მეგრელიშვილი გურამ 

 

დიაგნოზი შვილი

 

 

 

მე 35 წლის ისე გავხდი, თვითმკვლელობაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. კლიმოვი ამას გენეტიკური დეგენერაციით ახსნიდა, ჩემი ფსიქოლოგი სექსუალური დაუკმაყოფილებლობით (რომელ დაუკმაყოფილებლობაზეა საუბარი, როცა კოცნითაც კი არავისთვის მიკოცნია?!), მე კი მჯერა, რომ ყველაფერში ჩემი მშობლები არიან დამნაშავენი.

ორივე მოხუცია და ავადმყოფი. მათ თითქოს ამ სიბერეში შეიძულეს ერთმანეთი და ტელევიზორის გადამრთველის გამო ისეთ რაღაცეებს უხსენებენ ერთიმეორეს, რომ ვუსმენ, მრცხვენია.

დედას კარგად არ ესმის და ერთგვარი უპირატესობა აქვს, რადგან თავისი ქმრის გამუდმებულ წუწუნს არ უსმენს, საწუწუნო კი მამაჩემს ისა აქვს, რომ ამ წელიწადში მესამედ იკეთებს მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ოპერაციას. ხანდახან მიფიქრია, ავდგები და პირში მივახლი რასაც ვფიქრობ მის სათესლე ჯირკვლებზე-მეთქი. მეცოდება. არადა, განა არ ვიცი, რომ ეს “ღამეული ტკივილები” სინამდვილეში ფსიქოლოგიურია და სულ სხვა რამიდან იღებს სათავეს?! მამაჩემის პრობლემა ჯირკვალი კი არა, ის ორმოციოდე წლის ჩათქვირული ქალია, ყოველ სამშაბათს და პარასკევს რომ გვსტუმრობს სახლში.

ქალი ინგლისურში ემზადება და ალბათ ან ძალიან მოხუცი ჰგონია მამა, ან ქალური სადისტობით ერთობა და ამხნის კაცს აგიჟებს.

სანამ ის მოვა, მამაჩემი უცნაურად აცუნდრუკდება ხოლმე და ვეღარავის გვიტანს. ცოლს უცნაური ზიზღით და ამრეზით უყურებს და ასეთ დროს მამაჩემი მეზიზღება და თან მეცოდება და თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.

დედაჩემი თითქოს არ ეჭვიანობს, მაგრამ ზედ მიაჯდება ტელევიზორს და ისე ხმამაღლა უსმენს, რომ შეიძლება მეზობელიც კი შეწუხდეს. ასეთ დროს მამა იძაბება და შენიშვნასაც კი არ აძლევს ცოლს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სწორედ შენიშვნა უნდა, რათა იგრძნოს, რომ იმ ოთახში თვითონაც არსებობს.

მამა იძაბება და იშმუშნება. სხვა შემთხვევაში აყვირდებოდა, გადამრთველს ხელიდან გამოსტაცებდა, ან სულაც გაუთიშავდა ტელევიზორს, თუ ვინმე შინაური სტუმარი გვეყოლებოდა, დაიჩივლებდა, სულ დაბერდა და გამოშტერდა ეს ქალიო, მაგრამ იმ 40 წლის ჩათქვირულ ქალთან ამეების გაკეთება არ შეიძლება. იმ ქალთან ვერ დაიჩივლებს ცოლი დამიბერდაო, გამოდის, რომ თვითონაც ბებერია, ამის გამხელა კი ასეთ დროს საკუთარი თავისთვისაც არ უნდა მამაჩემს. არც შენიშვნის მიცემა შეუძლია იმ ქალის თანდასწრებით, ალბათ არ სურს რომ ყურადღება ცოლზე გადაიტანონ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთ დროს მამას ცოტათი რცხვენია დედაჩემის, რცხვენია, რადგან თვითონაც გრძნობს და ალბათ დედაც, რომ იმ პატარა დაძაბულობის მიზეზი 40 წლის ჩათქვირული ქალია.

ჩემს დას რა უჭირს? ჩემი და, ადგა და ვიღაცა ფულიანს გაჰყვა ცოლად და ქალაქის სულ სხვა ნაწილში ცხოვრობს. გამოივლის ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა დედაჩვენი ძალიან ავად ხდება და სასწრაფოს ექიმი იტყვის: – ღამეს ვერ გაატანსო.

ასეთ დროს ჩვენ ჩემს დას ვურეკავთ და ისიც მოდის. რაღაცნაირად დამადლებულად მოდის. ათიოდე წუთი დაელაპარაკება ხოლმე ექიმს და მერე დილამდე დედის საწოლთან ეწევა სიგარეტს. დილამდე ელოდება, როდის მოკვდება დედა. მერე, ან ეძინება, ან ეზარება და უცბად წამოხტება და მიდის.

სანამ ლიფტამდე მივაცილებ, ერთსა და იმავე კითხვას მისვამს მერამდენე წელია – რატომ არ ვთხოვდები? ან რატომ არ ვიჩენ საყვარელს? ბინას მე გიქირავებ და ვინმე მიიყვანე ხოლმე იქო, მეუბნება ლიფტის მოლოდინში და ასეთ დროს მეზიზღება ჩემი და.

დედა კი დილით არათუ გამოკეთდება ხოლმე, ვითომ წუხელ არაფერი მჭირდასავით წამოფრინდება და იატაკის წმენდას იწყებს. მამა იბუტება ასეთ დროს – ენერგოვამპირი! – გაიძახის და ზუსტად იმდენი ხნის ქურთუკს მოისხამს ხოლმე, რამდენისაც მე ვარ.

და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.

ერთადერთი გამონათება ჩემი კოლეგა სტომატოლოგი გოგოს სტუმრობაა. სხვათაშორის, ამ გოგოს შეთანხმებულად ვერ იტანენ ჩემი მშობლები, ვახდენ ციტირებას: – “იმიტომ, რომ სიგარეტს ეწევა”, და “თუნდაც იმიტომ, რომ სტომატოლოგ ქალს ასე გამომწვევად არ უნდა ეცვას”.

მე კი ზუსტად ამის გამო (ვგულისხმობ, ჩემებს რატომაც ეჯავრებათ) მიყვარს მისი მოსვლაც და მოსმენაც.

ყოველ მოსვლაზე ახალ სექსუალურ ისტორიას მიყვება. ვისთან როგორი ღამე ჰქონდა წუხელ და ვინ როგორია საწოლში. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ეს ყველაფერი გამოგონილია და არანაირი “ღამე” არ ყოფილა და რომ დღემდე ერთგულია იმ კაცის, რომ შეაცდინა და მერეღა უთხრა ცოლი და შვილი მყავსო. ორივემ ვიცით, მაგრამ ამის ხმამაღლა გამხელა რა საჭიროა? და ვიტყუებთ თავს.

მე ყურადღებით ვუსმენ ხოლმე, როგორ წუწუნებს, სულ გაფუჭდნენ ეს კაცები, მარტო თავიანთ თავზე ფიქრობენ და ორგაზმი რა არის დამავიწყდაო. ვუსმენ და მერე სიტყვა-სიტყვით ვუყვები ჩემს ფსიქოლოგს, ოღონდ ისე, თითქოს ეს ყველაფერი მე გადამხდენოდეს და მერე უკვე ექიმის მოცემულ რჩევებს ვაძლევ მეგობარ კოლეგა გოგოს და ამ რჩევებს, რაღა თქმა უნდა, ჩემად ვასაღებ.

ჩვენ ჩუმად ერთმანეთის პრობლემები გვიხარია, მაგრამ ამასაც ისევე ვუმალავთ თავს, როგორც იმას, რომ კაცებს ჩვენნაირი ქალები არ მოსწონთ.

და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.

თვითმკვლელობაზე ფიქრი რთული არაა, ეს ბევრად ადვილია, ვიდრე ბანაობისას მასტურბირება მოასწრო, ან ისე მოწიო სიგარეტი, რომ მშობლებმა სუნი არ იგრძნონ. ბანაობის პროცესში ხომ ხუთჯერ მაინც მოგიკაკუნებს მამა და შეგახსენებს, რომ წყლის გამაცხელებელი ბევრს წყვავს (საათში ოც თეთრს) და მეტი არაფერი – შეგახსენებს.

თუმცა მასტურბირება ისეც არ მომწონს, მეტიც – მეზიზღება და ძალიან უკიდურეს შემთხვევებში მივმართავ ეგოიზმის ამ მკვეთრად გამოხატულ ფორმას.

