მეგრელიშვილი გურამ

 

მრავალჯერადი ბოთლები

 

 

 

სახლი

 

 

–  მამა, ოცდაათი ლარი დამიტოვე, რა.

 

–  რათ გინდა?

 

–  სოფოს უნდა შევხდე, საბილიარდოში წავიყვან.

 

–  რა გახდა, ეს შენი სოფო ასეთი, რო აღარ გაგვაცანი? – ოთახში დედა შემოვიდა და ყავაც დააქცია იატაკზე.

 

–   შენი რა!

 

ზურამ რაღაცნაირად გახედა დედას, მერე მამამისს შეუტრიალდა და –   დატოვე რა, დავით!

 

მამამ საფულიდან ფული ამოიღო, პიანინოს თავზე დადო და პალტო მოიცვა.

 

–   მა, 5 ლარი მოიტა, რა!

 

–   წუხელ არ მოგეცი?

 

–   ის წუხელ იყო.

 

–   მამაა! მეც გოგოებთან ერთად კაფეში მივდივარ, რაღაც კონცერტია და ერთი ათი ლარი დატოვე! – თაკო ის–ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა.

 

–   რა დროს კაფეა, დედაშენს მიეხმარე, გოგო!

 

–   მივეხმარები, რო მოვალ. დატოვე რა!

 

მამამ ისევ გახსნა საფულე. როცა ხურავდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, რამდენიმე ოცლარიანი ამოაძვრინა და მამამისს გასძახა: – მამა. მამა! მე ბაზარში ვერ გამოვივლი და იქნებ ჩასულიყავი?

 

ალექსანდრე ოთახიდან გამოვიდა: – თორნიკე გამომყვება?

 

–   გაყვები თოკო?

 

–   მომცემ ხუთ ლარს?

 

–   მოგცემ.

 

–   ხოდა გავყვები!

 

–  მამა, გოჭს მე ვიყიდი, ახლობელი აპირებს ჩამოტანა და იმისგან ავიღებ. დანარჩენი თქვენ იცით.

 

–   კაი, შვილო. თორნიკე, ხო გამომყვები, ბაბუ?

 

–   ცოტა მერე, ხო?

 

–   ხო, შუადღისას.

 

დათო კარისკენ დაიძრა.

 

–   თმას ნისიაზე არ ჭრიან დათო!

 

–  ა, ხო შებრუნდა და ფული გაუწოდა ცოლს. – მეც ადრე მოვალ და ეცადეთ, ყველანი სახლში იყოთ. ეს ორი დღე მაინც ვიყოთ ერთად!

 

დათომ კარი გაიხურა და წავიდა.

 

 

 

 

 

სილამაზის სალონი “ექსელენთი”

 

–   დღეს რამდენი ხალხი გყავთ! – ნანა სავარძელში ჩაჯდა და ყავის ჭიქა ახლოს მისწია.

 

– ახალი წლებია, ლამაზდება ხალხი! – სტილისტი ბელა, სავარაუდოდ, სომეხი უნდა ყოფილიყო. შესახედაობა ასეთი ჰქონდა ყოველ შემთხევაში. ერთხელ კი ჰკითხა ნანამ, შენ რა ეროვნების ხარო, მაგრამ ბელამ ისეთი გაიკვირვა, რა თქმა უნდა, ქართველი, რატომ მეკითხებიო, რომ ამას შერცხვა და, არა, ისე გკითხეო, თავი დაუხარა.

 

ბელა ამ სალონის მეპატრონე იყო, მაგამ თვითონაც მუშაობდა სტილისტად და ალბათ ყველაზე უკეთ ჭრიდა, რაკი უმეტესობა კლიენტებისა მას ელოდნენ ხოლმე.

 

–  მოიწი, ერთი, თამო! – გასძახა კართან მომუშავე სტილისტს,  – იმ ქალს დავარცხნი? – ჩურჩუნლზე გადავიდა – მელოდება და ამდენი ხალხი მყავს.

 

–  კი, დავვარცხნი, ვუთხრა?

