XII

 

 

 სოფელმა ტორტლამ და მთლად თავად ესტატეს საყმომ მოისვენა სოსიკას მოურავობისაგან; თითქო თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ დიდხან არ გასტანა ამ ქარის ამოღებამა. ბატონმა ესტატემ გაიჩინა მთელი რაზმი ჩაჩნებისა, რომელნიც თავითფეხამდე იარაღით იყვნენ შელესილნი, ერთი ზარბაზანი არა ჰქონდათ, თორემ სხვა არა აკლდათრა. ერთი სოსიკას ნაცვლად გაჩნდა სოფლად ერთი დუჟინი სოსიკა. თვით ბატონი ესტატე დაბინავდა სოფლად და ქალაქში ცხოვრებას დაანება თავი. ან რაღას გააკეთებდა ქალაქად: ორი შვილი უკვე სტუდენტი ჰყავდა, სოსიკას შვილიც ათავებდა აგერ გიმნაზიასა და ისიც სტუდენტთა სიაში გამოიჭიმებოდა. ახლა უჯობდა სოფლად ცხოვრება, რომ სოსიკას დაწყობილი საქმეები არამც თუ ჩაშლილიყო, არამედ უფრო მეტი სიმტკიცე მისცემიყო. დღე მუდამ მუხრუჭს უჭერდა სოფელსა თავადი ესტატე, რომ წესრიგს არ გაჰქცეოდა, რომელიც დამყარებული იყო ტორტლაში და მთლად თავადის მამულ-დედულში. ამ მუხრუჭს ხალხის ტოკვა მოჰყვა, ურჩობა, ბატონის შეურაცხყოფა; შური და მტრობა იზრდებოდა და ბოლოს ღელვად იქცა. ჩაჩნები შეუბრალებლად ხოცავდნენ სოფლის პირუტყვ-საქონელსა; მუდამ გამოულეველი ჰქონდათ ხორცი; როგორც საყასპოს კარზე, ისე იმათ ბინის კარზე მუდამ ფეხშო-ფეხშო ხორცი იყო გამოკიდებული. მაგრამ რამდენსაც ჩაჩნები მოჰკლავდნენ, ნახავდნენ მეორე დღეს, რომ ბატონის რომელიმე ძვირფასი ძროხა, ან ცხენი ეგდო სადმე გამოფაშული და სამგლედ დაგდებული. თავადი ესტატე სულ ტუჩებს იკბენდა, ჩუმათ ხორცებს იგლეჯდა ტანზე, მატულობდა იმისი სიძულვილი სოფლისადმი და განსაკუთრებით ზაქარასა და იმის ამხანაგებისადმი. კარგად იცოდა, საიდან მომდინარეობდა მის წინააღმდეგ ტალღა. ჩაჩნებიც სულ ალესილი და თვალებში სისხლმორეულნი დააქროლებდნენ ცხენებს სოფელ-სოფელ, სისხლი სწყუროდათ, მაგრამ ხალხი ისე იყო გაწვრთნილი, რომ ცხად მიზეზს არ აძლევდა სისხლის წყურვილის მოკვლისათვის. გადასწყვიტეს ჯერჯერობით იდუმლად მოქმედება.

 

 თავადმა ესტატემაც გადასწყვიტა ზაქარას და იმისი ერთი მუჭა თანამოაზრეების განადგურება... “რაკი იმ საზიზღარ ჯორ-ზაქარას ჩამოვიცლი გზიდან, სოფელი შეჩერდება, შედრკება; გლეხი ნადირივით, ბავშვივით მიჰყვება ყველასა. ბავშვს კი ვინც დააშინებს, იმას სცემს პატივსა. შიში შეიქმს სიყვარულსა, უთქვამთ ძველებსა. ასე ფიქრობდა თავადი ესტატე და გულში აწყობდა სხვადასხვა გეგმას, რომ ზაქარა მოეკლა და სოფელი ცალ ხელში მაგრად ჩაეჭირა.

 

 მაგრამ მოსტყუვდა ანგარიშში. ზაქარამაც პატარა რაზმი დაამზადა სოფელში, რომელიც სისხლისგუდა ჩაჩნებს არ ჩამოუვარდებოდა. ამ პატარა რაზმმა, სულ ზაქარათი ცხრა კაცმა, ჯერჯერობით ცხადლივ არ დაიწყეს ბრძოლა. ზაქარას აზრი ის იყო, ყოველ დარბევაზე ბატონ ესტატესა და მის ჩაჩნებისათვის ჩუმად გაეცათ პასუხი. გაჩნდა ორსავე მხრივ დევნა. აღარ ხუმრობდნენ ჩაჩნები: ცხადლივ თუ მალვით იკლებდნენ სოფელს და შვილისადარ პირუტყვ საქონელს უხოცავდნენ, ნათესში ცხენებს აბამდნენ: ხშირად შიგ შუა ვენახში ჩაუბამდნენ ცხენებს, რომლებიც იქაურობას სულ ნაცარტუტას ადენდნენ.

 

 არ ეძინა ზაქარას რაზმსაც. ერთს საღამოს, როცა ჩაჩნები ძილ-ღვიძილში იყვნენ, მიიყვანა ზაქარამ რაზმი ბატონის ზვარში. გადასწყვიტეს, ერთად უნდა გავარდნილიყო ცხრა-ცხრა ტყვია და ჩაჩნების ცხენები დაეხოცნათ; ჯერ კაცის სისხლის დაქცევა არ უნდოდათ. იცოდნენ ესეც, რომ ჩაჩნები მაშინ არიან ყოჩაღნი, როცა მსხვერპლს პირისპირს უიარაღოს ჰხედავენ; საფარიდან ნასროლი ტყვია იმათ სულ თავგზას დაუბნევდა. ესეც იცოდნენ, რომ ისინი ისე სწრაფად ღამე იერიშს ვერ მიიტანდნენ და რაზმი ნელ-ნელა აუჩქარებლივ უკან დაიწევდა სამშვიდობო გზისაკენ. იცოდა ზაქარამ, რომ ამას ზეკუცია მოჰყვებოდა, მაგრამ ცდა აღარ შეიძლებოდა და გამოსაშვები სისხლი უნდა გამოშვებულიყო.

