XVI

 

 

 შუაგული კალოობაა!.. დათარეშობენ, როგორც მტრის ბანაკში, ყაზახები, დაათრევენ თან ისაკა მამასახლისს და აგროვებენ ღალას. ავსებით აივსო თავადი ესტატეს პურის ბეღლები, კვლავ გაიჭიმა იმის საბძელ-კალოს პირზე ბჯები. ესტატე ცას ეწევა სიხარულითა, ნიშნს უგებს სოფელსა. სოფელი კი გაყრუმუნჯებულია, თითქო მთელს ტორტლის სოფლის საზოგადოებაში ხალხის მაჯის ცემა შესდგაო; ძალას აღმართი ახვნევინა თავადმა ესტატემ: ყაზახები ცემა-ტყეპით ართმევდნენ ღალას; არ ინახებოდა სოფელში არც ერთი ადამიანის სული, რომ დასახიჩრებული არ ყოფილიყოს ყაზახის მათრახისაგან. განსაკუთრებული იერიში მიჰქონდათ ზაქარა ჯიღაურის და მთლად ჯიღაურების ოჯახებზე. ზაქარას დარბაზის ბანი მთლად მოუნგრიეს, ბოსელი ჩაუქციეს, ვენახი აუოხრეს ყაზახის ცხენების შიგ ჩაბმითა. ქალები ხომ ვერა ჩნდებოდნენ; ბოლოს ეს ხერხი იხმარეს: ყმაწვილი ქალები გახიზნეს მეზობელ სოფლებში ნათესავებთან, ნათელმირონებთან, კეთილ მეზობლებთან; დარჩნენ ხნიერი დედაკაცები და ისინიც ღამე ჯიხურებში იმალებოდნენ და დღე, დილაადრიან, ქმარ-შვილებს მისდევდნენ მინდორ-ველად, კალოზე ერთად მუშაობდნენ.

 

 – მე დღეიდან ხალხისა აღარ მეშინიან! – კვეხულობდა თავადი ესტატე, რადგან ძალა შესწევდა საქადილოდ. – მერმისიდან სულ პატარ-პატარა “კაზაკები” მოედებიან სოფლად. იმათი შერეული სისხლი გასწმენდს გლეხების ღვარძლსა და ტორტლა თავის დროზე აივსება ყაზახის ჩამომავალთა სისხლითა. სრულად გადავქმნი მე ტორტლელებსა.

 

 თუმცა ასე კვეხულობდა, მაგრამ მაინც გულში შიში ჰქონდა და უყაზახოდ ვერ დადიოდა; იმისი შვილები ხომ სულ ყაზახების უფროსთან (ოფიცერთან) ერთად დასეირნობდნენ ხან ცხენებით, ხან ეტლითა; უკან შეიარაღებული და თოფებგაწვდენილი ყაზახ რუსები მისდევდნენ. ყოველ საღამოს იყო ერთი ჟრიამული, სიცილ-კისკისი ესტატეს აივანზე. სტუმრებიც არ აკლდა; ახლომახლო მეზობელი მემამულეები აქ იყრიდნენ თავს, ესტატეს ჭერქვეშ პოულობდნენ მყუდრო ბინას და შენატროდნენ. ესტატეც გულღიად უხვდებოდა და თან აგრძნობინებდა:

 

 – ჰაი, თქვე ლაჩრებო! ჰხედავთ, როგორ დავარჯულე ჩემი სოფლები. როგორ აღვადგინე ისევ ძველი წესწყობილება! თქვენც ასე მოიქეცით!

 

 მაგრამ არც იმდენი ყაზახი იყო, რომ ყველა სოფელში ერთი ასეული გაეგზავნათ და არც იმდენი გაბედულობა და გავლენა ჰქონდათ მთავრობასთან, რომ იმათაც გამოეთხოვნათ მცველად ყაზახები.

 

 ესტატეს ოჯახმა გული გულის ალაგას დაიდო... სოფელი კი ჩუმად ღელავდა, კვლავ გროვდებოდა იმის გულში ბოღმა-ვარამი და ლამობდა ამოხეთქვასა.

 

 აი შუაღამე გაიწონა... სოფლის ბოლოს, სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც გარშემორტყმულია დიდრონ ცაცხვებით და რცხილებით, ხალხს ზიმზიმი გაუდის.

 

 – მოთმინების ფიალა აივსო, ამხანაგებო, – დაიწყო აწ მოხუცებულმა ჯორ-ზაქარამ, – წელში გაგვწყვიტეს, მამულ-დედული გაგვიოხრეს, ნაშრომ-ნაჭირნახულევი წაგვართვეს. კვლავ ივსება ესტატეს ოჯახი ჩვენის ნაშრომ ნაჭირნახულევით და ჩვენი, ისეც დაცარიელებული ოჯახი, მთლად გამოიფიტა, გამოიფშუტა. ხომ გინახავთ ობობისგან გამოფშუტული ბუზი!.. რომ ნახავ, ბუზია როგორც ბუზი, მაგრამ თითები რომ გაუსვა, ბურნუთივით გახდება. ჩვენც ესე გამოგვფიტეს ყაზახებმა ესტატეს წყალობითა. ჩვენ გავძვალტყავდით, ღმერთმანი, არ ვხუმრობ, და ვინმე მკლავღონიერმა რომ მოგვიჭიროს ხელები, ბურნუთივით მოვიფშვნიტებით... თითქო ერთობა ჩაქრა ჩვენში, იმისი ძალა აღარ გვასულდგმულებს. ნუთუ ყაზახთა ძალამ ჩააქრო ჩვენში ერთობის ძალა! ძალას ძალა უნდა ვუფაროთ, ნუ დავქალაჩუნდებით... ბარემ ერთს დღეს დავიხოცნეთ, უცბად მოვისპოთ სიცოცხლე, ასე წვეთ-წვეთად დაწრეტას სისხლიდანა...

 

 – “გასწიე, ბერო მინდიავ, მუხლი მოიბი მგლისაო, გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო”, – შესძახეს ჯორ-ზაქარასა ახალგაზრდა გლეხებმა.

 

 – მე, ამხანაგებო, მოვხუცდი, სისხლში ხელს ნუღარ გამასვრევინებთ...

 

 – შენ წინ გაგვიძეხ, შენი გამოცდილებით გვასულდგმულე და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზავთ.

 

 – უნდა თავზედ დავანგრიოთ სახლ-კარი... სულ ერთიანად გადავბუგოთ მისი ძნები: ნურც ჩვენ და ნურც იმას! – აყვირდა ხალხი.

 

 – წყნარად, ამხანაგებო, წყნარად, ნუ ახმაურდებით!.. უნდა მოვსპოთ, ძირიანად ამოვაგდოთ ესტატეს სახლ-კარი. ჩვენ იმის წინაშე დანაშაულნი არა ვართ. ჩვენ ვსთხოვეთ მორიგება, შეთანხმება ღალა-კულუხზე, იმან არ ინება და ძველი გზით დაიწყო სიარული, უფრო ტყავი გაგვაძრო. ეს არაფერი: ნამუსი შეგვიგინა, კვეხულობს, რომ ჩვენს ქალებს ნამუსს ახდის და “პატარა ყაზახებს” გაამრავლებს...

 

 – სიკვდილი, სიკვდილი!.. ცეცხლი, ცეცხლი!.. – გაისმა ერთხმად მთელ კრებაში და არემარემ ხმა გამოსცა, ყოველივემ ირგვლივ გაიმეორა: – სიკვდილი, ცეცხლი!!.

 

 გადასწყდა!.. სიკვდილს და ცეცხლს თხოულობდა ხალხი! – სიკვდილს და ცეცხლს თხოულობდა მთელი არემარე, ბანს აძლევდა ხალხის გულს, ტაშს უკრავდა და ამხნევებდა...

 

 ტკბილია სისხლით ნაშოვნი თავისუფლება.

 

 

 XVII

 

 

 თავადმა ესტატემ ჩაჩნებისა და ყაზახების წყალობით ძალიან გაიმაგრა მამული; რამდენიმე ჩაჩან-ყაზახი ეყენა ფერმაში; ეს ფერმა ჰქონდა სამ ვერსზე სოფლიდან, თავის სახლიდან; ფერმა იქნებოდა ასე ორმოცი მძლავრი დღიური, ირგვლივ შემოვლებული მაღალის ქაცვის ეკლის ღობითა; ფერმაში ხილის ბაღი ცალკე იყო, შვეიცარული ძროხების ბინა ცალკე, სხვადასხვა ჯიშის ღორებისა, ქათმებისა და სხვა ორფეხა ცხოველებისა ცალკე. ჰყავდა ყველა ეს, ხარობდა, მხიარულობდა იმათით. არც სოფელს, არც ვისმე სხვა თავისსავე მსგავს მეზობელს არ გაუჩინა არც თავისი ძროხის ჯიში, არც ღორისა და არც სხვა ცხოველებისა. მხოლოდ მარტოდმარტო თვით სტკბებოდა; ბოლოს ყაზახ-ოფიცრებს თუ უფეშქაშებდა-ხოლმე გოჭს, წიწილებს და ხანდისხან ხბოსაცა.

 

 ყოველ საღამოს თვით და კნეინა მისი ეტლით, შვილები, ოფიცრები და უკან ყაზახ-რუსები იორღა ცხენებით ჩაისეირნებდნენ ფერმაში; იქ დიდებულად მომზადებული საღამოს საუზმე დაუხვდებოდათ, იქეიფებდნენ და როცა გულს მოიჯერებდნენ სიამოვნებით, ბრუნდებოდნენ ისევ სასახლეში (ასე ეძახდა სოფელი ესტატეს სახლ-კარსა). სოფლის კვნესა ესტატეს ოჯახისთვის ლხინი იყო, ხოლო სოფლის ლხინი კვნესას შეჰყრიდა ხოლმე მთელ ესტატეს ოჯახსა.

 

 – რატომ არ იძლევი ღალასა? – ჰკითხა აივანიდან გადმომდგარმა ესტატემ გლეხს, როდესაც ის თავპირდასისხლიანებული მოიყვანეს ყაზახებმა.

 

 – აი ეს ცარიელი ნაგვემ-ნაცემი თავიღა შემრჩენია, თუ გამოსადეგია რაშიმე, სისხლიღა შემრჩა ცოტა რამ ძარღვებში, აი დალიეთ! – უთხრა გაბოროტებულმა გლეხმა.

 

 – თქვენ მაინც თქვენს სიჯიუტესა და ბოროტებას არ იშლით... რომ პოპოქივით გასკდებოდე, უნდა მამცე; შენ რომ გაპატიო, სხვაც მამთხოვს. ყველას სად ვაპატიო, მე ცხოვრება არ მინდა! – უთხრა ცალ დოინჯ შემოყრილმა ესტატემ, რომელიც მეორე ხელით ქარვის კრიალოსანს აპროწიალებდა.

 

 – ბატონო, შენ ღმერთმა მოგცეს, სდუღ და გადმოდიხარ, რაღა ჩემისთანა კაცის გაგლეჯა გინდა.

 

 – მაშ მე შენ გგლეჯავ, ჰა, გგლეჯავ! – პირში ხელები ჩააქანა ესტატემ ნაწამებ გლეხსა და თვალები გადაუბრიალა.

 

 ყაზახებმა, რომლებიც თვალ-წარბში შესცქეროდნენ ესტატესა, შენიშნეს რა ბატონის წყრომა, მოუბრდნდნენ გლეხსა, მათრახები მოუღერეს. გლეხმა წარბიც არ შეხარა.

 

 – სჯობია, უბრძანო ამ კაციჭამიებს, რომ შენ ფეხთ წინაშე ბარემ მომკლან და მომაშორონ წუთისოფელსა! – უთხრა ხელგაპყრობით გლეხმა.

 

 – ეგრე დაიტანჯები, სანამ იჯიუტებ... წადი, იშოვე, ისესხე და ისე გადაიხადე... მომიტანე და გაპატივებ, ისევ უკან მოგცემ, დაგიბრუნებ. ხალხს უნდა დავანახვო, რომ მე ყველას ვართმევ ღალასა და არავის არ შევაწევ.

 

 – ისესხე!.. ვის ვესესხო, რომ ყველა ჩემს ტაფაში იწვის...

 

 – კიდევ?.. – შეუტია ესტატემ და თვალები ისე გადააბრიალა, რომ ყაზახებმა შეაზუზუნეს ჰაერში მათრახები და უწყალოდ დაუშინეს გლეხსა.

 

 საბრალო ჩაიკეცა, გული წაუვიდა და გულშეწუხებულს მაინც არ ეშვებოდნენ ქორივით ყაზახები. ამჟამად მხოლოდ ოფიცერმა გამოიჩინა ლმობიერება და დაშოშმინებით უთხრა ყაზახებსა:

 

 – ეყოფა, ძმებო! მოსულიერდეს და თუ საჭირო იქნება, კიდევ იხმარეთ გამომაფხიზლებელი საშუალება. გლეხს ძაღლის ხორცი აქვს, აგრე ადვილად არ მოკვდება.

 

 გლეხმა სოსემ როდის-როდის მოითქვა სული, მოცნობილდა და ფორთხით წამოდგა.

 

 – წადი, დღეს ეგ გეყოფა და არ მოიტან ღალასა, ხვალ სხვა იქნება! – უთხრა ოფიცერმა.

 

 გლეხკაცი ფარფატით გაუდგა გზასა.

 

 თავადმა ესტატემ დინჯად დაიწყო აივანზე სიარული. არ ეტყობოდა, თუ გლეხის ტანჯვამ იმის სულს რამე კვალი დაამჩნია, პირიქით თითქო კმაყოფილება იხატებოდა იმის სახეზე, რომ ხასიათი გამოიჩინა, გული გაიკლდევა და აჩვენა გლეხს სოსეს, რომ იმან უთუოდ უნდა მოუტანოს ღალა, თუნდა სიცოცხლედ დაუჯდებოდეს.

 

 – მაგათ ჯიშს მე კარგად ვიცნობ, – უთხრა ყაზახ ოფიცერს თავადმა ესტატემ. – რამდენსაც სცემ, უფრო თავს მოიკატუნებს, უფრო თავს შეგაბრალებს, რა არის, გული მოიბრუნო იმისაკენ და აპატიო დანაშაული.

 

 – უნდა მოგახსენო კი, რომ ძალიან ამტანი ყოფილა ქართველი გლეხი, ჩვენებურს რუსის გლეხს არ ჩამოუვარდება. ვირი რა არის, ვირი ვერ აიტანს ამოდენა ცემასა... სცემ, სცემ, მაგრამ ის მაინც თავისას გაიძახის... ოჰ, რომ შემეძლოს და ერთის მათრახის შემოქნევით ყველას თავებს წავწყვეტდე! – კბილების კრჭიალით დაიწყო ოფიცერმა.

 

 – ყმაწვილო, მაგათ რა გააწყობს ქვეყანაზედ? ერთ ბაღლინჯოს მოჰკლავ, აგერ მეორე გამოცოცდება. მაგათ კაცი ვერ გააწყობს სწორედ, ბაღლინჯოს ჯიშისანი არიან: მყრალი, საძაგელი და ერთობ ჯიშიანი გამრავლებ-მოშენებაში. მაგათ რა გააწყობს, შავი ჭირის მეტი! – ბრძანა თავადმა ესტატემ.