 

–  ქალბატონო! აგერ, ეს გოგონა მოგემსახურებათ...

 

–  მე თქვენთან მინდა.

 

ბელამ შეეტყო, რომ ესიამოვნა, მაგამ ნანასთან მაინც წაიწუწუნა: – რა აჩემებაა, რა! რა აზრი აქვს მაგისთვის, ვინ დავარცხნის, ნახე, თმა რას უგავს. ქალმა ეგეთი თავით როგორ უნდა იაროს?

 

–  ყველას ხომ არა აქვს საშუალება, თავს მოუაროს, ბელა!

 

–  ნუ, ხო მარა...

 

ეს ნახე, რას დამსგავსებია, შეხედეთ, როგორ გასუქებულა! – ტელევიზორში რომელიღაც ცნობილი მომღერალი გამოჩნდა და ყველამ ეკრანს შეხედა.

 

–  რატო არ გასუქდებოდა რა, ჭამა აკლია, თუ ვიტამინები? – ჩაილაპარაკა მანიკურზე მჯდომმა თხელტუჩებიანმა ქალმა.

 

–   შენ რა, ეგ უვიტამინობა ხომ არ გაწუხებს, ჩემო ვიკა? – გაიცინა ბელამ და თხელტუჩებას გადახედა.

 

ვიკამ იმიტომ გაიცინა, რომ ბელა უფროსი იყო, თორემ ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ სხვის ასეთ ხუმრობაზე ძალიან ცუდი რეაქცია ექნებოდა.

 

–  ვიტამინები რატო ეკლდება რო, მშვენიერი დათვივით კაცი ყავს! – გამოსარჩლება სცადა დამლაგებელმა

 

–  დათვივით ეგეც! – ზიზღით ჩაილაპარაკა ვიკამ და სახე მიაბრუნა.

 

–  გოგოებო, ბაზარში იყავით რომელიმე? – თამომ ხელები გადაიბანა და ჰაერში გაისროლა წვეთები.

 

–  კატასტროფული სიძვირეა, ცეცხლი უკიდია ყველაფერს! – დამლაგებელმა ვიკას ფეხებთან მიყრილი თმა გამოგავა.

 

–  ბოლოები დაამოკლე და “პიორიშკები” გავაკეთოთ, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ, იცი? – ნანა სარკეში თავს უყურებდა.

 

როგორ დაბერდა თითქოს, ეს ორი წელია. აქამდე არ გრძნობდა. იქამდე არ გრძნობდა, სანამ თაკოსთან თაყვანისმცემელმა არ დაიწყო სიარული. ნანა უყურებდა ხოლმე შვილის შეყვარებულს და კი არ შურდა, არა, ეს შური არ იყო – შვილის ხომ არ შეშურდებოდა?! უბრალოდ რაღაცნაირი მწვავე სევდას გრძნობდა. ორმოცდაორი წელი! ადრე ორმოცი წლის ქალი ბებერი ეგონა, თვითონ კი ორმოცს გადააბიჯა და ვერანაირ ცვლილებას ვერ გრძნობს. ერთი ეგაა, რომ ოდნავ ნაოჭები გაუჩნდა ტუჩებთან. ოდნავ სისრულე შეეპარა, შეუმჩნეველი სისრულე და ზემდეტად მგრძნობიარე გახდა.

 

ოდნავი შეხებაც კი აღაგზნებს, ისე აღაგზნებს, როგორც ადრე, ახალდაქორწინებულები რომ იყვნენ, თუმცა მაშინ ასე არ აღიგზნებოდა, მაშინ ქარაფშუტული იყო ეს აღგზნებაც და სიყვარულიც.

 

 დათოც დადინჯდა, დასრულდა თითქოს. უკეთ გრძნობს, ცოლის ყველა ასოს, ყველა განცდას და უკეთაც ეწყობიან, სრულად ავსებენ ერთმანეთს.

 

 ნეტა ერთ–ორ წელში ხომ არ მობეზრდება ქმარს? დათო ისევ ისეთია, როგორც ამ ოცი–ოცდაათი წლის წინ, თვითონ კი ჭკნობა შეეპარა. ხომ არ მობეზრდება და სხვას ხომ არ გაიჩენს?

 

–  შენი ქმარი დამანახა ამას წინათ თამომ! – თმებში ხელი შეუცურა ბელამ და სარკიდან შეხედა – პატარა ბიჭივით ქმარი გყოლია ნანიკო, სად მუშაობს?

 

–  კეთილმოწყობაში!

 

–  ხო, შენი პატარა ბიჭი, აქ რო გყავდა იმ დღეს, ისა გავს მამას ძალიან!

 

–  თორნიკე?

 

–  სახელი არ მახსოვს, ყველაზე პატარააო, რომ თქვი, ისა!

 

–  ხო, თორნიკე

 

–  აქ ნუ მოწევთ რა, გენაცვალე, აქ არავინ ვეწევით და გოგოც ფეხმძიმედაა, ვერ ხედავთ? – თამოსკენ გააქნია თავი ვიკამ და მაღალ–მაღალ დაბღვერილ კაცს თვალებში შეხედა.

 

ნანამაც შეხედა სარკიდან კაცს.

 

მერე უკან სხვებიც გადაათვალიერა და შეამჩნია, როგორ გაიპრანჭნენ ქალები. ერთი დამლაგებელი იყო ძველებურად თავდახრილი და მეტლახზე დაყრილ თმას გვიდა.

 

 

 

 

 

ბაზარი

 

–  ყველი რა ღირს?

 

–  რვა ლარი ეს. აგერ, გასინჯეთ, ბატონო. იმერული ექვსი, სულგუნი...

 

–  რა ამბავია? ვალები გაქვს, შე კაცო?

 

–  რა ვქნათ, აბა, ძია კაცო? ბენზინი გაძვირდა, გაზი გაძვირდა, აქ დგომა გაძვირდა. მე კიდე სოფლელი ვარ, აბა გაიარე ვაჭრები რამდენად ყიდიან ამაზე ცუდ ყველს.

 

–  სამ კილოს ავიღებ შვიდ ლარად მომეცი.

 

–  ვერა, კაი ადამიანო.

 

–  ახალი წელია, შე კაცო.

 

–  შენთვის როა ახალი წელი, ჩემთვის არაა? მე მარტო ყველს ხო არ ვაჭმევ ბავშვებს, აბა გაიარე მანდარინი რა ღირს, ადამიანის ფასი ადევს. იმას ყიდვა არ უნდა?

 

–  კაი, აწონე სამი კილო, წონაში მაინც არ მომატყუო.

 

–  გეკადრება, ბატონო? ძველი დრო კი არაა? ელექტროსასწორია, ეს არ იტყუება.

 

–  ჩვენ, ქართველები, ყველაფერს მოვატყუებინებთ, თუ მოვინდომებთ, ასფალტის დამგებ მანქანებს საბურავები დაუთხელეს, სისქეში რო ცოტა დაეგოთ და მოეპარათ და შენ ყველს ვეღარ მომპარავ, შე კაცო?

 

–  ა, ბატონო, სამი კილო. ოცდაოთხი ლარისაა ზუსტად, მეტია კიდე ცოტა.

 

–  ნაკლები არ იყოს, მეტს ვინ ჩივა?

 

–  პური არ გინდათ, ბატონო?

 

–  არაა!

 

–  კაი პურია, ახალი, ცხელი.

 

–  არაა, არ მინდა, ქალბატონო, არა!

 

–  ალექსანდრე ბატონო, რაფერ ხართ?

 

–  ოო, ვალერის ვახლავარ! როგორ ხარ, ვალერა?

 

–  რავი, ვარ რა, სხვისი სიდედრივით.

 

–  სხვისი რატო?

 

–  გარედან კარგად ჩანს და შიგნით, ოჯახში ვერაა თლად კაი, ხო იცი...

 

–  შენ რა გითხარი. ვაჭრობ? რა სიძვირეა, რა არი, მაინც, ა?

 

–  სასწაული! შარშან ასეთი ფასები არ იყო.

 

–  კაი ერთი, შარშანაც აგრე იყო, მომავალ წელსაც აგრე იქნება, ჩვენ გვეჩვენება ცოტა...

 

–  წელს მაინც ნამეტანია.

 

ინდაური იყიდე?

 

–  კი, ვიყიდე, მარა ვიჩქარე მგონი.

 

–  რატო?

 

–  რაღაც აღარ მომწონს. იქ, დახლზე, ფეხებაპარჭყული მომეწონა, მარა, ახლა რო ჩახედე, რაღაცა პატარა მეჩვენება, ხო იცი?!

 

–  ფეხებაპარჭყული კაი მოგეჩვენებოდა, ჩემო ალექსანდრე, აბა, რაა? ჰა, ჰა! მანახე ერთი! რას ერჩი, შე კაცო, ხბოსხელა ინდაურია, მეტი რა გინდა?

 

–  რა ვიცი, ფასიც კი აქვს მერე ხბოსი.

 

–  გოჭს არ ყიდულობ?

 

–  არა, გოჭს დათო მოიტანს, მაგათ სამსახურთან ჩამოაქვს ვიღაცას კაი, შინაური გოჭები თურმე. იაფადაც და თან დამხრჩვალი არაა, კი იცი, ნაღდი.

 

–  რა ფასად?

 

–  ეგ არ ვიცი, მარა, იაფად როა და კაი როა, კი ვიცი.

 

–  არიქა, ჩემო ალექსანდრე, დავურეკოთ, მეც წამომიღოს, სამ ცალს ავიღებ ეგრევე, ჩემ სიძეს გავუგზავნი და ჩემ ძმას.

 

–  დავურეკოთ მერე, გაქვს ტელეფონი?

 

–  კი, როგორ არ მაქვს. ა, დათოს ნომერიც.

 

–  ალოო! დათო... ხო, ვალერას ტელეფონია...  დათო, ის კაი გოჭები, შენთან რო ჩამოაქვთ, ვალერასთვისაც წამოიღე სამი ცალი... რამხელებიო?

 

–  რაც თქვენთვის, ისეთი იყიდოს ჩემთვისაც.

 

–  როგორსაც ჩვეთვის აიღებ, ისეთივე აუღე ვალერისაც, სამი ცალი... რო არ მოეწონოსო?

 

–  მომეწონება, კაცო!

 

–  მოეწონება კაცო...

 

კაი, წავედი მე, დაეხარჯა ამ კაცს ფული. კაი, ხო,! ყველი ვიყიდე, ინდაურიც და მოკლედ, ნანამ რაც ჩამომიწერა, ყველაფერი ვიყიდე. კატასტროფული ფასები აქვს ყველაფერს... არა, არ წამოვიდა... მე რა ვიცი, სად წავიდა. მაგისას გაიგებ რამეს? კაი და, ვალერის გაუარე, დაუტოვე ის გოჭები. როგორ ითიშება ეს? გათიშე ერთი, თუU კაცი ხარ.

 

 

 

 

 

ეკლესია

 

 აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა და წყალობა გამოუთქმელსა ძვირუხსენებლობასა შენისა სახიერებით...

 

–  აკეთებ რამეს საახალწლოდ? – უკანა კედელთან, დაბალ სკამზე მჯდომი ქალი მეორეს ეჩურჩულება.

 

–  რაღაც–რაღაცებს გავაკეთებთ.

 

ნატო და ბავშვი, არც თენგო არ მარხულობენ და სტუმრებიც მოვლენ და...

 

–  ბაზარში იყავი? ნახე, რა სიძვირეა? – მაცხოვრის ხატთან მდგომი დაბალი ქალი მაღალს ასცქერის.

 

–  არა, რა მინდა ბაზარში, ჩემი მამამთილი ჩამოვიდა დილით, ინდაურიც ჩამოიტანა, ნიგოზიც, ღვინოც, ქათმებიც, გოჭიც. ბაზარში ოთუსბირი ფასებია, ხო გავიყიდეთ კიდეც.

 

–  ბედნიერო! რაღა ჩვენ, არც მე და არც ჩემ ქმარს არავინა გვყავს, რო ეგრე გვეხმარებოდეს!

 

–  მეხმარება, თორე ეგეც... ერთი ახალ წელს ჩამოიტანს ხოლმე და აღდგომას, ჰა–ჰა, ჩემი პატარა გიორგის დაბადების დღეზე კიდე. ეგაა და ეგ. ვინ გვეხმარება, გოგო, ლამისაა... აღარ ვიცით, ორივე...

 

–  მამაომ, წირვის მერე არ წახვიდეთ, ღვინოს მოგცემთ მგალობლებს ათ–ათ ლიტრსო, ვიღაცას შემოუწირია!

 

–  ხოო? ვა, კაია, ღვინოს მაინც აღარ ვიყიდით! გააკეთეთE რამე?

 

–  სამარხვო რაღაცები.

 

–  მეც. გიჭირს ხოლმე მარხვა?

 

–  ჭამის მხრივ არა, ისე.

 

–    კაი, უუუ! უუუუუფააალოო...

 

–  მე ოცდაათი ლარი მაქვს, დილით მამაჩემს ათი ლარის მეტი ვერ წავართვი, შენ?

 

– მეც მაგდენივე მექნება რა.

 

სხვებსაც ხო ექნებათ რაღაცა, გვეყოფა, რა!

 

–  კიდე ვინ იქნება?

 

–  ის ტიპი, შენ რო დაევასე. გადაეკიდა, გოგო, ჩემ ძმას, გამაცანი, გამაცანიო. რა ნაგლია, არა?

 

–  თუკი დავევასე... ხო არ შემჭამს რა... რა უბნელია?

 

–  თემქელი.

 

– აუფ! თემქაზე მათხოვებ ასეთ ქალს? – თაკომ ჩაიქირქილა. ეტყობა, ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა, უკნიდან შენიშვნა მისცეს.

 

ბოდიშიო და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები მეგობარს: – სახარების მერე გავიგეთ, ნინისთან ავიდეთ, ყავა დავლიოთ და თან ჯემპრს მათხოვებს.

 

– რომელ ჯემპრს? მწვანეს?

 

– ხო.

 

– ეე, ეგ მე უნდა მათხოვოს, გუშინწინ შევიპირე!

 

– კაი რა, იმ თემქელს თუ ვიღაცას მე ვეპრანჭები, თუ შენ?

 

– თაკო, ნუ იცი რა, ეგრე! – ისევ მისცეს შენიშვნა. გოგოები სახარების წაკითხვას აღარ დაელოდნენ და გარეთ გავიდნენ.

 

–  კაი, რა, შენ სხვა რამე გამოართვი.

 

– მოიცა რა, მწვანე ფერი მიხდება, ხო იცი, თვალებზე მიდის.

 

– ცივა, არა?

 

– კი, მაგრა ცივა!

 

– ტაქსი გავაჩეროთ? 2 ლარი გინდ – აქეთ, გინდ – იქით.

 

– ფეხით გავიაროთ რა, რაღაცნაირად ფეხით სიარული მომენატრა.

 

  თაკომ ქურთუკი შეიკრა, თმა უკან გადაიყარა და წინ წასულ მეგობარს წამოეწია.

 

– თითქოს რაღაც ცუდი უნდა მოხდესო, ისეთი შეგრძნება მაქვს.

 

– კაი ხო, ნუ დაიწყებ ხოლმე, დამითმია ის მწვანე ჯემპრი, უფ! იქნებ გაგეხსნას თემქელთან ბედი! ისე რამ სიმაღლეა, არა?

 

– კალათბურთელია, მგონი.

 

– ხო.

 

– არ მიყვარს მაღალი ბიჭები, ძაან არ მიყვარს.

 

გოგოები ჩქარი ნაბიჯით და რაღაცნაირი ქანაობით მიდიან.

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / მრავალჯერადი ბოთლები