მეგრელიშვილი გურამ 

ნესი (მარადი ბოზი)

 

 [ლიტერატურული გამოკვლევა]

 

 

 I ნაწილი

 

 შეუძლებელია შემჩნეული არ გყავდეთ. გლდანის, ლომისის სახელობის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში, ნაძვის ძირში ზის ხშირად. ნათრეობის კვალი იმდენად ემჩნევა, ის მოკლე კაბა რომც არ ჩაიცვას, მაინც მიუჯდები და ეტყვი: – საიდანღაც მეცნობი, ხო იცი?! ის გაგიცინებს (უკანა კბილები გაფუჭებული აქვს), ხელს დაგადებს მუხლზე და კაი ოხერი იქნები შენცო, გეტყვის. მერე მზესუმზირას ააკნაწუნებთ და როცა ლაპარაკით დაიღლებით – მასთან მიდიხართ.

ის გლდანში ცხოვრობს; მეორე მიკრორაიონის დასაწყისში, ერთოთახიანი ბინა აქვს ნაქირავები და შენნაირი სტუმრებიც იქ მიდიან. როცა შეხვალ (თუ პირველად ხარ), გაგიკვირდება სხვა კაცი რომ დაგხვდება ლოგინზე გაშოტილი, მაგრამ ის კაცი ჩუმად მიდის. თუ მალე წახვალ, ჰო-კარგი, თუ ღამე დარჩი კიდევ, ის კაცი ჩუმად შემოდის და ერთი ბეწო სამზარეულოში (ყავლაშვილის პროექტს პატარა სამზარეულოები აქვთ) წვება ტახტზე. შენ ალბათ ჰკითხავ ნესის, ვინააო და გოგოც გიპასუხებს - ჩემი ყოფილი საყვარელი! თურმე ის ნარკომანი იყო, მერე წამალს თავი დაანება და გალოთდა, მაგრამ ღვიძლი ისეთ მდგომარეობაში ჰქონია, სისხლს აღებინებს. ხოლო კოჭლობს იმიტომ, რომ ავარიაში მოჰყვა და ხის, თუ პლასტმასის ფეხი აქვს. როცა ამეებს გიყვება ნესი, შენ თვლი, რომ გეწუწუნება. გადაწვდები იატაკზე დაგდებულ შარვალს, ამოიღებ ფულს და გადაღრეცილ ტუმბოზე ჩამოდებ.

ნესი გადმოხედავს და მართლა ბრაზდება. აიღე! – გეტყვის და დგება - მე მივდივარ, თუ გინდა, დარჩი! შენ, რა თქმა უნდა, არ რჩები, ის კი სამსახურში მიდის. ნესი ჯიხურში მუშაობს გამყიდველად. მგონი, ოთხ ლარს უხდიან, მაგრამ რვა ლარამდე გამოუდის დღეში. ჯიხურის მეპატრონე კმაყოფილია მისით, რადგან ბევრი კლიენტი ჰყავს, თუმცა, ყოველი შემთხვევისათვის, პროფილაქტიკის მიზნით, სამუშაო დღის ბოლოს, გაგდებით ემუქრება ხოლმე ნესის (მაგრამ ამ უკანასკნელს კარგად ესმის მუქარის მიზანი და მშვიდად ისმენს და იტანს შეურაცხმყოფელ სიტყვებს).

 ის რვა ლარი, რასაც შოულობს, მაინცდამაინც არ ჰყოფნის ნესის, რადგან, ჯერ ერთი, კოჭლი უნდა შეინახოს, მერე კოჭლის მოხუცი მამიდა, მერე საკუთარი თავი და მერე, ზოგიერთი შენნაირი, რომელიც სახლში წასასვლელ ფულს სთხოვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნესი არასოდეს იღებს სიყვარულისთვის ფულს და ალბათ, ამიტომაცაა ჩვენ ბევრნი რომ ვართ, თორემ ნესისთანა ქალი მალე მოსაბეზრებელია, რადგან საწოლში მაინცდამაინც ვერ იჩენს თავს. მთელი დღის ნამუშევარი, დაგიწვება თუ არა, ბლიტავს თვალებს და ისე მალე იძინებს, გიკვირს, ცუდად ხომ არ გახდაო.

თუ უკვე იცნობ, შეიძლება შეგეცოდოს და არ გააღვიძო, თუ არა – მუჯლუგუნს ჰკრავ, ხელმეორედ გადააწვები და ცოტა ბრაზიანიც თუ ხარ, აიძულებ გაუჩერებლივ ილაპარაკოს. ის მართლა ილაპარაკებს, შეიძლება უაზროდ, მაგრამ მაინც ილაპარაკებს და მერე შენ ჩაგეძინება. დილით კი, ძალიან დილით, ნესი წასულია. ტუმბოზე წერილი დევს – საოცარი ვინმე ხარო და წასულია. შენ, (თუ არ იცი, რომ ყველას ამას ეუბნება) გაიფუყები და ამაყად მი-მოატარებ ოთახში თვალებს. პირველად, შეიძლება ბოროტმა აზრმაც გაგიელვოს – შეიძლება გადააქოთო იქაურობა და რამე ფასიანი ეძებო, მაგრამ მეორედ არაფრის დიდებით არ იზამ ამას, მეორედ, პირიქით, შეიძლება სადმე კუთხეში მიაგდო ფული და წახვიდე, მაგრამ ერთი, რაც ცხადზე ცხადია – ეს საწოლი შეგიყვარდება. არადა, არაფრით განსხვავებული საწოლი არაა.

რკინის ძველი, ზამბარებიანი საწოლია, რომელზეც მატრასიც კი არ აგია.

 პ ა უ ზ ა

 ამ მონაკვეთის დაწერა, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მქონია უკანასკნელ წუთამდე, სანამ ნაცნობმა სოფიკომ, პირში არ მითხრა სიმართლე; და მაინც, ვეცდები ნაკლებად გულახდილი ვიყო:

 ესე იგი, ავადმყოფობა დამეწყო (არა, მთლად ავადმყოფობას ვერ დავარქმევ იმას, რასაც ჩემი ფსიქოლოგი ნევროზს ეძახის) დაახლოებით ორი წლის წინათ, მას შემდეგ, რაც ფეხსაცმელი მაჩუქეს. ფეხსაცმელი საკმაოდ კარგია (ის ახლაც მაქვს შენახული, როგორც ნივთმტკიცება) დასავლეთ ევროპული რომელიღაც ქალაქის, რომელიღაც ცნობილი ფირმისა. ფეხსაცმელი ოდნავ ნახმარი იყო და თუმცა გარეგნულად მშვენივრად გამოიყურებოდა, მაინც იყო ერთი რამ, რამაც კაი ორი – სამი თვე (სანამ საბოლოოდ შევეჩვეოდი) ფეხი მატკინა. ამ ფეხსაცმლის ძველი პატრონი ქუსლებს შიგნით ცვეთდა, მე კი პირიქით – გარეთ ვცვეთ! ამან კი, როგორც ვთქვი, ფეხი მატკინა, მაგრამ იმასთან ერთად, რომ მეც შიგნით დავიწყე ქუსლის გაცვეთა, სხვა სერიოზული ცვლილებებიც დამეწყო:

 I ცვლილება: – ცხვირი გაღუნული მქონდა მარცხნივ, ახლა მაქვს – მარჯვნივ.

 II ცვლილება: – სახე და ტანი დამიმრგვალდა, ხშირად ვიფურთხები.

 III ცვლილება: – სამარშრუტო ტაქსში, ადრე ვჯდებოდი მარცხნივ, ახლა ვჯდები მარჯვნივ.

 IV ცვლილება: – განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს სიბინძურეში ამოსვრა და მერე ბანაობა.

ხანდახან, დაბანვის წინ, ეზოში ჩავდივარ, ტალახში გავგორდ-გამოვგორდები და მერე, ათმაგი სიამოვნებით ვბანაობ.

 V ცვლილება: – დედა უფრო შემიყვარდა, ვიდრე მამა. ვცდილობ მამაზე აღარც ვიფიქრო, ვითომ გამონაგონია...

 VI ცვლილება: – ლოცვა დავიწყე ქალურ ხატებთან.

 და VII და უმთავრესი ცვლილება, რომელზეც ქვევით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ.

 VII და უმთავრესი ცვლილება:

 ჭამაში (შესაბამისად სექსშიც) ძალიან პრეტენზიული ვიყავი, მაგრამ ეს პრეტენზიული დამოკიდებულება ქალთა სქესისადმი ცალმხრივრად შეიცვალა. საკმარისია, ქალი, თუნდაც (ფუჰ!) ბინძური და შეუხედავი, კარგად ჩაცმული, კარგ მანქანაში, ძვირფასეულობებით შემკული დავინახო, მაშინათვე აღვიგზნები და აღგზნებული ვარ მანამ, სანამ თვალს არ მოვაშორებ, ან სურვილს არ დავიკმაყოფილებ. ამ ცვლილებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ძველ პარტნიორებს (ნაწილობრივ) დავშორდი და ძიება დავუწყე ახალ სექსუალურ ობიექტებს.

ყველაფერთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ თურმე, მატერიაში, იმაზე მეტი სულიერი მჟღავნდება, ვიდრე ჩვენ გვგონია და რომ ყველაფერი ამაღლებული, თვით ხელოვნებაც კი, შეთხზული და არარაობაა იმდენად, რამდენადაც ყველაზე მეტად მატერიალისტები ხელოვანი ხალხია. მაშ, რა არის ჭეშმარიტება? – ჭეშმარიტება ისაა, რასაც შენი გონება მიწვდება, ანუ ის, რაც შენ გ-გონი-ა, რომ ჭეშმარიტებაა, რადგან, საბოლოოდ, ჭეშმარიტება მაინც ვიღაცის გამონა-გონი-ა; აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე თავი დამენებებინა მატერიალიზმის ყველაზე შენიღბული და მდაბიო ფორმისთვის – წერისთვის და ფულის შოვნა დამეწყო რამენაირად, ნებისმიერი სხვა საშუალებით.

ამასთან, დავრწმუნდი, რომ მეცნიერულად მოაზროვნე გონება ბევრად საღია, ვიდრე მისტიკურად და ტრანსცენდენტურად მომუშავე ტვინი. თვით რელიგიაც კი, ვერაფრით აცდა მატერიას, რადგან ჩვენი აზროვნება, დედა-მიწის-ეული აზროვნება, ხატ-სახეების გარეშე ვერ წვდება ზე-გრძნობადს. აქედან გამომდინარე, ხატები იმიტომ შექმნა ადამიანმა, რომ შეფარულად სცეს თაყვანი მატერიას, ან იმიტომ, რომ სინამდვილეში, ის ხატი მართლაც ღვთიურის მატერიალური გამოვლინებაა. აქედან დასკვნა: – მატერ(ლათ.დედა)იალისტური და იდეალისტური მსოფლმხედველობა ერთი და იგივეა, ორივე ერთად კი, იმაზე მაღალი არ არის, ვიდრე ერთი უბრალო ვაშლის ხეა.

 ჩემი მინი დოსიე:

 დავიბადე აზროვნებითი ვერძის წელს, 25 ივნისს, თბილისში, რკინიგზის სამშობიაროში.

ბავშვობაში სერიოზული ტრამვა არ გადამტანია. ვარ დედისერთა. ვსწავლობ უნივერსიტეტში, საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე. ჩემი ფსიქოლოგის აზრით, მაქვს განდიდების მანიის (Mეგალომანია) უკანასკნლი ფაზა. მიდრეკილება მაქვს სუიციდური აქტისკენ, ალკოჰოლისკენ, ნარკოტიკებისაკენ. გამძაფრებული მაქვს სიამოვნების მიღების სურვილი. გამოვირჩევი ემოციურობით.

 მოკლედ, ესაა ის მონაკვეთი, რომლის დაწერაც მე ძალიან არ მინდოდასავით!

 

 

 II ნ ა წ ი ლ ი

 ჩემმა დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა, ვალერიმ გამომიარა სწორედ მაშინ, როცა უბანში ვიდექი, ვიფურთხებოდი, მანქანებსა და ქალებზე ვლაპარაკობდი და უზომოდ მსურდა გამდიდრება. წავედით, ლუდი და არაყი დავლიეთ და რადგან, ამ დროს, მძაფრდება შინაგანი თუ ქვენაგანი გრძნობები, ქალები მოგვინდა. ვალერის სცოდნია ერთი, რომელიც “ბესპრობლემ“ იძლევა და იქეთ მოგვცემს ფულს, თუკი ვთხოვთო.

 – ოღონდ, შენ შეიძლება არ დაგევასოს, ისეთი არაა, რა...

 – ფულს თუ მომცემს, კაშეისაც ვიხმარ-მეთქი და წავედით. კარები კოჭლმა გააღო და შეგვიპატიჟა. დავსხედით და ნესიც გამოვიდა. დაბალი, გამხდარი გოგო იყო, ასე ოცდაორი წლის.

სახეზე იმდენი რაღაც ესვა, ვერ გავარჩიე ძალიან მახინჯი იყო თუ არა, ამიტომ ვალერის ვანიშნე, წავა რა-მეთქი.

 ვალერიმ თავის მეგობრად წარმადგინა და კოჭლს უთხრა, ესენი დავტოვოთ, გურამის რაღაც საქმე აქვს და მარტო ლაპარაკი უნდაო. კოჭლი ნესის მიუბრუნდა და რამდენ ხანში დავბრუნდეო, ჰკითხა. ნესიმ მე შემომხედა და მხრები აიჩეჩა.

 – ერთ-ორ საათში, რა! – ვთქვი და ვალერის შევხედე, რომელიც უკვე კარებში იდგა.

 – მანქანას დავაყენებ და ამოვალ! – მითხრა და გავიდა. როცა ვალერი დაბრუნდა, ნესის უკვე კარგად ვიცნობდი და ახლა მე დაველოდე. გამოვიდნენ და ჩემზე ჰკითხა ქალს, ჰა, როგორი ძმაკაცი მყავსო. ნესიმ, ძალიან კარგიაო.

შენ ყველაზე ეგრე ამბობო, გაეცინა ვალერის. აბა, მაშინ რაღას მეკითხებიო, გაეცინა ნესისაც და ყავის მოსადუღებლად გავიდა.

 – ვალე, ის კოჭლი ვინ იყო?

 – ა, ერთია, რა! ნესი ინახავს.

 – ქმარი ხომ არ არის?

 – რავი, შეიძლება. ამბობს არაო. მაგასთან პრობლემები არ არის. ისე, მოგეწონა?

 – ლახანკაა, მაგრამ გაჭირ...

 ნესი შემოვიდა.

 – ნესი, მუშაობ კიდე?

 –კი, ღამის სმენა ვარ.

 – ისევ იქა ხარ?

 – არა, იქედან წამოვედი. აქვე ვარ, მეტროსთან.

 – სხვაგან გადასვლას ხომ არ აპირებ?

 – ბინიდან?

 – ხო!

 – ჯერ არა მგონია, ხაზეიკასთან პრობლემები არა მაქვს, თუ მეზობლებმა არ მიჩივლეს.

 – მეზობლებს რა უნდათ?

 – მაინც, ხომ იცი, ბიჭები რომ მოდიან.

 – იცოდე, თუ სადმე გადახვედი, დამირეკე! ჩემი ნომერი ხო გიწერია?

 – კი.

 – ჰოდა, დამირეკე.

 – კი, დაგირეკავ, მაგრამ არა მგონია ჯერ-ჯერობით სადმე წავიდე.

 – აი, გურამასაც მაგრად მოეწონე და ეგეც მოვა ხოლმე.

 – მართლა? სასიამოვნოა.

 წამოსვლისას ორი ლარი ესესხა ვალერიმ, ბენზინს ჩავასხამო და წამოვედით.

 – ეგრე ორ-ორი ლარობით, კაი ასი ლარი მაქვს გამორთმეული. და კი არ მთხოვს ხოლმე, შტერი გოგოა მაგარი, მარა, ისე ალალია, ეგ ჩემისა! ხო ეგეთი წაკლაა, მარა, ალალია... არც ფულს იღებს, არაფერი.

– რა არ იღებს, კარგი, რა! აბა, ასლარიანი მიეცი, თუ არ აიღებს!

 – ეხლა, ასლარიანი არ ვიცი, მარა ბევრს შეუთავაზებია ფული და არ იღებს, არ მინდაო.

 – საჩუქრებს?

 – სა-ჩუქ-რებს... რა-ვი, აბა! ალბათ! მე ერთხელ სამლარიანი დუხი მივუტანე და ისე გაუხარდა, თითქოს დიორი იყოო. მერე, ის სამი ლარი ისევ უკან წავართვი, მარა სულ იმას ამბობს, შენ რო დუხი მომიტანე და შენ რო დუხი მომიტანეო.

 – ბიჭო, ეგ ცოტას ხომ არ უბერავს?

 – რა ვიცი... არაა! რამე შეატყვე?

 – არა, არაფერი. ისე მაგარი ბანძია. ამდენი კაცი თუ ჰყავს, რამე ვერ ისწავლა? – მძორივით ეგდო.

 – ხო, ეგეთია! მეც ვერ ვიგებ, როდის ათავებს ხოლმე.

– პატარა გოგოა და უკვე ესეთი გაბანძებული. ეგ ვერც გათხოვდება.

 – რა ვერ გათხოვდება, ირაკლას ნათესავი როა, სოფლელი როა, ხვიჩა...

 – ჰო!

 – ეგ ხვიჩა გვყავდა მაგასთან, დაავაჟკაცა და იმ დებილს არ შეუყვარდა, ტო?! ატეხილი იყო ცოლად უნდა მოვიყვანოო.

 – მერე?

 – რა მერე? კიდევ კაი, ნესიმ თვითონ უთხრა უარი, თორე ის მაგრად იყო გაგიჟებული.

 – ჰო, რა! მაგას ეგეთი გოიმი ვინმე თუ მოიყვანს!

 მერე, მეორე დღეს არა და, მესამე დღეს, მარტომ მივაკითხე ნესის. კოჭლი სახლში არ იყო და თვითონვე გამიღო კარი. რომ დამინახა, გაეხარდა.

საჭმელს ჭამდა, შემწვარ კარტოფილს და მიმიპატიჟა. კი მშიოდა, მაგრამ მაგასთან რა შემაჭმევდა და ისე დავუჯექი მაგიდასთან. ის დინჯად და აუჩქარებლად ჭამდა, თან რაღაც მელოდიას ღიღინებდა და ფანჯრიდან იყურებოდა. მაგიდაზე გადავიხარე წყლის ასაღებად, ტაფას გამოვედე და ძირს გადმოვაგდე. კარტოფილი დაიპნა. ნესი დაიხარა, ხელით აკრიფა, თეფშზე დაილაგა და ჭამა განაგრძო. მე უცბად შემჯავრდა ის და გინება დავუწყე.

ნესის ხმა არ ამოუღია, ჩუმად მორჩა ჭამას, ჩუმადვე აალაგა და გვერდით ოთახში გავიდა. რაკი გამოსვლა დააგვიანდა, შევაკითხე. ის იატაკზე იჯდა და რადიოს უსმენდა.

 წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა გახდა დავუწყე, მაგრამ უკანასკნელ წამს გამომეცალა და ვიბანავებ და შემოვალო, მითხრა. არ გინდა ბანაობა, იყავი ეგეთივე ჭუჭყიანი, როგორიც ხარ-მეთქი.

მან კი, მხრები აიჩეჩა და უბრალოდ, ბანაობის მერე ქალიშვილივით ვარო, თქვა და დამიწვა. მე ვერაფერი გავიგე და გადავაწექი.

მომეჩვენა, რომ ისევე ღიღინებდა, როგორც ჭამისას, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი.

 როცა გავიღვიძე, თმას იმშრალებდა. ასე, დაუხატავი უფრო კარგი შესახედავი იყო. ტუჩები კერტებივით ფერმკრთალი ჰქონია, თვალები კი – ნაცრისფერი. ნაბანავები უფრო პატარა გოგოს ჰგავდა და ისევ მომინდა. ამჯერად მოვეფერე.

 – რატომ ხარ ასეთი ჩათლახი? – ვეჩურჩულებოდი და ვსუნავდი.

 – არა ვარ ჩათლახი, ასეთი ვარ! – ამბობდა და თვალები ებლიტებოდა.

 – ჩათლახი ხარ, ჩათლახი! მეტიც, საშინელი ჩათლახი და დამპალი ხარ, ფულს რომ არ იღებ და ასე, უფასოდ რომ აძლევ ყველას!

 – არა ვარ, არა ვარ ჩათლახი, ასეთი ვარ!

 უცბად, რაღაცნაირად შემეცოდა და თან შემძულდა, რომ მართლა ასეთი იყო და მოფერებას შევეშვი და ხალათი გავხადე. მართლა ქალიშვილივით იყო, უსისხლო ქალიშვილივით.

 – რა ქენი, გოგო, შაბის აბაზანები მიიღე-მეთქი, ვკითხე, მან კი უცბად მოიწყინა და თვალები დახუჭა. მივხვდი, ეძინებოდა და შევეშვი.

 სანამ ეძინა, შოკოლადი და კონიაკი ამოვიტანე და ერთ ფილმსაც ვუყურე.

რაღაცნაირი მშვიდი ძილი ჰქონდა, ღიმილიანი და რომ ვაკვირდებოდი, მეც მეღიმებოდა. მთელი სამი საათი ეძინა, ბოლოს დავიღალე და გავაღვიძე. საწოლში მივუტანე ყავა და შოკოლადი, ვიფიქრე ესიამოვნება-მეთქი, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია, ჩვეულებრივად მიიღო.

 – კონიაკი ამოვიტანე, დავლიოთ!

 – მე არა ვსვამ!

 – აბა, ტყუილად ამოვიტანე? დალევ!

 – კარგი, დავლევ, მაგრამ შეიძლება ცუდად გავხდე და ვარწყიო!

 ადგა; კარტოფილს წვავდა, როცა ქვევიდან დაუძახეს. ვიღაც ორი ბიჭი იყო. ნესი ჩავიდა. ზევიდან ვუყურებდი, რაღაცეები უთხრეს, მერე ჩხუბი დაუწყეს და თან ზევით იყურებოდნენ. მე ერთი გემრიელად გადავაფურთხე და თავი შემოვყავი.

 კარტოფილი შეიწვა, დაიწვა, ნესი მაინც არ ჩანდა.

გადავიხედე და აღარც ბიჭები იყვნენ, აღარც მანქანა. დაბლა ჩავირბინე – ნესი აღარსად იყო.

 – მაგათ წაყვა, ეგ ჩათლახი, დავასკვენი და ამოვტრიალდი.

 საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, დამცირებულად, ასე რომ მომექცნენ. რა უნდა მექნა?

 ერთი პირობა, მთელი სახლი გადავატრიალე, იქნებ რამე ძვირფასი ვიპოვნო-მეთქი – არაფერი იყო. მერე ვიფიქრე, კარს დავუკეტავ და გასაღებს წავიღებ, გარეთ დავტოვებ ამ სიცივეში-მეთქი და ასეც ვაპირებდი მოქცევას, რომ კოჭლი მოვიდა.

 – გამარჯობა, ნესი არ არის? – მკითხა, სამზარეულოში შევიდა, ჩემი შესაჭმელი კარტოფილი შეჭამა, ჩემი მოტანილი კონიაკი დალია და შოკოლადიც ზედ დააყოლა. ამან სულ მთლად გამაცოფა და შარის მოდება დავუწყე, მაგრამ ის ძალიან მშვიდად მპასუხობდა; მერე გვერდით ოთახში გავიდა, მიწვა და მიიძინა.

 ერთი საათიც ველოდე ნესის და წამოვედი.

 სამ დღეში, ისევ მივაკითხე. არ დაუმალავს იმ ბიჭებს რატომაც წაჰყვა: – რა ვქნა, ძალიან მთხოვდნენ და უარი ვეღარ ვუთხარი, თან ვიფიქრე, შენ მაინც ალბათ აღარ გენდომებოდაო.

 მე გავცეცხლდი. თავს ასე რომ ისაწყლებდა, ამან უფრო გამაბრაზა და გინება დავუწყე.

ის არ მეპასუხებოდა და ამაზე სულ მთლად გადავირიე და გავარტყი. ტირილი დაიწყო და სააბაზანოში შევარდა. ნახევარ საათში გამოვიდა და ბოდიში მომიხადა; ნაბანავები

 ქალიშვილივით იყო.

 – არ ვიკეთებ, უბრალოდ, ბანაობის მერე ეგრე ვარ!

 – ბოზი ხარ!

 – არა, არა ვარ ბოზი, ასეთი ვარ.

 ყოველ დღე დავდიოდი ნესისთან, ხან დღეში ორჯერ, სამჯერაც მივსულვარ, როცა გული აღარ მითმენდა. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ გამომირთმევია ფული.

 კოჭლს ისე შევეჩვიე, მისი თანდასწრებითაც ვწვებოდი ნესისთან. ის ისე მშვიდად გვიყურებდა ხოლმე, თითქოს ნარდს ვთამაშობდით. დავეჭვდი და ნესის ვკითხე.

 – ჰო, ავარიაში რაც მოჰყვა, აღარ უდგება, იმპოტენტია!

 – რატომ აცხოვრებ შენთან?

 – ადრე ჩემი საყვარელი იყო, მერე, ავარიაში რომ მოყვა, დაკოჭლდა კიდეც და მუშაობაც აღარ შეუძლია, თან ხნიერი მამიდა ჰყავს შესანახი და ჩვენ ვინახავთ.

 – ესე იგი, შენ ინახავ?!

 – ჰო, რა.

 – და აქ რატო რჩება?

 – აზრზე არა ვარ. ერთხელ დარჩა და მერე სულ რჩება.

თუ ვეტყვი – მიდის, პრობლემა არ არის.

 – და რას შოულობ იმდენს, რომ მაგ მათხოვარსაც ინახავ და მამიდამისსაც?

 – მათხოვარი არაა. მე თვითონ ვეხმარები... შვიდი ლარი გამომდის ყოველ დღე და გვყოფნის.

 – შენ დებილი ხარ, თუ თავს იშტერებ, თუ მე მაშტერებ?

 – რატომ?

 – რა რატომ? ვიღაც კოჭლ იმპოტენტს და მის მამიდას ინახავ და ისე, არაფრისათვის?

 – რა შუაშია ეგ? შენ რომ მთხოვო, არ დაგეხმარები?

 – მე მე ვარ; მე გხმარობ და იმიტომ დამეხმარები.

 – ეგრე სხვებიც მოდიან... და მე პრობლემა არა მაქვს.

 ამ დღიდან ფულის თხოვნა დავუწყე. ყოველ დღე, ორ-სამ ლარს ვართმევდი და ყულაბაში ვყრიდი, მერე კი, ვითომ დაბადების დღე რომ აღვუნიშნე და თაიგული და Gუცცი ღუსჰ-ი რომ მივუტანე, სიხარულისაგან კინაღამ გადაირია. ყვავილები ლამაზად ჩააწყო რამოდენიმე ლარნაკში და მთელი სახლი მორთო, სუნამოს ხმარება კი ვერ მოასწრო – მეორე დღეს, მეზობელს შეუტანა დაბადების დღეზე. მიხვდა, რომ მეწყინა, მაგრამ ბოდიში მომიხადა და ამით მორჩა ყველაფერი.

 ერთხელ მე ვკითხე: – ჩვენ თავს არ ვიცავთ, ნუთუ არ ორსულდები?

 – არა, არ ვორსულდები, მე ვერასოდეს დავორსულდები.

 თანდათან, ნელა ჭამა ვისწავლე.

დავსხდებოდით ერთად და ნება-ნება ვილუკმებოდით. მას ოდნავ სასაცილო და თან ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ არასოდეს სექსში არ უაქტიურია.

 მერე კი, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ზურგზე უზარმაზარი ნაჭრილობევი ჰქონია.

 – ეს რა არის?

 – ეს იარაა; ამ იარით დავიბადეთ მე და ჩემი და!

 ასე გავიგე, რომ ტყუპისცალი ჰყოლია, ოღონდ

 – ჩვენ მამით ვართ მხოლოდ ერთნი! და მე მამას გოგო ვარ.

 – როგორ თუ მხოლოდ მამით? მაშინ, როგორ-ღა ხართ ტყუპები?

 ნესიმ გაიცინა და – ეჰ, ვერავინ იგებს და აღარც ვხსნიო.

 მისი ტყუპისცალი მონაზონი ყოფილა, თავის პატარა ბიჭთან ერთად ცხოვრობს ტაძარშიო.

 – ბავშვი ვისია?

 – ეგ ოჯახის პატარა საიდუმლოა, რომელსაც არ გავთქვამ. როდესმე ალბათ მეც ტაძარში წავალ... ალბათ!

 უცბად გამახსენდა ვინც იყო და ნერვებმოშლილმა დავუყვირე: – შენ ერთი ბოზი ხარ, რომელმაც ბოზობაც კი არ იცის!

 – მე ბოზი არა ვარ, მე ასეთი ვარ! – მიპასუხა მშვიდად და გადაბრუნდა.

 – მისმინე, ნესი! რამდენიმე წელში, შენ ისე დაბერდები და დაუშნოვდები, მეტი რომ აღარ შეიძლება.

 – მეც ვიცი რომ დავბერდები, მერე?

 – მერე-და, ბოზობ – ბოზობ და ფული მაინც აიღე, რომ ნორმალურად იცხოვრო და სიბერეც ნორმალური გქონდეს. ხომ შეგიძლია ზოგს მაინც გამოართვა ფული, გამოიყენო ეგ...

დაწყევლილი საშო, რომელსაც შენარჩუნება არ შეუძლია. ხომ შეგიძლია ღამე მაინც აღარ იმუშაო ვირივით და მეტიც, ჩემნაირ მათხოვრებს ფული აღარ აძლიო?! შენ უბრალოდ არა ხარ ნორმალური, შენ...

შენ რაღაც გჭირს!

 – რა ვქნა, აბა?! ასეთი ვარ!

 და მე დავიწყე იმის გარკვევა, თუ რატომ იყო ის “ასეთი”. ათასი რამე წავიკითხე, ათას ვინმეს ველაპარაკე, მაგრამ ამომწურავი პასუხი ვერავისგან შევიტყვე; თუმცა, იყო რამოდენიმე ვარიანტი, რომლებმაც დამაფიქრეს.

 

 I ვარიანტი

 ფსიქოთერაპიული სკოლა “მენცარი” ი.ფილიპაშვილი

 

 რა არის მეძაობა (პროსტიტუცია)? საყოველთაოდ ცნობილი აზრია, რომ მეძავს სქესობრივი აქტი არ სიამოვნებს. ამას იმით ხსნიან, თითქოს ამ საქმის პროფესიად გახდომა აჩლუნგებდეს მათ. ეს არ არის სწორი. ისინი, სწორედ იმიტომ ხდებიან მეძავები, რომ “ქალური სისუსტე” სჭირთ. მათ, არათუ არ სიამოვნებთ აქტი, უარესი, ვერ იტანენ, ეზიზღებათ, “ცუდ” საქციელად, სიბინძურედ თვლიან, უფრო სწორად კი, კი არ თვლიან, ასე განიცდიან. მათ არ იციან ამის მიზეზი და ნაკლულობის, არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ.

ეს კომპლექსი, ასევე არაცნობიერად, დაკმაყოფილებას მოითხოვს – ამ სისუსტის გადალახვას. გადალახვის ერთ-ერთი გზა არის მისი არშემჩნევა, დამტკიცება, რომ იგი ნაკლული კი არა, პირიქით – ბევრის სასურველი, სანატრელია. ამით იცხოვრებს კიდეც და საკმაოდ კარგადაც.

 მეძაობის გაჭირვებით ახსნა, თითქოს ხელმოკლეობა აიძულებს ქალებს ამ გზას დაადგნენ, ძალიან ადვილი უარსაყოფია, განხილვად არც ღირს.

 ის შემთხვევა, რაზეც თქვენ მესაუბრებით, მარტივი ასახსნელია: – საზოგადოდ, მსგავს ადამიანს აქვს არასრულფასოვნების გარკვეული კომპლექსი + სქესობრივი ცხოვრების შიში. იმისდა მიხედვით, თუ ამ ორიდან რომელი დომინირებს, გამოდიან ნესის მაგვარი ქალები, ან ქალები, რომელთაც საერთოდ არ შეუძლიათ სქესობრივ კონტაქტში შესვლა. თუ ადამიანში (ამ შემთხვევაში, ქალში) არასრულფასოვნების კომპლექსი სჭარბობს შიშს, მაშინ იგი იცხოვრებს სქესობრივად, მაგრამ თავისი კომპლექსის წყალობით, ერთი პარტნიორით დაკმაყოფილებას ვერასოდეს შეძლებს; ხოლო, თუ მასში შიში უფრო მეტია, მაშინ იგი საერთოდ ვერ შეძლებს ინტიმურ ცხოვრებას...

 ...შიშები? შიშები, საზოგადოდ, ბავშვობიდან მოდის, იქ იღებს სათავეს.

 

 II ვარიანტი

 გივი ალაზნისპირელი (ეზოთერიკი)

 

 მე, ორიოდე სიტყვით დავამატებ სულიწმინდით მდიდარი სხეულის ზოგიერთი თვისების შესახებ, რომ მათი უპირველესი სიმპტომი, ეს ძლიერი ემოციურობაა. არ ახასიათებთ სიდინჯე, (ან ცდილობენ იყვნენ დინჯები) უყვართ იუმორი, ღიმილი, სიცილი... და თუ ტირიან, აქაც ნორმაზე მეტი იგრძნობა, ვინაიდან გადაჭარბებულები არიან ტირილშიც და სიცილშიც.

რაღა თქმა უნდა, ასეთი პირების სხეულში ადგილი აქვს სულიწმინდის საპირისპირო ველსაც. სწორედ ეს ბადებს მათ ცნობიერებაში პარადოქსულ შემეცნებასა და ხშირ შემთხვევაში – დაქვემდებარებასაც კი, რაც შესაძლოა ჭეშმარიტების წვდომის გზაც კი აღმოჩნდეს.

 პირველი, რაც მათ ახასიათებთ, ესაა რაიმეს გაცემის უნარიანობა: – თანხის, ნივთების, პროდუქტების, ტანსაცმლის, მაგრამ ეს ეხება როგორც საგნებს, ასევე პირადი სხეულის გაცემას, ამიტომ, მანდილოსანი, რომლის ჰიპოფიზიც მეტად გაატარებს მიწაში ტაბუირებული ველის სიხშირეებს, იოლად იხდის კაბას უცხო მამაკაცთანაც კი და მისი გაშიშვლებული სხეული ადვილად დასამორჩილებელი ხდება. ვიმეორებ: ქალის ასეთ საქციელს ირგვლივ არსებული ველის მომატებული გამტარიანობა ხსნის. ასეთი მანდილოსნები ადვილად ეგუებიან სხვადასხვა (უცხო) მამაკაცებთან ინტიმურ სიახლოვეს – ვითომც აქ არაფერია! ეს მათი სულიერი დაკმაყოფილების მცდელობაა, თუმც, ხშირ შემთხვევაში, ქალი მაინც ვერ კმაყოფილდება მრუშობით, რადგან სხეულის ფიზიკური გაცემა არ ნიშნავს სხეულის სულიერ დაკმაყოფილებას. სექსუალური აქტი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მცდელობას დააკმაყოფილოს პირადი ქვეცნობიერება და მასში კოდირებული სიმრუშე. საცოდავი ქალები, მე დღემდე ვამტყუნებდი მათ (თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ მრუშ ქალებს პასუხისმგებლობა ეხსნებათ).

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / ნესი (მარადი ბოზი)