XX

 

 

 შუა აპრილი იყო 1906 წლისა; გაზაფხული სამეუფეო ტახტზე იჯდა; ბუნება ხარობდა: ბალახი სასიამოდ ბიბინებდა, ბრჭყვიალებდა, ნამი ათასფრად ღვიოდა და უფრო ალამაზებდა ნორჩს მცენარეულობასა. ფრინველთა ჭიკჭიკ-სტვენას საზღვარი არა ჰქონდა. დასრიალებდნენ ჰაერში მერცხლები, ეზიდებოდნენ ჩალაბულასა და ბუდეებს სდგამდნენ. გაზაფხულის მკბენარა მზე კონა-კონად აფრქვევდა ქვეყანაზე თავის სხივებსა, სიცოცხლის ნექტარს აწვეთებდა ყველას. მცენარეულობა ანაზდეულად იზრდებოდა, კეკლუცად იღერებდა შტოებს, თითქო მადლი უნდა გადაუხადოს თავის მაცოცხლებელ მზესაო. ყველა შესტრფის მას: მცენარე, ჭია-ღუა, ფრინველნი, გაჭირვებული მუშა, ძონძებში გამოხვეული მათხოვარი; შესტრფის ყველა იმიტომ, რომ ერთნაირად ათბობს ყველას, ერთნაირად სწვავს, ერთნაირად უგზავნის ყველას სხივებსა. იგი მეფეა ცისა და, როგორც მეფე, ერთნაირად უგზავნის ყველას თვისს უხვს მოწყალებას. იგი ცისაა და ცა ხომ ყველაზეა გადაფარებული.

 

 ცისქვეშეთში კი სულ სხვა იყო იმ დღესა... სოფელი ტორტლა ბუნების ფერხულში არ ება, იგი გაყრუმუნჯებული იყო, მშვენიერება ბუნებისა სასიამოდ არ უტოკებდა გულსა; ტორტლაში სიცოცხლე შეწყვეტილიყო, ტორტლას მაჯა აღარ უცემდა; ძაღლის ყეფა, მამლის ყოყლოჩინაობაც კი არ ისმოდა და არ არღვევდა სოფლის ყრუმუნჯობასა.

 

 ჯორ-ზაქარას კაკლის ხის ქვეშ რამდენიმე ტორტლელი შეკრებილიყო, ზოგი ჯოხზე იყო დაბჯენილი, ზოგი სახრეს აპროწიალებდა; ჯორ-ზაქარა კაკლის ძირას ქვაზე იჯდა, ხელში ჩეკი ეჭირა, მიწას სჩიჩქნიდა, რაღაც ხაზებს ავლებდა. ხმა-კრინტს არავინ სძრავდა. მათი სახის გამომეტყველება მოწმე იყო იმისი, რომ ისინი რაღაც ღრმა, მოუნელებელ მწუხარებას შეეპყრო. უცნაური სიჩუმის დარღვევა არავისა სურდა. ყველა დაუსრულებელ ფიქრს მისცემოდა. ეტყობოდა, სოფელ ტორტლას რაღაც ახალი უბედურება დაატყდა თავსა და ხალხის გული შებოჭა, განსაცდელსა და საგონებელში ჩააგდო.

 

 ფოხოლა ყვავი კაკლის კენწეროში ბუდეს ხლართავდა, მამალს მოჰქონდა კლერტები, დედალი დურგლობას ეწეოდა. ერთ ხანად მამალი მხიარულად მივიდა და დიდის ხმით დაიჩხავლა: ყვაა!

 

 – აი ოხრობა შენი!.. შენღა გვაკლიხარ გულის გასახეთქათა! – შეუკურთხა ვიღაცამ მუშაობით გაძეძევებულს ყვავსა.

 

 კვლავ სიჩუმე; კვლავ ნაღვლიანობა, კვლავ გულჩათუთქული ყოფნა კაკალ ქვეშ მყოფთა...

 

 ამ დროს ვენახის კარმა გამოიჭრიალა, გამოჩნდა მანდილოსანი, შემოკარწახებული კაბის კალთები აევსო ჭინჭრითა და სხვა მხალეულობითა. მანდილოსანი შესდგა, დაბეჩავებულად მდგარი ტორტლელები რომ შეამჩნია.

 

 – ლეჩაქებს თქვენ მოგახვევთ და დღეიდან მამაკაცობას ჩვენ ვიკისრებთ, – რიხიანად უთხრა მანდილოსანმა. – რას ჩაგიქინდრიათ თავები ჭირიანი ინდაურებივითა! განსაცდელი კარზე მოგდგომიათ; თქვენ ცოლ-შვილს ნამუსის ახდას უპირობენ. ესღა შეგვანარჩუნა ღმერთმა და ამასაც ხელიდან გამოგლეჯას ემუქრებიან. სოფელი გაატყავეს, საწყალმა სოსემ მათრახ ქვეშ დალია სული... იცით, რომ სოსე მოკვდა! იცით, რომ იმისი ცოლ-შვილი წყალში გადასაყრელად დარჩა... ოიი! იმის კაბითაც დამჯდარა ესტატეს ცოლი! ჰო-და-ჰო!!.

 

 – ვიცით, მარინე, ვიცით!.. ჩვენც მაგ ამბავმა ჩაგვყარა საგონებელში, ვფიქრობთ და თავი გერ გაგვირთმევია.