 

 – ოჰ, ჩემ ხელთ რომ იყოს, შევუშვებდი სოფლად შავს ჭირსა, რომ ბარემ სულ გაწყდნენ და ჩვენც მოვრჩეთ ამდენს დავიდარაბასა! – სთქვა აღელვებით ოფიცერმა, – თორემ რასა ჰგავს ჩვენი ყოფა: მთელი დღე მათრახის ტრიალი, ცემა-ტყეპა; ჯერ ნახევარ დუჟინი მათრახი დამიგლეჯნია მაგათ ზურგზედა... – მკლავები აღარ მერჩის, სწორედ მომწყინდა მათრახრს ტრიალი... ოჰ, თავადო, რა კარგად სთქვი: შავი ჭირი, შავი ჭირი!!. ოჰ, სადა ხარ, შავო ჭირო, სად! – ამბობდა გონებააღერღილი ოფიცერი.

 

 – ყველა ეგ კარგია, მაგრამ გლეხობას გაწყვეტა კი არ უნდა, – ჩაერია ლაპარაკში სტუდენტი, შვილი ესტატესი. – გლეხი რომ გაწყვეს პირისაგან ქვეყნისა, მაშინ აღარც სახელმწიფო იქნება; იგი ფუძეა, რომელზედაც სდგას სახელმწიფო; მოსპე ხალხი, სახელმწიფოს მკვებავი, მისი ჩარხის მტრიალებელი, მოისპობა თვით სახელმწიფოცა. ჩვენი სანეტარო ის არის, რომ ხალხი ხალხადვე დარჩეს, მაგრამ ჩადგეს, ანუ ჩაყენებული იქნას ისეთს კალაპოტში, რომ იგი ისევ მკვებავი იყოს სახელმწიფოსი, მთავრობისა, მისი მოხელეებისა, ბატონებისა, სხვათა და სხვათა. რასაკვირველია, უნდა მიეცეს მამულიც იმდენი, რომ ეყოს თვითონაც და იმყოფინოს იმ ხარჯებისათვის, რომელსაც მისგან სახელმწიფო ითხოვს... მთავრობა გამოუყიდის მამულებსა... მაშინ მოისპობა ხალხის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, გლეხობის ყვირილი: მიწა და თავისუფლებაო!.. მიწა დიდი ხნიდან საკუთრებაა მემამულეებისა, სახელმწიფოსი, ეკლესიისა. საკუთრებას ვერავინ შეეხება, იგი მესაკუთრისაა. მესაკუთრეს შეუძლიან შეღავათი მისცეს მისი საკუთრებით მოსარგებლესა – ეს მისი ნებაა, მაგრამ ძალას ვერავინ დაატანს, ასე და ასე მოიქეციო. გლეხს ვინ მისცა უფლება მოითხოვოს, ბატონის მამული ჩემიაო. აი აქ უნდა აილაგმოს გლეხის სურვილი და კალაპოტი გაუკეთდეს, აქ უნდა ჩაიგდოს დიდი სამანი, რომლის იქით გადასვლა აღარ უნდა შეეძლოს. თორემ კარგია, შენმა მზემ, ვისიც არ მინდა საკუთრებას წავსწვდე. ეს ჩემია-მეთქი. ასე თუ დავიწყეთ, სახელმწიფო დაინგრევა... გლეხმა დაიხსნას მამული, ჩვენც ხელი მოვუმართოთ, და იგიც მესაკუთრე გახდება თავის დროზე: მერე კიდევ საგლეხო ბანკისაგან იყიდის მამულებსა, წავა და ღმერთი უშველის.

 

 – ჰოო, სწორედ ჩვენც მანდა ვართ, – ერთხმად კვერი დაუკრეს თავადმა ესტატემ და ყაზახ ოფიცერმა; – რაც მართალია, მართალია! თუ არა და მოჰყოლიან: მიწა ჩვენიაო!!. არა, შე ყურუმსაღო, როდის იყო შენი, ჰა! – დაუმატა გაცხარებით ესტატემა. – მე გაყურებინებთ სეირსა და გაჩვენებთ, ვისიც არის!..

 

 

 XVIII

 

 

 გაიხრწნა მთლად სოფელი ტორტლა; სოფლად ჰაერში მხოლოდ მათრახის ზუზუნიღა გაისმოდა; ხალხს მხოლოდ მათრახის ზუზუნი უდგა ყურში.

 

 ხალხი საშინელმა უკიდურესმა მოძრაობამ, მთავრობისა და ბატონების გულქვაობამ, სიკერპემ უმაღლეს უკიდურესობამდე მიიყვანა: იგიც გაგულქვავდა, გაკერპდა, ულმობელზე ულმობელი გახდა.

 

 დაიმშა სოფელი, საზრდოს მოპოება უნდა; შიმშილი ყველაზე დიდი ავაზაკია; დამშეულმა ხალხმა ბატონების ორმოებს მიმართა; გაჩნდა ქურდობა, ავაზაკობა; მშრომელი, მშვიდობიანი ხალხი ავაზაკთა ბრბოთ გადაიქცა.

 

 დაუზოგველად იხოცებოდა ხალხი, არც ყაზახ-სტრაჟნიკებს ადგათ კარგი დღე.

 

 უარესად წაუჭირეს სოფელს თოკი ყელში; ხალხს ხრიტინიღა გაუდიოდა.

 

 – ერიჰა, ძმებო! ესე დალაჩრება არ ივარგებს, მითქვამს და ვამბობ: ბოროტებას ბოროტებით უნდა ვეომოთ, მოვსპოთ ჩვენი მომსპობი, მოგვიკლან, მოვკლათ, აღარავისი დანდობა აღარ შეიძლება. – დაიწყო ჯორ-ზაქარამ ხალხის იდუმალ კრებაზე. – ჩვენს ხორცსა სჭამენ, ჩვენც უნდა დავიწყოთ ჩვენი მტრების ჭამა: მე, ამ დღეს უკვე თეთრწვერა კაცი, ვისაც შევხვდები, არ დავინდობ; შამფურზე შევწვავ და შევჭამ, ცოცხალს დავმარხავ, ღორივით გამოვფაშვავ. დღეიდან დანდობა აღარ შეიძლება, აღარ!..

 

 – აღარ შეიძლება, აღარ! – იგრიალა ხალხმა.

 

 – მაშ შეუდგეთ საქმეს!.. მაგრამ ვინც ჩვენს საიდუმლოებას გასცემს, იმას ძაღლივით სიკვდილი უწერია, ჩამოხრჩობა, ჩაქვავება! – წარმოსთქვა მრისხანედ ჯორ-ზაქარამა.

 

 – თავად ესტატედან უნდა დავიწყოთ, ის უნდა გამოვასალმოთ წუთისოფელსა, ის არის თავდაპირველი მიზეზი ჩვენის განადგურებ-განიავებისა, – დაადგინა კრებამ. – ამინ, ამინ! – დაიგუგუნა კრებამ.

 

 არც მოწინააღმდეგე მხარეს ეძინა: გაფრთხილებული იყო, ციხე-სიმაგრეებს ამზადებდა, ადგენდა მოწინააღმდეგეთა სიებსა, ზოგს იჭერდნენ, ზოგს ხოცავდნენ.

 

 გაზაფხულია; ბუნება ახლდება, ახალის სამოსით იმოსება; ყველა ხარობს, რაც კია მიწად თუ ცად: ჭია-ღუამ გაიღვიძა მიწაში, გაყინული სისხლი გაუთბა, თავის სოროს ბანი ახადა, ამოღონღილდა ზემოთ, გვერდები გაუთბა, ცხოველმყოფელმა ჰაერმა გუნება შეუცვალა და ჩაება ჭია-ღუაც საერთო სამხიარულო ფერხულში...

 

 – ნეტავ შენ, ჭია-ღუავ! შენ, მშრომელო ჭიანჭველავ!.. შენ, ბზუილა ფუტკარო! შენ, ბეღურა ჩიტო!.. შენ, ვარდის ჩიტო, გაზაფხულის შემამკობელო!.. მხოლოდ თქვენ სტკბებით თავისუფლებით! მხოლოდ თქვენშია ხელშეუხებლობა პიროვნებისა, თავისუფლება სიტყვისა, დატკბობა ერთობითა და სიყვარულითა... მართალია, თქვენც გყავთ მტერი, მაგრამ მტერი ერთ ორს თუ გამოაკლებს თქვენში, მეტს ვერა. დიდი უმრავლესობა კი თქვენი ისევ თავისუფლებას ელტვის, სტკბება იმით, ხარობს და მთელი ბუნების ბატონ – პატრონია... ვაი ჩვენდა!... მეტყველს ხალხს ყოველივე უფლება ჩამორთმეული აქვს და პირუტყვად იქცა!.. ვაი ჩვენდა!.. შემოგნატრით, მინდორ-ველის შვილნო, თქვენს თავისუფლად ჭიკჭიკ-ფრენასა! – ასე ფიქრობდა სოფელი.

 

 დიახ, გაზაფხულია!.. აღსდგა ყველა ახალის ცხოვრებისათვის. მხოლოდ ადამიანიღაა ჩამრჩვალი ძველს ჭაობში, ხავსი აქვს მოკიდებული მის სულსა და გულსა.

 

 აყვავდა მთლად ბუნება, გაიფოთლა მცენარეულობა, აღსდგა, გაფუფუნდა მცენარეთა სამეფო!..

 

 პირუტყვიც ხარობს ბუნების აღდგომით... მწვანით მოსილს ველზე კოწიაწობენ, ხტიან, ბუჩაობენ ხბორები, ბატკნები, გოჭები სიამოვნებით შესცქერიან აღტაცებასა და დიდის სიამოვნების ნიშნად ძროხები ზმუკუნებენ, ბატები სისინებენ. ბუნების განახლებამ, გაზაფხულმა, მისმა ცხოველმყოფელმა სიო-ჰაერმა ყველანი აღადგინა, განაახლა, სისხლში სიცოცხლის ახალმა ძალამ ჩუხჩუხი დაიწყო. ბუნების აღდგომას ყველა “დიდება მაღალთა შინას” უგალობს...

 

 აი დღეს, თუ ხვალ, ეკლესიაც იგალობებს: “აღსდგა ქრისტე და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო”!.. ეკლესიამაც ბუნების აღდგომას შეუფარდა აღდგომა ქრისტესი და დღესასწაულად მიუჩინა გაზაფხული...

 

 ქრისტემ განაახლა კაცთა ცხოვრება; აღადგინა კაცი ახალის ცხოვრებისათვის; შემოაცალა ადამიანის სულს ძველი ქერქი, ძველი ჭუჭყი, ათას წლობით მობეგებული ხავსი. ახალი სული ჩაუდგა, ახალი სამოსლით შემოსა და რომ დაემყარებინა ქვეყნად ეს ახალი ცხოვრება, რომელსაც იესო ტკბილი უწოდებდა “სასუფეველსა”, იტვირთა ყოველივე შეურაცხყოფა, ჯვარზე ავიდა და წამება ტანჯვით დალია ჯვარზე მილურსმულმა იესომ თავისი სიცოცხლე. ამ სიკვდილით დასთრგუნა სიკვდილი ხალხისა და აღადგინა ახალის ცხოვრებისათვის.

 

 ეს აღდგომა, ეს გაზაფხული სულის ძლიერთა ამა სოფლისათა არ იწამეს, ზამთარი დაუყენეს და იესო ტკბილი მუდამ ჯვარზედ ჰყავთ გაკრული...

 

 

 XIX

 

 

 აღდგომაა!!. სოფელს დამშეულს, მშიერ-მწყურვალს სოფელს ტორტლას რა ეაღდგომება!.. მაგრამ ხალხის გული მაინც ნუგეშობს ქრისტეს აღდგომითა. სული რაღაც ახალს მოელის, რიღაცის იმედი აქვს.

 

 სოფელმა ტორტლამ მოიკრიფა სულის ძალა, მიდგა-მოდგა, რომ ქრისტეს აღდგომას პირნათლად შეხვედროდა. დედაბრები ხეხვენ, წმენდენ ჯამ-ჭურჭელსა, ქვაბ-ქოთნებსა, ჰგვიან და ასუფთავებენ კარ-მიდამოს. მეხრე ბიჭები დადიან ვენახებში, ენდროს სთხრიან კვერცხების შესაღებად. აქა-იქ ამღერდნენ. მეჭონეებმაც ჩააწკრიალეს “ჭონა”, მაგრამ ხალხის ის აღტაცება, ის ტკბილი მოლოდინი, რომლითაც წინათ ღარიბი ხალხი შეეგებებოდა-ხოლმე “ქრისტე აღსდგასა”, აღარ ემჩნეოდა სოფელსა, მხოლოდ ბჟუტავდა, ოდნავ ციალებდა ხალხის სახეზე მოლოდინი ქრისტეს აღდგომისა.

 

 

 დიდი სამზადისი იყო თავად ესტატეს სახლში. ძალიან გაიჭიმა თავადი. აბა როგორ არ უნდა გაჭიმულიყო და არ დაენახვებინა ძვირფას სტუმრებისათვის – ყაზახ-რუსებისა და მის უფროსისათვის თავისი გულუხვობა, დიდებული მასპინძლობა. თავადის დიდი ეზო აივსო ბატკნებითა; ძუძუს გოჭები სიმსუქნით დატიკნულიყვნენ და ძლივსღა დაბაჯბაჯებდნენ. უშობელი ხომ მორთულ პატარძალსა ჰგავდა; ჩვილი ხბორები ერთთავად რძეზე იყვნენ მიშვებულნი. თავადის ოჯახი თუმცა კანტიკუნტად ინახავდა მარხვასა, მაგრამ მაინც სულის კაწკაწით მოელოდა გამხსნილებასა, განსაკუთრებით თავადის “კნეინა”, რომელიც მხოლოდ თევზეულით იმხსნილებდა და ხორცზე კბილს არ ადგამდა. “ადამიანი მოხუცებაში ვარ და ხორცის ლეშისათვის სული როგორ წავიწყმიდოო”, ამბობდა ხოლმე კნეინა. თავადი ესტატე მუდამ ასე გამოეხმაურებოდა-ხოლმე:

 

 – ბარემღა სული გიკაწკაწებს, მაგრამ რაკი ერთი თქვი, სიტყვა არ უნდა გასტეხო.

 

 – კაცები ხართ მხოლოდ სულწასულები, არც ღმერთი გწამთ და არც ხატი; არ გინდათ სუფთად შეეგებოთ ქრისტეს აღდგომის დღესა, – ეტყოდა-ხოლმე კნეინა სახუმაროდ აღერღილ ქმარსა.

 

 ამით თავდებოდა ამათი კინკლაობა.

 

 თავად ესტატეს თუმცა ახალ დროში ედგა ფეხი, მაგრამ მაინც ძველი ყაიდის კაცი იყო; პირის პატივი ძლიერ უყვარდა და მადის გასაღვიძებლად სულ ეზოში დაუდიოდა საკლავი წვრილფეხი, სოფლად ნადავლი, თუ საბალახეში ანაყვანი.

 

 – გაბრიელ ევტევიჩ, სწორედ თერთმეტ საათზე უნდა გავიხსნილოთ აღდგომა, – უთხრა ტუჩების ტლაშუნით თავადმა ყაზახ-ოფიცერსა.

 

 – როგორ იქნება, ჯერ ლიტანია უნდა გათავდეს და მერე შეიძლება... უკურთხ სუფრაზე ხომ ვერ დავჯდებით, – უთხრა ცოტა არ იყოს უსიამოვნოდ კნეინამა.

 

 – მართალია, ჩვენ, რუსები, უკურთხად არა ვჭამთ-ხოლმე აღდგომის პურსა.

 

 – რა არის ადამიანი! ყველა მხეცზე დაუნდობელია! რავდენი წვრილფეხა უნდა გამოასალმოს წუთისოფელსა... ოჰ, იმათი ბღავილი, ჭყვიტინი, ზმუკუნი, ფრთხიალი! როცა დანას დააჭერენ ყელში, ან გულში ჩასცემენ, მე გული წუხილს დამიწყებს-ხოლმე, ავძაგძაგდები-ხოლმე იმათი საცოდაობისაგან! – წარმოსთქვა კნეინამ და სახემ მთლად თამაში და თრთოლვა დაუწყო შეწუხებისაგან.

 

 – მართლა და შესაბრალისია! – სთქვა ოფიცერმა. – რას ვემართლებით პირუტყვსა... მე რომ პირუტყვთა მფარველ საზოგადოებისა ვიყო, სასტიკად ავკრძალავდი პირუტყვების ხოცვასა. რავდენი პირუტყვია, რომ ადამიანის უმჯობესია.

 

 – ოღონდაც რომ არ ის, – სთქვა კნეინამ.

 

 – აკი ძველად კიდევაც ფასი ჰქონდა პირუტყვსა, – სთქვა ესტატემ და დოინჯი შემოიყარა. – წარმოიდგინეთ, აი ერთი ისტორიული ამბავი: აი, ის პატარა სოფელი, თეროვანი, უღელ კამეჩად უყიდნია პაპაჩემის მამას ნოშრევანსა. თავად რატისა და ბიბილასი იყო თურმე. თავად ნოშრევანს უღელი ასეთი კამეჩი ჰყავდა, რომ მთელ დუნიაზე ბადალი არ იყო. ფერით ყორანა, რქებით ჩანგალა, ახოვნებით, ძალოვნებით და სიფიცხით უბადლონი იყვნენ თურმე. გადაეკიდნენ თავად ნოშრევანს, უნდა დაგვითმო და უნდა დაგვითმოო. რას იზამდა? რატი და ბიბილა სახელოვანი თავადები იყვნენ, უარი არ გაეწყობოდა, მისცა და სოფელი თეროვანი გამოართვა ოცი კომლი გლეხითა. ჯერ ეხლა რა არას გლეხი და მერე მაშინ ჩალის ფასი არა ჰქონდა... უფრო კარგა გითხრა: ეს სულ ახლო ამბავია. განსვენებულმა მამაჩემმა უღელ მწევარში ექვსი კომლი გლეხი მისცა თავად ვარდენ ჭიმიაშვილს. მაგრამ უნდა გითხრა, რომ სწორედ კალმით ნახატები იყვნენ. აი ჩემი მწევრები სულ იმათი ჯიშისაა... წარბა, წარბა! – დაუწრუწუნა ესტატემ. მწევარი წარბა მოიჭრა ბატონთან და ძაღლურად მიუალერსა... – აი, გაბრიელ ევტევიჩ! რა ლამაზია! ძველი დრო რომ იყოს, არც ათი კომლი დაიშურება ამისთანა ძაღლში. ეხლაც, რომ შეიძლებოდეს, ამისთანა ძაღლში, თუნდ სხვა კარგ პირუტყვში, დიდი სიამოვნებით მივცემდი ზაქარა ჯიღაურის სახლობასა და მთლად ჯიღაურებსა.

 

 – მშვენიერია, მშვენიერი! – სთქვა ოფიცერმა, ხელი გადუსვა თავზე სუფთად მოვლილ-დაწმენდილ წარბასა.

 

 – თუ მოგწონს, ამის ჯიშის ლეკვებს მოგართმევ დედალ-მამალსა!

 

 – ძალიან კარგი, მაგრამ სად წავიყვანო? მთელი დღეები აქეთ-იქით წოწიალში ვართ...

 

 – შეგინახავ, ბატონო, შეგინახავ!.. თქვენ მთხოვეთ რამე და შესრულება ადვილია... თუ გნებავთ მთლად ჯიღაურებსაც მოგართმევთ, – უთხრა სიცილით და ვითომ ოხუნჯობით თავადმა ესტატემ. – ისეთი ლამაზი გოგოები ჰყავთ იმ ჯიღაურებსა, რომ როგორც მწყრები. – სთქვა ესტატემ და სიამოვნების ნიშნად თითები კოცნით ჩაიწუწნა.

 

 – გოგოებისა კი რა მოგახსენოთ, იმათ კი არ დავიწუნებდი, სწორედ მოგახსენო, – სთქვა ოფიცერმა, თვალები სისხლით აევსო და მსუნაგი ძაღლივით დაიწყო პროწიალი.

 

 – აი ნააღდგომევს ვინადიროთ იმათზე.

 

 – ურიგო არ იქნება, შენმა მზემ.

 

 – გავუსიოთ ყაზახები და მწყრებივით ვიჭიროთ ლამაზ-ლამაზი გოგოები.

 

 – სად გახლავან მერე? – ჩაერია ლაპარაკში კნეინა. – თქვენ ყურზე გძინავთ, მთელი სოფლის ქალი სულ გახიზნულია-თურმე.

 

 – ნუთუ მართლა?! – გაოცებით სთქვა ესტატემ და ოფიცერს გადახედა.

 

 – ვიპოვნით, მივაგნებთ! – სთქვა არხეინად ოფიცერმა და გადიხარხარა. – ვხუმრობთ, კნეინა, ვხუმრობთ!... ცუდაობისაგან გულს ვაყოლებთ; თავი შეგვაბეზრა ერთფერობამ: ქეიფი და ქაღალდის თამაში, მათრახი და გლეხის ზურგი, ჭირივით მომბეზრდა ასეთი საქმე.

 

 – მართლა რომ მოსაწყენია! მაგრამ რას იზამს კაცი, რომ ვერ გავტეხეთ მაინც ხალხი.

 

 – ჯიუტია, როგორც ჯორი, – სთქვა ოფიცერმა; – ცემა არას შვრება: ჩეხვა, ხოცვა, ხოცვა და ჩეხვა, სისხლი!!. მინამ ნადირი სისხლს არ დაინახავს, არ შედრკება, არ გაიფანტება. გლეხიც ასეა...

 

 – ნადირს რა უშავს; ბატონო! იმასთან ან თოფი გაგივა, ან ხანჯალი, ამათთან კი არაფერი, – დაურთო ესტატემ.

 

 ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა ამ ქვეყნის გულშემატკივართა ბაასი, რომ ერთს ახალ ამბავს არ შეეცვალა კილო იმათის ლაპარაკისა.

 

 ესტატეს შვილმა, სტუდენტმა არჩილმა, და მისმა მოურავმა ჩაჩანმა ისმაილამ თქარათქურით შემოარბენინეს ეზოში ეტლი; არჩილი გადმოხტა და საჩქაროდ აირბინა სახლში; ისმაილამ უყივლა სხვა ჩაჩნებსა, ყველანი შეიყარნენ, გადუკრა თვალი ისმაილამ, ყველა იარაღში ჩაჯდა.

 

 არჩილი მირბოდა კიბეზე, თან ხელსახოცით შუბლს და თავს იწმენდდა. თავადი ესტატე, მისი კნეინა ქეთევანი და გაბრიელ ევტევიჩი მისცვივდნენ კიბის ამოსავალთან.

 

 – რას გადაფითრებულხართ? – სამივემ ერთხმივ მიაძახეს არჩილსა, რომელიც თეთრი სერთუკის ღილებს იხსნიდა და თან ფშვინავდა დაღალულობისაგან.

 

 – ფერმაში დაგვეცნენ წითელი რაზმელები, საუკეთესო ძროხები და დიდი მოზდოკური ბუღა მომიკლეს. მე და ისმაილამ, როგორც იყო, გამოვასწარით. მოგვაყოლეს ზუზუნით ტყვიები, არც ისმაილა ჩამორჩა, ჩვენც ვისროდით... უეჭველია აიკლებდნენ იქაურობასა... ეს კი ხუმრობა აღარ არის... დათმობა აღარ შეიძლება... ვიცი, ვინც არიან ეს ვაჟბატონები... ერთი ზაქარა ჯიღაურის ბიჭია ნასლდათარი... ცუდ აღდგომას გავუთენებ მე იმათა... ისმაილ, დაამზადე ბიჭები!

 

 – ნუ გენაცვალოს დედა! ნუ შვილო. შენ ნუ!.. აი ბიჭები გაუსიოთ... აი გაბრიელ ევტევიჩი აქ არ არის? – უთხრა დედამ და გულში მიიხუტა არჩილი...

 

 – დათმობა აღარ შეიძლება!.. მე ძმასავით ვექცევოდი, ვისაც არა მგონია ხელს გადავხვევდი, იმათთან ვჭამდი, ვსვამდი, არა ვზიზღობდი იმათთან ყოფნასა და ასე კი მიყვეს...

 

 – დაგვაცა ჩვენ, ყმაწვილო კაცო! მეცნიერების სწავლა და ცოდნა შენი საქმეა, გლეხების დამშვიდება და დარბევა ჩვენი... ამაღამ საეჭვო სახლებს შემოვივლი და ყველას გავთოკავ... ეი, მზად იყავით საღამოსთვისა, მზად! – დაუყვირა ოფიცერმა ყაზახებს და მათრახით მძლავრად შეარხია ჰაერი, რომელმაც ზუზუნი იწყო.

 

 კაზახებში ჩოჩქოლი ჩავარდა, ჟრიამუელი შეუდგათ, სახეზე ღიმი ააჩნდათ და ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა გაურბინათ: ერთი კვირაა კაცის სისხლი არ დაუქცევიათ, ადამიანის ხორცი არ უღეჭნიათ. ამ ბრძანებამ ფრთები შეასხა, მადა გაუღვიძა და სულის კაწკაწით ელოდნენ განავარდებას სოფლად საღალოდ და საჟლეტად.

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა