XIV

 

 

 ძაღლისხევაში გახურებული რთვლებია... როგორც მოთხრობის დასაწყისში ვთქვით, სოფელი მაღლობზე სდგას; ვენახები კი ძირს, ღელეშია, ჩაფენილი. ხალხი დატანჯულია ძირიდან მაღლა მოსავლის ზიდვითა; ბევრი ზურგით ამოზიდავს ხოლმე ტკბილსა, რაკი ურემს ვერ მიუყენებს ხოლმე შემოდგომაზე, ენკენისთვეში, მთელი ძაღლისხევა ვენახებში ჩადის: იკეთებენ მშვენიერს ქოხებს; ზოგი ორსართულიანს ქოხს წამოსჭიმავს ხოლმე. დღისით ბავშვები ხმაჩაუღებლივ უქაქანებენ ძაღლებსა, მაგრამ თვით ძაღლზე უარესობენ.

 

 დაღამდა. ხალხი ვენახებშია. შინ რჩებიან მოხუცებულნი, რომელთაც ჯანი გასტეხიათ, უკვნესით და თავი აღარა აქვთ აქეთ-იქით წოწიალის და ყარაულობისა. აგერ ერთის ქოხის წინ ანთია ძლიერი ცეცხლი; გარს რამდენიმე კაცი უზის. ამათთან სხვებიც მოვიდნენ. ქოხი ზალიკა ახალკაცისაა, ცეცოს სასიმამროსი. მაგდანა, ზალიკას ჯალაბი, ცეცხლა-პირას ფუსფუსებს; ქარი კომლს თვალებში უბერავს, მაგრამ მაგდანა თავისას არ იშლის, ურევს ციცხვით ქვაბსა, ისვრიმის ჩიხითმას აკეთებს. მაგდანას თავისი, ახლად დანიშნული ქალი თამრო თან არა ჰყვანდა, ნათლიასთან გადაეყვანა, ვინ რას ეტყოდა, ხომ პირში ჩააფურთხებდნენ მაგდანასა, ხომ მანდილი მოეხდებოდა, რომ ახლად დანიშნული თამრო ვენახში ეტუნტულებინა.

 

 მაგდანამ წამოდგა ხონჩა, რომელზედაც მადიანი თონის პურები ეწყო, ხახვის ფოჩი, ორი ბებერი კიტრი და მოხარშული კვახი. პატარა ზაქრომ დედის ბრძანებით თიხის ჯამებს წყალი მოავლო.

 

 – ე ძაღლის ტიალა, მამა-პაპანი აქ დაბერებულან და აქ დახოცილან, ამითანა ამბავი კი არ გაგონილა; ნეტა სხვაგანაც ასეა? ყველაზე ღალა უნდა ავიღოთო, – ასე გაუჩენიათ, – სთქვა ზალიკამა.

 

 – შენ ესა თქვი, კაცო, რომა ეს უპრავლიაიუჩია, თუ რაღაც იჯარადარი, თუ რაღაც ჯანაბა და დოზანა, ხელიც იმათკენა და პირიცა, – ჰო, მინამ ის მოვიდოდეს, ხო ვენახის მოსავალი უნდა მოვაგროვოთ; თუ მოუცდით, ხო სუ შიგ ჩავიდა და ჩაიფშვნა, – სთქვა ზალიკას მეზობელმა.

 

 – ნჰი, ეს კი არ არის აბა ჭკუის კოლოფი! აქ არ არის ფიდუა და ბღუნძელაშვილი?! მე შენ გითხრა, ვერავის იშოვნიან აი, რო აკრიფონ ყველაფერი!..

 

 ზემო გადაწყვეტილებამ თუმცა სოფლის ხალხი ააღელვა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს – სული ტკბილია! – ჩაჩუმდნენ, დაემორჩილნენ სვე –ბედსა და ურჩი კამეჩივით მაინც გაჰყვეს უღელში თავი და ჩოქით გასწიეს ტვირთსა.

 

 ის ბიჭები ცეცოს ქოხში შეიყარნენ.

 

 დარაჯობა შეიქმნა; ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ დანიშნულ ალაგას. დაისი გადასულია; აზნაურის ვახშმობას აღარა უკლია რა; შემოესმათ ერთის ვენახიდან რაღაც ყაყანი: ოთარას ბიჭი არ იძლეოდა ტკბილსა. პაკო, რომელიც ფიდუასა და ბღუნძელაშვილთან იყო ვენახში, წამოვიდა, ჩასაფრებულ ამხანაგებს ნიშანი მისცა და სწრაფად აირბინა სოფელში.

 

 დიდხანს აღარ გაუვლია, იჯარადარმა ცხენდაცხენ, თქარათქურით ჩამოირბინა ორღობეში და მიიჭრა ოთარას ბიჭის ვენახში. მეკულუხეებმა კარგა ხანს შეიგვიანეს. ამ დროის განმავლობაში დასავლეთის ძლიერმა ქარმა დასძრა ღრუბლები და შავბნელად გადაეკრა მშვენიერს მოციმციმე ცასა; იმავე ქარმა მალე გადაზიდა ღრუბელი აღმოსავლეთისაკენ და შავად დააწოლა მთის წვერებსა. ხანდისხან აქა-იქ გამოაცურებდა ხოლმე თხელს ლეგა ღრუბლის ნაწყვეტებსა, საიდანაც წვრილ-წვრილად ცვარავდა. ცივმა შემოდგომის ქარმა შეჰკუნჭა ხალხი ქოხებში.

 

 ბიჭები უცდიდნენ განაბულნი, ყურწაგდებულნი, გულის ცახცახით, როგორც მონადირე ნათვალევს ნადირსა. რომელთაც აი წამს დაუცივდებოდათ ხელ-ფეხი და ფრჩხილებში ოფლი წაჰხეთქდათ, ხან ცხელი ალი აჰკრავდათ თავპირში; ალი შუბლზე ცხლად გაუვლიდათ, თითქო გახურებული რკინა გაატარესო. ერთმანეთის გულის ბაგი-ბუგი ესმოდათ; პირში ნერწყვი შრებოდა ლოდინითა. აგერა მოისმა ცხენის ფეხის ხმა, მათრახის ტლაშუნი... ფიდუა და ბღუნძელაშვილი გამოიქცნენ ძუნძულით. ფიდუამ გზაზე სარი წაჰგლიჯა ვაზსა. ფიდუას ფეხდაფეხ მოსდევდნენ ბღუნძელაშვილი, მამასახლისი და გზირი. ფიდუა შედგა ღობეზე ორღობეში გადასახტომად. ამ დროს ღობეს გარეთ მდგარმა შეთქმულთაგანმა დაჰკრა მძლავრად თავში კეტი იჯარადარს, გადმოატრიალა და ორღობეში ზღართანი მოაღებინა. შეთქმული შეხტა ღობეზე, გადახტა მეორე ვენახში და – ჰაიდა! – მიეფარა.

 

 მამასახლისს ეგონა, რომ ფიდუა თავისით უცაბედად გადავარდაო, რადგანაც ხმაამოუღებლივ დაეცა; შედგა ღობეზე და უკან ბღუნძელაშვილი აჰყვა.

 

 – ეეჰუუ!! ეს ხუმრობა აღარ არის, დაგვხოცეს. ეს სულ იმათი უნარია, – შეჰკივლა მამასახლისმა. – იმ...– მაგრამ წამოუარა მესამემ, დაჰკრა ბღუნძელაშვილს და ორნივე გადაცვივდნენ. გზირმა კი გაქცევა იკადრა, ჩაირბინა ოთარას ბიჭის ვენახამდის, სადაც იასაული ტკბილს მოუყენეს. გულამომჯდარმა გზირმა უამბო იასაულს თავგადასავალი.

 

 – არიქა, მიეშველენით; თავებდამტვრეულები ჰყრიან. ეჰეი! რა დროს შევესწარით და! სწორეთ ლეკიანობაა, – ყვიროდა გზირი, რომელიც ჯანზე და ფერზე ჯერ სრულიად არ იყო მოსული. – არ გესმით? მიეშველენით იჯარადარს, კაცო, ქრისტიანები არა ხართ?

 

 

 XV

 

 

 188 - წელსა, აპრილის გასულსა, დილით ერთი ჩოჩქოლი იყო ცეცო გოდერძიშვილის კარებზე; ხალხში მითქმა-მოთქმა და ჩურჩული იყო, თავის ქნევა და გულში მუშტების ცემა.

 

 დერეფნის ტახტზე ცეცოს დედა თმაგაშლილი იჯდა, მწარედ იმდუღრებოდა და მოსთქვამდა; გვერდზე უჯდა მაგდანა, ცრემლგამშრალი; წინ, ძირს, მიწაზე მოეკეცნა ზალიკასა, რომელიც მალი-მალ იმართავდა ჩიბუხსა, მალი-მალ სცლიდა, სჩიჩქნიდა, არ ასვენებდა. დერეფანშივე იყვნენ რამდენიმე სოფლის ქალი და კაცი.

 

 – რა არის, ქა? ზოგი სამუდამოდ ეთხოვება თავის გულის საყვარელსა, შენი ცეცო ხო, – ღმერთმა სიკვდილისაგან დაიფაროს, – ხო ცოცხალია, პირში სული ხო მაინც უდგია! ქა, წინდაწინ თავი ვის მოუკლავს, რო შენ მოიკლა, – ანუგეშებდა მეზობელი ქალი.

 

 – ის არის, ჩემო ნათლიდედა ელენე, საწუხარი, რო არც მკვდრებშია ეხლა ჩემი კოხტა ცეცო და არც ცოცხლებშია; დედა მოუკვდეს, რაღა აცოცხლებს, გენაცვალეთ, ჩემს ლამაზს, კოპწია და ცქრიალა ბიჭსა სალდათების ხელშია... ოი, შენს დედასა, შვილო! გარს თურმე სულ შტიკიანი სალდათები ახვევიანო... უჰი, შენს დედასა!.. ცეცხლი-გენია ჩაუვარდეთ, შვილო, ჩემის ლეჩაქითაც დამჯდარა ბღუნძელაშვილის გადღრენილი ცოლი!..

 

 – ნუ გეშინიან, ნენე, რამაც ღმერთმა დაარჩინა, ის ღმერთი უშველის, – ანუგეშეს აქეთ-იქიდამ.

 

 – ღმერთი იმისმა მადლმა და ძალმა, ღმერთი! – სთქვეს სხვებმა მთქნარებითა.

 

 – ე მაგაზე იტყვიან, რო ობლის კვერი ცხვაო და გვიან გამოცხვაო... გვიან გამოცხვება ცეცოს კვერი, მაგრამ ისე კი გამოცხვება, რო...

 

 – თვალი მე დამიდგა, თორემ სხვას არა ვისა, – სთქვა ტუჩის აბზუკვითა მაგდანამ, ცეცოს სასიდედრომა.

 

 – უიმე, გენაცვალეთ, რა მოხდა აგეთი? ვინ არ დაუჭერიათ? პირველი მაგალითი ხო თქვენ არა ხართ? – ანუგეშებდნენ კვლავად მეზობლები.

 

 – არა, გენაცვალეთ, მე მაშინვე გული შემომკვნესოდა, არ მაძლევდა ეს ოხერი გული ნებასა, რო ჩემი თამრო ცეცოსათვის მიმეცა და დახე... გენაცვალეთ, ამას რას მოვიფიქრებდი, თუ ჩემი თამრო, ჩემი ლამაზი გოგო, დანიშნული დამიქვრივდებოდა... სუ, ე ჩემი დარბაისლისაგან დამესხა ცეცხლზე წყალი, სუ! – გაიძახოდა ზალიკას ცოლი მაგდანა.

 

 – აიბე, აიბე, აიბე! რა დაგესხა, ადამიანო! გამოვა და ისევ ის ცეცო იქნება, რაც იყო; თავს არავინ მოსჭამს და ფეხებსა. ჩემი წილი ღვთისაგან იმედი მაქვს, რო იმის სიალალ-მართლეს შეხედავს და დაიხსნის, – სთქვა ჩიბუხის ბოლებით ზალიკამა.

 

 – ოოჰ, ელისაბედ, შენ იხარე შენის შვილითა სამზეოს ქვეყანაზედ! მობძანდი, გენაცვალე, მობძანდი; გვიშველე რამე, ნათლიდედ, გვიშველე!! – შეჰბღავლა ნენემ ახლად შემოსულს ელისაბედსა.

 

 ელისაბედს ქადაგივით თეთრი კაბა ეცვა, ამნაირივე თავშალი ეხვია; ფეხშიშველა იყო, კაბა ჩაკარწახებული ჰქონდა სარტყელში. ელისაბედი შუა ხნის დედაკაცი იყო; იგი ძაღლისხეველების მკითხავია, მისამართი ყველასი და გაჭირვებისას ექიმიცაა. აი ეს ელისაბედი შემოჩიკორდა დერეფანში.

 

 – წინდაწინ თავის მოკვლა რას მიქვიანო! ჩვენ ჩვენი საცადი ვეცადოთ; ღმერთსა და მის წმიდა ხატებს შევევედროთ, რო მალე დაგიბრუნდეს შვილი. ქა, არ გამიგონია? მიხას რძალმა რაღა უნდა ჰქნას... ის უფრო აზნაურშვილი არ არის... ღარიბი კი, მაგრამ მაინც აზნაურშვილი ჰქვიან... ჰო, იმან რაღა ჰქნას-მეთქი, რო სამ-სამი ობოლი თავს დააწვა; მარჩენალი მაზლი თავს აღარ ადგია, მაგრამ, ჩემის შვილების ლხენამა, ისეა, თითქო ბუზიც არ აფრენიაო, – დაიწყო ელისაბედმა ნუგეშინის კილოზე. მოითხოვა საცერი და ლობიო; შემდეგ აიღო ნახშირი და ლობიოში ჩაურია. ნენეს უთხრა, ჩაასახელეო. მოჰყვა ტუტუნსა და ტუჩების ცმაცუნსა. ხელაპყრობილმა რამდენჯერმე სასოებით სავსე თვალებით მაღლა აიხედა.

 

 დერეფანში მყოფნი ელისაბედს გარს შემოერტყნენ; დედაკაცები წამოყუყდნენ, ჭოტებივით წაიგრძელეს კისრები და გადაჰყვეს თავები საცრისაკენ, თითქო შიგ უნდათ ჩაძვრენაო. ასე გასინჯე, დინჯმა ზალიკამაც კი ანება ჩიბუხს თავი და ცქერად გადაიქცა. ალყაშემორტყმულმა ელისაბედმა ჰყარა ლობიო საცერზე. მკითხავი აღარა სჩანდა, მხოლოდღა ისმოდა მისი მაღალი, მაგრამ წვრილი და კაჟივით მტკიცე ხმა.

 

 – დიდება შენდა, ღმერთო! – დაიწყო ელისაბედმა; – ნენე, რაზე იკლავ თავსა და ჭირისუფლობ! შენი ცეცო დაჭერილია; აი, აიი, ე ლობიოები რო შემოხვევიათ-ესა, ქალო, რუსის ჯარია; აი ეს ჭოტა ლობიო, აი ცალკე რო გახტა, მტერია, დაჰშორებია; ფიქრი არ არის ამისი, დედაშვილობის მადლმა. აი გზაცა... უიმე, უიმე, გენაცვალეთ! გიო არ მოუკვდეს თავის დედა ელისაბედსა, გიოი, რო ცეცოს არა უშავდეს რა, აბა რა სათქმელია... აი, ქალო, ეს ლობიო რო წამოჰტორღიალებია, აი სწორედ ეს ლობიოი, – ვენაცვალე იმის მადლსა და ძალსა, – წმინდა ელია ღრუბელთა წინამძღვარია; ეხმარება და ზვარასა სთხოვს შენს ცეცოსა, ჰო დედაშვილობამა.

 

 – ვენაცვალეთ წმინდა ელიასა! – გუგუნით წარმოსთქვეს იქ მყოფთა.

 

 ელისაბედმა მეორედ ჰყარა ლობიო.

 

 – აი, ხედავთ? – ელისაბედმა პირჯვარი გადიწერა; სასოებით და ზეახედვით სხვებმაც გამოისახეს ჯვარი. – აი ახლა ხედავთ? ცეცო მარტოკა დარჩა, – განაგრძო ელისაბედმა. – ეს ჭრელი ლობიო რატომ არა შორდება; წეღანაც გვერდთ ახლდა; ნეტა თუ ვინ უნდა იყოს? – იკითხა ელისაბედმა.

 

 – მიხაი, ქა მიხაი! – მიაძახეს ყველამა.

 

 – ჰა, მართლა, მიხაი!..

 

 ჰყარა მესამედ და ეხლა კი სულ ერთიანად დაჭეშმარიტებით მკითხავმა ელისაბედმა, რომ ცეცო და ჭრელი ლობიო, მიხა, აგერ გზას ადგანან და ამ სამ-ოთხს დღეში შინ მშვიდობით დაბრუნდებიანო. ელისაბედმა მოატანინა კოშტი წმინდა სანთელი; ჩამოჰქნა კაცის სიგრძე პატრუქზე, ჰაერში რამდენჯერმე შემოავლო, თითქო თავს ავლებს ვისმესო და ელიისათვის გადაადებინა.

 

 საზოგადოება დამშვიდდა; ნენემ გულხელი დაიკრიფა და გაშეშდა ტახტზე; ელისაბედის მკითხაობამ, ცოტა არ იყოს, გულს დარდები მოაშორა, აღუძრა იმედი შვილის დაბრუნებისა. მაგდანასაც სიამოვნება დაეტყო და ზალიკა ხომ სულ ლაპარაკად გადაიქცა, სიხარულით ამოიდგა ენა და ხან ამ მთისას გაიძახოდა და ხან იმ მთისასა.

 

 – მე რო გითხარით, რომა ჩემის წილის ღმერთის იმედი მაქვს-მეთქი, რაო, ტყუილად ვამბობდი? იმის მადლის ჭირიმე, იმი, როგორ გამწირავდა ღმერთი ალალმართალს კაცსა! მა! არ მოხერხდება, ნენე, დედი, არა!!. ცეცო, შენი შვილი, ალალი კაცია, ეს არის აი, – უჩვენა ხელის გულზე; – ჩემი თამრო მტრედივით უმანკოა... ღმერთო, ნუ დაგვკარგავ, ნუ! – და გადიწერა სასოებით ზალიკამ პირჯვარი.

 

 – ღმერთო პატრონო! – შეჰღაღადა ხელგაპყრობით ნენემ და რამდენიმე წამს დარჩა ამ ყოფაში.

 

 

 XVI

 

 

 ცეცო და მიხა, როგორც უწინასწარმეტყველა ვასილ გვარაძემ, დაატუსაღეს და ჩასხეს მაზრის საპყრობილეში. იმათზედ ეჭვი მიიტანეს სოფლის თავკაცების ჩვენებითა.

 

 ორივე ჩაჰყარეს საპყრობილეში, რომელიც ჯერ ხანად სკოლაა არა გასწორებისა, კაცის აღდგენისა, არამედ ყველა სიავაზაკისა, ყველანაირის უნამუსობისა, გარყვნილობისა და სიბილწის შეძენისა.

 

 მიხა, როგორც აზნაური, გაიყვანეს საკეთილშობილო ოთახში; ცეცო კი შეაგდეს ავაზაკებთან. შესვლის უმალვე ყველა ტუსაღები დამწკრივდნენ.

 

 – უცხო მოვიდა! აბა ჰა! – დაიძახა ერთმა ტუსაღმა. სთქვა თუ არა ესა, მისცვივდნენ ცეცოსა: ზოგი თავში სცემდა, ზოგი ფეხს უწევდა. გაუძალიანდა ცეცო, მაგრამ რას უზავდა ორმოც-სამოც კაცსა. ბოლოს გაიგო, რომ ყველა ახლად შესულს საზოგადო ოთახში თურმე ასეთის ალერსით დაუხვდებოდნენ ხოლმე.

 

 საღამ-საღამობით თვითეული ტუსაღთაგანი მორიგად დაიწყებდა ლაპარაკსა თავის თავგადასავალზე, თავის ავაზაკობაზე. ერთს საღამოს კვლავინდებურად გაჩნდა ბაასი. ცეცო, როგორც ახლადმოსული, ბოლოს დასვეს. ილაპარაკეს ათასგვარს გარყვნილობაზე. ღვთის წინაშე, ზოგს ტუსაღს ჯერედ კიდევ არ დაბნელებოდა და არ დაკარგვოდა სრულიად სინიდისი; ჯერ კიდევ უღვიოდა პატიოსნება, მისი ლამპარი ჯერედ კიდევ ბჟუტავდა. მაგრამ სამოცს კაცში ერთი ორი თუ იყო ამგვარი, დანარჩენნი გარყვნილების მორევში ტრიალებდნენ; ერთმანეთს სწვრთნიდნენ, ავარჯიშებდნენ ავაზაკობაში შემდეგისათვის.

 

 – დიდი ღამეებია, რა გაათენებს. აიმ ყარაულის ცქერა გულსა ჰხეთქს... რანაირ იჭყიტება და! ოჰ, შენი სახე... მაშ დავიწყოთ, ვის რა უქნია; რო გავალთ, გამოგვადგება. აბა, შენ კი, ბათათავ, მოჰყევ; დაიწყე რაღა, ქათმებს როგორ იპარავდი, – სთქვა ბელადმა-ტუსაღმა ბრძანებითა.

 

 ცეცო ჯერ ხანად ვერ ბედავდა თქმასა, მაგრამ რა ნახა, რომ ყველა გულწრფელად ამბობდა თავის თავგადასავალსა და შიში არ იყო გაცემისა, უამბო თითონაც თავის თავგადასავალი. ბელადს მოეწონა ცეცოს ბიჭობა და ბრძანა:

 

 – ადექით ყველანი და პირზედ აკოცეთ ამ ახლად შემომატებულსა.