 

 მარინე ჯორ-ზაქარას ჯალაბი იყო, მთელი ტორტლის გოგოების აღმზრდელი და მასწავლებელი, ერთადერთი მცოდნე წიგნისა, წერა-კითხვისა; სოფლის გოგოებს ის ასწავლიდა ანაბანასა, ყველას უყვარდა, ყველა მოწიწებით ეპყრობოდა და “დედა მარინეს” ეძახდა.

 

 – დიდი ლარი და ხაზი არ უნდა ჩვენს საქმესა. დღეს სოსე მოჰკლეს მათრახ ქვეშ, ხვალ მეორეს სახლის ბანს დააქცევენ თავზედა, ზეგ თოფით მესამეს დახვრეტენ. ჩვენს სიტყვას და ვედრებას გასავალი არა აქვს. სოფელმა თვით უნდა იზრუნოს თავისთვისა. დღეს შევყრი ტორტლელ მანდილოსნებსა, ჩვენ, ჩვენის სუსტი ძალით გავუმკლავდებით ძუ ლომებივით და ნამუსს დავიცავთ ჩვენი ოჯახებისას. სიკვდილი რით არ სჯობიან ჩვენის შვილების ნამუსის ახდის ცქერასა.

 

 ჯორ-ზაქარა წამოდგა, გამოერკვია, სხვებიც შეიშმუშნენ, სიცოცხლის ნატამალი აღჩნდა მათში.

 

 – მეც მაგაზე ვარ გაბოროტებული. ხსნა არსაით არის. სამართალს და სიმართლეს ვერ ვპოულობთ და ვერც ვიპოვით. ჩვენის სამართლით უნდა ვეძიოთ სიმართლე... ყველა აღვსდგეთ: ქალი და კაცი, დიდი და პატარა, გავიფიცნეთ სამების საყდარში სოსეს საფლავთან, რომ არავის არ შევარჩენთ ჩვენს უწყალოდ გაქელვასა... წავიდეთ, ხალხო! – დაიძახა ჯორ-ზაქარამა და ჩეკის ტრიალით გაუძღვა ამხანაგებსა.

 

 სისხლმა ჩქეფა დაუწყო ყველას, ყველამ ანაზდეულად მძაფრი სახე მიიღო, ხალხს აუქოთქოთდა სული და გული და სტიქიონად იქცა.

 

 

 XXI

 

 

 სოსე ინაური იქნება ყაზახების მათრახებს გადარჩენიყო, ესტატეს ახალი მოურავი ვანო ქებაძე რომ არ გადაჰყრიყო. აქაოდა, რად მეურჩეო, მათრახებით გაჭრელებულს სოსეს ვანო ქებაძემ კიდევ დაურთო მათრახი და წიხლი, გვერდები ჩაამტვრია ქუსლიანი წაღებითა.

 

 სოფელი ტორტლა მთლად ააღელვა ამ ყოვლად საწყალი, ღარიბ-ღატაკი და უდანაშაულო გლეხის სიკვდილმა, სიკვდილმა წამებითმა, სიკვდილმა ძალადობისამ.

 

 ჯერ სოსეს სახლ-კარბინადრობის სანახაობა აუკვნესებდა ადამიანს გულსა და მისი სახლობის ხილვა ხომ სრულიად შხამავდა ადამიანის სულსა და გულსა...

 

 მინამ ზედ არ წაადგებოდა კაცი, ვერ შეატყობდა, თუ ამ სოროში სულიერი ადამიანი იდგა. ამ სოროს ვიწრო შესავალი ჰქონდა; აქედან შეხვიდოდი ოთხკუთხიან პატარა მიწურ ჯურღმულში, სადაც უკუნო სიბნელე გამეფებულიყო: მინამ კარგად არ მოაშინაურებდი თვალსა, ჯურღმულში ვერაფერს ვერ გაარჩევდი. ერთ კუთხეში იყო ბუხარი, გარდიგარდმო ქვაბის საკიდელი იყო გაჩხირული, იქვე ეგდო პატარა ყურიანი ქვაბი, გაშავებული, გამურული, ჩაჟანგებული. მეორე კუთხეში იდგა ნეხვით გალესილი გოგროხი, რომელიც საფქვილეც იყო, სახორბლეცა. ბუხრის გვერდზე იდგა სასთუმლიანი ტახტი და ერთი რუსული ფარაჯა. თახჩაზე დამხობილი იყო ორი ჯამი, ქოთანი და ერთი პირამომტვრეული ციცხვი.

 

 სოროს პირდაპირ იდგა ძველი, მიღრეცილ-მოღრეცილ ბოძებზე შემდგარი სასიმინდე ძარი, რომელშიაც აქა-იქ მხოლოდ ცარიელი ნაქუჩებიღა იყო გამოჩრილი. სასიმინდეს გვერდით ჩაურბოდა პატარა რუ. ღორებს მის გარშემო წუმპეები გაეჩინათ და შიგ ტკბილად განისვენებდნენ, რასაც მათი წყნარი ხრუტუნი ასაბუთებდა.

 

 სოსემ ვნების ორშაბათ დილით დალია სული. მისმა ჯალაბმა თინამ თავის შვილის სოლოს პირით ამცნო სოფელსა. მამის სიკვდილს მხოლოდ სოლო გრძნობდა და მისი დამწვარი დედა თინია. სოლო უკვე მეხრე ბიჭი იყო, გუთანზე იჯდა და წელიწადში ერთს ანეულს აძლევდნენ და ერთს დღიურს კიდევ გაზაფხულისას. სოლომ იგრძნო, რომ რაღაც ჩასწყდა, ეგდო ძარს ქვეშ და ჩაჰბღუოდა მიწასა.

 

 სოფელი დატრიალდა, ყველას მიჰქონდა შესაწირავი. პავლე კახნიაშვილი, სოფლის დურგალი და ხურო, დილითვე მივიდა, მუხის ფიცრები მიიტანა და ხელეჩოთი მუყაითად სთლიდა და კუბოს ამზადებდა. მისი ხელეჩოს კაკუნი შორს გაისმოდა; პავლეს შუბლიდან კუბოს ფიცრებს ოფლი ეღვენთებოდა და ფოლაქებად აჩნდებოდა ზედა.

 

 – ეეჰ, ღმერთმა გაცხონოს, სოსე, ღმერთმა!.. ვის რათ უნდოდა შენი სიკვდილი, ვისა, შე საწყალო, უენო ადამიანო?!! ვის რა შეშურდა შენი!.. ვაჰი, სოფელო!! – სთლიდა პავლე ფიცრებსა და თან ასე ჩაჰლაპარაკებდა.

 

 სოსეს ექვსი წლის გოგო კი სრულიად ვერა გრძნობდა მამის სიკვდილსა: თმა ქაჯივით გაბურძგნოდა, ფეხები და კანჭები შერუჯოდა და ზედ წუმპეს ტალახი შემხმარიყო. ხელეჩოს კაკაკუკზე მელა-გოგოს ჩვილი, უმანკო გული აუტოკდა, პირით “ჩივთი-უთო” დაუკრა და ძირს ქვეშ კოხტად ლეკური ჩამოუარა. მისი პაწია ძმა ზაქრო სწორედ გოჭსა ჰგაგდა: მთლად წუმპეში იყო ჩურჩხელასავით ამოვლებული, ტანზე ჭუჭყისაგან შეჭმულ-გალესილი პერანგის ნახევი ეცვა, ცხვირზე ბოტოტები ჩამოსდიოდა, ვიღაცასაგან მოცემულს ფეტვის მჭადსა ღუღნიდა და ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად...

 

 – ღუღნე, ღუღნე, პაწიავ, ფეტვის მჭადი!.. იცეკვე, იცეკვე, პაწია მელო... ჩაბღუვლე, ჩაბღუვლე, პაწია სოლო, მიწასა!.. თქვენც ოდესმე გაიგებთ სოფლის მუხანათობას. – ჩაილაპარაკა პავლემ... პავლე კი აკაკუნებს ხელეჩოს, მუყაითად უმზადებს მეზობელს საუკუნო სამყოფელსა. ძლივს ეღირსება სოსეს ახალი, მყუდრო ბინა. ტანჯვა-ვაება მოეხსნება ზურგიდან.

 

 

 XXII

 

 

 სოფელმა შემოსა სოსეს ცოლ-შვილი, სამების ეკლესიის ცაცხვ ქვეშ გაამზადა სოსეს მოსახსენებელი სადილი. ვის რაც გააჩნდა, ცაცხვთან მოჰქონდა: ჯამ-ჭურჭელი, დოქებით ღვინო, ხახვი, ღოლო; ლობიოს და მუხუდოს დიდი ქოთნები მიადგეს ცეცხლსა. ჯორ-ზაქარას ცოლი მარინე თონეს თონეზე ახურებდა და ნამცხვარს ამზადებდა.

 

 ზარმა მწუხარედ გაიზრიალა, სოსე ჩასჭედეს პავლეს გამოკუთხულ კუბოში. ცოლი წიოკობით მისდევს მიცვალებულს. სოლო-ბიჭი დიდი ხმით ბღუის. მელოს და ზაქროს გულმაც კი იგრძნო რაღაც გამოუთქმელი ბოღმა. მელო ძარის ბოძს მიჰყუდებოდა, ზაქროს თავი მიედო მელოსთვის და ორივენი იმდუღრებოდნენ. ხანდისხან ბავშვური სიცელქე მოუვლიდათ და აკვიატებულ ბუზს დასაჭერად მიმართავდნენ, ღიმი ააჩნდებოდათ ტუჩებზე, მაგრამ ეს წუთიერი ღიმი მალე ითუთქებოდა.

 

 – ნუ ტირით, შვილებო, ნუ! მამა ისევ დაბრუნდება, დედა-შვილობამა, – ატყუებდა მარინე, რომელმაც პავლე კახნიაშვილს კარზე გამოაყრევინა ტახტი და სოსეს მაზარა.

 

 – ტირილი, მარინე, შვებაა; ნუ უშლი, ნუ! დეე, იტირონ მაგ საცოდავებმა, – უთხრა პავლემ; – თუ სხვას ვერ მოულბობენ გულსა, თითონ ხომ მაინც ეშეღავათებათ.

 

 ამ დროს ესტატე მარუშიძის სახლის აივნიდან სიცილ-ხარხარის ხმა მოისმოდა, საუზმეს შეექცეოდნენ. გაბრიელ ევტევიჩი რაღასაც მღეროდა, ცალკე არჩილიც რაღაც რომანსს დამღეროღა ფორტოპიანოზე.

 

 ესტატე დიდს ჩიბუხს აბოლებდა და თავის ცოლის ძმას პეტრე ერკემლიძეს შორს მდგომ კაკლის ხეზე უთითებდა.

 

 – აი ის ჩემსაში დგას, ვერას გზით ვერ ვიხსენ ზაქარა ჯიღაურის ხელიდან. პირველი ადგილია ეგ ადგილი მთელს ტორტლაში. ხვალ მინდა ღობე გავუვლო ზედ კარწინ და აი ის კაკლის ხეც შიგ დავატოვინო.

 

 ზარის სამგლოვიარო ზრიალმა ლაპარაკი შეუცვალა.

 

 – ეს რა ამბავია, მოურავო? – შეეკითხა ესტატე.

 

 – სოსე ინაურს ასვენებენ.

 

 – ჰაა! ჩაკვდა? ეგრე მოუვა ყველა ურჩსა.

 

 – თქვენი რისხვა ყველას უწევს, ჩემო ბატონო! – უპასუხა მოურავმა ვანო ქებაძემ.

 

 – ახლა ჯერი ჯორ-ზაქარაზე მიდგა.

 

 – მინამ ეგ სოფელშია, შენი კვნესამე, ბატონო, სოფელი არ დაწყნარდება, მუდამ ყალყზე იდგება. თქვენი რისხვა არა მაქვს ი სოსეც მაგის გაბრიყვებული იყო, მაგან იმსხვერპლა.

 

 – ხვალიდანვე, ხვალიდანვე, ჩემო მოურავო... ოღონც შენ და ეს ჩემი ჩაჩნები ყოჩაღად იყავით, რომ ერთი მაგასაც ზურგზე ბოლი ავადინოთ. ვნახოთ. მაგათი ერთობა რას მიზამს.

 

 – რა ამბავია, ამოდენა ხალხი ვის მოსდევს? – გაოცებით იკითხა ოფიცერმა გაბრიელ ევტევიჩმა.

 

 – სოფელი მარხავს სოსე ინაურსა; დიდი აურზაურია სოფელში, – დაიწყო მოურავმა, – მე მემუქრებიან: ცოცხლივ დავმარხავთ მოურავსაო; სოსეს მკვლელებს არ გავახარებთო. აი მინამ არა ჭამონრა, მინამ მე მიზამდნენ რასმესა. თქვენ კარგად მყვანდეთ, თორემ მალე მტერი მოგიკვდეთ, მალე მე ი ჯორ-ზაქარა მოვტეხო და თქვენ წინ ქედი მოვახრევინო.

 

 – მე კი ვიტყვი, საქმეს ნუ გაამწვავებთ. აი, მე ამ ხალხის ყრილობაზე ვამჩნევ, რომ რაღაც მზადდება. თუ მდაბიო ხალხი აზვირთდა, სტიქიონად იქცევა და ყოველივეს წალეკავს! – ჩაერია ლაპარაკში ესტატეს შვილი არჩილი.

 

 – შენ სულ ი ოხერა წიგნები გალაპარაკებს, ჩვენ კი როგორც გვიწირავს, ისევ ისე ვწირავთ. გლეხი უნდა მუჭაში გვეჭიროს, შიგ უნდა მოახრჩო. თუ შვება მიეცი, თავზე დაგაჯდება... ეგ ჩვენ ვიცით... შენ გზიდამ ჩამომეცალე... წადი, იმსახურე ხელმწიფის სამსახურში, აქაურობა კი მე და მოურავს მოგვანებე.

 

 – სწორედ დემონსტრაციაა ეს, სწორედ! – გაიძახოდა ყაზახის ოფიცერი. – თქვენ ეი, მოდით აქ, – უბრძანა ყაზახებსა. – წადით სასაფლაოზე და თუ ვინიცობაა შეატყოთ რამე, მაშინვე მათრახი და თუ საჭირო გახდეს-იარაღიც.

 

 – მაგ გაფრთხილებას კი არა უშავს რა, – სთქვა არჩილმა.

 

 – არა, შვილო, – ჩაერია ლაპარაკში კნეინა; – დაე იტირონ და დამარხონ მიცვალებული ისე, როგორც იმათ უნდათ. თუ რამეს ჩაიდენენ, მერეც გავუსწორდებით.

 

 

 XXIII

 

 

 – თავადი ესტატე დროთი სარგებლობს, სოფელს სულის ამოხუთვას ემუქრება. აი მეც გამიღობეს კარ-მიდამო, საუკუნოებით რომ სჭერიათ ჩემს მამა-პაპასა, სიკვდილს თურმე მიპირობს ვანო მოურავი, ჩვენივე სისხლი და ხორცი. ჩვენივე გლეხი, ღორად ქცეული, – დაიწყო ჯორ-ზაქარამა.

 

 – დაყოვნება აღარ შეიძლება, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და უნარი, – ჩაერია ლაპარაკში მარინე.

 

 – რითი, ნათლიავ ჩემო, რითი? ძალაც იმათ ხელშია და სამართალიცა! – მწუხარებით ჩაილაპარაკა ერთმა მხცოვანმა გლეხმა.

 

 – მაშ ავიყარნეთ აქედან, ავიყარნეთ! არ ავიყრებით და ნამუსს შეგვიგინებენ, ქალიშვილებს გაგვიუპატიურებენ; ცემით სულს ამოგვხდიან. აი გავიფიცნეთ ამ წამებული სოსეს საფლავის წინაშე, რომ ბატონს არაფერს არ მოუთმენთ, სიმართლის ხმას ღმერთამდის მაინც მივაწვდენთ, – მტკიცედ დაიწყო მარინემ. – როგორ თუ ძალა იმათ ხელშია? ჩვენცა გვაქვს იარაღი: დედის გული, ვიხმაროთ ფრჩხილები, კბილები, ქვა და გუნდა, ბარი, თოხი, ხელი, ფეხი, – წარმოსთქვა მტკიცედ მარინემ, კალთა ჩაიკრა სარტყელში და ქორივით შემოავლო თვალი ხალხსა.

 

 ხალხი აზრიალდა; დედაკაცი იწვევდა საბრძოლად. ეს არ მომხდარა მის დღეში: დედაკაცი შვილს ზრდიდა, მამულს გმირს უმზადებდა. მამაკაცი კი, დედის რძესთან გმირობაში აღზრდილი, თავს იცავდა, იცავდა მამულ-დედულსა და დედასთან პირშავად არ გამოდიოდა. ახლა კი მამაკაცი დალაჩრდა, ქალის მანდილი დაიხურა და დედაკაცმა ვაჟკაცობა იწყო. ხალხმა, სოსეს საფლავის წინაშე თავჩაკიდებულმა, იგრძნო საყვედური მარინესი.

 

 – არა, მარინე! – იგრიალა ხალხმა. – ვფიცავთ წამებული მეზობლის საფლავსა, რომ არავის შევარჩენთ ჩვენს დაბრიყვებასა!

 

 – ამინი ვთქვათ, ხალხნო! – გულდინჯად წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ, ქუდი მოიხადა და საფლავთან დაიჩოქა.

 

 – ამინ, ამინ! – შესძახა ხალხმა და ყველამ დაიჩოქა.

 

 – წმიდაო სამებაო; შენ იყავ მოწმად ამ გაფიცვისა, – ხელგაპყრობით მიმართა სამების საყდარს მარინემ და დედათა სქესმა ყველამ სასოებით ხელი განაპყრო.

 

 

 XXIV

 

 

 – თქვე დალოცვილო, ბუზი ხომ არა ვარ, კედელს მივაჯდე. მერცხალი ხომ არა ვარ, ბანიდან ჩავფრინდ-ამოვფრინდე!... რად მხუთავ სულსა... მიწყივ-დაბადებიდან გუშინდლამდე ჩემს კარმიდამოს და ზედ მოდგმულს ნაფუძარს არავინ შეხებია... ცოცხლობდნენ, იყვნენ თქვენი პაპანი, მამანი, ჩემს კარ-მიდამოსა და ნაფუძარზე ხელი არავის წაუტანებია. თქვენ რაღათ ინებეთ წართმევა? – დინჯად და დალაგებით დაუწყო ლაპარაკი ძირიდან აივანზე მდგომს თავადს ესტატეს ჯორ-ზაქარამა.

 

 ზაქარა ჯიღაური ჩეკზე იყო დაბჯენილი, თავშიშველა და ისე ზდილობიანად ელაპარაკებოდა.

 

 თავადი ესტატე აივანზე იდგა, ხელში კრიალოსანს აპროწიალებდა. ბიჭი გძელი ჩიბუხით განზე იდგა და ელოდა, როდის ინებებდა ბატონი ჩიბუხსა. ზაქარას ლაპარაკზე თავად ესტატეს ხან ეღიმებოდა და ხან სახეზე ალმური აჩნდებოდა.

 

 – მე მამა-პაპას რას დავდევ, – დაიწყო ესტატემ, – მე ეს ვიცი მტკიცედ, რომ გლეხი ბატონისა იყო სულითაც და ხორცითაც, მას საკუთრება არა ჰქონდა; შენ კი მიგითვისებია სამი-ოთხი დღის ნაფუძარი და უშველებელი კარ-მიდამო.

 

 – ჩვენი გვარი საეკლესიო ყმა გახლდათ, – დაიწყო ისევ აუჩქარებლივ ზაქარამა, – ჩვენ ქათალიკოზის სიგელი გვაქვს, ჩვენი წინაპარი მღვდელი ყოფილა და ქათალიკოზს ეგ ადგილი უბოძებია; ის სიგელი მთავრობისაგან განხილულია; ალბათ თქვენმა წინაპრებმა იცოდნენ ქათალიკოზის სიგელი და არ ეხებოდნენ დღეს თქვენგან წართმეულს მამულსა; ნუ ინებებთ, ბატონო, უსამართლობასა; სამოსამართლოთ ნუ გამიხდით საქმესა, თქვენსა მზესა და თქვენის ცოლ-შვილის დღეგრძელობასა! – უთხრა თავაზიანად ზაქარამა.

 

 – მამა გიცხონდა, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა!.. – უთხრა მკვახედ ესტატემ, ბიჭს ჩიბუხი გამოართვა და ღელვით წრუპვნა დაუწყო ჩიბუხსა.

 

 – მამა რომ მიცხონდეს, ძალიან მესიამოვნება, ყურებზე ხახვის დაჭრისა კი რა მოგახსენო. თქვენი ბრძანება იმასა ჰგავს: არას მამცემ, ყბასაც მამტეხო... ნუ ინებებთ, ბატონო! როგორც სიამტკბილობით ერთმანეთში მამა-პაპას უცხოვრიათ, ისევ ისე ვიცხოვროთ... იცოდეთ, ბატონო, მე მუქარას არ შევუშინდები; ყურებზე ხახვს თუ დამაჭრის ვინმე, იქნებ მე უარესი ჩავიდინო... პირიდან ლუკმას არავის გამოვაცლევინებ.

 

 – ხა, ხა, ხა! – გადიხარხარა თავადმა ესტატემ. – დახე, დახე! ეს ღორის ტილი რაებს მიბედავს. შენ თუ გგონია, ყაზახ რუსები ამ სააღდგომოდ რომ წავიდნენ, მით მე ძალა გამომელია? ჩემი მოურავი?! ჩემი ჩაჩნები?!. დაგისევ და, მამაჩემი არ წამიწყდება, ისე გავაგუდინებ შენ თავს, რომ გაძახო: ვაი, დედა ჩემს დაველიეო! – ისე მაღლა დაიძახა ეს სიტყვები ესტატემ, რომ კნეინას გული გაუფთხა და შვილი არჩილი აივანზე გამოვარდა პირის წმენდითა.

 

 – რა ამბავია, რა ამ ბავია? – ჩაეკითხნენ ესტატეს ცოლ-შვილი.

 

 – ჰმ, რა ამბავია?!. მამული ჩემიაო, ბრძანებს, რად გამიღობე და რად მართმევო.

 

 – უი, დამიდგა თვალები! – მიიდო ორი თითი ტუჩებზე კნეინამ და წყრომით წარმოსთქვა: – საკუთრება გლეხს ვინ მისცა, ქა! მამულიც ჩვენია და შენც ჩვენი ხარ.

 

 – არა, გლეხს საკუთრება როდისმე ჰქონიყო, შენს ლაპარაკს კადევ ფასი ექნებოდა, – დაიწყო არჩილ მარუშიძემ. – მაგრამ რაკი გლეხს არასდროს საკუთრება არა ჰქონია, მამული ბატონისაა...

 

 – მე მოვახსენე ბატონსა, რომ მამული ეკლესიას უბოძებია ჩემი წინაპრისთვისა, ამისი სიგელი მაქვს... თქვენ ყმაწვილი კაცი ბრძანდებით, ნუ ინებებთ ჩემს აწიოკებასა, სისხლს ნუ დამაქცევინებთ.

 

 – რაო, რაო? წამოყელყელდა აივანზე არჩილი, ხელებით დაებჯინა და შუბლშეკვრით გადასძახა: – იმუქრები კიდეც?!. ჩემს მამულს ისაკუთრებ და სისხლის დაქცევას მიქადნი?!. ნუ მეხუმრები!!. გასწი აქედან, გასწი!.. თორემ წითელ კვერცხივით შეგიღებავ მაგ გველაძუა თავ-პირსა.

 

 – ჩიტსაც ვერ ამიფრენ, ჩიტსა! – უთხრა ზაქარამ დინჯად, დაუჩქარებლივ. – მართალია შენს ხელში ძალადობაა, მაგრამ ჩემს ხელში სიმართლეა; სიმართლისათვის უკან არ დამიწევია, ეს ჭაღარაშერეული ზაქარა უკან არც ეხლა დაიწევს.

 

 – მოურავო, ჩაჩნები!!. პანღურის ცემით გააგდეთ აქედან, ნუ აპილწვინებთ ჩემს მიდამოს მაგის წანკლიანს ენასა.

 

 ზაქარამ ქუდი დაიხურა, შეიშმუშნა მხოლოდ და ადგილიდან არ დაიძრა. ჩაცვივდნენ მოურავი და ერთი ჩაჩანი. როგორც კი გაშალეს ხელი და მათრახი უნდა ეშხუილნათ ზაქარასთვის, მან ანაზდეულად დაჰკრა მძლავრად ჩეკი მკლავში ჯერ ერთსა და მერე მეორესა. ორთავეს მაჯები დაუდუნა და ნელის ნაბიჯით წავიდა. დაადევნეს სხვა ბიჭები. ზაქარამ ჩოხის ქვეშ მიმალული ხანჯალი იძრო, აალაპლაპა მზეზე და მაღალის ხმით შესძახა:

 

 – თქვენ ღმერთს აპატივეთ, ამ წითელ პარასკევს სისხლში ხელს ნუ გამასვრევინებთ!

 

 ბიჭები შედრკნენ. იცნობდნენ ზაქარას, მის გულადობას, შეუპოვრობას, იცოდნენ, რომ თითონაც მოკვდებოდა და დამცემთაც იმსხვერპლებდა.

 

 – მაცალე, მაცალე და როცა შენ სხვის სისხლში ხელი გაგასვრევინო, მე არჩილს ნუღარ დამიძახებ... ჩემში მარუშიძის ძველი სისხლი ტრიალებს.

 

 – მობძანდით და დაგიხვდებით! – მიაძახა ჯორ-ზაქარამა.

 

 

 XXV

 

 

 დიდ შაბათს თავად ესტატეს მიუვიდა ამბავი, რომ ჯორ-ზაქარამ შემოაგლიჯა თავის კარ-მიდამოს და ნაფუძარს მისი ბრძანებით შემოვლილი ღობე, რომ სოფელი მთლად ღელავს და ვინ იცის, რა ბოლო ექნება ბატონისა და გლეხების უსიამოვნებასაო.

 

 თავადის შვილი არჩილ მარუშიძე დიდი მომხრე იყო საკუთრებისა. ერთს გოჯს მიწას არ დაუთმობდა არავის, თუ დარწმუნებული იყო, რომ იგი მის საკუთრებას შეადგენდა. დარწმუნებული იყო, რომ ჯორ-ზაქარას კარ-მიდამო, დიდი კაკლის ხე მისი სახლის წინ და ზედმოდებული ნაფუძარი თავად ესტატესი იყო, რადგან გლეხი ბატონის საკუთრება იყო, როგორც უბრალო რამ ნივთი, მთავრობამ იგი გაათავისუფლა და საზრდოდ მიუგდო თითო-ოროლა დღიური მიწა, ისიც თავის დროზე გამოსასყიდი. მარუშიძენი სრულიადაც არ უწევდნენ ანგარიშს იმ გარემოებას, რომ ჯორ-ზაქარა ჯიღაურის ოჯახს ის მამული ჰქონია მიკუთვნილი ძველად საეკლესიო უწყებისაგან.

 

 ახალგაზრდა არჩილი აღიჭურვა საკუთრების უფლების დასაცავად და გადასწყვიტა, თუნდ სიცოცხლედაც დასჯდომიყო, წაერთმია უკანვე მამული და ისევ შემოერაგვა. წაიყვანა ჩაჩნები, მოურავი, თვით შეიარაღდა რევოლვერით და ეწვია განრისხებული ზაქარას ოჯახსა.

 

 ამ დღეს მთელი სოფელი შინ იყო თითქმის, ემზადებოდა ბრწყინვალე აღდგომის დახვედრასა; ყველა ოჯახის წინ გამოფენილი იყო სარეცხი, ყველა დიასახლისი ჰგვიდა და ასუფთავებდა კარმიდამოს, რეცხდა ჯამ-ჭურჭელსა, ხეხდა ქვაბებსა. სოფლის გოგო-ბიჭები გულის ფანცქალით მოელოდნენ დაღამებასა, რომ აღდგომა დილას, ლიტონიის დროს, ახალი რამ ჩაეცვათ: ვის ახალი წუღა– ჩუსტი, ვის კაბა, ვის ახალუხი. ყველას სიხარულის კანკალი მოსდიოდა.

 

 ჯორ-ზაქარა ქალაქად წასულიყო საჭირო საქმისთვის. სახლში იყვნენ მისი ცოლი, შვილები და ძმები.

 

 მოულოდნელი იყო ზაქარას ოჯახისათვის არჩილის თავდაცემა, მაგრამ მარინე არ შედრკა; მაზლები და შვილები ვენახში რაღასაც საქმიანობდნენ.

 

 არჩილმა მისვლისვე უმალ, პირველმა უჩვენა მაგალითი მხლებლებს: აიღო მარგილი და თავის ადგილას დაარჭო. მხლებლებიც შეუდგნენ ღობის აღდგენას, ხოლო ორი ჩაჩანი თოფებზე დაყუდებულნი დარაჯობას ეწეოდნენ.

 

 მარინე სახლის წინ იდგა და გამშრალ სარეცხს აგროვებდა.

 

 – ბატონო, რად ღებულობთ მძლავრობას, – დინჯად უთხრა მარინემ არჩილ მარუშიძეს, – უფროსი შინ არ არის, საცაა გაჩნდება ქალაქიდან. მოითმინეთ, იქნება სიამტკბილობით გავათავოთ საქმე.

 

 – რა დედაკაცის საქმეა ჩარევა... თითქო არ იცოდეს თავის ქმრის სიჯიუტე... მე მსურს აღვადგინო ჩემი საკუთრება. არავის ვალაპარაკებ.

 

 – ძალიან კარგად ვილაპარაკებ-და დოინჯშემოყრილმა მარინემ წინ წამოიწია. – ნუ შვრები, მოურავო, თორემ სისხლი დაიქცევა! – შეჰკივლა ახლა კი გულზე მოსულმა მარინემ.

 

 – იქით, დედაკაცო! რა შენი საქმეა.

 

 დაიძრა უცბად სოფელში ხმა, ზაქარას ოჯახს დაეცა თავს ბატონის შვილი არჩილი და აკლებას ლამობსო; მოზღვავდა მთელი სოფელი. გამოცვივდნენ ვენახიდან ზაქარას ძმები და ვაჟიშვილები, გადაეღობნენ წინ. შეიქნა ჩოჩქოლი, მიწევ-მოწევა, ღორღალი.

 

 – მიწა ჩვენია!! – იგრიალა ხალხმა. – ჩვენ ვამუშავებთ, ჩვენ ვაწვიმებთ ოფლსა, ოფლით ვანაყოფიერებთ და ოფლითვე ვკრებავთ მოსავალსა.

 

 შედრკნენ არჩილი და მისი მხლებლები, მაგრამ შედრკომა თავადმა იუკადრისა, შეჰყვირა მხლებლებს:

 

 – მოიმარჯვეთ იარაღი! მე ვაჩვენებ ამ ღორებს სეირსა; რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს, რაც მაგათი, მაგათი იყოს, მე არავის საკუთრებას არ ვეპოტინები. – არჩილმა იძრო რევოლვერი და ჰაერში შეათამაშა: – აი, ამითი გულს გაუხვრეტ, ვინც ჩემს საკუთრებას ხელს შეახებს!

 

 ამ დროს მარინე და მისი შვილი ეცნენ თავადს არჩილს რევოლვერის წასართმევად.

 

 – აბა, ბიჭებო, თოფი!..

 

 დაიგრიალა წყვილმა თოფმა და მარინე და მისი უფროსი შვილი უსულოდ დაეცნენ მიწაზე.

 

 გლეხის “შავი” სისხლი რუდ წადგა ხალხის თვალწინ, წითელი ზოლი გაავლო მიწას, ჩაეხვია მას გულში და შეუერთდა იმ ოფლს, რომელიც ნაწვიმი იყო იმავე მიწაზე.

 

 

 XXVI

 

 

 ხალხში რწმუნებაა: აღდგომის გარიჟრაჟზე ცაზე, მზის ამოსვლის ალაგას, ნორჩი ბატკანი გაჩნდება, ხტის, თამაშობს, მზის ამოსვლას შეჰხარისო. ეს ბატკანი, ბატკანი უმანკო, ქრისტეს აღდგომას გვახარებსო.

 

 ბევრჯერ ჩემი ყურით გამიგონთა სოფლის გოგო-ბიჭებისაგან:

 

 – აიგერ, აიგერ! მზის გარშემო, ღრუბელში ბატკანი როგორ ხტის და ეთამაშება მზის სხივებსაო.

 

 ისე მძლავრია ხალხში ასეთი რწმენა, რომ ეს რწმენა მართლაც მოაჩვენებს ხოლმე იმ საგანს, რომლის დანახვა იმათ სწამთ.

 

 მაგრამ იმ აღდგომა დილით, როცა ზაქარას სახლში ორი მსხვერპლი აჯამობისა და გულქვაობისა ესვენა, გარიჟრაჟისათვის არავის სცალოდა შეეხედნა აღდგომის ბატკნის დასანახავად. მთელი სოფელი აღდგომა დღეს მგლოვიარედ შეხვდა. შურისძიებით იყო შემსჭვალული.

 

 აღდგობის ზარი დარეკეს!..

 

 მღვდელი სალიტანიოდ ემზადებოდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც თავად ესტატე მარუშიძის მეზობლად იდგა. მთელი სახლობა თავად ესტატესი ხელში ჯვარგაპყრობილ მღვდელს მოსდევდა.

 

 – ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა! – შესძახა მღვდელმა.

 

 ამ დროს ჯორ-ზაქარას და მისი უმცროსი შვილის თოფებმა იჭექეს.

 

 თავადი ესტატე და მისი ძე არჩილი მიწას გაერთხნენ. დაიქცა “ალისფერი” სისხლი თავადებისა.

 

 – სტყუი, მამაო, ჯერ ხალხისათვის ქრისტე არ აღმდგარა, მაგრამ მწამს, იგი ოდესმე აღსდგება და მოგვანიჭებს ჩვენ სასუფეველსა.

 

 მჭექარედ წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ, წასდგა ხალხის წინ და დაეყრდნო თვისს ერთგულს სიათასა.

 

 ხალხი სდუმდა, მაგრამ გული კი მისი ქოთქოთობდა.

 

 ცაზე აღდგომის ბატკანმა თამაში დაიწყო და მზის შუქებში ჩაყურჭუმავებული გაცისარტყელდა.

 

 

 ∗ კოსტრო გადამახინჯებული რუსული სიტყვაა. რუსულად ასეა: "Сквозь строй" (სკვოზ სტროი). ბატონყმობის დროს კაცის მკვლელებს დააკრავდნენ დროგზე. აქეთ-იქით დაამწკრივებდენ სალდათებს, რომლებსაც "როზგის" ჯოხები ეჭირათ ხელში, დროგზე დაკრულს კაცს ჩაატარებდნენ სალდათებს შუა და აქეთ-იქიდან სცემდნენ უდიერად ტიტველა ტანზე. ბევრს "როზგ" ქვეშა ხდებოდა სული.

 

 ∗ კანი და ბისტი ბატონყმობის დროს გამოჩენილი თულები იყვნენ ქართლში, ბატონის ავობის გამო გაცვივნული მთა-ბარად.

 

** გლუხარიჩს ქართლში გ. ერისთავს, ჩვენს გამოჩენილ დრამატურგს ეძახდნენ. ამბობენ, გ. ე – მა ბატონყმობის გადავარდნამდე გაანთავისუფლა ყმები, რის გამო მთლად ერისთავები და ქართლის თავადები აუყაყანდნენო.

 

 * ქ. გორში მანიფესტი ბატონყმობის გადავარდნის შესახებ გამოცხადდა 8 ნოემბერს 1864 წელსა.

 

 * მამა-მზე ერქვა ქართველ თავადს პოლკოვნიკ გიორგი ივანეს-ძეს ერისთავს, გავლენიან თავადს და დიდი ყმა-მამულის პატრონსა.

 

 * იასე რამანიჩი გვარად ფავლენიშვილი, ნადიამბეგარი. გვარით არავინ იცნობდა, მხოლოდ ახსენებდნენ "იასე რამანიჩი" და ყველა მიხვდებოდა, ვისზე იყო ლაპარაკი.

 

 * "ჩემი კაცი" – ასე ეძახის გლეხის ცოლი თავის ქმარსა.

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მგალობლიშვილი სოფრომ / ჯორ-ზაქარა