მეგრელიშვილი გურამ 

 

ძმები

 

 

 

 ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.

 – რა მოხდა? –ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო.

 ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.

 "იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!" – ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს.

ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!

 – რა უფლებით, რა უფლებით, რომელი უფლებით?- თვალებისცეცებით ფიქრობდა ვართანი. თვალებისცეცებით და დაბნეული, რადგან საკუთარ თავთან განმარტოებულსაც კი, იმის შიში კლავდა, რომ ძმა მიუხვდებოდა ნააზრევს და ან დასჯიდა, ან... ან რაც ყველაზე საშინელება იყო – გაიცინებდა! სიცილი კი, ოო, სიცილი ამაზრზენი იცოდა, მოჭრილ თითზე მტკივნეული და საშინელი.

 და თუმც ასეთ წუთებში მზად იყო საკუთარი ხელებით მიეხრჩო სახეგადაფლაშული, ნაიარევლოყიანი, ბრტყელშუბლა ლეო, ვართანი საოცარი მოთმინებით უცქერდა ძმას, რადგან "წესით და რიგით" უნდა მოეთმინა – თვითონ ხომ უფროსი იყო!

 ვართანსა და მის ძმას – კნაჭა ლეოს შორის. რვა წელი იყო სხვაობა.

 იანვრის იმ ცივ ღამეს, როცა ლეო დაიბადა, დიდი თოვლი მოვიდა.

ბებიაქალმა თავქვედაკიდებული შეუყვანა მიმლოდინე მამას და ბიძებს ბავშვი და მიახარა – ბიჭია, ბიჭიო. ვართანის მამამ, დიდულვაშა, ცალთვალა კაცმა ორლულიანი თოფით ამცნო სოფელს მეორე შვილის შეძენა. სოფელიც, თითქოს კარებთან ჩაცუცქული ელოდა ნიშანსო, ორიოდ წუთში გაჩნდა მათსას და წინასწარ გამზადებულ სუფრას ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ მიუსხდა. მამამ წითელი ღვინო ჩამოდგა სუფრაზე და ლხინი უბრძანა სტუმრებს, ასე რომ, ეშხში შესულ მოქეიფეებს არც კი შეუმჩნევიათ, როგორ გავარდა გარეთ უქუდო და უქურთუკო ვართანი.

 მერე, როცა თოვლში პირქვეჩამხობილი იპოვეს, დედა ამშვიდებდა და თან ოდნავ აყვედრიდა შვილს – ისე გაიქეცი, ერთხელაც არ დახედე ძმას, რა ლამაზი ბავშვიაო. არადა, ვართანმა სწორედაც რომ შეხედა, შეხედა კი არა, თვალებით გაბურღა გატყავებული ცხვარივით თავქვედაკიდებული, აღნავლებული ლეო, უშნო, დახლართული და გაწითლებული სხეული მუწუკებით რომ დაფარვოდა. დახედა და უმალვე გაიქცა.

და, თუმცა, სად მირბოდა თავადაც არ იცოდა იმ წუთას, რომ არ გაქცეულიყო, ისეც არ იქნებოდა. კარგად უწყოდა, უწყოდა კი არა, ხვდებოდა და ამიტომაც გაიძურწა, ვიღაც ზონზროხა კაცის ზურგს ამოფარებული.

 კარები როგორც კი მიხურა, ერთბაშად შეცივდა სითბოდან გამოსულს და ერთი პირობა გაიფიქრა თბილად ჩავიცვამო, მაგრამ უმალ მიხვდა – შეამჩნევდნენ და მერე იმავე ჰაერის სუნთქვა მოუხდებოდა, რითაც მისი ახალშობილი მტრის ფილტვები ივსებოდნენ.

 მირბოდა ბავშვი წელამდე თოვლში და მუხლი ეკვეთებოდა. დაღლილი არ იყო – ჯერ მეზობლის ეზოსაც არ გასცდენოდა, ძალა კი აღარ ჰქონდა. ბარდნისო, გაიფიქრა, როცა პირქვე ჩაემხო თოვლში და გაუხარდა – ორიოდე საათიც თუ მაინც არ გაახსენდებოდა ვინმეს, ისე ჩაეფლობოდა და ჩაიმარხებოდა ნამქერში, ვეღარავინ იპოვნიდა, ან თუ იპოვნიდა და რაღა დროსი იქნებოდა!

 მაგრამ იგი მაინც გაახსენდათ. არა, მამასა და სტუმრებს სად ეცალათ მისთვის, ღვინოგამჯდრები სასმისებს კოცნიდნენ, მაგრამ დედამ, არაქათგამოცლილი რომ მისვენებულიყო ბალიშზე, უფროსი შვილი მოიკითხა – ძმა ვაჩვენოთო. მოიკითხა და ამიტომაც დაუწყეს დიდიან-პატარიანად ძებნა რვა წლის ვართანს.

საგანგაშო რა უნდა ყოფილიყო წესით, უკვე დიდი ბიჭი იყო, მაგრამ ქალმა აიხირა რაღაცას აუტეხს თავსო.

 სტუმრები ზლაზვნით წამოიშალნენ სუფრიდან და გარეთ გავიდნენ. ეზოში უფრო ბევრი გამოჩნდნენ და მართლაც ბევრნი ყოფილან, რადგან ორიოდ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი დაადგა პირქვეჩამხობილ ბავშვს, სახე და ყურები ერთიანად რომ გასწითლებოდა სიცივით.

 მამამ მოსულიერება არც აცალა, ისე უთავაზა მაგარი სილა და სად მიეთრეოდიო, ჩასძახა, მაგრამ ვართანს ლაპარაკის არც თავი ჰქონდა, – არც სურვილი.

 და მერე, როცა აკანკალებული და ჩუმად აცრემლებული დედამ ჩაიწვინა ლოგინში, რაღაცნაირად შერცხვა საკუთარი საქციელის და სინანული იგრძნო, ასე რომ ააფორიაქა ყველა. თუმცა, ისიც უხაროდა, სხვების ყურადღება წამით კვლავ რომ მიიპყრო. ხოლო ღამით, როცა პატარა ლეომ წამოიტირა და დედამ ძუძუ მისცა ახალშობილს, განსაკუთრებული ზიზღი და სიძულვილი აღარც უგრძვნია ძმის მიმართ, თუმცა თავი მაინც მოიმძინარა, რადგანაც რაღაცნაირად არ სურდა დედას ჰგონებოდა, თითქოს ამ სიახლეს, მისი სითბოს მიმსაკუთრებელს შეეგუა.

 მანამდე კი, ქალს მაგრად ეკვროდა, სიმწრითა და სიცხით გამოსულ ოფლს ხარბად ლოკავდა ცხელი, ახლადნამშობიარები სხეულიდან. და სიცივისგან დამზრალი თითები დედის დამცხრალ, დაპატარავებულ მუცელზე შეხებით იბრუნებდნენ ადამიანურ ტემპერატურას. უკვე გამთბარიყო მისი პატარა სხეული.

დაქანცულს უნდა დაეძინა წესით, მაგრამ ჯერ ძილამდე შორს იყო, ჯერ გული უნდა ეჯერა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ დედა მთლიანად დაიბრუნა, რომ საფრთხემ ოდნავ მაინც იკლო. ის გამალებით აჭერდა ქალის ჭიპს თითს, თითქოს სურდა მთლიანად გამოედევნა ძმის ნარჩენები, რათა ხელმეორედ არ განაყოფიერებულიყო დედის საშო.

 დედა ღიმილით უსმევდა ეჭვიან შვილს თავზე ხელს და დაღლილი ხმით ეუბნებოდა, შენ თავს ვერავინ შემიცვლის, შენ ჩემი პირველი სიხარული ხარო. ეს სიტყვები საოცარი სისწრაფით აღწევდნენ ვართანის ყურებში და იქ ჩარჩენილ თოვლის ნარჩენებს უცბად ადნობდნენ. ყურებიდან წყალი ლოყაზე ცურდებოდა, ლოყიდან კი ქალის მკერდზე და ქალი კრთებოდა. უცხო, უხეში კაცის თითებივით ცივი წყლის შეგრძნება აღიზიანებდა, მაგრამ განძრევისაც ეშინოდა, თითქოს ბეღურა ეჯდა საკენკდაყრილ ხელისგულზე.

 მისი მართლა ბეღურასავით გატვრენილი შვილი კი სიამოვნებისაგან იბადრებოდა და ამაყად უცქერდა დედის იღლიაში შეყუჟულ პატარა ძმას, უდარდელად რომ მანჭავდა ტუჩებს.

 ვართანი გრძნობდა როგორ აკრთობდა ქალს მისი ყურებიდან ჩამოსული გამდნარი თოვლის წვეთები.

გრძნობდა, მაგრამ იმ წუთას, ყველაზე მეტი მასში ეგოიზმი იყო. შეცნობა იმისა, რომ დედაც იტანჯება ცოტ-ცოტა მხოლოდ იმისთვის, რომ შვილს ასიამოვნოს, გულს უმშვიდებდა ბავშვს.

 პატარა, პირდაფჩენილ ლეოს კი არაფერი ადარდებდა. როცა მოშივდებოდა, ერთს წამოიკნავლებდა და თბილ, ნოყიერ რძეს იღებდა. მე თუ მაწოვებდი ძუძუსო, ეკითხებოდა ვართანი დედას და იმედით შეცქეროდა. დედა თვალს არიდებდა და უბრალოდ თავზე უსმევდა კაცივით ფართე და გრძელ თითებს.

 როგორ იტანჯებოდა მისი უფროსი შვილი, ქალი ხვდებოდა, მაგრამ რა ექნა იმას კი – ვერა. მართალია ვართანი პირველი სიყვარული იყო, მაგრამ რანაირად შეეძლო განესხვავებინა იგი ლეოსგან – განა ერთიცა და მეორეც საკუთარი საშოთი არ ეტარებინა? მერე რა, თუკი პირველი სხვა კაცისგან ჰყავდა და მეორე სხვისაგან.

ეს, მის გარდა, არავინ იცოდა და ვერც ვერავინ გაიგებდა, რადგან თავად ქალი არაფრის თქმას აპირებდა.

 არა ლეო ქმრისგან იყო, მაგრამ მისმა უჟმურმა, უცხვირპირო მეუღლემ არც კი იცოდა უფროსი ერთი ღამის მოპარული სიყვარულის ნაყოფი რომ იყო. არ იცოდა და არც იყო საჭირო გაეგო, რადგან მეორე შვილის შეძენის შემდეგ რაღაცნაირად ცუდი თვალით დაუწყო მამამ ვართანს ყურება. ქალს იმისი კი არ ეშინოდა, რომ ქმარი მოკლავდა, იმისი შიში უფრო ჰქონდა, რომ უფროსი შვილი სამუდამოდ დაეღუპებოდა. ამიტომაც დუმდა მთელი რვა წელი და მერეც – სიკვდილამდე. არადა, რამდენჯერ, როცა ნასვამი კაცი ღამის ქოთნის მოტანას ავალებდა და უყვიროდა, რამდენჯერ მოსწყურებია ქალს ყველაფერი მიეხალა. არა უცბად კი არა, ნელ-ნელა და ჩურჩულით, შემპარავად ეთქვა ქმრისათვის: იმას, ვისაც გვარის გამგრძელებლად თვლი, შენი სისხლისა წვეთი არა აქვსო.

ოო, როგორ ხიბლავდა ყველაფერ ამის გამხელის სურვილი, მაგრამ რაღაცა საოცარი ძალით იკავებდა თავს და კაცის რისხვას და უსამართლო სილაქებს ითმენდა.

 შენ ტანჯვად ისიც გეყოფა, სხვის შვილს საკუთარად რომ მიიჩნევო, ფიქრობდა ქალი და დუმდა.

 ქმარმა კი რაღაცა მაინც იცოდა, რაღაცაზე მეტს ხვდებოდა, მაგრამ იმ კაცივით იყო ჩუმად, თოთხმეტი წლის ბავშვს რომ მოიყვანს ცოლად და შერცხვენილი კი შეხვდება. უფრო კი იმიტომ არ იღებდა ხმას, რომ გვიანაც მიხვდა – მაშინ, როცა ვართანი უკვე ორი წლის იყო. მიხვდა და შეეშინდა, რომ სხვა გაიგებდა და მერე მორჩა – სამუდამოდ მოეჭრებოდა სოფელში თავი.

 უსამართლოა ეს წუთისოფელი, ფიქრობდა კაცი და ჭმუნვა იპყრობდა ეზოში უდარდელად მოთამაშე ვართანის დანახვისას. მას რაღაცნაირად სძულდა ეს ბავშვი და თანაც...

უყვარდა! სძულდა იმიტომ რომ სხვისი ნაშიერი იყო, სხვისი ცოდვების და მადლის მატარებელი, სხვისი სიამოვნების ნაყოფი და თესლი. უყვარდა კი იმიტომ, რომ მეტი გამოსავალი აღარც ჰქონდა, მისთვის შვილი იყო ქონების და მთელი ავლა-დიდების მემკვიდრე, მართალია სხვისი ლეკვი, მაგრამ მის ეზოში, მისი პურით გაზრდილი და მისად წოდებული. ეს კი ბევრი იყო, ბევრზე მეტიც, რადგან, როცა შექმნის თავი არა გაქვს, სხვისი უნდა მიითვისო, იშვილო, მოიპარო, ან მიისაკუთრო. მას კი "უნაყოფო" კაცს რაღაცით გაუმართლა, რომ ასეთი ,,სხვისი" მისად საღდებოდა და ახლა აყალ-მაყალისა და გარჩევების დრო აღარ იყო, მთავარი ის გახლდათ საიდუმლო შენახულიყო. იქნებ ამიტომაც თუ იყო, რომ თითქმის არასდროს გაწყრომია ვართანს, დაყვირება რომ დაყვირებაა, ამისგანაც თავს იკავებდა და ანებივრებდა ბავშვს.

 პირველად მაშინ, ლეოს დაბადების დღეს გაარტყა მხოლოდ და მთელი ამ ხნის გამავლობაში ნაგროვები სიცრუე და მოჩვენებითობა ერთ წამში გაქრა – ბოღმა ამოინთხა, და ამ ამონთხევამ თოვლისა და სიცივისგან დამზრალი ბავშვი გამოაფხიზლა და ეს უკანასკნელიც შიშნარევი გაკვირებით შეაცქერდა მამას.

 მამა კი, იმ დღისით, გამარჯვებას ზეიმობდა ,,სხვისაზე საკუთარით" გამარჯვებას.

ამადაც იყო მისი რისხვა ულმობელი. ახლა უკვე დარწმუნებული იყო უცხო თესლს რომ აღარ მისცემდა ბინას, სითბოსა და საკვებს და უფრო მეტად კი იმას ხარობდა, თავის მსგავსს რომ ტოვებდა დედამიწაზე, თავისნაირს, მისი სისხლისა და ბალღამის მატარებელს, წითლად აღაჟღაჟებული საცოდავად რომ ღნაოდა. ეს ღნავილი იყო კაცს ცხოვრებას რომ უხანგრძლივებდა, რადგან ღნავილი არსებობის მანიშნებელი გახლდათ, მას კი, მას ხომ ასე ძლიერ სურდა სიცოცხლე დაეტოვებინა დედამიწაზე!

 იქნებ ამიტომ თუ იყო ღამე, როცა უეცრად გაეღვიძებოდა, ცოლ-შვილის მშვიდ სუნთქვას ყურს მიუგდებდა, მაგრამ ქალის ხმამაღალი ფშვინვა ბავშვისას ფარავდა. შეშფოთებული წამოხტებოდა, მაგრად შეაჯანჯღარებდა პატარა ლეოს და როცა ეს უკანასკნელი საბრალოდ ატირდებოდა – მშვიდად ამოისუნთქავდა. მართალია, თავადვე ეცინებოდა ამ უსაფუძვლო შიშზე, მაგრამ მაინც, მეორე დღესაც იგივეს იმეორებდა და ცოლს მუჯლუგუნს ჰკრავდა, ბავშვს მიხედეო.

 ცოლი კი თვალებისფშვნეტით, ზლაზვნით წამოიწეოდა, ბუზღუნს მოყვებოდა, თითქოს მართლა ის ის იყო გაღვიძებოდა, არადა ქალმა მშვენივრად უწყოდა რა აშინებდა ქმარს და კარგა ხნით ადრე გამოფხიზლებული განგებ იქცეოდა ასე.

 კაცი ვერაფერს ხვდებოდა და როცა დედა ბოლოს-და-ბოლოს დააძინებდა ბავშვს, საბანს ხდიდა და ზედ აწვებოდა.

მერე როდესაც ზურგს შეაქცევდა ცოლს, ეს უკანასკნელი გულში იცინოდა აქოშინებული ქმრის გამგონე, ჩაძინებას რომ ცდილობდა.

 მშობლების ფაფხური და ძმის ღნავილი ვართანსაც ესმოდა და ისიც ისე გაისუსებოდა, როგორც ხელმოცარული მონადირე, სახლში მიმავალს გზაში ნადირის ხმა რომ შემოესმება. გაისუსებოდა ხოლმე და რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც, როცა დედის კვნესას და მამის ხვნეშას გაიგებდა. სულ ძმას აბრალებდა ყველაფერს. მისი ტირილის გამო თუ სჯისო მამა დედას, ფიქრობდა და სიძულვილი აღნავლებული ლეოსადმი ემატებოდა.

 ძმები იზრდებოდნენ და ვართანი სულ უფრო მეტად ეჭვიანობდა გალოკილი თითივით გალეულ ბავშვზე, თამაშისა და ტირილის მეტს არაფერს რომ აკეთებდა; თუმცა ჭამა უყვარდა კიდევ ძალიან. სულ შიოდა და შიოდა და შოშიასავით დაღებულ პირს საჭმლით უტენიდნენ მშობლები.

 ბევრს ჭამდა ლეო, მაგრამ რად გინდა – არაფერი ეტყობოდა. დედა სულ იმას წუწუნებდა, ამდენს ჭამს, მაგრამ გაჩხინკულიაო, მამა კი არაფრად აგდებდა ცოლის მოთქმას, რადგან ის კი არ წყვეტდა რამეს, მსუქანი იყო მისი ნამდვილი შვილი, თუ გამხდარი, მთავარი ის გახლდათ, რომ ის საერთოდ არსებობდა! და რადგან არსებობდა, მაშასადამე, ყველა პრობლემა უკან უნდა დარჩენილიყო.

 პრობლემა კი მაინც იყო: ლეო საღამოობით ჭიებს ყრიდა ჩაცუცქული.

მართალია დედა დიდ ტრაგედიას არ ხედავდა ამაში, მაგრამ მამა სერიოზულად შიშობდა. მისთვის უცნაურზე მეტი იყო ადამიანის მიერ ჭიაყელების დაყრა. და პირველად, როცა ამ მოფუთფუთე არსებებს დახედა, მუხლები აუკანკალდა შიშისა, თუ მოულოდნელობისგან. რადგან ჭია და სიცოცხლე ერთბაშად ვერ ეტეოდა მის ცნობიერებაში.

ვერ ეტყოდა იმდენად, რამდენადაც ეს ამაზრზენი ქმნილებანი მრავალჯერ უნახავს მკვდარი, მიხრწნილი ნადირის სხეულზე და ამიტომაც თუ იყო, რომ მარტო ექიმბაშის მიერ გამოწერილ, რძეში ჩაჭყლეტილ ნიორსა და კიდევ რაღაც ბალახეულს არ დასჯერდა კაცი და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შავყელა კურატი შესწირა ეკლესიას, ხოლო მღვდელს წირვა ჩაატარებინა. ფული და ხარჯი რა სახსენებელი იყო, ოღონდ სიკვდილის, თუ ჯოჯოხეთის მოციქულები მოშორებოდა მის პირმშოს.

 ლეოს ჭიებმა თავიდან ცოტა გაახარეს ვართანი, მაგრამ როცა მათ გამო ამხელა აურზაური ატყდა, ცოტა შეშურდა. აბა, რაღა მაინცადამაინც მის გალეულ ძმას უნდა გასჩენოდა ჭიაყელები, როცა ისიც და ლეოც ერთსადაიმავე პურს ჭამდნენ და ერთი დოქიდან სვამდნენ წყალს?! იქნებ სულაც იგონებდა ეს ფსლიკიანი ბავშვი ავადმყოფობას, რათა მთელი ყურადღება თვითონ მიეპყრო? მაგრამ არა, ვართანმა თავად გაქექა ძმის განავალი და საკუთარი თვალით იხილა, დარწმუნდა, რომ თვალთმაქცობას ადგილი არ ჰქონდა, ან კაცმა, რომ თქვას, რაში ჭირდებოდა ტყუილი ლეოს, როცა ისედაც ყველა მას დაჰკანკალებდა ზედ?! ალბათ დედის მისატაცებლად, რადგან ამ აურზაურისა და შფოთის ამტეხი პატარა, გუმანით თუ გრძნობდა დედის სუსტი გულის უფრო დიდი ნაწილისა, თუ ნაჭერის დასაკუთრება მასში სიბრალულის აღძვრით რომ შეიძლებოდა და სწორედ ამას ვერ და არ ეგუებოდა ვართანი, რადგან დედა იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ოჯახში და საერთოდ მთელს ქვეყანაზე თანაგრძნობითა და სიყვარულით ეპყრობოდა.

 დედა კი სამცეცხლს შუა იწოდა. ერთის მხრივ, ლეო და მამამისი ითხოვდნენ სითბოს და ამაგს, მეორეს მხრივ – ვართანი, მესამე კიდევ, იმხელა სახლ-კარსა და საქონელს ხომ ჭირდებოდა პატრონი? და როცა მთელი დღის ნაჯაფი არაქათგამოლეული დიასახლისი ლოგინზე მიესვენებოდა, მაშინ მოუნდებოდა ლეოს სწორედ ღნავილი. ძლივძლივობით წამოწევდა ქალი წელს, საჭმელს აჭმევდა ბავშვს და ისევ დაწვებოდა, მაგრამ თვალის მოტყუებასაც ვერ ასწრებდა, რომ ქმარი აღვიძებდა – მოშარდვა მინდაო. პერანგისამარა, ხელებგაწვდილი ქალი სადღაც, ღუმელთან დადგმულ ღამის ქოთანს ეძებდა.

პოულობდა და კაცთან ბრუნდებოდა. კაცი ფეხებს გაჩაჩხავდა და ისე შარდავდა ქოთანში, რომელიც დედას მაღლა აწეული უნდა დაეჭირა, რათა "ჩხრიალზე ლეოს არ გაღვიძებოდა". ქალს სიმწრისაგან ფოთლავდა და ცრემლმორეულს ბურთი აწვებოდა ყელში. ეს ბურთი იყო სწორედ, ქმრის დამამცირებელი სიტყვების წარმოთქმას რომ უშლიდა ხელს თორემ, შენ რა კაცი ხარო, უნდოდა ეყვირა ქალს, სხვის ნაბიჭვარს ზრდი და შენი გგონიაო, სურდა ეყვირა, მაგრამ რომ ეყვირა, იქვე მწოლიარე, თავმომძინებული ვართანი გაიგებდა. დედამ იცოდა შვილს რომ ეღვიძა და ამიტომაც ჩუმდებოდა.

 ვართანს მართლა არ ეძინა და თვალებმოჭუტული, წამწამებს ქვეშიდან შესცქეროდა დედისა და მამის ჩხუბს, უფრო სწორედ მამის ჩხუბს და დედის მორჩილებას. და როცა აკანკალებულ ბავშვს ესმოდა როგორ წვებოდნენ მშობლები, გულში გადაწყვეტდა, როცა გაიზრდებოდა დედა გაეტაცებინა, გაეშორებინა ამ სასტიკი ოჯახისათვის.

დედამ კარგად უწყოდა, როგორ იტანჯებოდა მისი პირმშო და ამიტომაც თუ იყო, რომ ბოლოსდაბოლოს, ქმრისა და ლეოსაგან მოსვენებულს, როცა წესით უნდა დაეძინა, მორჩილად ელოდებოდა მეუღლის ფშვინვას, რათა ამდგარიყო და ახლა ვართანის ლოგინთან ჩამომჯდარიყო, მასაც მოფერებოდა ცოტა ხნით.

 ქალს დაღლილობისგან ქუთუთოები ეხუჭებოდა, ძილი თავს ართმევდა, მაგრამ არ ნებდებოდა სხეულს, რადგან კარგად ახსოვდა ვართანის თვალები, დაწოლის წინ რომ უყურებდნენ ხოლმე დედას. ბიჭი, თქმით არაფერს ამბობდა, არაფერს ითხოვდა, მაგრამ დედა რისი დედა იყო, თუ შვილის გუგებიდან ვერ ამოიკითხავდა იმას, რაც უთქმელი, სიტყვების მიღმა რჩებოდა და ამიტომაც, როცა ქმარი უშფოთველად ამოუშვებდა ხვრინვას, ქალი საოცრად ფრთხილად და მოქნილად წამოიმართებოდა და იმ ტყვესავით იპარებოდა, პირველად რომ გაურბის გუშაგებს. იგი ამ წუთას მართლა ტყვეს ჰგავდა, რადგან ქმარსა და ლეოს შორის ჩაწოლილი, ორივეს მონა იყო, ერთიც და მეორეც ერთ ამბავს ასტეხდა, თუკი გაუგებდნენ, რომ მათ სითბოს ვართანს უყოფდა. ის ამ გაპარვის ჟამს, შეყვარებულ გოგოსაც ჰგავდა, თავისზე უფროს კაცთან რომ მიისწრაფვის პაემანზე და თუმცა მას, დედას, სრული და კანონიერი უფლება ჰქონდა უფროს შვილს იმდენი ხანი მოფერებოდა, რამდენიც სურდა, მაინც ჩქარობდა, მალი-მალ უსმევდა თავზე ხელს და შენ ჩემი პირველი სიხარული ხარო, ისე ჩუმად ეფერებოდა, ვართანი წესიერად ვერც არჩევდა, რას ბუტბუტებდნენ ქალის ტუჩები. მაგრამ ბიჭისათვის ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან მთავარი ის იყო, რომ დედა მოდიოდა, მოდიოდა და ეფერებოდა, ეფერებოდა და იმასაც კი ბედავდა, რომ ქმრის შიშის მიუხედავად, მაინც ამოეღო ხმა და ენუგეშებინა შვილი. მერე რა თუ ამ უკანასკნელს ვერ გაეგო სიტყვები, განა მუნჯი რომ ჰყოლოდა მშობელი, მაშინაც უსიტყვოდ, მხოლოდ ხელებით არ უნდა მიმხვდარიყო დედის ნათქვამს?! და ამიტომაც დღე-ღამის სწორედ ეს მონაკვეთი უყვარდა ყველაზე მეტად ვართანს, როცა ადამიანური სითბო უნდა მიეღო; მერეც, როცა დედა მოუკვდა, რეფლექსგამომუშავებული ცხოველივით იყო ბიჭი და რაოდენ დაღლილ-დაქანცულიც გინდა ყოფილიყო, იმ დრომდე არ ჩაეძინებოდა, ვიდრე დედა შუბლზე არ აკოცებდა ხოლმე თავისი მშრალი, დამზრალი ტუჩებით. ეს დრო კი, მამლის მეორედ ყივილს ემთხვეოდა; ეს იყო თითქოს დათქმული ნიშანი, რომელსაც უნდა გაეშორებინა შეყვარებულივით ჩუმად მოალერსე დედა-შვილი.

ვართანს საოცრად სძულდა ეს ფრთოსანი ცხოველები, რადგან მათ აბრალებდა ქალის შეკრთომას და წასვლას. ვართანს სძულდა მამლები, რადგან ტანით გრძნობდა როგორ ელოდა მათ შეყივლებას დედა. რამდენჯერ უნატრია ბიჭს, ნეტა ყველა მამალი ერთბაშად გაწყდეს, ან სულაც, სულაც ერთი საათი ჩაეძინოთ, დაავიწყდეთო ყივილი, მაგრამ განა საბანში ჩამალული ბავშვის ვედრება მიაღწევდა იმ ძალამდის, რომელსაც შეეძლო ყველა ნატვრის ახდენა? ან, თუნდაც მიეღწია და დაედუმებინა ყველა ეს გაბღენძილი ფრინველი, განა ეს რამეს შეცვლიდა? – მთავარი მამისა და ძმის დადუმება, არგაღვიძება იყო. და ვართანსაც არაერთხელ მოსვლია ეს აზრი, მაგრამ მერე შეშინებულს იქვე უნატრია: არა, არა, არა, ღმერთმა დაიფაროს! არა, არა, არა! ეს რა მეფიქრაო!

 ლეოს და მამამისს კი თმაც არ ჩამოვარდნიათ თავიდან, არხეინად ეძინათ და არაფერს გუმანობდნენ ცუდს.

განსაკუთრებით უდარდელი ძილი კი კნაჭამ იცოდა. ეცოდნებოდა, აბა რა, ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებდა. მამა ისედაც როგორ დაჰკანკალებდა და როცა გაიგო ჭიები ჰყავსო, ჩხირს არ აწევინებდა.

ლეომაც შეიშნოვა ბატონობა და უკვე თავისზე ბევრად უფროსებსაც ბრძანებლობდა – ეს მომაწოდე, ის მომიტანეო. ამის გამო მიტყიპა კიდეც მეზობლის ბიჭმა და თუმცა ვართანმა იმ ბიჭს ცხვირით მიწა აჩიჩქნინა. თავადვე დაუჯდა ჭკუაში – ეს რა კარგი საშუალება ყოფილა ამ გათავხედებულის მოსათოკადო. ჭკუაში დაუჯდა, რადგან დაინახა, როგორი შიშით უცქეროდა ლეო თავის გამლახავს ამ ჩხუბის მერეც. ვართანმა თავადაც სცადა ეს ხერხი: ერთხელ, როცა ძმამ, დოქი მიაწოდა, წადი წყაროდან ცივი წყალი ამომითანეო, ერთი მაგრად ლეწა ყბაში. ლეოს გაკვირვებისგან ქვედა ტუჩი გამოეწია, თვალებზე ცრემლი მოაწვა, მაგრამ არ უტირია. სამაგიეროდ, ყელში მოგროვილ ბოღმას მთელი ძალით ამოაწვა და ხორხისმიერად დაემუქრა: მამას მივახარებ ამ ამბავსო.

ეს ისე კარგად, გულგრილი გაბრაზებით გამოუვიდა, რომ ვართანი დაფრთხა, შეშინებულმა მიმოიხედა ხომ არავინ დაგვინახაო და უმალ დიდი ჯაყვა ამოაძვრინა ჯიბიდან. ეს დანა მდინარის პირას იპოვა ერთი თვის წინ და მთელი სოფლის ბიჭებს, მათ შორის ლეოსაც, ზედ რჩებოდა თვალი, მაგრამ ვართანი არავის აძლევდა ხელში. სათამაშო არააო, ამბობდა დიდი კაცივით და დიდი კაცივითვე საქმიანად თლიდა ხოლმე ჯოხს.

 ახლა კი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო თავი სხვა რაღა დარჩენოდა, ძმა უნდა მოექრთამა. ნუ გამამხელ და ამას გაჩუქებო, უთხრა კნაჭას და დანა გაუწოდა. ლეომ ერთი კი გაილოკა ზედა ტუჩი, ცხვირი გააქსუტუნა და გვერდულად შეაცქერდა ძმას. ჯანდაბას შენი თავი, მომე, ოღონდ კიდევ გაბედავ ასეთ რამეს და მერე... ისე, არც მტკენია მაინცადამაინცო, გაიბღინძა ლეო.

 ეს დღე იყო და ეს, ვართანმა საბოლოოდ აიღო ხელი უფროსობაზე, მაგრამ ძმის შიში მერე, მოგვიანებით ჩაენერგა გულში, მაშინ როცა ის მოზრდილი ბიჭი გახლდათ. ლეო მაშინ ჯერ კიდევ თოთხმეტი წლისა იყო, მაგრამ ეშმაკობითა და თავხედობით ბევრად ჯობდა ვართანს. თუმცა ქალებთან ისიც მორცხვობდა, მაგრამ არასოდეს იბნეოდა და წითლდებოდა.

 ვართანი კი, არა მარტო წითლდებოდა, ელეთ-მელეთი მოსდიოდა ყველა კაბიანის დანახვისას. რეტდასხმულივით ტრიალებდა და უაზროდ ლუღლუღებდა. უკვე ზრდასრული ვაჟკაცი იყო, სხეული თავისას ითხოვდა, გაუბედაობა კი ათასგვარ გასამართლებელ საბუთს იშველიებდა რაიმეთი, რომ შეენიღბა საკუთარი თავი, მაგრამ გაუბედაობა ისევე იყო თავად ვართანი, როგორც ნდომა და ეს უკანასკნელი კი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, რადგან ბოლოსდაბოლოს ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა ოჯახის შინამოსამსახურე, ჩუმი და მორჩილი, უთვისტომო, უგვარო და კალთაუხვი გალია შეეტყუებინა ფარდულში და შეშლილი სახით ეთქვა: – თუ არ დამნებდები, მოგკლავო.

 შევიტყუეო, ეს თავად გადაწყვიტა ასე, თორემ, სინამდვილეში, საქმე სხვაგვარად იყო... გალია, როგორც უცხო ქვეყნიდან გადმოხვეწილი, სამადლოდ მომუშავე უპატრონო ქალი, არ ბრაზობდა, თუკი უადგილო ადგილას წაავლებდა ვინმე ხელს, არც ტირილი ჩვეოდა მთვრალი, ვნებამორეული კაცების მოძალებული ჟინის მსხვერპლს, გაბახებულს. ტირილით ერთხელ იტირა მხოლოდ, როცა ოჯახის უფროსმა, ვართანისა და ლეოს მამამ, პირველად აზიარა ქალობის ერთ-ერთ საიდუმლოს.

ეს იყო და ეს, თითქოს საერთოდ ამოკვეთეს საცრემლე ჯირკვლებიო, წვეთი აღარ ჩამოვარდნია თვალებიდან. მართალია მისი პირველი მამაკაცი ამის მერე ძაღლადაც აღარ აგდებდა, მაგრამ სხვა ეზოებიდან მოცუნცულდნენ ცოდვასმონატრებული მამაკაცები.

 ისინი მოდიოდნენ და მოდიოდნენ; მათ სახელები არ ჰქონდათ, მათ არც გვარები ჰქონდათ, რადგან ძმა, ძმას ხვდებოდა ფარდულის კარებთან თუ თივის ზვინთან და ნათესავი – ნათესავს. ოდნავ აწითლებულნი პირს არიდებდნენ ერთმანეთს და უხმოდ თანხმდებოდნენ – შენც სუ და მეც სუო.

 გალია კი, რაც მეტად იწაფებოდა ქალის უმთავრეს ხელობაში, მით უფრო მოვალედ თვლიდა თავს უანგარო, მორჩილი და უხვი ყოფილიყო, თითქოს ამით ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც თექვსმეტი წლის უთვისტომო გოგო შეივრდომა. სანამ შევძლებ, მანამ დავაწყრულებ ამ ბინძურ კაცებს, მეტი რა შემიძლიაო, ფიქრობდა უმოწყალოდ ნაქელი ქალი, სიყვარულისათვის არასდროს რომ იღებდა ქრთამს.

 მაგრამ განა მარტო ქმრები ამცირებდნენ გალიას?! მათ რამდენ ცოლს უთრევია თმით: – შე, რუსო კახპავ, ჩვენი ცოდვით უშვილძიროდ ამოწყვეტა გელისო! თუმცა უშვილძიროდ ამოწყვეტა ნამდვილად არ ელოდა გალიას, რადგან მთვარესავით ბადრი გოგო გაუჩნდა ერთ დღეს.

იმ დღეს, რატომღაც სოფლის ყველა მამაკაცმა რაღაც სინდისის ქეჯნასავით იგრძნო და ოდნავი მოვალეობაც კი, რადგან რიგ-რიგობით, ჩუმი სითამამით შევიდა მოლოგინებული ქალის ოთახში, რათა დარწმუნებულიყო, რომ თვითონ არ იყო მამა. გამოდიოდნენ ოთახიდან კაცები და გარეთ მომლოდინეთ ღიმილით ანიშნებდნენ, მე არ ვარო. მერე, როცა უკანასკნელიც გამოვიდა, მანაც გაიღიმა, მაგრამ არავინ იდგა გარეთ და ისიც ღიღინ-ღიღინით გაუყვა ღამეულ შუკას.

 გალიამ ყველა კაცს ერთიდაიგივე უთხრა, შენი არააო და მათი გაკაპასებული ცოლებიც დამშვიდნენ. ბავშვი უმამო იყო, იგი დედას ეკუთვნოდა მხოლოდ და მხოლოდ და თუკი კაცებს, ყველას ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც წილი მიუძღვოდა მის შობაში, ეს იმიტომ რომ ისინი მარტოოდენ საშუალებანი იყვნენ იმისთვის, რათა მეორე საიდუმლო ამოეხსნა გალიას ქალობისა, ან სულაც საბოლოოდ დამკვიდრებულიყო, შვილს ამოფარებოდა და თამამად ეთქვა: – მეც აქაური ვარ, მეც თქვენნაირი ვარო.

 ,,მეორე საიდუმლო", საოცარად ჩუმი, ბუნჩულა და ლამაზი ანი იყო, სოფლის თანაგრძნობა და გულისხმიერება რომ მოუტანა დედას. სწორედ ანის შობამ გახადა რაღაცნაირი შინაური გალია.

იმ დღიდან თუკი ვინმე ,,რუსოს" დაუძახებდა მის ქალიშვილს, უმალ თვალებს ამოჩიჩქნიდა ეს მორჩილი, თვინიერი ქალი.

 მშობიარობიდან ერთი თვის თავზე კვლავ დაიწყეს კაცებმა მასთან გამოსანელებლად სიარული. ქალი ნაკლებ ვალდებულად თვლიდა თავს უანგარო სიყვარული გაეცა და საჩუქრების მიღება დაიწყო, რადგან ლეოს მამა იმ პირობით დათანმხდა ანის დატოვებას, თუ ქალი თავად შეინახავდა საკუთარ ნაბიჭვარს. საკუთარი ,,ნაბიჭვრისთვის" კი გალია საფლავის მიწასაც კი შეჭამდა.

 შინამოსამსახურეს მაინცდამაინც არ გაკვირვებია ვართანის თხოვნა – ერთი წუთით შემოდი ფარდულშიო. ალბათ იცოდა რისთვისაც ეპატიჟებოდა მხარბეჭიანი ჭაბუკი იქ, სადაც ოდესღაც მამამისმა ახადა ნამუსი.

იცოდა, მაგრამ უარის თქმა გულშიც არ გაუვლია, რადგან თავი ვალდებულად ჩათვალა დაეშოშმინებინა ბიჭის აბობოქრებული სისხლი.

შედი, ხუთ წუთში მოვალო, უთხრა და თავის ოთახში შესულმა საგულდაგულოდ ჩაიბანა ბარძაყები, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საყვარელი ჰყავდა, მაინც სუფთა იყო და თანაც, ქალური ალღო კარნახობდა, ბიჭისთვის პირველი ხარო და ამიტომაც არ სურდა თავადაც ისეთი საზარელი მოჩვენებოდა ვართანს, როგორი საშინელიც მამამისი იყო პირველ ღამეს.

 მერე კი, როცა ზურგს უკან მიკეტა ფარდულის კარი, გაუცინა, ერთი ხელის მოსმით, მოქნილად და გამოცდილად მოიქნია კაბა და ისე წარუდგა აკანკალებულ ვაჟს. შენ დაწექი, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებო, უთხრა ქალმა და თავადვე მიწვა თივაზე. ვართანმა კი სრულიად უადგილოდ დაიყვირა: – თუ არ დამნებდები, მოგკლავო. მოდი, შე სულელოოო, – უპასუხა გალიამ და გადაიშალა, მაგრამ ვართანი უკვე იხევდა კარისკენ და სანამ სახელურს ჩამოწევდა, ერთი წამით გამოხედა ქალს, გაკვირვებული რომ უცქერდა პირველ კაცს, რომელიც მისგან გარბოდა. გამოხედა და გახევდა, მაგრამ არა გალიას გამო, არა, მან ქალის უკან, ფიცრებში აელვარებული ორი თვალი დაინახა. დაინახა და სიცილიც შემოესმა უმალ – მისი ძმა, კნაჭა ლეო ჩამალულიყო და ბავშურად წვრილ ხმაზე, გულამოსკვნით კისკისებდა.

ამდენს ვეღარ გაუძლებდა ვართანი და ისიც, თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ და ისევე, როგორც მაშინ, ძმის დაბადების დღეს, უაზროდ გარბოდა და სიცოცხლე მოძულებული პირქვე ჩამხობას ნატრობდა სადმე, და ვართანმაც ყანას მიაშურა, ყანაში გადაეშვა თავით, როგორც მოშიებული დათვი და სახედასერილი მიწად ქცევას ნატრობდა.

 გალია კი გაოცებული უცქეროდა, როგორ გაიჯახუნა ვართანმა კარები და რაღაცნაირად შეურაცხოფილად გრძნობდა თავს. ის, პირველად უარყვეს დღეს, ვითარცა ქალი და ეს, ისეთივე დამამცირებელი იყო მისთვის, როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის სკოლიდან უმიზეზოდ დათხოვნა. გალიას ცრემლი მოადგა თვალზე, უმწეობის ცრემლი და უთუოდ ისე დავბერდი ფუნქცია დავკარგეო, ესღა გაიფიქრა, მაგრამ მთლად ასე არ იყო, რადგან როგორც კი კარები მიიხურა, საიდანღაც ლეო გამოძვრა და უსიტყვოდ, თამამად ეკვეთა ქალს. გალია მოულოდნელობისაგან შეკრთა – ლეო ხომ სრულიად ბავშვი იყო მისთვის, თანაც, ამ წუთას ვერ გარკვეულიყო თუ საიდან უნდა შემოსულიყო ბიჭი, რადგან კარი, რაც ვართანმა გაიკეტა, აღარ გაღებულა. შეკრთა გალია, მაგრამ არ დაიბნა, – აფაფხურებულ ლეოს გამოცდილი ქალის ხელით მიასწავლა გზა და თმაზე მოეფერა.

 ლეო კი უეცრად არ გაჩენილა ფარდულში, ის იქ დილიდან იჯდა. თივის უკან აკოკოლავებულ ფიცრებზე შემდგარი იმ სარკმლიდან იყურებოდა, რომელიც მათი შინამოსამსახურის ოთახს მისჩერებოდა.

ადრიანად ამდგარმა კნაჭამ შენიშნა, რომ გალიას ახლადწამოჩიტული გოგო წყალს აცხელებდა, მიხვდა – ბანაობას აპირებსო და დაუდარაჯდა. იმ ადგილიდან, სადაც ახლა ლეო ჩამალულიყო, კარგად ჩანდა თუ რა ხდებოდა მოსამსახურის ერთი ბეწო ოთახში და ანი და დედამისი რომ იქ იბანდნენ ტანს, ეს მშვენივრად იცოდა ბიჭმა. კნაჭამ ისიც კარგად უწყოდა, რომ ოთახში მობანავე ქალები მთლიანად შიშველდებოდნენ, არსად ჩქარობდნენ და ამიტომ უკეთესად და დიდხანს შეიძლებოდა მათთვის თვალთვალი, ვიდრე იმათი, ვინც მდინარეზე ჩადიოდა და ფაცაფუცით ჭყუმპალაობდა. ესეც არ იყოს, სად დღისით-მზისით დანახული ქალის სხეული და სად ღამით, მთვარის ბაც შუქზე შემჩნეული შიშველი სილუეტი?!

 სწორედ იმ თვალთვალში იყო ლეო, როცა ფარდულში მისი ძმა შევიდა. კნაჭას ფერი-ფური წაუვიდა, რადგან იცოდა, თუ ვართანი შენიშნავდა, შეიძლება დაეცინა, ან მეზობლის ბიჭებში ეთქვა, ეს კი არაფრად ეპიტნავებოდა ამაყ ყმაწვილს. ამიტომ ისე გაისუსა, თითქოს თუ იპოვიდნენ, სიკვდილით დასჯიდნენ. გაისუსა, თუმცა ვართანი თავადვე ისე იყო შეშინებული და აღელვებული, ცხვირწინ რომ გაევლო ძმას, ვერც შენიშნავდა.

ლეო უცქერდა ვართანს და უკვირდა ასე უსაქმოდ მჯდარი, რაღაცეებს რომ ბუტბუტებდა თავისთვის და რაღაცნაირად იჭიმებოდა.

 ალბათ ვარჯიშობს, მე როგორ შემაშინოსო, გაიფიქრა კნაჭამ და ბოღმით აივსო, მაგრამ უმალ გაუქარწყლდა აზრები, რადგან ფარდულის კარი გაიღო და ახლა გალია შემოვიდა. ლეომ რაღაცნაირად ვერ დაუკავშირა ძმა და მოსამსახურე ერთმანეთს და მერეც, როცა კაბა ქვევიდან ზევით გადაიძრო ქალმა, პირდაღებული უყურებდა, რას ჩადისო. არა კნაჭას ის არ გაკვირვებია გალია იხდისო, იმან გააოცა ვართანთან როგორ იხდისო. ლეო ხახაგამშრალი უცქერდა უცხო ხილს და შურით სკდებოდა. ყოველივე ისე უსიტყვოდ მოხდა, ისე უთქმელად და უპრობლემოდ, თავისით გაშიშვლდა ქალი, კნაჭამ იფიქრა, ეს, ნაღდად დიდი ხანია, რაც ჩემს ძმას ყვარობსო. – ხედავ ამ გველაძუა ვართანს, როგორ ჩუმად იყო და არაფერს ამბობდაო?! – გაიფიქრა და ბრაზისაგან კინაღამ იყვირა: – შეჩერდით, მეც გხედავთო, მაგრამ კიდევ კარგი თავი შეიკავა, რადგან წარმოუდგენელი რამ მოხდა – ალერსისათვის გამზადებულ ქალს ვართანმა რაღაც უაზრო სიტყვები უთხრა, მერე შეშინებულმა უკან-უკან დაიხია და გასაქცევად მოემზადა.

ლეო ერთბაშად მიხვდა როგორ ცდებოდა, როცა ეგონა გალია და ჩემი ძმა დიდი ხანია ყვარობენ ერთმანეთსო. არა, ვართანი პირველად ხვდებოდა ქალს და რაც ყველაზე გასახარებელი და სასაცილო იყო – მარცხდებოდა და მერე ვისი – ლეოს თანდასწრებით, ლეოსი, ვინც წეღან იმის შიშში იყო, ძმამ არ შემამჩნიოსო. ახლა პირიქით სურდა შეემჩნია, შეემჩნია კი არადა, – თვალებზე ლიბრად აეკვრებოდა, თუკი დაენახვებოდა. ამიტომაც სამალავიდან უცბად გამოყო თავი და აკისკისდა.

 ვართანი განადგურდა, – ეს სახეზე შეეტყო. განადგურდა და გაიქცა, მაგრამ ლეოსთვის ეს არ იყო მთავარი, – ის შიშველ ქალს დასდგომოდა თავზე და ხარბი, მოჭუტული თვალებით ეუბნებოდა: – განა ყველა ერთნაირად მშიშარააო? და, თუმცა ერთი წამით შეაცბუნა გალიას გაკვირვებულმა თვალებმა, აღარ დაბნეულა და მიუალერსა. საბედნიეროდ, მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და როცა მტვერს იბერტყავდა ტანსაცმლიდან, სწორედ ისე დასცქეროდა ქალს, როგორც მამამისი დიდი ხნის წინ.

 ვართანისათვის კი აღარც მტვერი არსებობდა და აღარც ტალახი. მიწაში პირქვეჩამხობილი ხრიალით იწყევლიდა თავბედს, რაღა იმან, რაღა ლეომ დაინახა ყველაფერიო, კნაოდა და თავს ლანძღავდა უსუსურობისათვის. რა ძალა მადგაო, ფიქრობდა და ვერ წარმოედგინა რანაირად შეიძლებოდა კვლავ შეხვედროდა ძმას. მოვკლავო, გაიფიქრა, მაგრამ, იმასაც მიხვდა, რომ ვერასოდეს ჩაიდენდა ამას, მხოლოდ შეეძლო ენატრა – ნეტავ ჩაძაღლდესო, მაგრამ მოკვლას, ძმის მოკვლას? – არა, ვართანი ამის კაცი არ იყო.

და თუმცა ლეოს გადაკრულადაც კი არ უხსენებია რამე მომხდარის თაობაზე, ძმების შემაერთებელი უკანასკნელი ძაფებიც გაწყდა. გაწყდა, მაგრამ კნაჭა ფეხზე დარჩა, ვართანი კი ისე დაეცა, ისე დაიმტვრა, როგორც ცხენიდან გადმოვარდნილი ბავშვი. ამ ამბის შემდეგ, საკმარისი იყო უბრალოდ ჩაეღიმა ლეოს, რომ ვართანს თვალებზე ეკვროდა ეჭვის ლიბრი – დამცინისო და ეს ეჭვი ისე ღრნიდა და ანადგურებდა მის სხეულს, როგორც ფოთოლს – ჭია.

და ამ ეჭვიანობის გამო იყო სწორედ, რომ ორი წლის მერე, როცა ცოლი შერთეს – უარესად შეირცხვინა თავი.

 ცოლის შერთვა სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ მამამ გადაწყვიტა და წინ აღდგომა ვერ გაუბედა, თანაც იმ დროისათვის დედა გარდაცვლილი იყო უკვე და მანაც, მარტო დარჩენილმა კაცმა იფიქრა, რომ სევდის გამზიარებელს იშოვიდა.

 ქორწილმა ჩვეულებრივ, წესისამებრ ჩაიარა და როცა ახალშეუღლებულნი ოთახში მარტო დატოვეს, ვართანი რაღაცნაირად დაიბნა. არადა, როგორ არ ემზადებოდა, როგორ გეგმებს არ აწყობდა, რანაირად მოფერებოდა ცოლს, მაგრამ ამაოდ.

 ბებრუხანა მეზობელმა, გამჭკნარი ხელი რომ გადაუსვა გაქათქათებულ სარეცელს, გამოცდილი ქალის სიცილით ჩაიქირქილა. აბა ჰე, თქვენ იცითო, დაიკრუსუნა და ამით, თავისდაუნებურად დათარსა და ცეცხლზე ნავთი დაუსხა კაცს.

 დამთარსაო, ასე ვართანი ფიქრობდა, თორემ ქალს აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამ, ის უბრალოდ, თავის საქორწინო ღამეს იხსენებდა, მთელი ათასი წლის წინანდელ საქორწინო ღამეს.

პატარძალი კი ეგრევე, კაბით მიწვა ლოგინზე და თვალის გახელას ვერ ბედავდა. ის, თითქოს გრძნობდა როგორ ეხებოდნენ კაცის, ქმრის თითები, როგორ ნელ-ნელა აშიშვლებდნენ მის ვნებაწაკიდებულ სხეულს და როგორ ამბობდნენ იმ მოსაფერებელ სიტყვებს, ენის სათქმელი რომ იყო. ქალს ბევრჯერ წარმოედგინა თავისი პირველი ღამე და ეს ღამეც, რაც დრო გადიოდა, მით უფრო შორდებოდა იმ წარმოდგენილს, შეთხზულს, რომელიც რაღაც ზღაპრული, რაღაც იდუმალი და უცხო იყო, ისეთივე უცხო და სრულყოფილად გემრიელი, როგორც სხვების მიერ აღწერილი ხილი. და ისიც, ქალი, სწორედ ამ პირველი ძილისწინ მრავალჯერწარმოდგენილი ღამის გამო გათხოვდა, თორემ საქმროს თვალითაც არ იცნობდა, ისე თქვა დასტური. მისთვის მთავარი ის იყო ხილი ეგემა, თორემ რომელი ხიდან მოგლეჯდა ნაყოფს – აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც იყო, რომ გარინდებულ, მომლოდინე ქალს შეუმჩნევლად და თანდათან ჩაეძინა.

 ქმარი კი მთელი ამ ხნის გამავლობაში, ოთახში შემოსვლის წუთიდან, არ მოშორებია ფანჯარას და ღამის წყვდიადს მიშტერებული, ვინ იცის რას აღარ ფიქრობდა. – არა, ახლა კი ნამდვილად მივუბრუნდები და ერთი ხელის მოსმით გავაშიშვლებ, როგორც იქნა გადაწყვიტა ვართანმა და სწორედ ამ დროს, სიბნელეში, ლეოს თვალები აკიაფდნენ.

სუნდაკრული ნადირივით, ანათებდნენ ისინი და მათ ნათებასთან ერთად ვართანამდე სიცილმაც მოაღწია თითქოს და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ საბოლოოდ წამხდარიყო ,,ნეფე". 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მეგრელიშვილი გურამ / ძმები