მგალობლიშვილი სოფრომ

 

ჯორ-ზაქარა

 

 

 (ბატონყმობის წინ და შემდეგ)

 

 I

 

 – მაშ ვერა ბედავ, ჩემო პეტრე, კვარხეთში ქალის გათხოვებასა?.. შენ ტყუილად გვწუნობ ჩვენ, კვარხელებსა.

 

 – ღმერთი გაუწყრეს, ჩემ-თავადა, დამწუნებელსა, მაგრამ ხომ გითხარი, მეშინიან, ძმაო, თქვენი ბატონისა... რად დავაჯიჯგნინო ჩემი გოგო იმ გულმურდალს თქვენს ბატონსა... არა, ძმავ. მე შვილი მაგისთვის არ გამიზდია! – უთხრა პეტრე ჯიღაურმა მაჭანკლად მოსულს სოსეს.

 

 სოსემ თავი ჩაჰკიდა; დარბაზში შუაცეცხლი ენთო, სინათლე ცეცხლისა დაციმციმებდა სოსეს ჩაფიქრებულბს სახეზე; სოსეს ლუკმა პირში გაუჩერდა, ყელი აღარ უშვებდა დაბლა, ჩაშტერებოდა ცეცხლს, თითქო სურს იმის ალსა და ნაკვერჩხლებში ამოიკითხოს მიზეზი თავის ბოღმებისაო.

 

 – აჰა, ჩემო სოსე, გადუსვი ე ჯამით მაჭარი, ცოტა შევჭიჭინდეთ, თორემ ბოღმამ ლამის მეც წამიღოს.

 

 – ოჰიმე, რა სიცოცხლეა ჩვენი სიცოცხლე, რა!!. რად გაგვაჩინა გამჩენელმა... ის არა სჯობდა, ისევ პირუტყვ-მხეცებად ვყოფილიყავით! მშურს, როცა ვუცქერი, რომ ისინი ხარობენ თავის შვილებითა, ხელს არავინ უშლის, არავისი მურდალი ხელი მათ ნამუსს არ ეხება... ჩვენა ვართ მხოლოდ დაწყევლილები; ჩვენ გავჩენილვართ მხოლოდ ბატონების ლუკმადა, ნამუსი გაგვიწყეს! – სთქვა თავჩაქინდრულმა სოსემ და ბოღმამორეული ხარბად დაეწაფა მაჭრის სავსე ჯამსა. გამოწაფა, გადმოატრიალა ჯამი და ენით ტუჩ-ულვაში ჩაიწუწნა, – ასე მტერი დაგეცალოს, ჩემო პეტრე, დააყოლა სოსემ და ჯამი გადააწოდა.

 

 – ჩვენს მტერს რა დასცლის!.. გაიხედე რამდენი ახალგაზდაა ამ ჩვენ სოფელში უცოლოდ დარჩენილი, რამდენი ქალია გაუთხოვარი!.. კაცს ქალი ვერ უთხოვნია ბატონის შიშითა... პირველი ღამე კანონით ჩემიაო... წადი და შენ სამართალი და კანონი სთხოვე...

 

 – კანონიც მაგითი დაწერილია და სამართალიცა, – დაურთო შეჭიჭინებულმა სოსემ და პირს ღიმი მოადგა. – ჰაი, ნეტა ერთი დღე მეცა მქნა ბატონი, ვაჩვენებდი ი დიდ ქალბატონს სეირს..

 

 – ხა, ხა, ხა! – გადაიხარხარა პეტრემ, – ჰაი თუ, ჰაი თუ... მაგრამ ვინ მოგვცა ეგ ბედი. აი ჩემი შვილი სულ გაიძახის, ბატონყმობა საცაა გადავარდებაო. ჩემ ცოლს მაშინ მოვიყვანო...

 

 – რომელი შვილი?

 

 – აი ჩემი ზაქარია! ისეთი გოგო ვუთხოვე ახალსოფელში, როგორც მარწყვი, იმის ნახვას არა სჯობიან რა, მაგრამ, ძმაო, ჩემი ბატონის შიშით ვერ მომიყვანია... აივლის და ჩამომივლის: პეტრე, რატომ რძალი არ მოგყავსო! მეც ვეუბნევი: ,, რა ვქნა, შენი ჭირიმე ბატონო, შავ და უკუღმა ის დღე, როცა ჩემმა ზაქრომ იქორწინა ი ახალშენელ ქალზე. ჭირკოტიანი გამოდგა და რა ოხრად მინდა, ი რო სახლში მოვიყვანო-მეთქი”...,, ჰაი, შენ დიდი კუდიანი ხარო, მეუბნევა ბატონი მუდამა, ალბათ ლამაზი იქნება და მიმალამო, სად წამიხვალ, როდემდის დამიმალამო”...

 

 – ახლა, პეტრე, კარგი, ვთქვათ ბატონყმობა გადავარდა, როგორ გგონია, კარგი იქნება, ან როგორ უნდა გადავარდეს...

 

 – რა ვიცი, როგორ იქნება და რა იქნება...

 

 ამ დროს დერეფნის კარმა ჭრიალი მოიღო; მაჭრით შეხურებულმა მობაასებმა ყურები ცქვიტეს, პეტრე მიხვდა, უთუოდ ზაქარა დაბრუნდა მოყვრებიდან, თორემ სოფელს სძინავს და ამ დროს ვინ მოვიდოდა ძაღლების შიშითაო.

 

 – რომელი ხართ შინა. ერთი მკვარი გამომისინათეთ.

 

 პეტრემ იცნო შვილის ხმა, გაფიცხებულ მკვარს წალდის ყუით თავი დაუჩეჩქვა, მიადო ნაკვერჩხლებს, დაუბერა და მკვარი სანთელივით აენთო.

 

 შემოვიდა ზაქარა დარბაზში; ის შარვალში იჯდა, ჩოხა შემოკაპიწებული ჰქონდა, მხარ-იღლივ საპირისწამლე, წინ ხანჯალი, წელში დამბაჩა და მარჯვენა ხელში თოფი, რომელიც ჯოხივით დაიბჯინა და გაჩერდა ცეცხლის პირსა.

 

 – ძაან დავგვიანდი; მინდორმა შემიქცია ნადირობით, ერთი მელა გამოვასალმე წუთისოფელსა და ორი კურდღელი; ვენაცვალე ჩემს ჯეირანას, სწორედ ქორივით აიყონა სამივენი...

 

 – აი, შვილო, ეს სოსე ხმიადაშვილია, ჩამცივებია ი ქალი მიათხოვე ჩემს სახლისკაცსა, კაი ოჯახიშვილიაო... მაგრამ რა ვქნა, ერთი ახორმაზი ბატონი ჰყავთ, სვავივით გაუმაძღარი; ვერც ვერავის გაათხოვებენ, ვერც ვერავის რძლად მოიყვანენ იმის შიშითა... რა ვქნა, სიბერემდე ნამუსიანად მიცხოვრია და ეხლა სიბერის დროს საეშმაკოდ რად გავიხადო სული.

 

 – ფიქრი არ არის, მამაჩემო! ეხლა მე გადავსწყვიტე, ნადირის მაგივრად ბატონზე ვინადირო... რა არის ჩემი სიცოცხლე! ორი წელიწადია, ცოლი შევირთე, შვილიც გამიჩნდა და ჯერ ჩემის სახლის ჭერს არ გაუცინია!.. ეხლა მე გადავსწყვიტე, დღეისწორებში მომყავს ჩემი ცოლი, ქორწილი უნდა გადავიხადო, მოვიდეს ჩემი ბატონი ესტატე და, თუ ბიჭია, გაბედოს რამე. აი ეს ჩემი სიათა გასცემს პასუხსა... მოიყვანე შენც, სოსე, ჩვენი სასიძო... თაფლო, გამოდი აქეთ... აი ჩემი დაი, კაი გოგონაა, თუ ჩვენი სასიძოც კაი ბიჭია, ფიქრი არ არის ბატონისა... ჩემი სიათა იმასაც ეყოფა.

 

 – ბიჭო-შვილო, ეს ერთი თვეა მე შენ ვეღარ გცნობ... რა წერას აუტანიხარ... დაგიჭერენ, შვილო, კოსტროში გაგატარებენ და მერე იმ ოხერ ციმბირში გიტუცამენ თავსა∗.

 

 – უნამუსოდ სიკვდილს ყველაფერი სჯობიან. ერთხელ ამოსასვლელი სული უნდა ერთხელ ამოვიდეს...

 

 – ე ოხერი ბატონყმობა რო გადავარდება, მაშინაც ასე იქნება?.. აქეთ-იქით დადიხარ, შეიტყობდი რასმესა, – ჩაეკითხა სოსე ზაქარასა და ისეთნაირად ჩააშტერდა თვალებში, თითქო შიგ უნდა ჩაუძვრესო.

 

 – ჰმ... არც იმისაგან იქნება ხეირი, თორემ ეს დღე ნიშანი იყოს, ეს ცხვირი მომჭერით, თუ ხეირი იქნება რამე...

 

 – მაშ ასე უნდა ვეწვალოთ ჩვენი დღენი?!. – ერთად წამოიძახეს პეტრემ და სოსემ.

 

 – ვინც ჩვენ გვაწვალებს, ჩვენც ვაწვალოთ: მომკლამს, მოვკლამ; გულის საყვარელს მომგლეჯს გულიდან, მეც ამოვგლეჯ...

 

 – მერე, ადამიანო, ის ოხერი კოსტრაი, ი ოხერი ციმბირი!..

 

 – ხა, ხა, ხა! – გადაიხარხარა გულიანად ზაქარამ და ტაში შემოჰკრა, – თქვე დალოცვილი შვილებო, ეხლა სულ მუდამ კოსტრაში არა ვართ? ციმბირი არა გგონია, რო მუდამ ტყე-ღრეში ვმალავთ დედაკაცებსა? ერთხელ გავლა სჯობია ბეწვი ხიდზე, ათასჯერ კანკალსა...

 

 – რას ამბობ, კაცო! – ერთხმად შესძახეს სოსემ და პეტრემა.

 

 – ჰო, ზიარების მადლმა, მართალს ვამბობ... ი ხვალინდელი მზის თვალის მადლმა!.. ახლაც არ დაიჯერებთ!

 

 პეტრეს პირი ღია დარჩა და ლუკმა პირში გაუშეშდა, სოსე ქანდაკებად დარჩა: მაჭრის ჯამი გაშვერილი, თვალები გაჭყეტილი და მარცხენა ხელის მაჩვენებელი თითი წაკაკული.

