მგალობლიშვილი სოფრომ

 

ყაყიტას ქურდი

 

 

 I

 

 

 მდინარე ფრონის პირზე ყაყიტას სიმინდი ჰქონდა დათესილი. მკათათვის გასული იდგა; სიმინდი დატაროებული იყო, საამურად გაჰქონდა მას ღაღანი და შრიალი. ყაყიტას ისე გამოეწმინდა სიმინდი თოხით, რომ ადამიანი სათითაოდ დასთვლიდა ყოველ სიმინდის ღეროს, რომელიც გალაღებულიყო, თავი მაღლა აეღო, ტარო უხვად დაესხა და ოქროს ქოჩორს ცელქს ნიავს აბურძგვნინებდა. ამ გაფუფუნებულს ყაყიტას სიმინდს მარჯვნივ წისქვილის რუ ჩამოუდიოდა, რუს გაღმით ვენახი მდებარეობდა: მარცხნივ, მდინარის მახლობლად, იდგა უზარმაზარი კაკლის ხე, რომლის ჩრდილი ოდნავ ჰხვდებოდა სიმინდს. ხე მდინარეს გადასცქეროდა; ერთი მისი ტოტი ფრონის ზვირთებს ელამუნებოდა, ქარი სდევდა ტოტს და წყალი ეშხაპუნებოდა; წინწკლებით შემოპკურებული ფოთლები მარგალიტივით ნაკერს სახეს მოგაგონებდა. ფრონე თავის პატარა, მაგრამ გიჟმაჟ წყალს უშხაპუნებდა იმ კედელს, რომლის გვერდით ამართული იყო კაკალი; კაკლის ძირში ტრიალებდა წყალი, გაეკეთებინა მორევი, რომელიც სოფლის ბავშვებს საბანაოდ ამოერჩიათ.

 

 – ნათლი ყაყიტავ, ვერ გაათავე ე სიმინდის რწყვაი – გადმოსძახა ვენახიდან მეზობელმა.

 

 ყაყიტამ შუბლზე ხელი მიიჩრდილა და გვერდზე გადახედა.

 

 – აი, საცაა ბოლოში გავა – უთხრა ყაყიტამ.

 

 – გუშინ ჩაუგდე და აქნობამდინ რა დაგემართა ნათლი? ძნელი სარწყავი თუა?

 

 – რა სათქმელია! – დაეყუდა ყაყიტა ბარზე და უთხრა მეზობელს: – ძნელი არ არის ნათლია-შვილობამ, მაგრამ ჯანი აღარ მომდევს: სიბერე ძნელი ყოფილა. შენოდნობისას ემოტოლა მიწა ერთს წამს პირქარათაც არ გამიხდებოდა, მაგრამ რა გაეწყობა, – თქვა ბერიკაცმა თავის ქნევით.

 

 – კარგა დაგიბუჟბუჟებია! ოჰ შენი მადლის კი ჭირიმე! არ აღელვებულა ე დალოცვილი, ესა! ღვთის თვალი ტრიალებს, ნათლი, ღვთისა, ამ შენს სიმინდში.

 

 ყაყიტას სიამოვნების ჟრუანტელმა გაურბინა და სიხარულით გული აუტოკდა; მოუნაკადლა წყალი, აიმართა და ალერსით გადახედა მოღაღანე სიმინდს.

 

 – აქ კიდევ რა არის! – სთქვა გულ-გაკეთებულმა ყაყიტამ: – აბა, აი, კაკლისკენ წაიარე; ნაკორდალია, წრეულს გადავბარე, ასეთი სიმინდია, რომ ცხენიან კაცს გაუძნელდება გავლა, სულ მაჯის სისხო ტარო აყრია.

 

 – იცი, ნათლი? მე მივუნაკადლებ ბოლოში... აღარა ჰკლებია რა და მერე მე ჩავუგდებ ჩემს სიმინდში. ერთი კვირაა, თან დავდევ მერუეებსა.

 

 – წაიყვანე, შვილო, მე რა დამშლელი ვარ; წყალი ქვეყნისაა.

 

 ყაყიტას ნათლობის სახელი სხვა იყო, მაგრამ სოფელს ერთხელვე ეს სახელი დაერქმია. მისი ნათლობის სახელი აღარც კი ვინმემ იცოდა, სულ “ყაყიტას” ეძახდნენ და თითონაც კი არ იცოდნენ, თუ რად ეძახდნენ. ყაყიტა მოხუცი იყო, ესე სამოცის წლისა; სახლში ჰყავდა ოთხი გომბიო, როგორც თითონ ეძახდა-ხოლმე. ოთხივ ერთი-ერთმანეთზე მომდევნოი, თითქმის ოთხივ მზა, გასათხოვრად მოწიფული ქალი.

 

 ყაყიტა იყო შუათანა ტანისა, წელში ერთობ მოხრილი, თითქო რკალიაო. სახე ჰქონდა მშვენიერი: პირი მუდამ სუფთად გაპარსული, რომელზედაც გადაჰფენოდა თეთრი და განიერი ულვაშები. თმა მუდამ სუფთად ჰქონდა გადავარცხნილი. ეს თეთრი და გრძელი თმა ჩაფენილი ჰქონდა კისერში და ზედ შავი ჩითის თავშალი ერტყა. შუა ალაგას სიმინდში, მაღლა სარზე თავისი ძველი შავი ქუდი ჩამოეცვა და ზედ ფარა-ფარად ნაქცევი ლურჯი ლეინის პერანგი ჩამოეკიდა. ვენახის პირისპირ ედგა ორჩოფეხებზე შემდგარი ქოხი, რომელიც სიმინდს ზედ დაჰყურებდა.

 

 ყაყიტამ რწყვა გაათავა, ჩაჯდა რუს პირას, თავიდან თავშალი წაიხსნა, პირი რუში ჩაიბანა და სველი სავარცხლით ქოჩორი გადივარცხნა. შემდეგ ავიდა ქოხში, რომელსაც ცალფეხი კიბე ჰქონდა მიდგმული. ზის ყაყიტა ქოხში, ჯამზე ცივი წყაროს წყალი დაუსხამს, რომელიც იქვე კაკლის მახლობლად გამოჩხრიალებდა, ჩაუგდია შიგ სიცხისაგან გამომხმარი პური, ალბობს და სჭამს. ილოღნება მოხუცი ყაყიტა, რომელიც ცალი ნიდაყვით დაყრდნობილია მოკეცილ ფეხებზე და მეორე ხელი ჯამში ჩაუყვია და პურს ამტვრევს.

 

 

 II

 

 

 – აბა, ვინ უფრო უწინ გაიხდის, ვინა? – მორბოდნენ ბავშვები მორევისაკენ, ეკამათებოდნენ ერთმანეთს და თან ქამრებს იხსნიდნენ.

 

 ხმაურობაზე ყაყიტამ ქოხიდან თავი წამოიგრძელა და ცალი ხელი ჯამში ჩარჩა პურის ამოსაღებად. ბავშვები ჩაცვივდნენ კაკლის ქვეშ, იძრეს ტანისამოსი საჩქაროდ და ფოტოროდგან მორევში გადაეშვნენ. ასტყდა ყიჟინა, გამხიარულდა ჭალა და ვენახები. მწყემსებმაც შუადღის ხარი მორევთან მორეკეს საგრილობლად.

 

 – ეფრემ! აბა მოდი და ე კაკლის ტოტზე გავიდეთ და ისე ჩავიყურყუმელაოთ მორევში! – უთხრა მიხამ.

 

 – გავიდეთ... ერიჰაა! მოიცა, კაცო-და! ერთად გადავხტეთ. – აცოცდნენ კაკალზე და გავიდნენ იმ ტოტზედ, რომელიც ზედ მორევზედ იყო გადაშვერილი. მიხამ კაკლიდან გადახედა სიმინდს და მსუნაგობა აღეძრა. სიმინდის ტაროებმა სრულიად წარიტაცეს; დაავიწყდა, რომ კაკალზე ზის და საბანაოდ ემზადება.

 

 – გასწი, ბიჭო, რას გაშტერდი? – და ეფრემამ კისერში ხელი წაჰკრა.

 

 – ბიჭო, ეფრემ, რა ტარო აყრია-და! ვინც არ დაამტვრიოს, ელიას მადლი გაუწყრეს.

 

 – წადი, შვილოსა, იმ დღევანდელი არ იყოს! დამამტვრევინე ტაროები და კინაღამ დედაჩემმა დამარჩო; ნაქურდალი სიმინდი რად სჭამეო.

 

 – შენ რომ დოყლაპია იყო, ვისი რა ბრალია! მაგ პირში ენა არა გქონდა? ეტყოდი, რომ ჩვენს ვენახში დავამტვრიე-თქო... იცი? რო ვიბანაოთ, მოვიცადოთ: ხალხი მილაგ-მოლაგდება და მაშინ შევიპარნეთ. – ეფრემას სულმა წასძლია. თუმცა კი რამდენსამე წამს შეყოყმანდა, მაგრამ მიხას თანხმობის ნიშნად მაინც თავი დაუქნია, ციყვებივით გაირბინეს ტოტზედ და გადახედეს მორევს.

 

 – აბა, ბიჭებო, გვიყურეთ, რომელი უფრო დიდხანს იქნება დაყურყუმელავებული... ეფრემ! მოდი რაღა, ერთად გადავეშვათ! – დაუძახა მიხამ.

 

 აურ–დაურიეს წყალი, რომელიც სოფლის ბიჭებით აივსო: ზოგი ჭიდაობდა, ზოგი კამეჩზე ჯდებოდა, რომლებიც ჩაყრილიყვნენ მორევში და სიამოვნების ნიშნად კუდებს ასხმარტალებდნენ. ეფრემას საქონელის წვალება ძლიერ უყვარდა; ჩააცივდა კამეჩებს: ხან კუდზე მოეკიდებოდა, ხან რქაზე დაეკიდებოდა. ააბორგა მთელი საქონელი. – ბიჭო, რა აბუეტი რამა ხარ? ჩამოეხსენ მაგ კამეჩებსა! – შემოუტია მწყემსმა, რომელიც ფოტოროს პირზე გადმომჯდარიყო. – კიდევ!.. ჩამოეხსენ, თორემ ისეთს გადმოგაწნავ ამ სახრესა, რომ “ვაი, დედაჩემს დაველიე!” იძახო.

 

 ეფრემა განზე გადგა, წამოავლო ქვას ხელი და მოუღერა.

 

 – ასე გაგიხსნი მა შუბლს ამ პირიანი ქვით, რომ... – აქ მწყემსი წამოუხტა. ეფრემა ხარხარით მორევში შევარდა და იხვივით ჩაიყურყუმელავა.

 

 – მაგისთანებს გასწავლიან ქალაქში, ი სკოლაში, ჰა-ე?..

 

 მზე საშუადღეოდან გადაიხარა, სიო დაიძრა. მწყემსებმა საქონელი ჩრდილოებიდან წამოშალეს და მინდვრად საძოვარზე გაირეკეს. ყველა მილაგდა, ყაყიტამაც ფეხი გაშალა და ტკბილს ძილს მიეცა. ეფრემამ და მიხამ იდროვეს, მელასავით წაიგრძელეს კისრები, ფეხაკრეფით შეიპარნენ ნაკორდალს სიმინდში, ჯიბე-უბეები დაიტენეს, გაძვრნენ ჭალაში და ვიწრო ორღობით ქაქანით შინ აცვივდნენ.

 

 ეფრემას მამა შუათანა შეძლების აზნაურიშვილი იყო. ამ ერთ შვილს სასწავლებელში ზრდიდა და დანარჩენებსაც ამზადებდა. “თუ ამ დროში კაცმა სწავლა არ მიიღო, ცუდია გვარიშვილობა, იგი ადამიანს პურს ვერ აჭმევსო”, ამბობდა-ხოლმე ხშირ-ხშირად ცხოვრებისაგან გამოცდილი ნიკოლოზ აბულაძე, მამა ეფრემისა. იმ საღამოზე, რა დღესაც ეფრემამ ყაყიტას სიმინდის ტაროები მოიპარა, ნიკოლოზ აბულაძემ ბალკონზედ ხალიჩა გააშლევინა და ზედ წამოწვა. ცოლი ამისი კარების დირეზე დაჯდა. დედას ბავშვები შემოხვევოდნენ; პატარა ვაჟი დედას უკან ნაწნავებზე დაჰკიდებოდა, აცოცდებოდა ბეჭებზედ და ტკბილად ჰკოცნიდა და ეალერსებოდა. დედა ხმასაც არა სცემდა, თითქოს შვილის ალერსს არა ჰგრძნობდა. ეფრმამ გამოიტანა ცხელ-ცხელი სიმინდები და სათითაოდ დაურიგა. მამა წამოჯდა, გამოართვა სიმინდი და ფხვნა დაუწყო.

 

 – სიდო, სიდო! – უძახის ეფრემა თავის პატარა დას: – აბა, მარილი დააყარე შენცა, ისეთი გემრიელია მარილით, რომ...

 

 – არა, შვილო, გატყუებს: დაგახველებს, გენაცვალოს დედაი.

 

 – იიი, გამოჭორა!.. დაახველებს კი არა, დააქუშებს! მარილიანი უფრო არ აწყენს, – სთქვა მამამ.

 

 – რაც გინდათ ჰქენით, მამით შვილებიანად ჯიუტები ხართ, თქვენ ხომ ადამიანი ვერაფერს შეგასმენთ.

 

 კარგა შეღამდა, მაგრამ ამომავალმა ბადრმა მთვარემ გაჰფანტა ღამის სიბნელე და ქვეყანა გაასპეტაკა. თავისი შუქი სვეტ-სვეტად ჩაუშვა ჭალა-ვენახებში და ათასფრად ააბრჭყვიალა. ფრონის ისედაც ანკარა წყალმა უფრო ციმციმ-კამკამი დაიწყო.

 

 ამ ბუნების სიმშვენიერესა და სიკეკლუცეს უფრო ალაზათიანებდა და ფერს აძლევდა ურმის ჭრიალი და ზედ ტკბილი ურმული, რომელსაც მეურმე გულსაკლავად მტრედივით აღუღუნებდა, ჰკლაკნიდა და შოლტს მარდად უწკაპუნებდა საყევრის ხარებს.

 

 ეფრემას მამა გადაწვა ისევ მუთაქაზედ და ბუნების სიმშვენიერით სტკბებოდა.

 

 – სიდო, სიდო! შეხე, შეხე, მთვარე როგორ გარბის.

 

 – დედა! ი პატარა ვარსკვლავი რომ მისდევს უკან ტუსტუსითა, იმისი შვილი არის, იმ თვარისა? – ჰკითხა პატარა ვაჟმა.

 

 – ჩვენს ცხენს რო მისდევს ხოლმე კვიცი, ისე კი გამოსდევნებია-და? – დაურთო სიდომ.

 

 – შვილი კი არა-და! აი, ის მთვარეა და ის იმისი ვარსკვლავი. მთვარეს შვილი ვინ მისცა! – ჩაერია ლაპარაკში ეფრემა.

 

 – მამა, მამილო! ის მართალია, რომ ცა გაიხსნება-ხოლმე, ღმერთი ხელს ჩამოჰყოფსო და, ვინც იმას დაინახავს, მაშინ რასაც ინატრებს, მისცემს? – ჰკითხა სიდომ მამას და მიუჩოქა წინ.

 

 – ტყუილია, შვილო, შენისთანა მოცლილებს მოუგონიათ.

 

 – გაიხსნება კი არა-და, ის არ გინდა! მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს რასაც ვხედავთ და ცას ვეძახით, სულ ჰაერიაო. მზე, მთვარე და ვარსკელავები სულ ჰაერში ჰკიდიანო, – სთქვა ეფრემამ ტაროს კბეჩით.

 

 – სიდონია, ქალო! რას ინატრებდი, რომ გახსნილი ცა დაინახო? – ჰკითხა მამამ.

 

 – ღმერთო, გამომიყვანე იმისთანა ნასწავლი, როგორც ჩვენებიანთ კატო არის-მეთქი.

 

 – ჰა, ჰა, ჰა! – გაიხარხარეს მშობლებმა: – სკოლაში მიგცემ, შვილო, და ვნახავთ... – ამ დროს ძირიდგან ფეხის ხმა, ჯოხის კაკუნი და რაღაცის შრიალი მოისმა. მომავალი ხანდისხან ახველებდა. ვინც იყო კიბესთან გაჩერდა... ბალკონზე ბაასი შეწყდა. პაწია ბავშვები კიბის კარებს მისცვივდნენ.

 

 – ნათლია ნიკოლოზ, შინა ბრძანდებით? – იყო ხმა ძირიდგან.

 

 – ოჰ, ყაყიტავ, შენა? ამოდი, ნათლიმამ, ზევით.

 

 მოხუცი ყაყიტა ჯოხის ბჯენით კიბეზედ ამოვიდა. ზურგზე მას ეკიდა დიდი კონა სიმინდის ღეროებისა, რომელიც ბალკონის იატაკზე დააგდო, ქუდი იღლიაში ამოიდო და გულზე ხელდაკრეფილი დადგა. ზურგი მთვარისაკენ ჰქონდა შექცეული. ბალკონზე მოკუზული ყაყიტას ჩრდილი წამოდგა. იმის ისედაც თეთრს თმას მთვარის შუქზე ელვარება გაჰქონდა. ყაყიტა უძრავად იდგა, თვალები სისხლის ცრემლით აევსო, ყელში სული მოებჯინა და ძლივსღა წამოილუღლუღა:

 

 – საღამო კარგა ყოფნისა!

 

 ყაყიტას სახემ ეფრემა დაატორტმანა: მიპროწიალ-მოპროწიალდა, მაგრამ თვალთ ისე დაუბნელდა, რომ გზა ვეღარ გაიგნო; დაასხა ცივმა ოფლმა, ტანში ცხელმა ალმა გაუარა, აჭინჭრა. სიმინდის ტარო, რომელიც პირთან მიჰქონდა, ჰაერში გაუშეშდა. ყაყიტას მწუხარე სახემ, მისმა თეთრმა თმამ და მოკაკულმა სხეულმა ეფრემას გული დაუწვეს.

 

 – რას იტყვი, ყაყიტ? ეს კონა რას ნიშნავს?

 

 – ნუ შემრისხავთ, შენი ჭირიმე?.. მოგეხსენებათ, ნახევარი დღის სიმინდი მაქვს ჭალაზედ, ჩემი ნაწვავ-ნადაგი, ჩემი ფეხით გადაბარული, სისხლი შიგ ჩამიწვიმებია; სიმინდია, რომ ღვთის თვალი შიგა ტრიალებს. შეპარულან, შენი ჭირიმე, ე თქვენი შვილი ეფრემი და თქვენებიანთ მიხაი; რაც დაუმტვრევიათ, აი ეს ერთი კონა გაახელით, რაც არა და, სულ ძირს დაუგიათ, ახალი მორწყული გახლდათ. ჩემი წვრილ-შვილის ცოდვას ნუ დაიდებენ, ეს ერთი ღვთისთვინაც დამივალებია და მაგათთვისაც მიპატივებია ნათელმირონობის ხათრით.

 

 ეფრემას რომ მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ის ერჩივნა. სირცხვილის ცეცხლით იწვოდა, სრულებით გაშეშდა: სულიერი არსების ნიშანი აღარა ჰქონდა.

 

 – შეგირცხვეს ნამუსი, ჰო-და-ჰო, – მიაძახეს მშობლებმა: – ეგ იმედი გვქონდა შენგან?

 

 – არა, ზიარების მადლმა, ჩემი ბრალი არა ყოფილა: მიხამ გამაბრიყვა.

 

 წასქდა ეფრემას თვალიდგან ცრემლი, მოჰყვა ქვითინს და ყაყიტას წინ დაემხო. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ყაყიტას ქურდი