მეგრელიშვილი გურამ 

შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე

 

ცხრიანი. კომპიუტერის ჯოისტიკი. კაცი ასკინკილა ხტუნაობს. უცხო ბებო ველოსიპედით კატაობს.

წვერიანი კაცი წევს, დიდი მკერდი აქვს. დილა მწვანდება. მთა. მთის იქეთ კიდევ მთა. იქეთ კიდევ მთა. ქართულის მასწავლებელი – სახელი და გვარი არ მახსოვს. ჩემი პირველი შეყვარებული ბაღში.

ბრინჯის ფაფა. სადარბაზოში ნარწყევია. ის კაცი ხტუნაობს და ხტუნაობს. ვიღაც ქალი მოდის და მეუბნება: – იქ წაგიყვან, სადაც ღმერთი არ არის, ღმერთი არ არის, ღმერთი არ...

 შენი პრობლემა

 იმაშია, რომ სამყაროში არ ცხოვრობ. ნებისმიერ საკითხს უღრმავდები, მაგრამ არ განიცდი. ადამიანობა თუ გსურს, გარედან კი არ უნდა უთვალთვალო ცხოვრებას, შიგნით უნდა შეხვიდე. შეიძლება გეტკინოს, შეიძლება გეწყინოს, შეიძლება ატკინო, შეიძლება აწყენინო, მაგრამ ამით არ მთავრდება ცხოვრება.

 სამყარო ბოროტია, ეს ფაქტია, მაგრამ სამყარო ბოროტია თვით შენში ისევე, როგორც თითოეულ ჩვენგანში. მთავარია მოიშორო დაძაბულობა, ბოლომდე გაიხსნა ყველაფრის მიმართ და დაკარგვის არ შეგეშინდეს. თუ დაკარგვის შეგეშინდება, მერე მთელი ცხოვრება ივლი შიშში.

 მოკლედ, ეცადე და შიგნიდან ამოტრიალდი, რომ ახლა უფრო მგრძნობიარე გაგიხდეს კანი, თორემ სასაცილოა შენი თანაგრძნობა, როცა იმ სხვას მხოლოდ აკვირდები.

 დახუჭე ერთხელ მაინც თვალი და ეცადე ყოველივე შეიგრძნო, კი არ გაიაზრო – შეიგრძნო; ან ადექი და უკუნით სიბნელეში მიიღე შხაპი!

 

 

 I თავი

 

 შენმა მეზობელმა გამოაკრა განცხადება, სადაც წერია:

 შაბათს, 19 ივლისს, 16 საათზე, კორპუსის ეზოში, ჩატარდება მობინადრეთა შეკრება. დღის წესრიგი:

 1. ეზო;

 2. სადარბაზო;

 3. ლიფტი;

 4. სახურავი;

 5. სარდაფი;

 6. ბავშვები;

 დასწრება სავალდებულოა!

 კორპუსის მოურავი

 წინასწარ იცი, რომ ზემოთჩამოთვლილ განსახილველ საკითხებს მიემატება საერთო ფულით ცხვრის ყიდვა და სახელმწიფოს ავ-კარგიანობის განხილვა. და გეცინება, რადგან:

 1. სულ ფეხებზე გკიდია სახელმწიფო წყობაც და მისი ავ-კარგიანობაც;

 2. იცი, რომ თუკი იყიდიან კიდეც ცხვარს, შენ სუფრას არ დაესწრები;

 3. კორპუსის მოურავი გძულს, რადგან:

 კორპუსის მოურავი ვაჟა [1]

 (წიგნის ბოლოს, დამატებებში, შეგიძლია უკეთ გაიცნო მონიშნული პერსონაჟი)

 ათეისტია და შენი აზრით, ძალიან ცივსისხლიანი და ზედმეტად პრაგმატული. არ მოგწონს მისი აგდებული დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. სულ სურვილი გაქვს ისეთი რამე შეემთხვეს, რწმენა ჩაენერგოს.

და ვითომ კარგია ურწმუნოების გამო რომ გეცოდება?

 იცი თუ არა, რომ ვაჟა შენგან უდიდეს სიძულვილსა და ზიზღს გრძნობს, მაგრამ თავში აზრადაც კი არ მოსდის, რომ ამ სიძულვილის მიზეზი მისი ათეიზმია. ვაჟა ათასგვარ ვერსიას უშვებს, თუ რატომ შეიძლება ვერ იტანდე ასე:

 1. რომ შელაპარაკება მოგივიდათ ერთხელ;

 2. რომ კორპუსის მოურავი ისაა და არა შენ;

 3. რომ ეჭვი შეგაქვს მის პატიოსნებაში;

 4. რომ ის კარგად ცხოვრობს, შენზე კარგად.

 ხედავ? უამრავი ვერსიაა, ოღონდ არცერთი მართალი და ამიტომ, რა თქმა უნდა, ვაჟა ინსტიქტურად თავდაცვის რეაქციებს ამჟღავნებს და ისე იქცევა შენი თანდასწრებით, უფრო და უფრო მეტ საბაბს აძლევს საეჭვიანოდ შენს მიერ დეტექტივად შერაცხულ ნათელას და ყველაფრის მოკრიტიკე ბადრის, რომელიც

 

 (კრიტიკოსი ბადრი) [2]

 ნებისმიერ საკითხში ეძებს ცუდ მხარეებს და მუდამ იმის ცდაშია, რამე ხინჯი უპოვოს და მიწასთან გაასწოროს. ლაპარაკი არ უნდა, ვერ იტან ბადრის, რადგან შენც ბევრჯერ მოუთხრიხარ თავისი გესლიანი ენით და უკვე დარწმუნებულიც ხარ, რომ თუკი ვინმე ცუდს იტყვის შენზე, წამომწყები ბადრია. თავისთავად, შენის მხრივ, ცდილობ დაასწრო ბადრის და საპასუხო დარტყმებს იმით აყენებ, რომ წინასწარგანზრახული ვითომშემთხვევითობით წამოიცდენ, თითქოს ბადრის გოგოსთან შენი ნაცნობის ნაცნობის მეზობელი საეჭვოდ მი-მოიარება. ცოტა სინდისი გქეჯნის, რა თქმა უნდა, როდესაც ბადრის გოგო

 

 ალალი ნინო [3]

 კორპუსთან გაჩერებული მანქანიდან გადმოდის და მეზობლები ათასგვარ საზიზღრობებს ჩურჩულებენ მასზე, მაგრამ თავს იმით იმშვიდებ, რომ ეს თავდაცვაა, ანუ სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ეს ასე არაა, რადგან:

 1. რაც ნინოზე გაავრცელე, მტკნარი სიცრუეა (ნაწილობრივ მაინც), იმიტომ, რომ იმ შენი ნაცნობის ნაცნობის მეზობელი იმპოტენტია და თეორიულადაც ვერ ექნებოდა სიახლოვე ნინოსთან.

 2. მანქანა, ნინო სადარბაზოსთან რომ მოიყვანა, შენ წარმოიდგინე და დედამისის ბიძაშვილისაა და არა საყვარლის...

 რაც შეეხება დეტექტივ ნათელას,

 

 დეტექტივი ნათელა [4]

 არ მოგწონს იმიტომ, რომ ერთხელ შენი გადაგდებული, უფრო სწორად, ლიფტში დატოვებული ნაგავი გაქექა, შენი პატარა ძმის სკოლის რვეულები იპოვა, სახლში დაგადგა, გამოგლანძღა და მერე, კრებაზეც საჯაროდ დააფიქსირა ეს შემთხვევა.

რა თქმა უნდა, შენ გსურდა არ ამოექექა ის შენი ნაგავი, ან თუ ამოქექავდა, ვერ ეპოვა შენი ძმის რვეულები, ან სულაც შენ ძმას არ ჩაედო ის რვეული, ან უკიდურეს შემთხვევაში ეპოვა, მაგრამ რადგან "შენი" იყო, გაჩუმებულიყო, ან კარგი, ნუ გაჩუმდებოდა, მარტო შენთვის ეთქვა – ასე და ასე მოხდა და ბოდიში, რომ გეუბნები, მაგრამ ნუ დაყრი ამის მეტს ლიფტში ნაგავსო! და რადგანაც ასე არ მოხდა, გაბრაზებულ გულზე, მავნე კოკა და ნარკომან გუგასთან ნათელას პოლიციის "კრუხობა" დააბრალე, ნუ დააბრალე რა, შენი ვარაუდი გამოთქვი, მაგრამ ეს ვარაუდი უკვე მტკიცებულების ტოლფასი იყო, რადგან კოკასაც და გუგასაც ჰაერივით სჭირდებოდათ ადამიანი, ვისაც თავიანთ დაჭერას დააბრალებდნენ (არა-და, ორივე მართლა შემთხვევით დაიჭირა პოლიციამ, როცა სადარბაზოში “პლანს” ეწეოდნენ). ამიტომაც

 

 მავნე კოკა [5]

 ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაწვავს ნათელას ჯიხურს. ამას ვერასოდეს ვერავინ შეიტყობს, მაგრამ უარყოფითი ენერგია ხომ არ იკარგება ბუნებაში? ეს ერთჯერადი აქტი ნათელას ნამდვილად ვერ მოაშლევინებს დეტექტივობის სურვილს, თუმცა შეიძლება სხვა რამ ნამდვილად მოხდეს: – შესაძლოა ის მართლაც პოლიციის “კრუხი” გახდეს და მერე კი ცუდად წაუვა შენს უბნელებს საქმე! თუმცა, ალბათ, ეს ნაკლებად გადარდებს, რადგან ისედაც ვერ იტან ვერც კოკას და ვერც ბევრ სხვას.

 შენ გგონია, რადგან კოკა მავნეა, – დებილიცაა, მაგრამ ეს ასე არაა. ის კარგად ხვდება (ყოველ შემთხვევაში მიხვდება მაინც), რომ ნათელა სულაც არ არის (იყო) "კრუხი" და, ბუნებრივია, მთელი მისი აგრესია შენზე გადმოვა. არა, შესაძლოა პირადად არაფერი გაკადროს, მაგრამ ხომ შეიძლება ერთ დღესაც შენი როტვეილერი მოკვდეს? ან შენ მანქანას საიდანღაც აგური დაეცეს? ან...

რა ვიცი, გააჩნია კოკას ფანტაზიას...

 

 ნარკომანი გუგა [6]

 კი, შანსს არ გაუშვებს ხელიდან არ გაგინოს უბნელებთან, ბოლოს კი, ალბათ მოხდება ისეც, რომ იჩხუბებთ. მშვიდობის მტრედი, დათო, გაგაშველებთ (შიგადაშიგ წაქეზებით), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევიან ჩხუბში გულგრილი თემო, სექტანტი კოტე და ქურთი თამაზი.

 

 გულგრილი თემო

 მართლაც და გულგრილია.

გულგრილი და ზე-ზედაპირული. სიმართლე რომ ვთქვათ, მას სულ ფეხებზე კიდიხართ შენც და შენთან მოჩხუბრებიც. შენ ყოველთვის გაღიზიანებდა თემოს ეს თვისება და მაგ დღეს უფრო მეტად შეგძულდება იგი. ერთი შეხედვით მართალი ხარ, რადგან ადამიანურად მარტო იქნები ჩხუბისას (მინიმუმ კოკა და ლეკო დაეხმარებიან გუგას და გჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ, მოდი, მეორე მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს: თავად შენც ყოველთვის ხუჭავ თვალს უსამართლობაზე, რომელიც უშუალოდ არ გეხება, ერთი თვის წინ, მაგალითად, ვითომ ვერ დაინახე როგორ გაასუფთავეს მეტროში შუახნის კაცი ჯიბგირებმა. ოთხი დღის წინ, არ ჩაერიე საუბარში, სადაც სექტანტი კოტე ადამიანური დამცირების ზღვარს იქეთ დაამცირეს. ორი კვირის წინ, გადაყლაპე როგორ თავხედურად ძალით კიდებდა შენს მიერ დასასვენებლად წაყვანილ მეზობელ ქალს შენი სოფლელი "ძველი ბიჭი" მკერდზე ხელს. მაშინ შენ უნდა ჩარეულიყავი (მითუმეტეს სტუმარს გიმცირებდნენ), რადგან ხვდებოდი, ქალი აშკარად თქვენს ოჯახს და პირადად შენ გინდობდა, ხმაურს რომ არ სტეხდა და მორჩილად არა, მაგრამ მოთმინებითა და ჩუმი წინააღმდეგობით იშორებდა უხეში მოძალადის ხელს ბარძაყებიდან.

 ასე რომ, ნუ გწყდება გული თემოს გულგრილობაზე, რადგან თქვენ ერთადერთი სიტყვა გაკავშირებთ მხოლოდ – მეზობლობა, თუმცა ეს ცოტაა.

 (ძალიან ცოტა, რადგან ასევე შენი მეზობელია

 

 სექტანტი კოტე [7]

 რომელიც შენი შეცოდების გარეშეც ცოდოა და რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ამცირებ მზერით.

რა თქმა უნდა, ვერ იტან მას იმიტომ, რომ ის სექტანტია, მაგრამ განა შენი რწმენა და რელიგია დამცირებას ქადაგებს?)

 მოკლედ, იჩხუბებ. ალბათ მოგერევიან და გცემენ. [გუგა და კოკა ზედაც არ შემოგხედავენ მერე, ლეკოს კი ამის მერეც ვეღარ მოიშორებ.]

 

 ქურთი თამაზი

 კი მხოლოდ იმიტომ არ მოგწონს, რომ ქურთია... [აქ ავტორი მხრებს იჩეჩავს და შემდეგ მუხლზე გადადის].

 გიმეორებ, შენი პრობლემა თავად შენშია და არც სამყაროა ისეთი ბოროტი გარეთ, როგორიც შიგნით გაქვს. ასე რომ არ იყოს, არ შეგეზიზღებოდა ამხელა ხარისხით

 

 მცოდნე ნელი

 რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაზე განათლებული თვითონ და მისი შვილები არიან. კი, შეიძლება თავი ყველაზე მცოდნე ჰგონია, მაგრამ განა შეიძლება ადამიანი ამიტომ შეიძულო? ეს იმას ჰგავს მავნე კოკას უთხრა: – ინვალიდო, რატომ ხარ ინვალიდიო! ასეთია და რა ქნას, თავი მოიკლას, თუ პატიება გთხოვოს, რომ ცალი ფეხი მოკლე აქვს?

 იცი, ადამიანი ყოველთვის ცდება, როცა რამეს სრულყოფილს უწოდებს, ამიტომ ნელი შესაძულებელი კი არა... არ არის რა, მოკლედ! არ შეიძლება ადამიანს ის ხუხულა დაუნგრიო, სადაც იმალება, უფრო სწორად კი, თუ დაუნგრევ, ბოლომდე უნდა გაუცამტვერო, რომ არაფრით დარჩეს და კარგად მი-მოიხედოს, შენ კი, შენ რას შვრები იცი? – ხან აქედან მოუძრობ ფიცარს, ხან იქიდან და ამით უარესად აფუჭებ საქმეს.

თუ, შენც თავი ყველაზე მცოდნე გგონია და... აა, მგონი ასეა, ასეა, კი! შენ წარმოიდგინე და ნებისმიერ ადამიანს ჰგონია ასე და შენ ამ ნებისმიერ მილიარდთაგან ერთ-ერთი ხარ.

 ერთი კი რაც ცხადი და სასაცილოა, ესაა გიორგის დანახვისას როგორ იცვლები. ეს იმიტომ, რომ

 

 მორწმუნე გიორგი [8]

 ავტორიტეტია შენთვისაც და ბევრი სხვისთვისაც, თუმცა სადღაც გულის სიღრმეში გაგიელვებთ ხოლმე – მაგის წარსულის მქონე ადამიანი ასე როგორ გამოსწორდებოდაო. მარხვა არა ისა, ნეტა შენა, ჭამე! ქალებს თუ არ შევხედავ, რა ჩემ ფეხებად მინდა!.. მღვდლის წვერებიც და მასთან მიმსვლელისაც!.. მაგას ის ვერ მოუნელებია... და ა.შ.

ბევრჯერ ითქმის კორპუსში, ეზოშიც და ისეც, ვიწრო შეკრებებზე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ გიორგის ერთადერთი დანაშაული შენთან (და თქვენთან) ისაა, რომ დილა-საღამოს ლოცვებს კითხულობს, თავისზე უმცროსებს ლუდის ბარში ეგზავნება, მართალიც რომაა – თმობს, შაბათ-კვირას ეკლესიის ეზოს უსასყიდლოდ ალაგებს, უცხოური ავტომობილი ყავს (თუ მორწმუნეა, გაყიდოს და ღარიბებს დაურიგოს, აბა! – შენი გამონათქ.), შვილი არ უჩნდება (ეგ ციხეში რომ აი, ის რა... იმის ბრალია – სხვების გამონათქ.) და რომ რაღაცნაირი ჩაკეტილია და "არც კარგს გეტყვის არც – ცუდს!"

 

 II თავი

 

 ჩემი მეგობრები დახოცილები ყრიან ვიტრინასთან შავი დრაკონი გადაიქცა თეთრ ცხენად ვიდეო გაფუჭდა სამას სამოცდათვრამეტი წადი შენი დედაც ჯეკ დამპალო ნაბიჭვარო ყელამდეც ქაქში ხარ სადარბაზოში ნარწყევია ვიღაცა ქალივით დიდმკერდიანი კაცი ლიფტში ფსავს რატომ ვანაგვიანებთ ეზოს მგელი და პიტბული ჩხუბობენ კირჩხიბი მკბენს მკბენს მკბენს ქალი უმაღლესი მატერიაა

 – იმ დღეს კიდევ, შენი დიდი ხათრი მაქვს ბადრი, მარა შენთან (თუ შენ გოგოსთან) რომ კაცი იყო, აი, ქალივით დიდი მკერდი რომ ჰქონდა, შიგ ლიფტში ფსავდა!

 – კარგი რა, ნათელა, შენ შენი ძაღლისათვის ვერ მიგიხედია, ყოველ დილით, კარის წინ, რომ ქაქებს მიხვედრებს!

 – იცით რა, ხალხო? ასე არაფერი გამოვა! მოდით ყველამ საკუთარი თავით დაიწყეთ!

 ეზოში დგანან შენი მეზობლები და კრებობენ. მოურავი ჯერ არა ჩანს. ვაჟა პუნქტუალურია და არც დააგვიანებს და არც ადრე მივა, ამიტომ დგას სადარბაზოში საათს დასცქერის და ელოდება, როდის გადაიქცევა 15:55 – 16:00-ად.

 გულგრილი თემო ფანჯრიდან გადმოხედავს ხალხს, – ცხვრები! – ჩაილაპარაკებს და ტელევიზორთან შედის.

 ნარკომანი გუგა ბალახს აშრობს: – დავბოლდეთ და ვიკაიფოთ ჰა, ჩემო კოკა, ერთი რას იტყვიან, ეგ ჩემისები, არა? ჰა, ჰა!

 წურბელა ლეკო თანამოაზრეებს აგროვებს, რომ კორპუსის საერთო ფულიდან ცხვრის ყიდვა მოითხოვონ.

 ქურთი თამაზი ცხვირს იქექავს და ცალ ფეხს ეყრდნობა.

 შენ ირონიულად იღიმი და ვითომ ეს ყველაფერი გკიდიააა!

 ნინო სამსახურიდან მოდის, გზაშია!

 ლევანი ჩანთით დგას და ვერ გადაუწყვეტია გაბედოს და ამოიღოს თავისი სექტის ჟურნალები და იქადაგოს, თუ არა, სანამ კრება დაიწყება.

 ნიკა წვერს იპარსავს და ახალი ქალის აღსანიშნავ მელოდიას ღიღინებს.

 გიორგი ეკლესიას ალაგებს.

 მზე კირჩხიბის ზოდიაქოში დგას.

 ჰაერის ტემპერატურა 280-ია.

 დასავლეთიდან შავი ღრუბელი მოდის, წვიმას აპირებს.

 ბავშვები კალათბურთს თამაშობენ.

 

 III თავი

 

 რას გადამეკიდა ეს 09? ტელეფონის ნომრებში ურევია.

შემთხვევითობაა, ვითომ? ხელოვნურად გამოყვანილმა სიმინდებმა ბუნებრივები შეჭამეს.

 ქალია და ელექტრო მკერდი აქვს. ვიღაც ბებო სავარძელში იფსავს.

ჩუმად დადიან შავი კაცები, შავი ხელები აქვთ, შავად გვნომრავენ, მე სამასსამოცდათვრამეტი ვარ!

 

 

 ეზო

 

 სავსეა ნაგვით, ხალხო და არავინ ყურს არ იბერტყავთ. კრება და მიტინგი სჭირდება იმას, რომ ჩამოვიდეთ კვირაში ერთხელ და დავალაგოთ?

 – ვერ გავიგე, თამაზამ ზევიდან ყაროს ნაგავი და მე ვხვეტო? ან, შენი გოგო ჩამოვიდეს და იმან ხვეტოს, ჩემო ბადრი, სიტყვით რომ გამოდიხარ!

 – თამაზა რა შუაშია, ვის დაუნახია რო მე-ჩვენ ნაგავი გადმოგვეყარა? არ შეიძლება, იმ დღისა არ იყოს, ლიფტი თამაზას ბიჭმა გააფუჭაო და რაღაცა ეგეთები!

 – მე მომხრე ვარ ეზოდან აილაგმოს გარაჟები, ბაღები, ავტონაწილები, ბუტკა-ჯიხურები და გაკეთდეს ნორმალური სკვერი, სხვათა შორის, ევროპის...

 – რა ევროპა, რის ევროპა, ნაყიდი მაქვს მე ეს ადგილი და არაფერსაც არ ავიღებ. შენ რა, მანქანა არა გყავს და მიდიი!.. მე რა ვქნა, სადარბაზოში, კარის წინ დავიყენო მანქანა, თუ სპალნაში?

 – იმიტომაა რა, არ უნდა იყოს ქურდობა და...

 – ხალხო, ერთი რამე მინდა გითხრათ! ეზო, ისევე როგორც დანარჩენი რაღაცეები, ყველასია, ამიტომ... ეს კალათბურთის ფარი რაღა ჯანდაბაა, ვერ გავიგე?! დღე და ღამე თამაში, თამაში... მე ჩემს ძველ უბანში შუადღისით მეძინა ხოლმე, აქ კი... თქვენ რა, თქვენ ზევით სართულებზე ცხოვრობთ და მე კიდე...

ბახ-ბუხ, აქედან-იქედან, შენი დედა, ჩემი დედა, იმის დედა, ყურები წაიღეს რა!

 – მართალია! იმ დღეს, უბანში რომ სვამდნენ ბიჭები, სახელს და გვარს არ დავასახელებ მარა (თვალს აპარებს კოკასკენ და გუგასკენ) ისეთ დღეში იყვნენ, ლამის...

 – ნათელ... ქალბატონო ნათელა, იცით რას გეტყვით? – ახალგაზრდები ვართ და ეხლა გვაქვს მაგისი დრო, თორე თქვენხელა რომ გავხდებით, მერე...

 – მე რა ბებერი მნახე, ვერ გავიგე, ამას უყურე, ამ თავხედს!..

 – ქალო, იცი რას გეტყვი? – ეს ეზო, როგორც შენია – ისე ჩემია. მინდა ვიყვირებ, მინდა – ვიგინებ!

 – ხო, მარა შვილო გუგა, ჩვენც ხომ უნდა გვცე პატივი?!

 – დიახ, ნელი დეიდა, მაგრამ ჩემს უბანში თუ არ შევიგინე, სხვაგან აბა სულ არ შემაგინებინებენ.

 – კარგი, ეს რაც შეეხება ეზოს, ახლა

 

 

 ლიფტი:

 

 ლიფტი, ყველას მოგეხსენებათ, როგორც გავაკეთეთ. ბევრმა ჩვენგანმა ფული არც დადო და ახლა პრეტენზიებს გამოთქვამს, რატომ ირთვება ღამეო, რატომ ფუჭდებაო, ფასიანი რატომ არისო და ასე შემდეგ. მე, ჩემო კარგებო, სულაც არ მეხალისება დილა-საღამოს ჩართვა-გამორთვა, ფულის ამოღება, ლიფტიორთან სირბილი, დენზე სირბილი და ასე შემდეგ, მაგრამ, რადგანაც საერთო საქმეა, რადგანაც ჩემ თავზე ავიღე, ვალდებულიც ვარ ბოლომდე მივიყვანო. ზოგ-ზოგიერთები ცილსაც მწამებენ, საერთო ფულიდან იპარავსო და რაღაცეები, მაგრამ ღმერთია მოწამე და... მე წინადადებას ვაყენებ, ვინმე სხვამ იტვირთოს ეს საქმე და...

 ეს ერთი და რაც შეეხება თავად ლიფტს, ლიფტი, ჩვეულებრივი მექანიკაა, მანქანა და როგორც ყველა მანქანა, ისიც შეიძლება თავისით გაფუჭდეს მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეო, ჩვენც ვუწყობთ ხელს, კერძოდ, უკვე მერამდენე დღეა მეოთხე სართულზე იჭედება.

აი, ნათელა, შენ გცოდნია ვინ ჭედავს ლიფტს და!..

 ნათელა: – დიახაც, ვიტყვი! სამი დღე ვუთვალთვალე და მაინც დავიჭირე ბოლოს. შენი შვილი იყო, ვაჟა, თემოს სტუმარი და ნელის შვილიშვილები. ერთი საათი იყვნენ ლიფტში და რომ დავადექი თავზე, რას აკეთებთ-მეთქი და გოგას ველოდებითო. კარებებსაც აწვალებდნენ და რაღაცეებიც!..

 ნელი: – მე არ ვიცი ჩემი შვილიშვილები მართლა იყვნენ თუ არა, მაგას ჯერ დაზუსტება სჭირდება...

 ნათელა: – მე არ მენდობი და ათი წლის ბავშვს ენდობი?

 ნელი: – მაგრამ ლიფტის კარებებს რომ ალუმინებს ხსნიან, ესეც ჩემი შვილიშვილები არიან? აგე თემოს დაუჭერია ფაქტზე, ვინც ხსნიდა, ჩვენი კორპუსელები ყოფილან და ჩამოვიდეს და დაასახელოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ, ვინ იპარავს ალუმინებს, ვინ გვიტეხავს სარდაფებს, ვინ შარდავს სადარბაზოში და ასე შემდეგ.

 ხალხი: – თეემო! თემოო!

 თემო: – რა არის?

 ხალხი: – თემო, შენ დაგინახია ვინ მოიპარა ალუმინები იმ დღეს და... თქვი, რომ გავარკვიოთ რა!

 თემო: (ხელს აიქნევს და შედის).

 ხალხი:

 – ვითომ ეგ ჩვენი კორპუსელი არ იყოს, რა!

 – მეორეზე ცხოვრობს და რაში აინტერესებს ლიფტი?

 – ვაიძულოთ, რომ თქვას!

 – ადი, ერთი დაუძახე, ჩამოვიდეს, ვის აუქნია ხელი, მაგას ვიღაცა ხო არ ვგონივარ, ბიჭო?!

 – აი, აი, ასეთები ღუპავენ საქართველოს!

 და ასე შემდეგ.

 

 

 სადარბაზო

 

 ნაგვით რომაა სავსე და ვიღაცეები პარკებს პირველ სართულზე რომ აყუდებენ და ვირთხები რომ მირბი-მორბიან და ნაშარდ-ნარწყევის სუნი რომ დგას, ამას რა ვუშველოთო, უთქვამთ კრებაზე.

 რა ვუშველოთ და განცხადება გამოვაკრათ, ვინც ნაგავი დაყაროს, იმის დედაო, გამოუთქვამს ერთს აზრი და დაუცინიათსავით.

 რიგ-რიგობით ვიყარაულოთ და ერთხელაც ვინმე როგორ არ დააგდებს და დავიჭერთო; დავიჭერთ რა, ვის დავიჭერთ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ყრის და საკუთარ თავს ხომ არ ჩავუსაფრდებითო; მაშინ ხომ ყველანი აქა ვართ და კაცურად, გინდაც ქალურად, თუ უბრალოდ ადამიანურად, გთხოვთ, ნუ დაყრით რა ამ ნაგავს, ისევ ჩვენ არ გვაწუხებსო? ეგ ნაგავი ისევ დაბალი სართულების დაყრილია, თორემ ვინც ზევიდან ჩამოვა და აქამდე ჩამოიტანს, ის ბარემ გადაყრის კიდეცო.

ეგ რა შუაშიაო? იმ შუაშია, რომ თუ დაყრა მინდა, ზევიდან გადმოვყრი, აქ კი აღარ ჩამოვიტანო. იქნებ ბოროტი ხარო? ბოროტიც ხარ და მავნეც და ყველამ თავ-თავის ოჯახს მიხედოსო და ძლივას გაუშველებიათ.

 მერე ვაჟას სარდაფის საკითხი დაუყენებია:

 

 

 სარდაფი

 

 წყლით ივსება, ხალხო! რა გვინდა, საძირკველი დაგვილპეს და წაგვექცეს ეს კორპუსი?

 – ”ვაი, რა ბოძი წაგვექცა, სახლ-კარი თავზე დაგვექცა” – შეაშველა ნელიმ.

 – ჰო, დღეს შაბათია, ხვალ კვირა, ზეგ წავიდეთ ერთი ხუთი-ექვსი კაცი წყალკანალში, მოვიყვანოთ მუშები და ბოლო-ბოლო გავარკვიოთ საიდან დგება ამდენი წყალი.

 – წიგნები მქონდა, ხალხო, იმდენი წიგნები, სულ წყალმა დამილპო.

 – შე კაცო, პადვალში წიგნებს რა უნდა?

 – სახლში ვეღარ ვატევდი.

 – აა!

 – ჰო-და, იქნებ მოვუხერხოთ რამე?!

 – ვაჟა, რად უნდა მაგ საქმეს ხუთი-ექვსი კაცის წასვლა, წავიდეს ერთი და ის შეუთანხმდეს.

 – შენ წადი მაშინ!

 – მე ვმუშაობ!

 – რას ჰქვია მუშაობ? ჩვენც ვმუშაობთ! მოკლედ, სარდაფის საკითხიც გადაწყდა; დარჩა

 

 

 სახურავი,

 

 რომელიც რატომღაც ყველას არ მიაჩნია თავისად.

 – რა წაიღეთ ტვინი ამ სახურავით, მე სულაც არ მეხება მაგის გაკეთება, ადგეს და ბოლო სართულმა გააკეთოს.

 – აბა ვის ეხება, ვერ გავიგე? მაშინ გამოუშვებს ის ბოლო სართული წყალს და ნელ-ნელა ჩამოაღწევს შენამდეც.

 – ეგ-ღა მაკლია რემონტი გამიფუჭონ, გავაკეთებინებ თავიდან!

 – რანაირად ლაპარაკობ, ნელი? თავი შეგნებულ და განათლებულ ადამიანად მოგაქვს და რეებს ამბობ, ჰა?

 – თქვენ ცოტა სიტყვები მოზომეთ და უმჯობესია სხვისი ნაგვები ქექეთ!

 – მართალს გეუბნება, ქალო, მაშინ მოხსენი ის შენი ანტენა და დაიყენე სახლში!

 – სახლში არ აჩვენებს!

 – აი, დარდი!

 – ხალხო, საჩხუბარი რა არის, დაველოდოთ არჩევნებს და გააკეთებენ.

 – ვინ გაგიკეთებთ, ნეტაი თქვენ, რა!

 – მოკლედ, გადაწყდა.

დარჩა

 ბავშვები.

 ბავშვები თქვენია, ხალხო! რაღაცა მოუხერხეთ ამ ბავშვებს, რაც ფუჭდება, ყველაფერი მაგათი ბრალია.

 გუგა: “– ყველაზე მეტს ახლა ის იყვირებს, ვისიც აფუჭებს!”

 ვაჟა: “– ბავშვები კარგია, მაგრამ წესრიგი ხომ არ უნდა დაირღვეს?”

 ნინო (შემოესწრო): “– ბავშვები! ოღონდ ეგენი იყვნენ და გააფუჭონ, რას გააფუჭებენ ისეთს?”

 ნელი: “– ჩემი შვილიშვილები არაფერ შუაში არიან, აგე, ნათელასი აფუჭებს და!..”

 ნათელა: ”– ერთი უნდა დავუდარაჯდე, ოღონდ წავასწრო მაგის შვილიშვილებს და მერე რაღას იტყვის, ეს გაბღენძილი, ყურებით რომ ავუთრევ იმ გადარეულებს!”

 თემო: (არაფერს არ ფიქრობს, ტელევიზორს უყურებს!)

 კოტე: “– ბავშვების აღზრდაზე რა ლიტერატურა მაქვს?”

 ნიკა: “– ისე, ნინოს, მომენტ, არა უშავს. ნეტა, მართალია რასაც მაგაზე ამბობენ?”

 კოკა: “– ბავშვები იყო, ბადრის ნაცნობი ლიფტში რომ ფსავდა? მეც ეგრე მაბრალებდნენ ყველაფერს, ეს ახვრები!”

 გიორგი (შემოესწრო): “– გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ, მოვიდნენ, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი! მათე 19, თუ 20, თუ 18? ერთი ვნახავ სახლში!”

 ბადრი: “– ეხლა ყველა სხვის შვილზე დაიწყებს მსჯელობას; საკუთარ თვალში გვირაბს ვერ ამჩნევს ვერავინ.”

 თამაზი: “– ამ ჩემს შვილებს არც ცემა შველით, არც მოფერება, რო გამლანძღონ, აკი ვარ ღირსი?!”

 ლეკო: “– სანამ დაიშლებიან ცხვარზე ჩამოვაგდო ბაზარი, თორემ ესენი არც იფიქრებენ!”

 . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . . .

 

. . . . . .

 იწერება სამოქმედო  გეგმა:

 

 1: ეზო დასუფთავდეს ჩვენი ძალებით;

 2: ლიფტი მოწესრიგდეს;

 3: სადარბაზოდან ნაგვის გატანა 7 ლარი;

 4: სადარბაზო 50 ლარი;

 5: სახურავზე სექტემბერს დაველოდოთ და თუ არ გააკეთეს, მერე დავიწყოთ ნელ-ნელა!

 მერე მიდის მსჯელობა სახელმწიფო წყობაზე, მთავრობაზე და როცა ლეკო ცხვარზე ჩამოაგდებს სიტყვას, კაცებს გამოცოცხლება ეტყობათ, მაგრამ წვიმის წვეთი ეცემა ერთ-ერთს. ჯერ ზევიდან გადმოფურთხებული ჰგონიათ და გინების ატეხვას აპირებენ, მაგრამ მერე უცბად დაუშვებს და დაუშვებს და ყველანი სადარბაზოსკენ გარბიან თავქუდმოგლეჯილები!

 

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / შენი გამოკვლევა მეზობელთგამოკვლევის საფუძველზე