 

 – ნწა-არა! ეგრე არ შეიძლება, ნუ იცი ე ახირებაი შენა... ტყუილად კი არ დაგარქვა სოფელმა ჯორ-ზაქარაი: რასაც აიხირებ გაქირ ჯორივითა, უკან აღარ დაიხევ, – უთხრა მამამ. – მე ისევ ესეთი წვალება მირჩევნია ი ოხერ კოსტრას და ციმბირსა... ჰეჰეი! მე რომ კოსტრაში გატარებული კაცი მინახავს!!. დედა, დედა!.. ღმერთმა ნურავის აჩვენოს... ხორცის ნაფლეთები სულ ცაში ადიოდა, კანსა და ბისტს რო კოსტრო დაჰკრეს∗...

 

 – ი კოსტროში ერთხელ მოკვდება კაცი, ჩვენ კი ჩვენი დღენი სულ სიკვდილში ვართ, სულ ვკვდებით და ვკვდებით, სულ ერთთავად სიკვდილს ვუცქერით... საწყალი კაცის ხარს, ხომ იცი, კისერი მოღლეტილი აქვს მუდამ უღლის ტარებითა, ჩვენც ისე ვართ...

 

 – ბატონყმობა რო უნდა გადავარდესო... გლუხარიჩს ჩამოუტანია რუსეთიდან ამბავი, რომაო უნდა ბატონებმა ყმები გაააზატონო, ისინი თავისთვის იქნებიან, ჩვენ ჩვენთვისაო... თურმე გლუხარიჩს კიდევაც გაუაზატებია თავისი ყმებიო**.

 

 – ბაკში რომ საქონელს დავამწყვდევთ, ისიც თავისუფლად დადის ბაკში, ეხახუნება ბაკის კედლებს, ერთმანეთს ებუჩავებიან; ჩვენ ერთი ბაკიდან გამოგვიშვებენ და მეორე ბაკში შეგვამწყვდევენ... ის კი დაგვავიწყდა, ჩვენმა ბატონმა ესტატემ რო გვითხრა: ლაპარაკობენ, ბატონყმობა გადავარდება, მაგრამ მამული კი ჩვენი იქნებაო... ეხლა რამდენსაც დავერევით, იმდენსა ვხნავთ, მერე თუ ბატონმა არ მოიპრიანა, ერთს კვალსაც არ მოგახვნევინებს... არა, თვალი სხვანაირად მითამაშებს, გული სხვაფრივ შემომკვნესის.

 

 – შენ ქრიტეც ვერ დაგაჯერებს. ქრიტეი! – წყრომით უთხრა მამამ... – სოსე, დალიე: ეს ღმერთმა გაუმარჯოს შენს მაჭანკლობასა, ისეთი გოგო მოგცეთ, როგორც მარწყვი, როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი.

 

 – ჩვენი ბიჭი რაღა გგონია რა, ისეთია, როგორც მერცხალი.

 

 ამ დროს ვიღაცას ძაღლები მოედვნენ, დარბაზის ბანზე შემოაგდეს და ყეფით ძალზე მისდიეს.

 

 – ნადირის ყეფა არ არის... სწორედ ვიღაც გაჭირვებული კაცი მოგვადგა... ადე, შვილო, ძაღლებმა არა აწყენინონ რა, სტუმარი ღვთისაა, თუნდ მტერიც იყოს, შემოიყვა, ღვთის მოწყალება ყველა გვაქვს...

 

 მინამ ზაქარა ადგებოდა, ბანში ჩამოჰკიდა ვიღამაც თავი და ჩამოიძახა:

 

 – პეტრე ჯიღაურო, შინა ხარ?

 

 – რომელი ხარ, კაცო!.. დერეფნისკენ მოიარე...

 

 – ძაღლებმა ალყა შემომარტყეს და ფაცური ვერ მიქნია... მე და ნაცვალი ვართ, კარის-კარს დავდივართ...

 

 – ნინიკა, შენაა?.. რა იყო, კაცო?

 

 – ოჯახი რომ დაექცეს ჩვენი დიამბეგის იასაულებსა, – ჩამოიძახა გზირმა ნინიკამ. – ყველა ბატონის კაცებს გამოუცხადეთ, რომელიცა რომაო ამ თვის რვაშიო... ნაცვალო, რა თვეა ეხლა?..

 

 – გიორგობისთვე.

 

 – ჰო, გიორგობისთვის რვაში ყველა ბატონის კაცები უმეტნაკლებოდ გორში გამოცხადდნენ ნაჩალნიკთანაო, უნდა რვაში გამოუცხადონ ხემწიფის ბრძანებაო... ბატონყმობის გადავარდნაო.

 

 – ოჰო-ჰო! ბა, ბა-აა! – გააბეს ქვემოდან პეტრემ და სოსემ, – მაშ შენ და ნაცვალს სამახარობლო გერგებათ... შემოდით, ერთი მაჭრით ჩაისველეთ პირი.

 

 – მაშ არა და ოქროებით ამომიტენ პირსა! – ჩასძახა ნინიკამ.

 

 პეტრეს ოჯახში ჟრიამული ჩამოვარდა, პეტრეს ჯალაბიც გამოძვრა დარბაზის კუთხიდან, თავი წამოყო პეტრეს გოგომაც. ყველას სახე გაუსხივიანდა. დანაოჭებული სახიდან დარდი გადაეყარათ. რაღაც სიამეს გრძნობდნენ, მაგრამ რა იყო ეს სიამე, ამისი გულიდან გარეთ გამოტანა ვერ შეიძლეს.

 

 მხოლოდ ჯორ-ზაქარა შეუცვლელად დარჩა: იმის სახეს არც სიამე, არც წყენა არ დასჩენია.

 

 

 II

 

 

 თუმცა შემოდგომის სუსხიანი დილა იყო, მაგრამ უქარო იყო, მყუდრო, მზემ ნელ-ნელა მოახურა არე-მარე; აქა-იქ ხეებს კიდევ ჰქონდათ შერჩენილი ფოთლები, სოფლის ბეღურა ჩიტები ამ ფოთლებს დახვევიყვნენ, პროწიალობდნენ, ხტოდნენ, ჟივჟივებდნენ და თან მზეზე თბებოდნენ. აბუზული პირუტყვი საქონელი მყუდრო ადგილებს ამოჰფარებოდა, მზეზე თბებოდნენ და ილოკავდნენ გვერდებსა. აქა-იქ ხალხიც გამოვიდა საბძლებიდან რუსულ ფარაჯებში გახვეულნი და ლეკურ ნაბადწამოსხმულნი. უფრო მეტმა ხალხმა მოიყარა თავი დუქნებთან, რომელიც შიგ შუა სოფელში იყო გაშენებული. ჩავარდა ხმაურობა, სიცილ-კისკისი, ერთი დუქნიდან მეორესკენ გადასვლა. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დასდევდა ერთს კაცსა; ეს კაცი ხან ერთ ალაგას მიჰყავდათ, ხან მეორესკენ; ბოლოს ერთი დუქნის წინ შეჯგუფდნენ ყველანი: პატარა ბიჭები ჯგუფში ძვრებოდნენ; ასე გასინჯე, სოფლის დედაკაცებიც კი გამოსულიყვნენ სეირანზე. პირები თავშლის წვერებით წაეკრათ, ხელები უბეში ეწყოთ და ცნობისმოყვარეობით გაიცქირებოდნენ იქითკენ, სადაც რაღაც იყო შეჯგუფული და ვიღაცას ლაპარაკს ყურს უგდებდნენ. ამ ხალხში მეტი წილი გლეხობა იყო, ერივნენ შიგადაშიგ აზნაურებიც, ხოლო ბრწყინვალეთაგან კი არც ერთი. ბოლოს ხმაურობა ნელ-ნელა დაწყნარდა, ჩიტებმაც შესწყვიტეს ჟრიამული, მიყუჩებულ ბუნებაში ისმოდა მხოლოდ ერთის კაცის ბოხის ხმით ლაპარაკი; ამ კაცს ხალხიდან კითხვას კითხვაზე აძლევდნენ და ისიც მკვირცხლად აძლევდა პასუხსა.

 

 ეს კაცი იყო ჯორ-ზაქარა, რომელიც სხვათა შორის დაესწრო გორში ბატონყმობის გადავარდნის ამბავსა*.

 

 – ტევა აღარ იყო გორში, – დაიწყო ჯორ-ზაქარამა, – ჯერ მარტოკა იმდენი ქორ-მეძებრები იყო ბატონებისა, რო ის ეყოფოდა; ეხლა ბატონების ცხენების მხლებლები; ყველა კუთხიდან ნიაღვარივით მოსკდა ხალხი: ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი. რა ვიცი, რა მილეთის ხალხი არ იყო. დაიარეს მთელი გორი იასაულებმა და ცხვრის ფარასავით მიგვრეკეს რუსების მეიდანზე, აი სალდათებს რომ ათამაშებენ ხოლმე, იქა. ბატონებიც ცხენდაცხენ მოვიდნენ, ზოგი დამწუხარებული, ზოგი გახარებული, – “რას ამბობ, კაცო! ქეციან ყმებში ეხლა კაი ლამაზ-ლამაზ ოქროებს ჩამიჩხრიალებენ ჯიბეში, ფული არ მირჩევნიან წილიან-წირპლიან კაცებსა”, ამბობდა ერთი თავადი...

 

 – ჰეიჰე... კაცო! მაშ ჩვენ გვყიდიან, – წამოიძახა ერთმა და გააწყვეტინა ლაპარაკი ზაქარასა...

 

 – დამაცა, კაცო, მე ყველაფერი გავიგე ი გორშია, – დაიწყო ჯორ-ზაქარამ. – ხემწიფეს უფიქრია, ქვიშაზე უმრავლესია ე თავად აზნაურობაო, ყმები რო ჩამოვართვა, დამესევიან და სულ შემჭამენო; მოდი არც მწვადს დავწვავ, არც შამფურსაო. თითო სულზე ფული გადაუწყვეტია; ფულს რო დავპირდებიო, სულ ელეთ-მელეთი მოუვათო. ეხლა თურმე ყველას, ვისაც კი ყმა ჰყოლია, ყველას ფულს მისცემენ... ჰო, იმას ვამბობდი, ზოგი კი ძალიან დაღონებული იყო. ერთმა თავადმა, რო გადახედა რაზმად დაწყობილს მოედანზე გლეხობასა, მწარე სიცილით სთქვა:,, ჰაი რა დრო დაგვიდგა! ჩემს ნაყმევს ხელს ვერ შეუბრუნებ, კვლავინდებურად დანაშაულისათვის კბილებს ვერ ჩავამტვრევ, ბოსელში ვერ გამოვამწყვდევ, ჯურღმულში სულს ვერ ამოვხდიო. ეს ისევ ჩვენი ძმების საქმეაო. სულ გლუხარიჩის ბრალია თურმე... აბა, თავადიშვილი ხემწიფის წინააღმდეგი რო გახდება, ციმბირში თავს ამოაყოფინებენ და მერე ისევ დატრიალდება, რა ხეირს მოიტანს ისაო... გლუხარიჩი პირველი ბუნტოვჩიკი კაცი იყო და ხემწიფემ იმას გაუგონაო”... ,,მერე იმ დალოცვილმა ხემწიფემ, – უთხრა მეორემ,– რატომ ჩვენს მამა მზეს არ ჰკითხა, ყაბულს იყვნენ თავადები თუ არა*”. ბოლოს ხალხმა უცებ დაიძახა: მოდიან, მოდიანო... მოვიდნენ ვიღაცა კაცები, სულ ოქროთი მოქარგულ-მოვარაყებულ ტანისამოსითა; მოედანზე, შუა ალაგას ამაღლებული ადგილი იყო, იმაზე ავიდნენ; დეკანოზმა ლოცვა გადაიხადა... აბა ისიც კი ყოფილა ლომ-კაცი, ის დეკანოზი; რა გითხრა, ძმაო, სწორედ კაცნახევარი სიმაღლე აქვს, ამასთან წამოსადეგობა. რო გაათავა, მერე გაშალა ქაღალდი, წაიკითხა და ისე წაიკითხა ამ მამაცხონებულის შვილმა, რომ ადამიანს ერთი სიტყვა არ გამოეპარებოდა: ჩვენ რუსეთის მავანმა და მავანმა ხემწიფემაო... ესეო და ესეო, დღეის უკან...

 

 – ჰეი ვენაცვალე რუსის ხემწიფესა და! – წამოიყვირა ხალხმა, ქუდები მოიხადეს, პირჯვრის წერა მორთეს.

 

 – ბატონი თავისთვის იქნება, – განაგრძო ზაქარამ, – ყმა თავისთვინაო; ვეღარცა სცემს, ვეღარც დააგირავებს, ვეღარც გაჰყიდის და ვეღარც ნამუსს შეურცხვენსო...

 

 – ეგრე წაიკითხა იმ დეკანოზმა? სწორედ ეგრე წაიკითხა? –– ჩაეკითხნენ აქეთ-იქიდან...

 

 – არა, კაცო, იმან წაიკითხა, რომაო, ხემწიფემ ბრძანაო: მე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ბატონყმობა გადამიგდიაო... მერე სწავლული ხალხი, ი ოქრომკერდიანები ლაპარაკობდნენ, კანონები დაიბეჭდაო, რომ ვეღარც სცემსო, ვეღარც ნამუსს შეურცხვენსო; ერთი სიტყვითა მთა და ბარი გასწორდაო, – მწარედ სთქვა უკანასკნელი სიტყვები ზაქარამა.

 

 – ეხლა მაშა, ზაქარო, ვეღარც გვამუშავებენ, ვეღარც ბეგარას გამოგვართმევენ, ტყეში და ველში თავისუფლად ვივლით, ვეღარც ღალა-კულუხს წაგვართმევენ, არა? – ჩაეკითხა მოხუცი კაცი, რომელიც ნიკაპით ყავარჯენზე იყო დაყრდნობილი და დაფიქრებით ლაპარაკობდა, თითქო არა სჯერა გლეხობის განთავისუფლება ბატონის ბრჭყალებისაგანაო.

 

 – კაცო, შენ რაღას ამბობ?.. რაკი ხემწიფეს უბრძანებია, ვენაცვალე იმის მადლსა და ძალსა, მერე ისიც რუსთ ხემწიფესა... მერე იცი რა არის რუსის ხემწიფე? მთელი ალი-ოსმალო სულ ააწიოკა, ფეხებქვეშ გაიფრთხო... ჰო, რაკი იმას უბრძანებია, რომაო ნუღარ სცემთო, ნუ გაყიდითო, ნუ გააძევებთო, კიდევ რაო, ზაქარო?.. ჰო ერთის სიტყვით, ბატონი და ყმა გათანაბრდესო, მაშინ ბატონი ვეღარაფერს ვეღარ შეეხება... ჰაი, მომეცა ღვთის წყალობა, ჩემი ვენახი დღეის შემდეგ ავაყვავო და ნაფუძარი გავაპატივო! – სთქვა ერთმა თავმომწონე გლეხმა.

 

 – მაგისი კი რა მოგახსენო; მამულის თაობაზე ხეირიანად ვერა გავიგე რა, – სთქვა ჩაფიქრებით ზაქარამა, – სულ ბატონს დავდევდი ფეხდაფეხა; საცა კი ლაპარაკი იყო, ყველგან სულგანაბული ვუგდებდი ყურსა, მაგრამ მამულისა ვერა გავიგე რა. სწორედ ეგა მწვამს გულსა; ყველაფერი სთქვეს და ე მამულისა კი კრინტი არ იყო. გზაზე გადაველაპარაკე ჩემს ბატონს ესტატესა, ერთი ისეთი გადმომიბღვირა, რომ ენა მუცელში ჩამივარდა; ვიფიქრე, ამ ბატონყმობის გადავარდნისას გულის ბუხარი ჩემზე არ იყაროს-მეთქი. “დედითქვენის თიებსაო, ახლა ჩემ ზვრებსა და ნაფუზრებსაც თქვენ მოგცემენო. შიმშილით რომ დაწყდებოდეთ, ერთ კვალს არ მოგახვნევინებთო. ჯერ ერთი ფულები ჩავიჩხრიალო ჯიბეშიო; თქვენი თავი, მარტო გატლეკილი თავი გამოისყიდა, ჩვენგან ხემწიფემაო”... აი ხალხნო, აქ არის ის ფონი, რომელიც არჩობს... მერე კიდევ მამასახლისებს, სუდიებს თქვენ აირჩევთ და თქვენ საქმეებს თქვენ თითონ გაასამართლებთო...

 

 – ნწარა! მამულიც ჩვენი იქნება, კაცო! მარა ცარიელა გატლეკილ თავს რას ვაქნევ.

 

 – მარა ი დალოცვილი ხემწიფე რად აძლევს ფულებსა! იმიტომ რომ მამულიც ჩვენი იქნება, ესე იგი რომელიცა რომ ჩვენ გვიჭირამს დღესა და საღალო-საკულუხოდ ვმუშაობთ, – ჩაერია ლაპარაკში სოფლის ნაცვალი.

 

 – სულ ერთი-ორი კვირის საქმეა ე ბატონყმობის გადავარდნა, და ჯერ საქმე ისევ ძველებურ ყაიდაზეა, ჯერ ისევ ბატონყმობაა... ჩემი ბატონი ესტატე ისევ ძველებურად გაჰკივის და იცემება. გუშინ ხაბაზს სულ ყბები შემოამტვრია, პური უღვივარი მოგსვლიაო... მოვიცდით, ვნახამთ, – დაათავა ზაქარამა.

 

 – შენ როგორღაც არ გეჯერება! კაი ბოლო არ უნდა პქონდეს ამ საქმესა...

 

 – კაი კი ექნება, მაგრა ბატონყმობა კი ისევ იქნება... მე გული სულ სხვას მეუბნება.

 

 – იიი, მაგას რო ყური უგდო, სულ გადაირევით, – წარმოსთქვა ნაცვალმა: – რასაც აიჟინებს, გადათქმა აღარ შეიძლება მაგისი... ტყუილად არ გეძახიან ჯორ-ზაქარას...

 

 – მა, კაცო!.. ხემწიფემ ბრძანაო, ამბობს... და კი აღარა სჯერა-რა ხემწიფისა. რაკი ბრძანა, გათავდა – სულ ჩვენია...

 

 – მოიცადეთ, ვნახოთ, – კვლავ ჩაფიქრებით სთქვა ზაქარამ და გაშორდა ხალხსა.

 

 

 III

 

 

 მთელ სოფელ ტორტლაში პეტრე ჯიღაურის ოჯახი ქებულიყო დოვლათით, პურ-მარილით და შეძლებითაც. ერთადერთი ჯიღაურების ოჯახი იყო საეკლესიო გლეხი, მაგრამ პეტრეს პაპამ ჩააგდო ეს სახლი აქაურ ბატონის ხელში. შეუყვარდა ბატონიანთ ლამაზი გოგო ვაშლა და თავი მოიკლა, მინამ შეირთავდა; ბატონმაც იმ პირობით მიათხოვა, თუ იმისი ოჯახი, იმას ეყმობოდა. სიყვარულმა თავისი გაიტანა და ჯიღაურის ოჯახი, მხოლოდ ეს ერთი კომლი, ყმად გადიქცა, დანარჩენი ჯიღაურები კი საეკლესიო გლეხებად ითვლებოდნენ ბატონყმობის დროსაც, მაგრამ რაკი ერთს სოფელში ცხოვრობდნენ ყმა-გლეხებთან, იმათაც ხშირად გამოუცდიათ აქაური ბატონის სუსხი და მუქარა.

 

 ჯიღაურებს ძალიან კარგი მამული ჰქონდათ და ბლომადაც ეჭირათ; საკუთარი ეკლესიაც ჰქონდათ თავიანთ უბანში; საბოსტნე ადგილები, კარგი შემუშავებული ვენახები... თვით პეტრე ჯიღაურსაც ჰქონდა კარგი მამული და კარგადაც შემუშავებული; ოჯახშიაც ხალხი მრავლად იყო; ზაქარას გარდა სამი ვაჟიშვილი კიდევ ჰყავდა, საკუთარი გუთნეული, უხვად წველა-დღვება, წვრილფეხა საქონელი და ორმოში პური გამოულეველი.

 

 ასე შეხვდა ეს ოჯახი ბატონყმობის გადავარდნას.

 

 ჯორ-ზაქარა მართალი, პირდაპირი და ამასთანავე ერთობ ჯიუტი და ხასიათმოუტეხილი იყო, რომ იტყვიან – ,,თავის ნება კაციო”; თუ თავისი გული არ ეტყოდა, ისე საქმეს არ დაიჭერდა. ბატონყმობის გადავარდნისას ჯორ-ზაქარამ ისედაც თავისუფლების მოყვარემ, მინდორ-ველის თავისუფალმა შვილმა, უფრო ღონივრად ამოისუნთქა, ხელები გაეხსნა, თავისი სახლის ჭერიც გააცინა ცოლ-შვილის მოყვანითა; ოჯახი უფრო მოკეთდა, ხელის ძალა მოეცა, გაღონიერდა ზნეობითა.

 

 ბატონის აურ-ზაურიანობასაც ცოტა ყუჩი მოსტყდა, ცოტა შეტკბა ბატონი, თუმცა გული მისი ბოროტებისაგან გაწმენდილი არ იყო, ღვარძლს და სიძულვილს ჯერ კიდევ ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ბატონის გულსა და ღვიძლში.

 

 ახალგაზრდა ბატონიშვილები მაინც კიდევ დაიარებოდნენ სოფლად, დააქროლებდნენ ცხენებსა და უწრუწუნებდნენ ქორებსა, მაგრამ გლეხებმა, რაკი იგემეს თავისუფლების სიტკბოება, აღარ დაუთმეს ბატონიშვილებს და ბევრჯერ გაუსახრიათ კიდეც ურჩი და გალაზღანდარებული ბრწყინვალეთა ძენი.

 

 ერთი ჩვეულება იყო ბატონობის დროს; იშვიათი იყო ისეთი ბატონი, რომელიც მისდევდა საქონლის მოშენებას, ჯოგების ყოლასა, შინაური ფრინველების გამრავლებასა, ან კი რად უნდოდა: მთელის სოფლის საქონელი, თუ ჯოგი, ფრინველი იმის საკუთრებას შეადგენდა; როგორც უნდოდა, ისე ცხოვრობდა. მაგალითად: აი ეწვია ბატონს სტუმარი ვინმე, თუნდ დიამბეგი, მაზრის უფროსი; გამოვიდოდა მოურავი ბიჭებით, დაერევოდა სოფლის ძროხა-ხბორებსა, ბატ-ინდაურებს, ერთის სატყვით, რაც მოეწონებოდა, დაიჭერდა და მიჰქონდა ბატონის სახლში. აი ეს ჩვეულება ისევ დარჩა კარგა ხანს კიდევ სოფ. ტორტლაში. მთელი სოფ. ტორტლა, ჯიღაურების ოჯახის გარდა, ბატონისა იყო; ტორტლას კიდევ ორი პატარა სოფელი ეკრა დასავლეთ და ჩრდილოეთის მხრივ, ეს სოფლებიც იმავე ბატონისა იყო. თვით ბატონი შუა ტორტლაში იდგა, იდგა მეფურად, ძვირფასად მოწყობილ სახლ-კარში.

 

 ბატონყმობა გადავარდა, ხალხს საკომლო მამული მიუზომეს, ზოგან მიუსაჯეს მეოთხედი, ზოგან მეტ-ნაკლები. ტორტლაში კი სულ სარწყავი და ნაფუძარი ადგილები იყო, ამიტომ მეოთხედი გადაუწყვიტეს. ისეთი უდიერი გამოდგა აქაური ბატონი, რომ ვენახის მოსავალზედაც კი მეოთხედს ართმევდა: კიტრზე, ვენახის ლობიოზე და სიმინდზე, მწვანილზე, ხილზე ხომ, რასაკვირველია, გლეხს არ შეეძლო ერთი ხიჩატელი რამ მოეგლიჯა ვენახში, მინამ ბატონის მოურავი სოსიკა პურიჭამიაშვილი არ ჩამოივლიდა სოფელში და არ დასწერდა მეოთხედსა. ეს სოსიკა ისეთი წყეული იყო, რომ სოფელ ტორტლას დღესაც ახსოვს იმისი ბოროტი სახელი.

 

 ბატონყმობის გადავარდნის შემდეგაც სოსიკა მოურავი დათარეშობდა სოფლის პირუტყვ საქონელზე: დახოცდა ინდაურებს, ქათმებს, დაიჭერდა კაი ლამაზ გათამამებულ და გალაღებულს, ღიჭით გასუქებულს კვებულა – ხბოსა და მოემზადებოდა ბატონის სახლში ძველებურად სტუმრების დასახვედრად. სოფელი არ უთმობდა ადრინდებულად: გამოცვივდებოდნენ ქალები, მეხრე ბიჭები და გაჩნდებოდა ერთი ჩხუბი, თავ-პირის ჩეხა-მტვრევა.

 

 – სოსიკა, ბატონყმობა გადავარდა; ბატონი ჩამოგვეხსნა და ახლა შენ, ჩვენი სისხლი და ხორცი, მოგვევლინე ბატონად და ამაწიოკებლად სოფლისა. ჩამოეხსენ სოფელს, ნუ აწიოკებ, თორემ იაფად არ დაგისვამ მე ამასა... რას მიყურებ? მე ჯორ-ზაქარას მეძახიან... მე ისე ამოგამტვრევ მაგ ცხვირ-პირსა, რომ სთქვა, ეს რას გადავეყარეო.

 

 – მაშ ეს ულვაში ამიწიე და შიგ ჩამაფურთხე, თუ მე შენ უნარი არ გიყო! – დაემუქრა თავის მხრივაც სოსიკა.

 

 – ძრიელ ნუ იკვეხამ თავსა. ბურთი და მოედანი გამოაჩენს ვაჟკაცობასა! – მწარე ღიმილით წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ.

 

 მალე, ძალიან მალე შეხვდნენ ერთმანეთს ჯორ-ზაქარა და სოსიკა. ბატონს ბლომად ეწვივნენ სტუმრები, სხვათა შორის, ძველი ნადიამბეგარი. დიდი პურმარილის კაცი და ქებული სოფელში სიტყვაწყლიანობითა იასე რამანიჩი*.

 

 დატრიალდა ბატონი, დაპროწიალდა სოსიკა. ჯორ-ზაქარას გულზე რაღაცამ უკბინა: ამოდენა ზღვა სტუმრებს, რომლებიც, ვინ იცის, რამდენს დღეს დარჩებიანო, მთელი სოფლის ხბო-გოჭები და ქათამ-ინდაურები მოუნდებაო.