 

 ყველანი დაემორჩილნენ.

 

 მოცლილ გონებას მოსწყენოდა მუდამ ქურდობა-ავაზაკობაზე და მის შესწავლაზე სჯა და ბაასი; ან რა უნდა მოეგონებინა? რა ჭკუის საზრდოს მისცემდა დაკეტილს სახლში ყოფნა? თავს ხომ ვერ ახლიდნენ კედელსა?

 

 – შენ რა განზე გამჯდარხარ, ღოჯავ? – ჰკითხეს ღოჯასა, რომელიც ტახტის ბოლოზე მიმჯდარიყო და რაღაცას ხეხდა.

 

 – მე იმას მივჯდომივარ, რომ მინდა ემაგ ცუდად ყოფნასა და ცუდად ყაყანს მოგარჩინოთ, ადრევ გავაკეთე კამათლები საპნისა, ყველისა, პურის გულისა, მაგრამ არ გამოდგა, ეხლა კი ცხვრის ძვლისას ვაკეთებ. აი, შეხედეთ, თვლები ნემსით შემოუხაზე და ნახშირით ჩავაშავე.

 

 – ბიჭოს, ბიჭოს! ჰხედამთ ღოჯასა? – გაიკვირვეს ტუსაღებმა; – მერე, ღოჯა?

 

 – მერე ისა, რო ეს კამათლები ავყაროთ ხოლმე და ვისაც მეტი მოუვა, ის მოიგებს.

 

 გაჩნდა ციხეში ამის შემდეგ კამათლების კეთება, ყველა ოთახში გავრცელდა და რამდენიმე თვე ამის კეთებასა და თამაშობაში გაატარეს დრო.

 

 ამასობაში ცეცო თავის ბედს უცდიდა; უცდიდა წელიწადი; მაგრამ სად არის საქმის გარჩევა! გაყვითლდა, გახდა; თავის საყვარელ თამროზე ფიქრმა ხომ სანთელივით დაუდნო და დაულია გული, მაგრამ როცა სასიმამრო ჩამოვიდა სანახავად, გული გაუკეთა, უთხრა, ოცი წელიწადი რომ იყო ციხეში დამწყვდეული, ჩემს თამროს შენ არ გამოგწირამო. ზალიკას მადლიანმა სიტყვამ დაჭიანებული, დარდებისაგან შევიწროებული და გალეული გული გაუნელა, სხივი იმედისა ჩაასკვნა. და აი ამ იმედით გამხნევებულმა ცეცომ დაუწყო ლოდინი თავის საქმის გათავებასა.

 

 

 XVII

 

 

 188 – წელს, თებერვლის გასულს, შიოობა დღეს, ყველიერში სოფელ ძაღლისხევაში დიდი სმა და პურობა იყო. ამ დროს სოფლად ოჯახს ვერ ნახავთ, რომ სახლში თავშედგმული ხონჩა არ იდგეს ქადებით და ხაჭაპურებითა. დარმაც ხელი მოუმართა ხალხსა. თებერვლის მზემ კარგა ლაზათიანად მოახურა დედამიწა. ძაღლისხეველები ბანებზე გამოიშალნენ; ეკალაშვებული საქონელი მიიყუჟა მყუდროზე საბძლებთან და მზეს შეუფიცხა გვერდები. გათბა ნიკორა, კუდს იწმაწნის ნიშა; ნიკორამ ფეხიც გაჭიმა, ზმორება დაიწყო; მოფრინდა კაჭკაჭი, შეახტა ნიკორას ხტუნია და ხერხემალზე მედიდურად აუარ-ჩამოუარა. ხტუნია ყელყელაობს, თითქოს ამბობს, ამოდენა მხეცს ვიმორჩილებო. კაჭკაჭი სწიწკნის ნიკორას ხერხემლის კანსა, ნიკორას იამა კანის ხილვა, ასე რომ ორივე სიამოვნებაში იყვნენ.

 

 ბანებზე გუნდ-გუნდად იდგა ხალხი; ერთის მხრით იდგნენ ქალები, რომელთაც წინ პატარძლები ჩამოემწკრივებინათ, უტყაპუნებდნენ ხარის ფაშვის დაირასა და აჭყვიტინებდნენ ბუზიკასა.

 

 – ტაში, ტაში, გენაცვალეთ! – იძახის მედაირე.

 

 – დაუარეთ, ჰა! ჰა! გენაცვალეთ, ჰა! – ყვირის მებუზიკე.

 

 მოთამაშეებზე ცოტა რამ მოშორებით ხანში შესული გლეხები სხედან, გაუჩაღებიათ ჩიბუხები და წინ ფურთხის გუბე დაუყენებიათ. მასლაათობენ ამ მთისაზე, იმ მთისაზე: მეორე ბანიდან მოისმის საშინელი კიჟინა და კისკის-ხარხარი – ჩალიჩსა თამაშობენ, ჩალიჩის ტკაცანი და ლაწა-ლუწი მოისმის.

 

 – აბა, ჰა, დაუარე, ბიჭო, დაუარე! მარჯვეთ იყავ, არ გაგჭრან! – ყვირის ერთი მეჩალიჩე, წრეს გარეთ მყოფი.

 

 – გაიჭრა, გაიჭრა! – დაიძახეს ხალხში.

 

 – არა, არა! – იძახიან სხვაგნით სხვანი.

 

 – ბა, ბა, ბა! რა ბიჭია და! ციბრუტივით არ უვლის მამაცხონებული, – აქებენ მეჩალიჩეს.

 

 მეჩალიჩეებში ერთი ახალგაზრდა ბიჭი ირჩეოდა ყველაფრით სხვებისაგან – მოხდენილობით, სიმარდით, სიჩაუქით, ჩაცმა-დახურვით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. ამ მოჩალიჩეს, კისკას ბიჭს ტანთ ეცვა შავი ქალაქური ჩოხა, რომელსაც ნაწიბურებში ჩაქებში ოქრომკედი ჰქონდა ჩატანებული, შავივე შალის შარვალი ჩაკეცილი ჰქონდა აჭრელ-დაჭრელებულს საცვეთებში, რომელიც ახალ ჩუსტებზე იყო დასმული; შიგნითა წინწკალა ჩითის პერანგზე ეცვა სხვა, წითელგულისპირიანი პერანგი დოშლუღის მაგივრად, გარე პერანგის საკინძი ჩახსნილი იყო და მკერდს ელამუნებოდა; კალთები ჩოხის უკან ჰქონდა გაკეცილი. ეს კოპწია ერთობ კისკასად, ერთობ სწრაფად უვლიდა ჩალიჩის წრესა. ვისაც კი დაარტყავდა, უთუოდ კანჭს მაღლა ააღებინებდა და ააკვანჭალებდა. პროწიალში შარვალი მალ-მალ ჩამოეშლებოდა, მაინც არ ფერხდებოდა, გარბოდა, ცალფეხა იმაგრებდა ჩაშლილ შარვლის ტოტს წვივსაკრავში.

 

 – შავარდენი ბიჭია! ალალი კაცია! კაცმა სიმტრით არა უნდა სთქვას რა მაგაზე. ალალს მუშას ღმერთი როდი დაჰკარგავს რომა, – სთქვა ჩვენმა ნაცნობმა სოსემ წითელგულისპირიანზე. – ალალი კაცი ქვეყნის მოკეთეა, აკი ღმერთმაც არ დაჰკარგა ჩვენი სოფლისთვისა.

 

 – ოღონდაც, სოსე, ოღონდაც! ღმერთმა სიკეთე ნუ მოუშალოს, – წამოიძახეს ერთხმივ გლეხებმა.

 

 – მაგისი მამა რო კვდებოდა, თურმე ანგელოზი ჩამოვიდა, ი სულთამხუთავს რო იტყვიან, ისა, თავს წაადგა მაგის დედას ნენესა და ასე თურმე უთხრა: “ნუ გეშინიან, ნენე, შენი შვილი სხვა ვარსკვლავზეა დაბადებული, დიდს ბედს ეწევაო”, – სთქვა მეორე მოხუცებულმა გლეხმა.

 

 – ე რა მაგ სიტყვის პასუხია და საწყალი მაგი მამა რო სულს ებრძოდა, მე იქ ვიყავი და...

 

 – გახსოვს კი შენა, ჰა, ოთარა? – გააწყვეტინეს ოთარას ლაპარაკი.

 

 – რას ამბობთ, კაცო! ნენეს ქმარი ნინიკაი ჩემი კბილის კაცი იყო... ასე იანგარიშე, მე დიდ ხორველობას რომა მეხრე ბიჭი ვყოფილვარ, კაი შენი მოწონებული მეხრე ბიჭი და შენ ხარ ჩემი ბატონი, და... ჰო, მე იქ ვიყავი, ი ნინიკას რო სული ხდებოდა, და ნინიკამ სწორეთ ეგრე უთხრა თავის დედაკაცს ნენესა... ი დალოცვილმა ანგელოზმა თუ ჩააგონა...

 

 – ზალიკაც ჩვენში ძაან მადლიანი კაცია, მართალი; ზალიკამ თავის დონის კაცი იშოვნა... საცა დოვლათი დაიბუდებს, ძმავ, ის არის! ჯოჯოხეთის მუგუზლითაც ვერ გამოაგდებ. ზალიკას ძველადგანვე დოვლათი მოსდევს; მაგისი გვარი სუ ეგრე დოვლათიანი ყოფილა ყველაფერში. ალალი უყოს ღმერთმა... კაცი შვილივით გაზარდა, იცოდა, რაც კაცია, როგორი გამრჯელია, როგორი გულისა და...

 

 – კაცს შუბლზევე აწერია თავისი კაცობა, – ჩამთქნარებით სთქვა სოსემა.

 

 – გაიჭრა, გაიჭრა! – გაისმა წრიდან ხმა და მოხუცებულებს შეაწყვეტინა ლაპარაკი.

 

 – ასე, არა!!

 

 – რათა, ძმაო, საცვეთში მომხვდა, ტყუილი რის მაქნისია, – სთქვა გაჭრილმა.

 

 – აბა, მაგ ზემოუბნელსა, ზემოუბნელსა, კანჭები შეუხურეთ, ჩვენი უბნის ქალი ჰყავს; აბა ჰა! კანჭები შეუსისხლიანეთ, რო სისხლი ავიღოთ, – ჰყვიროდა ხალხი.

 

 წრის ახლო ქალებიც იდგნენ; ერთი ხანში შესული მანდილოსანი მხიარულის კაბით ერდოს ჭდეულზე ჩამომჯდარიყო და აღტაცებით შეჰფრფვინვიდა წითელ გულისპირიანს მეჩალიჩესა. ამ მანდილოსანს გვერდით უდგა ლამაზი, სავსე სახის პატარძალი, რომელსაც ორი თითი ტუჩზე მოედო და ჩუმად კუჭკუჭებდა მეჩალიჩეების ხტუნაობაზე. ლამაზს პატარძალს მარცხნივ მოსდგომოდა ჭაღარაშერთული კაცი, დარბაისლურად ჩაცმული. მოხუცებულს მარჯვენა ხელთ ჩიბუხი ეჭირა, მარცხენა ნიდაყვით ჯოხზე დაეყრდნო და მარჯვენისათვის ბოძად მიეცა.

 

 – ნეტავი შენს დედასა, – სთქვა ერთმა მანდილოსანმა, როცა წითელგულისპირიანმა ციბრუტივით დაუარა და ერთხელაც არ დაიკრა ჩალიჩი.

 

 – უი ჩემს თვალებს, ქა! რა პასუხია?! რა დაგემართა, შენი მეზობელი იყო, ხელიდან როგორ გაუშვი და შენი საბედა არ მიეცი, – უთხრა პირველს მეორემა.

 

 – ნეტა შენაცა, ნატროვ! ზალიკას ჩემოდენა კუდი დასთრევს; რაკი მოუსვა, ის იყო, გათავდა!.. მაგრამ ღმერთმა ისე გააბედნიეროს, როგორც თავისი დედის ალალსა და ქვრივ–ოხერს ძუძუებს უნდოდეთ, – სთქვა გულწრფელად საბედას დედამა.

 

 ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა ამ შიოობა დღესა სულ წითელგულისპირიანზე ლაპარაკობდნენ. იმ დღის ვარამიც ის იყო და სიხარულიცა. ეს წითელგულისპირიანი იყო ჩვენგან უკვე ცნობილი ღამის მეხრე ალექსა გოდერძიშვილი, ჩვენი ცეცო, რომელიც საპყრობილედან გამოეშვათ რამდენიმე წლის უკან და რომელსაც იმ ედი შეუსრულდა და ჩაიკონა შავთვალებიანი თამრო.

 

 ცეცოს ქორწილის შემდეგ სიმამრ-სიდედრის სახლში შიოობა დღეს ფეხი ებრუნა და სოფლის ჩვეულებისამებრ ახალი სიძე, ზემოუბნელი ცეცო, შუაუბნელებს ჩალიჩში ჩაეყენებინათ გამოსაცდელად და ყველანი თვალგაფაციცებით, სიყვარულით და სიამოვნებით შესცქეროდნენ ცეცოსა.

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ღამის მეხრე ცეცო