სიგარეტის მოწევა კიდევ უფრო რთულია, მთელი ტანსაცმელი ნიკოტინის სუნით იჟღინთება და უწყლობისას სამზარეულოს ნიჟარიდან ამოსული კანალიზაციის საზიზღარი სუნიც კი ვერ ანეიტრალებს, ამიტომ სიგარეტს ან სტუმრად ვეწევი, ან მაშინ, როცა კოლეგა მსტუმრობს და ჩემს ოთახში ვიკეტებით.

როდემდე შეიძლება იცხოვროს 35 წლის სტომატოლოგმა ქალმა ასე?

და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.

იმაზეც ხშირად ვფიქრობ, ხომ არ მივატოვო ოჯახი და გადავსახლდე მარტო? მირჩევნია ვიცხოვრო სიბნელეში და ვიცხოვრო მარტომ, აღარ მჭირდებოდეს სიგარეტის სუნის სხვისთვის დაბრალება და არც ბანაობის წუთებს მითვლიდნენ.

მაგრამ რას იტყვის ხალხი? რას იტყვიან მეზობლები, ნათესავები?

თვითონაც ხომ ვიცი, რომ ვერასოდეს გავბედავ ასე ერთბაშად, ხელაღებით ცალკე გადასვლას და ავადმყოფი მშობლების მიტოვებას.

ვიცი და მე ასეთ დროს თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.

ამას წინათ, კლინიკაში რაღაც პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში სამუშაო ადგილები შემოგვთავაზეს, მაღალი ანაზღაურებით და საშინელი ცხოვრებისეული პირობებით.

თანხმობა არავის გამოგვიცხადებია, შესვენებაზე კი ყველამ ერთბაშად ვთქვით, რომ ასეთ “დირკაში” იდიოტის მეტი არავინ წავიდოდა.

მე კი მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომაც არა?!

ვიცხოვრებ რომელიღაც მივარდნილ, ყრუ ადგილას. სამსახურში ვივლი კალოშებით, ან თუნდაც რეზინის ჩექმებით. ადრე შემოდგომიდან დავანთებ ღუმელს, რომელზეც სითბოს რაციონალურად გამოყენების მიზნით, მუდმივად მედგმება რკინის, წყლიანი ვედრო. სამ-ოთხ დღეში, საღამოში ერთხელ შუა ოთახში, ვარცლში დავიბან ხოლმე ტანს და ალბათ ოთახის პატრონის უფროსი ბიჭი რომელიღაცა ჭუჭრუტანიდან თვალთვალს დამიწყებს. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ექიმ-პაციენტიც, მაგრამ არასოდეს გავხდებით საყვარლები და მე ამაყი ვიქნები ამით. მეყოლება საყვარლებიც, რომლებთანაც არ დამჭირდება ქალაქში მიღებული ფლირტაობის დაყენებული მეთოდები და ყველაფერი მეცხვარეებთან ნაჭამი ყველივით ბუნებრივი იქნება.

ჩემზე ალბათ იჭორავებს სოფლის ხალხი და მე ეს მეცოდინება, თუმცა სულ ფეხებზე მეკიდება ყველა ჭორი და სოფლის ხალხიც, შეხვედრისას თბილად მომესალმება.

იქ აღარ მეყოლება ვირტუალური მეგობრები და შეიძლება საერთოდაც აღარ მყავდეს მეგობრები, მაგრამ სამაგიეროდ, თავისუფლად მოვწევ სიგარეტს ღუმელთან, რომლისთვის გამოყოფილ შეშის სიმწირეზე მუდმივად ვიწუწუნებ და რომელიც სულ გადამრჩება ხოლმე.

აღარ ვიდარდებ იმაზე, თუ რას ილაპარაკებენ ჩემზე მეზობლები, ნათესავები და საერთოდ, ხალხი – მძიმე ავადმყოფი დედა და მარჯვენა სათესლე ჯირკვალ ავადმყოფი მამა რომ მივატოვე ასე და სადღაც გადმოვიკარგე და საერთოდ, მშობლები ალბათ მხოლოდ მაშინ გამახსენდება, როცა თბილი წყლით სავსე ვარცლში ჩაწოლილი იმის დადგენას ვეცდები, რა გახდა მიზეზი თვითმკვლელობაზე რომ აღარ ვფიქრობ, ჩემი მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრება, თუ მშობლები, რომლებიც სადღაც შორს, ქალაქში, ტელევიზორის გადამრთველის გამო საშინელებებს ეუბნებიან ერთმანეთს?!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / დიაგნოზი შვილი