– შენში აზნაურის სისხლი ტრიალებს, ჩემში თავადიშვილის; შენ ბევრით არ განირჩევი გლეხკაცისაგან; მე კი სულ სხვა ვარ, ჩემი სისხლი იმას ვერ მოითმენს, რასაც შენი და გლეხისა.

 

 – მე კი მიყივლია, მამლისა არ იყოს, და დანარჩენი შენ იცი, იყავნ ნება შენი! – უთხრა დაცინვით იასე რამანიჩმა.

 

 დიდ ხანს იბობოქრა ესტატემ. ვერ მოისვენა, არ გაუგონა არც კნეინა ქეთევანის მუდარასა. ,,მამგვარეთ და მამგვარეთ, ზაქარა!” სულ ამას გაიძახოდა.

 

 მოვიდა მოციქულად გაგზავნილი კაცი და მოახსენა:

 

 – ზაქარამ ასე მოგახსენათ: მე მოსასვლელი რა მაქვს ბატონთანაო, იმისი მოურავი მეკობრესავით დამეცა, მეც პასუხი გავეციო. სახლს ბატონყმობის დროსაც ვერავინ მიკლებდა და ეხლა ვის ავაკლებინებო... ასე კი მოგახსენათ.

 

 – ძაღლი ძაღლის ძვალს გასტეხს განა!.. რატომ ძალაზე არ დაუდექი, შე წუწკის შვილო! – დაუშტიალა ბალკონიდან ესტატემა.

 

 – შე დალოცვილო, გინდა ჩემთვინაც სოსიკას დღე დაეყენებინა!.. ჯორ-ზაქარას ტყის დათვები ვერას აკლებენ და იმასთან ჭიდაობა სად შემიძლიან! – უთხრა მოციქულად გაგზავნილმა.

 

 – მაშ მე დავეჭიდები! ან მე უნდა ვიყო ამ სოფელში, ან ეგ ჯორ-ზაქარაი... მაშ ულვაში ნუ მსხმია, თუ არ შევასრულო ეს ჩემი მუქარა.

 

 – აბა შენგან არ მიკვირს, რომ თავს უყადრებ გუშინდელ ყმასა, – უთხრა ლმობიერად ესტატეს თანამეცხედრე ქეთევანმა. – შენ მაინც ბატონი ხარ და გლეხს თავი არ უნდა გაუყადრო: სცემ? კანონი დაგსჯის. აბა, შენ გენაცვალე რად უნდა ჩაიგდო თავი ამისთანა ყოფაში, რად უნდა ვათქმევინოთ სოფელს, რომ ბატონს აღარაფერი მნიშვნელობა და ძალა აღარა აქვსო. თუ ჯორ-ზაქარას გაუმკლავდები, სწორედ ასე იფიქრებს სოფელი, სოფელს კი ამისთანა აზრი არ უნდა ჩავადებინოთ თავში, თორემ ჩვენ აქ არ გვედგომინება.

 

 – შე დალოცვილო, – უთხრეს აქეთ-იქიდან სტუმრებმა. – სუდი და პალატა შენ ხელთ არის, სულ შენი მოკეთეები სხედან, მოუდე რამ მიზეზი და აქედან ააბარგვინე მაგისთანა მოწინააღმდეგე კაცი. მაგისთვის რად იბოროტებ თავსა. მაგისი სული ხომ შენ ხელშია, მამულში ნუ გაუშვებ, სული ამოჰხადე და თვითონ მოვა შენთან, ძაღლის ლეკვივით მოგელაქუცება და ფეხებზე ლოკვას დაგიწყებს.

 

 დამშვიდდა გარეგნად ბატონი, მაგრამ სისხლი ისევ ბობოქრობდა და შურს ეძიებდა.

 

 ჯორ-ზაქარა იმ დღეს ხალხის თვალში ერთიორად გაიზარდა, ამაღლდა, სიყვარული და პატივი დაიმსახურა. პირველი მაგალითი იყო, რომ ბატონის კაცს სოფელში ხელი შეახეს და როგორ შეახეს? სიკვდილის პირზე მიაგდეს ბატონის დაახლოვებული კაცი, მისი მარჯვენა ხელი. ჯორ-ზაქარამ კარგად იცოდა, რომ ეს ამბავი მუქთად არ ჩაუვლიდა, მაგრამ არ ეშინოდა, გული სალი კლდესავით მაგარი ჰქონდა. ამისათვის სოფელმა შეიყვარა, უიმისოდ არავითარ საქმეს არ დაადგებოდა, უთუოდ ამისათვის უნდა ეკითხნათ დარიგება. სიკვდილი იყო, თუ სიცოცხლე, ჭირ-ვარამი თუ მხიარულება, გაჭირვება თუ დალხენა, სოფლის შეწუხება ვისგანმე, მიმართავდნენ ჯორ-ზაქარას და ის ისე სარისტიანად მომართავდა საქმეს, რომ ყველა გაოცებაში მოჰყავდა. სოფელმაც დააჯილდოვა: დიდის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჯორ-ზაქარა მამასახლისად აირჩია სოფელმა. ორჯერ გადაადებინა ზაქარას არჩევა თავადმა ესტატემ. მაგრამ სოფელმა თავისი გაიტანა და თავისი საყვარელი ზაქარა გაამამასახლისა.

 

 

 IV

 

 

 ტორტლის მებატონის სახლ-კარი, როგორც ვთქვით, შუა სოფელში იყო. წინ დიდი მინდორი ჰქონდა დატოვებული. მერე მისდევდა ვიღასიც ნავენახარი და შემდეგ იწყობოდა ზაქარა ჯიღაურის სახლ-კარბინადრობა, ისე რომ ახლო მეზობელი ესტატე მარუშიძისა იყო ზაქარა. ვერც პირუტყვი, ვერც ადამიანი ესტატე მარუშიძის სახლის წინ მდებარე მოედანს ვერ ასცდებოდა.

 

 სოფელ ტორტლას შუაზე ჰყოფდა დიდი რუ, გამომდინარე მდინარე ლიახვიდან. ეს რუ გამოდიოდა მარუშიძის სასლიდან და ჩამოდიოდა ზაქარას ბაღ-ვენახს გვერდითა. ჯიღაურების ოჯახმა ეს რუ კარგად გამოიყენა: გაჰყო ორად, ერთი ნაწილი ეკლესიის გვერდით გაიყვანა, ზედ წისქვილი გამოჭიმა და მეორე ნახევარი ისევ ძველ კალაპოტში მიდიოდა; ისე მოაწყო ზაქარამ ამ რუს ორივე ტოტი, რომ ქვემოთ მდებარე მოსახლეებს წყალი არ აკლდებოდა.

 

 ესტატე მარუშიძემ უბრძანა ბიჭებს და ერთ ღამეს სახლიდან სხვა გზით გადაახევა რუ და მოუწყვიტა ზაქარას წყალი; მაშინვე გაცვივდნენ ჯიღაურები, და წყალი ისევ გადმოაგდეს. შეიქნა მიხლა-მოხლა: აქეთ ჯიღაურები, იქით თავადი ესტატე მარუშიძის მოურავი სოსიკა; ბევრჯერ ამოასველეს რუში სოსიკა, დაუჩეჩქვეს ცხვირ-პირი.

 

 მთელი სოფელი ყალყს დადგა. მარტო ზაქარა ჯიღაურს არ მოსდიოდა ზარალი, მთელ უბანს აკლდებოდა წყალი, თუ რუ სხვა გზით წავიდოდა.

 

 ზაქარა ჯიღაურმა, როგორც მამასახლისმა, აარჩია მარჯვე ბიჭები და ღამღამობით მიუჩინა რუს ყარაულადა და ბატონ ესტატეს მოახსენა:

 

 – უხსოვარ დროიდან, იმ დროიდან, როდესაც, ვინ იცის, არც შენი გვარი იყო სოფელ ტორტლაში, არც ჩემი, ეს რუ ასე მოდის; ამას ამტკიცებს რიყე, რომელიც რუს დაუდვია ქვეშა. შენ ეხლა გინდა წყალი აღმა ააბრუნო და მთელი სოფელი ამოარჩო. ჩემთან შურისა და მტრობისათვის მთელს სოფელს უნდა ამოხადო სული. თუ ბატონყმობისას ეს რუ თავის სადინარით მოდიოდა, ეხლა უფრო ივლის; კანონია და სამართალი; წადი და თუ ეხლანდელი კანონი იტყვის, ტორტლის რუ აღმა წაიყვანეთო, მაშინ ბატონი ბრძანდებით.

 

 – მამული ჩემია, ამ რუს სათავე ჩემ მამულშია, მთელი რუ ჩემ მამულზე გამოდის; რაკი მამული ჩემია, მაშ წყალიც ჩემია: მინდა მოგცემთ, მინდა არა,– სთქვა ამაყად და თავისა და თითის ქნევით თავადმა ესტატემ, კაბის სახელო კისერზე შესტყოცნა და ახალოხის ყოში გადიწია, თითქო საბრძოლველად ემზადებაო.

 

 – მამული შენია, მაგრამ წყალი ღვთისაა, ქვეყნისაა... გაბრუნდი, ბატონო, შენსა მზესა, სისხლს ნუ გვაძლევ!!. – შუბლშეკვრით უთხრა ზაქარამ და ჯოხი მაგრა დააბაკუნა მიწაზე.

 

 – მე შენ გასწავლი ჭკუასა მაგ ახირებული ლაპარაკისათვის, – გადუბრიალა თვალები ესტატემ.

 

 – თუ ჭკუას მასწავლი, დიდი მადლობელი ვიქნები, – უთხრა ზაქარამ, ქუდი მოუხადა და მდაბლად დაუკრა თავი ესტატესა – მაგრამ მე კი არა, თუ სოფელს წყალს წაართმევ, მაშინ სისხლი დაიღვრება და მიზეზი შენ იქნები.

 

 – ააა, მამასახლისი და მაგისთანა ლაპარაკი?! აქ შენ ხალხს აქეზებ განა? მაშ კარგი! მაშ კარგი!..

 

 – ხალხო, რა ცხვრის ფარასავით გაშტერებულხართ! მე მართმევს მარტო წყალსა თუ თქვენცა?

 

 – შენ ართმევ ხალხსა წყალსა, შენა! – დასჭყივლა სოსიკამ, – შენ რომ ამ სოფელში ამოვარდები, ყველა მოისვენებს.

 

 – ხალხნო, მართლა ასეა?! მაშ მე ვარ თქვენი დამღუპავი?.. თუ ასეა, მე შემიწირავს თავი: ჩემ სახლ-კარბინადრობას სოფლის ბოლოს გადავიტან ხვალვე, ოღონდ თქვენ ჩემი გულისათვის უწყლოდ ნუ დარჩებით.

 

 – ვაი, შენ ჩემო თავო! როგორ თუ აიყრები! ვინც კაცია და ბუზს აგიფრენს! – იგრიალა ხალხმა და მიიწია სოსიკასკენ, რომელიც ბზობის ყვავივით სადღაც გაჰქრა.

 

 – ზაქარა, ხალხს ნუ აქეზებ, მამასახლისის ჯაჭვისა გერიდებოდეს! – უთხრა ხმამაღლა ესტატემ და გვერდშებრუნებით გადახედა ზაქარას.

 

 – ჰა, ეს მამასახლისის მედალი და ჯაჭვი, შენმა ბიძაშვილმა ჩამომკიდა და უკანვე წაიღეთ, მე ძალიანაც არ მეპიტნავება მამასახლისობა! – გაიკრა ზაქარამ ჯაჭვს ხელი, ჯაჭვი გაგლიჯა და მენდლიანად ფეხებქვეშ შეუგდო თავად ესტატესა.

 

 ესტატემ ახლა კი იკადრა გაბრუნება, ნელის ნაბიჯით შეიარა სახლისკენა, მალ-მალე დგებოდა გზაზე. ღელავდა, თითქო მოტრიალება უნდა ხალხისკენო. გრძნობდა თუ არა დანაშაულს, ძნელი გამოსაცნობია; იქნება კიდეც გრძნობდა, მაგრამ ხალხთან პირის შერცხვენა არ უნდოდა, არ უნდოდა სახელი გასტეხიყო. ეტყობოდა, თავის კნეინის დარიგებას დაადგა, ეს კი იყო, რომ მეორე დღეს წყალი თავისუფლად მოჩუხჩუხებდა თავის ძველ კალაპოტში.

 

 მუცელს აქორებ – ქორიაო, აღორებ – ღორიაო, ნათქვამია. თავადმა ესტატემ არა თუ მარტო თავისი მუცელი ააქორა და ააღორა, თავისი ქვენა გრძნობანიც კი ააქორ-ააღორა; მოინდომა ისევ ისე პარპაში, როგორც ბატონყმობის დროს. სხვა ხერხს მიმართა ზაქარას დასამცირებლად და მისი ოჯახის შესალახავად. ზურგი მაგარი ჰქონდა და როგორ გაუჭირდებოდა ზაქარას დამარცხება: ერთი ბიძაშვილი მაზრის უფროსი იყო, მეორე – მომრიგებელი შუამავალი, სიძე – ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე, ათასგან ჰქონდა ქსელები გაბმული.

 

 – სოსიკა, მაგ ზაქარას ჯავრს ნუ შემაჭმევ... დღე ხომ სახლში არა გდია, ყველანი მინდორ-ველად არიან: მერე ეხლა ანეულობაა, გუთანზე ყრიან, სახლში პეტრეს ცოლი და ბავშვები თუღა არიან; მინდა ერთი როგორმე ზაქარას ცოლი ვიგდო ხელში; დიდი ხანია ჯავრი მჭირს, ძალიან სანდომიანია; რომ მოვიგონებ, სულ ნერწყვი მომდის პირში, ერთი როგორმე მოვიგდოთ ხელში. დავიჯერო, არსად არ გადის? – ჩაეკითხა ესტატე ერთგულ სოსიკასა.

 

 – მალე მტერი მოგიკვდეს და მეც მომიკვდეს, მალე მე იმას შეგახვედრო, აი ხვალვე, უნდა მეოთხედები დავწერო ხილისა... ჰო!.. ეს კარგად მომაგონდა, ამ საქმეში დიდი გამოცვეთილია ჩვენი დალაქი ხოხელა, დიდი გაიძვერაა, ყველას ოჯახში დაძვრება... ზაქარას ვენახი კარ-წინა აქვს, ზაქარას მარინეს გადავატყუებინებ ვენახში... ჰმ, რას ვამბობ! რამ გამამაყრუა!.. მარინეს ხომ ამ ზაფხულს სულ ვენახში ვაშლის ქვეშ უდგია აკვანი და იქვე ხელსაქმობს...

 

 – აბა მაშ კარგა ყოფილა საქმე!.. ერთი იმას ჩემებური თილისმა მოუსვა, – სთქვა ესტატემ.

 

 – რა თილისმა უნდა? ბატონო, გლეხი ქალი ცხვარია, რო დაგინახავს, სულ ცახცახს დაიწყებს, ენა ჩაუვარდება, იქვე შევათრევ ვაზებში და... – ამ დროს თვალი მოჰკრა დალაქ ხოხელას და ხელი დაუქნია. – აქეთ იარე, აქეთ!

 

 ხოხელა მოიჭრა.

 

 – ჩემო ხოხელ, რას დაცანცალებ, შე კუდიანო, შენა!..

 

 – რა უშავს-რა, შენი ჭირიმე, ბატონო, საცა ლამაზი ქალი და გოგოა, ამას არ ასცდება, ყელამდე დაცურავს შიგა. – ეშმაკურად და თვალის ჩაკვრით წარმოსთქვა სოსიკამ.

 

 – რატომაც არა, ქვრივი კაცია, უნდა დროება გაატაროს, – სიცილით უთხრა თავადმა ესტატემ.

 

 – აი, ბატონს ვენაცვალე!. ბატონს ვებრალები, მოურავს კი შურს, – სთქვა დალაქმა ხოხელამ.

 

 – ჰოდა, ჩემო ხოხელ, ჩვენც უნდა წილი დაგვიდო!..

 

 – შე დალოცვილო, მანდაც ხომ მეოთხედი არ გინდათ! – სიცილით უთხრა ხოხელამ და თან თვალ-წარბში დაუწყო ცქერა, ბატონი ხომ არ გავანაწყენეო.

 

 – ამოგაგდოს ღმერთმა! ეგ კარგი მითხარ!.. სწორე გითხრა, ზაქარას მარინეს სამეოთხედოდ არ დავიწუნებდი.

 

 – ოჰოჰო! – პირის წლაკუნით სთქვა დალაქმა, – უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ თარაქამული ძროხაა; ორი შვილის დედა რომ მაგითანა ლამაზია, მკვრივხორცაა, გასათხოვარი რა იქნებოდა. იმ ოჯახდაქცეულს ლოყები სულ ზედ ასკდება, გულ-მკერდი და გავა, უნდა მოგახსენო, კარგ გათამამებულ დეკეულსაც არ ექნება იმისთანა... აჰ, იმისი დაძმუძვნა რა მადლია... მაგრამ ისეთი ქოფაკი ძაღლი ადგია თავსა, რომ იმის შიშით ვინ მიუდგება! – წარმოსთქვა დალაქმა.

 

 – მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია... ჩემო ხოხელ, არც მე დავიწუნებდი იმ ქოფაკის ცოლსა...

 

 – რას სწუხარ, ბატონო, ხვალვე გაჩვენებ, – თავგამოდებით უთხრა ხოხელამ.

 

 – რა ძნელია, შე დალოცვილო! – გაუადვილა დალაქმა. – ბატონი ხარ, ის ყმაა; რა ძალა აქვს! ვენახში მიბრძანდი! მეც იქ გავჩნდები; პეტრეს ცოლს მაინც უნდა წურბლები მოვუტანო... ამას მოვიმიზეზებ, მე იმას შევიქცევ, თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ.

 

 სამთა კავშირი დაისკვნა...

 

 

 V

 

 

 ზაფხულია, მკათათვის თვეა, სოფელი მინდორ-ველად არის გაკრეფილი, სოფელი დარჩენია ქალებს, ბავშვებს, ბებერ ძაღლებს და ამაყ მამლებს...

 

 მინდორ-ველიდან მოისმის ჰოპუნას ხმა: ყანას მკიან; ტკბილი ოროველაა, ანეულს ხნავენ.

 

 ზაქარას სახლის წინ ნიგვზის ხის ქვეშ ჭილობის ნაგლეჯზე წევს და ძილს მისცემია პეტრეს მოხუცებული ჯალაბი, მარინეს დედამთილი; იქვე ახლო სძინავს იმისავით ბებერ ჭრელას; ძილისგან მოთენთილა, ხანდისხან დუნედ ამოიფხანს ფეხით გვერდებს, ხან კბილებით მოიჩიჩქნის მკერდს, რომ მკბენარი მოიშოროს. იქვე ორ-სამ ნაბიჯს იქით ღობეა გავლებული და ზაქარას ვენახი იწყება. შესავალში სდგას უზარმაზარი ხართუთა, ვენახს შუაში ხეივანი აქვს, აქეთ-იქით ხეხილი. ხართუთას ქვეშ დაცუნცულებს ოთხი-ხუთის წლის თმახუჭუჭა შაგვრემანი ბიჭი, დასდევს პეპლებს, ბუზებს და დატრიალებს ბალახებში. იქვე ჭილობზე ზის მარინე, ზაქარას ცოლი ქალი ლამაზი, მხნე შეხედულობისა; წინ უდგია აკვანი, ცალის ფეხის ორი თითით აკვნის საგოგავი უჭირავს და არწევს ბავშვსა; ხელთ უჭირავს თითისტარი, საჩეჩელზე გაწმენდილს მატყლს ართავს, თითისტარი პროწიალობს, ბზუის. მარინე არხეინად და უდარდელად არის. ხანდისხან თვალს ავლებს პატარა გიგლას, რომ შორს არ წავიდეს და არამ დაჰკბინ-დასუსხოს.

 

 უცბად ღობემ ლაწუნი მოიღო, მარინემ ყელი მოიღერა და თვალი მიავლ-მოავლო; გიგლას გაშლილი ხელები ჰაერში დარჩა; ჭრელამ კაკალ ქვეშ შეიზმუკუნა.

 

 კვლავ ლაწუნი მოიღო ღობემ. მარინე წამოფრინდა, თავშალი ჩამოიშალა, ნიკაპთან ანაზდეულად შეიკრა და სარტყელში ჩაკრული კაბაც ჩამოიშალა.

 

 უცნაური სანახაობა წარმოუდგა თვალ წინ. მის წინ გაჩნდა დალაქი ხოხელა სადალაქო იარაღით და დოქით, რომელშიაც წურბლები უსხდა.

 

 – ნათლი-ჯალაბს ვახლავარ! შენს დედამთილს წურბლებს დავპირდი...

 

 – სახლის გზა დაგვიწყებიათ!!. ვენახზე ღობე რომ არ გადმოგემტერია, განა არ შეიძლებოდა, – უთხრა უკმეხად მარინემ.

 

 დალაქი წავიდა განგებ მარინეს დედამთილთან. მარინემ ვერც კი მოასწრო ჭილობზე დაჯდომა, რომ გაჩნდნენ ბატონი და მისი სოსიკა.

 

 მარინე აენთო, სახეზე ალმურმა აჰკრა, თმა აებურძგლა, ყალყს შეუდგა. თვალებიდან წითელი წინწკლები სცვივოდა, რომელნიც საპნის ბუშტებივით პროწიალობდნენ მის თვალების წინ.

 

 – ხილის მეოთხედისათვის მოვედით... საკალოე მსხალი ძალზე შემოსულა, – უთხრა სოსიკამ.

 

 – ჩემი კაცი შინ არ გახლავს*, ეს მისი საქმეა, – უპასუხა მკვახედ მარინემ, გულხელი დაიკრიფა და ღაზლშემოხვეული თითისტარი მარცხენა იღლიას ამოიფარა.

 

 – მე დავბერტყავ მსხალს და შენ გაჰყავ, – უთხრა ალერსით თავადმა, ახლო მიიწია და კისერგადაგდებით სახეში შეაშტერდა.

 

 ბატონს უხვად მოადგა ნერწყვი ვნება-ღელვისა, თავი ვეღარ შეიკავა და ნიკაპში მაგრა მოჰკიდა თითები მარინესა.

 

 – იქით, შე უსირცხვილო! – და ისე მაგრა ამოუქნია ხელი, რომ ბატონი ძალაუნებურად უკან შესდგა და თითები ჰაერში შერჩა... დასტაცა აკვანს ხელი, გიგლა წინ გაიმძღვარა და გააშურა ვენახიდან. მაგრამ სოსიკა დასწვდა უკნიდან, შემოატრიალა. ბატონმა იდროვა და თავ-პირი დაულოშნა მარინეს კოცნითა.

 

 მარინემ იბრძოლა ძუ-ვეფხვივით, დაავიწყდა აკვანიც და გიგლაც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიწია, დააფრინდა კბილებით, გაუძვრა ბატონს ხელიდან; ბატონს შერჩა ხელში მარტო მარინეს მანდილი.

 

 მარინეს დალალ-კავები აებურძგლა, სახე გაუმრისხანდა, თვალები სისხლით აევსო და გააბა კივილი.

 

 სოფელი ცარიელია. კივილზე მხოლოდ ინდაურებმა მისცეს ბანი და სოფლის პატარა წვრილფეხობამ.

 

 მარინემ მოიმარჯვა საბრძოლველად თითისტარი, კვლავ წავიდა აივანისკენ, რომელშიც ბავშვი ჩხაოდა.

 

 ქვენა-გრძნობით აბობოქრებულმა ბატონმა და მოურავმა განიზრახეს მარინეს ვაზებისაკენ გათრევა. აი ორივემ მიიზიდეს. ამ დროს მარინემ გამეტებით და მძლავრად დასცა სოსიკას გულში თითისტარი და შიგ მიამტვრია; ნამუსის შერჩენა არჩია შვილებსა: მივარდა ვენახის კარებს, გავარდა გარეთ ყვირილით, კაკლის ქვეშ მუხლმოკეცილი დაეცა და მეტის მღელვარებით გულს შემოეყარა...

 

 

 VI

 

 

 კვირა დღეა... სოფელი ტორტლა თავმოყრილია ეკლესიის მოედანზე. ხალხი ერთმანეთს არ აცლის ლაპარაკსა, ხმამაღალი ლაპარაკი და მითქმა-მოთქმაა. ქალებს ცალკე ჯგუფი შეუდგენიათ, ესენიც ცხარედ ბაასობენ. ქალსაც და კაცსაც გაცხარებული მსჯელობა აქვთ ზაქარას ოჯახის შეურაცხყოფის გამო.

 

 – ჯერ კიდევ ბატონყმობის კუდი არ არის გასწორებული, მაინც გვხვდება ეს კუდი და გვსუსხავს კვლავინდებურად; დიდხანს არ გასწორდება; სწორედ ძაღლის კუდია, თუ გინდ კალაპოტშიაც ჩასდო, არ გასწორდება; სანამ ძირში არ გასწყვეტთ... ხელის შეშვება არ ვარგა, თორემ ბატონობას ბოლო არ მოეღება, ბოლო... მე იმისთვის კი არ ვამბობ, რო გული მეწვის და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა მოინდომეს. სულაც არა! თუ კი მე, რომელიც კრიჭაში ვუდგევარ ბატონსა და მის სისხლიგუდა მოურავსა, ასე მიშვრებიან, რას უზმენ საწყალს, უილაჯოს, ან ობოლ ოჯახსა, – ასე ამბობდა გაცხარებული ზაქარა ჯიღაური.

 

 – ოღონდაც, ოღონდაც! – გაიხმაურა ხალხმა.

 

 – კანონის წინაშე გავერთიანდით, გვეგონა მთა და ბარი გასწორდაო, მაგრამ ფუჭი გამოდგა ჩვენი იმედი: მამული ბატონს დარჩა; უმამულოდ კი ფრთა შეკვეცილს ქათამს ვგევართ, რომელიც, ისეც ფრენას გადაჩვეული, ღობეზედაც ვერ შეფრინდება... ჯანი გავარდეს, ამ უმამულობასაც როდისმე მოუვლით; სოფელი განიერია, მივდგებ-მოვდგებით, მაგრამ ნამუსს როგორ მოვუაროთ, როგორ დავიცვათ მყრალი მგლებისაგან, აი ეს არის საფიქრებელი! – განაგრძო ზაქარამ. – ბატონყმობის დროს ვინ რას გვკითხავდა: ჩვენი ქალები იმათი იყო... მაგრამ ახლა?.. კანონის წინაშე ერთნი ხართო, ეგენი კი, ე ბატონ-მოურავები, თავისას არ იშლიან. სოფელმა თუ თავი არ გაიმაგრა, ნამუსი გაწყვება სოფელში, სირცხვილს ვჭამთ და ჩვენი სოფელი თითით საჩვენებელი გახდება...

 

 – ოღონდაც, ოღონდაც! – დაჰკრა კვერი ზაქარას სიტყვებს ხალხმა... – უნდა ავლაგმოთ ეგენი, უნდა ავლაგმოთ: წამოაყენეთ ჯერ ის ჩვენი გამყიდველი დალაქი ხოხელა! მოიყვანეთ აქ, უნდა დღესვე გავასამართლოთ ჩვენის სამართლითა! – ყვიროდა ხალხი და ბობოქრობდა.

 

 – ჩავქოლოთ, ჩავქოლოთ ის შეჩვენებული ხოხელა! – ამბობდა ერთი.

 

 – სახლი თავზე დავაქციოთ, სახლი! – ყვიროდა მეორე.

 

 – არა, საქვეყნოდ ლაფი დავასხათ, გამოვწყვიტოთ ჩვენში, ავიძულოთ ჭირიანივით, დეე ტყე-ტყე იაროს მგლებთან და დათვებთან. ერთხელ სიკვდილი მაგისთვის ჯილდო იქნება; ეგ უნდა ნელ-ნელა კვდეს, სიკვდილი მუდამ თვალწინ უდგეს; იკვნესოს, გაილიოს, გაიხვეწოს ძაფივით სიკვდილის ლოდინში, – ამბობდა მესამე.

 

 – მარტო დალაქს კი არა, სოსიკასაც არ აწყენს ლაფის დასხმა! – გაიხმაურეს ქალებმა. – ის არის ქვეყნის დამქცევი და ამომგდები. იმისი გაბრიყვებული იქნებოდა ეგ უბედური, ქარაფშუტა ხოხელაი.

 

 – სოსიკას მე მოვურიგდები, ის მე დამანებეთ! – წარმოსთქვა ზაქარამ ულვაშის გრეხითა.

 

 ხალხის მსჯავრი სწრაფი და მკვეთრია: შუადღის ჟამს რუს პირას ხალხს გაეკეთებინა ლაფი შემდგარი სხვადასხვა უწმინდურებისაგან. მზე საშუადღეოზე იდგა და ძალზე იკბინებოდა. ხალხს დიდი წრე გაეკეთებინა. შუა რუში იდგა წელამდე გატიტვლებული ხოხელა დალაქი, ხელები უკან ჰქონდა გაკრული, იდგა თავშიშველა, ხალხისაგან შეჩვენებული და განრისხული; ადამიანის სახე აღარ ედო, თვალები დაეხუჭა, თავი ჩაექინდრა და გულში ჯოჯოხეთის ცეცხლი უტრიალებდა. ეტყობოდა, პირი უშრებოდა, ენას მალ-მალ ტუჩებზე ივლებდა დასასველებლად, მაგრამ ენასაც სისველე აღარ ჰქონდა... როგორც იყო, თავს ძალა დაატანა და წამოილუღლუღა:

 

 – მაპატივეთ, ხალხო, მაპატივეთ! დანაშაული ვარ! – მუხლებზე დაეცა წყალში, თავი ჩაჰკიდა და ცრემლი ნაკადულსავით გადმოსკდა თვალთაგან და ჩაერთო რუში. რუმაც კი არ მიიკარა ეს ცრემლი სინანულისა, ზეთივით მოიგდო ზედაპირზე და ნაპირისკენ გაასრიალა.

 

 მაგრამ ხალხი ულმობელია, როცა მის წმიდათა წმიდას შელახავს ვინმე. აი სათითაოდ დაასხა ყველამ ნიჩბებით ლაფი დალაქ ხოხელასა. გათავდა თამაშობა. ხოხელას ნება მისცეს წასულიყო სახლში. ტალახში ამოვლებული დარეტიანებული ამოვიდა რუდან და მთვრალი კაცივით ტორტმანით გასწია სახლისაკენ.

 

 ხალხი სდუმდა; კრინტი აღარავის დაუძრავს; მინამ მიეფარებოდა ხოხელა თვალთაგან, იმის გზას შესცქეროდა; მერე ნელ-ნელა უსიტყვოდ დაიშალა და სახლში წავიდა.

 

 რასაკვირველია, ბატონმაც გაიგო ეს ამბავი. მისი სოსიკა ალეწილი იყო, გული ეწვოდა, თითქო ღველფი ჩაუყრიათო – ორნაირი ცეცხლი ეკიდა იმის გულსა: შიშისა და შურისძიებისა.

 

 ბატონიც ვერ იყო ქეიფზე. რაც უნდა იყოს, სხვა დრო დადგა. ვინც გაიგებს, რას იტყვისო, ამბობდა გულში თავადი ესტატე, მაგრამ რა ექნა, ჩვეულებამ, სისხლხორცში გამჯდარმა ჩვეულებამ, თავისი ქნა და თავის კვალზე წაიყვანა.

 

 კნეინა ქეთევანიც ცეცხლის ალში ატარებდა თავის ქმარსა. როცა მარტონი იყვნენ, მალ-მალ აგონებდა ამ ამბავსა, ამრეზილი ადგა ქმარსა, ბუტიაობა შეეჩვიათ და მთელი დღე გაბღვერილები იყვნენ. როცა სტუმარი გაჩნდებოდა ვინმე, თავად ესტატესათვის დღეობა დადგებოდა ხოლმე. მაშინ ცოლ-ქმარნი, რომ არ ეგრძნობინებინათ სტუმრებისათვის, ბუტიაობას იქით გადასდებდნენ და შეექნებოდათ მხიარულება.

 

 – შენ ისეთი საქმე ჩაიდინე, რომ ჩვენ სოფელში აღარ გვედგომება, ჩემო ესტატე. ეხლა ხომ ფული ბლომადა გვაქვს, ჩავიდეთ ქალაქში და იქ ვიცხოვროთ; სოფელს სოსიკაც გაუძღვება. გეუბნებოდი, სოფელს თავს ნუ გაუყადრებ-მეთქი, მაგრამ შენ შენი არ დაიშალე. გლეხკაცი გულჩახვეულია. იმას წყლული გვიან გაუმთელდება; თუ გაუმთელდება, წყლულისაგან ტკივილები ისევ ახსოვს, გულზე აქვს დაჭდეული. ახლა რამდენი ჭდე აქვს გულზე ტკივილებისა და მწუხარებისა! ამას ვინ დასთვლის... ავიკრათ ბარგი და ქალაქში გადავსახლდეთ; რაც უნდა იყოს, სულ დიდკაცობაში ვიქნებით და ამ ტეტიების ცქერას მოვრჩებით. ზაფხულობით ჩამოვალთ სოფლად გასართობად და ჰაერის გამოსაცვლელად. ხალხი გულიდან გადიყრის ჩვენს სიძულვილსა. ხომ მოგეხსენება, როგორც თვალი შორს, ისე გულიც შორსაო, თორემ თუ ჩვენ სოფელს ჩავაცივდებით, კარგი არ იქნება. მაინც ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ სოფელში? მუშაობას და მურეხ საქმეს მიჩვეულნი არა ვართ. იდიდოს ხემწიფე იმპერატორი, თითო სულზე ოცდახუთი მანეთი გადაგვიკვეთა; მამულები რაც მისაზმონი იყო, მიუზმონეთ ჩვენს ნაყმევებსა, დანარჩენი მამული ხელუხლებელია; როგორც ჩვენ გვენებოს, ისე გავცეთ; ჩამოვიყვანოთ ჩვენი მთიდან ოსები და სულ იმათ მივცეთ იჯარითა... მერე ვიცხოვროთ ხემწიფურად... მეორეც ესა, შვილებისთვისაც კარგია ქალაქში ცხოვრება, იქვე სასწავლებლებია... სოფელს ჩვენი ერთგული სოსიკაც ეყოფა. სოსიკა არ იქნება, მაგის ფერი სხვა იქნება, მაგისთანა ძაღლებს ქვეყანაზე რა დალევს.

 

 კნეინა ქეთევანის აზრი ჭკუაში მოუვიდა თავად ესტატესა. დაასკვნა ქალაქში გადასახლება.

 

 დადგა სოსიკას ბატონობის დღე.

 

 

 

 

 VII

 

 

 თავადი ესტატე მარუშიძე დიდი მამულის პატრონი იყო, ყმაც ბევრი ჰყავდა; გლეხებს საკომლო მოუზომეს; ზოგს ერგო ათი დღიური, ზოგს ნაკლები. ზაქარა ჯიღაურის ოჯახს ათი დღიური ერგო დებულებითა (უსტავნი გრამოტითა). არ ეყო ხალხს საკომლოდ მიზომილი მამული (ნადელი). ისინი ძალაუნებურად გადიოდნენ ნაბატონევის მამულში; ერთმანეთის ჯიბრზე უმატებდნეს ღალა-კულუხსა, ოღონდ კარგი მამულები ეგდოთ ხელში; მოქრთამეობა, მოურავის მოსყიდვა, მლიქვნელობა, გაიძვერობა, ძღვენები და პატიჟი მოურავისა, მოურავის დანათლიება სანატრელი გახდა.

 

 ჯიღაურების ოჯახი სულ სხვა მდგომარეობაში იყო. თუმცა ზაქარა ნაყმევი იყო, მაგრამ საეკლესიო მამული ჰქონდა თითქმის სამოც დღიურამდე, ამისი საბუთიც ჰქონდა; თვით ის ნაფუძარი, რომელიც კარწინ ჰქონდა, საეკლესიო იყო. ამიტომ ზაქარას ნაბატონართან და იმის მოურავთან სახვეწარი არა ჰქონდა რა.

 

 გავიდა ხანი და ჟამი იმის შემდეგ, როცა თავადმა ესტატემ შეურაცხყოფა მიაყენა იმის ოჯახსა. ზაქარას თუმცა გულიდან გადაყრილი არა ჰქონდა სოსიკას ჯავრი, მაგრამ მაინც თავის საქმეს დამშვიდებით შეუდგა; პეტრე ისევ ყოჩაღად იყო და გუთნისდებობდა ოჯახში; ზაქარას ძმები წამოიზარდნენ, ორი კიდეც დაქორწილდა; ოჯახი ძაან დააწინაურეს; ყოველწლივ ღვინოსა და პურს ბლომად ჰყიდდნენ; სოფელში სუფთად გამოდიოდნენ. გლეხობის კვალობაზე პირველი ოჯახი იყო ტორტლაში. ფუფუნებდა და ხარობდა ოჯახი.

 

 ბუნებაშიაც ხშირია ასეთი ფუფუნება და მხიარულება: ცა ლაჟვარდოვანი; იგი კიდით კიდემდე მოკრიალებულია; მზე ეტრფიალება ცას და ქვეყანას, ანათებს, ათბობს, სხივებით ეთამაშება, თავს ევლება ცას და ქვეყანას; ყველა სულდგმული ხარობს, აღტაცებაშია ბუნების სილამაზე-სიმშვენიერით.

 

 აი ოდნავ იჩინა თავი მთის მწვერვალებზე თეთრმა ნისლმა; გრილმა სიომ დაუბერა; ნელ-ნელა თეთრი ქულა ნისლები შექუჩდნენ, ფერი იცვალეს, დალეგავდნენ, დევებივით წამოიყუყნენ მთებზე, მოიცვეს მთა და ბარი, მოგრაგნეს მთლად ლაჟვარდოვანი ცა...

 

 ჩამობნელდა, იჭექა, გამოჰკრთა ელვა და კლაკვნით წავიდა ცის სივრცეში; ჭექა-ქუხილმა ჰაერი შეარყია, შეაზანზარა; თავზარი დასცა მხიარულს ცხოველებს; ჰაერის რყევას მოჰყვა ღაპაღუპით მსხვილი წვიმა. ყველა გულხეთქებით გარბის ბუნაგისკენ. ადამიანი ელვა-ჭექისაგან შეშინებული პირჯვარს იწერს და შესთხოვს წმ. ელიას მშვიდობასა და შეწყნარებასა...

 

 ერთს წამს შეირყა ბუნების მხიარულება... ერთს წამს შეწუხდა ცხოველი არსება... შეეხუთა გული ერთს წამს ადამიანსაც... ყოველი ცვლილება ასე არყევს და აწუხებს ადამიანსა...

 

 ზაქარა ჯიღაურის ოჯახის გარშემოც ნისლი მიადგა, გაიზარდა, მეხად იქცა და ანაზდეულად თავს დაატყდა.

 

 შუადღე გადახრილია... პეტრეს კარწინ ნაფუძარში გუთანი უბია... გუთნისდედა მეხრეებით სამხარს შეექცევიან ნიგვზის ხის ძირში, დღის მეხრეებს გუთნეული რუს პირად საძოვრად ჰყავთ. ზაქარა, რომელიც კარებზე საბარო ურემს ამზადებდა, მოუჯდა მამას და მეხრეებს და ესეც სამხარს ტკბილად შეუდგა.

 

 აგერ დღის მეხრეებმა გუთნეული ნიგვზის ხესთან მორეკეს, ახლა ამათ ისამხრეს... გუთანი კვლავ შეიბა... გაჩაღდა ოროველა, დასვენებულმა გუთნეულმა ხალისიანად გასჭიმა ჭაპანი. ოროველა გაიბა: გუთნეულმა სახრე აღარ დაირტყა... აი გავიდა გუთანი ბოლოს, შემოტრიალდა პეტრე გუთნით მეორე კვალისაკენ, კვლავ აუბა გუთანი.

 

 ამ დროს ორღობიდან გამოვიდა თავად ესტატეს ცნობილი მოურავი სოსიკა ორის შეიარაღებული ოსითა. მოვიდა გულადად გუთნისდედასთან და თამამად უთხრა:

 

 – ბატონისაგან მომივიდა ბრძანება, რომ ამ მამულს ხელი არ შეახო, შენ საკომლოდ (ნადელად) ათი დღიური გაქვს მოცემული, დანარჩენი ბატონისაა; ის არ გიშვებს სხვა მამულში; ვისაც უნდა გამოართვას და ჩემს მამულში კი დღეიდან ფეხს ნუღარ დასდგამსო...

 

 პეტრეს ეს ამბავი სიცილად არ ეყო. ზაქარამ, რომელიც ამ დროს კაკლის ხის ქვეშ საბარო ურმის თვლებს ჰკვერცხავდა ხელეჩოთი, თავი მაღლა აიღერა, მარცხენა ხელი ქამარში გაივლო, მარჯვენა მხარზე ხელეჩო გაიღო და დაუწყო ცქერა.

 

 – გააჭიმინეთ ჭაპანი, ბიჭებო, რას გაშტერდით... გაუჯავრდით წინა ხარებსა.

 

 – აუშვი-მეთქი, გეუბნები... ნაბძანები მაქვს! – გადაუდგა სოსიკა წინ გუთნეულსა.

 

 ზაქარა ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, თვალი ჩაუკრა ძმებსა და ღამის მეხრეებსა, მივიდა მამასთან, გამოართვა გუთანი და დასძახა:

 

 – აბა, ბიჭებო, გაუჯავრდით!..

 

 – სისხლს ნუ იძლევი, ზაქარო! – შემოსჭყივლა სოსიკამ.

 

 – თითონ შენ ნუ იძლევი სისხლსა!.. ეს მიწა და სხვა ამისთანები ჩემი საკუთრებაა, საეკლესიოა, მე იგი საბუთებით მიჭირავს... შენ თითონ იცი, რომ ბატონყმობის დროსაც გვჭერია, მაშინ არავინ შეხებია და ეხლა ვის რა ნება აქვს?

 

 – წადი და იჩივლე, რაზე მაკვდები!.. აუშვი გუთანი, თორემ ვეტყვი ბიჭებსა და კარგა გავასახვრინებ შენს თავსა.

 

 – გეუბნევი, ამ მიწის საბუთები მაქვს-მეთქი. თქვენ თითონ იჩივლეთ, მე საჩივარი რა მაქვს... მე საბუთს სასამართლოს წარვუდგენ...

 

 ბიჭებმა შეუტიეს გუთნეულსა; წინა ხარებმა გაჰკრეს ჭაპანსა და სოსიკა მიწაზე გაანარცხეს. წამოფორთხდა, იძრო ხანჯალი და უნდა დაეცა ხარისათვის, მაგრამ ღამის მეხრემ გაუქნია სახრე, გაარტყა მაგრა შიგ ჩონჩხში და ხანჯალი გააგდებინა. ამავე დროს ზაქარამ უშვა გუთანს ხელი და მძლავრად დაჰკრა ხელეჩოს ყუა სოსიკას მხლებელს, რომელმაც ჩაიჩოქა, დარეტიანდა და წამოდგომა ვეღარ მოახერხა. მეორე მხლებელმა იერიში ვეღარ მიიტანა, გადგა განზე და თავის თავის დაცვას შეუდგა. მეტი ღონე აღარ იყო, უნდა დამორჩილებულიყო სოსიკა ბედსა.

 

 ერთი კვირის შემდეგ მოვიდა ქალაქიდან მომრიგებელი მოსამართლე, ღვიძლი ბიძაშვილი თავად ესტატე მარუშიძისა და გამოუცხადა ზაქარა ჯიღაურსა:

 

 – შენი ოჯახი ესტატეს ნაყმევია; თქვენს ოჯახს კანონითა და სამართლით მიეცა ათი დღიური, დებულებაში, უსტავნი გრამოტაში ასე გიწერია... დანარჩენი მამული ბატონისაა; უნდა მოგახვნევინებს, უნდა არა, ეს სრული იმისი ნებაა. ეს ნაფუძარი უსტავნი გრამოტაში ხომ არ გიწერია?.. – ჩაეკითხა მომრიგებელი მოსამართლე.

 

 – არ მიწერია...

 

 – ჰოო, გაცოცხლა ღმერთმა! რაც არ გიწერია, შენი არ არი, ბატონისაა. ხელმწიფე ვერ წაართმევს და შენ როგორ უნდა წაართვა.

 

 – ეს მამული საეკლესიოა; ესტატეს ყმა გახდა პაპაჩემი, მაგრამ იმას საეკლესიო მამულებიც შერჩა, როგორც სხვა ჯიღაურებსა. ჩვენ ამისი საბუთები გვაქვს.

 

 – მაშ წარმოადგინე საბუთი.

 

 – უკაცრავად კი გახლავართ, ბატონო, მაგრამ ვერ წარმოგიდგენთ... ესტატემ მიჩივლოს და სასამართლოს წარვუდგენ...

 

 – როგორ თუ ვერ წარმომიდგენ? მაშ მე არ მენდობი, მე მოსამართლე არა ვარ?.. ეს საქმე საკუთარი ჩემი საქმეა, მე მეკითხვის ბატონყმის არიგება და შენ კი...

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა