– ანწუხზედაც რომ დამაგოთ, აიმ ხეზე რომ ჩამომახრჩოთ, მე იმ საბუთს თქვენ ვერ ჩაგიგდებთ ხელში... თქვენ იმისი ღვიძლი ბიძაშვილი ხართ... არ დამინდობთ, იმ საბუთს გამიქრობთ და ამ მამულს ხელიდან გამომაცლით... რომ ეს მამული ბატონისა ყოფილიყო, უსათუოდ ნადელში მოვიყოლიებდი. ეს მამული რო წამერთოს, უნდა სული ამომეხუთოს, სახლიდან გამოსასვლელი გზა აღარ მექნება; მაშინ მერცხალივით უნდა ბანიდან ავფრინდ-ჩამოვფრინდეთ...

 

 – მე განაჩენს შევადგენ, რომ არ მემორჩილები, წარვუდგენ სადაც ჯერ არს და შენ ციხეში ამოგაყოფინებ თავსა.

 

 – ციმბირშიაც მზად ვარ წავიდე სიმართლისათვის.

 

 – მაინც მე გირჩევ, შეაყენე ამ მამულის ხვნა-თესვა... სამართალი გაარჩევს საქმეს და ვისაც იგი აკუთვნებს, ის მოუვლის...

 

 – ეგ სამართალი და ეგ ბატონი: წავიდეს, იჩივლოს და თუ აკუთვნებენ, დავინახავ, – უთხრა მტკიცედ ზაქარამა.

 

 – შენთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა სწორედ... შენ რასაც გეუბნებიან, უნდა გაიგონო... დაჰკათ, ბიჭებო, ამ მამაძაღლსა, ამას! – დააბდღვრიალა თვალები მომრიგებელმა მოსამართლემ, თავადმა ვარდენ მარუშიძემ, თვით მიიწია ზაქარაზე და სილა გაჰკრა; ამ დროს წაეშველნენ იასაულები, სოსიკა ბიჭებით და დააყარეს ზაქარას მათრახი და ჯოხები.

 

 რას იზამდა: ათი ერთს სცემდა, დევიც რომ ყოფილიყო, ვერ შესძლებდა წინააღმდეგობასა, თუმცაღა თითონაც ვისაც მოასწრო კეთილი არ დააყარა.

 

 – აღარ გაბედო ამ მამულში შესვლა... მამასახლისს გამოუცხადებ, რომ ხელი არ ახლო... მე შენი საბუთებისა არა ვიცი რა... სოსიკა! თუ ეს მიწა კიდევ მოუხნავს... ეს ნახნავიც შენ დააფარცხვინე ესტატესათვის... ვეტყვი ესტატეს და ვაი შენს დღესა!..

 

 – ეგრე კი მიბრძანეთ და ვაჩვენებ მე მაგას სეირსა... მთელი სამი სოფელი ბატონისაა, ახლა ე ჯიღაურებიც ბატონობენ, ჩვენ საეკლესიო გლეხები ვართო... ჰაი, მე ი ბატონისა ვიყვე, ყველა ჯიღაურებს ავაბარგვინებ აქედანა...

 

 – გლეხს ვინ მისცა საკუთრება, – დაიწყო ვარდენ მარუშიძემ, – ღმერთს ვედრება შესწირეთ, რომ ხელმწიფემ საკომლო გიწყალობათ... შენ კიდევ სხვასაც ეპოტინები...

 

 ზაქარა თითქო ქვად იქცა, ხმას აღარ იღებდა. ის სხვა ფიქრებმა გაიტაცეს; აღარ გრძნობდა ტკივილებსაც; სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა შუბლიდგან; სისხლის ღვარმა მკერდზე წითელი ზოლი გაავლო და პერანგსა და შალვარ შუა დაგუბდა... გარს ეხვეოდნენ ცოლი, დედა, ბავშვები...

 

 პეტრემ და სხვა ამისმა შვილებმა ზაქარას მარცხი გვიან შეიტყვეს; მოიჭრნენ ისინიც...

 

 ზაქარა მიიყვანეს კაკლის ქვეშ, დასვეს ჭილობზე. ცოლმა მოჰბანა სისხლი, იარები მოუწმინდა და ერბოში მოშუშული ბამბებით შეუხვია. ზაქარას ერთიც არ დაუკვნესია, კრინტი არ დაუძრავს. ცოლის და მშობლების ლაპარაკი არ ესმოდა..

 

 – რა ვქნა, ეს რა მომივიდა!.. შვილო ზაქარო! შენ გენაცვალოს დედა, ხმა ამოიღე!.. აი ჩაუგდოს ენა ჩემმა სასო ღვთისმშობელმა სოსიკა მოურავსა და იმ ტურა მოსამართლესა!. შვილო მარინე!. გაირბინე დალაქიანთ მოსოსთან, ერთი შეშინებულისა შეულოცოს... სწორედ ენა ჩაუვარდა და რაღა ვქნა! -ოხრავდა და იკაწრიდა ზაქარას დედა სახესა; მარინე უხვად აბნევდა ცრემლებსა, ხოლო მამა პეტრე და ძმები გულხელდაკრეფილნი და მწარედ დაძმარებულნი შესცქეროდნენ გაყრუმუნჯებულ ზაქარასა.

 

 ზაქარას სახეზე ნისლი გადაეყარა; თვალებზე ხელი მოისვა და წამოვარდა.

 

 – თოფი!.. ჩემი თოფი!.. ოოჰ!.. კაცის სისხლში უნდა გავისვარო ხელი!.. უნდა სისხლით მოვრწყო ეს ნაფუძარი... – დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკი...

 

 – ნუუ, შვილო, ნუუ!.. უწინამც დღე დალევიათ შენს მტრებსა. იმათის გულისათვისა რად უნდა გაიხადო, შვილო, თავი საციმბიროთა, – ეუბნებოდა დედა და დამჭკნარს ძუძუებში იყოფდა შვილის ხელებსა.

 

 – კარგი, კარგი!.. ერთი წყაროსთან მიმიყვანეთ...

 

 გავლამ სისხლი აამოძრავა, წყაროს ცივმა წყალმა გული გაუგრილა, გამოაფხიზლა.

 

 მთელი ტორტლა საღამო ჟამზე პეტრე ჯიღაურის კარ-მიდამოზე გაჩნდა: ყველა კითხულობდა იმის ამბავსა, ყველა ნუგეშს სცემდა, ზოგი მასხარაობდა, რომ ზაქარა ხალისზე მოეყვანათ.

 

 – წყალი აიმღვრა!.. ეს ამბავი მუქთად არ ჩაივლის... სოფელში დიდი ცოდო დატრიალდება: მაგ საწყალ ზაქარას მოუკლავს არ გაუშვებენ, მერე ჩაიგდებენ საწყლის ოჯახს ხელში და სულ დაანიავებენ, – ლაპარაკობდა გზადაგზა ზაქარას მეზობელი.

 

 – ვინ ვის მოჰკლავს, კაცმა არ იცის... ზაქარა ჯიღაურს ნუ ეხუმრებით. მთელ ხეობაში კაცი არა სჯობიან, თავმომწონე კაცია, – უპასუხა მეორემ.

 

 – რაღაც კი დატრიალდება და! – კვლავ სთქვა მოხუცმა.

 

 – მართალია!.. ეს საქმე უბრალოდ არ ჩაივლის, – დაეთანხმნენ მოხუცს სხვები.

 

 

 VIII

 

 

 ზაქარა ჯიღაურს სასამართლოებში სიარულით გამოუღამდა: თითქმის ყოველ თვე დაათრევდნენ გორის მომრიგებელ თუ ტფილისის ოლქის სასამართლოებში. თუმცა მომრიგებელმა უარი უთხრა ესტატე მარუშიძეს და როგორც ის ნაფუძარი, ისე – სხვა მამულები, რომელიც კი საეკლესიო საბუთით ეჭირა ზაქარას და სხვა ჯიღაურების ოჯახსა, მიუსაჯა ზაქარას და მის სახლიკაცებს საბუთის ძალით, მაგრამ ესტატეს რა გააჩერებდა: საქმე გადიტანა ოლქის სასამართლოში. აქ კი საბუთი სადღაც გაჰქრა. ათასნაირად ატრიალა საქმე ნათესავების შემწეობით და ზაქარას ოჯახს სულ ტყავი გააძრო ,,სუდებში” თრევითა და უბრალო ხარჯითა.

 

 ზაქარაც მოუთმენელი და ჯიუტი იყო, არას უთმობდა, ხშილად ლანძღავდა ბატონს და წელიწადში ამის გამო ორჯერ-სამჯერ იჯდა ციხეში. გამოიცვალა ჯორ-ზაქარა, სახეზე შეიშალა, ოჯახი წელში გატყდა, ნელ-ნელა ვალებში ჩაჯდა. წყეულმა ადვოკატებმა ხომ ბატონზე უარესად ამოწოვეს ტვინი; გაურიგდებოდნენ, გამოართმევდნენ ნახევარს ხელფასისას წინდაწინ, რაღაც უბრალო ქაღალდს დაუწერდნენ; მერე ერთი ორი თვის შემდეგ ეუბნებოდნენ: ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებთო; ჯერ ერთი იმიტომ რომ ესტატე მარუშიძე მძლავრი კაცია, მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღვარია, ოლქის სასამართლოში და პალატაში ნათესავები, მოკეთეები და კეთილის მყოფელები ჰყავს, ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთო.

 

 ეწვალა, ეტანჯა ასე წოწიალითა და სიარულითა. სასამართლომ მამული თავად ესტატეს მიუსაჯა. როცა უკანასკნელად წააგო და განაჩენი გამოუცხადეს, ზაქარამ თავი ვეღარ შეიმაგრა, ცრემლი მოადგა და ნაკადულივით გადმოსკდა თვალთაგან და უთხრა მოსამართლეებს:

 

 – თქვე დალოცვილებო! საბუთი დამიკარგეთ, მაგრამ ადგილობრივად მაინც გასინჯავდით იმ მამულსა. დაწყივ-დაბადებიდან ჩვენი ოჯახი იმ ნაფუძრის პირს ცხოვრობს, უიმისოდ ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლიან. როცა ეკლესიას ის მამული მოუცია ჩვენი ოჯახისათვის და იქვე დაუსახლებია, ის ჰქონია სახეში, რომ უმამულოდ ცხოვრება არ შეიძლებოდა და სწორედ იმიტომაც მიუცია ეკლესიასა. თქვე დალოცვილებო, მერცხალი არა ვართ, ბანიდან ავფრინდ-ჩავფრინდეთ სახლში, ბუზი არა ვართ, კედელს მივეკრათ და ისე ვიცხოვროთ უსახლკაროთა, სად წავიდე, როგორ შეველიო მაგისთანა მამულსა? ავიყარო იქიდან, სხვაგან გადავიდე? მერე სად მაქვს შეძლება, რომ ახლად მოვეწყო კუდამდი ტყავგამძვრალი. ღმერთო! ამისთანა სამართალი გაგონილა!!.

 

 – სამართალს ჩვენსას უკადრისად ნუ ეხები, თორემ ამა და ამ კანონის ძალით ციხეში იქნები ჩასმული, – უთხრა ერთმა მოსამართლეთაგანმა.

 

 – რაღას ვაქნევ ჩემს თავსა: მე ციხეში ყოფნა და იქ სიკვდილი მირჩევნია, ასე გათახსირებასა და სულის წუხილსა...

 

 წაართვეს ზაქარას მამული... მაგრამ ერთი ღონე კიდევ სცადა: მიმართა უმართებულეს სენატს ქაღალდითა, რომელიც ვიღაც მადლიანმა კაცმა დაუწერა...

 

 ამ ქაღალდისა ეიმედებოდა; გადაწყვიტა სისხლი დაეღვარა მამულში, შიგ მომკვდარიყო ბარემ და მერე თუნდაც წაერთმიათ, არ ინაღვლიდა.

 

 ზაქარა სოფლად აღარ გამოდიოდა; გულხელდაკრეფილი იდგა კარებზე თითქმის მთელი საათობით გაჩერებული, ჩაფიქრებული; ფიქრს დაჰყავდა იგი თავის ყოვლადშემძლებელ ფრთებით ათასგან – ხან აიყვანდა ცად, ხან ჩააფრენდა ქვესკნელში, ხან ტკბილად გაუღიმებდა, ზოგჯერ კი ჯოჯოხეთის ცეცხლს დაუნთებდა-ხოლმე გულ-მკერდში. ყოველივე ეს მის სახეზე იხატებოდა, მის სახეს დაღს ასვამდა.

 

 – რაღაა ჩემი სიცოცხლე! – იფიქრა ზაქარამ – აგერ ორმოც წელს გადავაბიჯე, ბატონყმობის გადავარდნიდან აქამომდე ამ მამულის გამო ერთი ნათელი დღე არ მინახავს; მოვდივარ და მოვიწვ-მოვიდაგვი. ერთი კევრი არ მოტრიალებულა ჩემს თავზე, წისქვილს არ დაუტრიალნია, თორემ სხვა ყოველივე გადამხდა. აი სულიღა შემრჩა, ცარიელი სული და ესეც მუდამ წუხილშია, მუდამ ქენჯნაშია... უნდა ჩამოვიცალო გზიდან ეგ წყეულები, უნდა ჩამოვიცალო... ერთადერთი გზაღა დამრჩენია; სისხლით, ადამიანის სისხლით უნდა შევისვარო ჩემი მარჯვენა. ამოდენა ხნით კაჩხაზე ჩამოკიდებული ჩემი სიათა უნდა ავახმიანო.

 

 ერთ ღამეს გაიმზადა ყველაფერი; დუმა, საშალე, საპირიწამლე, სხვადასხვანაირი კაჟი. გატყდა ღამე... სახლში ყველას სძინავს... ჩამოიღო დაჟანგებული სიათა; მოუშალა ჩახმახი; გადუმა ლულა, ჩახმახი გაწმინდა ნაცრით, გამოწმინდა ლულა, დაასხა ჩახმახი, შეურჩია ისეთი კაჟი, რომელიც ნაპერწკლებს უხვად სცემდა: სცადა რამდენჯერმე, ფალია მარჯვედ ჰფეთქავდა, არც ერთხელ არ აუწვავს. წვრილ-წვრილად გაასორსოლავა ტყვიები, დასჭრა საფანტად, ჩაალაგა საპირიწამლეში. მეორე დილით თოფი მზის გულზე ჩამოჰკიდა, რომ დუმა გასჯდომოდა, ჟანგი მზეს მოეჭამა. ერთი კიდევ გასწმინდა შალითა და ნაცრითა და ისევ დაჰკიდა – გარეთ ბოძის ყბაზე.

 

 ყველას ეუცხოვა ეს ამბავი. აქამდე ზაქარას ხელეჩოსა და გუთნისთვის ხელი არ უშვია, მთელი სოფლის ურმის ამსხმელი ის იყო, ქებული გუთნისდედა, სოფლის მოკეთე, ეხლა კი ყველას თავი დაანება და სახლში ჩაიკეტა.

 

 – კაცო, ზაქრო! ე თოფი რას გამოგიმზევებია? – ეკითხებოდნენ მეზობლები.

 

 – ძველი ხელობა, მონადირობა უნდა დავიწყო! – ისიც დინჯად უპასუხებდა; – რაღა დამრჩენია რა? მამული ადგილი წამართვეს. ვივლი მინდორ-ველად, ტყე-ღრედ. მგელს მოვკლავ, მელას თუ დათვს, ტყავს ბაზარში გავიტან, სხვა ნანადირევს ოჯახში მოვიხმარ.

 

 – მგონი, კიდეც გადაეჩვიე სროლასა?... მაინც რამდენი ხანია, რაც აღარ გისროლია თოფი? – ჩაეკითხა ერთხელ მეზობელი.

 

 – აბა, როგორ გითხრა? – უპასუხა ზაქარამ. – ბატონყმობის შემდეგ ერთი ოთხი წელიწადი კიდევ დავეხირებოდი სანადიროდ, კიდევ ჩვეულება თავისას არ იშლიდა. მაშინ ოცდაორის წლის ბიჭი ვიყავი... ჰო, ესე ოცდაორი წელიწადიც უნდა იყოს... თუ მეტი არა, ნაკლები მაინც არ იქნება. ეხლა უნდა გავიხსენო.. ერთი ორჯერ-სამჯერ რომ გავისვრი, ისევ დამიტრიალდება სიმარჯვე თვალისა და მკლავისა, თუმცა მკლავი ისე მტკიცე აღარა მაქვს, მაგრამ თვალი უფრო მიჭრის თითქო... ამითი მაინც გავაყოლიებ დარდიან გულსა... – სთქვა ზაქარამ.

 

 თავადი ესტატე მარუშიძე ამ დროს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. ქალაქში ყოფნის დროს ძალიან გამოიქნა, სამშობლოსა და ხალხის სიყვარულზე მაღლა ყვიროდა, თუმცა ორივე ფეხით სთელავდა ხალხსა, სულს ართმევდა, მაგრამ თბილ ოთახში ესეც ტაშს უკრავდა სხვა მაღლა მყვირალებს მამულის და ხალხის კეთილდღეობაზე. თავადი ესტატე ხშირად მღეროდა ,,მრავალ-ჟამიერს”, ,,ყანწით ვსვამ ღვინოს, თქვენ სადღეგრძელოს და გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს”; ან კიდევ: ,,მე შენი მომწონს შავი თვალები, შენ გენაცვალნენ რუსის ქალები”, მაგრამ ღვინო ერჩივნა საქართველოსა და, იქნება, რუსის ქალები მართლა არ უყვარდა, მაგრამ რუსის ჩინოსნების წინ კი ძლიერ უყვარდა წაკაკვა და მლიქვნელობა.

 

 დიახ, თავადმა ესტატემ წინამძღოლობის დროს უფრო მაღლა დაიწყო ყვირილი საქართველოსა და ერზე, სულ კორიანტელი ააყენა; იაფფასიანი ჩვენი მწერლები – ლიტერატორები ესტატეს ტაშს უკრავდნენ და იმის სტვირზე თამაშობდნენ. ამ მხრივაც ესტატემ ზურგი გაიმაგრა, ყველას თვალში ნაცარი ჩააყარა, დააბრმავა. ამავე დროს იგი რომ თავის გლეხებს აწიოკებდა, ის კანონივრად მიაჩნდათ იმის მწერალ მეგობრებსა, ხოლო ტეტია გლეხის გმინვა და ტანჯვა მოგონილ ამბად.

 

 სოსიკა მოურავი ამ დროს დიდი კაცი გახდა: თავზე კალმუხის ჩატეხილი ქუდი ეხურა, კვირა-უქმით ,,ენიანი” კაბით დადიოდა და ისე სადაგ დღეში მუდამ ჩექმაში და მოკლე ქართული შავი შალის ჩოხით გამოწყობილი. იმის ქამარ-ხანჯალს, მასრა-ყაწიმებს, საუცხოოდ დასევადებულს, ფასი არ ედო. სამოურაოში რო წავიდოდა, შორიახლო მისდევდა ბიჭი ცხენითა; თითონაც, რა საკვირველია, სანაქებო ცხენზე იჯდა. იმ დროს ბატონიც იყო სოსიკა, პატრონიც და ერთიც კიდევ ზედმეტი რაღაცა. ეხლა თავადი ესტატეც და ხალხიც სოსიკას აღარ ეძახდნენ, ეხლა ის ყველასათვის ,,იოსებ პაატიჩი” გახდა, და ვაი იმის დედას, ვისაც სოფელში წამოსცდებოდა ,,სოსიკა”, სულ მათრახით გააჭრელებდა ხოლმე და თან დააყოლებდა: ,,შე მამაძაღლო, მე შენი რა სოსიკა ვარ, ჰა!!.”

 

 ყველა სოფელში სოსიკას, აწინდელ ,,იოსებ პაატიჩს”, თითო მსუქანი ნათლიმამა ჰყავდა; ამ ნათლიმამებთან ჩამოხტებოდა ხოლმე; აქ მოჰქონდათ ძღვნები: ცივ-ცივი ღვინო სველი ხელადებით, ცივად მოხარშული დედლები და ჩახრაკულ-ჩაბრაწული ვარიები. სოსიკა გასუქდა წიფელნაჭამ ღორივითა, კისერი მორგვივით ჩამოურგვალდა. მუდამ ხალისიანად იყო, უდარდელად, და ილაგებდა ჯიბეში ფულებსა, ბეღელ-ორმოებში ხორბალსა, სდუღდა და გადმოსდიოდა. თავად ესტატეზე ნაკლები შეძლება არა ჰქონდა... იმასავით გიმნაზიაში ზრდიდა შვილებსა. ჩაცმა დახურვით, შეხედულებით, თავად ესტატეს და “იოსებ პაატიჩის” შვილები არც კი განირჩეოდნენ.

 

 თავად ესტატეს და მის კნეინას თავი მწვანე კიტრივით მოჰქონდათ, რომ სოსიკა, რომელიც ერთს დროს ღორის ტილივით დაძვრებოდა, ეხლა ისე გასუქდა, თავს მოექცა ყველა გლეხს და ,,იოსებ პაატიჩად” გახდა. აბა, მეტი სამშობლოს და ერის სიყვარული უნდო და კიდევ თავად ესტატეს!.. ერთი კაცი გააბედნიერა. სოფელს თავზე წამოასვა, თავისთან ისვამდა სუფრაზე და სტუმრებთან – ,,იოსებ პაატიჩს” უწოდებდა. სრული ბედნიერება თავადისა თუ გნებავთ ეს იყო.

 

 სოსიკაც აფასებდა ბატონის სიყვარულსა: ტყავიდან ძვრებოდა, ოღონდ კი ბატონისათვის ესიამოვნებინა, შეემატნა რამე იმის ქონებისთვის, გაემდიდრებინა იმისი სახლი. რაკი თითონაც გემო გაიგო სიმდიდრისა, თითონაც ფეხი ჩადგა ბატონობაში, რაკი ისე დააყენა ყველგან საქმე, ,,ბატონ მოურავს ვახლავართ, ბატონი მოურავი ადღეგრძელა ღმერთმა” – სულ ეს ესმოდა გლეხებისაგან, უფრო და უფრო უმატა მხნეობას, გლეხების ყვლეფასა. შებრალება და შეწყნარება ვისიმე, ტკბილად დაძმურად მოპყრობა, ქვრივ-ობლის გაკითხვა იმის დროშაზე არ ეწერა, მხოლოდ, როგორც ზემოთაც ვთქვით, თითო სოფელში თითო კაცი ჰყავდა გააზატებული, ნათლიმამად მოკიდებული, რომ მყუდრო ბინა ჰქონიყო. ეს ნათლიმამაც იმ სოფელში ერთ რამეს ნიშნავდა: სოფელი ეფერებოდა და ხანდისხან ხიდად ხმარობდა მოურავთან საქმის გასაკეთებლად.

 

 თავად ესტატე მარუშიძეს ამ ბოროტ სოსიკას წყალობით მთელს მაზრაში, მაზრაში-მეთქი, მთელს გუბერნიაში, კაცი აღარ სჯობდა შეძლებითა. ორი-სამი წლის ნამკალი, თორმეტ-ცამეტი ძირი ბჯა პურის ძნისა მუდამ იდგა იმის კალო-საბძლის წინა. ახალი ძნა რჩებოდა, ძველი ილეწებოდა სალეწი მანქანებითა. თავად ესტატეს საქონელი: ხარ-კამეჩი, ჯიშიანი ძროხები, იმისი ხეხილის ფერმა განთქმული იყო მთელს მაზრაში.

 

 ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა თავადი ესტატეს ოჯახი... ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა ,,იოსებ პაატიჩის” ბოროტი სოსიკას ოჯახიც...

 

 მაგრამ არა ნაკლებ ფუფუნებდა სოფლის გულში შური, მტრობა და სიძულვილი ესტატესა და სოსიკასადმი. ბოღმა-ვარამმა, ჭირმა და ვაებამ აავსო სოფლის გული, იწყო დუღილი სოფლის გულმა და ფიალა მოთმინებისა აავსო.

 

 

 IX

 

 

 ათას რვაას სამოცდაათსა და ოთხმოციან წლებში სოფელ-სოფელ გამოჩნდებოდნენ ხოლმე თითო-ოროლა ,,ერთობის” მქადაგებელნი; სთესავდნენ ,,თესლსა კეთილსა”, თესლსა ,,ერთობისასა”. ხალხის გული სალი კლდესავით შეხვდა ამ ერთობის მთესველებსა, არ იკარებდა თვისთ მოყვასთა სიტყვებს ადას დევნიდა კიდეცა, მაგრამ თითო-ოროლა ისეთიც იყო სოფლად, ვის გულსაც ღრმად ჩასწვდა კეთილი სიტყვა ,,ერთობა “ მქადაგებლებისა, იპოვა ამ ზოგიერთების გულში კეთილი ნიადაგი, ღრმად გაიდგა ფესვი; იზარდა იგი, იზარდა და შტო გამოიღო. ეს შტო ერთის გულიდან მეორეზე გადაიმყნო და ნელ-ნელა ხალხის გული ერთობის ბაღად – წალკოტად გადაიქცა: იხარა, იფეთქა ხალხის გულში “ერთობის” ძალამ, ხელი ხელს მისცეს, პირი პირს, გული გულს შეაჭედეს და თამამად შესძახეს:

 

 – გაუმარჯოს ერთობას, თავისუფლებას!.. სოფელი რად უნდა ემორჩილებოდეს ერთსა, ერთი ათასის ბატონი რად უნდა იყოს? თავისუფლება საერთოა, ყველას უნდა ათბობდეს იმისი სხივები, სიყვარული საერთოა, ყველა თანაბრად უნდა გვიყვარდეს: მიწა ყველასია, თითო-ოროლას ჩაუგდია ხელში და მთელ ხალხს ტვინსა სწოვენო.

 

 მოედო ნელ-ნელა სოფელს ასეთი აზრები. სოფელ ტორტლაში დიდი ხანია ამ აზრების წარმომადგენელი ჯორ-ზაქარა იყო; ჯერ ბუნდად ჰქონდა წარმოდგენილი ყველა ეს ღვთიური აზრები, მაგრამ ნელ-ნელა გაუჯდა; ცხოვრებამ, ტანჯვა-ვაებამ, თავადმა ესტატემ და მისმა სოსიკამ სისხლსა და ტვინში გაუთქვიფეს ზაქარას ეს აზრები.

 

 – მუსრი ჩვენს სისხლის მწოველებსა, მუსრი!-იმეორებდა ზაქარა გულში და ხალხს კი ჯერ-ჯერობით ვერ უმხელდა. – ხალხი სიტყვით მოგვყვება, მაგრამ სიტყვას საქმედ ვერ გადააქცევს და საქმე წახდებაო, – ამბობდა ცხოვრებისაგან გამობრძმედებული ზაქარა. – მაგალითებია საჭირო. უნდა დაუმტკიცო, რომ ბატონი ესტატე და მისი მოურავი სოსიკა ისე საშიშარი არ არიან, როგორც ხალხსა ჰგონიათო. – გადასწყვიტა, გასტეხიყო ერთ-ორს თავის თანამოაზრე გლეხსა და ისე დაეწყო ბატონების გამუსვრა.

 

 რაც დღე გადიოდა, სოფელი უკან-უკან მიდიოდა, ღარიბ-ღატაკდებოდა: ვისიც ოჯახში ხალხი მრავლად იყო, იმას კიდევ არა უშავდარა; ვინც მარტოხელი, იმისი საქმე მთლად დაღუპული იყო: სული გაუთავისუფლდა ხალხს ხორცი კი ბატონს დარჩა; სულის ძალა ჯანის სიმრთელეზეა დამყარებული; თუ ხორცი უძლურია, სულიც უძალოა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხალხის სულიც ბრჭყალებში ჩაიჭირეს და მისი სულის თავისუფლება გალიაში ჩამწყვდეულ ბულბულის ყოფაში ჩავარდა. ყოველ მხრივ შეეზღუდა თავისუფლება; საითაც კი გაიწევდა, მაგარ კედელს აწყდებოდა, როგორც გალიაში ჩიტი-ბულბული.

 

 ბატონებმაც გააბეს ჯაჭვი მონობისა, ხალხის შეწუხებისა და ქენჯნისა. ამათ ტაშს უკრავდნენ იაფფასიანი მწერლებიც, რომლებიც მსუნაგი ძაღლივით დაეძებდნენ იმათ სუფრაზე გდებასა, ბოლოში მაინც ,,ბერი ქედანივითა”.

 

 ზაქარას ოჯახი სრულიად დაინგრა, გაღარიბდა სასამართლოებში თრევითა; ის ნაფუძარი, რომელსაც ზაქარამ თავისი სიყმაწვილე, თავისი ოჯახის კეთილდღეობა შესწირა, ეგდო უპატრონოდ, მოხვნის ნება არა ჰქონდა და არც ბატონი მისი ესტატე ხმარობდა. ავი ძაღლივით არც თითონ სჭამდა, არც სხვას აჭმევდა. მარტო ზაქარა არ დაიღუპა, მთლად მის საგვარეულოს, საეკლესიო გლეხებს წაეკიდა და იმათაც წაართვა მამული.

 

 – ფიალა მოთმინებისა აივსო, – უთხრა ერთხელ ზაქარამ თავის მოაზრეებსა, – უნდა გზიდან ჩამოვიცალოთ ბატონი ესტატე და მოურავი სოსიკა. თქვენ ნუ გეშინიანთ, მე ვკისრულობ, მხოლოდ თქვენ ნუ მომაკლებთ თქვენს მეგობრობას, თქვენს სიყვარულსა. სოფელი სულით დაცემულია; მე მესმის, იმათი გული სავსეა ბრაზითა, ჯავრის ამოყრა სწყურიან, მაგრამ ძალა არ შესწევს. ის, რაც მე უნდა შევასრულო, ხალხს შეადრკობს, შეაშინებს. მაშინვე პირში და ხელში მიაჩეჩებენ დამნაშავესა. მე არც ამისი მეშინიან, სოფლის ჭირის სანაცვლო ვიყო, მაგრამ არ მინდა ხელში ჩაუვარდე მტერსა იმ დრომდე, მინამ არ შევასრულებ ჩემი გულის წადილსა, მინამ სრულიად არ გავუკაფავ სოფელს გზასა...

 

 – მაგას ჩვენ მოვახერხებთ, – უთხრეს ამხანაგებმა.

 

 – თქვენ მარჯვედ იყავით, დარაჯად გაუხდით შემდრკალს სოფელსა და მე გზიდან ჩამოვაცლი მტარვალებსა... მაშ, ბიჭებო: დედა შერთვია ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს!..

 

 – დედამც შერთვია ცოლადა! – მკვირცხლად და ერთად მიარტყეს პირში ზაქარას ამხანაგებმა.

 

 ამ წამიდან ზაქარას ბუნება სრულიად გადაუბრუნდა; მშვიდი ზაქარა, გუთნისდედა ზაქარა, გამოვიდა ახალ ასპარეზზედ: განიზრახა სოფლის განთავისუფლება მტარვალებისაგან. ზაქარა ამ წამიდან გავიდა სოფლიდან: დღე ტყე-ღრე დადიოდა, ათასში ერთხელ ღამე მოვიდოდა სოფლად; სადაც დაუღამდებოდა, იქვე უთენდებოდა.

 

 დიდხანს ებრძოდა თავსა: გავისვარო კაცის სისხლში ხელი, თუ არა? ყოფნა მტარვალებისა, თუ არყოფნა? სახესაც დააჩნდა სულის ღელვა. ზაქარა ჩამოთხელდა, ხორცი დაჰყარა, ნელ-ნელა შეაჩვია გული თავის ჭკუა-გონების გარდაწყვეტილებას და ბოლოს ჟამმაც დაჰკრა.

 

 – რომ დამიცდეს, რომ ჩემმა თოფმა ფალია აიწვას, მაშინ წახდება საქმე; სოსიკა ბიჭებით იქნება, შემომეხვევიან, მომკლავენ და სოფელს მთლად აიკლებენ... ასჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო, ნათქვამია... უნდა იარაღი გამოვცვალო, ახალი თოფი ვიშოვნო; სოფელში ბევრია... – ფიქრობდა ზაქარა, არიგებდა თავის თავს და აფრთხილებდა.

 

 

 X

 

 

 შუა ზაფხულია, კალოობაა გახშირებული. ურემი ურემზე მოდის ბატონისას ღალები; სოსიკა გაფაციცებით დარბის სოფელში; იმისი ყვირილი თავზარს სცემს სოფელსა. თავად ესტატეს სახლში მუდამ სტუმრიანობაა, ღრეობაა, ყველა მონატური იყო იმის სახლში ყოფნასა.

 

 – რა პურ-მარილის კაცია!.. იშვიათი კაცია, შენმა მზემ, იშვიათი!.. მოკვდება ესტატე და ძველებური ადამიანი მოისპობა, მხოლოდ ზღაპრად დარჩება ქართული პურმარილობა, ძველი ქართველი თავადიშვილის ოჯახის ძლიერება... ეხლანდელი თაობა რის მაქნისია? ღმერთი აღარა სწამთ, ხემწიფე და მღვდელი... აი თვით ჩვენი შვილები ამას ლაპარაკობენ და რა გავამტყუნო მღვდლის და გლეხუჭა ბიჭები... – ასე ამბობდნენ ხოლმე ესტატეს პურ-მარილით მოყირჭებული სტუმრები.

 

 სოსიკა მოურავმა სოფელში რაკი მოისაქმიანა, ახლა მთისაკენ გაემზადა. მთაც ზანზარებდა იმის შიშით; მთის სოფლები გულის ფანცქალით უცდიდნენ სოსიკას; ვის დაატყდებოდა მისი ძლიერი მეხი – ყველა ამას ფიქრობდა.

 

 მტრედის ფრად ირიჟრაჟა... სოსიკა ორი ბიჭით, შეიარაღებული, გაემგზავრა მთისკენ რამდენიმე დღითა. მთა იყო, რაც იყო: ყველი, ერბო, მატყლი, საბალახე ცხვარი, ძროხა, თუ სხვა პირუტვი – სულ იქიდან მოჰქონდა და მოუდიოდა... სოსიკას გზა ტყე-ტყე მიდიოდა; ჯონჯლის ტყეს გზის პირი ისე ჰქონდა შეკრული და გადაქოლგავებული, რომ მზე ვერ ატანდა თავის სხივებს მიწამდე. სხივები ფოთლებზე დაფარფატებდნენ და თუ ნიავი ფოთლებს შეარხევდა, მხოლოდ მაშინ თუ ჩაანათებდნენ ძირამდე სხივები.

 

 ზაქარაც ამ ტყეში ელოდა თავის მსხვერპლსა. ერთ ალაგას გზა ხევიდან სერზე ადიოდა, სერზე მხოლოდ თითო-თითოდ შეეძლო ცხენიანს მგზავრს გავლა; პირისპირ რომ შეხვედრიყვნენ, საძნელო იყო ერთმანეთის აქცევა; ამიტომ სერზე ამოსულს მოსახვევისკენ უნდა ხმა მიეცა მომავალი მგზავრისათვის, რომ შეელოდნა მოსახვევთან. აქ კი ასახვევი გზა იწყებოდა. ამ მოსახვევთან მთა მთას უერთდებოდა და იმ ალაგას, სადაც ერთდებოდნენ, თვით ბუნებისაგან კარი იყო დატოვებული სარკმელივით, რომელსაც ხალხი “გადაკვეთილს” ეძახის დღესაც. ეს ხვრელი აქეთ-იქიდან ტყით იყო მიბურული. გზა შედიოდა შიგ. მიადგება თუ არა კაცი ამ სარკმელს, ,,გარდაკვეთილს”, საოცარი სანახავი წარმოუდგება: გაჰყოფ თავს სარკმელში, თვალს ხვდება დიდებული მთები, მყინვარი თავის თეთრი ჩადრითა, ზღვედ დაწყობილი მთები, სავსე საბალახოდ მორეკილი ცხვრის ფარებითა. “გადაკვეთილიდან” იწყება საშინელი დაღმართი, კაცი უნდა ცხენს ჩამოუხტეს, რომ დაბლა ჩავიდეს; ,,გარდაკვეთილიდან” დაღმართისკენ ტყეც თავდება, იწყება ხავერდისავით ბალახი, მშვენიერ სუნოვანი.

 

 აი ამ ,,გარდაკვეთილთან” იმ მხრივ, საითაც მოდიოდა სოსიკა მოურავი ბიჭებით, ტყიან, მიბურულს ადგილას საფარი გაეკეთებინა ზაქარას. აქ უცდიდა იგი მტარვალსა. ზაქარამ გამოიანგარიშა, როგორც კარგმა სარდალმა: თუ დამიცდა თოფი ნიშანში, შემფთხვალი მსხვერპლის ცხენი გაფრთხება და მოსახვევს იქით თვით გადავარდება კლდეზე, თუ მტერთან შეჯახება მომიხდა, “გარდაკვეთილში” სარკმელში გავალ და იქით ჩავუსაფრდებიო. იქით ჩასაფრება უფრო საიმედო იყო, მაგრამ ზაქარას პირისპირ უნდოდა შეხეჩება.

 

 სოსიკა ღიღინით მოდიოდა ტყე-ტყე ვიწრო გზით: უკან ორი ბიჭი მოსდევდა თითო-თითოდ, შორიახლო. მოღიღინებდა და თან მათრახს ხის ტოტებს სცემდა და ფოთლებს აყრევინებდა.

 

 ზაქარას გულმა საათივით ჩამოჰკრა და სული ყელში მიებჯინა.

 

 – შესდეგ! – დაუძახა მტკიცე ხმით სოსიკასა. – ან შენ, ან მე!.. პირისპირ შეგვყარა ღმერთმა.

 

 სოსიკა შესდგა, ტორტმანი იწყო, დაიბნა, თითქო ხმა ჩაუწყდა.

 

 – დაემზადე, თუ ბიჭი ხარ!.. ნუ იყოვნი, ერთად ვესროლოთ ერთმანეთსა... სოფელში მამაცო, ლაჩარო მთად!..

 

 სოსიკამ ფათური დაიწყო თოფისა, რომელიც ბუდეში უჯდა და ლაჯს ქვეშ უნაგირზე ჰქონდა გაკრული: ვერ მოახერხა გამოღება... “

 

 – არიქა, ბიჭებო!.. მიშვ...

 

 აღარ აცადა ზაქარას თოფმა სიტყვის დასრულება, იჭექა თოფმა. სოსიკა ცხენზე შეტორტმანდა, უზანგებზე დაეკიდა. ცხენი გაფრთხა და გაიტაცა; სისხლი და ტვინი მახლობელ ხეს შეასხა.

 

 ბიჭები აირივნენ, ვერ მიაგნეს, ვინ მოჰკლა ამისთანა ყრუ და უხვედრს ადგილას სოსიკა მოურავი. ძალიან არ შეწუხებულან, საწუხრად მხოლოდ ის შეექმნათ, რომ რას გვეტყვის ბატონი, ჯავრს ხომ ჩვენზე იყრისო. როგორ წაგივიდათ ხელიდან მკვლელიო.

 

 გოგრაგამოფიტული სოსიკა წამოიღეს ცხენზე დაკრული.

 

 გავიდა ,,გარდაკვეთილში” ზაქარა, დაეშვა თავდაღმართზე და მინამ ბიჭები სოფელში ჩავიდოდნენ და სოსიკას მოიტანდნენ ბატონთან, ზაქარა უკვე ჩავიდა ტორტლაში და გაუზიარა ამხანაგებს თავისი ამბავი.

 

 

 XI

 

 

 როცა ჩაირბინა ზაქარამ დაღმართი, ძირს დახვდა მშვენიერი წყარო; ხარბად დაეწაფა კალოს ხარივით, გაძღა, მერე ხელ-პირი გაიგრილა და ხეობით წამოვიდა სახლისაკენ.

 

 – კარგად ვქენ, თუ ცუდად, რომ მოურავი გამოვასალმე წუთისოფელსა? ადამიანის სისხლის დაქცევა ცოდვაა, დიდი ცოდვაა!.. ქრისტიანმა კაცმა არ უნდა ჩაიდინოს!.. ცოლ-შვილმა რა დააშავა? – იფიქრა ამ საკითხზე დიდხან მომავალმა გზადაგზა. იდუმალად ეკითხებოდა თავის თავს მკვლელობის გამო. ჭკუა-გონება სრულიად კვერს უკრავდა ზაქარასა: შენმა ძმამ სოფლის სისხლს რომ წოვნა დაუწყოს, ბედშავი მოძმე არ დაინდოს, იმისი ჭირი ლხინად მიაჩნდეს, ლხინი კი ჭირად, მოსპე, მოჰკალი და მისი სისხლით შეისყიდე სისხლი ათასთა, უდანაშაულოდ დაღუპულთა იმისი ხელითა. სტიროდა დღე მუდამ სოფელი სოსიკას ბატონობისაგან და კიდევაც დიდხანს იტირებს, იტირონ ახლა მისმა ოჯახმა და თავადმა ესტატემ.

 

 გულსაც ყური მიუგდო ზაქარამ; გულმა მხოლოდ ერთხელ ჩამოჰკრა ზაქარას მაშინ, როდესაც სოსიკას თოფი გაუღერა სასროლად. გული არ უშლიდა ზაქარას, წინ არ ეღობებოდა, მხოლოდ გააფრთხილა: მსხვერპლი ხელიდან არ წაგივიდესო. ეხლაღა, როცა მსხვერპლმა ზაქარას წინ ხეს მიასხა ბოროტი ტვინი, გული იოტის ოდენადაც არ შეჰკვნესდა ზაქარას. არ ამხელდა და არა ჰქეჯნიდა იმასა. ამიტომ ზაქარა ერთობ არხეინად მოდიოდა სახლისაკენ. მოკლე გზით მოსჭრა გძელი სავალი და ჯერ გუთნის გამოშვების დრო არც კი იყო, რომ სახლში გაჩნდა. თავის სიათას ჭდე გაუკეთა და თავის ალაგას ჩამოჰკიდა.

 

 ზაქარა თუმცა ერთობ დაღლილი იყო, მაგრამ შინ არ გაჩერდა, გაიარა სოფელში, დაენახვა სოფელსა, ასე გასინჯე, ბედად ბატონი ესტატეც კი წინ შეეხეჩა. ზაქარას თანამოაზრეები, მასთან გაფიცული მეზობლები შეხვდნენ, გაუზიარა ამათ სოსიკას მოკვლა.

 

 – სოფელი მაგრაა, ნუ გეშინიან, ზაქარო, ნუ! როგორც ერთი კაცი, ისეა მთელი სოფელი. თუ ჩვენ სოფელს შესდეს პირად იმის სიკვდილი, ყველა ცულებს ავისხავთ და მთლად ბატონის სახლს ძირს დავუშვებთ.

 

 – სოფელს ბევრი რამ და დიდი რამ შეუძლიან!.. დიდი ხანია გვეუბნებოდნენ ერთობის კაცები, მაგრამ არ გავუგონეთ... ერთხელ კიდევაც სცემეს საწყლებსა: ხემწიფემ ძლივს ბატონყმობა გადააგდო, და თქვენ კი იმის წინააღმდეგს ლაპარაკობთო, ასე ეუბნებოდა სოფელი იმ ჩვენ მოკეთეებსა. ეხლა სანამ კუდამდე ტყავი არ გაგვძვრა, სანამ სული არ შეგვიწუხდა, ხმა არ ამოვიღეთ. კაცო, სოფელს რა გაუძლებს, რა... დეე, დაგვხოცონ, დეე გვარბიონ, გვაწამონ, ერთი მაინც დარჩება სოფელში მძევლად. აი ეს მძევალი ისეთს ყლორტებს ამოიხეთქს, მძლავრ ყლორტებს სისხლით გაპოხიერებულ ნიადაგიდგან, რომ იმისი მოსპობა არაფრით აღარ შეეძლებათ...

 

 ზაქარა ამხანაგებით სოფლის დუქანთან მივიდნენ, ჩასხდნენ კარწინ და მოსავალზე დაიწყეს ლაპარაკი.

 

 – მოსავალი, ძმაო, სოსიკამა და ბატონმა გაიხარონ... შეხე ი ბატონის შარშანდელ ბჯებსა. როგორ გაჭიმულან... ი დასაქცევი სოსიკა ხომ ყველის გუდასავით არის გატენილი, ყელამდე ცურავს დოვლათში, – გამოელაპარაკა ტორტლელი გლეხივე... – არც მე მაკლებენ გადასახადსა; მალი-მალ შემოთვლის სოსიკა: ესა და ეს გამოგზავნე, მეც ვუგზავნი და მომცემი ვინ არის...

 

 – დედა ვაცხონე მაგათი და მამა! რატომ უარესსაც არ გვიშვრებიან! – დაიწყო ზაქარამა; – სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხოო; ჩვენ ყველანი ყურწაყრუებულნი ვართ: გვცემენ, ხმას არ ვიღებთ, პირში გვაფურთხებენ, ულვაშს გვირცხვენენ, გვაწიოკებენ და ჩვენ გავყრუებულვართ, ხმას არ ვიღებთ. აბა სოფელი დაირხეს, შეინძრეს, ხმა ამოიღოს, სიმართლე მოთხოვოს, თუ ყველა ეს შეწუხება არ მოისპოს, წყალივით არ გადავარდეს...

 

 მზე ჩაესვენა. საღამოს სიომ დაჰკრა არემარესა. მინდვრიდან დაიძრა ნახირი; ბღავილით მოადგნენ ძროხები სოფელსა, იმათ ბანს აძლევდნენ ლოდინით მოქანცული ხბორები; ღორებმა მიაშურეს სასუნალ ბაკებსა. პირუტყვმა საქონელმა აახმაურა სოფელი; გამოცვივდნენ დერეფნიდან მანდილოსნები, ზოგი მოერეკება ხბორებს, ზოგი ძროხას, რომ ხბომ არ მოუწოვოს, ზოგი ღორებს ერეკება საღორისკენ.

 

 მოისმა დუქნის ზემოდან, შარა გზაზე ბავშვების ჟრიამული. მოდის ურემი, უკან მოსდევს ორი ცხენოსანი; ურემს გარს შემორტყმიან სოფლის გოგო-ბიჭები; ასდევნებიან დიდრონებიც; სინჯავენ ურემში მწოლარეს.

 

 ჩავარდა სოფელში ხმა, სოსიკა მოურავი მოუკლავთო. შეიქნა ალიაქოთი. ურემი აღარ სჩანდა, ხალხი ჭილყვავივით დაედო. ყველა ნატრობდა გაეგო, რომლის მადლიანმა მარჯვენამ მოუსპო სოფლისჭამიას დღეო.

 

 ზაქარას ულვაშებში ეცინებოდა; მის თანამოაზრეებს კი გულში ეცინებოდათ.

 

 სოსიკას მხლებლები უჯავრდებოდნენ ხალხსა, ერეკებოდნენ ურმიდან, მაგრამ ხალხი აჩერებდა უსულო სოსიკასა. ზოგი თითსა ჰკრავდა სახეში და სინჯავდა, ზოგი მუჯლუგუნს გვერდში; არა სჯეროდათ, თუ ის ბაიყუში კაცი მკვდარი იყო.

 

 ურემი გააჩერეს დუქნის ქვემოთ, საყდრის მოედანთან. სოსიკას ერთი მხლებელი დაწინაურდა ბატონის შესატყობინებლად. თავადი ესტატე თავშიშველა გარბოდა, თან მისდევდა კნეინა თავ-მანდილის სწორებითა.

 

 მოიჭრნენ ურემთან წეწვა-გლეჯით სოსიკას ცოლ-შვილი. ჩავარდა ესტატეს და სოსიკას ოჯახში ალიაქოთი, წივილ-კივილი.

 

 სოფელი გულდამშვიდებით შესცქეროდა იმათ წივილ-კივილსა. “ახლა თქვენ სცადეთ, როგორია მწუხარება – ვაება, სხვის სისხლის და ტვინის წოვნაო”, ამბობდა მთლად სოფელი და თითქო სტკბებოდა იმათი მწუხარებითა.

 

 აქამდე თავად ესტატეს და სოსიკას ოჯახს მწუხარება არ ენახათ, სულ ფუფუნებასა და განცხრომაში იყვნენ. ამ ამბავმა თავზარი დასცა, ფიქრები ათასგან გაუფრინდათ.

 

 – გაიხარეთ, გაიხარეთ, ხალხნო! ხომ მოუღეთ ბოლო ამ ჩემს ერთგულს კაცსა!.. ნახავთ თქვენს სეირსა!..

 

 – ჩვენ რა, მერე! უალაგო ალაგას, მთაში ვიღამაც ეგ მოჰკლა, ჩვენ რა პასუხის მგებელნი ვართ, – დაიწყო ერთმა ზაქარას თანამოაზრემ... – მთელი დუნია მომყრალებული ჰყავდა და მაშ რა ეგონა...

 

 – ოჰი, ჩემი კაბითაც დამჯდარა ამისი სიყმის მომსპობი! – დაიწყო სოსიკას ცოლმა და თან სახეს იკაწრავდა.

 

 – რამდენი ოჯახია მისგან შავი კაბით დამჯდარი, ვინ მოსთვლის! – წამოიძახეს აქეთ-იქიდგან.

 

 – ჰეი, ძალიან მარჯვედ არ უსროლია ი მარჯვენანაკურთხსა, იმასა. ბიჭმა თქვა, შიგ მარჯვენა საფეთქელშია ტყვია ნაკრავიო, ნატამალი ტვინი აღარ დარჩა თავში, სუ ხეს შეესხაო... მერე სად დახვედრია და!. აი გარდაკვეთილთანა... იქ ძე ხორციელი ადამიანი ვერ ნახავდა... ყორნებისა და არწივების მეტი სხვა არა მოიპოვებარა. ჰაი, თუ ყორნები ფერხულ დააბამდნენ სოსიკას სისხლთან და კენკვას დაუწყებდნენ იმის ტვინსა, – დაიწყო ერთმა პირწყლიანმა გლეხმა.

 

 – მაგის ლაპარაკის დრო არ არის, – დაიწყო ზაქარამ. – ეხლა სოფელს მისდგებიან, ეგზეკუციას ჩაგვიყენებენ. სოფელმა უნდა თავი გამოიდოს, გვეყო ამდენი მორჩილობა, ამდენი სიჩუმე, ამდენი ლაჩრობა. ყველა უნდა ერთის პირობით შევიკრათ. უნდა გავერთიანდეთ, მთელი სოფელი, როგორც ერთი კაცი, ერთ პირზე უნდა დავდგეთ: შეგვაწუხებენ, შევაწუხოთ, დაგვკვრენ, დავკრათ, მოგვკლავენ, მოვკლათ... ვაჩვენოთ ჩვენც ქვეყანას, რომ კაცნი ვართ და ქუდი გვხურავს, რომ არც ასე ადვილია ჩვენი დაბრიყვება, როგორც ჰგონიათ. აი მე სოფლის ჭირის სანაცვლო ვიქნები... თქვენი გულისათვის თავს არ დავიზოგავ; გავიფიცნეთ აი აქ ყველანი, რომ ერთმანეთს არ ვუღალატებთ. ის ღმერთმა გაატიალოს, დაანიავოს, ვინც უღალატოს ერთობასა!

 

 – ამინ! – დასძახა მთლად საყდრის მოედანზე მდგომმა ხალხმა.

 

 – დაარისხეთ, ბიჭებო! ვინც უღალატოს ერთმანეთს, ქრისტე გაუწყრეს, იმისი რისხვა იყოს იმის თავზე!

 

 სამჯერ ჩამოჰკრეს საყდრის ზარი, დაარისხეს, კვლავ დაიძახეს: “ამინ” და დაიშალნენ.

 

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა