მოატყუებდნენ.

 

 ძაღლიხევაში რთვლები ძალიან ადრე იციან, ენკენისთვის გასულს იმოდენერთა ვენახები ჩაკრეფილია და ხალხი საფარცხავად არის გასული. სოფელში გავარდა ხმა, რომ ბატონმა კულუხის გაწერა მიანდო სოფლის მოხელეებს და ამათ შემწედ მისცა ბღუნძელაშვილიო და ეშმაკურაშვილიო. ცეცო თავის ამხანაგებით, თითქმის მთელი სოფელი, დაასმინეს და ბატონმა თურმე სთქვა, რომ მე მაგათ, – ცეცოს ამხანაგებით, – სოფლიდან გავაძევებინებო. სოფელს კი აღარა ჰკითხავდა: გააძევებდა?!

 

 გათავდა აღწერა: ვენახს, რომელიც ადრევ კოკას იღებდა, ეხლა ორი შეაწერეს: ნაწყვეტები უფრო ცეცოსა და იმის ამხანაგებს მოხვდა. სოფელი გაინძრა: იგი გაითქვა, რომ რაც უღიათ, იმაზე მეტს ნუ მისცემენ. თუ ძალიან ძალას დაგვატანენ, მაშინ მეტი ღონე აღარ არის, მივცეთ, მაგრამ იმათ დაუსჯელებს ნუ გაუშვებთო. ცეცოს რჩევით, რომ უფრო მტკიცე ყოფილიყო იმათი შეთქმულება, ზემო უბანმა ღამე ჩუმად მოიყარა თავი ელიის ეკლესიაში და ქვემომ კი წმინდა გიორგისაში: აქ იმათ დაიფიცეს, დაადგინეს, რომ ერთმანეთს არ გასცემენ. ამოირჩიეს ექვსი კაცი. სამი ზემოდან – ცეცო, მიხა და პაკო – და სამიც ქვემოდან, რომელთაც მიანდეს მტარვალების დასჯა რითაც იყოს. ითქვა, შესრულდა.

 

 აგერ გახშირდა რთვლები. მუდამ საღამოს მოისმოდა ვენახებიდან ყაყანი, ღრიალი, ჩხუბი, დარბევის ხმა.

 

 – არ მოგცემ, შვილოსა, არა! რაც აქნობამდე მიღია, იმაზე მეტს ვერ გავიღებ, თუნდ რო პოპოქივითაც დასკდეთ.

 

 – არ გაიღებ და გაჩვენებ გზასა.

 

 ვისაც ერეოდნენ, ართმევდნენ და არბევდნენ. ზოგნი კი ფიცის გამო ზედ აკვდებოდნენ საწნახლებსა და კი არ აძლევდნენ. გაჭირდა საქმე. ფიდუა და ბღუნძელაშვილი ეახლნენ ბატონსა და გამოუცხადეს, რომ თუ ის არ ივლის, ცუდად არის საქმე.

 

 – ოჰ, – სთქვა ბატონმა, – ეს დაწყევლილი ყმები! – დააღრჭიალა კბილები მხეცივით, მიიხედ-მოიხედა და რომ წინ სდგომოდა ვინმე, ცხენივით ჩაჰკბეჩდა მის ხორცსა. – ყაზახებს მოვაყვანინებ, ყაზახებს, და სულ ზურგის ტყავს ავაძრობინებ მათრახის ცემითა!.. – განაგრძო კვლავ კბილების კრჭენით გამხეცებულმა ბატონმა.

 

 ეხლა დადგა ცეცოს და მისი ამხანაგების განჩინების დღე: ეხლა უნდა ეჩინათ თავი: ან სიკვდილი, ან სიცოცხლე. “ამისთანა სიცოცხლეც ამოვარდეს”, გაუელვებდა ხოლმე ცეცოს თავში, მაგრამ ხათა ეს იყო, მის გულში სხვამაც დაიჭირა ალაგი, სხვა სიყვარულმაც შედგა ფეხი. ახალი ყველა კარგია და ადვილად ვერ დასთმობს ადამიანი. ცეცო იმის მოგონებაზე, რომ სოფელს პირობა მისცა – გაითქვნენ, რომ რითიმე გადაუხადონ მტარვალებს და მდევნელებს, თრთოლდებოდა, ირყეოდა, რადგან თამროს სიყვარული, მისი მოგონება, მისი მშვენიერი სურათი მას აყენებდა, აბრკოლებდა. მეორეს მხრით, ის წარმოიდგენდა თავისსა და თავის მოძმეთა დაუღალავს შრომასა, მუდმივ ოფლის წურვასა, რომლის შემდეგი ნამუშევარი უსირცხვილოდ სხვას მიჰქონდა და მიაქვს, და გული ევსებოდა შურისძიებით. როცა მიხა ჰყავდა გვერდით, როცა ის ცხარედ დაიწყებდა ხოლმე ლანძღვა-გინებას მტარვალებზე, ცეცოს სულ ავიწყდებოდა თამროც და მომავალი ბედნიერებაც.

 

 – “რა ვქნა, მე კიდევ, კიდე, მაგრამ მიხას რაღა სჯის?” – დაეკითხა ცეცო თავის თავს. – “ის ხომ აზნაურია, იმის მამულს ხომ ღალა-კულუხი არ ერთმევა და რაზე იწირავს სოფლისათვის თავსა?!”

 

 მაგრამ მიხა იმიტომ იკლავდა თავს, რომ მისი მამულები სულ ბღუნძელაშვილსა ჰქონდა ხელში ჩავარდნილი თავისი სულელის ძმის წყალობითა; ერთი ვენახი ფიდუას ეჭირა; ბერძნის ბერებმა მის მამა-პაპას სული ამოართვეს მამულის დავაში. თუმცა ვერ ჩამოართვეს, მაგრამ იძულებული იყვნენ, რომ მამულები გაეყიდნათ ნემსის დანაფასევად, რადგან დავიდარაბაში ფული იყო საჭირო. ყველა ეს იყო დარჩენილი მიხას გვარში; ყველა ამას ეუბნებოდა თავის შვილებს და ამიტომ, როგორც მიხას, ისე თვითეულს მის საგვარეულთაგანს, სძაგდათ ბერების მოადგილე “უპრავლიაუშჩები” და მათი შემწე გლეხები, რომელნიც ხალხის ხარჯით სცხოვრობდნენ და რომელთაც ხალხისავე ცარცვა-გლეჯით შეიძინეს ქონება. გლეხობასაც ეს გვარეულობა საშინლად უყვარდა, ხათრი ჰქონდა, პატივსა სცემდა.

 

 

 XIII

 

 

 აღმოსავლეთის მხრით სოფელ ძაღლისხევის ზემო უბანს უდევს კარგა ფართო მოედანი, რომელსაც ზაფხულობით გადაეკვრის ხოლმე მშვენიერი მწვანე, დაბალი ბალახი ხავერდის ყდასავითა. მთელის ზემოუბნის ოთხფეხი თუ ორფეხი ცხოველი ზაფხულის დილით გამოიშლება ხოლმე მოედნის ნამიან ბალახზე: დარბიან, ჩიჩქნიან დანამულ მწვანესა; ბატები, რომლების მოშენებას ამ სოფელში ძალიან მისდევენ, სისნიან გახელებულად მატიტელასა; ქათმები დასდევენ კალიებსა. უწინ მოედანი გარს შემოზღუდული ყოფილა მცხოვრებლებით, – ამის ძეგლად ნასახლარები დარჩენილა; დღეს ნასახლარები ძაღლებისაგან ჩატანილის საქონლის ძვლებით არის სავსე. მოედანი იყო და არის დღესაც ადგილი ძაღლისხეველების ლხინისა, გართობა-თამაშობისა. აქ შეიყრიდნენ ხოლმე თავს სოფლის შეღერებული ბიჭები, მღეროდნენ, თამაშობდნენ, ბურთაობდნენ, ყმაწვილობდნენ. ბევრი ბიჭი გამოიჩენდა და ისახელებდა ხოლმე თავს თამაშობაში, რომელსაც “წრე-ბურთას” ეძახიან.

 

 ხალხი ამბობს, რომ ამ მოედნის ნასახლარების მცხოვრებნი აჰყარა წმინდა ელიის ხატმაო. “პატარა მოედანი მაქვს, მინდა გავაფართოო საჯირითოთაო”, ამბობს წმინდა ელიაო. ხალხი, ასე გასინჯე, ასახელებდა იმ კაცის სახელსა და გვარსაც, რომელსაც ვითომც ელიამ ეს სიტყვები უთხრა.

 

 მოედნის აღმოსავლეთით, ზედ სერის პირზედ, ყოფილა ნანგრევი წმინდა ელიის ეკლესიისა, რომელიც დღესაც ეტყობა. შემდეგში აზნაურ გვარაძეების საგვარეულოში ერთს მღვდელს ნანგრევზე ფიცრის ეკლესია აუშინებია და დაუყავრნია. ეკლესიას წინ პატარა ვაკე აქვს, რომელიც ხალხს თავის სასხდომ ადგილად და სალაყბოდ ამოერჩია. უკეთესი სასიამოვნო თვალისათვისა, გრილი, ამასთანავე შავი ფიქრების გამქარვებელი ადგილი არ არის მთელს ფრონის ხეობაზე, როგორც ეს წმინდა ელიის ეკლესიის ვაკე ადგილია: აქედან თვალი ხედავს ვიწროს, სოფლებით და ვენახებით, ხეხილისა და კაკლის ჭალებით დაფენილს, ზურმუხტისფერ ღელესა. კავკასიონის უმთავრესი მთაგრეხილი დაფიქრებული, ჭაღარა შერთულის თავით შიგ ჩამოსცქერია ამ მშვენიერსა და ვიწრო ხეობას.

 

 წმინდა წინასწარმეტყველის ელიის ეკლესიის დასავლეთით, სწორედ მოედნის პირში, იდგა ძველი ხის სახლი, რომელსაც ზედ მოდგმული ჰქონდა ძველისძველი დარბაზი. ყავარი ალაგ-ალაგ აეგლიჯნა ძლიერს ქარსა, რომელიც თითქმის მუდამ ჰქრის ამ სოფელში, და დაეუშნოვებინა ისეც მოძველებული სახლი, როგორც უკბილო ადამიანი. ამ ფიცრულის გარშემო სხვადასხვა შენობა ბლომად მოსჩანდა: ორ-ორი ბოსელი, ორ-ორი მარანი. ბოსლისა და ერთი მარნის ბანები ჩანგრეულიყო, ეტყობოდა, პატრონი აღარ საჭიროებდა, ან ხელმოკლეობისა გამო მიუტოვებია და აღარ გაუახლებია. ნანგრევებზე, ეტყობოდა, რომ უწინ აქ შემძლე ოჯახი სახლებულა. მაგრამ ჟამთა ბრუნვას ესეც მიუნგრ-მოუნგრევია.

 

 ამ სახლის პატრონი ამჟამად იყო ვასილ გვარაძე. თავის საგვარეულოში ვასილი ყველაზე კარგად ცხოვრობდა: სახნავი მიწები საკმაოდ ჰქონდა თავისთვისა და კარგი ვენახებიცა: მაგრამ რაც კარგი და კარგი იყო, ზოგი ბერძნის ბერებისაგან ჰქონდა ამასაც წართმეული, ზოგიც გაყიდული იმათთან დავიდარაბაში. ვასილი რომ მოიგონებდა ხოლმე წართმეულს მამულებსა, მოიგონებდა, თუ რანაირად ჩამოართვეს მის მამა-პაპას მამულები და სხვას მიჰკერძეს, ცეცხლი მოეკიდებოდა გულზე და მთლად ბრაზით აინთებოდა ხოლმე. ვასილ გვარაძეს გათავებული ჰქონდა სწავლა ერთს რომელღაც დაბალს სამხედრო სასწავლებელში, რომელიც კეთილშობილთა შვილთათვის გამართეს ჩვენს ქვეყანაში. ვასილს ახსოვდა, მოესწრო იმ დროს, როცა მისი მამა-პაპა ცხარედ ებრძოდა ბერძნის ბერებსა მამულის თაობაზე; ის დღე იყო და ის დღე, ახალგაზრდა ვასილს ჩაენერგა გულში ბოროტების დევნა. სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ ის ხან სად იყო, ხან სადა; ბოლოს დაბრუნდა სახლში. სოფლელებს ეგონათ, რომ ვასილი შიმშილით მოკვდებაო, რადგანაც არც ფული ჰქონდა, მამულ-დედულიც გაპარტახებული დაჰხვდა და სახლ-კარი მინგრეულ-მონგრეული. ვასილმა ტყავი გადმოიბრუნა: გლეხურად დაიწყო დღედაღამ მუშაობა; მამული მამულს დაამგვანა: გააკეთა სამი ვენახი; ჰყიდა ღვინოები; იყიდა წისქვილი და ვენახი - სულ თავის ოფლით, თავის პატიოსანის შრომით ნაშოვნის ფულითა. ხალხმა შეიყვარა სულით და გულით ვასილი; ხალხისთვის ვასილის მეტი არავინ იყო მისამართი: იგი იყო მათი ფარი და ხმალი, იმათი დამრიგებელი, ჭკუის მწვრთნელი, ყოვლის საქმის გამკეთებელი.

 

 მიხა გვარაძის სახლი იქვე, ვასილის სახლის გვერდით იყო; ვასილი და მიხა ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ ერთმანეთისა. ვასილს მოსწონდა მიხას გამბედაობა, თავგანწირულობა, რადგან იგი თავის ყმაწვილკაცობას აგონებდა.

 

 დაღამდა ერთი შემოდგომის დღე. მიხა შინ იყო; მალი-მალ გამოდიოდა დერეფანში; სახეზე აღელვება ემჩნეოდა. ქვრივს რძალს მიხასას უკვირდა მაზლის ამგვარი ყოფა. სახლს ანათებდა მხოლოდ ბუხრის სინათლე. მიხა მივიდა ბუხართან, მაგრამ მსწრაფლად გამობრუნდა, ქუდი დაიხურა, იპოვა ჯოხი და საჩქაროდ გამოვიდა დარბაზიდან. კარებში მიხას ცეცო შეეტაკა.

 

 – ეჰ, მე კი სული დამალევინე და!.. პაკო რაღა იქნა?

 

 – აგერ მოდის... კაცო, ეხლა არ იყო ჩემთან შენი ძმისწული, რა ხანს გაუვლია... მერე რაზე აბობოქრებულხარ?

 

 – უკანვე გაბრუნდი, გასწი რაღა!.. ჩვენ ვახშმად სხვაგანა ვართ... ნუ მამიცდით, – შესძახა მიხამ რძალსა და გამოაჯახუნა დარბაზის დევერხანა კარები...

 

 – ვასილი მარტოკანაა სახლში; ჯალაბი შინ არა ჰყავს, პატარა ვაჟის მეტი; მოველაპარაკოთ ჩვენს საქმეზე, გამოცდილი კაცია.

 

 – ურიგო არ იქნება, — უპასუხეს მიხას ამხანაგებმა.

 

 შეეხმაურნენ ვასილსა. ხმაურობაზე აივანზე გამოვარდა პატარა ვაჟი ვასილისა, რომელმაც ცქრიალით ჩამოირბინა კიბეზე.

 

 – მამა შინ არის; დავუძახო? — ბავშვი შეტრიალდა კიბეზე და ელდასავით შეირბინა სახლში. ამ დროს თვით ვასილიც გამოვიდა აივანზე.

 

 ვასილი შუა ხნის კაცი იყო; ჭაღარა შერთვიყო მის თხელ თმასა; პირი ძველებურად ქართულად ჰქონდა ხოლმე მუდამ სუფთად გაპარსული; მშვენიერი ქართული ცხვირი, ფირუზი თვალები, გრძელი, სუფთად მოვლილი და ჩაგრეხილი ულვაშები – ყველა ესენი ერთად შეერთებით გვიჩვენებდნენ, რომ ვასილი ერთს დროს ძიელ სასიამოვნო შეხედულებისა უნდა ყოფილიყო.

 

 – ამოდით, ამოდით... ჰა, ცეცო, მოგილოცო ნიშნობა? ღმერთმანი, მამაშვილობამა, რომ ძალიან ჭკვიანური საქმე გიქნია; თამროს კაი მამა ჰყავს, შვილიც კარგი იქნება; მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ნათქვამია ძველთაგან. მეზობელია, რაც უნდა იყოს, ეგ ემჯობინება.

 

 თითქო დანა დასცეს გულში, ისე შეკანკალდა და შეინძრა ცეცო, როცა თამროს სახელი გაიგონა; აეფუტკნა თავში ათასგვარი მწარე ფიქრები, რომლის ასრულება თამროს დააკარგვინებდა, სამუდამოდ მოჰგლეჯდა გულიდანა.

 

 – ბიძაჩემო, – დაიწყო მიხამა, – შენც გულდამწვარი, მეც აგრეთვე, სოფლის ხალხი ხო უარესად, და სულ ვისაგანა, რო იცოდე...

 

 – დაჯექ, შვილო, პაკო, ვის ერიდები, შენი სახლია, – უთხრა ვასილმა და უჩვენა, რომ ტახტზე დამჯდარიყო... – ჰო, მერე?

 

 – მერე და მერე... სულ ვისგანა ვართ გულდამწვარი? მოგეხსენება, ბიძაჩემო, იმ დღევანდელი ჩვენი ამბავი: მასუკან კიდენა, ე იჯარადარი რო მოვიდა და უღმერთო კულუხი შააწერა ვენახებსა, გავითქვენით რამდენიმე კაცი, რო რითაც იყვეს გადავუხადოთ მაგ წურბელას. აბა, რითი, რითიო? ჩავარდა ხალხში ლაპარაკი; გადავწყვიტეთ, ვცემოთ.

 

 – ეგ რო ვიცით, უფრო გული გვეძლევა და გვიკეთდება, – დაიწყო ცეცომ. – ახლა, როგორც მიხამაც მოგახსენათ, შენი ჭირიმე, გადავწყვიტეთ, გაუსწორდეთ იჯარადარს. ორიოდე ბიჭი ავირჩიეთ, სულ ტალიკ-ტალიკი ბიჭები; აი ეს პაკოა; უწინ ხომ სულ ჩემთან იყო ხოლმე ღამის მეხრეთა; ეხლა კი ბერძნების იჯარადართან გახლავს, მოჯამაგირედ დაუდგა. პაკო იმასთან იქნება; ისე გვაქვს სახეში, რო...

 

 ვასილმა შეიტყო ამათი განზრახვა, პირი გააღო სალაპარაკოდ, მაგრამ ცეცომ შეაყენა.

 

 – მოითმინეთ, ნათლია... ასე გვაქვს დაწყობილი, რომა ვინიცობაა, სადმე შემოგვეფეთოს... ჩვენ უნდა მუდამ ღამე ორღობეში მიუდარაჯდეთ... ვინც კი შემოგვეფეთება და ხელში ჩაგვივარდება, – იჯარადარი იქნება, თუ ფიდუა, ან ბღუნძელაშვილი, – ცემა როგორც მოხერხდება, არ ასცდებათ... პაკო იჯარადართან არის, იმას ახლავს... ახლა, ნათლია-შვილობასა, გამოცდილი კაცი ბრძანდებით, უნდა დარიგება მოგვცე, როგორ მოვიქცეთ.

 

 ვასილი, თითქმის მოხუცებული, თითქოს გაყმაწვილდა, თითქოს თმა გაუშავდა, მოკეცილმა ცმუკვა დაიწყო, მომუჭა ხელები და კალთაში მუხლებზე ჯიჯგნა და მტვრევა დაუწყო; გული აუვიდ-დაუვიდა. მთლად აუკორკოტდა; ვასილი ასდევდა გულის ცემას და ირყეოდა მთელი ტანითა.

 

 – ჯერ ეს მითხარით, ვინ რა უნდა გააკეთოთ, ან როგორ გიდევთ გუნებაში?

 

 – მე ვეუბნევი, რო როცა ანგარიშის გაწევა გვენდომება, ხურჯინები გადავიკიდოთ და ვითომ სხვაგან მივდივართ, ისე ვაჩვენოთ სოფელსა; ჩვენზე ეჭვს ვერ მოიტანენ. ცეცო კი ამბობს, რო ასე ნუო, ასე არ ივარგებსო.

 

 – მეც ცეცოს აზრისა ვარ: ეს იცოდეთ, თუ სხვებზედ არა, ე თქვენ ორზე მაინც ეჭვს მოიტანენ და მოიტანენ. იქნება კიდეც დაგიჭირონ, – სთქვა ვასილმა, – ყველაფერს უნდა მოველოდეთ.

 

 ცეცოს თავიდან დაჰკრა ჟრუანტელმა და ფეხის ფრჩხილებამდე ხლაკვნით ჩაუარა; სახე შეუბუსუსდა, შუბლზე ჭირის ოფლი ააჩნდა: ცეცოს ის ჰკლავდა და აღონებდა, ის უმუწუკებდა და უსერავდა გულსა, რომ დაინიშნა; რომ თამრო დაეკარგება, სამუდამოდ გამოეთხოვება იმას, ვიზედაც არა ერთი ღამე გაუთენებია და დღე დაუღამებია ტკბილს ოცნებაში. ჯვარი რომ დაეწერა, იქნება კიდევ ჰქონოდა თამროსთან შეყრისა და ნახვის იმედი. ეხლა? ეხლა დანიშნულია; აშარი სიდედრი ცეცოსი თამრიკოს მაშინვე სხვას მიათხოვებს; ცეცოს სიდედრს კიდევაც გაეხარდება, იმიტომ რომ თამრიკო ცეცოსთვის არ ემეტებოდა. ამ მწარე ფიქრს მიეცა ერთ წამსა, მაგრამ თავი ჩაიქნია, კბილები ჩააკრაჭუნა და გადასწყვიტა, მწარე ფიქრები მოეშორებინა თავიდანა.

 

 – მე ვეუბნევი, – დაიწყო ცეცომ, – გავიყვნეთ-მეთქი ამხანაგები.

 

 – პაკოს იმედი გაქვთ, რომ არ გაგცემთ? – ჰკითხა ვასილმა.

 

 – ჩვენ ყველანი ერთს ტაფაში ვიწვით: პაკოს ვენახი ბღუნძელაშვილს არ უჭირავს!..

 

 – ვაიმე, ვაიმე! ნათლი, მაგას რას მიბრძანებ, შენი ჭირიმე! ცეცოს და მიხას რო უღალატო, მაშ ვიღასღა ვეძმო, და რომ ვუმუხანათო, იმ გრძელ სოფელს ღმერთთან რა პასუხი უნდა გავცე?! – სთქვა გულმოკლულმა პაკომა.

 

 – დიახ, პაკო იქ იქნება; მე და მიხა კი, – განაგრძო ცეცომ, – ორღობეში ჩავუსაფრდებით; დანარჩენი ბიჭები იმ ვენახში, საიდამაც კულუხს წამოიღებენ.

 

 – დამაცა, დამაცა... სწორედ ეგრე უნდა, ცეცო, სწორედა. კულუხს ვინ სწერს და რწყავს?

 

 – მამასახლისი თავისი გზირით, ფიდუა და ბღუნძელაშვილი, – უპასუხეს ვასილსა.

 

 – მე ვიცი, რო ჩემს ვენახზე დაიწყობენ დავი-დარაბასა და მაშინ გვაქვს დროი, – სთქვა ცეცომ.

 

 – არა, ისე უნდა მოხერხდეს, რომ ამ ექვსის კაცის ვენახში თქვენ ექვსის გულისათვის არ შესრულდეს თქვენი განზრახვა, თორემ ეჭვს შემოიტანენ და ხელს დაგადებენ. სხვის ვენახში რო მოხდეს, ემჯობინება. აი ყური დამიგდეთ, მგონი ასე ემჯობინება, პატარა ორღობეში შენ და მიხა ჩაუსხედით; დანარჩენები ზერეკაძიანთ ვენახებთან. ეხლა იქით სწერამენ; ისინი ხომ ვენახ-ვენახ, ბილიკებზე წამოვლენ; პეპეს ვენახის გადმოსასვლელში ჩაუსხდნენ კულუხის ამწერლებსა; თქვენ კი, როგორც წეღანაც გითხარით, ამათზე კარგა მოშორებითა, პატარა ორღობეში იჯარადარსა.

 

 – აგრე ძალიან კარგი იქნება, შენმა მზემა, – წამოიძახეს სამთავემა.

 

 – მაინც და მაინც იმ ორღობეში ხალხი გვიან შეგროვდება. თუ სხვანაირად დაიჭერ საქმესა, კვალს თქვენზე მოიტანენ. როგორც მიხას უთქვამს, რო მას თავი ვაჩვენოთ, ვითომც სხვაგან წავედით; ღამე მივბრუნდეთ და ანგარიში გავუწიოთ, – თავს არ მოვა. თქვენ უსათუოდ დაგიჭერენ: სად იყავით? ვისთან იყავით? ჯერ ეხლა იმ დღევანდელ ლაპარაკისათვის “პრიგოვორს” თურმე ადგენინებს და მაშინ ეგრე რო ჩაიდინოთ, ხსნა აღარ გექნებათ... იჯარადარს უნდა სცემოთ, თუ სხვაფრივა გწადიანთ რამე?

 

 – ვცემოთო? – წამოიძახა მიხამ ზიზღით.

 

 ვასილი წამ–ერთს გაშტერდა; მაგრამ მოიგონა თავისი ყმაწვილობა, თავისი უნარი, არ გაჰკიცხა და უთხრა გასაფრთხილებლად:

 

 – ეეე, ბიძავ, თუ ყოჩაღათ არ მოიქეცით, ციმბირი აქეთ დაგრჩებათ...

 

 – შე დალოცვილო, იმიტომ გიახელით, რომ ციმბირს ავცდეთ, – სთქვა ცეცომ.

 

 დაასკვნეს, ვასილის რჩევით, რომ პატარა ორღობეში უდარაჯონ.

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ღამის მეხრე ცეცო