 

 – აბა, ბიჭებო, ფეხაკრეფით იყავით! – უთხრა ზაქარამ, როცა ბინაზე მოიყვანა თავისი რაზმი, – გულმაგრობაა ყველაზე დიდი ვაჟკაცი... ერთად უნდა გავარდეს და ნიშანს მოხვდეს ცხრავე თოფი, მაშინვე ცხრავე მსწრაფლად გამზადდეს და მეორე ცხრავე ვისროლოთ...

 

 შუაღამე გაწურული იყო; ბატონის გრძელ საბძელთან არხეინად ახრამუნებდნენ ჩაჩნების ცხენები თივასა; თვით ჩაჩნები ბინაზე იყვნენ და ის იყო პირველ ძილს მიეცნენ. ბატონ ესტატეს სასახლეში კი ჯერ ისევ ღვიძილში იყვნენ. ის გულგაღეღილი დადიოდა ბალკონზე და კრიალოსანს ათამაშებდა; საზოგადოდ სიწყნარე იყო ბატონის ოჯახში, თავადი ესტატე, ვინ იცის, ამ დროს რა ფიქრებში იყო. იქნება მეფე ნერონივით ნატრობდა, ნეტა ერთის შემოქნევით, ერთის ხმლით გავაყრევინებდე მთელს ტორტლას თავებსაო, ან არა და ნეტა ერთ დღეს ყველა კელაპტრებივით ამენთოს და ვტკბებოდე იმათის წვითა და ხრაკვითაო. გასაკვირველი არ არის, თუ ასეთი ფიქრები დააფრენდნენ იმას აღმა-დაღმა. ამ დროს ესტატეს ძაღლმა რაღაც ალღო აიღო და ბალკონიდან ზვრის მხარისაკენ ზმუკუნით გაირბინა; ესტატემ შეატყო ძაღლს და ნელ-ნელ გაჰყვა თანა.

 

 სწორედ ამ დროს იგრიალა თოფებმა. ესტატეს მუხლთ მოჰკვეთა და ძლივს შეეთრია ოთახში. ძაღლმა ასტეხა ყეფა. ცხენები ზოგი უსულოდ დაეშვა, ზოგმა დაწყვიტა თოკები და გაფრთხა. აირივნენ გამოღვიძებული ბიჭები. ერთი ცხრა ტყვიაც დააყოლეს არეულ ბიჭებს, და ნელ-ნელა დაიწიეს უკან; ხელახლავ ჩააწყეს თოფებში ტყვია და სამშვიდობოს გამოვიდნენ.

 

 სოფელს არ გაჰკვირვებია თოფის ხმა, არავინ არ გამოიხედა ხმაურობაზე. ზაქარას რაზმი დაბინავდა. ესტატემ მწარე ღამე გაათენა. ჩაჩნები კბილებს იმტვრევდნენ სიბრაზითა. ცხენებს არ სჩიოდნენ, სირცხვილი სჭამეს სისხლით და უდიერებით ქებულმა ჩაჩნებმა: ცხენები დაუხოცეს, ორი ამხანაგი დაუჭრეს და მესამე სიკვდილის პირზე დაუტოვეს. დანარჩენებმა იარაღი აისხეს და მთელი ღამე ჩასაფრებულები ისხდნენ.

 

 ესტატემ დილა-რიჟრაჟზე სტუდენტი შვილი ორის ჩაჩნით თავის საკუთარის ეტლით აფრინა ქალაქისაკენ მაზრის უფროსთან.

 

 

 XIII

 

 

 ხალხის ღელვა, აბობოქრება ზღვის ღელვასა და აბობოქრებასა ჰგავს, არა თუ მიაგავს, ნამდვილად ჰგავს. ხშირად ზღვის შუა გულში იწყობა დუღილი, არევ-დარევა; ზედაპირი მაშინ ჭმუჭვნას შეიქმს; ცოტა რამ სიო, მცირე ქარი და ზედაპირი ზღვისა სრულიად შეიცვლება; ძირიდან მონაწოლი ტალღები აქოთდებიან, იქცევიან მთებად, გარბიან ღრიალით და ეხეთქებიან ნაპირსა. სარკესავით წმინდა წყალი ზღვისა, რომელშიაც რამდენიმე ადლის სიღრმეზე ადამიანის თვალი არჩევს საგნებსა, ღელვის დროს ნაცარტუტასავით ხდება, შავდება, ჭუჭყიანება, ზედაპირზე მოიგდებს, როგორც წყალი ზეთს, ყოველნაირს ჭუჭყს, ქაფსა. დაუნდობელია აბობოქრებული და აზვირთებული ზღვა: ანგრევს და ანადგურებს ყოველივეს, რაც კი მას იმ დროს წინ გადაეღობება; დიდრონს გემებს ნაფოტივით ათამაშებს და შურდულის ქვასავით ისვრის ნაპირისკენ და ვაი იმ გემს, რომელსაც კლდის ნაპირს მიახეთქებს! ლუკმა-ლუკმად აქცევს და ანაჭუჭებს.

 

 ხალხის გულშიც მოგროვილია ათასი დარდი და ვარამი, ყველა უსამართლობა ეჭდევა იმას გულზე. ხშირად აბობოქრდება, იწყებს მისი გული ღელვას, სახეზე იბეჭდება; იჭმუჭნება კაცის სახე, სწუხდება გულის ღელვისა გამო. აღარ ეტევა მის გულში უსამართლობა, მიყენებული ბატონისა, მღვდლისა, მოხელისა და ათასი სხვა მტარვალისაგან, რომელნიც მთავრობამ კისერში წურბელასავით დაასხა. აი ამ დროს, როგორც ზღვაში სიო, მცირე ქარი, შემდეგ ქარიშხლად ქცეული, საჭიროა მცირე რამ სიტყვა, სიტყვა კეთილი, სიტყვა ერთობისა და საბოლოო ნუგეშისა, სიტყვა, რომელიც ხალხს თვალს აუხელს, გააცნობს აწმყო ცხოვრებასა, უჩვენებს გზას მონობიდან თავის დახსნისა, გააკაფვინებს ეკლიან გზას, რომ თუ თითონ უეკლოდ ვერ გაივლის, მომავალს მოდგმას მაინც შეაძლებინოს უეკლოდ სიარული.

 

 ასე დუღდა ჩვენი ქართველის გულშიც ბოღმა, უსამართლობისაგან დაგუბებული. მოაწვა იგი ხალხის გულს. აი აგრე იხრჩობოდა იგი ამ უსამართლობისაგან, რომ გაუჩნდნენ ხალხს მოციქულნი ერთობისა. ამათ დაჰკრეს კვერი ხალხის გულს, გადმოსკდა ბოღმა გულიდან. იწყო ხალხმა ღელვა, ბობოქრობა, გაისმა კიდითი კიდემდე:

 

 “მიწა და თავისუფლება!..”

 

 “მიწა იმისია, ვინც მუშაობს, ვინც ოფლს აწვიმებს შიგა. ხალხმა თითონ უნდა უპატრონოს თავის თავსა; კმარა, რაც ხანი ედგა უღელი და ათასი გადიები და ძიძები, მამინაცვალ-დედინაცვლები ხედნიდნენ იმას, სიცოცხლეს უმწარებდნენ, ხორცსა გლეჯდნენ ცხელის შანთებით და ცოცხლივ დღისით, მზისით სჭამდნენ იმას გაუმაძღარი სვავები”.

 

 ხალხმა იხრიალა სოფელ ტორტლაშიაც. გამოცხადდა აქაც სრული თავისუფლება; სოფელს განაგებდა თვით სოფელი, მისგან რჩეულნი.

 

 აი ჯორ-ზაქარა და მისი მოაზრენი განაგებენ სოფელსა. უკვე ხანში შესული ზაქარა გაყმაწვილდა, ახალი ძალა შეემატა მის სულსა, იგი აღფრთოვანდა.

 

 თავადი ესტატეც აბობოქრდა, მაგრამ ეხლა ის ცალად დარჩა, აქნამდე ძლიერკლანჭებიანი უკლანჭო ლომს დაემგვანა. მაინც იხტიბარს არ იტეხდა. ეგონა, ეს-ეს იყო ზეკუციით სული ამოვართვი და როგორ გაბედავენ რამესო, მაგრამ ის ზეკუცია იყო, რომ ერთობის მოციქულებს ხელი შეუწყო და ხალხის მუწუკი მალე გამორწყო.

 

 ახლა უფრო საშინელება განიზრახა თავადმა ესტატემ; გამოსთხოვა მთავრობას ყაზახ-რუსები, რომ მათის შემწეობით ხალხი აელაგმა, დაწყობილი ღელვა შეეყენებინა.

 

 სოფელმა შეიტყო ეს ამბავი. მსწრაფლ შეიყარა საყდრის მოედანზე.

 

 – დღეს პირი პირს მისცეს მებატონემ და მღვდელმა, ვაჭარმა და მოხელემ, ყველა ჩვენზე ამხედრდება. იმათ ზურგი მაგარი აქვთ ჯარითა: ჯარი, რომელიც ჩვენი შვილებისაგან არის შემდგარი, იმათ ეხმარება, განსაკუთრებით ყაზახები. რა არის დღეს ყაზახი? ძველად თავისუფლების მოყვარე, თავდადებული იმისათვის, თავგანწირული თავის მოძმისვის, დღეს იგი, ყაზახი, განხორციელებული ტარტაროზია, წყეული სულია, რომელიც ისე დალევს ადამიანის სისხლს, როგორც წმიდა ზიარებასა, ისე დაჰკლავს ბავშვს, უსუსურ ბავშვს აკვანში, როგორც კრავსა. იგი მხეცია, არაკაცია, კაცთა გარეგანია. აი ამისი იმედი აქვს მთავრობასა, აი მაშინვე იმათ მიმართავენ ხოლმე თავადები, მღვდლები და ათასი წურბელა და სისხლისმსმელი სოფლისა. რამ გარდაჰქმნა ძველად თავის უფლების მწყურვალი ყაზახი დღეს სისხლისმსმელად? თვით მთავრობამ: დაასახლა მდიდარ ადგილებში, მისცა უხვად მიწა, იმდენი, რამდენსაც დაერევა კაცი; გაააზატა ყოვლიფრისაგან, მხოლოდ ჯარისკაცად უნდა გამოვიდნენ; აქაც მეტი პატივისცემა აქვთ, ვინემ სხვა ჯარისკაცებს; “შენ მიერთგულე და აი, რაც გინდა, წაიღეო”. ერთადერთი გლეხი, რომელიც უზრუნველად ცხოვრობს მთელ ამოდენა რუსეთის სახელმწიფოში, ყაზახია; ერთადერთი გლეხი, რომელსაც მთელ ამოდენა რუსეთში კუჭი არ ეწვის შიმშილით, ყაზახია. ვისი ბრალია მისი ასეთი ყოფა-ცხოვრება? მთავრობისა. ყაზახიც მადლს უხდის. მადლიც არის და მადლიც. ბოროტს ბოროტით უხდის მადლს, სისხლის მსმელს უმანკოთა სისხლით უკლავს წყურვილსა. აი ამათთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე, – დაიწყო ერთმა ერთობის მოციქულმა. – დიდი შეწუხება მოგველის, დიდი ბრძოლა... მაგრამ თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ არას მოგვცემს. დაწყივ-დაბადებიდან ჩვენ დაბეჩავებული ვიყავით, გვხედნიდნენ, გვჭამდნენ, სისხლს ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად გვწოვდნენ. ჩვენ ეხლა უსულო საგანს წარმოვადგენთ, ცარიელს უსისხლო ლეშსა. ისედაც მკვდარი ვართ, მაშ გავინძრეთ და დიდებით მოვკვდეთ. ბოროტება იმის ბოროტებაა, რომ სიმართლე არა სწამს; ნათელი სიმართლისა სწვამს იმასა, თვალებს უბრმავებს. ნუ შეგეშინდება ძალისა, თოფისა, ყაზახის მათრახის, მისი უდიერობისა. თვით ქრისტეს, რომელმაც თვისში განახორციელა ღვთაებრივი სიმართლე, ერთობა, სიყვარული და თავისუფლება, თვით ქრისტე, ეს განხორციელებული სიყვარული ყველასადმი, ჰგვემეს, სცემეს, გაამათრახეს და ბოლოს ჯვარს აცვეს... აი ამ წამსაც რომ აქ იყვეს იგი, განხორციელებული სიმართლე – ქრისტე, რომელსაც ცისმარე დღე საყდრებში ხელგაპყრობილნი ემუდარებიან, შესთხოვენ ათას სიკეთესა თავისა თვისისთვის მხოლოდ, და შესთხოვენ ხალხის მყვლეფელნი, ხალხის სულის ამომხდელნი, თვით იმ ქრისტეს-მეთქი ჯვარს აცმენ, გაამათრახებენ ის წყეულნი, ის მუდამ ჟამს იმის სახელის მახსენებელნი!.. მაშ ვიყვიროთ კიდითი კიდემდე: მიწა და თავისუფლება!.. გათანასწორება, გაერთიანება ყველასი!..

 

 – ხალხნო, – დაიწყო ჯორ-ზაქარამა, – მე აგერ სიბერე მეთქმის; ჩემი დღენი თქვენთან გავატარე; მარტოდ მარტო ვიბრძოდი ბატონებთან, მოხელეებთან; ბევრი მწარე დღენი ვნახე; ბევრჯერ ვხეხე ციხის, სატუსაღოს კედლები. სამართალი ვერსად ვპოვე; ალერსიანი სიტყვა ვერსად გავიგონე; ყველასაგან გლეხია დაჩაგრული. ის დაბალი ღობეა და ყველა ზედ გადადის, ამტვრევს იმას, სწიხლავს. ყველას ჩვენ ვაცხოვრებთ: თავადს, მღვდელს, მოხელეს, ვაჭარს, თვით იმ ჯარს, რომელიც ჩვენ დასაწიოკებლად ჰყავთ გამოყვანილი; ჩვენ ერთს დღეს ხარჯი რომ არ გავიღოთ, ამ წუწკ ქვეყანას ღერძი გამოეყრება, ჩაინგრევა ის ტახტი, რთმელზედაც, ტკბილად განისვენებს ჩვენგან განებივრებული დიდკაცობა... შევინძრეთ, შევირყეთ ერთად და შევარყიოთ იმ განცხრომილების ცხოვრება, გავუმწაროთ წუთისოფელი, მართალია, დიდი განსაცდელი მოგველის: წვა-დაგვა, დარბევა-დაქცევა ნამუსის შერცხვენა, ხოცვა-ჟლეტა; ეს არასდროს არა გვკლებია, მაგრამ არ გავმწყდარვართ. მძევალი მაინც დარჩენილა და კვლავ ყლორტი ამოუტანია... ძალას ძალა ვუფაროთ; ხალხს რა გაუმაგრდება, თუ მთელი ხალხი გადიბმის ჯაჭვით, პირს მისცემს ერთმანეთს და ერთგულად შეებმის გაბატონებულ ბოროტებასა... შევისხათ ჩვენც იარაღი, აღვიჭურვოთ, ვისაც რითი შეგვეძლოს და მტერს მედგრად შევხვდეთ: მომყევით, ძმებო, მომყევით!.. მე ცუდის გზით არ მივლია, არც თქვენ გატარებთ... დღეიდან ვსპობთ ყოველივე კავშირს ბატონებთან, მღვდლებთან, მოხელეებთან; დღეიდან სოფელი ტორტლა თავისუფალი ქვეყანაა. ის თვით განაგებს თავის საქმეებსა... ძალა ერთობაშია. თუ ერთად ვიქნებით, ერთ პირზე ვიდგებით, ისე დაიმსხვრევა ძალა მთავრობისა, როგორც კიდეზე მიხეთქებული გემი...

 

 – ყველაზე საშიშია, – დაიწყო ერთობის მოციქულმა ქალმა, ქალთა მდგომარეობა. ყაზახობა ნამუსს ხდის დედაკაცებსა... ამიტომ ყველა ქალმა, ყველა ოჯახის დედამ უნდა მამაკაცებს მივბაძოთ. დროებით უნდა გადავდოთ თითისტარი და ნემსი; აკვანიც მივდგათ გვერდზე, მოვიკრიფოთ სულის ძალა; თუ იარაღით ვერა, ბასრის ფრჩხილებით შევებრძოლოთ უსამართლობას, ბოროტებას. სისხლი სისხლით უნდა მოიბანოს, სისხლს სისხლი მოსდევს, მსხვერპლს მსხვერპლი. გარდავაქციოთ სახლი, კარი, ბაღ-ვენახი და თვით ეს ჩვენი გულის ფიცარი ციხე -სიმაგრედ, სალ კლდეთა. დეე, მოვიდნენ ჩვენზე ბნელი ძალებით იერიშითა, ნუ შევუდრკებით: ბნელს სინათლისა ეშინიან; ქურდი, ავაზაკი, ყველანაირი მტარვალი სინათლეს გაურბის; მივიტანოთ ჩვენც სიბნელეზე იერიში, ვიდინოთ მკერდიდან სისხლი თავისუფლებისათვის. მტარვალი მხდალია, ხალხი კი მძლავრი, სავსე ზნეობით, სათნოებით და ქვეყნისადმი სიკეთითა. ხალხი ცხრათავიანი დევია. რა გაუმაგრდება იმას, თუ მოინდომა, თუ გაიწია და დაამტვრია უღელ-ტაბიკი მონობისა!..

 

 ერთობის მოციქულთა მადლიანი სიტყვა მოეფინა სოფლითი-სოფლათ. ხალხი აზვირთდა, აბობოქრდა. ადგა ქარიშხალი და დაუწყო მტვრევა აქა-იქა შეყუჟულს გემებსა. მოიკუნტნენ გემთა პატრონნი, აღძრეს ტკბილად ბაგენი, იწყეს ღიღინი “ახალ მოდაზე” მაგრამ ნემსკავმა თევზი ვეღარ დაიჭირა: ტკბილ სიტყვებში რამდენი ბალღამი ერია, “ახალ მოდაზე” ღიღინში რა გესლი იყო ჩართული, სოფელი მიხვდა და აღარ მოტყუვდა.

 

 

 XIV

 

 

 

 ახალმა სიომ მოძრაობამ ხალხისამ თანდათან იმატა; აქნამდე დაბრმავებული თვალი აუხილა ხალხსა, უცნაური სანახაობა ანახვა, გული და გონება გაუნათლა და გაუნათა მოძრაობამ, ერთობის ხმამ, თავისუფლების დროშის ფრიალმა.

 

 ერთი ხანი სოფელი ტორტლა და ყველა მის გარემო მდებარე სოფლები სამოთხედ გადაიქცა; დაემკვიდრა ის სასუფეველი ღვთისა, ის სასუფეველი სიმართლის, სიყვარულისა და ძმობისა, ერთობის და სათნოებისა, რომელიც ქრისტემ ცით ქვეყნად ჩამოიტანა, როგორც ამირანმა ცეცხლი, რომლის დამყარებას კაცთაშორის თავი შესწირა და ჯვარს ეცვა.

 

 აღარ იყო სოფლად ქურდობა, ავაზაკობა. ცილისწამება, მრუშობა, ერთმანეთზე საჩივარი, კიცხვა-დაცინვა, გაუკითხაობა ურთიერთისა; აღარ აწუხებდა ამ სოფლებს მამასახლისი და გზირი, მღვდელი და ბერი, მთავარი და მედავითნე, იასაული და ყაზახი, ბატონი და მისი მოურავი.

 

 მთელ ამ სოფელს თავისუფლების სხივი დაადგა თავზე შარავანდედად, გულს სიყვარულისა და ძმობა-ერთობის სხივი სვეტად ჩაადგა. ყველა წყნარად და, მშვიდად მუშაობდა. შემოვიდა, დამწიფდა მინდვრის და ბაღ-ვენახის მოსავალი. სოფლად რთვლობაა.

 

 თუ სოფელში სამოთხე დამყარდა, ურთიერთის სიყვარულით გაიმსჭვალა ყველა, თავად ესტატეს სულსა და გულში ჯოჯოხეთის ალი ტრიალებდა. მის სულში და გულში დაისადგურა ტარტაროზობამა, ბოროტმა სულმა. მას ხელს უმართავდნენ შვილები, მეზობელი მებატონეები. თავად ესტატეს რთვლობის დროს ხალხმა გამოუცხადა: ,,იმდენს ღალა-კულუხს ვეღარ მოგცემთ, რაც გვიძლევია; არსად მთელ საქართველოში ვენახის მოსავალზე, ლობიოზე კიტრზე, ნესვზე, სხვადასხვა ხილზე ღალას არ იღებენ, თქვენ კი თითო კვალი ხახვისა და კართოფილის ღალასაც კი გვართმევთ, ხახვის ფოჩს თავისუფლად ვერ მოვგლეჯთ პურის შესატანებლად. დღეის შემდეგ ხელს ნუღარ ახლებ ვენახის მოსავალს, გარდა კულუხისა, და ამასაც მეათედს მოგცემთ, სახნავ-სათესიდანაც მეათედი მიირთვი. არ დაყაბულდები და სულაც არასფერს მოგცემთ. ნებაყოფლობით გავათავოთ საქმეო...

 

 თავადმა ესტატემ შორს დაიჭირა; “ერთს მუჭასაც არ დავიკლებ, ერთს მუჭასაო”, შემოუთვალა.

 

 – შენ ნუ გველაპარაკები, – შეუთვალა სოფელმა ბატონსა, – გამოგვიგზავნე შენი შვილები, ახალგაზრდები არიან, სტუდენტები, ქვეყნიერობის ავ-კარგი უეჭველია გაცნობილი ექნებათ; მოვიდნენ, იმათ მოველაპარაკებით: კმარა, რაც სისხლი დაიღვარა; ეყოფა ხალხს ამდენი ტანჯვა-ვაების გამოვლა. ღმერთი მოიახლოვეთ, მოვრიგდეთ და დავზავდეთო.

 

 სოფელი მართლაც ბევრჯერ იწვევდა, ეხმაურებოდა ესტატეს ორს შვილსა, უმაღლესის სასწავლებლის სტუდენტებსა, მაგრამ ისინი არ ეკარებოდნენ სოფელსა.

 

 – მე თქვენ ყაზახებს გამოგიგზავნით მოსალაპარაკებლად, – შემოუთვალა ბატონმა ესტატემ მამასახლისის პირითა. – ვიღაც წუნკალეებს უნდათ საუკუნოებით ჩემი კუთვნილი მიწა-წყალი წამართონ. ვის შეუძლიან სისხლითა და ოფლით ნაშოვარი, მეფეებისაგან ბოძებული სიგელ-გუჯრებითა, ვინმემ წამართოს. თვით რუსთ ხელმწიფემ ვერ გაბედა მამულის წართმევა და გლეხუჭები ვინ ოხრები ყრიან, რომ წამართვანო.

 

 – მამასახლისო, მამულის დათმობა როგორ შეიძლება! არც მამაჩვენი იზამს იმას, რომ შეუძლებელი და ხელმოკლე გლეხი დაახრჩოს, შეღავათი არ მისცეს, ღალა-კულუხი არ აპატიოს. მიწა ჩვენიაო. მიწა და თავისუფლებაო: მიწა იმისია, ვინც შრომობსო, რომ ყვირიან – ეს სულ ტყუილია. მიწა იმისია, ვინც თავდაპირველად სისხლით იშოვა იგი. არც ერთი თავადი და აზნაური არ არის, რომლის ოჯახს რამდენიმე შვილი არ შეეწიროს მსხვერპლად მამულისათვის, საქართველოსათვის. თავად-აზნაურობა სისხლსა ღვრიდა თავის ქვეყნის და სარწმუნოების დასაცავად მგლებივით მოსეულს მტრებისგან, – დაიწყო მჭევრმეტყველურად ესტატეს შვილმა სტუდენტმა არჩილმა; – აი ამ სისხლის ნაცვლად მეფე ასაჩუქრებდა თავადაზნაურობას მამულებითა, ყმითა, ღირსებითა.

 

 – მაშ, ბატონო, მაშ!.. ეგ სულ მართალია. თქვენ რომ არ იყოთ, თავი არ მომიკვდება, სოფელში ძაღლსაც არ შემოესვლება, არა თუ კაცსა, – უთხრა ცბიერებით მამასახლისმა.

 

 – ახლა, შე დალოცვილის შვილო, – წამოუმხარდამხარდა არჩილს შინა მოსამსახურე და უთხრა: – განა მარტო თქვენა ღვრიდით სისხლს! ჩვენ სადღა ვიყავით? აი სწორედ ჩვენა ვღვრიდით მაშინაც სისხლსა, ჩვენ ვიცავდით ქვეყანასაც და სარწმუნოებასაც, მაგრამ სახელი თქვენ დაგრჩათ, სახრავი ჩვენა... აი ეხლაც სისხლის ოფლს ვაწვიმებთ, წელებზე ფეხს ვიდგამთ, მოსავალი მოგვყავს, თქვენ მიგაქვთ, ჩვენ მშრალზე ვრჩებით თევზივით და მშიერი კუჭით დავწოწავთ ქვეყნად...

 

 – დახე, დახე, ამ... წუწკის შვილსა, ამასა! – შემოუტია ესტატემ, – სულ კბილებს ამოგამტვრევ...

 

 – ვერც ამომამტვრევ და ვერც ვერაფერი! ამომამტვრიო რა, შენი მჭადით ხომ არა ვარ გაზრდილი. შენ ხარ ჩემით გამოზრდილი და გაბერილი, და არა მე! – უთხრა რიხიანად ბიჭმა და ცალი ხელი ქამარში ჩაირჭო.

 

 – სახლში მყოლია მტერი, სახლში!.. წადი ჩემი სახლიდან. წადი!..

 

 – მე დღეს ისედაც მივდიოდი, შენი დასტური არ მინდა, – უთხრა ბიჭმა და განშორდა ბატონის სახლსა.

 

 – აი წადი და ელაპარაკე ამათა, – სთქვა არჩილმა, – ჩემ თავში არ ვარჩევდი, სულ გვერდზე მიჯდა ფაიტონში ხელგადახვეული და დახე რეები სთქვა!

 

 – არა, ყაზახი მაგათ, ყაზახი!.. – დაიღრიალა ესტატემ.

 

 

 

 XV

 

 

 თავადი მარუშიძის სახლი არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა: აგერ წელიწადი გავიდა, რაც სოფლად დაბინავდა, და ამოდენა სტუმარი ჯერ არ ყოფილა იმის სახლში: აივანზე, კარმიდამოზე, ბაღებში ფუსფუსით ირეოდნენ. ძმა ძმისთვისაო და ამ დღისათვისაო, ნათქვამია. გაჭირების დღისთვის შეჰყარა მთელი მდიდარი და გავლენიანი ნათესაობა: ბიძაშვილი შუამავალი, სიძე ოლქის სასამ -ართლოს, თუ პალატის წევრი, ამისი შვილები – მომრიგებელი მოსამართლენი, ახლა ამათი მხლებელი წვრილ-წვრილი ჩინოსანნი: მაზრის უფროსი ბოქაულებით, კაზაკების ოფიცრები და ერთი ასეულიც კაზაკი. დიდი ხმაურობა, მითქმა-მოთქმა, ხან სიცილ-ხარხარი, ხან მუქარა გამოისმოდა ესტატეს კარ-მიდამოდან. ყველა ეს ხალხი სოფელ ტორტლის დასაზავებლად იყო მოსული.

 

 – არ გაგონილა, ყმაწვილებო, ასეთი საქმე: იდიდოს იმისი სახელი-ხელმწიფე იმპერატორმა გამოგვართვა ყმა, ჩამოგვაშორა, კანონის წინაშე ყველანი ერთნი გაგვხადა; ქვეყნის ოდენა კანონები გამოიცა, ყველა ამ კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. იმპერატორმა რომ ჩამოგვაშორა ყმა, სამაგიეროდ მამული დაგვიტოვა ჩვენ საკუთრებად, ყმასაც მოუზომა საკომლო, რომელიც იმის საკუთრებად დარჩება, როცა გამოსყიდვას შეიძლებს. აჰა, ჩემო ძმაო, გამოისყიდე და ღმერთმა მოგახმაროს. ჩემსას რად მართმევ? – ასე ჩიოდა თავადი ესტატე სტუმრებთან. – ეს არ მაკმარეს: საუკეთესო ერთგული კაცი მომიკლეს, ჩემი სოსიკა, ის დიდებული მოურავი, თავიანთივე გლეხი, თავიანთივე ღვიძლი შვილი, დამიწიოკეს ბიჭები-ჩაჩნები: ცხენები დაუხოცეს, ერთი მომიკლეს, ორი დღესაც სავსაობენ, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილსა. ამითი სოფელს ჩემი შეშინება უნდა, მაგრამ ჩემს გვარს შიში არ უწერია თავის დროშაზე, თავის საგვარეულო სიგელში! ჩემ წინაპრებს ვაჟკაცობისათვის აქვთ ბოძებული ეს მამული. ეხლა კი სოფელი მეუბნევა: აიკრიფე ბარგი და მიბრძანდიო: მიწა ჩვენიაო. ჰაიდა-ჰაა!.. რა კარგია და!.. კარგია შენმა მზემ, მეც ვიტყვი: დუნია სულ ჩემია, მიბძანდით ყველანი-მეთქი... ამ თქმას საფუძვლად კანონი უნდა ედოს. ყვირილით რა იქნება...

 

 – მართალს ლაპარაკობ, ჩემო ესტატე, – უთხრა თავადმა პეტრემ, ცოლის ძმამ, მაგრამ დრო მიდის, ცხოვრებაც იცვლება, რთულდება, კანონებიც ამისდაგვარად ნელ-ნელა თანდათან იცვლება, ცოტა რამ ჩვენც უნდა დავუკლოთ გლეხებსა, ცოტა რამეს ისინიც დაიკლებენ და მოვრიგდებით. აურზაურით არა გამოვა რა; როგორც ცხვირი პირისაგან არ მოიჭრება და თუ მოიჭრება, ადამიანი დასახიჩრდება, ისე გლეხი და თავადი ვერ ჩამოშორდებიან ერთმანეთსა, ესე იგი უერთმანეთოდ ცხოვრება იმათი სიმახინჯე იქნება. ჩვენ ისტორიის მსვლელობას ვერ შევაყენებთ; ის თვით მოიტანს, რის მოტანაც საჭიროა...

 

 – ჰოო ვაცხონე შენი დედა-მამა! – გააწყვეტინა ესტატემ. – მეც სწორედ მანდა ვარ!.. კაცო, შვილო, ძმაო! რად უსწრებ ისტორიასა? ყველა იმას, რასაც შენ თხოულობ, დრო მოიტანს. მოთმინება იქონიე. როგორც ყმობიდან გაგანთავისუფლა იმ სულგანათლებულმა ხელმწიფე იმპერატორმა, ისე კიდევ მამულს მოგცემს, გამოგისყიდის მამულსა და შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის... არაო, შენ უნდა ამოსწყდე, ქვეყნის პირისაგან აიგავოო და მე უნდა ვიპარპაშოო... სად გაგონილა ამისთანა ამბავი... აბა ერთი ქვეყანა დამისახელე, რომ მთა და ბარი გასწორებული იყოს; მდიდარ-ღარიბი, მამულიანი და უმამულო, გლეხი და თავად-აზნაურობა არ იყოს? – ცხარობდა და კითხვას კითხვაზე იძლეოდა თავადი ესტატე.

 

 – ჰოდა! კიდეც ეს მიმართულება, წინამასწარობა გლეხებისა და მუშების უნდა აილაგმოს, ჩადგეს ძველს კალაპოტში, და რასაც დრო მოიტანს და მთავრობა თვით დაინახავს თავის დროზე საჭიროდ, ისე გაწესრიგდეს მაგათი ცხოვრება. ყველა რიგიანი კაცი. მთავრობისა და ხალხის გულშემტკივარი, ამას უნდა ეცადოს. ეხლა ჩვენ ყველა სოფელი უნდა გავმარგლოთ; დავიჭიროთ მოთავე კაცები, რომელნიც სოფელს რე -ვენ, და ცივ ქვეყნებში ამოვუყოთ თავი, ციხეებში გავგზავნოთ. ჩვენი მისსია, ჩვენი დანიშნულება ეს არის – სთქვა კაზაკ-ოფიცერმა. – რასაც ვერ შესძლებს კანონი, იმას მათრახი შესძლებს! – დაიქნია მძლავრად მათრახი და ჰაერს ზუზუნი შეაქნევინა.

 

 ესტატეს სახე გაუბრწყინდა, კრიალოსანი რამდენჯერმე სიამოვნებით შეაპროწიალა და ყარაულ-სალდათივით ამაყად დაიწყო აივანზე ბოლთა. კნეინა მისი ხომ სიამოვნებით კინაღამ სულ ერთიანად დადნა. ამათი სტუდენტებიც არ ჩამორჩნენ დედ-მამას, აქეთ – იქით შემოუდგნენ ოფიცერს, მკლავი-მკლავში გაუყარეს და ტკბილად მოახსენეს:

 

 – თქვენზეა, გაბრიელ ევტევიჩ, დამყარებული ჩვენი იმედი და ნუგეში.

 

 – თქვენ მაგის დარდი ნუ გაქვთ: როგორც ქორი, ისე ავკრებ, ავმარცვლავ სოფლიდან ყველა, “ბუნტოვჩიკსა”.

 

 სადილობა მოტანებულიყო; სახლიდან ისმოდა ჭურჭლის რახარუხი; სამზარეულოდან სხვადასხვა საჭმლის სუნი ტრიალებდა და მადას უღვიძებდა სტუმრებსა. იმ დროისთვის თავადმა ესტატემ რამდენიმე ქვევრს მოშვლიპა თავი, სადილობამდე დააჭაშნიკეს ღვინოები. სტაქანი ჭაშნიკისა უწინ ძვირფას სტუმრებთან მიჰქონდათ, ხოლო ძვირფასი სტუმარი ოფიცერი იყო, რომელიც წესიერების დამცველს იარაღს მათრახს არ იშორებდა და მაჯაზე ჰქონდა ჩამოკიდებული, როგორც ძვირფასი რამ ნივთი.

 

 – ნუ გედარდება, ჩემო კნიაზო! სადილს უკან ერთიან ბოლოს მოვუღებთ თქვენს საქმესა. რა ძალა აქვს გლეხსა! იმისი სული ჩვენს ხელშია. თითო-ოროლა კაცი ურევს სოფელსა. თქვენ ისინი გვაჩვენეთ, დავიჭერთ, ჯერ კარგა გავამათრახებთ, რომ სამუდამოდ ახსოვდეთ, და მერე ციხეში ამოვაყოფინებთ თავსა. თქვენ, რასაკვირველია, იცით ვინც არიან? – ჰკითხა მაზრის უფროსმა.

 

 – რას ბრძანებთ, როგორ არ ვიცით, სულ თითებზე ჩამოგითვლით. ან რად გვინდა ჩამოთვლა. ერთი კაცია აქ, სულ ის მირევს სოფელსა; ის რომ წავიყვანოთ, მორჩა და გათავდა! სოფელი კრინტს ვეღარ დასძრავს... ეს ამრევია ზაქარა ჯიღაური, რომელსაც მეტსახელად, როგორც ჯიუტს და შეუპოვარს, ჯორ-ზაქარას ეძახიან. აი ეს კაცი მოვაშოროთ სოფელ ტორტლის საზოგადოებას და ყველანი მოვისვენებთ, – უთხრა ესტატემ.

 

 სადილზე დიდი მხიარულობა ჩამოვარდა: სიცილი, კისკისი, სადღეგრძელოები, სხვადასხვა მრავალ-ჟამიერები. მოურავები და ჩაჩნები შერბოდ-გარბოდნენ სახლში, ეზიდებოდნენ საჭმელს, ცივცივს ღვინოებს.

 

 სოფელი ამ დროს მთლად მინდვრად იყო, იცოდა კი სოფელმა, რომ ყაზახები მოვიდოდნენ. ბატონთან დიდი წვეულება, ღრეობა, და თათბირი იყო. სოფელი თავის საქმეს აკეთებდა ჩუმად, წყნარად. მინდვრიდან მოისმოდა “ჰოპუნას” ძახილი, კიჟინა მომკლებისა, ტკბილი გუთნური “ოროველა”.

 

 

 სოფელი შრომობდა. ქვეყნის პატრონნი ქეიფობდნენ.

 

 სოფელს შრომის ოფლი ჩამოსდიოდა გულ-მკერდზე; შუბლიდან წურწურით ჩადიოდა ოფლის წვიმა ყანაში, ხნულში.

 

 ესტატეს სახლში კი ხარხარი იყო. ღვინით შეხურებულს და შეოფლიანებულს შუბლს სტუმრები ნელსაცხებელში დასველებულის ხაიათის ხელსახოცებით იწმენდნენ.

 

 სტუმრების კიჟინას გალიაში დამწყვდეული იადონები დასჭიკჭიკებდნენ; შეხურებული სტუმრების ყურს არ ესმოდა ჩიტების კვნესა-გოდება, რომელსაც ისინი სიმღერაში ხატავდნენ და თან ეხეთქებოდნენ გალიის კედლებსა.

 

 მინდვრად მუშებს ხშირ-ხშირად გადუვლიდნენ თავზე ჩხავილით ჭილყვავები; კირკიტები ჩამოჰკირკიტებდნენ ზემოდან ყანებს, ხელებში ჩამოსცქეროდნენ მუშებს და ამოფრინდებოდა თუ არა კალია, ან გამოსრიალდებოდა ხვლიკი, მაშინვე დაექანებოდნენ და პროწიალ-პროწიალით მიჰქონდათ ჰაერში. ხანდისხან ტოროლა ამოფრინდებოდა ბამბი-ქულას ბუჩქიდან, წავიდოდა ისარივით ჰაერში გალობით და ახარებდა ეს თავისუფალი ბუნების შვილი ოფლში გაწურულ მუშის გულსა. მუშა ერთ წამს შედგებოდა, შეხედავდა თავისუფალ ფრინველს და მადლობას უხდიდა გამჩენელს, რომ ათასში ერთხელ მაინც ესალმუნება რამე იმის გულსა, შეიტანს გულში სიამოვნებას და ერთს წუთსაც არის დაავიწყებს ჭირს და ვაებას.

 

 აიშალა ესტატეს სახლში სტუმრობა. შეჟინჟღილებული სტუმრები გამოიშალნენ აივანზე; ჩრდილებში გაიშალა ნარდი, ქაღალდის სათამაშო სტოლები; ყვითელ ოქროებს სტოლზე სრიალი გაუდიოდა.

 

 მაზრის უფროსს განკარგულების მიცემა არ დაავიწყდა, აფრინა ჩაფრები მამასახლისთან.

 

 მამასახლისი ისაკა ტეტუნაშვილი სულ ცუნცულით მოიყვანეს.

 

 – ამ წუთში, აღარც აცივო, აღარც აცხელო, წაიყვა ჩაფრები და ზაქარა ჯიღაური და ყველა ისინი, ვინც სოფელს რევენ, აქ მომგვარე. გესმის? – გადმოხედა გვერდზე მაზრის უფროსმა და თან ქაღალდს ატყაპუნებდა სტოლზე.

 

 – მინდვრად გახლავან, შენი ჭირიმე, აი აგერ გუთნის გამოშვებაა, საცაა მოვლენ და გაახლებ.

 

 მაზრის უფროსს და ჟაზახის ოფიცერს ქართული არ ესმოდათ, თარჯიმანი უთარგმნიდა.

 

 – მე გიბრძანებ, ამ წუთში აქ გააჩინე – მეთქი.

 

 – მანამ შევაგროვებდე, აქა-იქ დაფანტულნი არიან, მოვლენ სოფელში და გაახლებ.

 

 – ააა, ჯიუტობ კიდეც! ჩემს ბრძანებას არ ასრულებ?..

 

 – მოითმინეთ! – მკლავი დაუჭირა ოფიცერმა მაზრის უფროსს... – მაგას ამას ჩავაყლაპებ... ბიჭებო, მათრახი მაგას!.. მხოლოდ რბილ ალაგას.

 

 მგლებივით გამოცვივდნენ ყაზახები. მათრახმა ზუზუნი იწყო. მამასახლისი ისაკა სიმწვავისაგან ხტოდა და სულ ასკიკუკას უვლიდა.

 

 სტუმრები იცინოდნენ. ესტატე ხარობდა.

 

 – კიდევ, კიდევ!.. ჩლიქებში, ჩლიქებში!.. ჰო, ეგრე, ეგრე!..– ეუბნებოდა ოფიცერი, რომელსაც მაგრა ჰქონდა ჩაბღუჯული სათამაშო ქაღალდი ხელში.

 

 – წავალ, ბატონო, წავალ! – გაიძახოდა ისაკა.

 

 ისაკა ხვითქში გაცურდა, ძალა გამოელია და ჯოხის ბჯენით ლასლასით წავიდა. თან გაჰყვნენ სოფელში ჩაფრები და სანამ ესტატეს სახლს მოეფარებოდნენ, ისაკას მუჯლუგუნებს სცემდნენ.

 

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა