მეგრელიშვილი გურამ

 

ნესი 2

 

 

 

  (თვითგამოკვლევა)

 [ლიტერატურული ოინი]

 

 რა თქმა უნდა, ყველა მწერალს აქვს ჩუმი სურვილი ერთხელ მაინც იცხოვროს ისე, როგორც მისი პერსონაჟი ცხოვრობს. შეხვდეს იმავე ხალხს, ვისაც ის ხვდებოდა, უყვარდეს იგივე ქალი, მოკვდეს ისევე, როგორც ის და ასე შემდეგ.

წერის პროცესი, გარკვეულწილად, ამ სურვილის განხორციელების ცდაა, თუმცა, ნაწარმოების დასრულებისთანავე შენსა და შენს პერსონაჟს შორის უზარმაზარი უფსკრულ;ი ჩნდება, – თქვენ ვეღარ უგებთ ერთმანეთს, ჩხუბობთ და ხანდახან თვალსაც კი არიდებთ; და მაინც, ორივეს გრღნით რაღაც საიდუმლო სურვილი ერთმანეთის ცხოვრებაში შეიჭყიტოთ და რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც არავინ იცის. შენ ის უპირატესობა გაქვს, რომ შეგიძლია შენი პერსონაჟის ის ფიქრები წაიკითხო, რომელსაც ის საკუთარ თავს არ უმალავს, მას კი საკუთარ ფიქრებში შენი პიროვნულის არაცნობიერი ნაწილის ამოკითხვა ძალუძს. მოკლედ, სუფთად ერთით ერთია, ჯამში კი – ნული, რადგან წერტილის დასმის შემდეგაც კი, სიკვდილის შემდეგაც კი შეიძლება აიღო ხელში კალამი და წერა განაგრძო, ათასი დასასრული (ეს ის სიტყვა არაა – ათასი გაშლა) შეიძლება მოუგონო შენივე მოგონილ ამბავს...

 ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემს ფსიქოლოგთან საუბარს შევყევი:

 ფსიქოლოგი: – შენი ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ სიყვარული არა გაქვს.

 ავტორი: – მაგაში კი ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით.

 ფსიქოლოგი: – არა, თუკი არ გსურს რომ დამეთანხმო, ეს მეორე საკითხია, მაგრამ, რეალურად, აბა, დაფიქრდი, თუ ვცდები.

 (პაუზა)

 ფსიქოლოგი: – ყველაზე რელური მაგალითი კი ისაა, რომ არათუ ვინმე გარეშე, ვინმე არარეალური, საკუთარი პერსონაჟებიც კი არ გიყვარს.

 ავტორი: – პერსონაჟები სწორედაც რომ არარეალურია, ისინი ხომ უბრალოდ გამოგონილები არიან.

 ფსიქოლოგი: – ვერ დაგეთანხმები; პარადოქსია მე რომ მიხდება ამის ახსნა შენთვის, მაგრამ, მოდი, ვისაუბროთ მათზე.

 ავტორი: – (იცინის) ვისაუბროთ.

 ფსიქოლოგი: – მაგალითისათვის, გურამი. გურამი, კარგად მოგეხსენება, შენი ალტერ-ეგოა.

 ავტორი: – ნაწილობრივ.

 ფსიქოლოგი: – თუნდაც ნაწილობრივ იყოს, მაგრამ ეგეც საკმარისია. ჰოდა, თუკი დაუკვირდები გურამს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა რაღაცა ჭეშმარიტს და დიადს ეძიებს, მაინც ერთი ეგოისტი, უსიყვარულო ვინმეა. ამასთან, შენ, ავტორი, შემდგომში ამ შენს პერსონაჟს კიდევ უფრო უპირისპირდები. როგორც კი ის სულ ოდნავ სინანულში მაინც ჩავარდება, სატირით, თუ კიდევ სხვა რამ ხერხით, ცდილობ მის წონასწორობიდან გამოყვანას და თანაც იცი, რომ ეს აკრძალული ილეთია.

 ავტორი: – შემოქმედებაში აკრძალული ილეთები არ არსებობს.

 ფსიქოლოგი: – დაგეთანხმებოდი, ჩემი პაციენტი რომ არ იყო. ვინაიდან მე შენ, ასე ვთქვათ, კარგად გიცნობ, უკვე ვიცი რა შეიძლება კონკრეტულად შენთვის აკრძალულად ჩაითვალოს და რა – არა.

 ის, რომ ასეთი დიდია გაუცხოება შენსა და შენს ალტერ-ეგოს შორის, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პიროვნების გაორება გაქვს.

 ავტორი: – გურამი უბრალოდ ტიპაჟია, ის იუდას ლიტერატურულ სახედაც შეიძლება ჩაითვალოს. თუ ყურადღებით წაიკითხეთ, შენიშნავდით იმ მინიშნებებს, რაც ტექსტში არც თუ ისე მცირეა. და თანაც, გურამს შევეშვათ, ნესი? აკი ისიც ჩემი პიროვნების ნაწილია?!

 ფსიქოლოგი: – გეთანხმები – არის, მაგრამ თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ნესი შენი პიროვნების ის ნაწილია, რომელიც ჯერ არ შემდგარა და არც შედგება, რადგან ბარიერია გადასალახავი. შენ ყოველთვის უკან დაიხევ, რადგან შენი ხასიათობრივი თავისებურებაა უკან დაიხიო პატარა წინააღმდეგობის წინაშეც კი. ნესი კი, მთელი თავისი ნატურით, წინააღმდეგობაა, მართალია მორჩილი, მაგრამ მაინც წინააღმდეგობა.

 ჩვენ ადრეც გვისაუბრია იმაზე, რომ ადამიანის სულიერი ზრდისათვის აუცილებელი და ერთადერთი პირობაა გმირობა; თუ პიროვნება გმირი ვერ გახდა, ის ვერ შედგება. გურამი კი გმირი ვერ გახდა.

მერე რა, რომ ერთ-ერთ ვარიანტში მიდის ნესისთან სიყვარულის ასახსნელად, კარს აღებს უცხო კაცი და უცბად საკუთარი “სენტიმენტალური სისულელეების” რცხვენია. გურამი ზოგადადამიანური, ამ შემთხვევაში კი, კონკრეტულად შენი სისუსტეა.

 ავტორი: – თქვენ ითხოვთ, რომ, მაინცდამაინც, ერთი ჩვეულებრივი მეძავი გოგო მოვიყვანო ცოლად? ჯერ ერთი, რომ გურამისეული განცდები და ტანჯვა, უკვე თავისებური გმირობაა და მეორეც, ხომ არის, ბოლოს-და-ბოლოს, ლიტერატურული სვლები? სხვაგვარი ყოველი დასასრული დრამას ვეღარ მოგვცემდა, მაშინ ნაწარმოებსაც დაეკარგებოდა ხიბლი, თანაც, მე ვერ გადავუხვევდი ძირითად ხაზს – იუდას უკან უნდა დაეხია სიყვარულის წინაშე და წინ მატერია უნდა დაეყენებინა!

 ფსიქოლოგი: – რაც შეეხება დრამას, უფრო მეტი დრამა სწორედ ეგ შენი ზემოთხსენებული დასასრული იქნებოდა, ხოლო რაც შეეხება გზას, შენ ორ გზას გვიჩვენებ და ირჩევ იუდასას და მეც სწორედ მანდედან ამოვდივარ, შენი უმთავრესი პრობლემა – უსიყვარულობაა.

 ავტორი: – მე მაინც ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვცდილობ საკუთარ პერსონაჟს გავუგო, მაგალითად, ლილი... (აქ ავტორს გაახსენდა, როგორ შეხვდა სამარშრუტო ტაქსში საკუთარ პესონაჟს – ვასია(უ)ს, რომელიც სულ უკანა სკამზე იჯდა, რათა ნაცნობისთვის არ გადაეხადა. ავტორმა, მაშინ, დაცინვით გადახედა ვასია(უ)ს, თუმცა, ამ უკანასკნელს, ნაკლებ სავარაუდოა შეენიშნა ეს მზერა)

 ფსიქოლოგი: – შენ თვლი, რომ ლილის შემთხვევაში ადგილი აქვს თანაგრძნობას? მე ვიტყოდი, შენ უფრო ასახავ ფაქტებს, რომლებიც შემდგომში (და იმ წუთასაც კი) ნაკლებად გაღელვებს. შენი პრობლემა, როგორც ერთხელ თავადვე აღნიშნე სადღაც, იმაშია, რომ ყველაფერს აკვირდები გარედან და არ ცდილობ საკითხს ჩაუღრმავდე, ეს კი ზუსტად ისეთივე თანაგრძნობაა, როგორი თანაგრძნობითაც გურამი ნესის გათხოვებას ცდილობს.

 ავტორი: – და “ძმები”? “ძმებში” არ ვცადე დაუნდობელი ლეო, ასე-თუ-ისე, დადებით, უკეთ ვთქვათ, ჩვეულებრივ ადამიანური თვისებების მქონე ტიპაჟად წარმომეჩინა?

 ფსიქოლოგი: – და სწორედ იმიტომაც აძიებინე შური მის ძმას, ცოლი რომ შეუცდინა, არა?

 ავტორი: – საშველი აღარ ყოფილა.

 ფსიქოლოგი: – საშველი ყოველთვის არის.

 კარგი, რაც შეეხება ისევ ნესის თემას. ნესი შენი ნევროზია. რაღაცა ისეთი გაქვს ჩაყოლილი, რომ ვერაფრით ვერ დაივიწყე. უნდა სცადო და გაიგო, ბოლოს-და-ბოლოს, ვინაა ნესი შენთვის?! თითქოს რაღაც ფარული აგრესიაც იგრძნობა მის მიმართ, რადგან სულ ამცირებ, ერთხელ მოკალი კიდეც, მაგრამ იქვე ნანობ და მერე ამ სინანულს ნანობ.

 ავტორი: – ერთი ჩვეულებრივი ნესია. ისიც, ბიბლიური მარიამის ლიტერატურული სახეა.

 ფსიქოლოგი: – როცა რამეს გაურბიხარ, რატომ ცდილობ ყოველთვის რელიგიას ამოეფარო, ისიც საშენოდ?

ავტორი: – ვეღარ გავიგე, რას ითხოვთ?

ფსიქოლოგი: – ჩემი რჩევა იქნება, საკუთარ არაცნობიერში, ნესისთან ურთიერთობა რამენაირად მოაგვარო, ეს ბევრ რამეში დაგეხმარება, დამერწმუნე.

 ავტორი: – რაც დაიწერა, დაიწერა.

 ფსიქოლოგი: – არა, დაწერას არ გთხოვ, ან სულაც ისე, შენთვის დაწერე ნესის ალტერნატიული ვარიანტი, ასე ვთქვათ, ნესი 2 (იცინის), სადაც ყველაფერს ისე მოაგვარებ, როგორც შენს “მე”-ს სჭირდება.

 ავტორი: – თავშესაქცევ რამეს მთავაზობთ.

 

 ნესი 2

 

 ძველ პერსონაჟებს მიუბრუნდე, ეს იმას ჰგავს, არასასიამოვნო ნაცნობს რამე სთხოვო, მაგრამ რაკი გადაწყდა – გადაწყდა.

 უკანასკნელი ცნობებით, ნესის გლდანში, მეორე მიკრო-რაიონის დასაწყისში უნდა ეცხოვრა, სადაც ჩვენნაირ კლიენტებს იღებდა და სადაც კოჭლთან ერთად ცხოვრობდა. თითქოს ხომ ადვილი იყო ყველაფრის შეცვლა და ახლებურად დაწერა, მაგრამ როგორ რთულდება ყოველივე, როცა საკუთარ პერსონაჟს ვეღარ პოულობ! სწორედაც, ნესი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა, აღარც გურამი მეხმიანებოდა, ერთადერთი, ვინც ყოველ წუთას თვალში მეჩხირებოდა, ეს კოჭლი იყო, ხან სიგარეტს ითხოვდა, ხან არაყს. კოჭლისაგან ვერაფერი შევიტყვე, რადგან თავადაც არაფერი იცოდა ნესის შესახებ.

 სავარაუდო ვერსიები:

 1. ნესი მართლა მოკვდა;

 2. ნესი უცხოეთში წავიდა.

 3. ის და გურამი გაიქცნენ და დაქორწილდნენ;

 4. ნესი საერთოდ არც არსებობდა.

 კონტრვერსიები:

 1. თუ ნესი მოკვდა, ვიღაცას მაინც ეცოდინებოდა მის შესახებ.

 2. ეს ვარიანტი გამოირიცხა, არ ვიცი რატომ მაგრამ გამოირიცხა;

 3. თუ ის და გურამი დაქორწილდნენ, მაშინ? მაშინ გამოდის, რომ ჩემს არაცნობიერში ყველაფერი მოწესრიგებულა, რაც აბსურდია, მაგრამ ყველა ვარიანტში, გურამიც საპოვნელი მყავს თუნდაც იმიტომ, რომ ნესის მოძებნაში დამეხმარება.

 4. არსებობდა, ამის დამადასტურებელი ნაწარმოებია “ნესი”.

 მოკლედ პრობლემები დასაწყისშივე შემექმნა (რაზეც ჩემმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ თურმე ჩემი არაცნობიერი ცდილობს გაექცეს ამ თემას).

 პრობლემები ხომ ისედაც მკმაროდა და ამიტომ მცირედ ეშმაკობას როგორ ვერ ვიხმარდი და ჩემი მორჩილი, ჯერაც გამოუყენებელი პერსონაჟი σҮGე1თ290980MQ5-8↓ გამოვიძახე. σҮGე1თ290980MQ5-8↓ თავისებური ადამიანია, ოდნავ დაბნეული და ძალიან მგრძნობიარე, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჰოდა, ვთხოვე ამ ჩემს პერსონაჟს გამგზავრებულიყო და მოეძებნა ნესი, ან გურამი მაინც და დაუყოვნებლივ ეცნობებინა ჩემთვის ყველაფერი, რასაც კი გზა-და-გზა, ამ გამოკვლევის დროს შეიტყობდა. მოკლედ, σҮGე1თ290980MQ5-8↓ გაემგზავრა, მე ველოდი.

 

I თავი

 

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ დილაადრიანად ჩავიდა სოფელში. პირველივე სახლის ჭიშკართან გაჩერდა და ტალახიანი შარვლის წმენდა დაიწყო.

შარვლის წმენდა, რომ რა თქმა უნდა, უაზრო იყო, ეს ცხადია, მაგრამ დემეტრე ფიქრობდა ცოტას სულს მოვითქვამ და მიდამოს შევათვალიერებო.

 სახლიდან, რომელთანაც σҮGე1თ290980MQ5-8↓ გაჩერდა, ათიოდე წლის ბიჭი იყურებოდა. ისე იყურებოდა, რა თქმა უნდა, σҮGე1თ290980MQ5-8↓ ვერ ხედავდა, იყურებოდა და ფიქრობდა: – ეს კაცი ნამდვილად ქალაქიდანაა ისე აცვია და ისე უაზრო იწმენდს ტალახს, ვიღაცას ეძებს და არ იცის საიდან დაიწყოს ძიება, ისე დაბნეულად და ქვეშ-ქვეშად იყურება და გაღიზიანებული სახე აქვს, ალბათ საკუთარი ნებით არ ჩამოსულა აქო.

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ კი ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა სოფლის განლაგება, სახეების აღწერილობა და ამბავიც, რომელიც ამ სოფელში მოხდა, თუმცა, რატომღაც, ყველაფერი თავიდან ამოუვარდა კი არადა, ისიც დაავიწყდასავით, რის თუ ვის საძებნელად ჩამოვიდა აქ.

 თავი ძალიან უმწეოდ იგრძნო – ამდენი გზა ამაოდ გამოვიარეო, ბრაზობდა საკუთარ თავზე და უკვე მერამდენედ ცდილობდა ავტორისთვის გადაერეკა და ყველაფერი თავიდან გამოეკითხა. წინასწარ იცოდა, ავტორი მენტორული ტონით დაუწყებდა იმის ახსნას, რომ σҮGე1თ290980MQ5-8↓ ძალიან დაბნეულია, არასოდეს საქმეზე არ ფიქრობს და რომ შეცდა, როდესაც მას მიანდო ეს საქმე, თუმცა, ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას, ისევ ავტორის საყვედურები ერჩივნა, მაგრამ ასეთი მიყრუებული ადგილიდან, შეუძლებელი იყო ცივილურთან დაკავშირება.

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ ხმამაღლა შეიგინა და როცა თავი ასწია, წინ ათიოდე წლის ბიჭი ედგა და ყურადღებით აკვირდებოდა. σҮGე1თ290980MQ5-8↓ რატომღაც გააღიზიანა ბიჭმა და ისე შეხედა, რომ მიეხვედრებინა, საკუთარი გაღიზიანება, მაგრამ მერე გაიფიქრა, რომ ბიჭი ძალიან პატარა იყო იმისათვის, რომ ასეთ რამეებს მიხვედრილიყო. ამის გაფიქრებამ, რატომღაც, გუნება გამოუკეთა და ახლა უკვე თბილად შეხედა ბიჭს, რომელმაც სოფლური სიმარტივით ჰკითხა: – ვის ეძებ?

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ კი, რაკი არც იცოდა ვის ეძებდა და რაკი არც პასუხი ჰქონდა მოფიქრებული, დაიბნა და ისე... მე... არავის...

ისა... და რატომღაც სულ სხვა სოფელი და შესაბამისად სულ სხვა პერსონაჟი გაახსენდა: – ნათელას ვეძებ! უფრო სწორად, ნათელას ოჯახს, თუ დარჩა აქ ვინმე!

 ბიჭი: – ნათელა?

 σҮGე1თ290980MQ5-8↓: – ნათელა, აი, მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე... თუმცა შენ სად გექნება წაკითხული, მოკლედ, არავისაც არ ვეძებ, მოგზაური ვარ.

 ბიჭი (ფიქრობს): – რა დაბნეულია, რაღაცას მალავს!

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ (ფიქრობს): – ეს რაღას გადამეკიდა, რა უნდა? ვის ვეძებ, ვის ვეძებ, ვის ვეძებ, ღმერთო, გამახსენე!

 ბიჭი მოულოდნელად მიტრიალდა და წავიდა, σҮGე1თ290980MQ5-8↓ კი გაიფიქრა რა უცნაური ბავშვიაო, გაიფიქრა და უბის წიგნაკში პირველი აღნიშვნა გააკეთა: – ბიჭი, ათიოდე წლის. ცოტა უცნაურია, მაგრამ არ გამომადგება, არაკონტაქტურია.

 მერე ზურგჩანთა აიღო და გზა განაგრძო. მეორე სახლთან შეჩერდა, შევიდა და ჭასთან მდგარ ვედროს ხარბად დაეწაფა, თუმცა, წყალი თბილი იყო და ზედმეტად მტკნარი გემო ჰქონდა.

 რა საზიზღარი სოფელია! – უაზროდ გაბრაზდა σҮGე1თ290980MQ5-8↓ და მასპინძელმაც, თეთრწარბებიანმა კაცმაც გამოიხედა: – გამარჯობა!

 – გამარჯობა!

 – ეძებ ვინმეს?

 – მგზავრი ვარ, წყალი მომწყურდა...

 – მიირთვი, მიირთვი, მოიცა, ეგ თბილი იქნება, ახალს ამოვიღებ, ჩვენნაირი წყალი, ჩვენ სოფელში რო წყალია, ბარე ორ სოფელში არ მოინახება. მაიცა, ამოვიღო, ქალო, სტუმარია, გამოიხედე, სად წავიდა ეს ჩემისა?! ქალაქიდან იყვნენ ამოსულები, მაგრად მოეწონათ. უნდა ბოთლებში ჩამოვასხათ და იმპორტნი ბაზარი უნდა დავიპყროთო.

ესე იგი, ვის ეძებთ? ა, ჰო, მგზავრი ხართ, არა? აქეთ იშვიათობაა მგზავრები, ციხესიმაგრეები და ეკლესიები ჩვენ არა გვაქ და ხალხი არ დადის, მარა წყალი გვაქვს სამაგიეროდ ისეთი, აი, დალევთ და ნახავთ მერე თითონ!

 ისე, სხვათაშორის, თქვენ ვისთანა ხართ არ ვიცი, მარა...

თუმცა ჰო, მგზავრი ხართ ხო, ჰოდა, აქეთკენ...

 σҮGე1თ290980MQ5-8↓ ნატრობდა ნეტავი გაჩუმდესო, მაგრამ კაცი გაჩუმებას არ აპირებდა, რომ არა ყვირილი და გასროლის ხმა. კაცი იქითკენ გაიქცა, საიდანაც ხმა მოისმა, σҮGე1თ290980MQ5-8↓ ინსტიქტურად მიჰყვა. სამი-ოთხი სახლის ზემოთ, ეზოში, ის ათიოდე წლის ბიჭი ეგდო მკვდარი, წეღან, სოფელში შემოსვლისას პირველი რომ ნახა. ბიჭს თავს ასე ორმოციოდე წლის კაცი ადგა, ხელში ორლულიანი თოფი ეჭირა; არც გაბრაზება და არც შეშფოთება სახეზე არ ემჩნეოდა.

 დემეტრე შეძრწუნდა. განსაკუთრებით იმან იმოქმედა, რომ რაღაცნაირად ძალზედ ახლობლად ჩათვალა და მის ბავშვურ სახეზე აღბეჭდილმა სიკვდილმა დაანახა, რომ ვეღარაფერს შეცვლიდა.

 თეთრწარბებიანმა, ერთი ხანობა, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა და მოულოდნელად დააბოყინა. მკვლელმა გამოხედა, სიგარეტს მოუკიდა და სახლს გახედა.

სახლიდან უკვე გამორბოდა ოცდაათიოდე წლის, სოფლის კვალობაზე ძალიან ლამაზი ქალი. σҮGე1თ290980MQ5-8↓ მზერა გააყოლა მკვლელის მზერას და როცა ქალი დაინახა, ყველაფერი გაშავთეთრდა.

 ქალი შორიდანვე დაეშვა მუხლებზე და ფეხბურთელებმა რომ იციან, ისე მისრიალდა მკვდართან. რაღაცას მოთქვამდა, მაგრამ σҮGე1თ290980MQ5-8↓ უკვე ხმაც აღარ ესმოდა. ხმა წამიერად არ გაქრა, თითქოს ვიღაცამ გამოზოგილად დაუკლო, როგორც ტელევიზორის გადამრთველს; დაუკლო, დაუკლო და გამორთო. ქალმა ფეხზე გახადა ბავშვს, მერე თავშალი მოიძრო (ნეტავი რა ფერი აქვს ამ თავშალს? – σҮGე1თ290980MQ5-8↓ თვითკითხვა), სისხლი მოუმშრალა ბავშვს და ახლა ხელისგულები დაუკოცნა.

 თოფიანი კაცი არ ირხეოდა, ისევ სახლისკენ იყურებოდა, თითქოს ქალის გამოსვლა გამოეპარა და ელოდებაო. ქალმა ერთი კი ახედა მკვლელს, მივარდა და გადაეხვია. გიჟივით ეფერებოდა, კოცნიდა და რაღაცას ეუბნებოდა.

კაცი ქვასავით იდგა, დროგამოშვებით თუ გადაუსმევდა თავზე ხელს და როგორც σҮGე1თ290980MQ5-8↓ ტუჩების მოძრაობით ასკვნიდა, ამშვიდებდა.

 მერე, უცბად, გამოსახულება გაბუნდოვნდა და საერთოდაც გაქრა. რა მჭირს? – ძალიან შეეშინდა σҮGე1თ290980MQ5-8↓ და უცბად, ჯერ ხმა: – “რა ჭირს, მოკვდა?” მერე გამოსახულება: – თავს ადგნენ თეთრწარბებიანი, ვიღაც მსუქანსახიანი ქალი და ისე გაბრაზებით უყურებდნენ, σҮGე1თ290980MQ5-8↓ ცოტა შერცხვა კიდეც. გვერდით ქალი მოთქვამდა და როცა გახედა, დაინახა, რომ ქალს იისფერი თავსაფარი ჰქონია.

 ფერები დამიბრუნდა! – გაიფიქრა და გონებაც დაკარგა.

 

 წერილი

 

 ზემხა,  გამარჯობა, როგორ ხარ, რას შვრები?

 მე მშვიდობით ჩამოვაღწიე იმ შენს მითითებულ სოფელში. გაგეცინება და თავიდან დამავიწყდა ვის ვეძებდი და საერთოდ რა მინდოდა; მერე რაღაც შემთხვევა მოხდა და ყველაფერი გამახსენდა, ახლა ხომ ვიცი შენი, ალბათ ჩემზე სადღაც დაწერ – დაბნეულიაო, ან რამე მაგვარი, როგორც შენ გჩვევია, მოკლედ, რა მინდა და, ძაან გამიჭირდა აქაურობის მოგნება, არანაირი მინიშნება, არანაირი აღწერილობა, ასეთივე სოფელი შეიძლება ყოფილიყო ამის შემდეგი, ან იმის შემდეგი სოფელიც, რადგან...

 და რა შუაში იყო ვართანის სოფელთან ნესი?

 სოფელი რა? – ჩვეულებრივი სოფელია, არც არაფერი შეცვლილა განსაკუთრებულად; ხალხს სახეები შეეცვალათ, სხვამხრივ იგივენი დარჩნენ. ჩემი გამომგზავრების წინ რომ ახსენე, ვართანს ისიც ეყოფა საკუთარი ძმის სისხლი რომ აწევს კისერზეო, იცი თუ არა, რომ ლეო გადარჩა?! ჰო, გადარჩა; ვართანი გაქცეულა სისხლის დანახვაზე, საერთოდ გაქცეულა სოფლიდან, კაი ათი წელი იყო გადაკარგულიო, სულ მთლად გაჭაღარავებული დაბრუნებულა, ძლივას უცვნიათ; ლეო ცოცხალი ყოფილა ჯერაც; მაპატიეო, უთხოვია ძმისთვის ვართანს და იმასაც, რატომღაც, ძალიან დაბერებულს, ორიოდე წვეთი ცრემლი ძლივას ჩამოვარდნია თვალებიდან და გულში ჩაუკვრია ძმა. შენი შვილი საკუთარივით გავზარდეო, უთქვამს და ალბათ, როგორ გაუკვირდებოდა ვართანს, რომ გაიგებდა რომ შვილი ჰყავდა?!

 ვართანის შვილი ძალიან უცნაური ბავშვია (იყო! მერე მოგიყვები მაგაზე, ცალკე)...

 არ ვიცი ადრე როგორი იყო მაგათი სახლი, შენ აღწერილი არ გაქვს, ახლა კი ერთი სიამოვნებაა გინდა სახლის, გინდა ეზოს ნახვა. ხალხი რა შურიანი და ბოღმაა, ხომ იცი? პირს არ აჩერებენ, წამდაუწუმ ახსენებენ ვართანს ძმებს შორის მომხდარ ამბავს. ვართანი კიდევ, შენი გამოგონილი არაა და კი იცი რა უთქმელი და მგრძნობიარეა და ეგ კი არა, ერთხელ მეზობელს რომ დოქი ჩაარტყა, იმ მეზობლის ძმიშვილს გაუგდია სუფრიდან, ძმის ცოლების შემცდენლებთან პურს არ ვტეხავო.

 რძალი რა, რძალი ცხოვრობს აქ; როგორც იცხოვრებს ამ ხალხის ხელში – თავადაც იცი, მაგრამ შენი თქმის არ იყოს, ასეთი “მეშოკის” თრევა ერგო ხვედრად.

 ყველანი ადგილზე არიან; რომ არ მრავლდებოდნენ და არ იხოცებოდნენ, ვიფიქრებდი, შენი მოთხრობის დამთავრებასთან ერთად, აქაც ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, თუმცა, ჰო, მართლა, გალია აღარ ცხოვრობს აქ, დედაქალაქში გადასულა საცხოვრებლად, საკუთარი საუნა გაუხსნია, სერიოზულად მოკიდებია სამეძაო ბიზნესს, ის დრო კი აღარ არის, უფასოდ რომ ემსახურებოდა ყველას, ლამის გამარჯობასაც ყიდის თურმე, იმიტომაც, ძმაო, ის თავისი ანი უცხოეთში გაუგზავნია სასწავლებლად, სახლში მოსამსახურეები ჰყავს, მძღოლი ემსახურება და რა ვიცი, ცხოვრობს ბარონესასავით.

მეძავებმაც ისწავლეს ჭკუა, ჩემო ძმაო, და საერთოდ, მინდა გითხრა, რომ შენი ნაწარმოების გმირები შენგან დამოუკიდებლად აგრძელებენ სიცოცხლეს და ვითარდებიან, ის კი არადა, შეიძლება ბევრი მათგანი აღარც კი მოგეწონოს, ან ვეღარ იცნო, თუმცა, არა, აკი ვთქვი, მხოლოდ სახეები შეეცვალათ-თქო.

 რაც შეეხება ნესის, აქ არანაირად არ იქნებოდა, აბა რანაირად? მალე წამოვალ, შეიძლება ამ წერილსაც კი ჩამოვასწრო. დაგირეკავ!

 P. S. ჰო, გიგზავნი ჩემი უბის წიგნაკს. რომ წაიკითხავ, არ გადააგდო, ან არ დაკარგო, მნიშვნელოვანი რაღაცეებიც წერია.

 

 უბის წიგნაკი

 ჩანაწერი N 1

 (ათი წლის ბიჭის ისტორია)

 

 ბიჭები ჩაცუცქულები და მალიმალ ეწეოდნენ სიგარეტს. მხოლოდ ვართანი იდგა და ისეთი სერიოზული სახით ექაჩებოდა, თითქოს ცოლი მშობიარობდა.

 კოლა ხველებას მორჩა და რა ბედნიერია ვართანი, არც არავისი შიში აქვს, არც რიდი, როცა მოესურვება, სადაც მოესურვება, იქ მოწევსო. აბა მე წამასწროს მამაჩემმა, თუ ზედ არ მიმაწვას სიგარეტიო. ეს თქვა და ისე გაიხედ-გამოიხედა, ნამდვილად შეეშინდა მართლა არ წამასწროსო.

 ბიჭებს გაეცინათ და ვართანს გახედეს რას იტყვისო, მაგრამ ვართანი დუმდა.

 – მე კიდე, ბალახის და ფოთლების ღეჭვა არ მჭირდება, სახლში რომ მივდივარო, ჩაილაპარაკა კურკამ.

 – რატომ? – ეგრევე ჰკითხა ვართანმა.

 – არავინ მე არ მეფერება და სიგარეტის სუნს ვინ გაიგებსო, ჩაიბურტყუნა კურკამ, უკანასკნელად მოქაჩა და თავქვე დაეშვა.

 ვართან ვერ წარმოედგინა, რანაირად შეიძლებოდა კურკას დედა შვილს არ მოფერებოდა.

 ისე კი, შეხედულება ცოტათი ცივი აქვს და ალბათ სითბოს ვერ გამოხატავსო, გაიფიქრა.

სითბოს რა, არც დედაჩემი და არც მამაჩემი... ვართანს გაახსენდა, როგორ დაისვა ლეომ ორი წლის წინ და როგორ დიდი კაცივით მიახალა პირში, მე კი არა ვარ მამაშენი, ჩემი ნახევარ ძმა არის, ვის სახელსაც შენ ატარებო. ვართანი კი გაოგნდა მაშინ, მაგრამ სახეზე არც მაშინ ემჩნეოდა რამე და იკითხა: – მერედა ეხლა სადაა... ის?

 ლეომ, შენ რომ დაიბადე, მალევე მოკვდაო. ისიც კი არ იცოდა რომ არსებობდი, თორემ აუცილებლად ჩამოგაკითხავდა და გნახავდაო. როგორი კაცია და რაღაცნაირი ჩუმი და თავმდაბალი; მე ერთხელ ვაწყენინე, ჩემდა უნებურად ვაწყენინე და ალბათ ვერა და ვერ მაპატიაო. მერე ისიც მოუყვა, როგორ ესროლა ძმამ ლეოს თოფი.

ალბათ მკვდარი ვეგონე და იმიტომაც გაიქცაო, უყვებოდა.

 დედაშენი შენ უპატიოსნო ქალი არ გეგონოს, უბრალოდ, ასე მოხდაო; მარტო შენ და დედამ იცით ეს ამბავი, თორემ განა ხალხმაც იცისო?

 დედაჩემი მართლა თუა დედაჩემიო და გაეცინა ლეოს, კიო, დედაშენი მართლა დედაშენიაო; მეცო, განა შენი მამა არა ვარ, მაგრამ სისიხლისმიერი ვინც იყო, ამას ვერ დაგიმალავდიო.

 მერე ვართანი უფრო გულჩათხრობილი ბავშვი გამხდარა. ის და ლეო, ყოველ საღამოს ადიოდნენ სოფლის ბოლოს, სასაფლაოზე და გვიანობამდე საუბრობდნენ.

 მეზობლები ამბობდნენ, დიდი უცნაური ბავშვი კია, ბავშვია თუ არა, ვერც გაიგებ, ისეთი აზრიანი ლაპარაკი და ქცევა აქვსო; ამიტომაც თუ იყო, მართლა დიდი კაცივით ესალმებოდნენ, ეკითხებოდნენ და ესაუბრებოდნენ.

 მერე ვიღაცას უთქვამს: – ისე, თუ გახსოვთ, ცხონებული ბიძამისიც ეგეთი უცნაური იყოო. მაგას რა დამავიწყებს, ერთხელ უმიზეზოდ არ ჩამარტყა თავში დოქიო?! – გაუცინია მეორეს და უშნო კბილები გამოუჩენია.

 მაგათ გვარი აქვთ ეგეთი უცნაურიო, დაუსკვნია მესამეს და ამით მორჩენილან, მაგრამ უცნაურობა ჯერ კიდევ სად იყო, ერთ დღეს არ მოხდა, თავისი თანატოლის, კურკას სახლში რომ მივიდა და სამზარეულოში მოტრიალე დედამისს რომ დაადგა თავს და სიყვარული რომ აუხსნა?! ქალს გაეცინა, მაგრამ თავზე ხელის გადასმა ვერ გაუბედა – “რაღაცნაირად არ ებავშვა”!

 მერე იყო და წერილს წერილზე უგზავნიდა. მე, უბრალოდ, ცოტა გვიან დავიბადე, თორემ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავიო. სანამ დავიბადებოდი კიდევ, შენთან ვიყავი, უბრალოდ შენ დაგავიწყდიო.

 ქალი სერიოზულად იყო შეშინებული (მთელი ცხოვრება ჰქონდა განცდა, რომ ვიღაცას უყვარდა). ვართანზე მეტად საკუთარი თავის ეშინოდა, რადგან ბავშვის დაწერილი ყოველი სიტყვა სიამოვნებდა. მერე კი, ქმარმა რომ უპოვა წერილები და ეჭვიანობის სცენები რომ მოუწყო, იძულებული გახდა ეთქვა, ვინც იყო მათი ავტორი; ფიქრობდა, ბავშვზე ხომ არ იეჭვიანებსო, არადა, იქნებ სხვა ყველაზე არა, მაგრამ ზუსტადაც ვართანზე რომ იეჭვიანებდა!

 ჯერ, ვითომ არ ვიმჩნევ ამ სისულელესო, ვითომ დავივიწყეო, მაგრამ ხომ ზედვე ეტყობოდა, როგორ ეცვლებოდა ფერი ვართანის გამოჩენაზე.

ერთხელ, კი უთხრა მეზობელმა, რა იყო, რა ელეთ-მელეთი მოგდის იმ ბიჭის გამოჩენაზეო და ამან აგდებით – რა ვიცი, რაღაცნაირად, არ მომდის თვალში ეგ “ადრე დაკაცებულიო”. არც მამამისი მომდის და არც ბაბუამისი მომდიოდაო; მაგრამ დიდხანს მაინც ვერ ითმინა და ერთ დღესაც, პირისპირ, მარტო რომ შეხვდნენ, საყელოში ხელი ჩაავლო და ცხვირ-პირს გაგიერთიანებო, დაემუქრა. ვართანი არც ცდილა წინააღმდეგობის გაწევას, ის კი არადა, ისეთი უპირატესობით შეხედა, უფრო გააცოფა კაცი, მერე კი სულაც: –სულ ერთია, უნდა შეეგუო იმ ამბავს, რომ მე და შენი ცოლი ერთად ვიქნებითო, უთხრა და კიდევ კარგი, გამვლელი გამოჩნდა, თორემ მიაღრჩობდა.

 გამვლელმა ეჭვის თვალით შეხედა ორივეს და გაჩერდა. კაცმა, შვილს მიჩაგრავს წამდაუწუმ, ეს ვირისთავი და ჭკუა უნდა ვასწავლოო და ყური აუწია. რამდენად დაიჯერა ეს ამბავი იმ გამვლელმა, კაცმა არ იცის, მაგრამ ვართანი რომ არ შეშინებულა, ეს ფაქტია, ის კი არადა, მოუხშირა კურკას სახლის წინ დგომას და წერილების წერას.

 ქმარი კი ცოლს ეჩხუბებოდა – ერთი თითის სიგრძე ბავშვი როგორ უნდა გიბედავდეს ეგეთ რამესო; წადი, დედამისს უთხარი, ერთი მაგრად აცემინეო.

 ქალი მართლა წავიდა დედამისთან, თუმცა, ვართანს სულაც არ განელებია გრძნობები.

 ხოლო, ერთ ღამითაც, როცა მთვარის შუქით განათებულ მდინარეს და მასში მობანავე ქალს მიადგა, დიდად არც უყოყმანია, ისე გაიძრო ტანთ და შეუერთდა. ქალი დაიბნა, აქეთ-იქით გაიხედა და მუდარით შეხედა, მაგრამ ვართანი უტყვი სახით მიუახლოვდა და განა რამე სხვა? – წყალი შეასხა.

 და მერე ისინი თამაშობდნენ, ანცობდნენ, იცინოდნენ. და ქმარიც მოვიდა.

 ქმარი მოვიდა და შეშინებულმა ქალმა მკერდზე ხელი აიფარა, სწრაფად ამოვიდა წყლიდან და სახლისკენ გაიქცა.

კაცმა ერთი კი დახედა ვართანს და ისიც წავიდა.

 არავინ იცის რა მოხდა მათ სახლში, რადგან ქალი ერთთავად სულ შინ იჯდა, კურკას მამამ კი დიდი ნაგაზი დააბა ეზოში და სულ მოღუშული დადიოდა.

 მერე იყო ეს, იმ დღეს, ვართანის ნამდვილი მამა, ლეოს ძმა რომ უნდა ჩამოსულიყო სოფელში. ვართანი ჩვეულებისამებრ იდგა კურკას სახლთან. მერე იყო და, გულმა აღარ მოუთმინა და ჭიშკარი შეაღო და შევიდა. ძაღლი გამწარებული ყეფდა (თითქოს ნუ მაიძულებ, რომ გიკბინოო), მაგრამ ვართანი შევიდა, მაინც შევიდა და დაბნეული ძაღლიც კი გაჩუმდა.

 ფანჯარაში, ჯერ კურკას მამის თავი გამოჩნდა, მერე კურკასი, ბოლოს დედის. ვართანმა გაუღიმა ქალს და ნაბიჯიც კი წარდგა, თუმცა მეტი აღარ დასცალდა, სახლიდან ქმარი გამოვარდა, ორლულიანი თოფი მკერდში დაუმიზნა ვართანს და სასხლეტი დაუშვა.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / ნესი 2