 

 – ბიჭებო, დღეს მე გული მეუბნევა, სოსიკა მოურავი ჩამოუვლის სოფელს დავლისათვის და მარჯვედ იყავით, სახრეები მოიმარჯვეთ, მე თქვენი სხვა არა მინდარა რა, როცა დავკრა და წავაქციო, მაშინ მომეშველენით და იმის ბიჭებს ნუ გაახარებთ ჩემზედა.

 

 აი აღრიალდა სოსიკა, დაერია სოფელსა. ისმის აქეთ-იქიდან დედაკაცების წყევლა-ქოქვა, ლანძღვა-გინება. გადმოდგა დარბაზის ბანზე ჯორ-ზაქარა. სოსიკას იქნება ამ დღეს აზრადაც არ ჰქონდა ჯორ-ზაქარას დაწიოკება, მაგრამ რაკი ბანზე დაინახა, გაახსენდა იმისი მუქარა და გაქანდა ზაქარას კარ-მიდამოსაკენ.

 

 – რასაც მიზამ, შევიტყობ? – დაიწყო თავის ქნევით სოსიკამ და თვალები სისხლით დაეგუდა.

 

 – მე კი უკან დაბრუნებას გირჩევ, – უთხრა დინჯად, აუჩქარებლივ ზაქარამ.

 

 – ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო, სწორედ შენზეა ნათქვამი... წამოუარეთ, ბიჭებო, ემა კვებულასა! – დასჭყივლა სოსიკამა...

 

 ის-ის იყო გაშალეს ბიჭებმა ხელები, სოსიკამ სახრე დაატრიალა და შემოურბინეს ზაქარას ხბორებსა. მაშინ ზაქარა, ეს დინჯი ზაქარა, ფრინველად იქცა, თითქო ფრთები შეესხაო და ბოხის ხმით დასჭყივლა:

 

 – თითონ შენ ღორის ტილო! შენ ხარ ჩვენის სისხლით გაუმაძღარი, ცხენის წურბელასავით გაბერილი სისხლითა, მე შენ დაგცლი მაგ სისხლისაგან. – თქმა იმისი და ჯოხის დარტყმა ერთი იყო: სოსიკას დაჰკრა თავში კომბალი ისე მძლავრად, რომ ის კალმახივით გადატრიალდა ჰაერში და ზღართანი მოსძვრა მიწაზე, წამოიწია ერთი ხელობა, მაგრამ აქ ანაზდეულად გაჩნდნენ ზაქარას ძმები სახრეებით და გველივით გააჭრელეს სოსიკა მოურავი.

 

 როცა ის ჭილობზე დასვენებული კვნესა-გმინვით გაატარეს, სოფლის გოგო-ბიჭების მხიარულებას საზღვარი არა ჰქონდა.

 

 – აი, იხაროს იმისმა მარჯვენამ, ვინც ეგ სიყმე დაგიშავა! – ამბობდნენ მანდილოსნები...

 

 – ვენაცვალე იმის მარჯვენას, ვინც ამოგაშხამა ჩვენი დარბევა-აკლებაი! – დასძინეს ბერიკაცებმა.

 

 – ქა, გაიგეთ ვის მიუბეჟნია?.. ჯიღაურიანთ ჯორ-ზაქარასა. მივიდა ნამგალი და დახვდა ქვაო!.. ჩვენსავით არავის დაებრიყვინება ზაქარაი!.. უი იმის მარჯვენამ იხაროს ცასა და ქვეყანაზე, გაიხაროს თავის ცოლ-შვილზედა! – იძახოდა ხალხი და იმათ სიხარულს და კიჟინას დასასრული არა ჰქონდა.

 

 გაწყრა თავადი ესტატე, გაწყრა, ისე გაწყრა, რომ სულ ცოფები ჰყარა პირიდან და ისეთი ჩიბუხი დაამტვრია ბალკონზე კოწიაწითა, რომ ფასდაუდებელი. ამან უფრო გაამწვავა: თურმე ის ჩიბუხი ბარიათინსკის ცოლის ნაჩუქარი ყოფილიყო. სტუმრებიც ძალიან შეწუხდნენ.

 

 – მომგვარეთ აა, მომგვარეთ ის წყეულ-შეჩვენებული ზაქარა ჯიღაური! მაშ მე კაცი აღარა ვყოფილვარ!.. ციმბირს წავალ და მაგას კი არ შევარჩენ! – ყვიროდა თავადი ესტატე.

 

 – კნიაზო ესტატე! ,,წარვიდენ დრონი, ნაქებნი მტკბარად, მარად და მარად!” – სიცილით უთხრა იასე რამანიჩმა. – შე დალოცვილო, მე რომ სოფელში შევიდოდი დიამბეგობის დროს, ძაღლებიც კი ყეფვას შესწყვეტდნენ, ისეთს შიშის ზარს შევიტანდი ხოლმე. ეხლა კი წილიან გლეხებს გვერდით მოვისვამ-ხოლმე და გულით ცივცივ ღვინოს ერთად შევექცევით. ჩემო ესტატე, ხელი ხელსა ჰბანს, ეხლა უერთმანეთოდ არ ვარგივართ; რაც იყო, წავიდა, წინა ნაფეხურს უკანა ჰშლის. 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა