მენსფილდი ქეთრინ 

 

მის ბრილი

 

 

 

 მთარგმნელი – კახაძე ემხვარ

 

 

ლურჯი ცა ოქროსფერ, ვებერთელა ნათელ ლაქებს დაეფარა. თითქოს Jardins Publique-ს თეთრი ღვინო დაშხეფებოდა; მიუხედავად ასეთი მშვენიერი ამინდისა, მის ბრილს უხაროდა, რომ ბეწვის მოსასხამი მოეხვია. ნიავიც არ ქროდა, თუმცა პირის გაღებისას ჰაერს ზუსტად ისეთი სუსტი სიცივე დაჰკრავდა, როგორც ჭიქას, რომლისგანაც გაყინული წყლის ერთი ყლუპის დალევას აპირებთ. დროდადრო, ზეციდან, თითქოს არსაიდან, ფოთლები მიწაზე ნარნარად ეშვებოდნენ.

 

მის ბრილმა ხელი ასწია და მოსასხამს ნაზად შეეხო. საყვარელი მოსასხამი! მშვენიერია, როცა ისევ ეხები. მის ბრილმა იგი კარადის უჯრიდან შუადღისას ამოიRო, ნაფტალინი მოაშორა, ფუნჯით სათანადოდ გაასუფთავა და დაბინდული პატარა თვალები ამოუწმინდა. “რა ხდება ჩემს თავს?” შეეკითხა პატარა თვალები მის ბრილს. რა სასიამოვნო იყო მათი ცქერა, როცა ბუმბულის წითელ საბანზე გაშლილი მოსასხამიდან ძველებურად ბრწყინავდნენ. აი, ცხვირი კი, რომელსაც შავი ფერი დაჰკრავდა, ძველებურად როდი გამოიყურებოდა, სიმაგრე დაჰკარგოდა და უკვე დრო იყო ვინმე მიშველებოდა – შავი ვაქსით გამაზვა გადაუდებელი გამხდარიყო… პატარა გაიძვერა! სწორედ რომ ასე გაიფიქრა მის ბრილმა, პატარა გაიძვერა, თავის კუდს რომ კბენს, რომელიც ლამის მის მარცხენა ყურს წვდება. ქალს შეეძლო ბეწვის მოსასხამი მოეხსნა, მუხლებზე დაედო, და ხელი გადაესვა.

 

ხელისგულებსა და მკლავებში ოდნავ ჩხვლეტას გრძნობდა – მიზეზი, სავარაუდოდ სწრაფი სიარული იყო. და სუნთქვისას, მკერდში რაღაც ნათელი და სევდიანი – არა, არა სევდინი კი არა, ზუსტად რომ ვთქვათ, სათუთი, მიმოდიოდა.

 

დღეს ბაღში გაცილებით მეტი ადამიანი სეირნობდა, წინა კვირადღეებში. თითქოს ორკესტრიც უფრო ხმამაღლა და მხიარულად უკრავს. ამის მიზეზი კი საკურორტო სეზონის დაწყებაა. ორკესტრი ყოველ კვირა დღეს მთელი წლის განმავლობაში უკრავდა და მაინც, სეზონის დადგომამდე მისი ხმა სულ სხვანაირად ჟღერდა; ორკესტრანტები ისე უკრვდნენ თითქოს საკუთრი ოჯახის წევრების გარდა გარშემო არავინ ყოფილიყო და ამიტომაც არ აღელვებდათ დაკვრის ხარისხი. ოოო,მგონი დირიჟორს ახალი პალტო აცვია? … კი, ნამდვილად ახალია – დარწმუნდა მის ბრილი. დირიჟორი წელში გაიმართა, ხელები ისე აიქნია, თითქოს მამალმა ყვავს უტევსო.

 

 მწვანე როტoნდაზე მსხდომა ორკესტრანტებმა ლოყები დაბერეს და თვალის მომჭრელად გაპრიალებული სპილენძისგან მუსიკამ იხეთქა. ცოტა ხანში ფლეიტის ბრწყინვალე სოლოც გაისმა – თითქოს კრიალა წვეთები ერთმანეთს აესხაო! მის ბრილმა თავი დაირწმუნა, მსგავსი კიდევ განმეორდებაო და მართლაც განმეორდა. ქალმა თავი ასწია და გაიღიმა.

მის ბრილს “კუთვნილი” ადგილი მხოლოდ ორს გაეყო: ხავერდის ტანსაცმელში გამოწყობილ წარმოსადეგ მოხუცს, რომელიც უზარმაზარ, მხატვრულად დამუშავებულ ხელჯოხს ეყრდნობოდა და მის პირდაპირ მჯდარ მსუქან დედაკაცს, რომელსაც ნაქარგ წინსაფარზე საქსოვი ძაფის გორგალი ედო. მოხუცები არ საუბრობდენ. მის ბრილს სასო წარკვეთოდა, რადგან ყოველთვის ინტერესით ელოდა საუბრის დაწყებას. იგი ფიქრობდა, რომ საკმაოდ კარგი ექსპერტი გახდა მოსმენაში, რადგან შეეძლო რამდენიმე წუთი დაეყო სხვის ცხოვრებასთან, და თავი ისე მოეჩვენებინა თითქოს არც არაფერი სმენოდა.

 

მის ბრილმა მოხუცებს გადახედა. შეიძლებოდა მალე წასულიყვნენ.

 

 წინა კვირადღეც არ იყო განსაკუთრებულად საიტერესო; ინგლისელი და მისი მეუღლე, კაცს საშინელი პანამა ეხურა, ქალს კნოპებიანი ჩექმები ეცვა და გაუჩერებლად ლაყბობდა – რომ უნდა იხმაროს სათვალე, რომ სათვალე მას ძალიან სჭირდება, თუმცა ისიც იცოდა, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა, რადგანაც სათვალე მაინც აუცილეbლად გაუტყდებოდა და ცხვირზეც ვერასოდეს გაიჩერებდა.. არადა, კაცი ისეთი დამთმობი ჩანდა, ქალს რას არ სთავაზობდა: ოქროს ჩარჩოიან სათვალეს, რომელიც ყურს მრგვალად ეცმებოდა, ცხვირის ძგიდესთან პატარა ბალიშებიანს,… ქალი მაინც ვერა და ვერ ასიამოვნა. “ცხვირზე გამუდმებით ისრიალებს!” მის ბრილს ქალისთვის თავში წათაქების სურვილი გაუჩნდა.

 

  მოხუცები ,,მის’’ სკამზე უძრავადან ისხდნენ, როგორც ქანდაკებები „ეგ არაფერი, ყოველთვის შეიძლებოდა დაგენახათ მოსეირნეები, რომლებიც წინ და უკან, ყვავილის გაზონებსა და ორკესტრის რატუნდის გასწვრივ ჯგუფ-ჯგუფად და წყვილებად დადიოდნენ, სასაუბროდ ჩერდებოდნენ, ერთმანეთს ესალმებოდნენ, და მოხუცი გლახაკისაგან, რომელსაც ყვავილების ყუთი მოაჯირზე შემოედო, პატარა თაიგულებს ყიდულოდენ. პატარა ბავშვები მათ შორის დარბოდნენ, აფრენილ აეროპლანებს ბაძავდნენ და იცინოდნენ. ბიჭუნებს ყელზე თეთრი აბრეშუმის ბაფთები მოეხვიათ. გოგონებს კი, პატარა ფრანგულ თოჯინებს ასე რომ ჰგავდნენ, ხავერდი და მაქმანები ჩაეცვათ. ხანდახან, რომელიღაც ციცქნა ონავარი მოულოდნელად, წაბორძიკებით გამოხტებოდა ხეებიდან, შეჩერდებოდა, მიმოიხედავდა, და “ტყაპ” მიწაზე უკანალით ეცემოდა.

 

ამ დროს დედამისი, მეოჯახე ქალბატონი, ახალგაზრდა კრუხის მსგავსი ცუნცულით შვილის საშველად გარბოდა და ხმამაღლა თათხავდა შესაფერისი სიტყვებით. დაარჩენები მერხებსა და მწვანედშეღებილ სკამებზე ისხდნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა იყვენენ ზუსტად ისინი, ვინც ყოველ კვირა დღეებს აქ ატარებდნენ. მის ბრილმა თითოეულ მათგანში რაღაც სასაცილო შეამჩნია. უცნაურებიც იყვნენ და სიტყვაძვირებიც. თითქმის ყველა ხანდაზმული იყო და ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს, აი სულ ახლა, პატარა ჩაბნელებული ოთახებიდან გამოსულიყვნენ... ან უფრო სწორედ კომოდებიდან!

 

როტონდის უკან ხმობაშეპარულ გაყვითლებულფოთლებიან ხეებს ტოტები დაეხარათ, მათ შორის მხოლოდ ზღვის ჰორიზონტის ხაზი და ცისფერ ცაზე ოქროსფრად დაძარვული ღრუბლები ჩანდა.

 

ტამ-ტარამ-ტარამ-პამ პამ! ტარამ-ტარამ-ტარამ-პამ-პამ! - უკრავდა ორკესტრი.

  წითლებში გამოწყობილ ორი გოგონaსკენ ლურჯებში ჩაცმული ორი ახალგაზრდა ჯარისკაცი გაემართა. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ერთმანეთს ხელკავი გამოსდეს და სიცილით გზა განაგრძეს.

 

 ორმა გლეხის ქალმაც ჩაიარა, სასაცილო ჩალის ქუდებითა და სერიოზული სახეებით. ქალებს ულამაზესი ფერფლისფერი ჩოჩრები მიჰყავდათ. უემოციო და მკრთალსახიანმა მონაზონმა სწრაფად ჩაირა. შემდეგ ლამაზმა ქალბატონმა გაიარა, რომელსაც მიწაზე იის კონა დაუვარდა, პატარა ბიჭუნა დაეწია და ძირს dagdebuli იის კონა მიაწოდა. ქალმა გამოართვა და ისევ გადააგდო. თითქოს მოწამლული ყოფილიყო, ღმერთო ჩემო!. მის ბრილმა აღარ იცოდა აღფრთოვანებულიყო თუ არა ნანახით.

 

ახლა კი ზუსტად მის წინ ყარყუმის ბეწვის ქუდი და ნაცრისფერკოსტუმიანი ჯელტმენი გაჩერდნენ. მამაკაცი მაღალი, უხეში და თვითდაჯერებული ჩანდა, ქალს ყარყუმის ბეწვის თავსაბური ეხურა, რომელიც კიდევ მაშინ შეეძინა, როცა თმა ჯერ კიდევ ყვითელი ჰქონდა. ახლა კი ყველაფერი, თმები, სახე, თვალებიც კი იმავე ფერის ჰქონდა, როგორც გაცვეთილი თავსაბური. ხოლო ტუჩებთან, პომადის გასასწორებლად მიტანილი საგანგებოდ გაწმენდილი ხელთათმანიანი ხელი, პაწაწა ყვითელ თათს მიუგავდა. ო! როგორ სიამოვნებს მას მისი ნახვა, – არაჩვეულებრივია! ეგონა რომ სწორედ დღეს შუადღისას შეხვდებოდა. ქალი ყვებოდა თუ სად იყო, როგორ დაამახსოვრდა ზღვა, და დღე ხომ ისეთი მშვენიერია, არა, ხომ მეთანხმები? და შესაძლებელია ისიც ფიქრობდეს რომ... კაცმა უარის ნიშნად თავი გააქანია.

 

სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლი ნელ-ნელა გამოუშვა და ქალს პირდაპირ სახეში შეაფრქვია. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ჯერ კიდევ აგრძელებდა სიცილით რაღაცის მოყოლას, კაცმა ასანთის კოლოფი შორს მოისროლა და წავიდა. ყარყუმის ბეწვის ქუდი მარტო დარჩა. ახლა იგი უფრო თვალისმომჭრელად იღიმოდა, ვიდრე მანამდე. თითქოს ორკესტრიც მიხვდა თუ რას გრძნობდა ის და უფრო რბილად, უფრო ნაზადაც უკრავდა. დოლი კი მრავალჯერ იმეორებდა “პირუტყვი!, პირუტყვი!...” აწი რაღას იზამს? რას მოიმოქმედებს? თუმცა, ვიდრე მის ბრილი თავისთვის მარჩიელობდა, ყარყუმის ბეწვის თავსაბური შემოტრიალდა, ხელი ისე ასწია, ვითომ ვიღაცა უფრო უკეთესი ვინმე დაენახა და წაბაკუნდა. ორკესტრმა ისევ შეცვალა ტემპი, კიდევ უფრო სწრაფად, უფრო მხიარულად დაუკრა, მოხუცებიც, მის ბრილის გვერდზე რომ ისხდნენ, წამოდგენ და ნაბიჯს აუჩქარეს.

 

 მუსიკის ტაქტს კოჭლა-კოჭლობით, სასაცილოდ მოშვებული გრძელ ულვაშებიანი ბერიკაციც აჰყვა, რომელიც ერთმანეთის გვერდით მიმავალმა ოთხმა გოგომ ლამის წააქცია.

 

  ოხ, რა მომაჯადოებელი იყო! როგორ სიამოვნებდა! როგორ უყვარდა აქ ჯდომა და ყველაფრისათვის თვალის დევნება! მის წინ თითქოს წარმოდგენა იმართებოდა. ნამდვილ სპექტაკლს ჰგავდა. ვინ იფიქრებდა რომ ცა, მის უკან მოუხატავია?

 

მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე გაგრძელდა, ვიდრე პატარა ყავისფერი ძაღლი საზეიმო სვლით ჩაივლიდა, სულ მცირე ხანში კი კისერზე თოკს მოქაჩავდნენ და მარიონეტივით უკან დააბრუნებდნენ. მის ბრილმა მხოლოდ მოგვიანებით შენიშნა, რომ ძაღლუკას ამგვარი ავლა-ჩავლა რამდენად ამაღელვებელი ყოფილა. თითოეული მათგანი სცენაზე იმყოფებოდა. ისინი არა მხოლოდ უსმენდნენ, არა მხოლოდ აკვირდებოდნენ, არამედ მონაწილეობდნენ კიდეც.

 

 მასაც ჰქონდა როლი, რომელსაც ყოველ კვირადღეს თამაშობდა. უეჭველად, ვინმე აუცილებლად შეამჩნევდა მის აქ არყოფნას, ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ სპექტაკლის მონაწილე ბრძანდებოდა! უცნაურია, დღემდე, რომ არასოდეს უფიქრია ამაზე! და ახლა არც ისე ძნელი გასაგებია, თუ რატომ იყო მისთვის ასე მნიშვნელოვანი ერთსა და იმავე დროს, სპექტაკლზე დაუგვიანებლად, ყოველ კვირა დღეს, სახლიდან გამოსვლა, და უკვე ისიც გასაგებია, თუ რატომ გრძნობდა იგი თავს ასე უცნაურად უხერხულად, როდესაც თავის ინგლისელ მოსწავლეებს უყვებოდა, როგორ ატარებდა კვირადღეების ნაშუადღეებს.

 

  ყველაფერი ნათელია! მის ბრილმა ლამის ხმამაღლა გადაიხარხა.იგი სცენაზე იდგა და იმ მოხუც ხეიბარ ჯენლტმენზე ფიქრობდა, რომელსაც, ბაღში სკამზე მიძინებულს, კვირაში ოთხი დღე გაზეთს უკითხავდა. იგი საკმაოდ მიეჩვია ბამბის ბალიშზე მიდებულ ძალგამოცლილ თავს, ცარიელ ჩაცვივნულ თვალებს, ღია პირსა და პატარა მომჩვარულ ცხვირს. სრულიათ შესაძლებელი იყო რამდენიმე კვირაც კი ვერ გაეგო მის ბრილს მისი გარდაცვალება. მაგრამ უეცრად კაცი გაიგებს რომ მისთვის აქტრისა კითხულობს. ”აქტრისა”! ბებერი თავი წამოიწია, სხივჩამქრალ თვალებში ორი ცეცხლის ალი აინთო ”აქტრისა ხართ?”.

 

ამის კითხვა და მის ბრილი გაზეთს ხელს გადაუსმევს, თითქოს სპეციალურად მისთვის დაწერილი ტექსტიაო და წყნარად იტყვის: ”დიახ, მე დიდი ხანი აქტრისა ვიყავი.”...

 

  ორკესტრს შეესვენა. დაკვრა გაეახლებინა და რასაც ახლა უკრავდა თბილი, მზიური და საოცარია, მაგრამ მაინც ოდნავ ცივი იყო. არა, ნაღვლიანი არა, რაღაც ისეთი, ამღერების სურვილს რომ გაგიჩენს. მუსიკა უფრო და უფრო ხმამაღლა ჟღერდა. ყველაფერი მზეზე ბზინავდა და მის ბრილს მოეჩვენა, რომ სულ ცოტაც და ინსტრუმენტებიც ამღერდებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა გვერდიგვერდ მიაბიჯებდა და იცინოდა. ცოტაც და ისინი სიმღერას დაიწყებენ, ყველაზე უფრო გამბედავები და მამაცები მათ ხმებს შეუწყობენ.

 

 შემდეგ ის, ის და სხვებიც, რომლებიც ჯერ კიდევ სკამებზე სხედან, მათ შეუერთდებიან და ჩუმი, ძლივსგასაგონი, უმშვენიერესი, გულისამაჩუყებელი ხმით აკომპანიმენტს გაუწევენ… მის ბრილს თვალები ცრემლით აევსო და ყველას ღიმილით გადახედა, დიახ ასეა, ჩვენ გვესმის, ჩვენ გვესმის, გაიფიქრა მან. თუმცა, რა ესმოდათ, არ იცოდა მან.

 

  მისს ბრილი ჯერ კიდევ ამაზე ფიქრობდა, როცა ბიჭი და გოგო მოვიდნენ და ზუსტად იმ ადგილზე დაჯდენ, სადაც ადრე მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა. კარგად ეცვათ და ერთმანეთი უყვარდათ. კაცი და ქალი გმირები, რათა თქმა უნდა, მამის იხტიდან ახლახან ჩამოვიდნენ. მის ბრილი ჯერ კიდევ გულში მღეროდა, თუმცა მათ მოსასმენად უკვე მზად იყო.

 

– არა, ახლა, არა”. თქვა გოგომ, ”აქ არ შემიძლია”.

 

– რატომ? ნუთუ იმ ბებერი საფრთხობელის გამო ბოლოში რომ ჩამომჯდარა? საერთოდ აქ რას მოეთრეოდა? ვის დაჰკარგია? გამოშტერებილი, სახედამანჭული დედაბერის სახლში ვერ დაეტეოდა?

 

– აუ, რა სასაცილო ბეწვი მოუხურავს – ჩააიხითხითა გოგონამ – ნამდვილი შემწვარი ხეკია!

 

– მოეშვი – გაღიზიანებულმა ჩაიჩურჩულა ბიჭმა – მითხარი, ma petite chere...

 

– არ შემიძლია, ახლა არა, რა.

 

*         *     *

 

  სახლისკენ მიმავალი მის ბრილი, როგორც წესი, საფუნთუში შეივლიდა და თაფლიან ნამცხვარის პატარა ნაჭერს იყიდდა. ნამცხვის ნაჭერი იყო მისი საკვირაო გამასპინძლება.

 

ხან ნამცხვარში ნუშს პოულობდა, ხან – ვერა. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ნამცხვარში ნუში, მის ბრილისთვის, საჩუქარი, მოულოდნელი სიურპრიზი ხდებოდა, რომელიც შესაძლებელი იყო, ვერც კი მიეღო. იმ დღეს, როცა ნამცხვარში ნუშიანი აღმოჩნდებოდა, მის ბრილი ქურაზე ჩაიდანს საკმაოდ მკვირცხლად შემოდგამდა ხოლმე.

 

  დღეს კი საფუნთუშეს გვერდით ჩაუარა, კიბეს აუყვა, პატარა, ბნელ ოთახში, რომელიც კომოდს ჰგავდა, შეაბიჯა და წითელსაბანგადაფარებულ ლოგინზე ჩამოჯდა.

 

იქ ძალზე დიდხანს იჯდა. კოლოფი, რომელშიც მოსასხამს ინახავდა, ლოგინზე იდო. მოსასხამი სწრაფად მოიხსნა, არც კი შეუხედავს, ისე ჩადო.

 

მაგრამ როდესაც კოლოფს თავს ახურავდა; მოეჩვენა, თითქოს ვიღაცა ტირის..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მენსფილდი ქეთრინ / მის ბრილი